განაჩენი

სისხლის სამართლის 29.11.2019
საქმის ნომერი
190100119003133537
თარიღი
29.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/636-19

(#012150719001)

რუსთავის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

29 ნოემბერი, 2019 წელი ქ. რუსთავი

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია

მოსამართლე მამია ფხაკაძე

სხდომის მდივანი ბადრი ოთარაშვილი

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ანი ხუბეჯაშვილი;

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - ირაკლი გიორგის ძე კურტანიძე, დაბადებული 1986 წლის 08 ივლისს, პ/ნ 35001055014, საქართველოს მოქალაქე, უმაღლესი განათლებით, ნასამართლობის მქონე, განქორწინებული, რეგისტრირებულ და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ქ. რუსთავი, მე-14 მ/რ-ნი, N44 -32.

 

ადვოკატები - ანნა კეკენაძე და მაკა ბერაძე;

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტები;

 

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 12 აპრილის N1/4-19 განაჩენით ირაკლი კურტანიძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 04 (ოთხი) წელი, მასვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 41-42-ე მუხლების საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში შეტანით.

 

2019 წლის 15 ივლისს, დაახლოებით 03:10 საათზე, ქ. რუსთავში, მ----–---–----------–---------–--–-------------------------------------------- ლიფტის სალარო ყუთის გაღების გზით, ირაკლი კურტანიძე მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით შეეცადა ფარულად დაუფლებოდა სალარო ყუთში არსებულ თანხას, რითაც შპს „ელ სერვისი 2012“-ს მიადგებოდა 29 (ოცდაცხრა) ლარისა და 65 (სამოცდახუთი) თეთრის ზიანი.

 

ამ ქმედებისთვის ირაკლი კურტანიძეს წარედგინა ბრალდება დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტები.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა

 

გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათის, ფორმა N1 მიხედვით: 2019 წლის 15 ივლისს, რუსთავის საქალაქო სამმართველოს პირველი განყოფილების გამომძიებელ შოთა ლომიძის მიერ სისხლის სამართლის N012150719001 საქმეზე დაიწყო გამოძიება დანაშაულის ჩადენისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით. ბარათის თანახმად, 2019 წლის 15 ივლისს, რუსთავის საქალაქო სამმართველოს პირველი განყოფილების სამორიგეო ნაწილს დაუკავშირდა ამავე განყოფილების უბნის ინსპექტორ გამომძიებელი ჯაბა ღუნწკიძე, რომელმაც განაცხადა, რომ მას და მის თანამშრომლებს: გირგი მაისურაძეს და დავით იორამიშვილს ქ. რუსთავში, მესხიშვილის პირველი გასასვლელის მეცხრე კორპუსის, მეექვსე სადარბაზოს პირველ სართულზე შეჩერებული ჰყავთ 1986 წლის 08 ივლისს დაბადებული ირაკლი კურტანიძე, რომელიც ქურდავდა ამავე სადარბაზოს ლიფტის სალარო აპარატს. (ტ.1 ს.ფ1)

 

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული N1842794 შეტყობინების თანახმად: 2019 წლის 15 ივლისს, რუსთავის საქალაქო სამმართველოს პირველი განყოფილების სამორიგეო ნაწილს ელსმენით დაუკავშირდა ამავე განყოფილების უბნის ინსპექტორ გამომძიებელი ჯაბა ღუნწკიძე, რომელმაც განაცხადა, რომ მას და მის თანამშრომლებს: გირგი მაისურაძეს და დავით იორამიშვილს ქ. რუსთავში, მესხიშვილის პირველი გასასვლელის მეცხრე კორპუსის, მეექვსე სადარბაზოს პირველ სართულზე შეჩერებული ჰყავთ 1986 წლის 08 ივლისს დაბადებული ირაკლი კურტანიძე, რომელიც ქურდავდა ამავე სადარბაზოს ლიფტის სალარო აპარატს. (ტ.1 ს.ფ. 2)

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა, დაზარალებული კომპანიის შ-------–------------------ დირექტორის მოადგილე, მიხეილ ელიაძე, რომელმაც განმარტა, რომ შ-------–--------------- ეწევა ქალაქ რუსთავში, საცხოვრებელ კორპუსებში არსებული ლიფტების ტექნიკურ მომსახურებას და გამართული ექსპლუატაციის უზრუნველყოფას. შ-------–--------------- დაარსებულია 2012 წლიდან. მათ კომპანიას გაფორმებული აქვს ხელშეკრულებები მოსახლეობასთან და კისრულობენ ვალდებულებას უზრუნველყონ ლიფტების გამართულად მუშაობის კონტროლი. ლიფტი არის ფასიანი ასვლა ღირს 10 თეთრი, ჩამოსვლა უფასოა. სალარო აპარატიდან ამოღებული თანხა, ხმარდება ლიფტების ექსპლუატაციას, ასევე აღნიშნული თანხით ხელფასს უხდიან მომუშავე პერსონალს. თითოეული ლიფტის სალარო აპარატიდან ყოველთვიურად იღებენ დაახლოებით 70 ლარს. მოწმემ განმარტა, რომ ქალაქ რუსთავის მესხიშვილის, მე-9 კორპუსის ოთხი (მე-2, მე-4, მე-5 და მე-6) სადარბაზო არის მათი სამოქმედო ტერიტორია.

 

2019 წლის 15 ივლისს, გამთენიისას დაახლოებით 04:00 საათზე, მას დაურეკა გამომძიებელმა შოთა ლომიძემ და სთხოვა მისულიყო ქ. რუსთავში მესხიშვილის პირველი გასასვლელის მე-9 კორპუსის, მე-6 სადარბაზოსთან, რადგან სავარაუდოდ ადგილი ჰქონდა მათ მფლობელობაში არსებული ლიფტის სალაროს ყუთის გაქურდვის მცდელობის ფაქტს. დაახლოებით 05:00 საათისთვის ის მივიდა შემთხვევის ადგილზე. შემთხვევის ადგილი შემოსაზღვრული იყო ყვითელი ლენტით, ლიფტის კარი იყო ღია. ადგილზე დახვდა გამომძიებელი შოთა ლომიძე, რომელმაც უთხრა, რომ ადგილი ჰქონდა ლიფტის სალარო აპარატის ქურდობის მცდელობის ფაქტს და უნდა დალოდებოდნენ ექსპერტებს, რათა მომხდარიყო შემთხვევის ადგილის დათვალიერება. იმავე დღეს დაახლოებით 08:00 საათზე შემთხვევის ადგილზე მივიდნენ ექსპერტები. გამომძიებელმა შოთა ლომიძემ მას ჩამოართვა ხელწერილი - შემთხვევის ადგილის დათვალიერებაზე თანხმობის შესახებ. გამომძიებელმა შეადგინა ასევე ოქმი, რომელსაც გაეცნო და მოაწერა ხელი. მოწმის განმარტებით მან ექსპერტებთან ერთად დაათვალიერა სალარო აპარატი, რა დროსაც ნახა, რომ სალარო აპარატის ზედა მხარე იყო დეფორმირებული. მოწმის განმარტებით, სალარო ყუთი იყო მართკუთხედის ფორმის (40X20 სმ.), მარცხენა მხარე იყო შედუღებული, ზოგადად შიდა მხარეს სალარო ყუთებს დადებული აქვთ ბოქლომი, რომელიც აღნიშნულ ყუთს იმ დროისთვის გაუქმებული ჰქონდა, ვინაიდან ბოქლომებს უფრო ადვილად და ხშირდ ტეხავდნენ. სწორედ ამიტომ დაიწყეს ყუთების დადუღება. მოწმის განმარტებით, სალარო ყუთი დამაგრებულია ლიფტის შუაში ადამიანისთვის ხელმისაწვდომ სიმაღლეზე დაახლოებით 150-160 სმ-ზე, სალარო ყუთი არის ყულაბის მსგავსად მოწყობილი, ყუთში მოთავსებულია ე.წ. ჯამი, რომელსაც ზედა თავი აქვს თავისუფალი. ღია პირიანი ჯამიდან თანხის ამოღება შესაძლებელია მხოლოდ კარების გახსნით. მცირედი გაღების შემთხვევაში შესაძლებელი იქნებოდა თანხის მაგნიტით ამოღებაც. ქურდობის მცდელობის ფაქტის შემდეგ სალარო აპარატი აღუნული იყო მარცხენა ზედა მხრიდან, გატეხილი იყო ზედა მხარეს კუთხოვანა, შედუღებული მხარე არ ყოფილა დაზიანებული, რადგან სალარო შედუღებული იყო მარცხენა გვერდითა მხრიდან, ხოლო ამ შემთხვევაში სალარო ყუთი დაზიანებული იყო ზედა მხრიდან. მოწმის განმარტებით სალარო ყუთი გაჭრეს ე.წ. ,,ბარგალკით“ და ამოიღეს თანხა, რომლიც შეადგენდა დაახლოებით 29 ლარს და თეთრებს. ამის შემდეგ აღნიშნული თანხა და ყუთი დალუქეს, ლუქზე გაკეთდა ხელმოწერები, რასაც თავადაც მოაწერა ხელი. მოწმის განმარტებით, როდესაც იხსნება ლიფტის კაბინა, შუქი ავტომატურად ინთება, როდესაც ლიფტის კარი იხურება, თუ არ ჩააგდებ ფულს დაახლოებით 5-6 წამში შუქი ითიშება, კარს თუ დაიჭერ ხელით შუქი არ ითიშება, რადგან მუშაობს სენსორზე. აღნიშნული შემთხვევის შემდეგ ლიფტი აღარ მუშაობდა, ლიფტის კარი იყო დაზიანებული და გაჭედილი. მოწმის განმარტებით, თუ კი ლიფტის კარს დიდხანს დაიჭერ და არ მისცემ დახურვის შესაძლებლობას ის იჭედება.

 

მოწმის განმარტებით ჩვეულებისამებრ მათი ორგანიზაციის მექანიკოსები დღის განმავლობაში აკეთებენ შემოვლას და ამოწმებენ ლიფტების გამართულობას, მათ შორის დაზიანებულია თუ არა სალარო აპარატი. თუ რაიმე დარღვევას აღმოაჩენენ უკავშირდებიან პირადად მას, ასევე დაზიანების შემთხვევებში ურეკავენ იმ კორპუსის მაცხოვრებლები რომელსაც ემსახურებიან. მოწმის განმარტებით ისინი ლიფტებში დამონტაჟებული სალარო ყუთებიდან თანხის ამოღებას ახდენენ ყოველ 10-12 დღეში. მოწმის განმარტებით ლიფტის სალარო ყუთის თვითნებური გახსნა შესაძლებელია ძალაყინით, თუმცა რა დრო დასჭირდება მისთვის უცნობია, ვინაიდან, აღნიშნული დამოკიდებულია ადამიანის ფიზიკურ შესაძლებლობებზე. ამ სახით სალარო ყუთის გახსნა გამოიწვევს მცირე ხმაურს.

 

მოწმემ განმარტა, რომ ამ ფაქტის შემდეგ ლიფტის ქურდობები საგრძნობლად შემცირდა, მაშინ როდესაც მანამდე დღე-ღამეში იყო დაახლოებით 9-10 შემთხვევა. (ტ.2 ს.ფ.62-65)

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა, რუსთავის საქალაქო სამმართველოს პირველი განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი გიორგი მაისურაძე, რომელმაც განმარტა, რომ 2019 წლის 15 ივლისს, თანამშრომლებთან: ჯაბა ღუნწკიძესთან და დავით იორამიშვილთან ერთად ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას, რა დროსაც გადაადგილდებოდნენ ფეხით, კერძოდ, ქ. რუსთავში, მესხიშვილის ქუჩაზე. დაახლოებით 03:00-04:00 საათზე, მათი ყურადღება მიიქცია მე-9 კორპუსის, მე-6 სადარბაზოსთან შეჩერებულმა ავტომანქანამ, რომლიდანაც გადმოვიდა მამაკაცი (ირაკლი კურტანიძე), შეჩერდა, მიიხედა-მოიხედა და შევიდა კორპუსის სადარბაზოში. ამ დროს მოწმე და მისი თანმხლები პირები იდგნენ კორპუსის მოპირდაპირედ სკვერში, ეზო იყო ჩაბნელებული. მოწმის განმარტებით იმ პერიოდში მესხიშვილის ქუჩაზე, გახშირებული იყო ლიფტის ქურდობები, ამიტომ პირის ქმედება (აქეთ-იქით გახედვა) აღიქვეს საეჭვოდ და გაყვნენ უკან შესამოწმებლად. სადარბაზოს მიუახლოვდნენ სკვერის მხრიდან, რისთვისაც დასჭირდათ დაახლოებით 02 წუთი. მოწმის განმარტებით ის და მისი თანამშრომლები სადარბაზოში თითქმის ერთდროულად შევიდნენ, რა დროსაც სადარბაზოში ენთო შუქი, სადარბაზოსთან მიახლოებამდე გაიგონეს ლიფტის კარების ხმა. მოწმის განმარტებით, სადარბაზოს შესასვლელში პირველივე სართულზე, კიბიდან მარცხენა მხარეს არის ლიფტი. როდესაც ავიდნენ პირველ სართულზე, დაინახეს, რომ ლიფტის კარი იყო გაღებული, შიგნით ენთო შუქი და ირაკლი კურტანიძეს მარცხენა ფეხით ეჭირა ლიფტის კარი, ორივე ხელში კი ეჭირა ძალაყინი (მარჯვენა ხელი ეკიდა ზემოთ, მარცხენა შუა ნაწილში) და ცდილობდა სალარო ყუთის გადმოღუნვას. რა დროსაც მათ მიერ მოხდა ირაკლი კურტანიძის დაკავება და მისი პირადი ჩხრეკა. პირადი ჩხრეკისას ირაკლი კურტანიძის მარჯვენა ხელიდან ამოიღეს ძალაყინი, შარვლის ჯიბიდან ამოიღეს წამახვილებული ფორმის რკინის ხელსაწყო (რომელიც არ იყო ავტომობილის ნაწილი) და ავტომობილის გასაღები, რომელსაც შემოხვეული ჰქონდა წებოვანი ლენტი. აღნიშნული ნივთები დაილუქა, ლუქზე გაკეთდა ხელმოწერები. ირაკლი კურტანიძის დაკავებისა და პირად ჩხრეკის ოქმი შეავსო ჯაბა ღუნწკიძემ. ირაკლი კურტანიძემ მისი დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმზე ხელი არ მოაწერა. მოწმემ განმარტა, რომ ლიფტის სალარო ყუთი იყო დაზიანებული, იყო გადმოღუნული, აგლეჯილი და გადმოწეული. ლიფტის სალარო ყუთში სანათის ჩანათებისას შესაძლებელი იქნებოდა შიდა ნაწილის დანახვა. გადმოხსნილი ნაწილიდან ფულის ამოღება შესაძლებელი იყო მაგნიტით. სალარო ყუთი მყარად იყო დამაგრებული ლიფტის კედელზე. ლიფტი არ იყო მუშა მდგომარეობაში, ვინაიდან ჯაბა ღუნწკიძემ ჩააგო ფული და ლიფტი არ წავიდა.

 

მოწმის განმარტებით დაკავების შემდეგ ირაკლი კურტანიძე გადაყვანილი იქნა პოლიციის განყოფილებაში, პოლიციის სამსახურეობრივი ავტომობილით, რომლიც გამოიძახეს განყოფილებიდან. დაკავებისას ირაკლი კურტანიძეს წინააღმდეგობა არ გაუწევია და განმარტავდა, რომ მას არაფერი დაუშავებია. შემთხვევის დროს კორპუსში მაცხოვრებელი არავინ არ გამოსულა.

 

მოწმემ ასევე განმარტა, რომ სალარო ყუთი ლიფტის მარცხენა კედელზე იყო დამაგრებული, გარშემო იყო შედუღებული და ბოქლომი არ ეკეთა. ფაქტთან დაკავშირებით შეტყობინება გააკეთა მისმა მეწყვილემ ჯაბა ღუნწკიძემ.

 

მოწმემ დამატებით განმარტა, რომ ირაკლი კურტანიძე მანამდეც ყავდათ დაკავებული ლიფტების ქურდობის ფაქტზე. (ტ.02 ს.ფ.107-112)

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა, გამომძიებელი დავით იორამიშვილი, რომელმაც განმარტა, რომ 2019 წლის 15 ივლისს ღამის საათებში ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას ჯაბა ღუნწკიძესა და გიორგი მაისურაძესთან ერთად, კერძოდ, გადაადგილდებოდა ფეხით მესხიშვილის ქუჩის ტერიტორიაზე, რა დროსაც მაღაზია ,,მადაგონის“ უკან, მესხიშვილის N9 კორპუსის ეზოში შევიდა ,,აუდის“ მარკის ავტომობილი ანთებული ფარებით და გაჩერდა ამავე კორპუსის მე-6 სადარბაზოსთან, მათგან დაახლოებით 20-30 მეტრის მოშორებით. კორპუსის წინ ეზო ნათდებოდა კორპუსიდან გამოსული შუქით. ავტომობილიდან გადმოვიდა პიროვნება, რომელიც შეჩერდა მცირე ხნით, გაიხედ-გამოიხედა (თითქოს ათვალიერებდა იყო თუ არა ვინმე მიმდებარე ტერიტორიაზე) და შევიდა სადარბაზოში. მოწმის განმარტებით პიროვნების მოძრაობამ მათში ეჭვი გამოიწვია და შეყვნენ სადარბაზოში.

 

მოწმის განმარტებით, როგორც კი მიუახლოვდნენ სადარბაზოს შესასვლელს გაიგონეს რკინის რკინაზე შეხების ხმა და როდესაც უკვე შევიდნენ სადარბაზოში, დაინახეს, რომ ლიფტში ენთო შუქი, ირაკლი კურტანიძეს კი ხელში ეჭირა ძალაყინი (მარცხენა ხელი ეკიდა ძალაყინის დაბლა, მარჯვენა ხელი კი ზევით) და ცდილობდა სალარო ყუთის გატეხვას. ლიფტის კარი იყო ღია, ირაკლი კურტანიძეს კარები ეჭირა ფეხით. აღნიშნულის დანახვის შემდეგ მათ მიერ მოხდა ირაკლი კურტანიძის დაკავება და მისი პირადი ჩხრეკა. დაკავებისას ირაკლი კურტანიძეს წინააღმდეგობა არ გაუწევია, აცხადებდა, რომ არაფერი მოუპარავს. დაკავებისას ჯაბა ღუნწკიძემ განუმარტა ირაკლი კურტანიძეს მისი უფლებები და უთხრა, რომ აკავებდნენ ქურდობის მცდელობის ფაქტზე. ირაკლი კურტანიძეს პირადი ჩხრეკისას ხელიდან ამოუღეს ძალაყინი, შარვლის ჯიბიდან რკინის დეტალი და ავტომობილის გასაღები, რომელზეც შემოხვეული ჰქონდა წებოვანი ლენტი. ირაკლი კურტანიძის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი შეავსო ჯაბა ღუნწკიძემ ასევე, მანვე გადასცა განყოფილებაში ინფორმაცია, ფაქტის შესახებ. დაკავებული ირაკლი კურტანიძე პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს ჯაბა ღუნწკიძემ და გიორგი მაისურაძემ, თავად დავით იორამიშვილი კი დარჩა შემთხვევის ადგილზე, რათა მისულიყო გამომძიებელი და დაეთვალიერებინათ შემთხვევის ადგილი.

 

მოწმის განმარტებით, ლიფტში სალარო ყუთი დაყენებულია დაახლოებით 1,50 მეტრზე. სალარო ყუთის მარცხენა, ზედა მხარე იყო, გადაწეული (გადაღუნული). სალარო ყუთს არ ჰქონდა ბოქლომი, იყო დადუღებული. მოწმის განმარტებით, ლიფტის კარი იყო დაზიანებული, აღარ იკეტებოდა. შემთხვევის დროს სადარბაზოში სხვა პირი არ შესულა და არც მეზობლები დაინტერესებულან.

 

მოწმის განმარტებით გამომძიებელ დავით ომანაძის მიერ მისი და მანქანის მესაკუთრის თანდასწრებით და თანხმობით ჩატარდა, ავტომობილის ჩხრეკა, რა დროსაც ა/ მანქანის წინა მარჯვენა სავარძლიდან ამოიღეს ფარანი, მაგნიტი და რკინის დეტალები (ბრტყელტუჩა). ჩხრეკის ოქმი შეადგინა გამომძიებელმა დავით ომანაძემ. ამოღებული ნივთები დაილუქა პოლიეთილენის პაკეტებში კანონით დადგენილი წესით. ამის შემდეგ ავტომობილი და ავტომობილის მეპატრონე გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში, სადაც მოხდა ავტომობილის მეპატრონის გამოკითხვა. მოწმის განმარტებით, ავტომობილი იყო გაუმართავი, ვინაიდან მის დასაქოქად დასჭირდათ, დაახლოებით 10 წუთი.

 

მოწმემ მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების კანონიერება დაადასტურა (ტ.02 ს.ფ.122-125)

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა, რუსთავის საქალაქო სამმართველოს პირველი განყოფილების უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებელი, ჯაბა ღუნწკიძე, რომელმაც განმარტა, რომ 2019 წლის 15 ივლისს, საღამოს საათებში, თანამშრომლებთან დავით იორამიშვილთან და გიორგი მაისურაძესთან ერთად ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას, კერძოდ, გადაადგილდებოდა ქალაქ რუსთავში, მესხიშვილის ქუჩაზე. დაახლოებით 03:00 საათზე, ქალაქ რუსთავში მ----–---–-----------------–-–------–--––---------------თან, დაინახა, რომ ეზოში შევიდა ,,აუდი A4“ -ის მარკის ავტომობილი და გაჩერდა მე-9 კორპუსის მე-6 სადარბაზოსთან. ავტომობილიდან გადმოვიდა მამაკაცი, (რომელსაც ეცვა კაპიშონიანი, შავი ფერის გრძელი მოსაცმელი, ჯინსის შარვალი და სპორტული ფეხსაცმელი) მიიხედ-მოიხედა თითქოს ვიღაცას ეძებდა და შევიდა კორპუსის მე-6 სადარბაზოში. (კორპუსის ბოლო სადარბაზო). ამ დროს ისინი დაახლოებით 20-25 მეტრით იყვნენ დაშორებული მითითებული კორპუსის სადარბაზოდან. უცნობი პირის უცნაურმა მოძრაობებმა მათში გამოიწვია ეჭვი, ვინაიდან ბოლო პერიოდში გახშირებული იყო ლიფტების ქურდობები და შეყვნენ მას სადარბაზოში. სადარბაზომდე მისასვლელად დასჭირდებოდათ დაახლოებით 02 წუთი.

 

მოწმის განმარტებით სადარბაზოში შესვლისას, როდესაც ავიდნენ კიბეზე დაინახეს, რომ ლიფტის კარები იყო ღია, აღნიშნულ პიროვნებას (როგორც შემდგომ აღმოჩნდა ირაკლი კურტანიძეს) ლიფტის კარები ეჭირა მარცხენა ფეხით და სალარო ყუთის ზედა მარცხენა კუთხესთან ჩარჭობილი ჰქონდა რკინის ძალაყინი და ცდილობდა მის გახსნას (იმ მომენტში, ირაკლი კურტანიძეს მათი დანახვა არ შეეძლო რადგან იდგა ზურგით) მასში მოთავსებული თანხის ქურდობის მოტივით, რის გამოც ისინი მივიდნენ ზემოხსენებული პიროვნებასთან, შეაჩერეს და უთხრეს, რომ იყვნენ პოლიციიდან და მოახდინეს მისი ქურდობის მცდელობის ფაქტზე დაკავება. ამასთან განუმარტეს უფლებები, ასევე განუმარტეს მიზეზი, თუ რის გამო მოხდა მისი დაკავება. დაკავებულს ადგილზევე ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა, რის შედეგადაც მისი მარცხენა ხელიდან ამოღებულ იქნა რკინის დეტალი, შარვლის ჯიბიდან ამოღებულ იქნა მცირე ზომის მახვილი ფორმის თავიანი რკინის დეტალები და ავტომობილის გასაღები, რომელიც იყო გახსნილ მდგომარეობაში და მოხვეული ჰქონდა შავი წებოვანი ლენტი. ამოღებული ნივთები დაილუქა კანონის შესაბამისად, ლუქს დაერთო თარიღი და ხელმოწერები. მოწმის განმარტებით აღნიშნულ საპროცესო მოქმედებებთან დაკავშირებით შედგენილ იქნა ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი. ირაკლი კურტანიძემ აღნიშნულ ოქმზე ხელი არ მაწერა, რადგან თავს არ თვლიდა დამნაშავედ. ამის შემდეგ ირაკლი კურტანიძე, თავად ჯაბა ღუნწკიძემ და გიორგი მაისურაძემ გადაიყვანეს პირველ განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, ხოლო შემთხვევის ადგილზე დარჩა მათი მეწყვილე დავით იორამიშვილი. მოწმემ დამატებით განმარტა, რომ ირაკლი კურტანიძეს მანამდე იცნობდა, ძველი საქმიდან გამომდინარე, თუმცა ირაკლი კურტანიძის შესახებ პირობითი მსჯავრთან დაკავშირებით ინფორმაცია არ ჰქონდა.

 

მოწმემ დამაზუსტებელ კითხვებზე განმარტა, რომ N9 კორპუსის ეზოში, მარცხენა მხრიდან შედის ასფალტის გზა, კორპუსის ირგვლივ არის სხვადასხვა კორპუსებიც კერძოდ N7 და N5 კორპუსები. აღნიშნულ ქუჩაზე არის, როგორც საფეხმავლო, ისე საავტომობილო გზა. ზემოხსენებული პირი გადაადგილდებოდა განათებულ, საავტომობილო გზაზე, ხოლო თავად გადაადგილდებოდნენ საფეხმავლო გზაზე, რომელიც არ იყო განათებული, ასევე სადარბაზოს შესასვლელში, პირველ სართულზევე არის ლიფტი, (შესასვლელიდან 02-03 მეტრში), სადარბაზოში პირველ სართულზე, არის ხელოვნური მუდმივი (არა სენსორული) განათება, ასევე განათება არის ლიფტშიც, აყენია ნათურა, რომელსაც იმ დროს მოხსნილი ჰქონდა ხუფი. ლიფტის კაბინა არის ძველი, ყავისფერი ფერის კედლებით, გაცვეთილი იატაკით და სალარო ყუთი ლიფტის მარცხენა კედელზე დაახლოებით 1,70 სმ/ზე იყო დამაგრებული. (ტ.02 ს.ფ.29-46)

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა, რუსთავის საქალაქო სამმართველოს პირველი განყოფილების, დეტექტივ-გამომძიებელი, დავით ომანაძე, რომელმაც განმარტა, რომ 2019 წლის 15 ივლისს, რუსთავის საქალაქო სამმართველოს პირველი განყოფილებაში დაიწყო გამოძიება, ქალაქ რუსთავში, მესხიშვილის ქუჩის პირველი გასასვლელის N9 კორპუსის, მე-6 სადარბაზოში ლიფტის სალარო ყუთის გაქურდვის მცდელობის ფაქტზე. რასთან დაკავშირებითაც დაახლოებით 04:30 საათზე, მას დაუკავშირდა დავით იორამიშვილი და სთხოვა დახმარება ავტომობილის მფლობელის დადგენასთან დაკავშირებით. დავით ომანაძემ ავტომობილის მონაცემების საფუძველზე გაარკვია ავტომობილის მესაკუთრის ვინაობა, რომელსაც დაუკავშირდა და სთხოვა განყოფილებაში გამოცხადება, ვინაიდან, მისი მონაწილეობით ჩატარებულიყო ავტომობილის ჩხრეკა. როდესაც ავტომანქანის მესაკუთრე, მივიდა განყოფილებაში ისინი ერთად გავიდნენ შემთხვევის ადგილზე, სადაც უნდა მომხდარიყო ავტომანქანის ჩხრეკა. შემთხვევის ადგილზე მათ დახვდათ დავით იორამიშვილი, მის მიერ მოხდა დადგენილების გამოტანა გადაუდებელი აუცილებლობით ავტომანქანის ჩხრეკასთან დაკავშირებით, რაც გააცნო ავტომანქანის მფლობელს და დაიწყეს ავტომანქანის ჩხრეკა. მოწმის განმარტებით ავტომანქანა იყო დაკეტილ მდგომარეობაში. მოწმის განმარტებით ავტომანქანის გასაღები იყო დალუქულ მდგომარეობაში, ვინაიდან აღნიშნული ამოღებული იყო ირაკლი კურტანიძის პირადი ჩხრეკის შედეგად. ადგილზევე მოხდა ლუქის გახსნა და გასაღების ამოღება. მოწმის განმარტებით ავტომანქანა გააღეს საბარგულის მხრიდან, ვინაიდან მძღოლის მხარეს კარი დაზიანებული იყო. ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად მარჯვენა, მძღოლის გვერდითა სავარძლიდან, ამოიღეს ლითონის დეტალი, რომელსაც ერთი მხრიდან ჰქონდა სანათი, მეორე მხრიდან მაგნიტი, ე.წ. ,,ატმეჩკები“, ასვე ამოიღეს სხვადასხვა ლითონის დეტალები. ავტომობილში იყო ასევ ავტომობილის სხვადასხვა ხელსაწყოები (ქანჩი, საბურავი), რომლის ამოღებაც არ მომხდარა. ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთები მოათავსეს ერთ პაკეტში და დალუქეს კანონით დადგენილი წესით . აღნიშნულ საგამოძიებო მოქმედებასთან დაკავშირებით მის მიერ მოხდა შესაბამისი ოქმის შედგენა, რაც გააცნო მონაწილე პირებს, რომლებსაც რაიმე სახის შენიშვნა ან განცხადება არ გაუკეთებიათ და მოაწერეს ხელი. აღნიშნულ საქმის ირგვლივ მის მიერ ჩატარდა ავტომანქანის მფლობელის გამოკითხვა.

 

მოწმემ დამაზუსტებელ კითხვებზე განმარტა, რომ ჩხრეკის ჩატარების შემდეგ მოხდა ავტომანქანის პოლიციის განყოფილებაში გადაყვანა, სადაც ხელწერილის საფუძველზე დაუბრუნა მფლობელს სალომე ჩარბაძეს. მოწმემ ასევე განმარტა, რომ ავტომანქანა იყო გათიშულ მდგომარეობაში, მისი დაქოქვა მის მფლობელს გაუჭირდა და დავით იორამიშვილი მიეხმარა. მოწმემ მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების კანონიერება დაადასტურა. (ტ.02 ს.ფ.143-147)

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა, ქვემო ქართლის საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის უფრო ექსპერტ-კრიმინალისტი, ლევან მჟავანაძე, რომელმაც განმარტა, რომ 2019 წლის 15 ივლისს, სამორიგეო ტელეფონზე მიიღო შეტყობინება, რომლის მიხედვითაც უნდა მისულიყო ქალაქ რუსთავში, შემთხვევის ადგილის დასათვალიერებლად. თავად ამ დროს თავის მეწყვილესთან ერთად, იყო გარდაბანში, როდესაც დაამთავრეს გარდაბანში თავისი საქმიანობა, წავიდნენ ქ. რუსთავში, შეტყობინებაში აღნიშნულ მისამართზე. ადგილზე მივიდნენ დაახლოებით 08:00 საათზე, ორი ექსპერტი და კინოლოგი. შემთხვევის ადგილი დახვდათ შემოღობილი, ადგილზე იყო გამომძიებელი და ლიფტის სალარო ყუთის მეპატრონე. ლიფტი გაჩერებული იყო პირველ სართულზე, მუშაობდა, თუ არა არ შეუმოწმებია. ლიფტის კარი იყო ღია მდგომარეობაში და ენთო შუქი. სალარო აპარატი დამონტაჟებული იყო ლიფტის მარცხენა მხარეს. მოწმის განმარტებით, ადგილზე პირველი შევიდა კინოლოგი, რომელმაც ამოიღო სუნის კვალი. შემდეგ მისმა მეწყვილემ კახი კარტოზიამ დაასურათა შემთხვევის ადგილი. მათვე მეპატრონეს, მოთხოვეს გაეხსნა სალარო ყუთი, რომელიც იყო დაზიანებული, კერძოდ, მარცხენა მხარეს იყო დეფორმირებული და გადმოწეული. მოწმის განმარტებით, დაზიანებული ყუთიდან ოდნავ ჩანდა ფული. მეპატრონემ ე.წ. „ბარგალკით“ გაჭრა სალარო ყუთი შედუღების ნაწილიდან და სალაროდან ამოღებული იქნა თანხა - 29 ლარისა და 65 თეთრის ოდენობით. ამოღებული თანხა და სალარო ყუთი დაილუქა ცალ-ცალკე და გადაეცა გამომძიებელს.

 

ლევან მჟავანაძის განმარტებით ის გაეცნო გამომძიებლის მიერ შედგენილ დათვალიერების ოქმს, სადაც ყველაფერი სწორად იყო აღწერილი. (ტ.02 ს.ფ.73-75)

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა, ქვემო ქართლის საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის, კინოლოგი ნიკოლოზ ბიძინაშვილი, რომელმაც განმარტა, რომ 2019 წლის 15 ივლისს, გამოიძახეს ქ. რუსთავში მესხიშვილის ქუჩის პირველ გასასვლელში, მე-9 კორპუსში, ლიფტის სალარო ყუთის გაქურდვის მცდელობის ფაქტზე. შემთხვევის ადგილზე მასთან ერთად იყო ორი ექსპერტი, გამომძიებელი - შოთა ლომიძე და ლიფტის სალარო ყუთის მფლობელი. შემთხვევის ადგილზე პირველი თავად შევიდა, რადგან უნდა აეღო სუნის ნიმუში. შემთხვევის ადგილი დაცული იყო დამცავი ლენტით. შემთხვევის ადგილზე, ლიფტის კარები იყო გაღებულ მდგომარეობაში. ნიკოლოზ ბიძინაშვილმა ლიფტის იატაკიდან აიღო სუნის ნიმუში და მოათავსა 0.5 ლიტრიან მინის ქილაში, რომელიც დაილუქა. ლუქზე დაესვა თარიღი, ხელმოწერები და გადაეცა გამომძიებელს. (ტ.02 ს.ფ.81-88)

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა, რუსთავის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების უბნის ინსპექტორ გამომძიებელი, დავით ფოფხაძე, რომელმაც განმარტა, რომ სასჯელაღსრულების N8 პენიტენციურ დაწესებულებაში, ადვოკატის და ექსპერტის თანდასწრებით მონაწილეობდა ირაკლი კურტანიძისგან სუნის ნიმუშის აღებაში, რასთან დაკავშირებითაც შეადგინა იქნა სუნის ნიმუშის აღების ოქმი, რომელსაც ხელი მოაწერა მასში მონაწილე პირებმა. (ტ.02 ს.ფ.120-121)

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა ექსპერტი, არუთინ ელოიანი, რომელმაც განმარტა, რომ 2019 წლის 31 ივლისს პენიტენციური დეპარტამენტის მე-8 დაწესებულებაში, ირაკლი კურტანიძისგან დოლბანდების საშუალებით აიღო სუნის ნიმუში. მოწმის განმარტებით, კერძოდ დოლბანდები მოთავსა მარჯვენა და მარცხენა ხელის გულებში 15-20 წუთის განმავლობაში, რის შემდეგაც მოათავსა მინის ქილაში, რომელიც დაილუქა, ლუქზე დაესვა ხელმოწერები და თარიღი. ნიმუშის აღებას მის გარდა ესწრებოდნენ გამომძიებელი და ადვოკატი. მოწმემ განმარტა, რომ ბრალდებულს ნიმუშის აღების დროს წინააღმდეგობა არ გაუწევია. (ტ.02 ს.ფ.61-62)

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა, სალომე ჩარბაძე, რომელმაც განმარტა, რომ 2019 წლის 15 ივლისს, დილის 03:00-04:00 საათზე, დაუკავშირდნენ პოლიციის განყოფილებიდან და უთხრეს, რომ დაბარებული იყო პოლიციის განყოფილებაში, ვინაიდან, დაკავებული ჰყავდათ ირაკლი კურტანიძე, რომელიც სარგებლობდა მისი ავტომანქანით. მოწმის განმარტებით ის მალევე მივიდა პოლიციის განყოფილებაში, საიდანაც გაემართნენ მესხიშვილის ქუჩაზე არსებული კორპუსის ბოლო სადარბაზოსთან, სადაც იდგა მისი ,,აუდის“ მარკის ავტომანქანა. ადგილზე მისულებს დახვდათ გამომძიებელი, რომელსაც ჰქონდა მანქანის გასაღები. მოწმის განმარტებით მან გამომძიებლებთან ერთად მონაწილეობა მიიღო მანქანის ჩხრეკაში, მანქანა იყო ჩამქვრალ მდგომარეობაში და კარები იყო დაკეტილი. ერთ-ერთმა გამომძიებელმა (სახელს ვერ იხსენებს) გახსნა მანქანის კარები და დაიწყეს მანქანის ჩხრეკა. ჩხრეკის შედეგად მანქანის წინა, მძღოლის გვერდითა სავარძლიდან ამოიღეს სხვადსხვა იარაღები, კერძოდ, მაგნიტი, პატარა ზომის გაზის შესადუღებელი და პატარა ზომის სანათი. ყველა ნივთი მოათავსეს ერთ პაკეტში ერთად და შემდეგ განყოფილებაში აღწერეს დეტალურად და ცალ-ცალკე დალუქეს ცელოფნის პაკეტებში, რაზეც თავადაც მოაწერა ხელი. ჩხრეკის შემდეგ ავტომანქანა ერთ-ერთმა თანამშრომელმა გადაიყვანა სადგომზე, მათ მანქანის დაქოქვა გაუჭირდათ, ვინაიდან მანქანა დაზიანებული იყო და ჭირდა მისი დაქოქვა. მოწმის განმარტებით ავტომანქანის ჩხრეკის შემდეგ ის გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში, სადაც გამოკითხეს. მოწმემ განმარტა, რომ გამოკითხვის ოქმის გაცნობისას ის არ დაეთანხმა, ჩანაწერს სადაც ეწერა, რომ ,,მანქანიდან ამოღებული ნივთები ეკუთვნოდა ირაკლი კურტანიძეს და არ ეკუთვნოდა თავად სალომე ჩარბაძეს, მის მამას და ქმარს“. აღნიშნულზე სალომე ჩარბაძემ გამომძიებელს განუმარტა, რომ ამოღებული ნივთები არ ეკუთვნოდა მისი ოჯახის წევრებს, მაგრამ არც ის იცოდა იყო თუ არა ეს ნივთები ირაკლი კურტანიძის საკუთრება, რაც გაასწორებინა და მოაწერა ხელი.

 

მოწმემ დამატებით განმარტა, რომ ირაკლი კურტანიძე ხშირად სარგებლობდა მათი ავტომობილით. ირაკლი კურტანიძე და მისი მეუღლე მეგობარი არიან. მას აქვს გარკვეული ფინასური პრობლემები. ირაკლი კურტანიძეს აღნიშნული მანქანა, უწყვეტად არ ჰყოლია, ხან იყო მათ ეზოში, ხან ირაკლი კურტანიძის ეზოში. ირაკლი კურტანიძეს, ავტომობილი ხანდახან მიყავდა ხელოსანთან სარემონტოდ, გარკვეული ნაწილები შეცვალა კიდეც.

 

მოწმემ ასევე განმარტა, რომ ავტომობილში აღმოაჩინეს ირაკლი კურტანიძის საფულე და ტელეფონი, რომელიც სალომე ჩარბაძის მეუღლემ გადასცა ირაკლი კურტანიძის ოჯახის წევრებს. (ტ.02 ს.ფ.88-99)

 

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ იქნა ირაკლი კურტანიძის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის ჩხრეკის ოქმი, რომლის მიხედვითაც - 2019 წლის 15 ივლისს ქ. რუსთავში მესხიშვილის პირველი გასასვლელის N9 კორპუსის მე-6 სადარბაზოს მიმდებარე ტერიტორიაზე გამომძიებელ დავით ომანაძის მიერ 2019 წლის 06:00-06:40 საათებს შორის პერიოდში ჩატარდა „აუდი A-4“-ის მარკის ავტომანქანის სახელმწიფო ნომრით JC- 534-CJ ჩხრეკა. საგამოძიებო მოქმედებას ესწრებოდა გამომძიებელი დავით იორამაშვილი და ავტომანქანის მესაკუთრე სალომე ჩარბაძე. ოქმის მიხედვით საგამოძიებო მოქმედებისას რაიმე სახის ტექნიკური საშუალება არ გამოყენებულა, გარდა ავტომანქანის გასაღებისა, რითაც გაიხსნა ავტომანქანა. საგამოძიებო მოქმედება ჩატარებულია ბუნებრივი განათების პირობებში, მშრალ ამინდში, წყნარ მშვიდ გარემოში, ყოველგვარი წინააღმდეგობის გაწევის გარეშე.

 

საგამოძიებო მოქმედების შედეგად მანქანის მარჯვენა სავარძლიდან ამოღებულ იქნა გამაცხელებელი დეტალი, რომელსაც აქვს შავი ფერის პლასტმასი და სტაფილოსფერი კნოპი, ასევე წინა მხარეს აქვს ლითონის დეტალი; მოგრძო ლითონის დეტალი, რომლის ორივე ბოლო დაბრტყელებულია ამასთან ერთ-ერთი ბოლო შუაზე გაყოფილია; ვერცხლისფერი დეტალი, რომელიც არის მრგვალი ფორმის და ერთ მხარეს შიგნით აქვს ოთხკუთხედი; ლითონის დეტალი, რომელშიც ჩამაგრებულია მართკუთხედის ფორმის ლითონის დეტალი; მოგრძო ლითონის დეტალი, რომელზეც დამაგრებულია მრგვალი ფორმის წინაცხვირიანი დეტალი; ლითონის დეტალი, რომელშიც ჩამაგრებულია გასაღების პირი; ლითონის დეტალი, რომლის ორივე მხარე არის დაბრტყელებული, რომელთაგან ერთი მხარე არის მოხრილი; შავი ფერის გასაშლელი მოწყობილობა, რომლის ერთი თავი არის მაგნიტი, ხოლო მეორე ელ სანათი, მასვე აქვს ვერცხლისფერი ჩამოსაკიდი. ოქმის მიხედვით საგამოძიებო მოქმედების შედეგად ამოღებული ნივთები დალუქულია კანონით დადგენილი წესით, ლუქზე გაკეთებულია მასში მონაწილე ყველა პირის ხელმოწერა და თარიღი, ოქმზე რაიმე სახის შენიშვნა გაკეთებული არ არის (ტ.1.ს.ფ.25-30)

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ტექნიკური ექსპერტიზის განყოფილების მთავარი ექსპერტი, პოლიციის მაიორი ლევან შარაშენიძე, რომელმაც დაადასტურა მის მიერ 2019 წლის 03 ოქტომბერს გაცემული N958/რტ ექსპერტიზის დასკვნის სისწორე, რომლის მიხედვითაც:

 

1. დადგენა იმისა თუ რას წარმოადგენს ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ლითონის ნაჭერი და რა დანიშნულებისაა იგი, ტრასოლოგიური ექსპერტიზის გზით შეუძლებელია.

2. ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ლითონის ყუთს აღენიშნება დაზიანებები ნაკაწრების, ნაჭდევებისა და დეფორმაციის სახით, აღნიშნული დაზიანებები წარმოქმნილია ფიზიკური ძალის ზემოქმედებით, რაიმე მკვრივ საგანთან კონტაქტის შედეგად, როგორიც შესაძლებელია იყოს ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ლითონის ნაჭერი. (ტ.02 ს.ფ.133-136)

 

მოწმემ განმარტა, რომ ლუქის მთლიანობა არ ყოფილა დარღვეული. სალარო ყუთი ექსპერტიზაზე წარმოდგენილი იყო დახურულ მდგომარეობაში, ხურდის ჩასაყრელი ზედა ნაწილი იყო დაზიანებული. ლითონის დეტალი დამზადებული იყო მაღალი სიმკვრივის ლითონისგან. (ტ.02 ს.ფ.155-157)

 

ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის მიხედვით - ოქმი შედგენილია 2019 წლის 15 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტროს რუსთავის საქალაქო სამმართველოს პირველი განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლების ჯაბა ღუნწკიძის მიერ, ბრალდებულის დაკავებასა და პირად ჩხრეკაში მონაწილეობას ღებულობდა აგრეთე ამავე განყოფილების გამომძიებლები დავით იორამიშვილი და გიორგი მაისურაძე. ბრალდებულის ფაქტობრივი დაკავების ზუსტი ადგილია ქ. რუსთავი მესხიშვილის პირველი გასასვლელის მეცხრე კორპუსის, მეექვსე სადარბაზოს, პირველი სართული, ლიფტის კაბინა. ბრალდებულის ფაქტობრივი დაკავების დროა 2019 წლის 15 ივლისის 03:20 საათი. დაკავების ოქმის შედგენა დაიწყო 2019 წლის 15 ივლისის 03:35 საათზე და დასრულდა 2019 წლის 04:20 საათზე. ბრალდებულის დაკავების ოქმი შედგენილია ფაქტობრივი დაკავების ადგილზე. ოქმის მიხედვით ირაკლი კურტანიძის დაკავება მოხდა იმ დროს, როდესაც აღნიშნული პიროვნება ქურდავდა ქ. რუსთავში მესხიშვილის პირველი გასასვლელის მეცხრე კორპუსის მეექვსე სადარბაზოს პირველ სართულზე გაჩერებული ლიფტის სალარო ყუთს. ირაკლი კურტანიძის დაკავება მოხდა წინააღმდეგობის გაწევის გარეშე, მშვიდ, წყნარ ვითარებაში. მას ვიზუალური დათვალიერებისას რაიმე სახის დაზიანებები არ აღენიშნებოდა.

 

ამავე ოქმის მიხედვით 2019 წლის 15 ივლისს, ქ. რუსთავში, მესხიშვილის პირველი გასასვლელის მეცხრე კორპუსის, მეექვსე სადარბაზოს, პირველ სართულზე ლიფტის კაბინასთან მოხდა ირაკლი კურტანიძის პირადი ჩხრეკა, პირად ჩხრეკაში მონაწილეობდნენ დავით იორამიშვილი და გიორგი მაისურაძე , ოქმის შედგენა დაიწყო 2019 წლის 03:35 საათზე და დასრულდა 2019 წლის 04:00 საათზე. პირადი ჩხრეკა მიმდინარეობდა მშვიდ და წყნარ ვითარებაში წინააღმდეგობის გაწევის გარეშე. ირაკლი კურტანიძის პირადი ჩხრეკისას მისი მარჯვენა ხელიდან ამოღებული იქნა ლითონის დეტალი, ძალაყინის ფორმის, რომელსაც ორივე ბოლო ჰქონდა მოღუნულ მდგომარეობაში. აღნიშნული დეტალი მოთავსდა პოლიეთილენის პაკეტში და დაილუქა რუსთავის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების N2 ლუქით, ლუქზე განთავსდა ხელმოწერები თარიღი და სისხლის სამართლის საქმის ნომერი. ასევე ირაკლი კურტანიძის პირადი ჩხრეკისას მისი შარვლის წინა მარცხენა ჯიბიდან ამოღებული იქნა ლითონის დეტალი, რომელსაც ერთი ბოლო ჰქონდა წამახვილებული, ხოლო მეორე ბოლოში სიგანეზე მიდუღებული აქვს მოგრძო რკინის დეტალი, რაც მოთავსდა პოლიეთილენის პაკეტში, დაილუქა რუსთავის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების N2 ლუქით, ლუქზე განთავსდა ხელმოწერები თარიღი და სისხლის სამართლის საქმის ნომერი. ირაკლი კურტანიძის პირადი ჩხრეკისას მისი ჯინსის შარვლის წინა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული იქნა ავტომანქანის ერთი ცალი გასაღები, რომელსაც გადახვეული ჰქონდა შავი ფერის წებოვანი ლენტი, რის გამოც იყო გაშლილ მდგომარეობაში და უკანა მხარეს მიბმული ჰქონდა თოკის მაგვარი მონაცრისფრო საგანი, აღნიშნული ნივთები ასევე მოთავსდა პოლიეთილენის პაკეტში დაილუქა რუსთავის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების N2 ლუქით, ლუქზე განთავსდა ხელმოწერები თარიღი და სისხლის სამართლის საქმის ნომერი.

 

ოქმს ხელს აწერს მასში მონაწილე ყველა პირი, გარდა ბრალდებულ - ირაკლი კურტანიძისა, ოქმზე გაკეთებული გამომძიებელ ჯაბა ღუნწკიძის შენიშვნის მიხედვით ბრალდებულმა ჩაიბარე მისი დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, ხოლო ხელმოწერაზე უდანაშაულობის გამო უარი განაცხადა. (ტ.1. ს.ფ. 6-13)

 

სუნის ნიმუშის აღების ოქმი მიხედვით - ოქმი შედგენილია 2019 წლის 31 ივლისს, 15:05-15:25 საათებს შორის პერიოდში, შსს რუსთავის სამმართველოს პირველი განყოფილების გამომძიებელ დავით ფოფხაძის მიერ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის N8 დაწესებულების ადმინისტრაციულ შენობაში. ნიმუშის აღება მიმდინარეობდა მშვიდ და წყნარ ვითარებაში, ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე, ნებაყოფლობით. ირაკლი კურტანიძისგან აღებული იქნა სუნის ნიმუშები, კერძოდ სტერილური დოლბანდი მოთავსებული იქნა ირაკლი კურტანიძის მარცხენა და მარჯვენა ხელის გულებში თხუთმეტი წუთის განმავლობაში, რის შემდეგაც სტერილური დოლბანდები მოთავსდა 0,5 მ/ლიტრიან მინის ქილაში, და დაილუქა კინოლოგიის სამსახურის ლუქით, აღნიშნულზე გაკეთდა შესაბამისი ხელმოწერები და დალუქვის თარიღი. ზემოხსენებული ქილა მოთავსდა შსს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის სპეც პაკეტში შტრიხ კოდით FCD849890, პაკეტზე განთავსდა საქმის ნომერი, გაკეთდა შესაბამისი ხელმოწერები და დაესვა თარიღი. ნიმუშის აღებას ესწრებოდა ადვოკატი ანნა კეკენაძე და უფროსი ექსპერტი - არუთინ ელოიანი. ნიმუშის აღების ოქმს ხელს აწერს ყველა მონაწილე პირი. რაიმე სახის შენიშვნები და განცხადებები არ გაკეთებულა. (ტ.01 ს.ფ. 120-123)

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის მიხედვით, ოქმი შედგენილია 2019 წლის 07 ივლისს, 08:50-09:55 საათებს შორის პერიოდში, შსს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის, რუსთავის საქალაქო სამმართველოს, პოლიციის პირველი განყოფილების, უბნის უფროსი ინსპექტორ გამომძიებლის შოთა ლომიძის მიერ. შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ. რუსთავის მესხიშვილის პირველი გასასვლელის N9 კორპუსის მე-6 სადარბაზოში, სადაც 06 ცალი კიბის ავლით მივდივართ ლიფტის კაბინასთან. ციფრული ფოტოაპარატით გადაღებული იქნა შემთხვევის ადგილის ფოტოსურათები, ასევე გამოყენებული იქნა ელექტრო ხერხი. შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში მონაწილეობას იღებდნენ: უფროსი ექსპერტი - ლევან მჟავანაძე, ექსპერტი - კახაბერ კარტოზია, ექსპერტ-კინოლოგი - ნიკოლოზ ბიძინაშვილი და შპს ,,ელ-სერვისის“ წარმომადგენელი - მიხეილ ელიაძე. დათვალიერება მიმდინარეობდა შერეული განათების პირობებში, მშვიდ-წყნარ ვითარებაში, რაიმე სახის წინააღმდეგობის გაწევის გარეშე. დათვალიერებისას გაირკვა, რომ ლიფტის კაბინის მარცხენა მხარეს კედელზე დამაგრებულია რკინის სალარო აპარატი, რომელსაც მაცხენა გვერდზე ქვედა მხარეს აღენიშნება შედუღების კვალი. სალაროს აქვს წინა მხრიდან კარი, რომელიც ზედა მხარეს არის დეფორმირებული, კერძოდ, არის გადმოღუნული და მცირედ მოჩანს სალაროს შიდა მხარე. ექსპერტ კრიმინოლოგის მიერ ლიფტის კაბინაში დაყრილი იქნა აქტივირებული ნახშირი და მინის ქილის მეშვეობით ამოღებული იქნა სუნის ნიმუში 01 ცალ ქილაში, რომელიც დაილუქა ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ლუქით, რომელზეც გაკეთდა ხელმოწერები და ამის შემდეგ დაილუქა ქვემო ქართლის საექსპერტო კრიმინალისტიკური სამმართველოს პაკეტში. აღნიშნულის შემდეგ სპეციალური ელექტრო ხერხის მეშვეობით სალარო აპარატზე ჩაჭრილი იქნა მიდუღების ადგილები და მოხდა სალარო აპარატის კარის გაღება, რა დროსაც გამოჩნდა, რომ სალარო აპარატში ხელუხლებელია შიდა სქემა და მოწყობილობა, ყრია რკინის ფული 29 ლარისა და 65 თეთრის ოდენობით. მოხსნილი და ამოღებული იქნა თავად სალარო აპარატი, რომელიც ცალკე დაილუქა ექსპერტ - კრიმინალისტის მიერ შესაბამისი წესების დაცვით. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას სხვა რაიმე კვალი ვერ იქნა ამოღებული. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ლიფტის კაბინიდან ამოღებული იქნა: სუნის ნიმუში 01 ცალი; ლიფტის სალაროდან ამოღებული იქნა რკინის ხურდა ფული ჯამში 29 ლარი და 65 თეთრი; ასევე ამოღებული იქნა თავად სალარო აპარატი. ოქმს ხელს აწერს ყველა მონაწილე პირი: ლევან მჟავანაძე, კახაბერ კარტოზია, ნიკოლოზ ბიძინაშვილი, მიხეილ ელიაძე. ოქმს არ ერთვის რაიმე სახის შენიშვნები და განცხადებები. (ტ.01 ს.ფ.50-60)

 

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ იქნა საქმეზე შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას და ა/მანქანის ჩხრეკისას ამოღებული ნივთმტკიცებები, რომლებიც არწმუნებს სასამართლოს, რომ ირაკლი კურტანიძის მიერ დანაშაული ჩადენილი იქნა იმ ვითარებასა და გარემოებებში, როგორც ამას უთითებენ საქმეზე მოწმის სახით დაკითხული პირები და ასახულია წერილობით მტკიცებულებებში.

 

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ იქნა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 12 აპრილის N1/4-19 განაჩენი, რომლის მიხედვით ირაკლი კურტანიძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 04 (ოთხი) წელი, მასვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 41-42-ე მუხლების საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში შეტანით. მხარეთა განმარტებით დაკისრებული ჯარიმა გადახდილი არ არის(ტ.01 ს.ფ.128-134)

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა, ბრალდებული ირაკლი კურტანიძე, რომელმაც განმარტა, რომ 2019 წლის 15 ივლისს, ეზოში შეხვდა თავისი მეგობარი გიორგი ხარაზიშვილი, რომელმაც უთხრა, რომ უცხოეთიდან ჩამოსული იყო, მათი საერთო მეგობარი და კლასელი გოგიტა მანეჟაშვილი, რომელიც ცხოვრობდა, ქ. რუსთავში მესხიშვილის პირველი გასასვლელის N9 კორპუსში, მე-7 სართულზე, ლიფტიდან ხელმარჯვნივ მდებარე ბინაში. მოწმის განმარტებით გოგიტა მანეჟაშვილი მსახურობს ჯარში, ხშირად უწევს ქვეყნიდან წასვლა და დიდი ხანი არ ყავდა ნანახი და სწორედ ამიტომ გადაწყვიტა მოენახულებინა სახლში.

 

იმავე დღეს, დაახლოებით 22:30 საათზე, რუსთავის სასტუმროს მიმდებარედ გაზგასამართ სადგურზე, გაზით დატვირთა ავტომაქანა და მივიდა გოგიტა მანეჟაშვილის სახლტან, სადაც ავტომაქანა გააჩერა სადარბაზოსთან ისე, რომ ძრავი არ გაუთიშავს, გასაღები დატოვა ავტომანქანაში და ლიფტით ავიდა მე-7 სართულზე. სახლში არავინ დახვდა, (აკაკუნებდა დაახლოებით 02 წუთი) რის გამოც გამობრუნდა უკან და ლიფტითვე ჩავიდა დაბლა, როდესაც გამოვიდა ლიფტიდან, სადარბაზოს გამოსასვლელში შეხვდა ორი პოლიციელი (ღუნწკიძე და მაისურაძე), რომელთაც შეაჩერეს და დაუწყეს ჩხრეკა, რა დროსაც მისგან არაფერი არ ამოუღიათ. მათვე დარეკეს პოლიციის განყოფილებაში და განაცხადეს, რომ ლიფტის სალარო აპარატის ქურდობაზე დაკავებული ჰყავდათ პიროვნება და დასახმარებლად მოსულიყვნენ. დაახლოებით 05 წუთში, ადგილზე მივიდა პოლიციის ,,პიკაპი“, რომელშიც ჩასვეს ირაკლი კურტანიძე, ხელები შეუკრეს ხელბორკილით და მიაბეს კარის ზევით არსებულ სახელურზე. ამ დროს იქნებოდა დაახლოებით 00:00 საათი. თავად პოლიციის თანამშრომლები კი შედიოდნენ-გამოდიოდნენ სადარბაზოში, რას აკეთებდნენ მისთვის უცნობია. დაახლოებით 04:00-05:00 საათზე გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში. დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმს ხელი არ მოაწერა, რადგან მას არაფერი დაუშავებია. განყოფილებიდან გადაიყვანეს დროებითი მოთავსების იზოლატორში.

 

მოწმემ განმარტა, რომ დაკავებამდე 03 კვირით ადრე ის დაიბარა პოლიციის პირველი განყოფილების უფროსმა (გვარად ფაილოძემ) და უთხრა, რომ მის ტერიტორიაზე გახშირებული იყო ლიფტების ქურდობის ფაქტი და ჰკითხა თუ იცოდა, პიროვნების ვინაობა ვინც ამას აკეთებდა, ან თავად ხომ არ ტეხავდა ლიფტებს. ირაკლი კურტანიძემ, განუმარტა, რომ მისთვის არაფერი იყო ცნობილი აღნიშნულის შესახებ.

მოწმემ განმარტა, რომ მეგობარს ხშირად ართმევდა ავტომანქანას, როდესაც სჭირდებოდა, დადიოდა სამსახურში, კერძოდ მუშაობდა ქ. თბილისში მამასთან ერთად ავეჯის საამქროში. ავტომანქანაში თითქმის ყოველთვის ეწყო სხვადასხვა სამუშაო ხელსაწყოები, ასევე ჰქონდა ავტომაქანის ხელსაწყოები, რადგან ავტომანქანა ხშირად ფუჭდებოდა და უჭირდა დაქოქვა. აღნიშნული ავტომანქანა ძირითადად მას ჰყავდა. ავტომანქანის გასაღები იყო დაზიანებული და ასვე დაზიანებული იყო საკეტი, ამიტომაც არასდროს არ კეტავდა ავტომანქანას.

 

დილიდან საღამომდე ავტომანქანას ტოვებდა დაქოქილ მდგომარეობაში. ხშირად ავტომანქანის დაქოქვისთვის სჭირდებოდა 03 ადამიანი, ამიტომ როდესაც მიდიოდა მარტო, ტოვებდა ავტომანქანას დაქოქილ მდგომარეობაში. მოწმემ დამაზუსტებელ კითხვებზე პასუხისას განმარტა, რომ ჩხრეკისას ამოღებული ნივთმტკიცებები, კერძოდ მაგნიტიანი ფანარი მას ეკუთვნოდა, რომელსაც ამაგრებდა ძრავის სახურავზე, როდესაც ავტომანქანა უფუჭდებოდა. ე.წ ,,ბალვანკები“ სჭირდებოდა ავტომანქანის შესაკეთებლად. ნახევრად მთვარიანი ფორმის ნივთები მას არ ეკუთვნოდა. გაზის ,,შემდუღებელი“ ე.წ ,,სვარკა“ შესაძლოა ეკუთვნოდა მას, რადგან იყენებდა სამსახურში. ავტომანქანას არ უმუშავებდა ბენდექსი. მოწმის განმარტებით, ავტომანქანას ბენზინზე მუშაობა უფრო უჭირდა და ვერ იქოქებოდა. გაზის ჩატვირთვისასაც ავტომაქანა ჰქონდა დაქოქილ მდგომარეობაში. (ტ.02 ს.ფ.199-205)

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს კონსტიტუციის 19-ე მუხლის თანახმად, საკუთრება ხელშეუვალია. სისხლის სამართლის კოდექსით საკუთრების უფლება დაცულია ნებისმიერი მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან. ადამიანს უფლება აქვს თავისი შეხედულებისამებრ განკარგოს მისი ქონება. საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისათვის მნიშვნელოვანია, რომ დანაშაულის საგანი ეკუთვნოდეს სხვას, რომ ის არის სხვის (მართლზომიერ) მფლობელობაში.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი პასუხისმგებლობას აწესებს ისეთი მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებისათვის როგორიცაა ქურდობა (სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლი) ქურდობად ითვლება სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. დაუფლება არის პირის მიერ მესაკუთრისათვის ან მფლობელისათვის ხელმიუწვდომელ (უცნობ) ადგილას ნივთის გადატანის (გადაადგილების) ან სხვა ნებისმიერი გზით მისი (ნივთი) ფლობის, სარგებლობის და განკარგვის პრაქტიკული შესაძლებლობის მართლსაწინააღმდეგოდ წართმევა და მოპოვება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის, საჭიროა დადგინდეს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი და სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების ფაქტი.

 

სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლება ფარულად ნიშნავს იმას, რომ დაუფლება ჩადენილია მესაკუთრის, მფლობელის ან სხვა პირთა ქურდობის ადგილზე არ ყოფნის დროს. ფარულად შეიძლება ჩაითვალოს ისეთი ქმედება, როცა დაუფლება ხდება მესაკუთრის, მფლობელის ან სხვა პირთა ყოფნის ადგილზე, მაგრამ მათთვის შეუმჩნევლად.

 

ქურდობის დროს სავსებით შესაძლებელია მესაკუთრე, მფლობელი ან სხვა პირი ხედავდეს ნივთის დაუფლებას, მაგრამ კვალიფიკაციისათვის მთავარია ის, რომ ქურდს შეგნებული ჰქონდეს მისი ქმედების ფარულობა. ანუ ქურდი უნდა ფიქრობდეს, რომ ის მოქმედებს შეუმჩნევლად, ფარულად.

 

ობიექტური მხრივ ქურდობა გამოიხატება სხვისი მოძრავი ნივთის ფარულ დაუფლებაში. ქურდობა დამთავრებულად ითვლება იმ მომენტიდან, როცა პირი რეალურად დაუფლებულია სხვის მოძრავ ნივთს და აქვს შესაძლებლობა ისარგებლოს ამ ნივთით ან განკარგოს იგი თავისი შეხედულებისამებრ.

 

სუბიექტური მხრივ ქურდობა შეიძლება ჩადენილ იქნეს, მხოლოდ პირდაპირი განზრახვით.

 

რაც შეეხება, ქურდობის ობიექტს, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ გვარეობითი ობიექტი არის საკუთრება, ხოლო უშუალო ობიექტი არის მესაკუთრის ან მფლობელის მიერ ნივთის მიმართ მისი უფლებების განხორციელების პრაქტიკული შესაძლებლობა. ანუ საუბარია ნივთის პრაქტიკულად ფლობის, სარგებლობის და განკარგვის პრაქტიკულ შესაძლებლობაზე, რომელიც ისპობა ან დროებით პარალიზდება ქურდობის ჩადენისას.

 

აღნიშნული დანაშაულის ამსრულებელი შეიძლება იყოს ყოველი შერაცხადი 14 წელს მიღწეული პირი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის მცდელობად ითვლება განზრახი ქმედება, რომელიც თუმცა უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი. იმის გათვალისწინებით, რომ ირაკლი კურტანიძე ფაქტობრივად ვერ დაეუფლა შპს „ ელ სერვისი 2012 “- ის კუთვნილ ფულად თანხას მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ( შეჩერებული იქნა შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების თანამშრომლების მიერ), შესაბამისად მისი ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს, როგორც დაუმთავრებელი დანაშაული მე-19 მუხლზე მითითებით.

 

აღნიშნულ დანაშაულს (სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლს) გააჩნია მაკვალიფიცირებელი ნიშანები: კერძოდ ქურდობა ჩადენილი სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით - საცავში მოიაზრება მატერიალური ფასეულობის მუდმივ ან დროებით შესანახად განკუთვნილი ტერიტორიის ნაწილი, რომელიც შემოღობილია ან უზრუნველყოფილია მისი სხვაგვარად დაცვა, მაგალითად სეიფი, რკინის კარადა, კონტეინერი, ავტორეფრეჟერატორი, დაცული რკინიგზის ვაგონები - მოცემულ შემთხვევაში ლიფტის სალარო ყუთის აპარატში მოიაზრება საცავი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით დამამძიმებელ გარემოებად ითვლება ქურდობა, ჩადენილი არაერთგზის.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-15 მუხლი განსაზღვრავს არაერთგზის დანაშაულის ცნებას - რომლის მიხედვითაც არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ამ კოდექსის სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაული მხოლოდ მაშინ ჩაითვლება არაერთგზის დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია ამ კოდექსის შესაბამის მუხლში. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულის მიერ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 12 აპრილის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით მსჯავრდება იძლევა ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემადგენლობას.

 

სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარემ თავის დასკვნით სიტყვაში ყურადღება გაამახვილა, პოლიციელების სასამართლოში მიცემულ ჩვენებებზე და განმარტა, რომ პოლიციელების მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენებები ურთიერთსაწინააღმდეგოა და არ ასახავს სწორ ინფორმაციას, რაც განვითარდა 2019 წლის 15 ივლისს ბრალდებულთან ჩატარებული პირადი ჩხრეკისა თუ მისი დაკავების დროს.

დაცვის მხარის პოზიციაზე პოლიციელების ჩვენების არასანდოობასა და მათ მიერ ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებების მიცემასთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს: არაერთ სამეცნიერო ლიტერატურაში (იურდიული ფსიქოლოგია) აღნიშნულია, რომ - ყველა პირს ერთი და იმავე მოვლენისადმი ინდივიდუალური (სუბიექტური) შეხედულება უყალიბდება და გამომდინარე აქედან, შესაძლოა ინდივიდუალური აღქმის აღნიშნული თავისებურებების გათვალისწინებით, თვითმხილველთა (საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეთა) განსხვავებული ჩვენებები, რომლებიც ერთსა და იმავე მოვლენას ერთნაირად აკვირდებიან (ან ერთდროულად იღებენ მონაწილეობას საგამოძიებო მოქმედებაში), შეიძლება განსხვავდებოდეს დაფიქსირებული დეტალების და წვრილმანების მოცულობათა ხარისხით. (მაგალითად: მოცემულ შეთხვევაში მოწმეები დაკითხულნი არიან შემთხვევიდან 03-04 თვის შემდეგ, გამომდინარე აქედან გასაკვირი არაა, იმ პირობებში, როდესაც პოლიციის თანამშრომელს თითქმის ყოველდღიურად უწევს სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე საგამოძიებო მოქმედების ჩატარება დეტალურად არ ახსოვდეს 03-04 თვის წინ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედება და განსხვავდებოდეს მის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენება სხვა პოლიციელის მიერ მიცემულ ჩვენებისგან). ამ კონკრეტულ შემთხვევაში პოლიციელების მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენებები არ არის ურთიერთსაწინააღმდეგო ისინი (ჯაბა ღუნწკიძე, გიორგი მაისურაძე, დავით იორამიშვილი) ზუსტად ასახავენ 2019 წლის 15 ივლისს ბრალდებულ ირაკლი კურტანიძის მიმართ განხორციელებულ საგამოძიებო მოქმედებებს. (იხ. მოწმეების: ჯაბა ღუნწკიძის, გიორგი მაისურაძის და დავით იორამიშვილის ჩვენებები).

რაც შეეხება პოლიციელების ჩვენებების სანდოობას სასამართლო აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამომძიებელი ვალდებულია გამოძიება აწარმოოს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა, რომლის თანახმადაც, პოლიციის თანამშრომლების ჩვენებების სანდოობას შეეხება, მიუთითებს პოლიციელების ჩვენების მცირე მტკიცებითი ძალაზე, თუ ისინი არ არის გამყარებული სხვა მტკიცებულებით (ოჩელკოვი რუსეთის წინააღმდეგ (Ochelkov v. Russia), განაცხადი no. 17828/05, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2013 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილების პუნქტი 90) სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში პოლიციელთა (ჯაბა ღუნწკიძე, გიორგი მაისურაძე, დავით იორამიშვილი, დავით ომანაძე და დავით ფოფხაძე) ჩვენებაში ეჭვის შეტანის არანაირი საფუძველი, პირადი ან სხვაგვარი ინტერესი არ გამოკვეთილა, მათი ჩვენები გამყარებულია სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილი სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულ სალომე ჩარბაძის, მიხეილ ელიაძის, ექსპერტების: ნიკოლოზ ბიძინაშვილის, არუთინ ელოიანის, ლევან მჟავანაძის, ბესარიონ ისაკაძის და ლევან შარაშენიძის ჩვენებებით, 2019 წლის 15 ივლისის ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, 2019 წლის 15 ივლისის ავტომანქანის ჩხრეკის ოქმით, 2019 წლის 03 ოქტომბერს გაცემული N958/რტ ექსპერტიზის დასკვნით , 2019 წლის 03 სექტემბერს გაცემული N46/22-525 ექსპერტის დასკვნით და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ნივთმტკიცებებით.

სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით დადგენილია, რომ 2019 წლის 15 ივლისს, დაახლოებით 03:10 საათზე, ქ. რუსთავში, მესხიშვილის პირველი გასასვლელი, კორპუსი N9-ის, მეექვსე სადარბაზოს პირველ სართულზე არსებული ლიფტის სალარო ყუთის რკინის დეტალით დაზიანების გზით, ირაკლი კურტანიძე ცდილობდა ფარულად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებოდა სალარო ყუთში არსებულ თანხას, რითაც შპს „ელ სერვისი 2012“-ს მიადგებოდა 29 (ოცდაცხრა) ლარისა და 65 (სამოცდახუთი) თეთრის ზიანი.

 

სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, თითოეული მათგანი შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, საკმარისია ბრალდებულ ირაკლი კურტანიძის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ქმედებაში დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ირაკლი კურტანიძეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ. შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ასევე ყურადღებას მიაქცეს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას.

სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც და გამოძიებასთან თანამშრომლობას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის პრინციპები კრიმინალიზაციის პროცესის მომწესრიგებელი ნორმატიული მოთხოვნებია, რომელსაც საქმიანობის პროცესში როგორც კანონმდებელი, ასევე სამართალშემფარდებელი (მოსამართლე) მკაცრად უნდა იცავდეს. სისხლის სამართლის ყველა პრინციპი საქმის განმხილველი მოსამართლის საქმიანობას უნდა განსაზღვრავდეს და განსაკუთრებით, ჩადენილი დანაშაულისთვის სასჯელის დანიშვნისას, მათ გადამწყვეტი მნიშვნელობა უნდა მიანიჭოს. მოსამართლემ სისხლის სამართლის კანონი მხოლოდ ამ პრინციპების ზედმიწევნითი დაცვით უნდა გამოიყენოს.

 

სასჯელის დანიშვნისას, სხვა ზოგადსამართლებრივი თუ სისხლის სამართლის პრინციპების დაცვით, სასამართლომ, უპირველეს ყოვლისა, უნდა იხელმძღვანელოს საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპით - „არ არსებობს სასჯელი კანონის გარეშე“ (nulla poena sine lege), რომლის მიხედვითაც დაუშვებელია სასჯელის განსაზღვრა, თუ არა კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში და დადგენილი წესით. ანალოგიურ მოთხოვნას აწესებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსიც, რომლის თანახმად, ქმედების დასჯადობა განისაზღვრება სისხლის სამართლის კანონით, რომელიც მოქმედებდა მისი ჩადენის დროს (სსკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი). სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით (სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი). სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელის გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ კანონით გათვალისწინებული კონკრეტული სანქციის საფუძველზე, ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით, რომელიც, თავის მხრივ, მიღებული და ამოქმედებულია კონსტიტუციითა და კანონმდებლობით დადგენილი საკანონმდებლო ნორმების დაცვით.

 

კანონიერების ზოგად სამართლებრივი პრინციპი სისხლის სამართალში ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად ვლინდება სასჯელის ასპექტით. სასჯელის სახეები ზუსტადაა ჩამოთვლილი სისხლის სამართლის ზოგად ნაწილში, ასევე კონკრეტულად არის მითითებული კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლების სანქციებში. ამდენად, გარდა ზემოაღნიშნული გამონაკლისებისა, თუ მხარეთა შორის არ არის მიღწეული საპროცესო შეთანხმება, ან თუ საკითხი არ ეხება კანონის უკუძალით ამოქმედებას, კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლის სანქციაში მოუხსენიებელი სასჯელის თვითნებურად გამოყენება, თუნდაც პასუხისმგებლობის შემსუბუქების კუთხით, დაუშვებელია, არ გამომდინარეობს მატერიალური სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული დანაწესიდან და პირდაპირ ეწინააღმდეგება კანონის გარეშე სასჯელის დანიშვნის აკრძალვის საერთაშორისო პრინციპს. საქართველოს კონსტიტუციის 63-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომლის თანახმად, მოსამართლე თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ კონსტიტუციასა და კანონს, კრძალავს სამოსამართლო სამართალს, როგორც სამართლის წყაროს.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ითვალისწინებს რა ბრალდებულ ირაკლი კურტანიძის პიროვნებას, მის წარსულს (ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენისას იმყოფებოდა პირობითი მსჯავრის დინების ქვეშ) მატერიალური ზიანის ოდენობას (29.65 ლარი), რომელიც შესაძლოა მიდგომოდა შპს „ელ სერვისი 2012“-ს და ამასთან მის მიერ ჩადენილი დანაშაულის საზოგადოებრივ საფრთხესა და ხასიათს, მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების კერძოდ: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია, შესაძლებელი იქნება ისეთი სახის სასჯელის დანიშვნით, როგორიცაა თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ მას დანაშაული ჩადენილი აქვს პირობითი მსჯავრის დინების პერიოდში სასჯელი უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 და მე-8 ნაწილების საფუძველზე და განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით, ასევე ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით თანხის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდით.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20-21 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ირაკლი კურტანიძე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტები გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 12 აპრილის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული პირობითი მსჯავრი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 და მე-8 ნაწილების საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით და დამატებითი სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ბრალდებულ ირაკლი კურტანიძეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით, ასევე ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით თანხის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდით.

 

2. ირაკლი კურტანიძეს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან 2019 წლის 15 ივლისის 03:20 საათიდან;

 

4. ირაკლი კურტანიძის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს;

 

5. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, ნივთმტკიცებათა ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად: ირაკლი კურტანიძის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ორი ცალი ლითონის დეტალი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული სუნის ნიმუში და ირაკლი კურტანიძის სუნის ნიმუში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;

 

ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად ამოღებული გამაცხელებელი დეტალი; მოგრძო ლითონის დეტალი; ვერცხლისფერი დეტალი; ლითონის დეტალი, რომელშიც ჩამაგრებულია მართკუთხედის ფორმის ლითონის დეტალი; მოგრძო ლითონის დეტალი, რომელზეც დამაგრებულია მრგვალი ფორმის წინაცხვირიანი დეტალი; ლითონის დეტალი, რომელშიც ჩამაგრებულია გასაღების პირი; ლითონის დეტალი, რომლის ორივე მხარე არის დაბრტყელებული, რომელთაგან ერთი მხარე არის მოხრილი; შავი ფერის გასაშლელი მოწყობილობა, რომლის ერთი თავი არის მაგნიტი, ხოლო მეორე ფანარი, მასვე აქვს ვერცხლისფერი ჩამოსაკიდი და შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული რკინის ყუთი და თანხა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს.

 

6. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

 

7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მამია ფხაკაძე