გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 12.12.2019
საქმის ნომერი
060310019003176801
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
12.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 060310019003176801

№3/74-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

12 დეკემბერი, 2019 წელი ქ . სამტრედია

შესავალი ნაწილი

სამტრედიის რაიონული სასამართლო

მოსამართლე მურთაზ კაპანაძე

სხდომის მდივანი ანა გაბრიჭიძე

მოსარჩელე – გ--------------ე

წარმომადგენელი - რ---------------–--–--ა

მოპასუხე - ქ-------------–----–--------------ა

წარმომადგენელი - ნ-----------–-----ე

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა.

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ვ----------–----–--------------ს 2019 წლის 6 აგვისტოს N2----- ბრძანება მოქალაქე გ--------------ისათვის მშენებლობა შეჩერებულ ობიექტზე, თვითნებურად მშენებლობის გაგრძელების გამო, ჯარიმის დაკისრების შესახებ;

 

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი ვ----------–----–--------------ის 2019 წლის 10 სექტემბრის N2------ ბრძანება მოქალაქე გ--------------ისათვის მშენებლობა შეჩერებულ ობიექტზე, თვითნებურად მშენებლობის გაგრძელების გამო, ჯარიმის გადაუხდელობისათვის საურავის დაკისრების შესახებ;

 

მოსარჩელის განმარტებით, გ--------------ე ვ----------–----–--------------ის მიერ მისთვის მიცემული მშენებლობის ნებართვის საფუძველზე აწარმოებდა მშენებლობას. 2019 წლის 06 აგვისტოს გ--------------ის მიმართ გამოტანილი იქნა ბრძანება დაჯარიმების შესახებ თვითნებურად მშენებლობის გაგრძელების შესახებ, საიდანაც ირკვევა, რომ თითქოს გ--------------ეს შეჩერებული ჰქონდა სამშენებლო სამუშაოები. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ბრძანება ჯარიმის დაკისრების თაობაზე არის უსაფუძვლო, ვინაიდან მშენებლობის შეჩერების თაობაზე ადმინისტრაციულ ორგანოს არანაირი ადმინისტრაციული აქტი არ აქვს გამოცემული, რის გამოც იგი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი. ზემოაღნიშნული ბრძანების საფუძველზე ვ----------–----–--------------ის მიერ გამოცემული იქნა ბრძანება საურავის დაკისრების თაობაზე, მაშინ, როცა მხარეს გასაჩივრებული ჰქონდა ჯარიმის დაკისრების თაობაზე ვ----------–----–--------------ს 2019 წლის 06 აგვისტოს N2----- ბრძანება, რის გამოც მოსარჩელე მოითხოვს ბათილად იქნეს ცნობილი ასევე ვ----------–----–--------------ს 2019 წლის 10 სექტემბრის N2------ ბრძანებაც.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე ქ-------------–----–--------------ის წარმომადგენელი არ დაეთანხმა სარჩელს და განმარტა, რომ მოპასუხე მხარის მიერ ბრძანებები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის საფუძველი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. დადგენილია, რომ ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ 2017 წლის 6 ოქტომბერს გ--------------ეს მიეცა კომერციული დანიშნულების ობიექტის მშენებლობის ნებართვა, რომლის საფუძველზეც გ--------------ე აწარმოებდა მშენებლობას ქ. ვანში თ-------------------ში საკადასტრო კოდი 3--0--.------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მშენებლობის სანებართვო მოწმობა N2-, გაცემული 06.10.2017 წელს;

 

3.1.2. ვ----------–----–--------------ს მიერ 2019 წლის 28 მაისის წერილით მოქალაქე გ--------------ეს მიეცა შემდეგი მითითება: შეჩერებული იქნეს ქ. ვანში თ-------------------ში მშენებარე ობიექტის საამშენებლო სამუშაოები(მშენებლობის ნებართვა N2- 06/10/17წ) და დროულად იქნეს უზრუნველყოფილი მშენებარე ობიექტისა და გ--------------ის საკუთრებაში არსებული საამშენებლო მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემების, ფიზიკური პარამეტრების შესაბამისობაში მოყვანა. წინააღმდეგ შემთხვევაში გატარებული იქნება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ღონისძიებები. საფუძველი: ვ----------–----–---------------ში შემოსული განცხადების საფუძველზე მერიის სპეციალისტების მიერ ჩატარდა ქ, ვანში თ----------------------ში მშენებარე ობიექტის აზომვითი სამუშაოები, რომლის დროსაც გამოიკვეთა, რომ მშენებარე ობიექტის კონტურები ცდება გ--------------ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემებს 30-40 სმ-ით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ვ----------–----–--------------ს 2019 წლის 28 მაისის N2------ წერილი;

 

3.1.3. 2019 წლის 31 ივლისს შედგენილი შემოწმების აქტით დადგინდა, რომ გ--------------ემ არ შეასრულა მითითება და აგრძელებდა მშენებლობას, ხოლო მეორე დღეს შედგა სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, ზედამხედველობის სამსახურის უნებართვო საქმიანობისა და მოსაკრებლების განყოფილების უფროსი და ამავე სამსახურის სპეციალისტები, ასევე - გ--------------ე. სხდომამ მიიღო გადაწყვეტილება სამართალდამრღვევის მიმართ გატარდეს საჯარიმო სანქცია პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 43-ე მუხლის „ბ“ პუნქტის შესაბამისად, რაც გულისხმობს უნებართვო მშენებლობას, მუნიციპალიტეტის დასახლებაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

2019 წლის 31 ივლისს შედგენილი შემოწმების აქტი და 01 აგვისტოს სხდომის ოქმი

 

3.1.4. 2019 წლის 06 აგვისტოს გამოიცა ბრძანება N2----- მოქალაქე გ--------------ისათვის მშენებლობა შეჩერებულ ობიექტზე, თვითნებურად მშენებლობის გაგრძელების გამო, ჯარიმის დაკისრების შესახებ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2019 წლის 06 აგვისტოს ბრძანება N2-----;

 

3.1.5. დადგენილია, რომ ვ----------–----–--------------ის მიერ 2019 წლის 10 სექტემბერს გამოიცა N2------ ბრძანება მოქალაქე გ--------------ისათვის მშენებლობა შეჩერებულ ობიექტზე, თვითნებურად მშენებლობის გაგრძელების გამო, ჯარიმის გადაუხდელობისათვის საურავის დაკისრების შესახებ;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2019 წლის 10 სექტემბრის N2------ ბრძანება;

 

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მოცემულ შემთხვევაში სადავოს წარმოადგენს ის გარემოება, ვ----------–----–--------------ის მიერ მოქალაქე გ--------------ისათვის მშენებლობა შეჩერებულ ობიექტზე მშენებლობის გაგრძელების გამო ჯარიმის დაკისრების შესახებ ბრძანების გამოცემის დროისათვის მოსარჩელეს რამდენად კანონიერად და რის საფუძველზე ჰქონდა შეჩერებული მშენებლობა.

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარის ახსნა-განმარტების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გ--------------ის მიერ აღძრული სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ:

 

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

6.3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17.1 მუხლის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია, წარადგინოს წერილობითი პასუხი(შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამასთან, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.

 

6.4. დასახელებული ნორმის საფუძველზე სწორედ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოა ვალდებული დაამტკიცოს, რომ ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე და მისი გამოცემით არ დარღვეულა მოსარჩელის კანონიერი უფლებები, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონის ეს მოთხოვნა ათავისუფლებს მოსარჩელეს მტკიცების ტვირთისგან, რომ სადავო აქტი ითვლება არამართლზომიერად იქამდე, ვიდრე მისი გამომცემი არ დაამტკიცებს მის მართლზომიერებას.

 

6.5. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53.5 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებსა ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული. ამავე კოდექსის 97-ე მუხლით, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოითხოვოს დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. აღნიშნული ნორმის განმარტებიდან ჩანს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ყოველმხრივ უნდა გამოიკვლიოს, სწორად შეაფასოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.

 

6.6. განსახილველ შემთხვევაში, 2019 წლის 09 სექტემბერს სამტრედიის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მომართა გ--------------ემ ვ----------–----–--------------ის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა - ბათილად იქნეს ცნობილი ვ----------–----–--------------ს 2019 წლის 06 აგვისტოს N2----- ბრძანება, რომლის თანახმად გ--------------ე მშენებლობაშეჩერებულ ობიექტზე თვითნებურად მშენებლობის გაგრძელების გამო დაჯარიმდა 500 (ხუთასი) ლარით.

 

6.7. ბრძანების გამოცემისას ვანის მუნიციპალიტეტის მერმა იხელმძღვანელა პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 51-ე მუხლის „გ“ პუნქტით, რომლის თანახმად „მშენებლობის შეჩერების შესახებ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს დადგენილების შეუსრულებლობა მუნიციპალიტეტის დასახლებაში – ქალაქში, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული ტერიტორიისა, გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარით“.

 

6.8. პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის მე-15 მუხლის „ი“ პუნქტის თანახმად სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოებია საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი დაწესებულებების სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის უფლებამოსილი ორგანოები;

 

6.9. ამავე კანონის 25-ე მუხლის მე-2 ნაწილში მითითებულია, რომ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 2--ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

 

6.10. ამავე კანონის მე-15 მუხლის „ღ“ პუნქტის თანახმად მითითება არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ სამშენებლო საქმიანობაზე დამრღვევის მიმართ გაცემული შენიშვნა შეუსაბამობაზე და მოთხოვნა, რომელიც განსაზღვრავს გონივრულ ვადას, რომელშიც დამრღვევმა უნდა შეასრულოს მითითებაში მოცემული პირობები სამშენებლო სამართალდარღვევის გამოსასწორებლად“.

 

6.11. კანონის ზემოაღნიშნული დანაწესიდან და მოპასუხის შესაგებელში დაფიქსირებული პოზიციიდან გამომდინარე, ვ----------–----–--------------ს 2019 წლის 28 მაისის 2------ წერილი, რომლითაც მერი მოქალაქე გ--------------ისაგან ითხოვს მშენებლობის შეჩერებას იმ მოტივით, რომ მშენებარე ობიექტის კონტურები 30-40 სმ-ით სცდება მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის საკადასტო მონაცემებს და ავალებს ამ დარღვევის გამოსწორებას, წარმოადგენს სწორედ პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ მითითებას. თუმცა, მითითებაში არ არის განსაზღვრული გონივრული ვადა სამშენებლო სამართალდარღვევის გამოსასწორებლად, რითაც ირღვევა კანონის მოთხოვნა.

 

6.12. პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად „მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, კერძოდ: ა) მითითება შესრულდა;ბ) მითითება არ შესრულდა; გ) მითითება არადროულად სრულდება“.

 

6.13. მოცემულ შემთხვევაში, 2019 წლის 31 ივლისს შედგენილი შემოწმების აქტით დადგინდა, რომ გ--------------ემ არ შეასრულა მითითება და აგრძელებდა მშენებლობას, ხოლო მეორე დღეს შედგა სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, ზედამხედველობის სამსახურის უნებართვო საქმიანობისა და მოსაკრებლების განყოფილების უფროსი და ამავე სამსახურის სპეციალისტები, ასევე გ--------------ე. სხდომამ მიიღო გადაწყვეტილება სამართალდამრღვევის მიმართ გატარდეს საჯარიმო სანქცია პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 43-ე მუხლის „ბ“ პუნქტის შესაბამისად, რაც გულისხმობს უნებართვო მშენებლობას, მუნიციპალიტეტის დასახლებაში.

 

6.14. ასეთ შემთხვევაში პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლის მე-9 ნაწილში მითებულია შემდეგი: „თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას:

ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ;

ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე უნებართვო მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ;

გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ“.

 

6.15. ამასთან, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად „თუ მშენებარე ობიექტზე არსებული დარღვევების გამოსწორება შეუძლებელია მშენებლობის შეჩერების გარეშე, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას მშენებლობის შეჩერების შესახებ. დადგენილების მიღების შემდეგ ეს ორგანო უფლებამოსილია გასცეს მითითება დარღვევების გამოსწორების შესახებ“. ამავე მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად კი „შემოწმების აქტის შედგენიდან 2 თვის ვადაში სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის ორგანო ვალდებულია სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე მიიღოს დადგენილება“, ხოლო მე-14 ნაწილის თანახმად „ამ თავით გათვალისწინებულ ვადაში დადგენილების მიუღებლობის შემთხვევაში დამრღვევი თავისუფლდება ამ კოდექსით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდის ვალდებულებისაგან. ასეთ შემთხვევაში სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილია მიიღოს დადგენილება მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ“.

 

6.16. მოცემული კანონის მე-17 და 22-ე მუხლების თანახმად აღნიშნული დადგენილება (მშენებლობის შეჩერების შესახებ) მიღებიდან 24 საათის განმავლობაში უნდა გაეცნოს დადგენილებაში მითითებულ მხარეს და ის შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გაცნობიდან 15 დღის განმავლობაში“.

 

6.17. განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციულმა ორგანომ, ვანის მუნიციპალიტეტის მერმა მხედველობაში მიიღო რა იურიდიული განყოფილების სპეციალისტის რეკომენდაცია იმის შესახებ, რომ ზედამხედველობის სამსახურის გადაწყვეტილება გ--------------ის პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 43-ე მუხლის „ბ“ პუნქტით დაჯარიმების შესახებ(უნებართვო მშენებლობა მუნიციპალიტეტის დასახლებაში) არ შეესაბამებოდა გ. ძაგნიძის მიერ ჩადენილ ქმედებას, 2019 წლის 6 აგვისტოს გამოსცა N2---- ბრძანება პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 51-ე მუხლის „გ“ პუნქტის საფუძველზე და გ--------------ე დააჯარიმა 500 ლარით მშენებლობა შეჩერებულ ობიექტზე თვითნებურად მშენებლობის გაგრძელების გამო.

 

6.18. სასამართლო მიიჩნევს, რომ ვ----------–----–--------------ს 2019 წლის 6 აგვისტოს N2---- ბრძანება ბათილად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:

 

6.19. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ... კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

6.20. პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 51-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას წარმოადგენს მშენებლობის შეჩერების შესახებ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს დადგენილების შეუსრულებლობა.

 

6.21. ნორმის დისპოზიციიდან ნათლად ირკვევა, რომ მოცემული სამართალდარღვევის არსებობისათვის აუცილებელია მშენებლობა შეჩერებული იყოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლის მე-12 ნაწილის შესაბამისად გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, რომლის თანახმად „თუ მშენებარე ობიექტზე არსებული დარღვევების გამოსწორება შეუძლებელია მშენებლობის შეჩერების გარეშე, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას მშენებლობის შეჩერების შესახებ“, იგივე ვალდებულებას აკისრებს ადმინისტრაციულ ორგანოს ამავე კანონის მე-13 მუხლი: „შემოწმების აქტის შედგენიდან 2 თვის ვადაში სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის ორგანო ვალდებულია სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე მიიღოს დადგენილება“. არც დადგენილება და არც სხვა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მშენებლობის შეჩერების შესახებ მოცემული ადმინისტრაციული წარმოების დროს საერთოდ არ გამოცემულა. ამასთან, კოდექსის 25-ე მუხლის მე-14 ნაწილის მიხედვით, „ამ თავით გათვალისწინებულ ვადაში დადგენილების მიუღებლობის შემთხვევაში დამრღვევი თავისუფლდება ამ კოდექსით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდის ვალდებულებისაგან“.

 

6.2-. ზემოაღნიშნულ ნორმათა ანალიზიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 51-ე მუხლის საფუძველზე პირის დაჯარიმებისათვის საკმარისი არ არის პირის მიერ მშენებლობის შეჩერების შესახებ მხოლოდ უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მითითების შეუსრულებლობა, რასაც მოცემულ შემთხვევაში ჰქონდა ადგილი.

 

6.24. ვ----------–----–--------------ს 2019 წლის 28 მაისის 2------ წერილი, რომლითაც მერი მოქალაქე გ--------------ისაგან ითხოვს მშენებლობის შეჩერებას, თავად მოპასუხე მხარის მიერ შესაგებელში დაფიქსირებული პოზიციით მიჩნეულია მითითებად, რაც პირდაპირ არის გათვალისწინებული კოდექსის 25-ე მუხლის მე-2 ნაწილით: „სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით“, რასაც მომდევნო ეტაპზე აუცილებლად უნდა მოჰყვეს შემოწმების აქტი(25-ე მუხლის მე-5 ნაწილი) და დადგენილება მშენებლობის შეჩერების შესახებ(25-ე მუხლის მე-12 ნაწილი, დარღვევის გამოუსწორებლობის შემთხვევაში).

 

6.25. სასამართლო განსაკუთრებით ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ მშენებლობის შეჩერების შესახებ ცალკე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიუღებლობით დარღვეულია პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის მე-17 და 22-ე მუხლების მოთხოვნები, რომლის თანახმად დადგენილება მშენებლობის შეჩერების შესახებ მიღებიდან 24 საათის განმავლობაში უნდა გაეცნოს დადგენილებაში მითითებულ მხარეს და ის შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გაცნობიდან 15 დღის განმავლობაში.

 

6.26. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების კანონით დადგენილი პროცედურის დაუცველობის შედეგად არა მხოლოდ ფორმალურად დაირღვა კანონის მოთხოვნა, არამედ მოსარჩელეს შეეზღუდა უფლება გაესაჩივრებინა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მშენებლობის შეჩერების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება.

 

6.27. მაშასადამე, ვ----------–----–--------------ს 2019 წლის 6 აგვისტოს N2---- ბრძანების გამოცემისას არსებითად დარღვეულია მისი მომზადების და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

6.28. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ვ----------–----–--------------ს 2019 წლის 06 აგვისტოს N2----- ბრძანება, მშენებლობაშეჩერებულ ობიექტზე თვითნებურად მშენებლობის გაგრძელების გამო გ--------------ის 500 (ხუთასი) ლარით დაჯარიმების შესახებ.

 

6.29. რაც შეეხება ვ----------–----–--------------ს 2019 წლის 10 სექტემბრის N2------ ბრძანებას, იგი შეეხება 2019 წლის 06 აგვისტოს N2----- ბრძანებით დაკისრებული ჯარიმის 500 ლარის გადაუხდელობისათვის საურავის (1000 ლარის) დაკისრებას. ვინაიდან სასამართლოს მიერ ბათილად იქნა ცნობილი შესაბამისი ბრძანება(2019 წლის 06 აგვისტოს N2-----) და, ამასთან, იგი მხარის მიერ გასაჩივრდა კანონით დადგენილ ვადაში სადავო აქტის გამოცემამდე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ასევე ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ვ----------–----–--------------ს 2019 წლის 10 სექტემბრის N2------ ბრძანება.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ სარჩელების აღძვრისას გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100-100 ლარის ოდენობით. იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-10, 22-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1.გ--------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს

 

2. ბათილად იქნეს ცნობილი ვ----------–----–--------------ს 2019 წლის 06 აგვისტოს N2----- ბრძანება მოქალაქე გ--------------ისათვის მშენებლობა შეჩერებულ ობიექტზე, თვითნებურად მშენებლობის გაგრძელების გამო, ჯარიმის დაკისრების შესახებ;

 

3. ბათილად იქნეს ცნობილი ვ----------–----–--------------ს 2019 წლის 10 სექტემბრის N2------ ბრძანება მოქალაქე გ--------------ისათვის მშენებლობა შეჩერებულ ობიექტზე, თვითნებურად მშენებლობის გაგრძელების გამო, ჯარიმის გადაუხდელობისათვის საურავის დაკისრების შესახებ;

4. მოპასუხე - ვ----------–----–---------------ს, მოსარჩელე - გ--------------ის (პ/ნ 1----------) სასარგებლოდ დაეკისროს 200 (ორასი) ლარის გადახდა, მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ;

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), 14 დღის ვადაში, მოტივირებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების დღიდან, სამტრედიის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მისამართი: ქ. სამტრედია, ძმები ნინუების №1).

 

მოსამართლე: მურთაზ კაპანაძე