გადაწყვეტილება

სამოქალაქო 12.12.2019
საქმის ნომერი
180210019003195325
კატეგორია
დავის ტიპი
დაკავშირებული უძრავ ქონებაზე საკუთრებასთან
თარიღი
12.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/717-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

12 დეკემბერი, 2019 წელი ქ. მცხეთა

 

მ–-----ს რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე სოფიო ლეჟავა

სხდომის მდივანი ზაზა შველიძე

 

მოსარჩელე - სს ,,მ-----------------------------–-----------------------–-“

წარმომადგენელი - თ-----------–--ე

 

მოპასუხე - მ---------------–---–ი (არ გამოცხადდა)

წარმომადგენელი - ნ-----–-------------ე

 

დავის საგანი - ხეშეშლის აღკვეთა და უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე მ---------------–---–ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნას მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე მცხეთა, სოფელი ძ--–--ი, ს/კ------------- და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში ჩაბარდეს მოსარჩელეს.

1.2. მოპასუხე მ----------------–---–ს მოსარჩელე სს ,,მ-----------------------------–-----------------------–-ს“ სასარგებლოდ დაეკისროს ადვოკატის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის 600 ლარის ოდენობით, ასევე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 120 ლარის ანაზღაურება.

1.3 პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად;

 

2. სარჩელის საფუძვლები:

 

2019 წლის 25 ივნისის, აღსრულების ეროვნული ბიუროს სააღსრულებო ბიუროს #1-------------- განკარგულებით მ---------------–---–ის საკუთრებაში არსებული, იპოთეკით დატვირთული ქონება, მდებარე: მცხეთა, სოფელი ძ--–--ი, ს/კ-------------, აუქციონის გზით შეიძინა და მითითებული ქონების მესაკუთრე გახდა სს ,,მ-----------------------------–-----------------------–-“; შესაბამისად აღნიშნული ქონების ამჟამინდელი მესაკუთრეა მოსარჩელე, რაც დასტურდება საჯარო რეესტრის ამონაწერით; მიუხედავად ამისა, მესაკუთრე ვერ ახერხებს უძრავი ქონების ფლობას, ვინაიდან აღნიშნული ფართის ფლობას მოცემულ მომენტამდე ახორციელებს მოპასუხე, რომელმაც არაერთი მოთხოვნის მიუხედავად არ დატოვა საცხოვრებელი სახლი, შესაბამისად, აღნიშნული გახდა სს ,,მ-----------------------------–-----------------------–-ს“ მხრიდან სასარჩელო წარმოების დაწყების საფუძველი;

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

2.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით და სასამართლო სხდომაზე არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ მართალია მ---------------–---–ი სადავოდ არ ხდის იმ ფაქტს, რომ საჯარო რეესტრის ამონაწერით, დღეის მდგომარეობით სადავო უძრავი ქონების მესაკუთრე არის სს ,,მ------------------------------------------------–-“, მაგრამ მოპასუხე მხარე არ წარმოადგენს აღნიშნული ქონების არამართლზომიერ მფლობელს, ვინაიდან დღეის მდგომარეობით მ---------------–---–ი არ ახორციელებს ქონების უკანონო მფლობელობას; შესაბამისად, მოსარჩელის უფლებებს და კანონიერ ინტერესებს არანაირი ზიანი არ ადგება. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი სარჩელი არის უსაფუძვლო და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ უძრავი ნივთი, მდებარე: მცხეთა, სოფელ ძ--–--ი (ს/კ-------------) რეგისტრირებულია სს ,,მ-----------------------------–-----------------------–-ს“ სახელზე საკუთრების უფლებით. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს #1-------------- განკარგულება; დამოწმების თარიღი: 25/06/20109 წელი;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

 

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ 15-16);

 

3.2. უძრავ ნივთს, მდებარე: მ–-----ს რაიონი, სოფელ ძ--–--ი (ს/კ-------------) სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობს მოპასუხე მხარე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მოპასუხის მიერ სადავო უძრავი ქონების მართლზომიერად ფლობის ფაქტს. შესამაბისად, სს ,,მ-----------------------------–-----------------------–-ს“ საკუთრებაში არსებულ ქონებას ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობს მ---------------–---–ი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად კი საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუციის 19-ე მუხლი; ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმის პირველი მუხლი; საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 172-ე, 183-ე, 311-312-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 19-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. საკუთრების უფლება ასევე განმტკიცებულია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმის პირველი მუხლის პირველი აბზაცით, რომლის შესაბამისად, „ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრების შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში“.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

 

ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე და 311-ე მუხლების მოთხოვნიდან გამომდინარე, უძრავ ნივთზე საკუთრების შეძენა ვლინდება საჯარო რეესტრიდან, ხოლო ამავე კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით რეესტრის მონაცემების მიმართ არსებობს უტყუარობის და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.

 

6.2. სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, უძრავი ქონების მესაკუთრეს კანონი ანიჭებს სასამართლოსათვის ვინდიკაციური სარჩელით მიმართვის შესაძლებლობას; ესაა სარჩელი, რომელსაც მესაკუთრე მაშინ იყენებს, როცა შელახულია ნივთზე მისი მფლობელობა, სახელდობრ, როდესაც მესაკუთრის ქონება უკანონო მფლობელის ხელთაა. სს ,,მ-----------------------------–-----------------------–-ს“ სარჩელის საფუძვლიანობის შესამოწმებლად უნდა დადგინდეს, რომ მოსარჩელე ნივთის მესაკუთრეა, მოპასუხე კი ნივთის მფლობელი, რომელსაც ამ ნივთის ფლობის უფლება არ გააჩნია. სამივე გარემოების არსებობის დადგენის შემთხვევაში სარჩელი მიიჩნევა საფუძვლიანად.

 

რაც შეეხება მფლობელობის მართლზომიერებას, კონკრეტულ შემთხვევაში უნდა დასტურდებოდეს აქვს თუ არა ნივთის ამჟამინდელ მფლობელს ნივთის ფლობისათვის უკეთესი უფლება, ვიდრე მესაკუთრეს ანუ არსებობს თუ არა სკ-ს 172-ე მუხლის შემადგენლობა. დადასტურების შემთხვევაში, ბუნებრივია, ფერხდება ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილება, მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის გათვალისწინებით. აღნიშნული საკითხის დასადგენად მნიშვნელოვანია შეფასდეს, თუ რის საფუძველზე ფლობს კონკრეტულ ნივთს მოპასუხე. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხემ ვერ უზრუნველყო წარმოედგინა სათანადო მტკიცებულება, რომლითაც დაადასტურებდა მის მართლზომიერ მფლობელობას.

 

სადავო შემთხვევაში მესაკუთრე ნივთზე არსებული არამართლზომიერი მფლობელობის წინააღმდეგია. სკ-ს 162-ე მუხლის თანახმად, დაუშვებელია მართლზომიერ მფლობელს მოეთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება. მართლზომიერ მფლობელად ითვლება ის, ვინც ნივთზე ბატონობას სამართლებრივი საფუძვლებით ახორციელებს. მართლზომიერება არსებობს მანამ, სანამ არსებობს შესაბამისი საფუძველი. ამ მიზნით მოსარჩელემ ვინდიკაციური სარჩელის საფუძველზე, მოპასუხისგან მოითხოვა კუთვნილი ნივთის გამოთავისუფლება. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები მოსარჩელეს აძლევს უფლებას, მოითხოვოს ნივთის გამოთხოვა მისგან, ვისაც მასზე მფლობელობის უფლება არ (აღარ) აქვს. შესაბამისად, მოსარჩელე სს ,,მ-----------------------------–-----------------------–ს“ აქვს უფლება გამოითხოვოს ნივთი მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან და არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. კონკრეტულ შემთხვევაში რეესტრის ჩანაწერებით მოსარჩელე წარმოადგენს მესაკუთრეს. განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილია ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლის მიხედვითაც სს ,,მ-----------------------------–-----------------------–-“ არის უძრავი ქონების მესაკუთრე, მდებარე: მ–-----ს რაიონი, სოფელი ძ--–--ი (ს/კ-------------). ამდენად, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელე წარმოადგენს სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრეს.

 

6.4. სასამართლომ დადგენილ გარემოებად მიიჩნია, რომ უძრავი ნივთი, მდებარე მ–-----ს რაიონი, სოფელი ძ--–--ი ს/კ------------- - მოპასუხე მ---------------–---–ის მფლობელობაშია. კონკრეტულ შემთხვევაში მოპასუხის მიერ სასარჩელო მოთხოვნის საწინააღმდეგო დამადასტურებელი მტკიცებულებები, გარდა ახსნა-განმარტებისა, წარმოდგენილი არ ყოფილა. სასამართლო განმარტავს, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო სამართლებრივი ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა იქნას მიჩნეული, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს.

6.2. რაც შეეხება მოსარჩელის შუამდგომლობას გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესახებ, იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2671-ე მუხლის პირველის ნაწილის შესაბამისად სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხები შეიძლება განხილულ იქნეს ზეპირი მოსმენის გარეშე.

 

ამავე კოდექსის 268-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ე1” ქვეპუნქტის შესაბამისად სასამართლოს შეუძლია, მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ დასახელებული ნორმა არ არის იმპერატიული ხასიათის და მიუთითებს სასამართლოს შესაძლებლობაზე, მიაქციოს გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. რაც იმას გულისხმობს, რომ სასამართლომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით უნდა გადაწყვიტოს დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება არ დაიშვება, თუ შეუძლებელია იმ ზარალის ზუსტად გამოთვლა, რომელიც შეიძლება მიადგეს მოწინააღმდეგე მხარეს, რის გამოც მეორე მხარე ვერ შეძლებს მის უზრუნველყოფას.

 

გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე მისი დაუყოვნებლივ აღსრულება დაიშვება მხოლოდ კანონით დადგენილ გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც მოსარჩელეს გადაუდებელი ინტერესი გააჩნია მის სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების მიმართ და დაყოვნებამ შესაძლოა შეუქცევადი ზიანი გამოიწვიოს, ან დავის არსის გათვალისწინებით, არსებობს საფრთხე, რომ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე აღუსრულებლობის შემთხვევაში გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი გახდება. ამგვარი განმარტება გამომდინარეობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველ ნაწილში ჩამოთვლილი იმ კატეგორიის საქმეების შინაარსის ანალიზიდან, რომლებზეც გამოტანილი გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსრულებას ექვემდებარება. კანონმდებელმა დაუყოვნებლივი აღსრულება დაუშვა სწორედ ისეთ დავებზე, სადაც სასამართლო გადაწყვეტილებით აღიარებული უფლება განსაკუთრებულად საჭიროებს სწრაფ და ეფექტურ რეალიზებას. ასეთ შემთხვევათა რიცხვს განეკუთვნება უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ დავაც, რითაც კანონმა საკუთრების უფლების ეფექტურ რეალიზებას განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა და განსაკუთრებულ დაცვას დაუქვემდებარა.

 

საქართველოს კონსტიტუცის 19-ე მუხლით განმტკიცებული საკუთრების უფლება თავისი შინაარსით მოიცავს საკუთრების ობიექტით სარგებლობის უფლებასაც. ამ მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილებით. საქართველოს კანონმდებლობა არ აწესებს მესაკუთრისთვის სარგებლობის უფლების შეზღუდვის საფუძველს იმ შემთხვევისათვის, თუკი მისი საკუთრების ობიექტით სარგებლობს სხვა პირი და იგი ამ ნივთს იყენებს ერთადერთ საცხოვრებლად. შესაბამისად, გამორიცხულია ამ მოტივით მესაკუთრისთვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. თუმცა, რაც შეეხება კანონიერ ძალაში შესვლამდე გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებას, ამ საპროცესო ინსტიტუტის გამოყენება საგამონაკლისო წესით უნდა მოხდეს შესაბამისი წინაპირობების არსებობის შემთხვევაში. სასამართლომ ამ წინაპირობების დადგენისას უნდა შეაფასოს მოსარჩელის და მოპასუხის ინტერესები, დაუყოვნებლივი აღსრულების მიმართ მოსარჩელის მნიშვნელოვანი და გადაუდებელი ინტერესის არსებობა, ასევე უნდა დადგინდეს ბალანსი ამ ინტერესსა და მოპასუხის ინტერესს შორის. ამასთან, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, რომ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევით შესაძლოა, პრაქტიკულად აზრი დაეკარგოს სააპელაციო და საკასაციო წესით გასაჩივრების უმნიშვნელოვანესი საპროცესო უფლების გამოყენებას, რითაც, შესაძლოა, პირიქით - მოპასუხეს მიადგეს შეუქცევადი ზიანი.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, ვერ დასტურდება მოსარჩელის იმგვარი ინტერესის არსებობა, რომლის დაყოვნებაც მას გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს, ანუ მოსარჩელეს სასამართლოსთვის არ მიუთითებია კონკრეტული არგუმენტი, რაც დაასაბუთებდა მის გადაუდებელ ინტერესს დაუყოვნებლივი აღსრულების მიმართ. აღნიშნულის გათვალისწინებით კი სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი 120.00 ლარი და წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. შესაბამისად, მოსარჩელე მხარეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს ზედმეტად გადახდილი ბაჟი 60 ლარის ოდენობით, ხოლო მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოსარჩელისათვის სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 60.00 ლარის ანაზღაურება.

 

საკასაციო სასამართლომ არაერთხელ განმარტა, რომ, „როგორც წესი, მართლმსაჯულების განხორციელება დაკავშირებულია სასამართლო ხარჯებთან და სასამართლოს გარეშე ხარჯებთან. ადვოკატისათვის გაწეული ხარჯი წარმოადგენს სასამართლოს გარეშე ხარჯებს (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მესამე ნაწილი). ამგვარი ხარჯების ოდენობა უნდა განისაზღვროს მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე. ამგვარი მტკიცებულების არარსებობის შემთხვევაში, სასამართლოს მხარის მოთხოვნის საფუძველზე თვითონაც შეუძლია გონივრულ ფარგლებში განსაზღვროს დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობა, თუკი აშკარაა, რომ პირის უფლების დარღვევის აღკვეთის მიზნით ხარჯი გაღებულია (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება “პინკოვა და პინკი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ”). სასამართლომ მხარეს ხარჯების ანაზღაურება უნდა დააკისროს მხოლოდ იმ ოდენობით, რა ოდენობითაც ისინი რეალურად და საჭიროებისამებრ იქნა გაღებული იმ მიზნით, რომ აღკვეთილიყო სამოქალაქო უფლების დარღვევა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება „ასანიძე საქართველოს წინააღმდეგ“)“ (იხ. მაგ. სუსგ ას-792-1114-07).

 

სასამართლო განმარტავს, რომ იურიდიული მომსახურების ხელშეკრულების მხარეები თავად განსაზღვრავენ ხელშეკრულების პირობებს და თანხმდებიან იურიდული მომსახურების იმ საფასურზე (ადვოკატის ჰონორარზე), რომელიც ორივე მხარისათვის მისაღებია, რაც არ ნიშნავს მოპასუხის პროცესუალურ ვალდებულებას, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, სრულად აანაზღაუროს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ადვოკატის ჰონორარი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულია „გონივრული ოდენობის“ სტანდარტი და მაქსიმალური ზღვარი, რომლის ფარგლებშიც მოპასუხეს შეიძლება დაეკისროს მოსარჩელის მიერ გაწეული იურდიული მომსახურების საფასურის ანაზღაურება.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია ადვოკატის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი 600 ლარის ოდენობით. სასამართლოს მიაჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს საადვოკატო მომსახურების ხარჯის (არა უმეტეს დავის საგნის ღირებულების 4% -სა) - 150.00 ლარის ოდენობით ანაზღაურება.

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 53-ე, 243-244-ე; 248-250-ე, 257-ე, 364-ე, 369- მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. სს ,,მ-----------------------------–-----------------------–-ს“ (ს/კ 204568574) სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. მ---------------–---–ის (პ/ნ 0----------) უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნეს უძრავი ნივთი, მდებარე: მცხეთა, სოფელი ძ--–--ი ს/კ------------- და ნივთი გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცეს მოსარჩელე სს ,,მ-----------------------------–-----------------------–ს“ ;

 

3. მოსარჩელე სს ,,მ-----------------------------–-----------------------–ს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს ზედმედტად გადახდილი ბაჟი 60 ლარის ოდენობით (თანხა გადახდილია 2019 წლის 23 ივლისს, საგადასახადო დავალება: 1563867830, სახაზინი კოდი: 300783150);

4. მ---------------–---–ს სს ,,მ-----------------------------–-----------------------–-ს“ სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 60 ლარის და წარმომადგენლისათვის გაწეული ხარჯის 150 ლარის ანაზღაურება;

5. მოსარჩელე სს ,,მ-----------------------------–-----------------------–ს“ უარი ეთქვას გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე.

6. გადაწყვეტილება, დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემაზე უარის თქმის შესახებ, გასაჩივრდება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 12 (თორმეტი) დღის ვადაში კერძო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოში მ–-----ს რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით მ–-----ს რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს მ–-----ს რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე სოფიო ლეჟავა