გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №200210017001903957
საქმე №2/259-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
24 აპრილი, 2019 წელი თელავი
თელავის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ნინო ჩახნაშვილი
სხდომის მდივანი - თამარ ბერძენაშვილი
მოსარჩელე – შპს ,,ო--–-------------’’ (უფლებამონაცვლე შპს ,,პ------–---------------------------’’) წარმომადგენელი – თ-------------–-ძე მოპასუხე – ვ-------------ძე დავის საგანი - სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1 მოპასუხე ვ-------------ძეს შპს ,,პ------–---------------------------ს’’ სასარგებლოდ დაეკისროს 2016 წლის 08 ივნისის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 1801.71 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა - 1222.97 ლარი, სარგებელი - 178.74 ლარი, შემცირებული პირგასამტეხლო - 400 ლარი.
1.2. მოპასუხე ვ-------------ძეს მოსარჩელე შპს ,,პ------–---------------------------ს’’ სასარგებლოდ დაეკისროს სახელწმიფო ბაჟის სახით გადახდილი 100.00 ლარის გადახდა.
1.3. მოპასუხე ვ-------------ძეს მოსარჩელე შპს ,,პ------–---------------------------ს’’ სასრგებლოდ დაეკისროს იურიდიული მომსახურების საფასურის 100 ლარის გადახდა.
(დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა)
მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:
მოპასუხეს ვ-------------ძის 08/06/2016 წლის №1260144 ელექტრონული განაცხადის საფუძველზე, სადაც ასევე ელექტრონულად დაადასტურა თანხმობა ხელშეკრულების პირობებზე და მიუთითა მისთვის სასურველი ანგარიში, შპს ,,ო--–-------------ს’’ მიერ დამტკიცდა და გაიცა სესხი შემდეგი ძირითადი პირობებით: სესხის ძირი - 1500 ლარი, სესხის ვადა 122 დღე, სარგებელი 595.10, ყოველთვიური შესატანი თანხა - 603.77 ლარი.
ხელშეკრულების პირობები განთავსებულია შპს ო--–-------------ს ვებ გვერდზე. ხელშეკრულების თანახმად სარგებელი შეადგენს 595.10 ლარს. ხელშეკრულების 4.8 და 4.9 ნაწილის თანახმად, პირგასამტეხლოს დარიცხვა ხორციელდება ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ჩამორჩენილი თანხის 2% და ერთჯერადი ჯარიმა ორ ვადაგადაცილებულ დღემდე - 50 ლარი, ოცდაათ დღემდე - 100 ლარი. ხელშეკრულების 8.6 მუხლის თანახმად, პირველ რიგში იფარება დარიცხული ჯარიმა, შემდეგ საკომისიო და ბოლოს ძირი თანხა. მოპასუხეს დაფარული აქვს: პირგასამტეხლო 54.46 ლარი, გადავადების საკომისიო - 0.00 ლარი, საკომისიო % - 416.36 ლარი, ძირი - 277.04 ლარი. გამომდინარე აქედან, ელექტრონული პროგრამული გადათვლის შემდეგ, ხელშეკრულების პირობების გათვალისწინებით, მოპასუხის დავალიანება დღეის მდგომარეობით შეადგენს 3300 ლარს, საიდანაც სესხის ძირია 1222.97 ლარი, საკომისიო - 178.74 ლარი, შემცირებული პირგასამტეხლო 1898.30 ლარი. (სასამართლო მოსამზადებელ სხდომაზე შემცირებული იქნა პირგასამტეხლოს ოდენობა და მოთხოვნილი იქნა 400 ლარის ოდენობით). პირგასამტეხლოს დარიცხვა განხორციელდა სესხის ვადაგადაცილების დღიდან 09/08/2016 წლიდან დავალიანების ცნობის გაცემის თარიღამდე 13/04/2017 წლამდე.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ვ-------------ძემ წარმოდგენილი შესაგებლითა და სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ, სესხის ძირითადი თანხის და სარგებლის ნაწილში, ხოლო პირგასამტეხლოსთან დაკავშირებით მიუთითა, რომ იგი არის შეუსაბამოდ მაღალი. ამასთან როგორც განმარტა გადახდილი აქვს თანხის ნაწილი. მას ეკონომიური მდგომარეობის გამო აღნიშნული თანხის გადახდა არ შეუძლია.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოპასუხეს ვ-------------ძის 08/06/2016 წლის №1260144 ელექტრონული განაცხადის საფუძველზე, სადაც ასევე ელექტრონულად დაადასტურა თანხმობა ხელშეკრულების პირობებზე და მიუთითა მისთვის სასურველი ანგარიში, შპს ,,ო--–-------------ს’’ მიერ დამტკიცდა და გაიცა სესხი შემდეგი ძირითადი პირობებით: სესხის ძირი - 1500 ლარი, სესხის ვადა 122 დღე, სარგებელი 595.10, ყოველთვიური შესატანი თანხა - 603.77 ლარი. ხელშეკრულების პირობები განთავსებულია შპს ო--–-------------ს ვებ გვერდზე. ხელშეკრულების თანახმად სარგებელი შეადგენს 595.10 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- აპლიკაციის ფორმა (ს.ფ. 16);
- ხელშეკრულება (ს.ფ. 17-27);
- საგადასახადო ისტორია (ს.ფ. 28-29);
- საგადასახადო დავალება №7649 (ს.ფ. 31);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. ხელშეკრულების თანახმად სარგებელი შეადგენს 595.10 ლარს. ხელშეკრულების 4.8 და 4.9 ნაწილის თანახმად, პირგასამტეხლოს დარიცხვა ხორციელდება ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ჩამორჩენილი თანხის 2% და ერთჯერადი ჯარიმა ორ ვადაგადაცილებულ დღემდე - 50 ლარი, ოცდაათ დღემდე - 100 ლარი. ხელშეკრულების 8.6 მუხლის თანახმად, პირველ რიგში იფარება დარიცხული ჯარიმა, შემდეგ საკომისიო და ბოლოს ძირი თანხა. მოპასუხეს დაფარული აქვს: პირგასამტეხლო 54.46 ლარი, გადავადების საკომისიო - 0.00 ლარი, საკომისიო % - 416.36 ლარი, ძირი - 277.04 ლარი. გამომდინარე აქედან, ელექტრონული პროგრამული გადათვლის შემდეგ, ხელშეკრულების პირობების გათვალისწინებით, მოპასუხის დავალიანება დღეის მდგომარეობით დაზუსტებული პირობებით შეადგენს 1801.71 ლარს, საიდანაც სესხის ძირია 1222.97 ლარი, საკომისიო - 178.74 ლარი, შემცირებული პირგასამტეხლო 400 ლარი. პირგასამტეხლოს დარიცხვა განხორციელდა სესხის ვადაგადაცილების დღიდან 09/08/2016 წლიდან დავალიანების ცნობის გაცემის თარიღამდე 13/04/2017 წლამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულება (ს.ფ. 17-27);
- ცნობა (ს.ფ. 30);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.2.2. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მსესხებლის მიერ დარღვეულია სესხით ხელშეკრულებით შეთანხმებული გრაფიკი და ვალდებულება არ არის შესრულებული ჯეროვნად, რაც აძლევს კრედიტორს სესხის ძირ თანხის, სარგებლის და პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე, რომლის ძალითაც მოდავე მხარეებს აქვს თანაბარი უფლებები და შესაძლებლობები, განკარგონ ფაქტობრივი გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები, აგრეთვე, წარმოადგინონ მტკიცებულებები მითითებული ფაქტების დასადასტურებლად. ამასთანავე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამრიგად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრად ნაწილდება. ამასთან, მტკიცების ტვირთის გადანაწილებას უმეტესწილად სადავო ურთიერთობის მომწესრიგებელი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმა აწესრიგებს. ზოგადი ანალიზით, მტკიცების საგანში შემავალი ფაქტის მტკიცებას კანონმდებელი იმ მხარეს ავალებს, რომლისთვისაც ეს უფრო ადვილია. ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების მოთხოვნისას, ხელშეკრულების დადებისა და შეთანხმების საგნის გადაცემის ფაქტი მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს, ხოლო მოპასუხემ უნდა ამტკიცოს ვალდებულების შესრულების ფაქტი ან იმ გარემოებათა არსებობა, რომლებიც გამორიცხავდა მის მიერ ვალდებულების შესრულებას.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნა ეფუძნება მხარეთა შორის დადებული სესხის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე თანხის გადაუხდელობას. მოსარჩელემ დაამტკიცა და სასამართლომაც დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად ცნო მოსარჩელის მიერ მსესხებლისათვის სესხის თანხის გადაცემა. თანხის გადახდის მტკიცების ტვირთი კი, მოპასუხის მხარეზეა.
სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის პირველი ნაწილით, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებებლი დოკუმენტი. მითითებული ნორმით განსაზღვრული ვალდებულების შესრულების ფაქტის დასადგენად ამავე ნორმით გათვალისწინებულია შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც უდავოდ გულისხმობს წერილობითი სახის მტკიცებულებას. ფულადი ვალდებულების თავისებურებიდან გამომდინარე, მისი შესრულება უნდა დასტურდებოდეს ისეთი სახის მტკიცებულებებით, რომლებიც პირდაპირ მიუთითებს თანხის გადახდის ფაქტზე.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტების საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად ჩათვლა ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად მიაჩნია, რომ შპს ,,ო--–-------------ს’’ (უფლებამონაცვლე შპს ,,პ------–---------------------------ს’’) სარჩელი საფუძვლიანია და ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 327-ე, 361-ე, მე-400, 417-ე, 418-ე, 420-ე, 623-ე, 625-ე მუხლები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 208-ე, 131-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
სამოქალაქო სამართალწარმოების დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, საქმის წარმოების დაწყების საფუძველი არის მხარის ნება და მის მიერ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა, ამავე პრინციპიდან გამომდინარეობს მოპასუხის ნება ცნოს მის მიმართ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა მთლიანად ან ნაწილობრივ. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით მოპასუხე მხარემ ცნო სარჩელი ნაწილობრივ, კერძოდ, სესხის ძირითადი თანხის და სარგებლის დაკისრების ნაწილში რაც დასახელებული ნორმიდან გამომდინარე წარმოადგენს სარჩელის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველს.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს ვალდებულებას დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად კი, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
2016 წლის 08 ივნისის ელექტრონული სესხის ხელშეკრულებით მხარეთა შორის წარმოიშვა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა.
განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სახეზეა სახელშეკრულებო ურთიერთობა. ამასთან, მხარეები - ერთის მხრივ, მოსარჩელე შპს ,,ო--–-------------’’ (უფლებამონაცვლე შპს ,,პ------–---------------------------’’), ხოლო მეორეს მხრივ, მოპასუხე მხარე შეთანხმებულნი არიან სესხის ხელშეკრულების ყველა არსებით პირობაზე.
მხარეები სადავოდ არ ხდიან და სასამართლოსაც დადგენილად მიაჩნია ის გარემოება, რომ მოსარჩელის მიერ სრულად იქნა შესრულებული აღნიშნული ხელშეკრულებით მის მიერ ნაკისრი ვალდებულება და მოპასუხეზე გაიცა სესხი, ხოლო მოვალის მიერ კრედიტორის წინაშე ვალდებულებები შესრულებული არ არის. აღნიშნულ ფაქტობრივი გარემოებაზე დაყრდნობით სასამართლო თვლის, რომ სასარჩელო მოთხოვნა ძირითადი თანხის ანაზღაურების ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. სარჩელი ასევე უნდა დაკმაყოფილდეს დარიცხული სესხის და პროცენტის მოთხოვნის ნაწილშიც. ვინაიდან დადგენილია, რომ მოპასუხე მხარეს წარმოდგენილი ხელშეკრულებით აკისრია სესხის პროცენტის გადახდის ვალდებულებაც, ხოლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ მათ მიერ სესხზე დარიცხული პროცენტი გადახდილია.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. რაც ნიშნავს, რომ თუკი მოვალე გადააცილებს ვალდებულების შესრულების დროს ან შეასრულებს მას არაჯეროვნად, ეს განიხილება ვალდებულების დარღვევად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის ”ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულების პირობები და ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში და წესით, ჯეროვნად.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს ,,ო--–-------------’’ (უფლებამონაცვლე შპს ,,პ------–---------------------------’’) უფლებამოსილია მოითხოვოს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ძირითადი თანხის - 1222.97 ლარის და სარგებლის 178.74 ლარის დაბრუნება.
6.4. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხე მხარის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება სრულდებოდა არაჯეროვნად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხაა, რაც - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. დადგენილია, რომ მხარეებს შორის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე არსებობს შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ, ყოველვადაგადაცილებულ დღეზე, ამიტომ, ვალდებულების დარღვევა კრედიტორს ანიჭებს უფლებას მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდაც. პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულება, როგორც უკვე აღინიშნა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან და რომლის მიზანია, არა მხოლოდ, ვალდებულების შესრულების სტიმულირება, არამედ, ვალდებულების დარღვევის მინიმალური ზიანის ანგარიშში პირგასამტეხლოს თანხის ჩათვლა. ფუნქციური დანიშნულებით, მინიმალური ზიანი არ წარმოადგენს ფაქტობრივად დამდგარი ზიანის სრულ ანაზღაურებას, არამედ ესაა თანხა, რომელიც უზრუნველყოფს კრედიტორის მოთხოვნის მინიმალურ დაკმაყოფილებას, სწორედ ამითაა გამართლებული პირგასამტეხლოს სახელშეკრულებო ბუნება. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ ''პრეზუმირებული მინიმალური ზიანის'' ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება. შესაბამისად, პირგასამტეხლოს მოთხოვნის პარალელურად ვალდებულების შესრულების მოთხოვნა დაუშვებელია, თუ, რა თქმა უნდა, დარღვევა ვადაგადაცილებაში არ მდგომარეობს, ხოლო პირგასამტეხლოსთან ერთად ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა სავსებით შესაძლებელია. პირგასამტეხლოს ფუნქცია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი იმთავითვე ადგენს კანონით დადგენილი წესით შეთანხმებული პირგასამტეხლოს დაკისრების შესაძლებლობას ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, შესაბამისად, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების პირობებში პირგასამტეხლოს დაკისრება კანონშესაბამისი და მართლზომიერია, ვინაიდან, ასეთ შემთხვევაში ვალდებულება არაჯეროვნადაა შესრულებული, რაც პირგასამტეხლოს მოთხოვნის შესაძლებლობას არ გამორიცხავს.
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ნორმის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს. პირგასამტეხლოს ოდენობის შესაბამისობის გათვალისწინებისას, სასამართლო მხედველობაში იღებს ვალდებულების დარღვევის ხასიათს, აღნიშნულით გამოწვეული ზიანს, მის თანაფარდობას, მხარეთა ფინანსური მდგომარეობას, მოსარჩელის ეკონომიკურ ინტერესს, აგრეთვე, სხვა ობიექტურ გარემოებებს. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა შემცირდეს და მოპასუხეს მხარეს პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროს - 189 ლარის გადახდა.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივი საფუძვლები.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. სასამართლო მიუთითებს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმადაც მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ ქონებრივ დავებს, თუ სარჩელის ფასი არ აღემატება 5000 ლარს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, გარდა ამავე კოდექსის 1873 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს 100 ლარი, შესაბამისად, მოსარჩელე მხარეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 50 ლარი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე მხარემ მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნო ნაწილობრივ, შესაბამისად მოპასუხე მხარე უნდა გათავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მის მიერ აღიარებული სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში და მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშიდან 42.05 ლარის ოდენობით. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 5.67 ლარის ოდენობით, სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის პროპორციულად. ამასთან, ვინაიდან სასარჩელო მოთხოვნა პირგასამტეხლოს ნაწილში სრულად არ დაკმაყოფილდა ამ ნაწილში სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა - უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
ამავე კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
ადვოკატისათვის გაწეული ხარჯი წარმოადგენს სასამართლოს გარეშე ხარჯებს (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37.3 მუხლი). ამგვარი ხარჯების ოდენობა უნდა განისაზღვროს მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. თავის მხრივ, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37.3 მუხლი).
მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, უდავოა, რომ კანონი მხარის მიერ უკვე გაწეული ხარჯების ანაზღაურების ვალდებულებას აკისრებს მოწინააღმდეგე მხარეს. სასამართლო განმარტავს, რომ მხარის მიერ გაღებულ ხარჯებში მოიაზრება, როგორც სასამართლოში საქმის განხილვისთვის აუცილებელი ხარჯები, ასევე საქმის წარმოების პროცესში მხარის მიერ გაწეული სასამართლოსგარეშე ხარჯები. შესაბამისად, ხარჯის გაწევის ფაქტი სათანადო მტკიცებულებით უნდა დასტურდებოდეს.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ საადვოკატო ხარჯები უნდა განისაზღვროს გონივრული ოდენობით, რაც მოცემულ შემთხვევაში შეადგენს 63.62 ლარს.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 364-ე,365-ე 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. მოსარჩელე შპს ,,ო--–-------------ს’’ (უფლებამონაცვლე შპს ,,პ------–---------------------------ს’’) სარჩელი მოპასუხე ვ-------------ძის მიმართ თანხის დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.1 მოპასუხე ვ-------------ძეს მოსარჩელე შპს ,,ო--–-------------ს’’ (უფლებამონაცვლე შპს ,,პ------–---------------------------ს’’) სასარგებლოდ დაეკისროს 2016 წლის 08 ივნისის ელექტრონული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 1590.71 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 1222.97 ლარი, პროცენტი - 178.74 ლარი და პირგასამტეხლო - 189 ლარი.
2. მოპასუხე ვ-------------ძეს მოსარჩელე შპს ,,ო--–-------------ს’’ (უფლებამონაცვლე შპს ,,პ------–---------------------------ს’’) სასარგებლოდ დაეკისროს 5.67 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ, ასევე მოპასუხეს მოსარჩელის სასრგებლოდ დაეკისროს იურიდიული მომსახურების საფასურის 63.62 ლარის გადახდა.;
3. მოსარჩელე შპს ,,ო--–------------’’ (უფლებამონაცვლე შპს ,,პ------–---------------------------ს’’) დაუბრუნდეს 42.05 ლარი და 50 ლარი (როგორც ზედმეტად გადახდილი) მის მიერ სარჩელზე 2017 წლის 20 აპრილს სს ,,თ----------–-’’ (საგადახდო დავალება #1492683470), გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხიდან - 100 ლარიდან, რომელიც ჩაირიცხა სახელმწიფო ხაზინის შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით: ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდი: 300853150.
4. მოსარჩელე შპს ,,ო--–------------’’ (უფლებამონაცვლე შპს ,,პ------–---------------------------ს’’) დარჩენილი სახლემწიფო ბაჟი ჩაეთვალოს გადახდილად.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თელავის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
7. სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2 000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.
მოსამართლე: ნინო ჩახნაშვილი