განაჩენი

სისხლის სამართლის 05.11.2019
საქმის ნომერი
330100119002935562
თარიღი
05.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/1529-19

(გ/ნ 0-----------)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

5 ნოემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე მაია კვირიკაშვილი

სხდომის მდივანი ნატო დანელია და ანნა ქოჩიაშვილი

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - გ---------------

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - ა------------------- - დაბადებული 1-----–-–-------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრაციის ადგილი: ქ. თბილისი, ზ--------------------; ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი: ქ. თბილისი, დ--------------–------------------------------.

 

ადვოკატი - მ-------------

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტები და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი (თაღლითობის მცდელობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლების მცდელობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რასაც შეეძლო გამოეწვია მნიშვნელოვანი ზიანი, იმის მიერ ვინც ორზე მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის).

 

ბრალდებული - ი-----–----–-------- - დაბადებული 1-----–-–-------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრაციის ადგილი: ქ. თბილისი, დ---------------------–-------------------; ფაქტობრივი მისამართი: ქ. თბილისი, გ-–---------------------------------------------;

 

ადვოკატი - ა-----------------–-

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტები (თაღლითობის მცდელობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლების მცდელობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რასაც შეეძლო გამოეწვია მნიშვნელოვანი ზიანი).

 

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

ა-------------------- ბრალდების ეპიზოდი

 

წარდგენილი ბრალდების არსი:

 

ა------------------- ნასამართლევია თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 17 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით;

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 17 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 30 ნოემბრის განაჩენით - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით.

 

სხვისი კუთვნილი თანხის მოტყუებით დაუფლების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ი-----–----–--------მ და ა-------------------მ დაარწმუნეს მ------------–---, რომ თითქოს 5000 ლარის სანაცვლოდ, თბილისის მერიის თნამშრომლის დახმარებით, მიმდინარე წლის მარტი - აპრილის თვეებში საკუთრებაში გადასცემდნენ ქ. თბილისში, მ-----–---------–---–-- გამზირზე მდებარე სოციალურად დაუცველი პირებისთვის განკუთვნილ საცხოვრებელ ბინას.

 

2019 წლის 21 თებერვალს, ქ. თბილსში, მ-----–---------–---–-- გამზირი №--------ს მიმდებარე ტერიტორიაზე, ი-----–----–---------- და ა------------------- შეეცადნენ ზემოაღნიშნული ხერხით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მ------------–------- მოტყუებით დაუფლებოდნენ მოთხოვნილი თანხის ნაწილს - 1000 ლარს, თითქოსდა მისთვის ქ. თბილისში, მდებარე სოციალურად დაუცველი პირებისთვის განკუთვნილი საცხოვრებელი ბინის საკუთრებაში გადაცემაში დახმარების სანაცვლოდ, რა დროსაც დაკავებულ იქნა ი-----–----–--------, ხოლო ა------------------- დაკავებულ იქნა მოგვიანებით.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

სხვისი კუთვნილი თანხის მოტყუებით დაუფლების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ი-----–----–--------მ და ა-------------------მ დაარწმუნეს მ------------–---, რომ თითქოს 5000 ლარის სანაცვლოდ, თბილისის მერიის თანამშრომლის დახმარებთ, მიმდინარე წლის მარტი - აპრილის თვეებში საკუთრებაში გადასცემდნენ ქ. თბილისში, მ-----–---------–---–-- გამზირზე მდებარე სოციალურად დაუცველი პირებისთვის განკუთვნილ საცხოვრებელ ბინას.

 

2019 წლის 21 თებერვალს, ქ. თბილსში, მ-----–---------–---–-- გამზირი №--------ს მიმდებარე ტერიტორიაზე, ი-----–----–---------- და ა------------------- შეეცადნენ ზემოაღნიშნული ხერხით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მ------------–------- მოტყუებით დაუფლებოდნენ მოთხოვნილი თანხის ნაწილს - 1000 ლარს, თითქოსდა მისთვის ქ. თბილისში, მდებარე სოციალურად დაუცველი პირებისთვის განკუთვნილი საცხოვრებელი ბინის საკუთრებაში გადაცემაში დახმარების სანაცვლოდ, რა დროსაც დაკავებულ იქნა ი-----–----–--------, ხოლო ა------------------- დაკავებულ იქნა მოგვიანებით.

 

სასამართლომ დაადგინა, რომ ა-------------------მ ჩაიდინა თაღლითობის მცდელობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლების მცდელობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რასაც შეეძლო გამოეწვია მნიშვნელოვანი ზიანი.

 

მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ ა-------------------- მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები მხარეებს საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.

 

ა-------------------- მიმართ ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა, გარდა მისი აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: სასამართლო სხდომაზე მოწმეების თ---------------, ა---------–---–-- და ნ---------------- მიერ მიცემულ ჩვენებებს, ასევე მოწმე მ------------–---- გამოკითხვის ოქმს, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და ფარული საგამოძიებო მოქმედებების ამსახველ მასალებს, ი-----–----–--------- და ა-------------------- დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმებს, ი-----–----–------------- ამოღებულ ნივთიერ მტკიცებულებას - ფულს, დათვალიერების ოქმებს და თანდართულ მასალებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის და საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის აღწერილობით ნაწილში სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური სტანდარტი a priori ავალდებულებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას მტკიცებულებებს შორის არსებული წინააღმდეგობები, სათანადოდ აწონოს ისინი და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობისა და მისი თავისუფლების სასარგებლოდ.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, №1/1/548, 22/01/2015, §41).

სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით კრიმინალიზებულია - სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების მცდელობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რასაც შეეძლო გამოეწვია მნიშვნელოვანი ზიანი. აღნიშნული დანაშაულის დაცვის ობიექტია საკუთრებითი ურთიერთობები. განსახილველი დანაშაულის ჩადენისას დამნაშავე ცდილობს დაზარალებულს ზიანი მიაყენოს დანაშაულის ხერხის - მოტყუების გზით და სწორედ ეს ხერხი უადვილებს მას ქონების დაუფლების მცდელობას. მოტყუება არის თაღლითობის, როგორც დანაშაულის მთავარი ნიშანი. თაღლითობა განზრახი დანაშაულია და მისი ჩადენისას აუცილებელია დამნაშავეს შეგნებული ჰქონდეს საკუთარი ქცევის შედეგები და აცნობიერებდეს, რომ ატყუებს ნივთის ან/და ქონების მესაკუთრეს და მას ცრუ ფაქტებს აწვდის ან უმალავს სიმართლეს იმ მიზნით, რომ დაეუფლოს მის ნივთს ან ქონებას. თაღლითობას, განსხვავებით საკუთრების უფლების წინააღმდეგ მიმართული სხვა დანაშაულებისგან, აქვს ინფორმაციული ხასიათი - დამნაშავე დაზარალებულისათვის გარკვეული არასწორი ინფორმაციის მიწოდებით, ცდილობს, რომ შეაცდინოს იგი და ამ გზით დაეუფლოს მის კუთვნილ ქონებას ან ნივთს და მიისაკუთროს იგი ან/და მიიღოს უფლება ამ ქონებაზე. თაღლითობის მსხვერპლი, უმეტეს შემთხვევებში თავად, ნებაყოფლობით გადასცემს დამნაშავეს საკუთარ ქონებას ან ქონებაზე უფლებას, რადგან მას მიაწოდეს ისეთი ინფორმაცია, რამაც ის შეცდომაში შეიყვანა. მოტყუება შეიძლება იყოს როგორც წერილობით, ისე ზეპირი ფორმით. თაღლითობის ფორმაა აგრეთვე ნდობის ბოროტად გამოყენება. ასეთ შემთხვევებში, დამნაშავესა და დაზარალებულს შორის არსებობს პირადი ან სპეციალური უფლებამოსილების ნდობა, რაც ხშირად გამოიხატება მათ სამოქალაქო სამართლებრივ ან შრომით ურთიერთობაში, მაგრამ ურთიერთობის დაწყებისთანავე გამიზნულია იმისთვის, რომ დამნაშავემ დაზარალებულს ქონებრივი ზიანი მიაყენოს მას შემდეგ, რაც ის მის ნდობას მოიპოვებს; ამავე დროს, თაღლითობისას დამნაშავე ყოველთვის მოქმედებს ანგარების მოტივით, რაც მდგომარეობს სხვისგან მატერიალური გამორჩენის მიღების ინტერესში.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი დანაშაული გამოიხატება: სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების მცდელობაში, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რასაც შესაძლოა გამოეწვია მნიშვნელოვანი ზიანი. მოცემულ შემთხვევაში, საქმე გვაქვს დაუმთავრებელ დანაშაულთან, კერძოდ, დანაშაულის მცდელობასთან, რომლის შემთხვევაშიც აუცილებელია დადგინდეს მიზეზობრივი კავშირი პირის ქმედებასა და სამართლებრივი სიკეთისთვის შექმნილ საფრთხეს შორის.

 

ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსით დგინდება, რომ კანონმდებლის მიერ დაკონკრეტებულია ის აუცილებელი პირობები, რომელთა უტყუარად დადგენის შემდეგ არის მხოლოდ შესაძლებელი პირის მიერ ჩადენილი ქმედების თაღლითობად დაკვალიფიცირება. კერძოდ, აუცილებელია დადგენილი იქნეს: 1) ქონების კუთვნილება და სახე (ქონება შეიძლება იყოს უძრავი ან მოძრავი, ასევე სხვის ქონებაზე უფლება, როგორც იურიდიული კატეგორია და ქონება უნდა იმყოფებოდეს სხვა სუბიექტის საკუთრებაში/მფლობელობაში); 2) დამნაშავის მიერ დაზარალებულის მიმართ განხორცილებული უნდა იქნეს აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ქმედება მოტყუებით და 3) აღნიშნულმა ქმედებამ უნდა შექმნას კონკრეტული საფრთხე (დაზარალებულის ქონებისთვის ზიანის მიყენების სახით).

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი - სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების მცდელობა, რასაც შესაძლოა გამოეწვია მნიშვნელოვანი ზიანი, წარმოადგენს თაღლითობის მაკვალიფიცირებელ გარემოებას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, კოდექსის ამ თავში მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარს ზევით. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მ------------–---მ ა------------------- და მის თანამზრახველზე გადასაცემი 5 000 ლარიდან, 2019 წლის 21 თებერვალს გადასცა თანხის ნაწილი -1 000 ლარი, რაც აღემატება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის პირველ ნაწილში მითითებულ, მნიშვნელოვანი ზიანისათვის დადგენილ მინიმალურ ზღვარს - 150 ლარს.

 

სასამართლო ასევე ყურადღებას მიაქცევს ქმედების მაკვალიფიცირებელ ნიშანს - სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების მცდელობას, ჩადენილს წინასწარი შეთანხმების ჯგუფის მიერ.

 

თაღლითობა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 27-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ,,დანაშაული ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებითაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად“. გარდა ამისა, - დანაშაული წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილად მიიჩნევა, როდესაც ასეთი შეთანხმება დანაშაულში მონაწილე პირებს შორის მიღწეულია და არსებობს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამის მუხლში მითითებული ქმედების შემადგენლობის განხორციელების დაწყებამდე და მნიშვნელობა არ აქვს, რამდენი ხნით ადრე შედგა ასეთი შეთანხმება დამნაშავეთა შორის და რა ფორმით ან საშუალებით იქნა გამოხატული ეს შეთანხმება. აუცილებელია, რომ წინასწარი შეთანხმება დროში წინ უსწრებდეს დანაშაულებრივი ქმედების დაწყებას. განსახილველ საქმეში - დანაშაულის ჩადენის ქრონოლოგია და ა-------------------- როლი პირდაპირ მიუთითებს მასსა და მის თანამონაწილე პირის ერთობლივ, წინასწარ განზრახვაზე.

 

სასამართლო არ ეთანხმება დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ისეთ ნიშანს, როგორიც არის თაღლითობის მცდელობა, ჩადენილია იმ პირის მიერ ვინც ორზე მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის და განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მართალია, ა-------------------- მიმართ საქმის მასალებში მოიპოვება არაერთი განაჩენი, თუმცა საგულისხმოა ის გარემოება, რომ საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების 2017 წლის 1 მარტის №01/03/01 განკარგულების საფუძველზე, შეწყალებულ იქნა ა------------------- თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 10 თებერვლის, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 17 ოქტომბრის, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 30 ნოემბრის განაჩენებებით, გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 14 თებერვლის განჩინებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 8 ივლისის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, მე-4 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და გათავისუფლდა საპატიმრო სასჯელის შემდგომი მოხდისაგან.

 

საკითხის შეფასებისას, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 79-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასჯელისაგან გათავისუფლებული ითვლება ნასამართლობის არმქონედ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მართალია სახეზეა არაერთი დამოუკიდებელი განაჩენი, მაგრამ ვინაიდან ა------------------- საქართველოს პრეზიდენტის 2017 წლის 1 მარტის განკარგულებულის საფუძველზე შეწყალებულ იქნა და გათავისუფლდა საპატიმრო სასჯელის შემდგომი მოხდისაგან, ხოლო მას სხვა რაიმე სახის დამატებით სასჯელი დაკისრებული არ ჰქონდა, იგი ითვლება სასჯელისაგან სრულად გათავისუფლებულ პირად. შესაბამისად, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 79-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასჯელისაგან გათავისუფლებული პირი ითვლება ნასამართლობის არმქონედ. აღნიშნული მიდგომა განმტკიცებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკით (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 14 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე №4571-13; საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილება საქმეზე №64აგ-13; საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილება საქმეზე №369აპ-17).

 

ზემორე მსჯელობის გათვალისიწნებით, ა-------------------- მსჯავრდება, ბრალდებულის ინტერესებიდან გამომდინარე, უნდა მოხდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით და არა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის კონკრეტული ზომა, ერთობლიობაში სამივე ზემოაღნიშნული მიზნის შესაბამისი უნდა იყოს, ვინაიდან, მიზნები ერთმანეთისაგან „და“ კავშირით გამოიყოფა. ამდენად, შესაძლოა ითქვას, რომ საბოლოო ჯამში, სასჯელის გამართლება მისი მიზნების შესაბამისობით დგინდება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ა-------------------- მიმართ ბრალად შერაცხული ქმედება - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით მიეკუთვნება მძიმე დანაშაულთა კატეგორიას და სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით.

 

ამდენად, სასამართლო იმსჯელებს და შეაფასებს ა-------------------- პიროვნებისა და ჩადენილი ქმედების გათვალისწინებით, სასჯელის რა ზომა იქნება პროპორციული/თანაზომიერი და უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, რომლის გაუთვალისწინებლადაც შეუძლებელია საუბარი სასჯელის სამართლიანობაზე, ინდივიდუალურად უნდა შეფასდეს მოცემული საქმის გარემოებები და მსჯავრდებულის პიროვნება; ასევე, ის გარემოება, კონკრეტულად რა ზომის სასჯელის შერჩევა უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას.

 

სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებულ იქნეს დანაშაულის საფრთხე. სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს ითვალისწინებს ა-------------------- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს: კერძოდ, მის მიერ ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებას (ჩადენილია საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული), ქმედების განხორციელების სახესა და ხერხს (ა------------------- მოტყუებით, რომ თითქოსდა შეეძლო თბილისის მერიის თანამშრომლის დახმარებით, დაზარალებულის საკუთრებაში გადაცემა სოციალურად დაუცველი პირებისთვის განკუთვნილი საცხოვრებელი ბინა, თანამზრახველთან ერთად წინასწარი შეთანხმებით, სცადა დაუფლებოდა მ------------–---- ფულად თანხას, რითაც დაზარალებულს შესაძლოა მისდგომოდა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი), ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას (ა-------------------- მტკიცე და ურყევ სურვილს თანამზრახველთან ერთად ჩაედინა დანაშაული, რომელმაც ასევე საფრთხე შეუქმა სახელმწიფო ორგანოების პრესტიჟს), ქმედების ჩადენის მოტივსა და მიზანს (ანგარებით სხვისი ფულადი თანხის დაუფლების მცდელობას); მის პიროვნებას (ა-------------------- წარსულს). ასევე, იმ გარემოებას, რომ ა-------------------მ მტკიცებულებები უდავოდ გახადა, ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას. სწორედ ზემოაღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით, სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ ა-------------------- ოჯახის სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით, კანონიერად და სამართლიანად მიიჩნევს მისთვის ჯარიმის დანიშვნას, რაც იქნება შემაკავებელი ხასიათისა და მომავალში სათანადო ქცევის ერთგვარი გარანტი, რომელიც პროპორციულობისა და სამართლიანობის პრინციპებიდან გამომდინარე, შექმნის მისი რესოციალიზაციის რეალურ და ეფექტიან საფუძველს, რათა მან სრულად გააცნობიეროს ჩადენილი დანაშაულის ხასიათი და მართლწინააღმდეგობა, ასევე აღნიშნული ქმედებით გამოწვეული შედეგის სიმძიმე, რაც საბოლოო ჯამში, შეამცირებს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკს და ხელს შეუწყობს საზოგადოებაში სამართლიანობის აღდგენას.

 

ი-----–----–--------- ბრალდების ეპიზოდი

 

საპროცესო შეთანხმების არსი:

 

სისხლის სამართლის საქმეში განთავსებული პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ი-----–----–--------ს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა თაღლითობის მცდელობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლების მცდელობა, ჩადენილი წინასწარი შეთნხმებით ჯგუფის მიერ, რასაც შესაძლოა გამოეწვია მნიშვნელოვანი ზიანი, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

სხვისი კუთვნილი თანხის მოტყუებით დაუფლების მიზნით, წინასწარი შთანხმებით ი-----–----–--------მ და ა-------------------მ დაარწმუნეს მ------------–---, რომ თითქოს 5000 ლარის სანაცვლოდ, თბილისის მერიის თნამშრომლის დახმარებით, მიმდინარე წლის მარტი-აპრილის თვეებში საკუთრებაში გადასცედნენ თბილისში, მ-----–---------–---–-- გამზირზე მდებარე სოციალურად დაუცველი პირებისთვის განკუთვნილ საცხოვრებელ ბინას.

 

2019 წლის 21 თებერვალს, ქ. თბილსში, მ-----–---------–---–-- გამზირი №--------ს მიმდებარე ტერიტორიაზე, ი-----–----–---------- და ა------------------- შეეცადნენ ზემოაღნიშნული ხერხით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მ------------–------- მოტყუებით დაუფლებოდნენ მოთხოვნილი თანხის ნაწილს - 1000 ლარს, თითქოსდა მისთვის ქ. თბილისში მდებარე, სოციალურად დაუცველი პირებისთვის განკუთვნილი საცხოვრებელი ბინის საკუთრებაში გადაცემაში დახმარების სანაცვლოდ, რა დროსაც დაკავებულ იქნა ი-----–----–--------, ხოლო ა------------------- დაკავებულ იქნა მოგვიანებით.

 

ი-----–----–--------ს წარედგინა ბრალდება დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-210-ე მუხლების მოთხოვნათა სრული დაცვით, ბრალდებულ ი-----–----–--------სა (მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ა-----------------–-ს მონაწილეობით) და საქართველოს გენერალური პროკურატურის დეპარტამენტის პროკურორ გ---------------ს შორის შედგა საპროცესო შეთანხმება, რომლის თანახმადაც, ბრალდებული აღიარებს დანაშაულს და უთანხმდება პროკურორს სასჯელზე. საპროცესო შეთანხმების დადებისას პროკურორის მიერ ბრალდებული გაფრთხილებულ იქნა საპროცესო შეთანხმების შედეგების შესახებ. ბრალდებულს ასევე განემარტა, რომ საპროცესო შეთანხმების დადების შემთხვევაში, სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოაქვს მტკიცებულებების უშუალოდ და ზეპირად გამოკვლევის გარეშე და რომ, საპროცესო შეთანხმების დადება არ ათავისუფლებს მას სამოქალაქო და სხვა სახის პასუხისმგებლობისაგან. საპროცესო შეთანხმება დაიდო ადვოკატის უშუალო მონაწილეობით და მის დადებაზე ბრალდებულის წინასწარი თანხმობით. საპროცესო შეთანხმების შესახებ შედგა ოქმი, რომლის ასლი გადაეცა ბრალდებულსა და მის ადვოკატს და მიეცათ საპროცესო შეთანხმების ოქმზე შენიშვნების გამოთქმის უფლება. საპროცესო შეთანხმება კანონით დადგენილი წესით წინასწარ იქნა შეთანხმებული ზემდგომ პროკურორთან.

 

2019 წლის 5 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიას, შუამდგომლობით მომართა საქართველოს გენერალური პროკურატურის დეპარტამენტის პროკურორმა გ---------------მ ბრალდებულ ი-----–----–--------სთან დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ.

 

სასამართლო სხდომაზე საქართველოს გენერალური პროკურატურის დეპარტამენტის პროკურორმა გ---------------მ მხარი დაუჭირა წარმოდგენილ შუამდგომლობას და ითხოვა სისხლის სამართლის #0----------- საქმეზე, მასსა და ბრალდებულ ი-----–----–--------ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცება იმის თაობაზე, რომ ი-----–----–-------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით, გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ი-----–----–--------- მიმართ დანიშნული სასჯელი - 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაითვალოს პირობით, ხოლო ამავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 4 (ოთხი) წელი.

 

სასამართლო სხდომაზე საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას მხარი დაუჭირა პროცესში მონაწილე ბრალმდებელმა გ---------------მ, ბრალდებულმა ი-----–------–--------- და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ა-----------------–--.

 

მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

სასამართლომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXI თავის მოთხოვნათა დაცვით, საქმის მასალების საფუძველზე, განიხილა რა შუამდგომლობის დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და განმარტებები და მიაჩნია რომ მტკიცებულებები: სასამართლო სხდომაზე მოწმეების თ---------------, ა---------–---–-- და ნ---------------- მიერ მიცემული ჩვენებები, ასევე მოწმე მ------------–---- გამოკითხვის ოქმი, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და ფარული საგამოძიებო მოქმედებების ამსახველი მასალები, ი-----–----–--------- და ა-------------------- დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმები, ი-----–----–------------- ამოღებული ნივთიერი მტკიცებულება - ფული, დათვალიერების ოქმები და თანდართული მასალები, იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებულები აღიარებენ დანაშაულს, სადავოდ არ ხდიან ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს და უარს ამბობენ სასამართლოს მიერ მისი საქმის არსებითი განხილვის უფლებაზე, საკმარისია ობიექტური პირის დასარწმუნებლად, რომ ბრალდებულებმა ი-----–----–--------მ ჩაიდინა ბრალად წარდგენილი დანაშაული.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლო დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება დადებულია წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან რაიმე უკანონო დაპირების გარეშე, ნებაყოფლობით. ბრალდებული ნებაყოფლობით აღიარებს ბრალს და სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმების, მათ შორის, ნასამართლობის, სამართლებრივ შედეგებს. მას ჰქონდა კვალიფიციური იურიდიული დახმარების მიღების შესაძლებლობა. ამასთან, სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მათ ბრალი ედება და იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომლის ჩადენასაც აღიარებს. მათთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ. ის აცნობიერებენ, რომ, თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მათ წინააღმდეგ გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც ისინი საპროცესო შეთანხმების განხილვისას სასამართლოს მიაწვდიან. ბრალდებული ასევე აცნობიერებს, რომ მას აქვს დაცვის, საპროცესო შეთანხმებაზე უარის თქმის და სასამართლოს მიერ მისი საქმის არსებითი განხილვის უფლებები. ის ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს. ამასთან, საპროცესო შეთანხმებაში ბრალდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობაა ასახული და ბრალდებული და მისი ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს.

 

იმ გარემოებების გასარკვევად ბრალდებული რეალურად აცნობიერებს, თუ არა ჩამოთვლილ უფლებებს, გარანტიებსა და პირობებს სასამართლო უშუალოდ დარწმუნდა ბრალდებულის შეკითხვების დასმის შედეგად. სასამართლოს აღნიშნული ვალდებულება არ ატარებდა ამ უფლებების განმარტებისა და თანხმობის მიღების ფორმალურ ხასიათს. ბრალდებულმა სასამართლოს მიერ დასმულ ყველა შეკითხვასა და დამატებით კითხვებზე ადეკვატური და დამაჯერებელი პასუხი გასცა.

 

ამასთან, სასამართლოს საქმის მასალებისა და ბრალდებულის მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე მიაჩნია, რომ ბრალდება დასაბუთებულია, არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული გარემოებები, ხოლო სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე პროკურორის შუამდგომლობაში მითითებული სასჯელი, კი კანონიერი და სამართლიანია. ამდენად, არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 213-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით განსაზღვრული შუამდგომლობის დაკმაყოფილების საკანონმდებლო საფუძვლები.

 

სასამართლო იზიარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსაზრებას „საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტის“ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის შესაბამისობასთან დაკავშირებით, რაც დადგენილია საქმეში „ნაცვლიშვილი და ტოგონიძე საქართველოს წინააღმდეგ“ ( #9043/05, 2014 წლის 24 აპრილი, §90-91): „სასამართლო აღნიშნავს, რომ ევროპული სისხლის სამართლებრივი სისტემისათვის დამახასიათებელია, რომ ბრალდებულმა მიიღოს მსუბუქი სასჯელი ან სასჯელისაგან გათავისუფლდეს დანაშაულის აღიარების ან გამოძიებასთან თანამშრომლობის გამო... საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი კონვენციის მოთხოვნებთან შეუსაბამო არ არის... სასამართლო ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ საპროცესო შეთანხმების საფუძველზე შეიძლება განხორციელდეს სწრაფი მართლმსაჯულება, გამოყენებული იქნეს მსუბუქი სასჯელები და შემცირდეს პატიმართა რაოდენობა. სასამართლო მიიჩნევს, რომ საპროცესო შეთანხმების საფუძველზე ზოგიერთ საპროცესო უფლებაზე უარის თქმით სისხლის სამართალწარმოების შემცირება ხდება. აღნიშნული არ შეიძლება დარღვევად ჩაითვალოს კონვენციის მე-6 მუხლის შესაბამისად.“

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის დეპარტამენტის პროკურორ გ---------------- შუამდგომლობა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:

 

· 3 (სამი) ცალი დისკი - შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

 

· ფული 1000 (ათასი) ლარი - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს;

 

· ი-----–----–--------- პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული მისი პირადი ნივთები - დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს;

 

· ა-------------------- პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული მისი პირადი ნივთები - დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს;

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-ე-216-ე, 258-ე-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

საქართველოს გენერალური პროკურატურის დეპარტამენტის პროკურორ გ---------------- შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

 

დამტკიცდეს საქართველოს გენერალური პროკურატურის დეპარტამენტის პროკურორ გ---------------ს და ბრალდებულ ი-----–----–--------ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.

 

1. ი-----–----–-------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ი-----–----–--------- მიმართ დანიშნული სასჯელი - 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაითვალოს პირობით, ხოლო ამავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 4 (ოთხი) წელი.

 

ი-----–----–--------- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

ი-----–----–--------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2019 წლის 21 თებერვლიდან 2019 წლის 5 ნოემბრის ჩათვლით.

 

პირობითი მსჯავრის აღსრულებისას, მსჯავრდებულ ი-----–----–--------- ყოფა-ქცევაზე კონტროლი დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

2. ა-------------------ს ამოერიცხოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,180-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედება და ამ ნაწილში გამართლდეს.

 

ა------------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, 2019 წლის 21 თებერვლიდან 2019 წლის 5 ნოემბრის ჩათვლით ა-------------------- პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, ა-------------------ს შეუმსუბუქდეს დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, ძირითადი სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა 8 000 (რვა ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

ა-------------------- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერი მტკიცებულება:

 

· 3 (სამი) ცალი დისკი - შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

 

· ფული 1000 (ათასი) ლარი - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს;

 

· ი-----–----–--------- პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული მისი პირადი ნივთები - დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს;

 

· ა-------------------- პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული მისი პირადი ნივთები - დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს;

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი ი-----–----–--------- ნაწილში შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში, კერძოდ:

 

მსჯავრდებულ ი-----–----–--------ს უფლება აქვს, განაჩენის გამოტანიდან 15 დღეში თბილისის სააპელაციო სასამართლოში შეიტანოს საჩივარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე სასამართლოს განაჩენის გაუქმების შესახებ, თუ: ა) საპროცესო შეთანხმება იძულებით, მუქარით, ძალადობით, დაშინებით ან მოტყუებით დაიდო; ბ) ბრალდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება; გ) საპროცესო შეთანხმება ისე დაიდო, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობდა; დ) საქმის განმხილველმა სასამართლომ უგულებელყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსითა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXI თავით გათვალისწინებული არსებითი მოთხოვნები.

 

განაჩენი ა-------------------- მიმართ შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე მაია კვირიკაშვილი