გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/11726-15
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
29 ნოემბერი 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ივერი აბაშიძე
სხდომის მდივანი - გვანცა გიორგაძე
მოსარჩელე (შეგებებული სარჩელით მოპასუხე) - ა(ა)იპ ს-----–-------------------------------------------------ო
წარმომადგენელი - მ----------–-–---–-------------------–-
მოპასუხე (შეგებებული სარჩელით მოსარჩელე) - შპს „თ--–-“
წარმომადგენელი - მ-----------–-–---–-
დავის საგანი (ძირითადი სარჩელით) - თანხის დაკისრება
მოსარჩელე (შეგებებული სარჩელით) - შპს „თ--–-“
მოპასუხე (შეგებებული სარჩელით) - ა(ა)იპ ს-----–-------------------------------------------------ო
დავის საგანი (შეგებებული სარჩელით) - ზიანის ანაზღაურება, თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. ძირითადი სასარჩელო მოთხოვნა
1.1. შპს „თ--–-ს“ მოსარჩელე ა(ა)იპ ს-----–-------------------------------------------------ოს სასარგებლოდ დაეკისროს თანადაფინანსების თანხის 15495,75 აშშ დოლარის გადახდა;
1.2. შპს „თ--–-ს“ მოსარჩელე ა(ა)იპ ს-----–-------------------------------------------------ოს სასარგებლოდ დაეკისროს გაწეული ექსპერტიზის ხარჯის სანაცვლოდ 2000 ლარის გადახდა.
(მოსარჩელემ მოთხოვნა დააზუსტა მოსამზადებელ ეტაპზე).
ძირითადი სარჩელის საფუძვლად მითითებულია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
ა(ა)იპ ს-----–-------------------------------------------------ო 2013 წლიდან ახორციელებს „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტს“, რომლის ფარგლებში მოსარჩელე უსასყიდლოდ ახდენს ბენეფიციარების მიერ კომერციულ ბანკში შეღავათიანი აგროკრედიტის აღების შემთხვევაში აგროკრედიტის საპროცენტო განაკვეთის ნაწილის გადახდას (თანადაფინანსებას).
აღნიშნულ პროექტში მონაწილეობდა შპს „თ--–-ც“ და მასთან 2013 წლის 27 სექტემბერს სააგენტომ გააფორმა შეღავათიანი აგროკრედიტის თანადაფინანსების შეთანხმება. ხელშეკრულებაში მითითებული იყო, რომ აგროკრედიტის თანხა გახარჯული იქნებოდა მხოლოდ შემდეგი მიზნობრიობით:
ა. ღვინის ქარხნის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები;
ბ. ვენახის სარემონტო სამუშაოები;
გ. ძირითადი საშუალებების შეძენა ღვინის ქარხნისთვის.
ხელშეკრულებით სააგენტოს მიენიჭა უფლება, ნებისმიერ დროს, წინასწარი შეტყობინების გარეშე განახორციელოს სესხის ხარჯვის მიზნობრიობის მონიტორინგი, ხოლო თუ დაადგენს, რომ დარღვეულია მიზნობრიობა, შეწყვიტოს თანადაფინანსება. აღნიშნული შეთანხმება არ ითვალისწინებდა შემოწმების აქტის შინაარსის მოპასუხესთან შეთანხმებას და/ან მოპასუხის მხრიდან რაიმე ფორმით შემოწმების აქტის დადასტურების ვალდებულებას. სააგენტო, როგორც დონორი, უფლებამოსილი იყო ერთპიროვნულად ემსჯელა მის მიერ უსასყიდლოდ გაცემული დახმარების ხარჯვის სისწორეზე.
2013 წლის 5 დეკემბერს ჩატარებული მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა თანადაფინანსების თანხით „სარის არმატურის“ და „ვენახის სარის ყალიბის“ შეძენის ფაქტი, რაც სცდება შეღავათაიანი აგროკრედიტის მიზნობრიობას. აქტის სისწორე ხელმოწერით დაადასტურა მოპასუხის შპს ,,თ--–-’’-ს დირექტორმა. ხოლო 2014 წლის 6 მაისს ჩატარებული მონიტორინგის დროს დაფიქსირდა, რომ შპს „თ--–-ს“ მიერ შეღავათიანი აგროკრედიტის თანხით მოხდა „ბეტონის სარების (ვენახის სარები) საამქროს მოწყობა“, რისთვის გადაიხადა 30000 ლარი. ამას გარდა, შეღავათიანი აგროკრედიტის თანხის ნაწილი მოხმარდა ვენახის გასხვლა/გადახვევას, მიწის მოხვნას, ვენახის კულტივაციას, გაფურჩვნას და წამლობას. აქტის სისწორე ხელმოწერით დაადასტურა შპს „თ--–-ს“ 70% წილის მესაკუთრე პარტნიორმა - თ----------–-–---–მა.
ვინაიდან აღნიშნული ხარჯები არ შეესაბამებოდა თანადაფინანსების შეთანხმებით განსაზღვრულ მიზნობრიობას, სააგენტოს მიერ შექმნილი საველე მონიტორინგის საკითხების განმხილველმა კომისიამ იმსჯელა დარღვევებზე და მიიღო გადაწყვეტილება თანადაფინანსების შეწყვეტის თაობაზე. ამასთან, შეთანხმების მიხედვით, მიზნობრიობის დარღვევის გამო თანადაფინანსების შეწყვეტის შემთხვევაში სააგენტოს სრულად უნდა დაუბრუნდეს მიღებული დახმარების თანხა.
გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ მოპასუხის მიერ არ მომხდარა მხოლოდ შეთანხმების ფორმალური მხარის დარღვევა. ბანკებთან შეთანხმების შედეგად შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტისთვის დაწესდა მნიშვნელოვნად დაბალი საპროცენტო განაკვეთები - ბენეფიციარების მიერ ამ საპროცენტო განაკვეთებით სარგებლობა იმ მიზნით, რომ სესხის თანხა გამოიყენონ სხვა ბიზნესის წარმოებისთვის (მაგ.: საამქროს მოწყობა), ეწინააღმდეგება არა მხოლოდ შეთანხმების ფორმალურ მოთხოვნებს, არამედ პროექტის მიზნებსაც.
2. შეგებებული სარჩელის მოთხოვნა
2.1. ა(ა)იპ ს-----–-------------------------------------------------ოს მოსარჩელე შპს „თ--–-ს“ სასარგებლოდ დაეკისროს მიყენებული ზიანის 53760 აშშ დოლარისა და 7540 ლარის გადახდა;
2.2. ა(ა)იპ ს-----–-------------------------------------------------ოს მოსარჩელე შპს „თ--–-ს“ სასარგებლოდ დაეკისროს მიუღებელი შემოსავლის (ანაცდური სარგებლის) 558544 აშშ დოლარის გადახდა.
შეგებებული სარჩელის საფუძვლად მითითებულია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2013 წლის 27 სექტემბრის შეთანხმებით სააგენტომ იკისრა ვალდებულება, დაეფინანსებინა სესხისთვის გათვალისწინებული სარგებლიდან - 13%-დან 12% და განისაზღვრა შეთანხმების მიზნობრიობა. აღნიშნულის საფუძველზე სს „პროკრედიტ ბანკის“ მიერ შპს „თ--–-ზე“ დამტკიცდა მიზნობრივი სესხი 1 500 000 აშშ დოლარის ოდენობით და 2013 წლის 27 სექტემბერს გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება. გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების ფარგლებში დამტკიცდა მიზნობრივი სესხი 350 000 აშშ დოლარის ოდენობით, აქედან პირველი ტრანში - 200 000 აშშ დოლარი გაიცა 2013 წლის 27 სექტემბერს, ხოლო მეორე ტრანში - 150 000 აშშ დოლარი, რომელიც გამიზნული იყო ღვინის ჩამოსასხმელად, მოგვიანებით, პირველი ტრანშის ათვისების შემდეგომ უნდა გაცემულიყო.
2014 წლის 30 ივნისის წერილით შპს „თ--–-ს“ ეცნობა, რომ სააგენტო წყვეტს შეთანხმებას იმ მოტივით, რომ შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის მიზნობრიობა არ ითვალისწინებს მოსარჩელის მიერ დამზადებული ბეტონის სარების მინი საამქროს. ამასთან, მოითხოვეს უკვე გადახდილი თანხის - 15495,75 აშშ დოლარის უკან დაბრუნება. შეთანხმების შეწყვეტის შესახებ სს „პროკრედიტ ბანკს“ ეცნობა 2014 წლის 30 ივნისს, რის გამოც ბანკმა აღარ გასცა მეორე ტრანში და შპს „თ--–-“ იძულებული გახდა: განეხორციელებინა არსებული სესხის რეფინანსირება, ღვინის ჩამოსხმის ნაცვლად შედარებით იაფ ფასად გაეყიდა მოწეული ყურძენი, ასევე ესარგებლა აუდიტორისა და ადვოკატის დახმარებით, რის გამოც მიადგა ზიანი 612304 აშშ დოლარისა და 7540 ლარის ოდენობით, კერძოდ:
შეთანხმების შეწყვეტის საფუძველი იყო მხოლოდ ბეტონის სარების მინი საამქროს დამზადების ვითომდა კრედიტის სახსრებით განხორციელების ფაქტი. შპს „თ--–-ს“ სესხით მიღებული თანხების გარდა გააჩნდა დამოუკიდებელი შემოსავალი და საამქრო დამზადებული იყო არა ბანკის მიერ გამოყოფილი კრედიტის, არამედ რეალიზებული პროდუქციიდან მიღებული თანხებით. სადავო პერიოდში სს „საქართველოს ბანკიდან“ შპს „თ--–-ს“სს ,,პროკრედიტ ბანკში“ არსებულ სესხის მომსახურე ანგარიშზე ორჯერ განხორციელდა თანხების გადარიცხვა, ჯამში 119942 ლარის ოდენობით. სადავო საამქროს დამზადება განხორციელდა შპს „თ--–-ს“ კუთვნილი პროდუქციის, ღვინომასალის რეალიზაციიდან მიღებული თანხებიდან, მეტიც შეღავათიანი აგროკრედიტის თანხებით შეძენილი მასალებიდან შპს „თ--–-ს“ შეგებებული სარჩელის წარმოდგენის დღესაც ერიცხება (დასაწყობებული მოსარჩელის საწარმოს ტერიტორიაზე) გაუხარჯავი მასალების ნაშთი 11231 ლარის ოდენობით. ამასთან, მოპასუხის ქმედების არამართლზომიერება დადგენილ იქნა საგადასახადო ომბუდსმენის რეკომენდაციითაც.
სააგენტოს არამართლზომიერი ქმედების შედეგად შპს „თ--–-ს“ შეუწყდა შეღავათიანი აგროკრედიტით სარგებლობის შემდგომი შესაძლებლობა, რამაც გამოიწვია ზიანი - 2014 წლის 28 ივნისიდან 2014 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით სს „პროკრედიტ ბანკში“ საწარმომ სესხზე დარიცხული პროცენტის სახით გადაიხადა 18000 აშშ დოლარი, ხოლო 2014 წლის 1 დეკემბრიდან 2015 წლის ნოემბრის ჩათვლით სს „თიბისი ბანკში“ პროცენტის სახით გადაიხადა 35760 აშშ დოლარი. გარდა ამისა, შეწყვეტამ გამოიწვია შპს „თ--–-ს“ კვლავწარმოების პროცესის შეფერხება, რის გამოც საწარმო იძულებული გახდა გაეკეთებინა სესხის რეფინანსირება შედარებით ლიბერალური პირობებით და 2014 წელს მიღებული ყურძნის მოსავალი გაეყიდა ღვინის ჩამოსხმისა და უფრო მეტი მოგების მიღების ნაცვლად. აღნიშნულით ფაქტიურად დაკარგა 558544 აშშ დოლარის მოგების მიღების შესაძლებლობა, კერძოდ იგი აღნიშნულ თანხას მიიღებდა, ანუ დაუდგებოდა ის შედეგი, რის გამოცა მან აიღო სესხი და მონაწილეობა მიიღო „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტში“. ასევე ამ სესხის მიუღებლობით გამოწვეული პრობლემების გამო გამოწვეული იქნა დანახარჯები ადვოკატისა და აუდიტის მომსახურებასთან დაკავშირებით, რის გამოც მიადგა ზიანი 7540 ლარის ოდენობით.
3. მოპასუხის პოზიცია (ძირითად სარჩელზე)
3.1. მოპასუხე შპს „თ--–-მ“ არ ცნო ა(ა)იპ ს-----–-------------------------------------------------ოს სარჩელი და მიუთითა, რომ 2013 წლის 5 დეკემბერს შედგენილ სავალე მონიტორინგის აქტში დაფიქსირდა ვენახის სარის ყალიბისა და სარის არმატურის შეძენის ფაქტები, მაგრამ არსად არ ყოფილა მითითებული, რომ მასალების შეძენა განხორიცელდა თანადაფინანსების ხარჯებით (მოპასუხეს გააჩნდა საკუთარი ფულადი სახსრები), ამასთან სააგენტოს აღნიშნულთან დაკავშირებით პრეტენზია არ გამოუთქვამს და არც პროექტის მიზნების დარღვევას წარმოადგენს.
მართალია 2014 წლის 6 მაისს შედგა საველე მონიტორინგის სპეციალური ფორმა, სადაც დაფიქსირდა ვენახის სარის მინი საამქროს დამზადების ფაქტი, მაგრამ არც ამ შემთხვევაში ყოფილა აღიშნული, რომ აღნიშნული მასალის შეძენა განხორციელდა თანადაფინანსების ხარჯებით (მოპასუხეს გააჩნდა საკუთარი ფულადი სახსრები, მისი დამზადება განხორციელდა შპს „თ--–-ს“ კუთვნილი პროდუქციის, ღვინომასალის რეალიზაციის ხარჯზე), რაც არ წარმოადგენს პროექტის მიზნების დარღვევას. ამასთან, აღნიშნულ დოკუმენტზე ხელს აწერს არაუფლებამოსილი პირი. უფრო მეტიც, დოკუმენტზე გარკვეული ინფორმაცია გადახაზულია და სავარაუდოდ, სადავო საწარმოს დამზადების შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით არის მიწერილი.
შეთანხმების შეწყვეტის საფუძველი გაახდა მხოლოდ ბეტონის სარების მინი საამქროს დამზადების ვითომდა კრედიტის სახსრებით განხორციელების ფაქტი. საქართველოს საგადასახადო ომბუდსმენის 2015 წლის 30 მარტის რეკომენდაციით მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული შპს „თ--–-’’-სთვის თანადაფინანსების აღდგენა, რაც მოსარჩელის მიერ იგნორირებული იქნა.
4. მოპასუხის პოზიცია (შეგებებულ სარჩელზე)
4.1. წარდგენილი შესაგებლით ა(ა)იპ ს-----–-------------------------------------------------ომ არ ცნო შეგებებული სასარჩელო მოთხოვნები და მიუთითა შემდეგ გარემოებებზე:
ორივე მონიტორინგის დროს დადგინდა შეღავათიანი აგროკრედიტის მიზნობრიობიდან გადახვევა. ამასთან, აქტების სისწორე დადასტურდა ერთ შემთხვევაში შპს „თ--–-ს“ დირექტორის, ხოლო მე-2 შემთხვევაში დამფუძნებლის (60% წილის მფლობელი) მიერ. გარდა ამისა, შპს „თ--–-ს“ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ „სარის არმატურის“, „სარის ყალიბის შეძენა“ და „სარის საამქროს“ მოწყობა სესხის სახსრებით არ განხორციელებულა.
მოსარჩელე ასევე ვერ ადასტურებს, რომ შეთანხმების შეწყვეტით შპს „თ--–-ს“ შეუწყდა ახალი შეღავათიანი აგროკრედიტით შემდგომი სარგებლობის შესაძლებლობა. შპს „თ--–-ს“ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით შეუძლებელია დადგინდეს მიუღებელი შემოსავლის ოდენობა, რადგან არის დაუსაბუთებელი. ასევე მიზნობრივი დაფინანსების შეწყვეტის შემდგომ სააგენტოს არ აქვს კავშირი შპს „თ--–-სა“ და ბანკებს შორის საკრედიტო ურთიერთობასთან.
5. ფაქტობრივი გარემოებები
5.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
5.1.1. ა(ა)იპ ს-----–-------------------------------------------------ოს მიერ 2013 წლის 26 თებერვალს დამტკიცდა შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი, რომლის მიზანს წარმოადგენდა სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამამუშავებელი და შენახვა-რეალიზაციის საწარმოო პროცესების გაუმჯობესების მიზნით, მეწარმეთა უზრუნველყოფა იაფი და ხელმისაწვდომი ფულადი სახსრებით. პროექტის ფარგლებში ფერმერები და აგრო საწარმოები საფინანსო ინსტიტუტებისგან მიიღებენ სამი სახის შეღავათიან კრედიტს:
· უპროცენტო სასაქონლო კრედიტი (განვადება) მცირე ფერმერებისთვის;
· შეღავათიანი აგრო კრედიტი საშუალო და მსხვილი ფერმერებისთვის (საბრუნავი საშუალებების და მარაგების შესყიდვის დაფინანსება მოკლე ვადით);
· შეღავათიანი აგრო კრედიტი სასოფლო-სამეურნეო საწარმოებისთვის (ძირითადი საშუალებების და ტექნოლოგიების დაფინანსება ხანგრძლივი პერიოდით).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ა(ა)იპ ს-----–-------------------------------------------------ოს გამგეობის სხდომის ოქმი;
- შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი.
5.1.2. აღნიშნული პროექტის ფარგლებში ა(ა)იპ ს-----–-------------------------------------------------ოსა და სს „პროკრედიტ ბანკს“ შორის 2013 წლის 22 მარტს გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმად ბანკი გასცემს მეწარმეზე შეღავათიან აგრო კრედიტს, ხოლო კრედიტის გაცემის შემთხვევაში სააგენტო განახორციელებს გაცემულ შეღავათიან აგროკრედიტზე განსაზღვრული წლიური საპროცენტო განაკვეთის მიზნობრივ თანადაფინანსებას.
შეღავათიანი აგროკრედიტი დასაშვებია გაიცეს მხოლოდ დანართი #2-ში მოცემული სასოფლო სამეურნეო დანიშნულების ძირითადი საშუალებების დაფინანსების მიზნით და გაუთვალისწინებელი საქმიანობისათვის აგროკრედიტის გაცემის უფლებამოსილება ბანკს გააჩნია სააგენტოსგან წინასწარი წერილობითი თანხმობის შემთხვევაში.
ხელშეკრულების თანახმად სააგენტო უფლებამოსილი იყო:
· ნებისმიერ დროს, ბანკთან ან მეწარმესთან წინასწარი შეთანხმების გარეშე, განახორციელოს მეწარმის მიერ მიღებული სესხის მიზნობრიობის მონიტორინგი;
· მიიღოს ინფორმაცია ბანკის მიერ გაცემული შეღავათიანი აგროკრედიტის პორტფელის შესახებ;
· მეწარმის მიერ სესხის მიზნობრიობის დარღვევის შემთხვევაში, შეუწყვიტოს მას თანადაფინანსება.
სააგენტოს ვალდებულებას წარმოადგენდა თანადაფინანსების შეწყვეტის შემთხვევაში წერილობით ბანკისთვის შეტყობინება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 22.03.2013 წლის ხელშეკრულება.
5.1.3. შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში ა(ა)იპ ს-----–-------------------------------------------------ოსა და შპს „თ--–-ს“ შორის 2013 წლის 27 სექტემბერს შედგა შეთანხმება თანადაფინანსების შესახებ, რომლის თანახმად სააგენტოს ვალდებულებას წარმოადგენს „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტის ფარგლებში განახორციელოს საკრედიტო ხელშეკრულებით სესხზე განსაზღვრული წლიური საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსება სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთის 12%-ის ოდენობით (შემდგომში „თანადაფინანსება“).
შეთანხმებით განისაზღვრა თანადაფინანსების მიზნობრიობა:
ა) ღვინის ქარხნის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები;
ბ) ვენახის სარემონტო სამუშაოები;
გ) ძირითადი საშუალებების შეძენა ღვინის ქარხნისთვის.
ამავე შეთანხმებით სხვა პირობებთან ერთად შეთანხმდა შემდეგი ძირითადი პირობა: სააგენტო უფლებამოსილია ნებისმიერ დროს, წინასწარი შეტყობინების გარეშე განახორციელოს ბანკის მიერ გაცემული სესხის მიზნობრიობის მონიტორინგი. თუ მონიტორინგის შედეგად სააგენტო დაადგენს მიმღების მიერ მიზნობრიობის დარღვევას, შეწყვეტს მიმღების თანადაფინანსებას და აღნიშნულის შესახებ აცნობებს ბანკს. ასეთ შემთხვევაში სააგენტო უფლებამოსილია, მოსთხოვოს მიმღებს მიღებული თანხების უკან დაბრუნება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 27.09.2013 წლის შეთანხმება თანადაფინანსების შესახებ.
5.1.4. თავის მხრივ შპს „თ--–-სა“ და სს „პროკრედიტ ბანკს“ შორის გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის ფარგლებში 2013 წლის 27 სექტემბერს დაიდო შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება, სადაც აღინიშნა, რომ საპროცენტო სარგებლის ნაწილის (მიზნობრივი თანადაფინანსება) გადახდას მსესხებელი უზრუნველყოფს, როგორც საკუთარი, ასევე შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში მიღებული სახსრებით.
ხელშეკრულებით შეთანხმდა შემდეგი ძირითადი პირობები: კრედიტი გაიცა ეტაპობრივად. ამასთან, კრედიტის დამტკიცება არ წარმოშობდა სესხის გაცემის თაობაზე ბანკის უპირობო ვალდებულებას. პროექტის ფარგლებში დამტკიცებული კრედიტის მოცულობა განისაზღვრა 350000 აშშ დოლარით, რომლიდანაც პირველი ტრანშის სახით გამავალი კრედიტის მოცულობა შეადგენს 200000 აშშ დოლარს. კრედიტის ვადა - 84 თვეს, პროცენტის მოცულობა - წლიური 13%, ხოლო კრედიტის მიზნობრიობა - ძირითადი საშუალებები/რემონტი. ხელშეკრულებით ასევე შეთანხმდა საკომისიოსა და პირგასამტეხლოს დარიცხვის პირობები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 27.09.2013 წლის შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება N13.5541;
- კრედიტის დაფარვის გრაფიკი.
5.1.5. შეთანხმების პერიოდში ა(ა)იპ ს-----–-------------------------------------------------ოს მიერ განხორციელდა შპს „თ--–-ს“ მხრიდან აგროკრედიტის თანხის მიზნობრივი ხარჯვის მონიტორინგი. შედგა საველე მონიტორინგის სპეციალური ფორმები, რომლის თანახმად:
ა) 05.12.2013 წელს შედგენილ ფორმაში აღინიშნა, რომ შპს „თ--–-ს“ მიერ სხვა სამუშაოებთან ერთად მოხდა „სარების არმატურისა“ და „ვენახის სარის ყალიბის“ შეძენა;
ბ) 06.05.2014 წელს შედგენილ ფორმაში აღინიშნა, რომ სხვა სამუშაოებთან ერთად მოხდა ვენახის ბეტონის სარების საამქროს მოწყობა, ასევე ვენახის გასხვლა, გადახვევა, მოხვნა, ვენახის კულტივაცია, გაფურჩვნა და წამლობა.
05.12.2013 წლის ფორმის შინაარსის სისწორე დაადასტურა შპს „თ--–-ს“ დირექტორმა გ-----------–-–---–მა, ხოლო 06.05.2014 წელს შედგენილ ფორმას შპს „თ--–-ს“ სახელით ხელს აწერს საზოგადოების 60% წილის მფლობელი პარტნიორი, თ----------–-–---–ი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საველე მონიტორინგის ფორმები;
- ამონაწერები სამეწარმეო რეესტრიდან.
5.1.6. შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის მიზნობრიობის დარღვევის მოტივით, პროექტის საველე მონიტორინგის საკითხების განმხილველმა კომისიამ 2014 წლის 6 ივნისს მიიღო გადაწყვეტილება შპს „თ--–-სთვის“ თანადაფინანსების მოხსნის შესახებ.
გადაწყვეტილებაში აღინიშნა, რომ ბენეფიციარის მიერ მოხდა ბეტონის სარების ჩამოსასხმელი მინი საამქროს დამზადება, ასევე სესხის თანხის საბრუნავ საშუალებებზე გამოყენება, რაც წარმოადგენდა თანადაფინანსების შესახებ შეთანხმების მიზნიდან გადახვევას.
თანადაფინანსება სააგენტომ 2014 წლის 28 ივნისიდან შეწყვიტა, რის შესახებაც შპს „თ--–-ს“ ეცნობა 2014 წლის 30 ივნისის წერილით.
თანადაფინანსების შეწყვეტის შესახებ ეცნობა ასევე სს „პროკრედიტ ბანკს“, რომელსაც დაევალა, აღარ მოეხდინა სესხის პროცენტის საგრანტო თანადაფინანსებისთვის სააგენტოს ანგარიშიდან თანხის უაქცეპტო წესით ჩამოჭრა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 06.06.2014 წლის ოქმი N02;
- 30.06.2014 წლის წერილი N1/3006/04;
- 30.06.2014 წლის წერილი N1/3006/21.
5.1.7. თანადაფინანსების შეწყვეტის შემდგომ შპს „თ--–-ს“ სს „პროკრედიტ ბანკთან“ გაფორმებული შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულების ფარგლებში მე-2 ტრანშით გათვალისწინებული კრედიტის მოცულობით - 150000 აშშ დოლარით აღარ უსარგებლია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
5.1.8. 2014 წლის 25 დეკემბერს შპს „თ--–-სა“ და სს „თიბისი ბანკს“ შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, სადაც კრედიტის მიზნობრიობას წარმოადგენდა სს „პროკრედიტ ბანკის“ მიმართ ვალდებულების რეფინანსირება. კრედიტის ოდენობა განისაზღვრა 185000 აშშ დოლარით და კრედიტი გაიცა ერთ ტრანშად. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 9%-ით, ხოლო კრედიტის ვადა - 2557 დღით (7 წელი).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 25.12.2014 წლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება #2716844-2796191;
- შეთანხმების დამატებითი პირობები;
- კრედიტის დაფარვის გრაფიკი.
5.1.9. შპს „თ--–-ს“ დაკვეთით აუდიტორული ფირმა შპს „ა-–----------ს“ მიერ მომზადდა შეფასების ანგარიში (აუდიტორული დასკვნა), სადაც შეფასებული იქნა შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში მიღებული სესხი და სესხიდან გაწეული დანახარჯები 2014 წლის 5 სექტემბრის მდგომარეობით.
ხოლო შპს „რ---–----------ს“ მიერ გაკეთდა ზიანის შეფასების ანგარიში, სადაც აღნიშნულია შემდეგი:
- 2014 წლის 28 ივნისიდან 2014 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით სს „პროკრედიტ ბანკში“ სს „თ--–-ს“ მიერ გადახდილი იქნა სესხზე დარიცხული პროცენტი 18000 აშშ დოლარი, ხოლო 2014 წლის 01 დეკემბრიდან 2015 წლის ნოემბრის ჩათვლით სს „თიბისი ბანკში“ – 35760 აშშ დოლარი;
- შპს „თ--–-მ“, იმის გამო, რომ ვერ მოახდინა 2014 წელს მიღებული მოსავლს გადამუშავება და მისი ღვინის სახით რეალიზაცია, დაკარგა (იზარალა) და ვე მიიღო შესაბამისი შემოსავალი (მოგება), რაც თანხობრივად შეადგენს 558544 აშშ დოლარს;
- შეღავათიანი აგროკრედიტის სესხის მიუღებლობით გამოწვეულ პრობლემების გამო შპს „თ--–-ს“ მიერ გაწეული იქნა დანახარჯები ადვოკატისა და აუდიტის დაქირავებისთვის, რაც შეადგენს 7540 (4000+3540) ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 05.09.2014 წლის შპს „ა-–----------ს“ შეფასების ანგარიში;
- 21.01.2016 წლის შპს „რ---–----------ს“ აუდიტორული დასკვნა.
5.1.10. ა(ა)იპ ს-----–-------------------------------------------------ომ ექსპერტიზის ჩატარების მიზნით გადაიხადა 2000 ლარი;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს;
- 13.06.2018 წლის ექსპერტის დასკვნა;
- საგადახდო მოთხოვნა #17211.
5.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
5.2.1. კონკრეტულ შემთხვევაში სადავოა შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში თანადაფინანსებით მიღებული თანხები რამდენად მიზნობრივად განიკარგა შპს „თ--–-ს“ მხრიდან. ა(ა)იპ ს-----–-------------------------------------------------ო მიზნიდან გადახვევას უკავშირებს: ერთ შემთხვევაში „სარის არმატურის“ და „ვენახის სარის ყალიბის“ შეძენას, ხოლო მე-2 შემთხვევაში „ბეტონის სარების (ვენახის სარების) საამქროს მოწყობას“ და საბრუნავი საშუალებების შეძენა.
აღნიშნულის საპირისპიროდ შპს „თ--–-“ მიუთითებს, რომ „სარის არმატურისა“ და „ვენახის სარის ყალიბის“ შეძენა საკუთარი სახსრებით განახორციელა, ხოლო „ბეტონის სარების საამქროს მოწყობის ნაწილში“ განმარტავს, რომ იგი მოწყობილია საკუთარი ხარჯებით, ამასთან ბეტონის სარების დამზადება უფრო მომგებიანი იყო, ვიდრე მიზნობრიობაში მითითებული ბეტონის სარების შეძენა, ამდენად, თანადაფინანსების თანხის ეფექტურად გამოყენება და საბოლოო ჯამში ეს პროექტის მიზნებს არ სცილდებოდა.
ამ გარემოებების დადგენის მიზნით სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს მტკიცების ტვირთის განმარტებას, კერძოდ:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებული შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარეობს მხარის თავისუფლება, მისი მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენაში. კერძოდ, მხარე აღჭურვილია უფლებით, თავადვე განსაზღვროს თუ რა ფაქტებითა და მტკიცებულებებით დაადასტუროს მისი მოთხოვნა, მან საკუთარი შეხედულებით, დამოუკიდებლად უნდა განსაზღვროს და გადაწყვიტოს თუ რა ფაქტობრივი საფუძვლის მითითებით გაამყაროს მისი მოთხოვნის მართებულობა, ამ მხრივ მხარეს აქვს აბსოლუტური შესაძლებლობა, მიუთითოს ნებისმიერ ფაქტსა თუ მოვლენაზე, რაც, მისი აზრით, ადასტურებს მისი მოთხოვნის კანონიერებას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. იმ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, კი მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სასამართლოს შეუძლია შესთავაზოს მხარეებს წარმოადგინონ დამატებითი მტკიცებულებები.
საქართველოს სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია. კერძოდ, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მტკიცების ტვირთის გადანაწილებას არამარტო საპროცესო-სამართლებრივი მნიშვნელობა აქვს, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ საპროცესო მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი - არახელსაყრელი შედეგი.
კონკრეტულ შემთხვევაში „სარის არმატურისა“ და „ვენახის სარის ყალიბის“ შეძენასთან მიმართებით შპს „თ--–-“ შედავებას ახდენს იმ გარემოებაზე, რომ მათი შეძენა საკუთარი სახსრებით მოახდინა. ამდენად, თავად მათი შეძენა, რომ აგროკრედიტის მინზობრიობას სცილდებოდა შპს „თ--–-სთვის“ სადავო არ არის. რაც შეეხება, თუ რა სახსრებით მოხდა მათი შეძენა, აღნიშნული მტკიცების ტვირთი შპს „თ--–-ს“ აკისრია, რომლის უტყუარი მტკიცებულება მას წარმოდგენილი არ აქვს. აღნიშნულ მსჯელობას ის გარემოებაც ადასტურებს, რომ თავად სააგენტოს მხრიდან მოთხოვნის მიუხედავად, მტკიცებულებები შპს „თ--–-ს“ სააგენტოსთვისაც არ აქვს წარდგენილი. 2015 წლის 18 მაისის წერილით ირკვევა, რომ ა(ა)იპ ს-----–-------------------------------------------------ო შპს „თ--–-ს“ სთხოვს 01.09.2013-30.06.2014 წლის პერიოდზე საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების რეესტრისა და სასაქონლო ზედნადებების რეესტრის წარდგენას, სადაც ასახული იქნებოდა შპს „თ--–-ს“ მხრიდან კონკრეტულ პერიოდში შეძენილი პროდუქცია და დაფინანსების წყარო.
რაც შეეხება „ბეტონის სარების (ვენახის სარების) საამქროს მოწყობას“, შპს „თ--–-“ ერთდროულად მიუთითებს მის მოწყობას საკუთარი სახსრებით და საამქროს არსებობას ასევე უკავშირებს პროექტის მიზანს. საკუთარი სახსრებით მოწყობის ნაწილში სასამართლო კვლავ მიუთითებს პირდაპირი მტკიცებულებების არარსებობაზე, ხოლო პროექტის მიზნიდან გადახვევასთან მიმართებით დადგენილად მიიჩნევს, რომ ადგილი ჰქონდა შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტით გათვალისწინებული მიზნობრიობის პირობების დარღვევას, კერძოდ:
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ,,შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ ფარგლებში, 2013 წლის 27 სექტემბერს, მოპასუხესთან გაფორმდა შეთანხმება მიზნობრივი თანადაფინანსების თაობაზე. სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ამავე კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
აღნიშნული შეთანხმებით განისაზღვრა თანადაფინანსების მიზნობრიობა:
ა) ღვინის ქარხნის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები;
ბ) ვენახის სარემონტო სამუშაოები;
გ) ძირითადი საშუალებების შეძენა ღვინის ქარხნისთვის.
შპს „თ--–-ს“ მხრიდან ბეტონის სარების ჩამოსასხმელი მინი საამქროს დამზადება თანადაფინანსების შეთანხმებით კონკრეტულად არ არის გათვალისწინებული და სასამართლო ვერ გაიზიარებს საწარმოს პოზიციას, რომ საამქროს მოწყობით არ მომხდარა მიზნიდან გადახვევა და იგი ემსახურებოდა აგროკრედიტის საერთო მიზანს. შესაძლოა საამქროს დამზადებით მართლაც ჰქონოდა ადგილი თანხის ეფექტურად ხარჯვას (საწარმოს განმარტებით, საკუთარი სიმძლავრეებით ბეტონის სარების დამზადება უფრო მომგებიანი იყო ვიდრე ბეტონის სარების შეძენა), მაგრამ იმ პირობებში, როცა პროექტის მიზანი, როგორც ერთ-ერთი ძირითადი პირობა, მხარეებს შორის შეთანხმებულია, ასევე შეთანხმებულია თანადაფინანსებით მიღებული სახსრების მხოლოდ ამ მიზნით გამოყენება, შპს „თ--–-ს“ პოზიცია გაზიარებული ვერ იქნება.
ამდენად, შპს „თ--–-“ ვერ ადასტურებს განხორციელებული შესრულების შესაბამისობას შეთანხმების პირობებთან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი.
- 27.09.2013 წლის შეთანხმება თანადაფინანსების შესახებ.
5.2.2. სასამართლო ვერ გაიზიარებს შპს „თ--–-ს“ პოზიციას მისი 60% წილის მფლობელი პარტნიორის უფლებამოსილებასთან დაკავშირებით.
საქმეს ერთვის სამეწარმეო რეესტრიდან შპს „თ--–-ს“ შესახებ ამონაწერები. 25.09.2013 წლის თარიღით შედგენილ ამონაწერში შპს „თ--–-ს“ დირექტორად მითითებულია გ-----------–-–---–ი, ხოლო თ----------–-–---–ი არის 60% წილის მფლობელი პარტნიორი. 10.12.2014 წლისა და 25.12.2014 წლის თარიღით შედგენილ ამონაწერებში დირექტორი კვლავ გ-----------–-–---–ია, ხოლო თ----------–-–---–ი არის საწარმოს 70% წილის მფლობელი პარტნიორი. საგულისხმოა, რომ 2010 წელს თ----------–-–---–ი წარმოადგენდა შპს „თ--–-ს“ დირექტორს და 60% წილის მფლობელ პარტნიორს და იგი 2017 წლის მდგომარეობითაც საწარმოს დირექტორია. აღნიშნული გარემოებები იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ თ----------–-–---–ი 2014 წლის 6 მაისს შედგენილ საველე მონიტორინგის სპეციალურ ფორმაზე ხელმოწერისას იყო არა მხოლოდ საზოგადოები პარტნიორი, არამედ აქტიურად მონაწილეობდა საწარმოს საქმიანობაში და მისი მხრიდან ფორმაზე ხელმოწერით თავად საწარმოსთვის ცნობილი უნდა ყოფილიყო ამ დოკუმენტის შინაარსი. აღნიშნულ მსჯელობას ამყარებს მოწმის ჩვენებაც.
ასეც რომ არ იყოს, თავად მხარეებს შორის არსებული შეთანხმება თანადაფინანსებაზე სააგენტოს ანიჭებდა უფლებას, რომ წინასწარი შეტყობინების გარეშე, ნებისმიერ დროს მოეხდინა სესხის მიზნობრიობის მონიტორინგი და დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში შეეწყვიტა თანადაფინანსება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერები საჯარო რეესტრიდან;
- მოწმის ჩვენება;
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
სამოტივაციო ნაწილი
6. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეზე დადგენილ გარემოებათა გათვალისწინებით, ა(ა)იპ ს-----–-------------------------------------------------ო სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო შპს თ--–-ს უარი უნდა ეთქვას შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილებაზე.
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. ა(ა)იპ ს-----–-------------------------------------------------ოს მოთხოვნა შპს „თ--–-სთვის“ თანადაფინანსების თანხის 15495,75 აშშ დოლარის და ექსპერტიზის ხარჯის 2000 ლარის დაკისრების შესახებ.
კონკრეტულ შემთხვევაში სააგენტოს მოთხოვნას წარმოადგენს შეთანხმებიდან (ხელშეკრულებიდან) გასვლის საფუძველზე პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა, თანადაფინანსების თანხის უკან დაბრუნება.
ხელშეკრულებიდან გასვლის სამართლებრივ შედეგებს განსაზღვრავს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ (ნატურით დაბრუნება). ამავე დროს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლი ადგენს ხელშეკრულებიდან გასვლის წესს და სავალდებულო პირობებს, რომლის არსებობის გარეშე საფუძველს მოკლებულია ხელშეკრულებიდან გასვლა.
სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე არ გამოიყენება დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება. თუკი ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ დაირღვა, მაშინ კრედიტორს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შესრულებამ მისთვის დაკარგა ინტერესი.
სასამართლო განმარტავს, რომ განსაზღვრული წინაპირობების არსებობისას მხარეს აქვს შესაძლებლობა, მიაღწიოს გარკვეულ სამართლებრივ შედეგს, კერძოდ, დაასრულოს სახელშეკრულებო ურთიერთობა და განსხვავებულ სამართლებრივ რეჟიმში გაიყვანოს იგი. ხელშეკრულებიდან გასვლის, როგორც მეორადი მოთხოვნის უფლების, არსებობის სამართლებრივი საფუძველია პირველადი მოთხოვნის შეუსრულებლობა.
დადგენილია, რომ ა(ა)იპ ს-----–-------------------------------------------------ოს მიერ ხორციელდება შეღავათიანი აგროკრედიტის თანადაფინანსების პროექტი, რომლის მიზანს წარმოადგენდა სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამამუშავებელი და შენახვა-რეალიზაციის საწარმოო პროცესების გაუმჯობესების მიზნით, მეწარმეთა უზრუნველყოფა იაფი და ხელმისაწვდომი ფულადი სახსრებით. პროექტის ფარგლებში ფერმერები და აგრო საწარმოები საფინანსო ინსტიტუტებისგან მიიღებენ სამი სახის შეღავათიან კრედიტს. ,,შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ ფარგლებში, 2013 წლის 27 სექტემბერს მოპასუხესთან გაფორმდა შეთანხმება მიზნობრივი თანადაფინანსების თაობაზე, სადაც კონკრეტულად გაიწერა თანადაფინანსების მიზნობრიობა. ხოლო კრედიტის თანხის არამიზნობრივად გამოყენების შემთხვევაში სააგენტოს ცალმხრივად ენიჭებოდა უფლება საწარმოსთან შეუთანხმებლად შეეწყვიტა თანადაფინანსება და მოეთხოვა გადახდილი თანხის დაბრუნება.
სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის თანახმად, რომელიც შეიცავს სახელშეკრულებო ურთიერთობების ზოგად განმარტებას, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. ხოლო 327-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეული უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ. აღნიშნული ნორმების საფუძველზე სასამართლო მიუთითებს, რომ ხელშეკრულება მხარეთა შეთანხმების შედეგია, რომელიც მხარეთა თანხმვედრი ნების გამოვლენას გულისხმობს და ის სამართლებრივი შედეგი, რომლის მიღწევასაც მხარეები ცდილობენ, შესაძლოა მხოლოდ კონსესუსის შედეგად დადგეს.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შპს „თ--–-ს“ მიერ თანხის არამიზნობრივი დანიშნულებით ხარჯვა, რაც სააგენტოს თანადაფინანსების შეწყვეტისა და ამავდროულად გადახდილი თანხის უკან დაბრუნების უფლებას ანიჭებს.
ამდენად, სამართლიანია ა(ა)იპ ს-----–-------------------------------------------------ოს სარჩელი შპს „თ--–-სთვის“ თანადაფინანსების მიზნით პროცენტის სახით გადახდილი 15495,75 აშშ დოლარის დაკისრების შესახებ.
სამოქალაქო კოდექსის 394-ე მულის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ შპს „თ--–-ს“ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების (აუდიტის დასკვნა, შეფასების ანგარიში) შედავების მიზნით მიმართა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს და გადაიხადა მომსახურების საფასური 2000 ლარი. აღნიშნული თანხის მოპასუხისთვის დაკისრების სამართლებრივ საფუძველს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლი წარმოადგენს, რომლის თანახმად შპს „თ--–-ს“ მიერ შეთანხმების დარღვევას მოჰყვა მისი შეწყვეტა და მოპასუხე ვალდებულია ასევე აანაზღაუროს აღნიშნულით გამოწვეული ზიანი.
7.2. შპს „თ--–-ს“ მოთხოვნა ა(ა)იპ ს-----–-------------------------------------------------ოსთვის ზიანის სახით 53760 აშშ დოლარისა და 7540 ლარის, ხოლო მიუღებელი შემოსავლის (ანაცდური სარგებლის) 558544 აშშ დოლარის გადახდის დაკისრების შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის მომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
სასამართლო განმარტავს, რომ ზიანის ანაზღაურებაზე მსჯელობისას, აუცილებელია ამ მოთხოვნის მქონე მხარემ მიუთითოს და უტყუარ მტკიცებულებებზე დაყრდნობით დაამტკიცოს მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შედეგად მისთვის ზიანის მიყენება. მიუღებელი შემოსავალი კი თავისი სამართლებრივი ბუნებით ზიანის ერთ-ერთ სახეს წარმოადგეს და მისთვის დამახასიათებელია ყველა ის ელემენტი, რომელიც ზიანის წარმომშობი ვალდებულებისათვის არის გათვალისწინებული. ამდენად, მიუღებელი შემოსავალი, ისევე როგორც ზიანი, ზუსტად უნდა იყოს განსაზღვრული და დადასტურებული უტყუარი მტკიცებულებებით.
კონკრეტულ შემთხვევაში შპს „თ--–-“ ზიანის ფაქტს (სასარჩელო მოთხოვნის ორივე პუნქტს) უკავშირებს ა(ა)იპ ს-----–-------------------------------------------------ოს მიერ შეღავათიანი აგროკრედიტის თანადაფინანსების შესახებ 27.09.2013 წლის შეთანხების შეწყვეტის ფაქტს, კერძოდ შეთანხმების შეწყვეტის გამო მას მიადგა ზიანი 612304 აშშ დოლარისა და 7540 ლარის ოდენობით. ამდენად, თავის მოთხოვნას შპს „თ--–-“ უკავშირებს სააგენტოს მხრიდან შეთანხმების შეწყვეტის უსაფუძვლობას, მიიჩნევს, რომ მას თანადაფინანსების მიზნობრიობისთვის არ გადაუხვევია, ასევე სადავო საქონელი საკუთარი სახსრებით ჰქონდა შეძენილი.
სასამართლომ წინამდებარე გადაწყვეტილებით დადგენილად მიიჩნია, რომ საფუძვლიანი იყო ა(ა)იპ ს-----–-------------------------------------------------ოს მიერ შეღავათიანი აგროკრედიტის თანადაფინანსების შესახებ შეთანხმების ვადამდე შეწყვეტა. აღნიშნული თავისთავად სამართლებრივ საფუძველს უკარგავს შპს „თ--–-ს“ მოთხოვნას თანადაფინანსების შეწყვეტის გამო ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას. ამდენად, ზიანის არსებობას, შესაბამისად მის შემადგენლობას სასამართლო აღარ იკვლევს და მიიჩნევს, რომ შპს „თ--–-ს“ შეგებებული მოთხოვნა უსაფუძვლოა.
8. სარჩელის უზრუნველყოფის საკითხი
არც ძირითად სარჩელთან და არც შეგებებულ სარჩელთან დაკავშირებით სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.
9. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
ა(ა)იპ ს-----–-------------------------------------------------ოს მიერ ძირითად სარჩელზე გადახდილია 1055,54 ლარი, ხოლო სასამართლოს გარეშე ხარჯის - ექსპერტიზის დასკვნის მიღების შემდეგ დამატებით გადახდილია სახ. ბაჟი 100 ლარის ოდენობით.
ვინაიდან ძირითადი სარჩელი დაკმაყოფილდა, შესაბამისად მოპასუხე შპს ,,თ--–-"-ს ა(ა)იპ ს-----–-------------------------------------------------ოს სასარგებლოდ გადასახდელად უნდა დაეკისროს 1055.54 ლარი სახელმწიფო ბაჟის სახით წინასწარ გადახდილი თანხის სანაცვლოდ და სასამართლოს გარეშე ხარჯის სახით - ექსპერტიზის დასკვნის მიღებისათვის გაწეული ხარჯი 2000 ლარის ოდენობით, ხოლო ა(ა)იპ ს-----–-------------------------------------------------ოს სახ. ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს ზედმეტად გადახდილი სახ. ბაჟის თანხა 100 ლარის ოდენობით;
რაც შეეხება შეგებებულ სარჩელს, ვინაიდან შპს „თ--–-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა, გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 5000 ლარი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ა(ა)იპ ს-----–-------------------------------------------------ოს სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. მოპასუხე შპს ,,თ--–-"-ს ა(ა)იპ ს-----–-------------------------------------------------ოს სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს თანადაფინანსების თანხის უკან დაბრუნების მიზნით 15495.75 აშშ დოლარის გადახდა;
3. მოპასუხე შპს ,,თ--–-"-ს ა(ა)იპ ს-----–-------------------------------------------------ოს სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 1055.54 ლარი სახელმწიფო ბაჟის სახით წინასწარ გადახდილი თანხის სანაცვლოდ;
4. შპს ,,თ--–-ს"-ის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
5. შეგებებულ სარჩელზე მოპასუხე შპს ,,თ--–-"-ს მიერ წინასწარ გადახდილი სახ. ბაჟის თანხა 5000 ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ №6) მეშვეობით.
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ივერი აბაშიძე