გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 2-2901-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
19.11.2019 წ. ქ. რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე დიანა გოგატიშვილი
სხდომის მდივანი თამარ კობაიძე
მოსარჩელე ხ------- ა–----–---ა
წარმომადგენელი მაგული კორძაია
მოპასუხეები ო----- გ---------ი
ვ----- გ---–---ი
ბ----- დ-----------ი
ა------ ა-–---ა
წარმომადგენლები ელიდა გოდერძიშვილი, ნაირა კაპანაძე, ავთანდილ გიორგაძე
დავის საგანი გარიგების ბათილად ცნობა, ქორწინების დროს შეძენილი ქონების გაყოფა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
ბათილად იქნეს ცნობილი 2018 წლის 7 ნოემბერს ვ----- გიულიევსა და ბ----- დ-----------ს შორის დადებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება გარდაბანი სოფელი კ--–------------------------------------------ის (კოდი 8------------------) გასხვისების შესახებ და უძრავი ქონების ½ წილი აღირიცხოს ხ------- ა–----–---ას თანასაკუთრებაში.
(23.10.2019წ სხდომის ოქმი CD დისკი)
სარჩელის გარემოებები
1995 წლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა მოპასუხე ვ----- გ---–---თან. 18 წლის წინ მათ ო----- გ---------ისაგან იყიდეს უძრავი ქონება მდებარე გარდაბანი სოფელი კ--–------------------------------------------ის მხარეებს შორის თავიდან შედგა ზეპირი შეთანხმება ბინის ნასყიდობის შესახებ, რადგან ო----- გ---------ი საქართველოში არ იყო, თანხა 18 000 აშშ დოლარი გადასცეს მის დედას ფატმან გ---------ას, თანხის გადაცემის შემდეგ ო----- გ---------მა ხ------- ა–----–---ას მისცა ბინის გასხვისების უფლებით მინდობილობა. გარკვეული გარემოებების გამო მინდობილობის საფუძველზე ბინის გაფორმება ვერ შეძლო, რის გამოც მინდობილობის ვადის გასვლის შემდეგ ო----- გ---------მა მინდობილობა მისცა ხ------- ა–----–---ას ძმას, მათი დაუდევრობით ბინის რეგისტრაცია ვერც ამ მინდობილობით მოხდა. ოჯახი ამ დრომდე ამ ბინაში ცხოვრობს, იხდის კომუნალურ გადასახადებს. ოჯახური კონფლიქტის გამო მეუღლეებს შორის ურთიერობა დაიძაბა და დაშორდნენ. 2018 წლის 28 სექტემბერს ო----- გ---------მა მინდობილობა გასცა ვ----- გ---–---ზე, რომელმაც ბინა ნასყიდობის ხელშეკრულებით გააფორმა დისშვილის ა------ ა-–---ას საკუთრებად. ამ გარიგების დადების მიზანი იყო მხოლოდ ხ------- ა–----–---ასათვის ზიანის მიყენება, ო----- გ---------ის მიერ მინდობილობაში განკარგვის უფლებაში იგულისხმებოდა ის რომ ვ----- გ---–---ს თავის თავზე უნდა გაეფორმებინა ბინა, რომელიც იქნებოდა მეუღლეთა თანასაკუთრება. ა------ ა-–---ამ ორ კვირაში ნასყიდობის ხელშეკრულებით ბინა გაუფორმა ვ----- გ---–---ს, ხოლო ვ----- გ---–---მა ისევ ორი კვირის ინტერვალით ბინა გააფორმა დეიდაშვილზე ბ----- დ-----------ზე. ამ ხელშეკრულებების დადების მიზანი იყო მესამე პირზე ქონების გაფორმება, რათა ოჯახის წევრებს ქონებაზე პრეტენზია არ განეცხადებ-----.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასხე ო----- გ---------ს სარჩელზე შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც სხდომაზე გამოცხადდა. მას სხდომის თარიღი ეცნობა საჯარო შეტყობინებით.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს შემდეგი გარემოებების გამო:
ვ----- გ---–---ს და ხ------- ა–----–---ას ო----- გ---------ისაგან ბინა არ უყიდიათ. ო----- გ---------ს ჰქონდა ვ----- გ---–---iს ვალი 5000 აშშ დოლარი, რომელსაც მრავალი წლის მანძილზე ვერ უბრუნებდა. მან ვ----- გ---–---ის ნათესავებს მისცა მინდობილობა, რომლითაც მიანიჭა ბინის გასხვისების უფლება, ხოლო მიღებული თანხიდან ვ----- გ---–---ს თავისი ვალი უნდ დაებრუნებინა, ხოლო დარჩენილი ნასყიდობის თანხა უნდა მიეცა ო----- გ---------ისათვის. ვ----- გ---–---ის დისშვილს ა------ ა-–---ას სურდა ბინის შეძენა, რის გამოც ო----- გ---------ის მინდობილობის საფუძველზე ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება მასთან დადო, მაგრამ ო----- გ---------ს ფულის მიღება ეჩქარებოდა, ა------ ა-–---ას კი თანხის სწრაფად გადახდა არ შეეძლო. ამის გამო ბინა საკუთარ სახელზე გააფორმა, რათა სხვა მყიდველთან დაედო ხელშეკრულება. ო----- გ---------ს ასევე ვალი ჰქონდა ბ----- დ-----------ის მიმართ 5000 აშშ დოლარი, რაც გაიქვითა ბინის ნასყიდობის თანხიდან და დარჩენილი თანხა მისცეს ო----- გ---------ს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ხ------- ა–----–---ასა და ვ----- გ---–---ს შორის ქორწინების დარეგისტრირდა 1995 წლის 1 ივლისს გარდაბნის მუნიციპალიტეტის კრწანისის საკრებულოში სააქტო ჩანაწერი N3. ისინი განქორწინდნენ 2019 წლის 5 სექტემბერს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას
- ქორწინების მოწმობის ასლი (ს.ფ. 18-19. ტომი 1)
- განქორწინების მოწმობის ასლი (ს.ფ. 178. ტომი 2 )
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. ვაგიგ გ---–---სა და ხ------- ა–----–---ას მიერ წერილობითი ფორმით არ დადებულა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელი კ--–------------------------------------------ის (კოდი 8------------------) შესახებ ნასყიდობის ხელშეკრულება ბინის მესაკუთრე ო----- გ---------თან. ქონება ვ----- გ---–---მა განკარგა ო----- გ---------ის მინდობილობის საფუძველზე.
2012 წლის 30 მარტს გაცემული საჯარო რეესტრიდან ამონაწერით დასტურდება, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელი კ--–----------------------------------------- იყო ო----- გ---------ის საკუთრება.
2009 წლის 21 თებერვალს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობით ო----- გ---------მა ხ------- ა–----–---ას მიანიჭა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელი კ--–------------------------------------------ის განკარგვის უფლება. კერძოდ, უფლება მიანიჭა აიღოს და წარადგინოს საჭირო ცნობები, მოწმობები და დოკუმენტები ყველა ორგანიზაციაში და დაწესებულებაში. აგრეთვე ადმინისტრაციაში, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, ტექნიკური ინვენტარიზაციის ორგანოებში, საგადასახადო ორგანოებში, გაზისა და ენერგოორგანოებში, კომუნალურ ორგანოებში, საპასპორტო მაგიდაში, მოაწეროს ხელი ბინის მიღება-ჩაბარების აქტზე, ჩუქების ხელშეკრულებაზე, ყიდვა-გაყიდვის და გადაბარების აქტზე, აიღოს მისი სათანადო თანხა, დაარეგისტრიროს საკუთრების უფლება, ხელშეკრულება საკუთრების უფლების გადასვლის შესახებ, აიღოს საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობა და ყველა საჭირო რეგისტრირებული დოკუმენტი ...., შეიტანოს მისი სახელით განცხადება, ხელი მოაწეროს მის მაგივრად და შეასრულოს ყველა სსვა მოქმედება აღნიშნული დავალების შესასრულებლად. მინდობილობა გაცემულია 5 წლის ვადით.
2010 წლის 13 აპრილს უკრაინაში ყირიმის რესპუბლიკაში სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობით ო----- გ---------მა სახიბ გაჯი ოღლი ა–----–---ს მიანიჭა შემდეგი უფლებამოსილება - იყოს მისი წარმომადგენელი ყველა აუცილებელ ორგანიზაციაში, დაწესებულებაში და საწარმოში, მათ შორის სახელმწიფო ორგანოებში, ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროში, სარეგისტრაციო ორგანოებში, ნოტარიუსში, საბინაო ექსპლოატაციის ორგანიზაციებში, საგადასახადო ორგანოებში, ასევე გაყიდოს ფასით და პირობებით თავის შეხედულებისამბერ მისი კუთვნილ ბინა მდებარე გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელი კ--–-----------------------------------------. უფლებას ანიჭებს შეიტანოს და მიიღოს აუცილებელი ცნობები და საბუთები, შეიტანოს მისი სახელით განცხადება, მათ შორის მისი ოჯახური მდგომარეობის შესახებ, დადოს და ხელი მოაწეროს ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებას, დაარეგისტრიროს იგი და გადაიყვანოს საკუთრებაში შესაბამის ორგანოში, მიიღოს გაყიდვის შედეგად მისთვის განკუთვნილი ფული, გადაიხადოს აუცილებელი საზღაური და გადასახადი. ასევე შეასრულოს ყველა მოქმედება დავალების შესასრულებლად. მინდობილობა გაცემულია 3 წლის ვადით.
2018 წლის 28 სექტემბერს ყირიმში სანოტარო წესით დამოწმებულია ო----- მამედალ- ოღლი გ---------ის მიერ გაცემული მინდობილობა, რომლითაც ვ----- გ---–---ს მიენიჭა შემდეგი უფლებამოსილება : თავის შეხედულებისამებრ შერჩეული ფასით და სხვა პირობებით გაყიდოს მის კუთვნილი ბინა მდებარე საქართველოში მისამართზე გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელი კ--–-----------------------------------------. უფლებას აძლევს წარმოადგინოს მის ინტერესები საქართველოს ყველა ორგანიზაციაში, საწარმოსა და დაწესებულებაში, მიუხედავად მათი საკუთრების ფორმის და დაქვემდებარებისა.
მინდობილობის თანახმად, ვ----- გ---–---ს ენიჭება შესაბამისი ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების ხელმოწერის უფლება, აუცილებლობის შემთხვევაში ავანსის, ბეს, ყიდვა-გაყიდვის წინარე ხელშეკრულების, ნაჩვენებ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის, მათი მოშლისათვის ხელშეკრულების ხელმოწერის უფლება, უფლება თავისი შეხედულებისამებრ განსაზღვროს ყველა პირობა გამონაკლისის გარეშე, მიიღოს გაყიდვის შედეგად მისი კუთვნილი თანხა, ავანსის ბეს თანხის ჩათვლით, მათ შორის წარმომადგენლის საბანკო ანგარიშზე, ბინის გადაცემის აქტის ხელმოწერის, ბინაზე საკუთრების უფლების და საკუთრების უფლების გადასვლის სახელმწიფო რეგისტრაციის განხორციელების უფლებით.
2018 წლის 11 ოქტომბერს სანოტარო წესით დამოწმებულია უძრავი ქონების - გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელი კ--–------------------------------------------ის ნასყიდობის ხელშეკრულება ერთის მხრივ გამყიდველს ო----- გ---------სა და მეორეს მხრივ ა------ ა-–---ას შორის, სადაც გამყიდველს 2018 წლის 28 სექტემბრის მინდობილობის საფუძველზე წარმოადგენს ვ----- გ---–---ი. ხელშეკრულებაში მითითებულია ნასყიდობის ფასი 20 000 ლარი. ხელშეკრულების საფუძველზე ქონების მესაკუთრედ საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა ა------ ა-–---ა.
მხარეებს შორის სადაო არ არის, რომ ა------ ა-–---ა არის ვ----- გ---–---ის ახლო ნათესავი - მისი დისშვილი.
2018 წლის 26 ოქტომბერს ა------ ა-–---ასა და ვ----- გ---–---ს შორის დადებულია უძრავი ქონების გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელი კ--–------------------------------------------ის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე საჯარო რეესტრში მესაკუთრედ დარეგისტრირდა ვ----- გ---–---ი.
2018 წლის 7 ნოემბერს ვ----- გ---–---სა და ბ----- დ-----------ს შორის დაიდო უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელი კ--–------------------------------------------ის მესაკუთრედ საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა ბ----- დ-----------ი. ნასყიდობის ხელშეკრულებაში მითითებულია ნასყიდობის ფასი 15 000 ლარი.
მხარეთა განმარტებებით დასტურდება, რომ ბ----- დ-----------ის არის ვ----- გ---–---ის ნათესავი, დეიდაშვილისშვილი.
სასამართლო ეყრდობა შემდეგ მტკიცებულებას
- მინდიბილობების ასლები (ს.ფ. 20-24. 30-34.. ტომი 1 )
- საჯარო რეესტრიდან ამონაწერები (ს.ფ. 25-29. 133-134, ტომი 1)
- ნასყიდობის ხელშეკრულების ასლები (ს.ფ.35-38, 135-138. ტომი 1)
- მოწმეების ჩვენება (2.07.2019წ სხდომის ოქმი CD დისკი )
III სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან არ დასტურდება მეუღლეთა მიერ სადაო ქონების შეძენა კანონით დადგენილი წესით.
5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
საქმის სამართლებრივი შეფასებისას სასამართლომ გამოიყენა შემდეგი ნორმები:
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1151-ე, 1158-ე, 477-ე, 183-ე, 328-ე, 68-ე, 327-ე, 323-ე, 59-ე , 56-ე მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
მოსარჩელის მოთხოვნაა უძრავი ქონების განკარგვის შესახებ დადებული გარიგების ბათილად აღიარება იმ საფუძვლით, რომ ქონება მეუღლეთა ერთობლივი საკუთრებაა და გარიგების დადება მიზნად ისახავდა მისი თანასაკუთრების უფლების ხელყოფას. ამდენად, საქმეზე უმთავრესად შესაფასებელი გარემოებაა, მოიპოვეს თუ არა მეუღლეებმა სადაო უძრავ ქონებაზე თანასაკუთრების უფლება, რის შედეგად უნდა შეფასდეს გარიგების დადების მიზანი იყო თუ არა მოსარჩელისათვის თანასაკუთრების უფლების რეალიზაციისათვის დაბრკოლების შექმნა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1151-ე მუხლის საფუძველზე მეუღლეთა უფლება-მოვალეობებს წარმოშობს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული ქორწინება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის თანახმად, 1. მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. 2. ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში მეუღლეთა ქორწინების პერიოდში ქონების შეძენის საფუძვლები განმარტებულია შემდეგნაირად: „..საოჯახო კანონმდებლობით მეუღლეთა საკუთრება იყო ორ ნაწილად: ინდივიდუალურ ანუ განცალკევებულ და საერთო თანაზიარ საკუთრებად. ინდივიდუალურია ისეთი ქონება, რომელის ერთერთ მეუღლეს ეკუთვნის და თვითონვე განკარგავს. აღნიშნული დანაწესი რეგულირდება სსსკ 1161-1162-ე მუხლით. თანაზიარ ქონებად ჩაითვლება მეუღლეთა ერთად ცხოვრების პერიოდში შეძენილი ყოველი ქონება (უძრავი და მოძრავი), რომელის შეძენილია (ან შექმნილია) ორივე მეუღლის ერთობლივი შრომით და სახსრებით, ასევე ის ქონება რომელიც შეძენილია ერთ-ერთი მეუღლის მიერ იმ შემთხვევაშიც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონდა დამოუკიდებელი შემოსავალი............ ამ დროს მნიშვნელობა არა აქვს იმას, ქონება შეძენილია ერთ-ერთი მათგანის, თუ ორივე მეუღლის მიერ“. (იხ., სუსგ №ას-7-7-2016, 16 მარტი, 2016 წელი; 2017 წლის 24 ნოემბრის განჩინება საქმე №ას-1169-1089-2017).
მხარეებს შორის სადაოა უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება, ხოლო სამოქალაქო კოდექსი უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების წარმოშობისათვის სავალდებულოდ ითვალისწინებს გარიგების წერილობითი ფორმით დადებას. სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის თანახმად, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.
2018 წლის 11 ოქტომბერს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მესაკუთრედ ა------ ა-–---ას რეგისტრაციამდე, სადაო უძრავი ქონების მესაკუთრე იყო ო----- გ---------ი, რომელთანაც ვ----- გ---–---ს ან ხ------- ა–----–---ას უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება წერილობით არ გაუფორმებიათ. ო----- გუსეიონოვმა რამდენჯერმე ქონების განკარგვის უფლებამოსილება მიანიჭა ხ------- ა–----–---ას და მისი ოჯახის წევრებს, რაც მხარეებს შორის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების დადებას არ ადასტურებს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის თანახმად, 1. ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. 2. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. ნასყიდობის ხელშეკრულება კონსესუალურია და იგი დადებულად ითვლება მის ყველა არსებით პირობაზე საამისოდ დადგენილი ფორმით მხარეთა შეთანხმების მომენტიდან. შესაბამისად, ხელშეკრულების ძალაში შესვლა ნივთის გადაცემაზე დამოკიდებული არ არის. ამასთან, ხელშეკრულების მიზანი და ინტერესი საკუთრების უფლების გადაცემაშია და იგი, მისი შინაარსიდან გამომდინარე, სწორედ უფლების გადაცემას ემსახურება.
უძრავ ნივთის გასხვისების შესახებ დადებული შეთანხმებისათვის კანონი სავალდებულოდ აწესებს წერილობით ფორმას და ამ წესიდან რაიმე გამონაკლისი კოდექსით დაშვებული არ არის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 328-ე მუხლის თანახმად, 1. თუ კანონით ხელშეკრულების ნამდვილობისათვის დადგენილია განსაზღვრული ფორმა, ან მხარეებმა ხელშეკრულებისათვის გაითვალისწინეს ასეთი ფორმა, მაშინ ხელშეკრულება ძალაში შედის მხოლოდ ამ ფორმის შესახებ მოთხოვნის შესრულების შემდეგ. 2. თუ მხარეები შეთანხმდნენ წერილობით ფორმაზე, ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს მხარეთა მიერ ხელმოწერილი ერთი დოკუმენტის შედგენით; ფორმის უზრუნველსაყოფად ასევე საკმარისია სატელეგრაფო შეტყობინება, ტელეასლი ან წერილების ურთიერთგაცვლა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 68-ე მუხლის თანახმად, გარიგების ნამდვილობისათვის საჭიროა კანონით დადგენილი ფორმის დაცვა. თუ ასეთი ფორმა არ არის დაწესებული, მხარეებს შეუძლიათ თვითონ განსაზღვრონ იგი. ამავე კოდექსის 69-ე მე-2 და მე-3 ნაწილების მიხედვით, გარიგება წერილობითი ფორმით შეიძლება დაიდოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ან მხარეთა შეთანხმებით; გარიგების წერილობითი ფორმის არსებობისას საკმარისია გარიგების მონაწილე მხარეთა ხელმოწერა.
მხარეებს შორის სესხის ხელშეკრულება მატერიალური ფორმით დადებული არ არის – მხარეებს შორის გაფორმებული არ არის მხარეების მიერ ორმხრივად ხელმოწერილი ხელშეკრულება უძრავი ქონების გასხვისების შესახებ. გარიგების საფუძველზე უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება კი წარმოიშობა მხოლოდ წერილობით დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.
მოსარჩელის მოთხოვნა ემყარება იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ ო----- გ---------ისაგან ქონება ზეპირი შეთანხმებით შეიძინეს და მესაკუთრეს გადაუხადეს ქონების საფასური. მოსარჩელის მიერ მითითებული ამ ფაქტის საპირისპიროდ მოპასუხე განმარტავს, რომ ბინის მესაკუთრეს მის წინაშე გადასახდელი ჰქონდა ვალი, რის სანაცვლოდ მინდობილობით მიანიჭა ქონების გასხვისების უფლება და ამ გზით ვალის ე.წ. ამოღების შესაძლებლობა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ამდენად, ხელშეკრულების დასადებად საკმარისი არ არის მხოლოდ მხარეთა შეთანხმება ხელშეკრულების ყველა არსებით პირობებზე, არამედ საჭიროა ასევე, რომ ეს შეთანხმება გაფორმდეს საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.
სახელშეკრულებო ავტონომიის პრინციპის ასპექტია სახელშეკრულებო ფორმის თავისუფლების პრინციპი. თუმცა ეს პრინციპი შეუზღუდავი არ არის, რადგან თუკი კანონით დადგენილია კონკრეტული ტიპის ხელშეკრულების განსაზღვრული ფორმის დაცვით დადება, ასეთი ხელშეკრულების ნამდვილობისათვის აუცილებელია ამ ფორმის დაცვა.
სამოქალაქო ბრუნვაში უძრავი ქონების დიდი მნიშვნელობის გამო სახელშეკრულებო სამართლებრივი ურთიერთობის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად დაწესებულია უძრავი ქონების გასხვისების შესახებ წერილობითი ფორმის დაცვის ვალდებულება, რაც ამ ხელშეკრულების ნამდვილობის წინაპირობაა, რადგან სამოქალაქო კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე, ბათილია კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული აუცილებელი ფორმის დაუცველად დადებული გარიგება, ასევე ნებართვის გარეშე დადებული გარიგება, თუ ამ გარიგებისთვის საჭიროა ნებართვა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 323-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება, რომლითაც ერთი მხარე იღებს ვალდებულებას, უძრავ ნივთზე საკუთრება გადასცეს სხვას ან შეიძინოს იგი, მოითხოვს წერილობით ფორმას. შესაბამისად, უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებისათვის აუცილებელი ყველა არსებითი პირობის წერილობითი ფორმით დადებულ ხელშეკრულებაში ასახვა და მხარეთა ხელმოწერით დადასტურება. მხოლოდ ამ ფორმით დადებული ხელშეკრულება წარმოუშობს მხარეებს ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლებებსა და მოვალეობებს, კერძოდ, მყიდველს თანხის გადახდის, ხოლო გამყიდველს კი თანხის მიღებისა და ქონების გადაცემის ვალდებულებას.
სასამართლო განმარტავს, რომ უძრავი ნივთის გასხვისების შესახებ შეთანხმების წერილობითი ფორმის დაუცველობა მხარეთა შეთანხმების სამართლებრივ ვარგისიანობას საფუძველს აცლის. მხარეთა ზეპირი შეთანხმება უძრავი ქონების გასხვისების შესახებ სსსკ 59-ე მუხლის საფუძველზე ბათილია და არ წარმოშობს ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ უფლება-მოვალეობებს. თუნდაც მომხდარი იყოს ქონების გადაცემა, ნასყიდობის ფასის გადახდა, ეს ქმედებები არ იწვევს ქონებაზე საკუთრების უფლების წარმოშობას.
მოსარჩელე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლების წარმომშობ გარიგებად მიიჩნევს 2018 წლის 26 ოქტომბერს ა------ ა-–---ასა და ვ----- გ---–---ს შორის დადებულ ნასყიდობის ხელშეკრულებას, რადგან მოსარჩელის განმარტებით ამ გარიგებით ქორწინების შეწყვეტამდე ქონებაზე საკუთრების უფლება წარმოეშვა ვ----- გ---–---ს.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეებს შორის დადებული ეს გარიგება ამ ქონებაზე დადებული სხვა გარიგებებთან ერთობლიობაში უნდა შეფასდეს, რადგან მეუღლეების უფლებების წარმოშობისათვის უპირველესად ის უნდა დადგინდეს, მეუღლეებმა ქონების მესაკუთრისგან რა საფუძვლით მოიპოვეს საკუთრების უფლება.
როგორ უკვე აღინიშნა ო----- გ---------თან მოსარჩელეს ან მის მეუღლეს წერილობითი ფორმით ხელშეკრულება საცხოვრებელი ბინის ნასყიდობის შესახებ არ გაუფორმებიათ. ვ----- გ---–---მა ო----- გ---------ის მინდობილობის საფუძველზე 2018 წლის 11 ოქტომბერს ნასყიდობის ხელშეკრულება გააფორმა ა------ ა-–---ასთან, ხოლო შემდეგ ა------ ა-–---ასთან დადო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც დარეგისტრირდა ბინის მესაკუთრედ. მოსარჩელე თავდაპირველ სარჩელში მოითხოვდა ვ----- გ---–---სა და ა------ ა-–---ას შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების, როგორც მოჩვენებითი გარიგების ბათილად აღიარებას, ხოლო საბოლოოდ მოითხოვა მხოლოდ ვ----- გ---–---სა და ბ----- დ-----------ს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად აღიარება იმ საფუძვლით, რომ შემძენი არაკეთილსინდისიერია.
სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის საფუძველზე სასამართლო ვალდებულია მხოლოდ მოსარჩელის მოთხოვნის ფარგლებში შეაფასოს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტები და წარმოდგენილი მტკიცებულებები. სასარჩელო მოთხოვნა და სარჩელში მითითებული ფაქტები ერთობლივად განაპირობებს მოთხოვნის საფუძვლიანობას, კერძოდ რომელი სამართლის ნორმით შეიძლება დავის გადაწყვეტა.
სარჩელი შედგება ორი ელემენტისგან: სარჩელის საგნისა და სარჩელის საფუძვლისგან. სარჩელის საგანია მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისადმი (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი), ხოლო სარჩელის საფუძველია - კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ (დისპოზიციურობის პრინციპი). საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად (შეჯიბრებითობის პრინციპი), სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
დისპოზიციურობის და შეჯიბრებითობის პრინციპების საფუძველზე მოსარჩელე თავად განსაზღვრავს მისი მოთხოვნის შინაარსს. კერძოდ, მოსარჩელე განსაზღვრავს რას მოითხოვს და რა ფაქტების საფუძველზე. თავდაპირველად მოსარჩელემ მოითხოვა 2018 წლის 11 ოქტომბერს ა------ ა-–---ასა და ო----- გ---------ს შორის (წარმოადგენდა ვ----- გ---–---ი) დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და ქონების მეუღლეთა თანასაკუთრებად აღიარება. სარჩელის აღძვრის შემდეგ ა------ ა-–---ასა და ვ----- გ---–---ს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც ქონების მესაკუთრედ დარეგისტრირდა ვ----- გ---–---ი, ხოლო საბოლოოდ 2018 წლის 7 ნოემბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებით ქონების მესაკუთრედ რეგისტრირებულია ბ----- დ-----------ი.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე თავიდანვე მოითხოვდა სადაო უძრავ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების აღიარებას იმ საფუძვლით, რომ ეს ქონება ქორწინების პერიოდში შეიძინეს ო----- გ---------ისაგან. მოსარჩელე არ უარყოფს იმ ფაქტს, რომ ო----- გ---------თან წერილობითი ფორმით ხელშეკრულება არ დადებულა, თუმცა მეუღლეთა თანასაკუთრების წარმოშობის დასტურად საბოლოოდ მიუთითა ა------ ა-–---ასა და ვ----- გ---–---ს შორის 2018 წლის 26 ოქტომბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება.
მოსარჩელე საბოლოოდ მოითხოვს მხოლოდ ბ----- დ-----------თან დადებული ხელშეკრულების ბათილად აღიარებას, ხოლო მანამდე ამ ქონებაზე დადებული ხელშეკრულებების ბათილად აღიარებას აღარ მოითხოვს. სასამართლო აღნიშნავს, რომ დავის გადაწყვეტისათვის უმთავრესია სარჩელში მითითებული გარემოებები, საიდანაც გამომდინარეობს მოსარჩელის მოთხოვნა. სასარჩელო მოთხოვნა და სარჩელის გარემოებები ერთობლიობაში ქმნის დავის საგანს. მოსარჩელის განმარტებით, მისი თანასაკუთრების უფლების აღიარებისათვის საკმარისია მხოლოდ ბ----- დ-----------თან დადებული ხელშეკრულების ბათილად აღიარება, ხოლო წინამორბედი გარიგებები სწორედ მეუღლეთა თანასაკუთრებას ადასტურებს.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ა------ ა-–---ასთან ხელშეკრულების დადებით მოსარჩელისა და მისი მეუღლის ერთობლივი საკუთრება არ წარმოშობილა, რადგან მოსარჩელეს და მის მეუღლეს ეს ქონება ა------ ა-–---ასაგან არ შეუძენიათ. მოსარჩელის მოთხოვნა თავიდანვე ეყრდნობა იმ გარემოებას, რომ ბინა იყიდეს ო----- გ---------ისაგან.
მოსარჩელე სადაო ქონებაზე დადებულ ყველა გარიგებას მოჩვენებით გარიგებად მიიჩნევს გარდა 2018 წლის 26 ოქტომბრის ხელშეკრულებისა და მიაჩნია, რომ სწორედ ეს ხელშეკრულება ადასტურებს ქორწინების პერიოდში მისი მეუღლის მიერ ბინის შეძენას. სასამართლოს მიაჩნია, რომ სადაო ქონებაზე დადებული ეს გარიგება განცალკევებულად მანამდე დადებული გარიგებებისაგან ვერ შეფასდება, რადგან სარჩელი არ ეფუძნება იმ ფაქტს, რომ მეუღლეებმა ბინა ა------ა ა-–---ასაგან შეიძინეს. კერძოდ, სარჩელში მითითებული არ არის, რომ ა------ ა-–---ას გადაუხადეს თანხა და მისგან მიიღეს ბინა მფლობელობაში. მართალია ამ გარიგების დადებამდე ა------ ა-–---ა იყო ბინის მესაკუთრე, მაგრამ მოსარჩელეს სარჩელის შინაარსიდან გამომდინარე ასევე პრეტენზია ამ გარიგების მიმართაც აქვს, იმის მიუხედავად, რომ მისი ბათილობა საბოლოოდ აღარ მოითხოვა. კერძოდ, ა------ ა-–---ას წინამორბედი მესაკუთრე იყო ო----- გ---------ი, რომელთან დადებული ხელშეკრულებით წარმოეშვა ა------ ა-–---ას საკუთრების უფლება. ო----- გ---------ს წარმოადგენდა მოსარჩელის მეუღლე ვ----- გ---–---ი, შესაბამისად მოსარჩელის მეუღლე მოქმედებდა როგორც მესაკუთრის წარმომადგენელი, რადგან მას ქონებაზე საკუთრების უფლება არ წარმოშობია მესაკუთრესთან დადებული წერილობითი ხელშეკრულებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის შესაბამისად, 1. ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება). 2. თუ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა, მაშინ გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები (თვალთმაქცური გარიგება). გარიგება მოჩვენებით დადებულად ითვლება, როცა მხარეებს რეალურად განზრახული არა აქვთ მათ შორის გაფორმებული გარიგების შესრულება, მათი მიზანი არ არის ამ გარიგებით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის მიღწევა, გარიგების შინაარსის შესაბამისი უფლება-მოვალეობების წარმოშობა. ამდენად, მოჩვენებითი გარიგება ნიშნავს ორივე მხარის ერთობლივად განხორციელებულ ქმედებას მხოლოდ ფორმალურად დადონ გარიგება.
მოსარჩელის განმარტებიდან გამომდინარე, მართალია მესაკუთრისგან ფორმის დაუცველად შეიძინეს უძრავი ქონება, მაგრამ ამას მნიშვნელობა არა აქვს, რადგან ქორწინების შეწყვეტამდე მესაკუთრედ იყო რეგისტრირებული მისი მეუღლე. სასამართლო კვლავ აღნიშნავს, რომ საქმის გარემოებებიდან გამომდინარე ვ----- გ---–---სა და ა------ ა-–---ას შორის დადებული გარიგება მანამდე დადებული გარიგებისგან განცალკევებულად ვერ შეფასდება, რადგან მანამდე ქონების მესაკუთრე იყო ო----- გ---------ი, ხოლო ვ----- გ---–---ი მოქმედებდა მისი სახელით მათ შორის დადებული დავალების ხელშეკრულების - რწმუნებულების საფუძველზე.
სასამართლო განმარტავს, რომ მხარეებს შორის წამოჭრილი სადავო ურთიერთობის სამართლებრივი შეფასება სასამართლოს ვალდებულებაა, მიუხედავად იმისა, ედავებიან თუ არა ამ შეფასებას მხარეები. უძრავ ქონების გასხვისების შესახებ გარიგების ფორმის დაუცველობა მხარეთა შეთანხმების ბათილობის საფუძველია, რის გამოც ამ საკითხის სამართლებრივი შეფასება სასამართლოს ვალდებულებაა მხარეთა შეფასებების მიუხედავად.
სასამართლოს მიაჩნია, რომ სამართალწარმოების დისპოზიციურობის და შეჯიბებითობის პრინციპების საფუძველზე მოსარჩელის უმნიშვნელოვანესი ვალდებულებაა ფაქტების მითითება, რადგან სწორედ სარჩელში მითითებული ფაქტების საფუძველზე უნდა შეფასდეს მოსარჩელის უფლების წარმოშობის საფუძველი და ის თუ, რა ქმედებით შეილახა მოპასუხის მიერ მისი უფლებები და ინტერესები. სადაო სამართალურთიერთობის შინაარსს სწორედ ფაქტები განსაზღვრავს და საქმეში მითითებული ფაქტების საფუძველზე ხდება თითოეული სადაო ურთიერთობის ინდივიდუალიზაცია, ფაქტების სამართლებრივი შეფასების შედეგად გამოაქვს სასამართლოს დასკვნა სარჩელის საფუძვლიანობის საკითხზე.
მოსარჩელეს სადაო ქონებაზე დადებული ყველა გარიგების მიმართ გააჩნია პრეტენზია, მიიჩნევს მოჩვენებით გარიგებად, გარდა 2018 წლის 26 ოქტომბერს დადებული ხელშეკრულებისა. სასამართლოს მიაჩნია, რომ სადაო ქონებაზე დადებული ხელშეკრულებები მხოლოდ ერთობლიობაში უნდა შეფასდეს და გარიგებათა ამ ჯაჭვში დადებული შუალედური გარიგება ნამდვილ გარიგებად ვერ იქნება მიჩნეული, თუკი მისი წინამორბედი და შემდგომი გარიგებები მოჩვენებით არის დადებული. მოსარჩელის განმარტებით, ამ გარიგებების დადებით მოპასუხე მიზნად ისახავდა მოსარჩელის თანასაკუთრების უფლების ხელყოფას, რის გამოც ასეთი მიზნით დადებული გარიგებათა ჯაჭვში შუალედური გარიგება ნამდვილ გარიგებად ვერ იქცევა.
სარჩელის შინაარსიდან გამომდინარე სადაო ბინაზე მფლობელობა მოპოვებულია ო----- გ---------თან ზეპირი შეთანხმების საფუძველზე, სარჩელის მიხედვით მეუღლეთა თანასაკუთრების მოპოვების საფუძველი ა------ ა-–---ასთან დადებული შეთანხმება არ არის, რადგან სარჩელში მითითებული არ არის მისთვის თანხის გადახდა, მისგან ქონების მფლობელობაში მიღება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 183-ე და 323-ე მუხლები თავისი ბუნებით იმპერატიული ნორმებია, ხოლო იმპერატიული ნორმების მიზანია კერძო უფლებათა დაცვის უზრუნველყოფა. კანონის იმპერატიული ნორმები კერძო სამართლში ადგენს ქცევის სავალდებული წესს, რომლის მხარეთა შეთანხმებით შეცვლა დაუშვებელია, მხარეებმა შეთანხმების დადების დროს უნდა გაითვალისწინონ კანონით დადგენილი სავალდებულო წესები. კანონის განმარტება კანონის ბუნდოვანი ადგილების დაზუსტებას და ტექსტის მნიშვნელობის დადგენას გულისხმობს, შესაბამისად, სასამართლო უფლებამოსილია, განმარტოს კანონი მაშინ, როდესაც ამისი საჭიროება არსებობს და საკანონმდებლო დანაწესებით პრობლემის ერთმნიშვნელოვანი გადაწყვეტა ვერ ხდება. კანონის ინტერპრეტაციის არსი, კანონის ტექსტის საფუძველზე კანონის აზრისა და მიზნის დადგენაა, რაც სამართლის განვითარების ერთ-ერთი მნიშვენლოვანი საფუძველია. კანონის ინტერპრეტაციის აუცილებლობას კანონში არსებული ხარვეზი განაპირობებს. ასეთი ვითარება მაშინაა, როდესაც კანონი პირდაპირ არ იძლევა პასუხს ამა თუ იმ საკითხზე და სასამართლო ხარვეზიანი ნორმის ტექსტისა და სამართლის ძირითად პრინციპების შეჯერებით ადგენს იმ სამართლებრივ წესრიგს, რომლის დადგენაც კანონმდებელს სურდა - კანონმდებლის მიზანი. ამასთან, როდესაც კანონმდებელი განსაზღვრულ ქცევას სავალდებულოდ ადგენს, ამით მას სურს განსაზღვრული მიზნის მიღწევა. იმპერატიული ნორმები ასახავენ კანონმდებლის მიდგომას კონკრეტული ქცევის მიზანსა და მიზანშეწონილობაზე მართლმსაჯულება კანონმდებლის განზრახვას ვერ გასცდება მაშინაც კი, როდესაც კანონმდებლის მიერ სამართლის ნორმის შინაარსის დაკონკრეტებისა და ლეგიტიმური ცვლილებებისათვის კანონში ღია სივრცეა დატოვებული. იმპერატიული ნორმების დადგენის შემთხვევაში კანონმდებელი ქცევის მხოლოდ ამ სახით განხორციელების სავალდებულოობას ადგენს და მათ არსებობას, როგორც წესი, სხვა ზოგადსამართლებრივ პრინციპებთან ერთად საფუძვლად უდევს სამართლებრივი უსაფრთხოებისა და კერძო სფეროში ნდობის დაცვის პრინციპი. უძრავ ნივთზე დადებული ვალდებულებითი გარიგების ფორმასავალდებულოობა ნათლად წარმოაჩენს კანონმდებლის მიზანს – უძრავი ნივთების სპეციალურ სამართლებრივ რეჟიმში მოქცევით ხელი შეუწყოს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობას“ (საქართველოს უზენასი სასამართლოს 2019 წლის 16 იანვრის განჩინება საქმეზე №ას-1242-2018 )
სამოქალაქო კოდექსის მიზანია სტაბილური სამოქალაქო ბრუნვის უზრუნველყოფა, რომლის ერთერთი გამოვლინებაა კანონით დადგენილი ფორმით დადებული ხელშეკრულების მიმართ სანდოობა. სამოქალაქო კოდექსის 59-ე მუხლით გარიგების შეცილების უფლება აქვს დაინტერესებულ პირს, რომელიც ყოველთვის გარიგების მონაწილე არ არის. შესაბამისად, გარიგების შეცილების უფლება აქვს მესამე პირს, რომელმაც უნდა მიუთითოს სადაო გარიგებით მისი რა უფლება შეილახა. მასვე ეკისრება გარიგების ბათილობის საფუძვლად მითითებული გარემოებების მტკიცების ვალდებულება. მტკიცების ტვირთის სხვაგვარად ნაწილდება, თუ გარიგების მხარეები ახლო ნათესავები არიან და მესამე პირი გარიგების ბათილობას მოითხოვს იმ საფუძვლით, რომ გარიგების მიზანი იყო მისთვის ზიანის მიყენება, რადგან არსებობს პრეზუმფცია, რომ ახლო ნათესავები ინფორმირებულები არიან ქონებაზე არსებული დავის გარემოებების შესახებ.
მოსარჩელე გარიგების ბათილობის საფუძვლად მიუთითებს იმ ფაქტს, რომ ქონება მეუღლეთა თანასაკუთრებაა და მეუღლემ მოჩვენებით განკარგა ქონება, რითიც ხელყო მისი თანასაკუთრების უფლება. ამდენად, საქმეზე დასადგენი ძირითადი გარემოებაა მეუღლეებს რა საფუძვლით და როდის წარმოეშვათ უფლებები სადაო უძრავ ქონებაზე. ქონების თავდაპირველ მესაკუთრესთან რომელიმე მეუღლეს კანონით დადგენილი ფორმის დაცვით ხელშეკრულება არ გაუფორმებია, რის გამოც ო----- გ---------თან შეთახმების საფუძველზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება არ წარმოშობილა.
მეუღლეთა თანასაკუთრების წარმოშობის შეფასებისათვის საქმეზე დასადგენი მომდევნო მნიშვნელოვანი გარემოებაა, ის ხომ არ დასტურდება მეუღლეთა თანასაკუთრების წარმოშობა 2018 წლის 26 ოქტომბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებით, რომლის საფუძველზე ქორწინების შეწყვეტამდე ქონების მესაკუთრედ დარეგისტრირდა ვ----- გ---–---ი. სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში ვ----- გ---–---ის მონაწილეობით და მის მიერ დადებულ გარიგებათა ჯაჭვში მხოლოდ ამ გარიგებას ნამდვილობის საფუძველი არ გააჩნია, იგი ო----- გ---------თან დადებული ფორმის დაუცველი გარიგების სამართლებრივი შედეგების გამოსწორებას მიზნად არ ისახავდა.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ქონების მესაკუთრესთან ზეპირი შეთანხმება და თუნდაც მისთვის ნასყიდობის ფასის გადახდა მაინც ვერ წარმოშობს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების და სადაო ქონებაზე მოსარჩელის თანასაკუთრების წარმოშობის სამართლებრივ წინაპირობებს, ვინაიდან, კანონით დადგენილი დანაწესების უგულველებყოფა, ხელშეკრულების ფორმის დაუცველობა ქონების მესაკუთრესთან ხელშეკრულების საფუძველზე ქონების შეძენას და, შესაბამისად, უძრავ ქონებაზე თანასაკუთრებად ცნობის შესახებ მოსარჩელის მოთხოვნის კანონიერებას გამორიცხავს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 59-ე მუხლის მიხედვით, გარიგების ბათილობის მოთხოვნა აქვს დაინტერესებულ პირს, იმ პირს, რომლის კანონიერი უფლებების ამ ქონებაზე შეილახა სადაო გარიგებით, ვინაიდან მეუღლეთა მიერ სადაო ქონების შეძენა არ დასტურდება, სადაო გარიგების დადების დროს შემძენის კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებული საკითხების შეფასების საფუძველი აღარ არსებობს.
7. პროცესის ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო მოსარჩელეს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ვერ აუნაზღაურდება.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის შესაბამისად სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების და საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას. რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქნის გამო ამ საქმეზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა გაუქმდეს.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 1991-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 247-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367ე, 369-ე მუხლებით
გადაწყვიტა:
1. არ დაკმაყოფილდეს ხ------- ა–----–---ას სარჩელი;
2. გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 1 აპრილის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედოს მოპასუხე ბ----- დ-----------ის (პირადი ნომერი 1----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე გარდაბანი სოფელი კ--–-------------------------------------------–------------- ( კოდი 8------------------).
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე დიანა გოგატიშვილი