გადაწყვეტილება

სამოქალაქო 13.05.2019
საქმის ნომერი
140210117002087435
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
13.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

140210117002087435

საქმე №2/1421-17

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

13 მაისი, 2019 წელი ქ. გ-----

 

გ-----ს რაიონული სასამართლო

მოსამართლე ნინო შარაძე

სხდომის მდივანი თამარ ხარიბეგაშვილი

 

მოსარჩელე /მოპასუხე სს „ს----------–--- ბანკის“ სარჩელზე/- მ----ა მ-------–---–-

წარმომადგენელი - ნ----ა ჯ-----–---–ი

 

მოპასუხე /მოსარჩელე გაერთიანებულ საქმეზე/ - სს „ს----------–--- ბანკი“

წარმომადგენელი - დ---თ რ---–---–ი

 

დავის საგანი - სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ ბათილად ცნობა და მასში ცვლილების შეტანა, ფულადი ვალდებულების შესრულება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია

აღწერილობითი ნაწილი

 

1.სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მ----ა მ-------–---–-ს სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1.1. ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი ნოტარიუს თ------ნ მ------–---–-ს მიერ, 2017 წლის 15 აგვისტოს გაცემული №1-----655 სააღსრულებო ფურცელი, კერძოდ: ა) იპოთეკის საგნის რეალიზაციის ნაწილში, ბ) № 062687 ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს - 7299.46 ლარის ნაწილში, გ) სააღსრულებლო ფურცელში მითითებული ძირი თანხა 26284.98 ლარი შემცირდეს 1200 ლარით, დ) № 3042270 ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს 78.41 აშშ დოლარის ნაწილში;

 

მოსარჩელე მ----ა მ-------–---–- თავის სასარჩელო მოთხოვნას ამყარებს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

 

2015 წლის 09 სექტემბერს მხარეთა შორის გაფორმდა სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება ხუთი წლის ვადით. ყოველთვიურ გადასახდელად განისაზღვრა 725 ლარი. სესხის უზრუნვესაყოფად იპოთეკით დაიტვირთა უძრავი ქონება მდებარე: ქ. გ-----, რ-------ს ქ N56ბ, ს/კ 66.45.2-.0-1. მოსარჩელე (მოპასუხე გაერთიანებულ საქმეზე) კეთილსინდისიერად ასრულებდა ვალდებულებას, თუმცა ეკონომიური პირობების გაუარესების გამო დაგვიანებულად გადახდილი თანხები განაწილდა პროცენტზე და ჯარიმაზე, რამაც საერთო ჯამში ჯარიმის სახით შეადგინა 1200 ლარი. სააღსრულებო ფურცელში მითითებული პირგასამტეხლოს ოდენობა - 7299.46 ლარი N 3042270 ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლო 78.41 აშშ დოლარი არის არაგონივრული, ასევე ძირი თანხა 26284.98 ლარი არ შეესაბამება რეალურ დავალიანებას, ასევე იპოთეკის საგნის აუქციონზე რალიზაცია არ გამომდინარეობს მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებიდან. აქედან გამომდინარე მ----ა მ-------–---–- ითხოვს სააღსრულებლო ფურცლის ნაწილობრი ბათილად ცნობას ქონების რალიზაციის, პირგასამტეხლოს და ძირი თანხის ნაწილში.

 

1.2. სს „ს----------–--- ბანკის“ პოზიცია მ----ა მ-------–---–-ს სარჩელზე:

 

სს „ს----------–--- ბანკმა“ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელე 2016 წლის 30 იანვრის შემდეგ მუდმივად არღვევდა ხელშეკრულებას და თანხებს იხდიდა ვადაგადაცილებით. სააღსრულებო ფურცელი ამოიწერა, მას შემდეგ რაც მ----ა მ-------–---–მა შეწყვიტა გადახდები სესხზე. სააღსრულებო ფურცლის ამოწერის შესახებ პირობა მხარეთა შორის იპოთეკის ხელშეკრულებით განისაზღვრა და შესაბამისად სრულიად კანონიერად ამოიწერა იგი.

 

1.3. სს „ს----------–--- ბანკის“ სასარჩელო მოთხოვნა ;

 

1.3.1. მ----ა მ-------–---–ს N3042269 სესხიდან გამომდინარე მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 60181.5 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი არის 26284.98 ლარი, სარგებელი არის 7917.72, პირგასამტეხლო 25978.8 ლარი. N 3042270 სესხიდან გამომდინარე მ----ა მ-------–---–ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 334.62 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი არის 86.27, სარგებელი არის 26.22 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო არის 222.13 აშშ დოლარი.

1.3.2. დავალიანების დაფრვის მიზნით სარეალიზაციო მიექცეს მ----ა მ-------–---–-ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება ს/კ 66.45.2-.0-1. იმ შემთხვევაში თუ იპოთეკის საგნის რელიზაციით მიღებული თანხა სრულად არ დაფარავს არსებულ დავალიანებას აღსრულება მიექცეს მ----ა მ-------–---–-ს საკუთრებაში არსებული სხვა ქონებაზე მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების მიზნით.

 

სს „ს----------–--- ბანკი“ თავის მოთხოვანს ამყარებს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: 2015 წლის 09 სექტემბერს მ----ა მ-------–---–სა და სს „ს----------–--- ბანკს“ შორის გაფორმებული Nგაი062585 საბანკო მომსახურების ხელშეკრულების ფარგლებში დადებული Nსბი062687 საკრედიტო ხელშეკრულებით მსესხებელზე გაიცა სესხი 29 000 ლარის ოდენობით, 60.1 თვის ვადით, წლიური 17% სარგებლის დარიცხვით, პირგასამტეხლო - 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მ----ა მ-------–---–თან ასევე გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება იპოთეკის საგნის დაზღვევასთან დაკავშირებით, რომლითაც მსესხებელზე გაიცა 67.67 აშშ დოლარი, 300 თვის ვადით, წლიური 18% სარგებლის დარიცხვით, პირგასამტეხლო - 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. საკრედიტო ხელშეკრულებების უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა მ----ა მ-------–---–-ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. გ-----, რ-------ს ქ.N56-ბ, ს/კ 66.45.2-.0-1. მოპასუხის მიერ დაირღვა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება, მის მიერ N3042269 სესხზე ბოლო სრულყოფილი გადახდა განხორციელდა 2015 წლის 17 დეკემბერს, ხოლო 2016 წლის 11 ივლისს გადახდილ იქნა ვადაგადაცილებული ძირი, სარგებელი და პირგასამტეხლო, რომლის შემდეგ ფაქტობრივად შეწყდა აღნიშნული სესხზე გადახდები. N3042270 სესხზე ბოლო გადახდა განხორციელდა 2016 წლის 11 ივლისს და ვადაგადაცილებაში იმყოფება 2016 წლის აგვისტოს თვიდან. მიუხედავად გაფრთხილებისა, იგი ნაკისრ ვალდებულებას არ ასრულებს. საქმის სასამართლო განხილვისას სს "-----------–------ნკის" წარმომადგენელმა სადაო თანხების მ----ა მ-------–---–-სათვის დაკისრების სამართლებრივ საფუძვლად დამატებით მიუთითა ბანკისათვის მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებულ ზიანზე და ამ საფუძვლითაც სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

 

1.4. მ----ა მ-------–---–-ს პოზიცია სს „ს----------–--- ბანკის“ სარჩელზე;

 

მ----ა მ-------–---–მა არ სცნო გაერთიანებულ საქმეზე მოსარჩელე სს „ს----------–--- ბანკის“ მოთხოვნა. მოპასუხემ მიუთითა, რომ მხარეთა შორის არსებული სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება შეწყდა ნოტარიუსის მიერ სააღსრულებო ფურცლის გაცემის შემდეგ და მისთვის გაუგებარია, თუ საიდან არის დარიცხული მოთხოვნილი თანხები. მ----ა მ-------–---–მა მიუთითა, რომ საკრედიტო ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო გაიცა სააღსრულებო ფურცელი, სადაც გათვალისწინეულია აღსასრულებელი ვალდებულება და ბანკი კვლავ მოითხოვს იმავე ხელშეკრულებით გათვალისინებული თანხების გადახდას, რაზედაც უკვე დაწყებულია საარსრულებო წარმოება.

 

2. ფაქტობრივი გარემოებები

 

2.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.1.1. 2015 წლის 09 სექტემბერს მ----ა მ-------–---–სა და სს „ს----------–--- ბანკს“ შორის გაფორმებული Nგაი062585 საბანკო მომსახურების ხელშეკრულების ფარგლებში დადებული Nსბი062687 საკრედიტო ხელშეკრულებით მსესხებელზე გაიცა სესხი 29 000 ლარის ოდენობით, 61 თვის ვადით, წლიური 17% სარგებლის დარიცხვით, პირგასამტეხლო - 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მ----ა მ-------–---–თან ასევე გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება იპოთეკის საგნის დაზღვევასთან დაკავშირებით, რომლითაც მსესხებელზე გაიცა 67.67 აშშ დოლარი, 300 თვის ვადით, წლიური 18% სარგებლის დარიცხვით, პირგასამტეხლო - 0.5% ყოველ ვადაგდაცილებულ დღეზე. საკრედიტო ხელშეკრულებების უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა მ----ა მ-------–---–-ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე; ქ. გ-----, რ-------ს ქ.N56-ბ, ს/კ 66.45.2-.0-1.

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- Nგაი062585 საბანკო მომსახურების ხელშეკრულება;

- Nსბი062687 საკრედიტო ხელშეკრულება;

- შეთანხმება სადაზღვევო სესხის შესახებ;

- იპოთეკის ხელშეკრულება;

 

2.1.2. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების მე-15.1 მუხლის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით იპოთეკარი (იგივე კრედიტორი) უფლებამოსილია მიმართოს ნოტარიუსს სააღსრულებო ფურცლის მისაღებად.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 2015 წლის 09 სექტემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება.

 

2.1.3. მოპასუხის მიერ დაირღვა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება, მიუხედავად გაფრთხილებისა, იგი ნაკისრ ვალდებულებას არ ასრულებს.

 

- მხარეთა ახსნა - განმარტება;

- ცნობა დავალიანების შესახებ;

- საბანკო ამონაწერები სესხის დაფარვის შესახებ;

 

2.1.4 აღსრულების ეროვნულმა ბიურომ მოვალეს, მ----ა მ-------–---–ს გაუგზავნა N A17101178-004/001 წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ, რომლის თანახმად, კრედიტორის მოთხოვნის შესაბამისად, აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა 38065.89 ლარით და 178. 3 აშშ დოლარით, ასევე დავალიანების დაფარვის მიზნით განისაზღვრა იპოთეკის საგნის რეალიზაცია (რეგ. ქ. გ-----, რ-------ს ქ. N56-ბ, ს/კ 66.45.2-.0-1).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2017 წლის 01 სექტემბრის წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ.

 

2.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები;

 

2.2.1. 2015 წლის 09 სექტემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე 2017 წლის 15 აგვისტოს ნოტარიუს თ------ნ მ------–---–- მიერ გაცემულია სააღსრულებო ფურცელი №1-----655, რომლის საფუძველზეც აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა Nსბი062687 იპოთეკური კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე განისაზღვრა სესხის ძირითადი თანხა - 26284.98 ლარით, მისაღები სარგებელი - 4294 ლარით და პირგასამტეხლო - 7299.46 ლარით. N3042270 სესხიდან გამომდინარე მისაღები ძირი 86.27 აშშ დოლარი, მისაღები სარგებელი13.62 აშშ დოლარი, მისაღები პირგასმტეხლო 78.41 აშშ დოლარი. ასევე Nსაი062586 იპოთეკის ხელშეკრულების შესაბამისად განოსაზღვრება იპოთეკის საგნის (რეგ. ქ. გ-----, რ-------ს ქ. N56-ბ, ს/კ 66.45.2-.0-1) რეალიზაცია.

2.2.2 სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ სს "-----------–------ნკის" მიერ სარჩელით მოთხოვნილი თანხები მოიცავს 2017 წლის 15 აგვისტოს ნოტარიუს თ------ნ მ------–---–- მიერ გაცემულ №1-----655 სააღსრულებო ფურცელით გათვალისწინებულ აღსასრულებელი ვალდებულების თანხებსაც, კერძოდ მისაღები ძირი 26284.98 ლარი მისაღები პროცენტის სხვაობა სარჩელით მოთხოვნილ თანხასა და სააღსრულებო ფურცელში მითითებულ პროცენტის თანხას შორის შეადგენს 362-.72 ლარს (7917.72-4294), ხოლო პირგასამტეხლოს ნაწილში სხვაობა შეადგენს 18679.34 ლარს (25 978.8-7 299.46). ასევე N3042270 სესხიდან გამომდინარე სესხის ძირი თანხა უცვლელია და შეადგენს 86.27 აშშ დოლარს, მისაღები პროცენტის სხვაობა შეადგენს 12.6 აშშ დოლარ (26.22-13.62), ხოლო პირგასამტეხლოს სახვაობა 143.72 აშშ დოალრი (222.13-78.41). ამდენად, სს "-----------–------ნკი" სარჩელით კვლავ ითხოვს მის მიმართ სააღსრულებო ფურცლით გათვალისიწნებული აღსასრულებებლი ვალდებულების თანხებს, რაზედაც მოვალე მ----ა მ-------–---–-ს მიმართ მიმდინარეობს იძულებითი აღსრულების პროცესი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2017 წლის 15 აგვისტოს სააღსრულებო ფურცელი №1-----655.

- სს'ს----------–--- ბანკის" სარჩელი.

სამოტივაციო ნაწილი:

 

3. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

3.1. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე მ----ა მ-------–---–-ს სარჩელი ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლით დადგენილი პირგასამტეხლოს და ძირი თანხის შემცირების ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო დანარჩენ ნაწილში სარჩელს დაკმაყოფილებაზე უნდა ეთქვას უარი.

 

3.2. სს „ს----------–--- ბანკის“ სასარჩელო მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო დანარჩენ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უნდა ეთქვას უარი.

 

4. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კანონი „ნოტარიატის შესახებ;

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 319-ე, 327-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 623-ე, 625-ე მუხლები.

 

5. სამართლებრივი შეფასება;

 

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.

 

5.2. სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლი განსაზღვრავს ვალდებულების წარმოშობის საფუძვლებს, რომლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლიდან.

 

5.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილით, სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი.

 

5.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო მართლწესრიგი განამტკიცებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს და შესაძლებლობას ანიჭებს მხარეებს, თავისი შეხედულებით განსაზღვრონ ხელშეკრულების შინაარსი, ხოლო სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში პირი ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.

 

განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს მათ შორის არსებული სასესხო ურთიერთობიდან.

 

5.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

5.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარეები სადავოდ არ ხდიან მათ შორის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების არსებობას, ასევე არ დავობენ, რომ სესხი იყო სარგებლიანი. მ----ა მ-------–---–- სადავოდ ხდის მისი მხრიდან ვალდებულების ნაწილობივ შესრულებას და ასევე პირგასამტეხლოს ოდენობას.

 

5.6. „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე- 5 პუნქტის თანახმად, ნოტარიუსი გასცემს სააღსრულებო ფურცელს იმ ფულადი დავალიანების გადახდევინების შესახებ, რომლის შესრულების ვადაც დამდგარია. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ნოტარიუსის მიერ სააღსრულებო ფურცლის გაცემის ფაქტი კანონთან და მხარეთა შორის არსებულ შეთანხმებასთან შესაბამისია.

 

მ----ა მ-------–---–- სადავოდ ხდის სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრული დავალიანების მოცულობიდან N 3042270 სესხზე პირგასამტეხლოს 78.41 აშშ დოლარს, იმ გარემოებაზე მითითებით, რომ ის შეუსაბამოდ მაღალია. რაც შეეხება N3042269 სესხს მ----ა მ-------–---–- სადაოდ ხდის სააღსულებლ ფურცლით გათვალისწინებული ძირ თანხას - 26284.98 ლარს და ითხოვს მისი შემცირებას 1200 ლარით, ვინაიდან სს „ს----------–--- ბანკმა“ მ----ა მ-------–---–ს მის მიერ გადახდილი 1200 ლარი ჩაუთვალა მხოლოდ ჯარიმაში. იგი ამ გარემოების დასადატურებლად მიუთითებს სესხის დაფარვის დოკუმენტზე. სს „ს----------–--- ბანკი“ აღნიშნულის საწინააღმდეგოდ მიუთითებს, რომ მ----ა მ-------–---–- 2016 წლის იანვრიდან არღვევდა ხელშეკრულებას და გადასახელი თანხები შეჰქონდა ვადაგადაცილებით. მ----ა მ-------–---–- ასევე ითხოვს სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებული N3042269 სესხიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს -7299.46 ლარის შემცირებას.

 

სასამართლო ზემოაღნიშნულზე განმარტავს, რომ ხსენებული სამართლებრივი ნორმის მიხედვით პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში დამრღვევმა მხარემ უპირობოდ უნდა მოახდინოს პირგასამტეხლოს გადახდა. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა მიერ ხელშეკრულებით შეთანხმებულია მსესხებლის მიერ პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება, ხოლო მოვალემ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და შეთანხმებულ ვადაში სესხის თანხა არ გადაიხადა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. გადაწყვეტილებას შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირების შესახებ სასამართლო იღებს არამარტო ქონებრივი, არამედ ყველა პატივსადები ინტერესის გათვალისწინებით, ანუ სასამართლოს შეუძლია პირგასამტეხლოს სამართლიანი შემცირება.

ყოველივე აღნიშნულის და სასამართლოსათვის კანონით მონიჭებული უფლების-პირგასამტეხლოს შემცირების გათვალისწინებით, მიაჩნია, რომ სააღსრულებო ფურცლით გათვალისწნებული პირგასამტეხლო N3042269 სესხიდან გამომდინარე უნდა განახევრდეს და განისაზღვროს 3649.73 ლარით, ხოლო N3024270 სესხიდან გამომდინარე პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს 40 აშშ დოლარამდე.

 

სასამართლო ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე მართებულად მიიჩნევს ბანკის მიერ პირგასამტეხლოში ჩათვლილი 1200 ლარის შემცირებას 600 ლარით, რის გამოც N3042269 სესხის ძირი შემცირდეს 600 ლარის პროპორციულად და იგი უნდა განისაზღვროს 25684.98 ლარით, ნაცვლად 26784.98 ლარისა.

 

5.7. სს „საქართველოს ბანკის“ წარმომადგენელმა 2019 წლის 02 მაისის სხდომაზე განმარტა ბანკის სასარჩელო მოთხოვნა - სააღსრულებლო ფურცლით გათვალისწინებულ აღსასრულებელ ვალდებულებასა და ბანკის მოთხოვნას შორის სხვაობა მოითხოვა ზიანის სახით, მან მიუთითა საბანკო კრედიტის ხელშეკრულების ვადაზე, რომ იგი განისაზღვრა 2020 წლამდე და იმის გამო, რომ ვალდებულება შესრულდა არაჯეროვნად, ბანკმა დაკარგა მისაღები შემოსავლი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქარველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ამავე კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება, ხოლო 411-ე მუხლის მიხედვით, ზიანი უნდა ანაზრაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივი დამდგარი ქინებრივი დანაკლისისათვის არამედ მიუღებელი შემოსავლისათვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ ბანკის მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და N3042269 სესხიდან გამომდინარე იგი განისაზღვროს 4249.73 ლარით, ხოლო N3042270 სესხიდან გამომდინარე უნდა განისაზღვროს 40 აშშ დოლარით. ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში უდავოდაა დადგენილი, რომ მსესხებლის მხრიდან სესხის გადახდის ვალდებულება არ შესრულდა, შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების ნაწილში საფუძვლიანია იმდენად, რამდენადაც, ფული საბაზრო ეკონომიკის პირობებში წარმოადგენს ყველაზე ბრუნვაუნარიან საგანს, მისი ფლობა უპირობოდ იძლევა შემოსავლის მიღების პრეზუმფციას, ხოლო მოპასუხეების მხრიდან ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებით მოსარჩელემ დაკარგა შემოსავლის მიღების შესაძლებლობა, რომელსაც მისი ვარაუდით მიიღებდა ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. გარდა ამისა, სასამართლო აღნიშნავს, რომ ბანკს თავის საქმიანობიდან გამომდინარე რეალური შესაძლებლობა ექნებოდა ჯეროვნად შესრულებული ვალდებულებით (გადახდის გრაფიკით შეთანხმებულ ვადაში შესრულება) მიეღო დამატებითი სარგებელი.

 

ამდენად, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს, რომ მიუღებელი შემოსავლის სახით ბანკისათვის მიყენებული ზიანი თანაფარდობაშია მ----ა მ-------–---–-ს სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილისა, კერძოდ ძირი თანხის ნაწილში შემცირებული 600 ლარის და შემცირებული პირგასამტეხლოების (3649.73ლარი +40 აშშ დოლარი) თანხებისა.

 

შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მ----ა მ-------–---–-ს სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილი უნდა ჩაითვალოს სს "-----------–------ნკის" დაკმაყოფილებულ მოთხოვნაში და ნოტარიუს თ------ნ მ------–---–-ს მიერ 2017 წლის 15 აგვისტოს გაცემული №1-----655 სააღსრულებო ფურცელი სადავო ძირი თანხის (26284.98 ლარი) და მისაღები პირგასამტეხლოების (7299.46 ლარი და 78.41 აშშ დოლარი) ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სასამართლო კვლავ მიუთითებს, რომ სააღსრულებო ფურცლის გაცემა და მისი აღსასრულებლად წარდგენა ადასტურებს მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის შეწყვეტას და ამდენად, ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების საფუძველზე სს"-----------–--- ბანკის"სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოკლებულია ფაქტობრივ-სამართლებრივ დასაბუთებას.

 

5.8. რაც შეეხება მ----ა მ-------–---–-ს მოთხოვნას სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობას ქონების რეალიზაციის ნაწილში და ბანკის მოთხოვნას იპოთეკის საგნის რეალიზაციის შესახებ, სასამართლო აღნიშნულთან დაკავშირებით მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა). ამავე კოდექსის 301-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული და 302-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის გაყიდვა ხდება აუქციონზე კრედიტორისა და მესაკუთრის წერილობითი შეთანხმების საფუძველზე, რომლებიც აუქციონის ჩატარების მიზნით ნიშნავენ სპეციალისტს, მისივე თანხმობით. შეთანხმებით განისაზღვრება სპეციალისტის ანაზღაურება.

 

მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის 2015 წლის 09 სექტემბერს ფულადი ვალდებულების უზღუნველყოფის მიზნით გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება და იპოთეკით დაიტვირთა უძრავი ქინება, მდებარე: ქ. გ-----, რ-------ს ქ. N56ბ, ს/კ 66.45.2-.0-1. ხელშეკრულების მე-15 პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ იპოთეკის საგნის რეალიზაციის წესზე, საიდანაც ირკვევა, რომ იპოთეკარს უფლება აქვს მოთხოვნა დაიკმაყოფილოს ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. შესაბამისად მ----ა მ-------–---–-ს მოთხოვნა იპოთეკის საგნის რეალიზაციის ნაწილში სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობის შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს. ასევე არ უნდა დაკმაყოფილდეს ბანკის მოთხოვნა უძრავი ქონების რალიზაციის ნაწილში, ვინაიდან ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე უკვე დაწყებულია სააღსრულებო წარმოება და მ----ა მ-------–---–-ს შესასრულებელი ვალდებულებიდან ერთ-ერთ წარმოადგენს იპოთეკის საგნის რეალიზაცია დავალიანების დაფარვის მიზნით. აღნიშნული გარემოება დასტურდება სააღსრულებო ბიუროს NA17101178-004/001 წერილით (წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახე).

 

6. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. იმის გათვალისწინებით, რომ როგორც მ----ა მ-------–---–-ს, ისე სს "-----------–------ნკის" სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ამასთან ორივე სარჩელზე დაკმაყოფილებული მოთხოვნისა და სარჩელის დაუკმაყოფილებელი ნაწილის პროპორციულად, ორივე მხარის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხები უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტშ გადახდილად.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8; მე-3, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე, 1991-ე მუხლის პირველი ნაწილით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. მ----ა მ-------–---–-ს სარჩელი მოპასუხე სს „ს----------–--- ბანკის“ მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

1.1 ნოტარიუს თ------ნ მ------–---–-ს მიერ 2017 წლის 15 აგვისტოს გაცემულ სააღსრულებო ფურცლის (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი: №1-----655) მე-6 მუხლით განსაზღვრული აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობიდან მისაღები ძირი თანხა NGAI062585 საკრედიტო ხელშეკრულების შემადგენელი NSBI062687 იპოთეკური კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირი თანხა - 26284.98 ლარი შემცირდეს 600 ლარით და იგი განისაზღვროს 25 684.98 (ოცდახუთიათას ექვსას ოთხმოცდაოთხი ლარი და ოთხმოცდათვრამეტი თეთრი) ლარით, მისაღები პირგასამტეხლო -7 299.46 ლარი შემცირდეს (განახევრდეს) 3649.73 ლარით და მის ოდენობა განისაზღვროს 3 649.73 (სამიათას ექვსას ორმოცდაცხრა ლარი და სამოცდაცამეტი თეთრი) ლარით. შემცირდეს NGAI062585 ხელშეკრულების დანართი N3042270 ფარგლებში აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობიდან მისაღები პირგასამტეხლო და იგი განისაზღვროს 40(ორმოცი) აშშ დოლარით ნაცვლად 78.41 აშშ დოლარისა;

1.2 მ----ა მ-------–---–ს სასარჩელო მოთხოვნის დანარჩენ ნაწილში ეთქვას უარი;

2. სს „ს----------–--- ბანკის“ სარჩელი მ----ა მ-------–---–-ს მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ: მ----ა მ-------–---–ს სს „ს----------–--- ბანკის“ სასარგებლოდ მიუღებელი შემოსავლის სახით დაეკისროს 4249.73 (ოთხიათას ორას ორმოცდაცხრა ლარი და სამოცდაცამეტი თეთრი) ლარის და 40 (ორმოცი) აშშ დოლარის გადახდა.

2.1. სს „ს----------–--- ბანკის“ სასარჩელო მოთხოვნას დანარჩენ ნაწილში ეთქვას უარი;

 

3. ამ გადაწყვეტილების 1.1 პუნქტით გათვალისიწნებული მ----ა მ-------–---–-ს სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილი ჩაითვალოს ამავე გადაწყვეტილების მე-2 პუნქტით გათვალისიწნებული სს "-----------–------ნკის" დაკმაყოფილებულ მოთხოვნაში და ნოტარიუს თ------ნ მ------–---–-ს მიერ 2017 წლის 15 აგვისტოს გაცემული №1-----655 სააღსრულებო ფურცელი სადავო ძირი თანხის (26284.98 ლარი) და მისაღები პირგასამტეხლოების (7299.46 ლარი და 78.41 აშშ დოლარი) ნაწილში დარჩეს უცვლელი.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში (მდ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდ. გორი, ჯირბენაძის ქ. №30).

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გორის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ნინო შარაძე