გადაწყვეტილება

სამოქალაქო 11.11.2019
საქმის ნომერი
330210019002943175
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
11.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2/8042-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

27 ნოემბერი 2019 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თინათინ ეცადაშვილი

სხდომის მდივანი ნატო ხელაშვილი

მოსარჩელე თა-------------ე

წარმომადგენლები მე--–-----------–---ი, ხა-----------ა

მოპასუხე სს „სა---–--------------ა“

წარმომადგენლები ლე--------------ე, ირ---–-------------ი

დავის საგანი სარჩელის უზრუნველყოფით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება, საადვოკატო მომსახურებისთვის გადახდილი თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნები:

 

1.1. სს „სა---–--------------ას“, თა-------------ის სასარგებლოდ დაეკისროს ზიანის სახით 1828.17 ლარის 0.07% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2015 წლის 18 სექტემბრიდან 2018 წლის 21 ნოემბრამდე, რაც შეადგენს დღეში 1.27 ლარს, თვეში 38.39 ლარს, 38 თვეზე 1458 ლარს და 87 თეთრს.

 

1.2. სს „სა---–--------------ას“, თა-------------ის სასარგებლოდ დაეკისროს 2015 წლის 18 სექტემბრიდან 2018 წლის 21 ნოემბრამდე სასამართლოებში საადვოკატო მომსახურებისთვის გადახდილი ჰონორარი 450 ლარის ოდენობით.

 

სარჩელის საფუძვლები: სს „სა---–--------------ას“ სასამართლო გადაწყვეტილებით თამაზ ებანოძის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების გადახდა 1828.17 ლარის ოდენობით. აღნიშნულ საქმეზე მიღებული სააღსრულებო ფურცელი მოსარჩელემ წარადგინა აღსასრულებლად, რა დროსაც 2015 წლის 18 სექტემბრის განჩინებით ყადაღა დაედო თა-------------ისთვის მისაღებ თანხებს. 2015 წლიდან 2018 წლის 21 ნოემბრამდე მოსარჩელემ თანხა ვერ მიიღო მოპასუხის მხრიდან უსაფუძვლო დავების გამო, რაზეც სასამართლოს განჩინებით მას განემარტა, რომ თუ სარჩელის უზრუნველსაყოფად დაშვებული ღონისძიება გაუმართლებელი გამოდგა იმის გამო, რომ სარჩელს უარი ეთქვა და გადაწყვეტილება შევა კანონიერ ძალაში, იგი ვალდებული იქნება აუნაზღაუროს მეორე მხარეს ზარალი.

 

კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელის ზარალს წარმოადგენს დაყადაღებული თანხის 0.07% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ვინაიდან მოსარჩელემ ვერ გამოიყენა სახელფასო თანხა თავისი შეხედულებისამებრ. კერძოდ, თა-------------ეს თანხის მიღების მომენტისათვის გააჩნდა საბანკო დავალიანება, რომლის გადახდასაც გეგმავდა აღნიშნული თანხით.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეს უნდა დაეკისროს სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის 1828.17 ლარის 0.07%, რაც 2015 წლის 18 სექტემბრიდან 2018 წლის 21 ნოემბრამდე, 38 დღეში შეადგენს 1458.87 ლარს. აღნიშნულის გარდა, მასვე უნდა დაეკისროს მოპასუხის უსაფუძვლო სარჩელის წარმოებისას გაწეული ხარჯები, კერძოდ ადვოკატის ჰონორარი 450 ლარი, რაც წარმოადგენს მოსარჩელისთვის ზიანს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელს არ ცნობს უსაფუძვლობის გამო.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებით, თამაზ ებანოძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და სს „სა---–--------------ას“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2012 წლის 1 თებერვლიდან 2012 წლის 20 მარტამდე სახელფასო დავალიანება 415 ლარი. ასევე ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის დაყოვნებული თანხის 0.07% 2012 წლის თებერვლიდან 2014 წლის 27 თებერვლამდე.

 

სს „სა---–--------------ას“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2012 წლის 1 თებერვლიდან 2012 წლის 1 აპრილამდე სახელფასო დავალიანება 750 ლარი. ასევე ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის დაყოვნებული თანხის 0.07% 2012 წლის თებერვლიდან 2014 წლის 27 თებერვლამდე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- გადაწყვეტილება (ს.ფ 16-24)

3.1.2. დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდგომ ამავე სასამართლოს მიერ 2015 წლის 16 სექტემბერს გაცემული იქნა სააღსრულებო ფურცელი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სააღსრულებო ფურცელი (ს.ფ 14-15)

 

3.1.3. 2015 წლის 21 სექტემბერს თამაზ ებანოიძემ თბილისის სააღსულებო ბიუროს წარუდგინა კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება და სააღსრულებო ფურცელი იძულებითი აღსრულების მიზნით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- განცხადება (ს.ფ 25)

 

3.1.4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 18 სექტემბრის განჩინებით, სს „სა---–--------------ას“ შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა დაედო მოპასუხე თა-------------ის (პირადი №01012016955) - ა) თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 14 ივლისის №2ბ/238-15 გადაწყვეტილებით თა-------------ის სასარგებლოდ სს ''ელ--------------ისათვის'' დაკისრებული სახელფასო დავალიანების 415 ლარის და მასზე ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის დაყოვნებული თანხის 0.07%-ის 2012 წლის თებერვლიდან 2014 წლის 27 თებერვლამდე; ბ) თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 14 ივლისის №2ბ/238-15 გადაწყვეტილებით თა-------------ის სასარგებლოდ სს ''ელ--------------ისათვის'' დაკისრებული სახელფასო დავალიანების 750 ლარის და მასზე ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის დაყოვნებული თანხის 0.07%-ის 2012 წლის თებერვლიდან 2014 წლის 27 თებერვლამდე - მოთხოვნის უფლებას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- განჩინება (ს.ფ 32-36)

 

3.1.5. უდავო გარემოებაა, რომ თა-------------ემ 2015 წლის 18 სექტემბრის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ არ გაასაჩივრა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მოსარჩელის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება (20.11.2019 წ, სხდომის ოქმი, 15:21:48წთ)

 

3.1.6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, სს ,,სა---–--------------ას” სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხე თა-------------ეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 4 669 ლარის გადახდა;

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, გაუქმდა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება და სს ,,სა---–--------------ას” სარჩელი თამაზ ებანოძის მიმართ არ დაკმაყოფილდა.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით, სს ,,სა---–--------------ას” საკასაციო საჩივარი როგორც დაუშვებელი დარჩა განუხილველი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- გადაწყვეტილება (ს.ფ 39-53)

- განჩინება (ს.ფ 54)

 

3.1.7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდგომ, 2018 წლის 16 ნოემბერს გაიცა სააღსრულებო ფურცელი, რომლის მიხედვით, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 18 სექტემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და ყადაღა მოეხსნა მოპასუხე თა-------------ის (პირადი №01012016955) - ა) თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 14 ივლისის №2ბ/238-15 გადაწყვეტილებით თა-------------ის სასარგებლოდ სს ''ელ--------------ისათვის'' დაკისრებული სახელფასო დავალიანების 415 ლარის და მასზე ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის დაყოვნებული თანხის 0.07%-ის 2012 წლის თებერვლიდან 2014 წლის 27 თებერვლამდე; ბ) თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 14 ივლისის №2ბ/238-15 გადაწყვეტილებით თა-------------ის სასარგებლოდ სს ''ელ--------------ისათვის'' დაკისრებული სახელფასო დავალიანების 750 ლარის და მასზე ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის დაყოვნებული თანხის 0.07%-ის 2012 წლის თებერვლიდან 2014 წლის 27 თებერვლამდე - მოთხოვნის უფლებას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სააღსრულებო ფურცელი (ს.ფ 37-38)

 

3.1.8. დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება აღსრულდა 2018 წლის 21 ნოემბერს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- განცხადების მიღების ბარათი (ს.ფ 56)

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი საფუძვლიანობის შესწავლის შედეგად სასამართლო მიიჩნევს, რომ თა-------------ის სასარჩელო მოთხოვნები არ უნდა დაკმაყოფილდეს;

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

საქართველოს კონსტიტუცია;

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1. სასამართლო შენიშნავს, რომ მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის უფლება განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შიდა საკანონმდებლო აქტებით. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით აღიარებულია რა, სასამართლო წესით უფლების დაცვის საყოველთაო პრინციპი, მისი კონკრეტული რეალიზაცია ასახულია საპროცესო კანონმდებლობაში. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის შესაბამისად, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ მიიჩნია რა თავისი უფლება დარღვეულად და აღნიშნული უფლების დაცვის მიზნით, სარჩელით მომართა სასამართლოს.

 

სამართლიანი სასამართლო განხილვის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპი განმტკიცებულია ასევე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით (სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება). ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო ყოველთვის ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეროვნულმა ხელისუფლებამ თითოეულ საქმეზე უნდა უზრუნველყოს კონვენციის მნიშვნელობის ფარგლებში ,,სამართლიანი სასამართლოს’’ მოთხოვნების დაცულობა (Dombo Beheer B.V. v. the Netherlands, 27 ოქტომბერი 1993, § 33). სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება უნდა იყოს „პრაქტიკული და ეფექტიანი“ (Bellet v. France, 4 დეკემბერი 1995, §38).

 

სასამართლო შენიშნავს, რომ უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა საქართველოს კანონმდებლობით ერთმნიშვნელოვნადაა გარანტირებული და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლით გათვალისწინებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაც სასამართლოსადმი მიმართვის კონსტიტუციური პრინციპის სამოქალაქო სამართლებრივ სფეროში რეალიზების ერთ ერთ ელემენტს წარმოადგენს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლის 3-ე ნაწილის დანაწესით თუ სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიება გაუმართლებელი გამოდგა იმის გამო, რომ მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელზე და გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში, ანდა იმის გამო, რომ სასამართლომ ამ კოდექსის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად გააუქმა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, მაშინ ის მხარე, რომლის სასარგებლოდაც მოხდა უზრუნველყოფა, ვალდებულია აუნაზღაუროს მეორე მხარეს ზარალი, რომელიც მას მიადგა სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიების შედეგად.

 

საკასაციო სასამართლომ ერთ-ერთ საქმეში აღნიშნა, რომ ზოგადად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებამ, მით უმეტეს, თუ ასეთი ღონისძიებით იზღუდება მოპასუხის უფლებამოსილება განკარგოს თავისი ქონება ან ფულადი სახსრები (ყადაღა), შეიძლება მოპასუხეს გარკვეული ზიანი მიაყენოს. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებით მიყენებული ზარალის (ზიანის) ანაზღაურების უზრუნველყოფა, ემსახურება მოპასუხის ინტერესს და წამოადგენს იმის გარანტიას, რომ იმ შემთხვევაში, თუ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გაუმართლებელი გამოდგა, მოხდება მოპასუხის უფლების შეზღუდვით გამოწვეული ზარალის (ზიანის) ანაზღაურება (ბოელინგი ჰ.,/ ჭანტურია ლ., სამოქალაქო საქმეებზე სასამართლო გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2004, 142.).

 

სსსკ-ის 199-ე მუხლის პირველის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით მოპასუხეს შეიძლება მიადგეს ზარალი, მას შეუძლია გამოიყენოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და იმავდროულად მოსთხოვოს პირს, რომელმაც მიმართა სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, მეორე მხარისათვის მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა. უზრუნველყოფის გარანტია სასამართლომ შეიძლება ასევე გამოიყენოს მოწინააღმდეგე მხარის განცხადების საფუძველზე (სუს 2015 წლის 6 თებერვლის განჩინება №ას-114-102015).

 

მაშასადამე, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულია, რომ თუ მოსარჩელე მოითხოვს სარჩელის უზრუნველყოფას, მოპასუხეს შეუძლია მოითხოვოს სარჩელის უზრუნველყოფით მისთვის მოსალოდნელი ზიანის არა ანაზღაურება, არამედ ანაზღაურების უზრუნველყოფა.

 

სსსკ-ის 199-ე მუხლი ითვალისწინებს მოპასუხის ინტერესების დაცვის ორ ერთმანეთთან დაკავშირებულ სამართლებრივ საშუალებას: ა) მოსარჩელის მიერ იმ ზარალის ანაზღაურება, რომელიც მიადგა მოპასუხეს სარჩელის უზრუნველყოფით. აღნიშნული მოთხოვნის უფლება მოპასუხეს გააჩნია ისეთი ფაქტობრივი გარემოებების არსებობისას, როგორიცაა, სასამართლოს მიერ სარჩელის არდაკმაყოფილება (ან ჯერარაღძრული სარჩელის უზრუნველყოფისას, სარჩელის შეუტანლობა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, რის გამოც, უზრუნველყოფის ღონისძიება გაუქმდა) და სარჩელის უზრუნველყოფით მოპასუხისათვის ზიანის მიყენება (რომლის არსებობაც და ოდენობაც უნდა ამტკიცოს მოპასუხემ). ბ) მოპასუხისათვის მოსალოდნელი ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც იმაში გამოიხატება, რომ თუ მოსარჩელე მოითხოვს სარჩელის უზრუნველყოფას, მოპასუხეს შეუძლია მოითხოვოს სარჩელის უზრუნველყოფით მისთვის მოსალოდნელი ზიანის არა ანაზღაურება, არამედ ანაზღაურების უზრუნველყოფა. ასეთ ვითარებას შეიძლება ვუწოდოთ საპასუხო უზრუნველყოფა, რომელიც უნდა განხორციელდეს სსსკ-ის 57-ე მუხლით დადგენილი წესით (ლილუაშვილი თ., სამოქალაქო საპროცესო სამართალი (მეორე გამოცემა), თბ., 2005, 304). მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემსახურება მოპასუხის უფლებების დაცვას (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე: N2/6/746).

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტით უზრუნველყოფილია მოსარჩელის ინტერესების დაცვა, ხოლო უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელებით მიყენებული ზიანის ანაზღაურებით კი - მოპასუხის ინტერესების დაცვა. მართალია, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლი ითვალისწინებს სარჩელის უზრუნველყოფით გამოწვეული ზარალის ანაზღაურებას, თუმცა ამისათვის სასამართლო უნდა დარწმუნდეს ასეთი ზარალის წარმოშობის რეალურობაში.

 

სასამართლო დასკვნის სახით მიუთითებს, რომ სსსკ-ის 199-ე მუხლის პირველი ნაწილის დებულება წარმოადგენს მოპასუხის ინტერესების დაცვის მექანიზმს და მიმართულია იმისკენ, რომ სარჩელის უზრუნველყოფის უმართებულობის შემთხვევაში, სათანადოდ იყოს უზრუნველყოფილი მოპასუხის უფლებები, რათა მას დაუსაბუთელად არ მიადგეს სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენებული ღონისძიების შედეგად ზიანი.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ზიანის ანაზღაურების საფუძვლად ასახელებს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას და ამ ღონისძიების შესაბამისად ფულადი მასის განკარგვასთან დაკავშირებით დაწესებულ შეზღუდვებს.

 

საყურადღებოა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლის დანაწესი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების კონკრეტულ წინაპირობებს არ შეიცავს და სასამართლოს მოსაზრებით სასარჩელო მოთხოვნის დასაბუთების შემოწმების მიზნით უნდა ვიხელმძღვანელოთ მატერიალური სამართლის ანუ სამოქალაქო კოდექსის სათანადო ნორმებით.

 

სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრულია როგორც სახელშეკრულებო ისე არასახელშეკრულებო (დელიქტური) ურთიერთობის ფარგლებში მიყენებული ზიანის ანაზღაურებისთვის სავალდებულო წინაპირობები. ზიანის ანაზღაურების შესახებ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი გარემოებები: მართლსაწინააღმდეგო მოქმედება; დამდგარი ზიანი; მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა (ზიანს) და მართლსაწინააღმდეგო მოქმედებას შორის; ზიანის მიმყენებელის მოქმედება უნდა შეიცავდეს სამოქალაქოსამართლებრივი ბრალეულობის ნიშნებს.

 

სარჩელში დასახელებული გარემოებების მტკიცების ტვირთი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის დანაწესით ეკისრება მოსარჩელეს. აქედან გამომდინარე, მოსარჩელის მტკიცების საგანში შედის იმ გარემოების დადასტურებაც, რომ მას საბანკო დაწესებულების მიმართ გააჩნია ფინანსური ვალდებულება, თუმცა 2015 წლის 18 სექტემბრის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების შედეგად მან ვერ შეძლო სესხის დროული დაფარვა.

 

მანვე უნდა ამტკიცოს, რომ სახეზეა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის უმთავრესი წინაპირობა - ზიანის მიყენების ფაქტი. განსახილველ შემთხვევაში საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულება არ მიუთითებს განცდილი ზიანის არსებობას. სასამართლოს მოსაზრებით მოპასუხე მოქმედებდა საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული სასამართლოსადმი დაუბრკოლებლად მიმართვის ფარგლებში და აქედან გამომდინარე მისი ქმედება მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ხასიათის ნიშნებს არ შეიცავს.

 

სასამართლოს დასკვნით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლის 3-ე ნაწილის საფუძველზე აღძრულ სასარჩელო განცხადებაში მკაფიოდ უნდა იყოს დასაბუთებული, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ერთადერთ, მათავარ მიზანს წარმოადგენდა არა სამომავლოდ მისაღები გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა, არამედ მოპასუხეს ამოძრავებდა მართლსაწინააღმდეგო მიზანი - სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მეშვეობით თა-------------ისათვის მიეყენებინა ზიანი.

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, რომ სწორედ ზემოაღნიშნული მახასიათებლით უნდა გაიმიჯნოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლის ავტორის რეალური მიზანია სამომავლოდ აღსაძრავი სარჩელის აღსრულების დაცვა იმ სახის მოთხოვნებისგან სადაც არაკეთილსინდისიერი მხარე საპროცესო ინსტრუმენტს იყენებს მოწინააღმდეგისთვის ზიანის მისაყენებლად.

 

მოცემულ შემთხვევაში სასარჩელო განცხადება მოპასუხის მოქმედების ცალსახად მართლსაწინააღმდეგოს შეფასებისთვის საკმარის მაკვალიფიცირებელ გარემოებებს არ შეიცავს და სასამართლოს მოსაზრებით განსაზღვრული საკითხის დადასტურება მოსარჩელე მხარემ ვერ შეძლო. სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ სასამართლო გადაწყვეტილება აღსრულდა საერთო ხანდაზმულობის ვადებში (10 წელი) მოსარჩელის სასარგებლოდ და მას ამ მიმართულებითაც არ მისდგომია რაიმე სახის ზიანი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით თა-------------ის სასარჩელო მოთხოვნები მოკლებულია როგორც ფაქტობრივ ისე სამართლებრივ არგუმენტაციას და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.2. განსახილველი დავის ფარგლებში სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს მოპასუხისთვის მოსარჩელის მიერ გაწეული საადვოკატო ჰონორარის დაკისრება. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ მოპასუხეს უნდა დაეკისროს მის მიერ უსაფუძვლო სარჩელის წარმოებისას გაწეული ხარჯები, კერძოდ ადვოკატის ჰონორარი 450 ლარი.

 

შესაბამისად, სასამართლომ უნდა გამოარკვიოს დასაშვებია თუ არა დამოუკიდებელი სარჩელით იმ საპროცესო ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნა, რომელიც მოგებულმა მხარემ გასწია სხვა სარჩელზე საქმის წარმოებისას.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ დასმულ კითხვებზე პასუხის გასაცემად საჭიროა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის იმ ნორმათა სისტემური ანალიზი, რომლებიც პროცესის ხარჯებს შეეხება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის V თავი ეძღვნება პროცესის ხარჯებს. კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. იმავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით განმარტებულია, თუ რას შეადგენს თითოეული მათგანი. კერძოდ, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

სახელმწიფო ბაჟი წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტში სავალდებულო შესატანს. რაც შეეხება საქმის განხილვასთან დაკავშირებულ ხარჯებს, მათი ამომწურავი ჩამონათვალი მოცემულია საპროცესო კოდექსის 44-ე მუხლში, რომლის თანახმადაც, საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯებია: მოწმეების, სპეციალისტებისა და ექსპერტებისათვის მისაცემი თანხები; თარჯიმნად მოწვეული პირებისათვის მისაცემი თანხები; ადგილობრივ დათვალიერებებზე გაწეული ხარჯები; სასამართლოს დავალებით ფაქტების კონსტატაციაზე გაწეული ხარჯები; მოპასუხის მოძებნის ხარჯები; სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებული ხარჯები; ადვოკატისათვის სახელმწიფო სალაროდან გადახდილი თანხები; სპეციალურ საექსპერტო დაწესებულებაში სასამართლო ექსპერტიზის ჩატარების ხარჯები. ამდენად, მითითებული მუხლის ანალიზის საფუძველზე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები მოიცავს იმ პირებისათვის ასანაზღაურებელ ხარჯებს, რომლებიც დახმარებას უწევენ სასამართლოს (მოწმეები, სპეციალისტები, ექსპერტები, თარჯიმნები და ა.შ.).

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოგებული მხარის სასარგებლოდ წაგებული მხარისათვის პროცესის ხარჯების დაკისრების სამართლებრივი საფუძვლები მოცემულია საპროცესო კოდექსის 53-ე და 54-ე მუხლებში. ზოგადი პრინციპი ასეთია _ იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ საპროცესო კანონმდებლობა პროცესის ხარჯების საკითხის განხილვის თაობაზე რაიმე სპეციალური წარმოების სახეს არ იცნობს, გარდა კოდექსის 261-ე მუხლით დადგენილი შემთხვევებისა. ამასთან, სასამართლოს ყოველთვის შეუძლია გამოიტანოს გადაწყვეტილება პროცესის ხარჯების თაობაზე, თუკი ამას მხარეები მოითხოვენ და დაადასტურებენ სათანადო მტკიცებულებებით. სასამართლოსთვის მინიჭებული ამგვარი ლეგიტიმური უფლება გამომდინარეობს საპროცესო კოდექსის 249-ე მუხლის მე-5 ნაწილის დებულებიდან, რომლის მიხედვითაც, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი უნდა შეიცავდეს სასამართლოს მითითებას სასამართლო ხარჯების განაწილების თაობაზე. საპროცესო ხარჯების განაწილება მხარეთა შორის ხდება თითოეულ ინსტანციის სასამართლოში ცალ-ცალკე და იმის მიხედვით, თუ როგორ შეცვლის ზემდგომი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილებას, ამას მოჰყვება პროცესის ხარჯების განაწილების ცვლილებაც.

 

ამდენად, სასამართლოს შეფასებით, ვინაიდან არსებობს დავის გადაწყვეტასთან ერთად იმავე დავაზე გაწეული ხარჯების დაბრუნების სამართლებრივი მექანიზმი, ხოლო საპროცესო კანონი სპეციალურ რეგულაციას არ იცნობს, მხარეებმა პროცესის ხარჯების დაბრუნების (მეორე მხარისათვის მათ სასარგებლოდ დაკისრება) შესახებ უნდა მიუთითონ ძირითად სასარჩელო მოთხოვნასთან ერთად, წინააღმდეგ შემთხვევაში, ივარაუდება, რომ მათ პრეტენზია პროცესის ხარჯებთან დაკავშირებით არ გააჩნიათ. ამასთან, მხარეებს არ უნდა შეეზღუდოთ პროცესის ხარჯების მოთხოვნის უფლება საქმის მომზადების დასრულების შემდგომ, ან საქმის ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში განხილვის ეტაპზე, თუკი ხარჯების საკითხი სწორედ საქმის განხილვის ამ სტადიაზე წარმოიშვა და მანამდე მხარისთვის ამ ფაქტის შესახებ ობიექტურად ცნობილი ვერ იქნებოდა.

 

რაც შეეხება საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლით დადგენილ პროცედურებს (დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა), სასამართლო განმარტავს, რომ მითითებული მუხლი ითვალისწინებს ისეთი ხარვეზის აღმოფხვრის მექანიზმებს, როდესაც მართალია მხარემ მოითხოვა პროცესის ხარჯების დაბრუნება სასამართლოსაგან, მაგრამ სასამართლოს თავისი მიზეზით გამორჩა მხედველობიდან ამ საკითხის გადაწყვეტა (261.1 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი). გასათვალისწინებელია, რომ დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხის დასმა ვადითაა შეზღუდული, კერძოდ, 261-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი შეიძლება დაისვას გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 7 დღის განმავლობაში. ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება.

 

პროცესის ხარჯების განაწილების თაობაზე მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების წესის გარდა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს ხსენებული საკითხის გადაწყვეტის კიდევ ერთ მექანიზმს, რომელიც მოცემულია ამავე კოდექსის 261-ე მუხლში (დამატებითი გადაწყვეტილება). მითითებული მუხლის ანალიზი ცხადყოფს, რომ დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა, სასამართლოს მიერ ხარვეზით გამოტანილი გადაწყვეტილების გამოსწორების საშუალებაა, კერძოდ, თუ სასამართლომ ძირითადი გადაწყვეტილებით არ გადაწყვიტა სასამართლო ხარჯების საკითხი, მას შეუძლია, ეს ხარვეზი გამოასწოროს დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანით. დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის ინიციატივა შეიძლება, მომდინარეობდეს როგორც სასამართლოს, ასევე - დაინტერესებული მხარისაგან. ამდენად, დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საპროცესო მექანიზმის არსებობა შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, გამოასწოროს მის მიერ დაშვებული ხარვეზი, როგორც თავისი ინიციატივით, ასევე, მხარეთა თხოვნით.

 

ნათელია, რომ საპროცესო კანონმდებლობა ზუსტად და ამომწურავად განსაზღვრავს პროცესის ხარჯების განაწილებასთან დაკავშირებულ საკითხებს, შესაბამისად, დაინტერესებულ მხარეს აქვს სრული შესაძლებლობა, ისარგებლოს ზემოხსენებული საპროცესო მექანიზმებით და მოითხოვოს საქმის განხილვასთან დაკავშირებით მის მიერ გაწეული პროცესის ხარჯების ანაზღაურება. იმ შემთხვევაში, თუ მხარე არ ისარგებლებს ზემოაღნიშნული შესაძლებლობით, იგი კარგავს პროცესის ხარჯების ანზღაურების მოთხოვნის უფლებას, ვინაიდან ასეთ მოთხოვნას მატერიალურ-სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია და იგი არ შეიძლება იყოს დამოუკიდებელი სარჩელის დავის საგანი.

 

ზემოთ მოყვანილ ნორმათა ანალიზი იძლევა ცალსახა დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას იმის თაობაზე, რომ მხარე საპროცესო კანონმდებლობით საკმარისად არის დაცული, რათა მან პროცესის მოგების შემთხვევაში დაიბრუნოს მის მიერ გაწეული ხარჯები და აღდგეს პირვანდელ მდგომარეობაში, შესაბამისად, დავის გადაწყვეტისას ამ უფლების რეალიზაციაზე უარის თქმა მხარეს ართმევს უფლებას აღძრას დამოუკიდებელი სარჩელი სხვა დავაზე გაწეულ ხარჯებთან დაკავშირებით.

 

ამდენად სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს თა-------------ის აღნიშნული მოთხოვნის ნაწილშიც სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადებით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შედეგად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

8.1. საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. თა-------------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია წინასწარ.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე თინათინ ეცადაშვილი