განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე#1/4499-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
09 დეკემბერი 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო
სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლე - ლაშა ჩხიკვაძე
სხდომის მდივანი - ნატო ზერეკიძე
პროკურორი: ნ----- თ-----–---–ი
ადვოკატები: რ----- ჩ-----–--ე, მ----- ჩ-------ი, ნ--- რ------–--–ი
ს/ს საქმე №0-----------
ბრალდებული: გ------- ქ------–--ე
მამის სახელი:------–--
დაბადებული:-----------–-
პირადი ნომერი:------------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
ნასამართლობა: ნასამართლობის მქონე
რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები:------–-----–-----------------–----------------
პასუხისგებაში მიცემის დრო:------------–-
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლი
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ბრალდებულ გ------- ქ------–--ის მიმართ, საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ:
ბრალდებულ გ------- ქ------–--ეს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა განზრახ მკვლელობის მცდელობა.
მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 14 ივლისს, დაახლოებით 0415-0430 საათების შუალედში, თ---–--–---------------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების დროს გ------- ქ------–--ემ დ----- ო------–---–ს განზრახ მოკვლის მიზნით, დანის გამოყენებით მარცხენა წელისა და მარცხენა მხარის არეში მიაყენა ჭრილობები, ასევე გულმკერდის მარცხენა ნახევარში მიაყენა შემავალი, სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანება. გ------- ქ------–--ემ განზრახვა ვერ მოიყვანა სისრულეში მისგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო. დ----- ო------–---–ი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით გადაყვანილი იქნა საავადმყოფოში, სადაც დროულად გაწეული დახმარების შედეგად გადაურჩა სიკვდილს.
სასამართლო სხდომაზე მოწმე დ----- ო------–---–მა განმარტა, რომ 2018 წლის 14 ივლისს საღამოს საათებში მეგობარ ა------------სთან ერთად, მისსავე ავტომანქანაში ყოფნისას, ავტომანქანაში შემოიხედა და გოგონას 2-3 წუთით უყურებდა მისთვის უცნობი, ნასვამი მამაკაცი, რის შემდეგაც მამაკაცმა ნელი სვლით გააგრძელა მოძრაობა, თუმცა მოწმის მიმართვაზე - ,,რა ხდება, მეგობარო, ხომ მშვიდობა გაქვს“, უცნობმა უპასუხა - ,,რა გინდა“. აღნიშნულს მოყვა მათ შორის შელაპარაკება. მოწმე ცდილობდა უცნობისათვის აეხსნა, რის გამო შეაჩერა, თუმცა ნასვამ მამაკაცს ვერაფერს აგებინებდა. სასაუბროდ გადაინაცვლეს იქვე მდებარე ჩიხში. ბრალდებულს შესთავაზა მეორე დღეს ფხიზლებს ესაუბრათ, უთხრა მისი საცხოვრებელი ბინის მისამართიც. აღნიშნულის შემდეგ მოწმე ავტომანქანასთან დაბრუნდა და ჩაჯდა, თუმცა ბრალდებული არ მიდიოდა. შესაბამისად, კვლავ გადმოვიდა ავტომანქანიდან და გაგრძელდა დაძაბული საუბარი. ცოტა ხანში ბრალდებულმა ტაქსი გააჩერა, ჩაჯდომისას კი ჰკითხა მისამართი, რაც მოწმემ ხმამაღლა გასძახა, ამასთან უთხრა, რომ დაელოდებოდა. ბრალდებული გადმოვიდა ტაქსიდან, აღნიშნულს კი კვლავ შელაპარაკება მოჰყვა. რადგან ტაქსის მძღოლმა დაძრა ავტომანქანა და წასვლას აპირებდა, დ----- ო------–---–მა დაუძახა, რომ დალოდებოდა მგზავრს. მართლაც, ბრალდებული ჩაჯდა ტაქსში და წავიდა, დ----- ო------–---–ი კი თავის ავტომანქანისკენ დაბრუნდა, თუმცა ტაქსი უკუ სვლით დაბრუნდა და ბრალდებულმა მას შეაგინა. მოწმე ძალიან გაღიზიანდა და გაიქცა ტაქსის მიმართულებით, რათა გაერკვია, რა უნდოდა ბრალდებულს. ამ უკანასკნელმა მიარტყა ჭიქა, რომელიც ეჭირა ხელში. აღნიშნულის გამო დ----- ო------–---–მა ძლიერად დაარტყა ხელი, საპასუხოდ კი ბრალდებულმა სამჯერ დაარტყა დანა, არა ძლიერად, თუმცა მკერდზე იგრძნო სისველე. მიუხედავად ჭრილობისა, დ----- ო------–---–ი კვლავ ძლიერად ურტყამდა ნასვამ ბრალდებულს, რომელიც უმისამართოდ იქნევდა დანას. მიუხედავად ამისა მან ვერ შეძლო ბრალდებულის დამშვიდება და რადგან თავად ვეღარ სუნთქავდა, ამოეფარა ავტომანქანას. თავიდან ბრალდებული გამოყვა ავტომანქანისკენ და მეორე მხრიდან დადგა, შემდეგ ფეხი მიარტყა ავტომანქანას წინა მხრიდან და წავიდა. საბოლოოდ, მოწმე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომანქანით გადაიყვანეს საავადმყოფოში და გაუკეთეს ოპერაცია. ჩხუბისას დანა მოხვდა სამჯერ, ჭრილობები მიიღო გულმკერდის მარცხენა მხარეს, გულის ქვედა მხარეს, ზურგზე, ფილტვების მარცხენა მხარეს და მარცხენა მკლავში.
სასამართლო სხდომაზე მოწმე გ------- ჯ-----მ განმარტა, რომ მუშაობს ე-----–------------------- მდებარე რესტორანში. დაზარალებული დ----- ო------–---–ი არის ყოფილი მძღოლი, მას რესტორნის თანამშრომლები დაჰყავდა სახლში. 2018 წლის 14 ივლისს, დაახლოებით 0400 საათზე რესტორნიდან გავიდა გარეთ. დაახლოებით 30 მეტრში დაინახა, რომ დ----- ო------–---–ი და უცნობი პირი ჩხუბობდნენ. მოწმე გასაშველებლად მიუახლოვდა. დ----- ო------–---–მა ბრალდებულს მოკიდა ხელი და გადააგდო ქვეითად მოსიარულეთა მხარეს. ბრალდებული დავარდა ძირს, თავად დ----- ო------–---–იც წაბორძიკდა და დაეცა ზემოდან. მოწმემ განმარტა, რომ დაცემამდე ბრალდებულმა ხელი გაიქნია მისი მიმართულებით, რა დროსაც მან იგრძნო ჩხვლეტა და ტკივილი და მარცხენა მხარზე მიიღო დაზიანება, რის გამოც გაეცალა მოჩხუბრებს და გადავიდა მოპირდაპირე მხარეს - გზის სიღრმეში. აღნიშნულის შემდეგ დ----- ო------–---–ი წავიდა ე-----–---------- ქუჩის მიმართულებით, სადაც იდგა ავტომანქანა, ის გულმკერდის ცოტა დაბლა - ნეკნების არეში იკიდებდა ხელს, იძახდა, რომ იყო დაჭრილი და ითხოვდა სასწრაფოში სამედიცინო დახმარების გამოძახებას. თავის მხრივ, ბრალდებული მიყვებოდა დ----- ო------–---–ს და საბოლოოდ, გადაინაცვლეს ამ უკანასკნელის ავტომანქანასთან, კერძოდ, ერთ მხარეს იყო დ----- ო------–---–ი, ხოლო მეორე მხარეს ბრალდებული. ამ უკანასკნელს ხელში ეჭირა დანის მაგვარი პრიალა საგანი. მოწმემ განმარტა, რომ მას შემდეგ, რაც დაინახა, რომ დ----- ო------–---–ი დაჭრილი იყო, რესტორნიდან აიღო არაყი და ნაჭერი, რათა დაემუშავებინა მისთვის ჭრილობა. რესტორნიდან დაბრუნებულს უცნობი იქ აღარ დახვდა. მოწმემ ასევე დაადასტურა, რომ დ----- ო------–---–ის ან იქ მყოფი სხვა პირის ხელში რაიმე სახის საგანი არ დაუნახავს. ამასთან, გამოძიების ეტაპზე ჩატარებული ფოტოსურათით ამოცნობისას ამოიცნო ბრალდებული, რომელსაც შემთხვევის დროს ხელში ეჭირა დანა.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ა------------მ განმარტა, რომ შემთხვევის დღეს დაახლოებით 0400-0500 საათის შემდეგ პერიოდში, ლ----–-------------- მეგობარ დ----- ო------–---–თან ერთად იჯდა ავტომანქანაში. მათ მიუახლოვდა გამვლელი, რომელმაც ავტომანქანას რამდენჯერმე მიარტყა ფეხი. დ----- ო------–---–მა უცნობს მოუწოდა გაჩერებულიყო და სთხოვა წასვლა, თუმცა აღნიშნულის გამო მათ შორის დაიწყო კამათი. სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ ბრალდებული წავიდა, თუმცა რამდენიმე წუთში დაბრუნდა და კვლავ შეკამათდნენ. ხალხმა დაამშვიდა სიტუაცია და ბრალდებული ჩაჯდა ტაქსში, თუმცა წასვლამდე დ----- ო------–---–ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა - შეაგინა, რის გამოც ეს უკანასკნელი გაღიზიანდა და გაეკიდა. დ----- ო------–---–მა რამდენჯერმე დაარტყა ბრალდებულს, ამ უკანასკნელს ხელიდან გაუვარდა ჭიქა და წაიქცა, თავის მხრივ დ----- ო------–---–ი წაქცეულ ბრალდებულს დაეცა ზემოდან და აგრძელებდა მის ცემას. ამ დროს ბრალდებულმა გულის არეში დაარტყა დანა დ----- ო------–---–ს და დაჭრა. ეს უკანასკნელი დანის დარტყმის შემდეგ ცუდად გახდა, სისხლი სდიოდა, თუმცა წამოდგომა შეძლო, ყვიროდა, რომ ბრალდებულს დანა ჰქონდა. მართლაც, მას შემდეგ, რაც დ----- ო------–---–ი დაჭრა, ბრალდებული კვლავ დანით ხელში დარბოდა, ის იყო აგრესიული - ვერ აკონტროლებდა თავს, ყველას სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა. მოწმემ განმარტა, რომ ბრალდებული მისკენაც წავიდა, თუმცა მან მოასწრო ავტომანქანაში ჩაჯდომა, რამდენიმე წრის დარტყმის შემდეგ ბრალდებული გაიქცა. მოწმემ ამოცნობის დროს ამოიცნო სწორედ გ------- ქ------–--ე.
სასამართლო სხდომაზე მოწმე დ----- გ-----------მა განმარტა, რომ მუშაობს რესტორანში. შემთხვევის დღეს, სამუშაო საათების შემდეგ, დაახლოებით 0230-0300 საათების შუალედში გაიგო ხმაური და გარეთ გასულმა დაინახა რამდენიმე ახლობელი, მათ შორის - ყოფილი თანამშრომელი, რომელსაც ვიღაც უცხო პიროვნებასთან ჰქონდა კონფლიქტი. შესაბამისად, გაშველების მიზნით თავადაც ჩაერია, კერძოდ ცდილობდა მათი სიტუაციიდან გარიდებას. მოწმემ დაადასტურა, რომ კონფლიქტისას ბრალდებული ჩაჯდა ტაქსში და წავიდა, თუმცა დაახლოებით 10 მეტრის გავლის შემდეგ, ტაქსი დაბრუნდა უკუსვლით და გაჩერდა დ----- ო------–---–ის ავტომანქანასთან ახლოს, ბრალდებულმა ჩასწია ფანჯარა და დაიწყო აგრესიული საუბარი, კერძოდ დაზარალებულს ჰკითხა - „სად ცხოვრობ, ეს ამბავი ეგრე არ დამთავრდება, გნახავ“, პარალელურად ის გადმოვიდა ავტომანქანიდან. თავის მხრივ დ----- ო------–---–იც გადავიდა ავტომანქანიდან და ცდილობდა მის დამშვიდებას, ეუბნებოდა, რომ არ ჰქონდა კამათის სურვილი, რაზეც ბრალდებული უფრო გაღიზიანდა და დ-----ს შეაგინა. აღნიშნულით გაღიზიანებულმა დ----- ო------–---–მა მიუხედავად იმისა, რომ ცდილობდა უცხო პირის ტაქსში ჩასმას, რამდენჯერმე დაარტყა, რა დროსაც ბრალდებულს ხელიდან გაუვარდა ჭიქა. უცნობი დაეცა ძირს, თუმცა იმდენი მოახერხა, რომ დ----- ო------–---–იც ძირს დააგდო. იქვე მყოფმა ვიღაც პირმა დაიყვირა, რომ ბრალდებულს ხელში დანა ეჭირა. თავის მხრივ, მოწმემაც დაინახა უცხო მამაკაცის მარჯვენა ხელში დანა, გაშლილ მდგომარეობაში. მოწმემ განმარტა, რომ უშუალოდ დანის გამოყენების და დაჭრის მომენტი არ დაუნახავს, თუმცა დაადასტურა, რომ ის ცდილობდა კონფლიქტის მხარეების გაშველებას, რაც ვერ მოახერხა, რადგან იმ მომენტში, ჩხუბში მონაწილე ორივე პირი წამოდგა და ბრალდებულმა დაიწყო დანის უმისამართო ქნევა, როგორც დ-----ის, ისე მისი და იქ მდგომი სხვა პირების მიმართულებით. სწორედ ამ დროს დ----- ო------–---–მა დაიყვირა, რომ ბრალდებულმა დაჭრა და სავარაუდოდ სისხლი სდიოდა. მოწმემ მართლაც დაინახა, რომ დ----- ო------–---–ი მარჯვენა მხარეს გულზე იკიდებდა ხელს, საიდანაც მოსდიოდა სისხლი, ამასთან სისხლიანი ჰქონდა ხელიც. უცხო მამაკაცი კი აგრძელებდა ლანძღვას და გინებას, ამბობდა, რომ ყველას დახოცავდა. მოწმემ განმარტა, რომ მონაწილება მიიღო ამოცნობაში, რა დროსაც ამოიცნო ბრალდებული.
სასამართლო სხდომაზე მოწმე გ------- ვ------------მ განმარტა, რომ 2018 წლის 14 ივლისს, ღამის დაახლოებით 0300-0400 საათების შუალედში, მეგობართან ერთად იმყოფებოდა თბილისში, ე-----–---------- ქუჩის დასაწყისში, კ---------------------- ჩასახვევთან ახლოს მდებარე ბარში. გაიგონა ხმაური და ყვირილი, ასევე შეძახილი, რომ ვიღაც დაჭრეს. ბარიდან გასულმა დაინახა, რომ ხალხი იკრიბებოდა და იქვე დაჭრილი ბიჭი პანიკაში იყო - ერთ ადგილზე მოძრაობდა. დაჭრილს უთხრა დაწოლილიყო, რომ ჭრილობიდან სისხლდენა მეტნაკლებად შემცირებულიყო. დაზარალებულმა დაუჯერა და მოწმემ სისხლდენის შესაჩერებლად ჭრილობაზე დაადო ხელსახოცები. მოწმემ ვერ გაიხსენა, რამდენ ხანში მივიდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების და პოლიციის ეკიპაჟები.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ნ------- მ------–---–მა განმარტა, რომ 2018 წლის ივლისის შუა რიცხვებში, დაახლოებით 0400 საათის შემდეგ, თ---–--–------------------- ქუჩაზე გააჩერა ნასვამმა, წვერებიანმა მამაკაცმა, რომელსაც ხელში ეჭირა რაღაც ნივთი, თუმცა რა, არ დაუნახავს. მგზავრის მითითებით გაუყვა გზას, ლ----–------------------–-------------- მიმართულებით, თუმცა დაახლოებით 20 მეტრის გავლის შემდეგ მგზავრის მითითებით დაბრუნდა უკუსვლით და ავტომანქანა გააჩერა ახალგაზრდა ბიჭთან, რომელსაც ახლდა გოგონა. მოწმემ განმარტა, რომ მის ავტომანქანაში მჯდომი და აღნიშნული ახალგაზრდა ბიჭი შელაპარაკდნენ, მგზავრი ჯერ ავტომანქანიდან ეკამათებოდა, შემდეგ კი გადავიდა და ისე გააგრძელა კამათი. მოწმემ გადაწყვიტა, გარიდებოდა კონფლიქტს, თუმცა ავტომანქანის კარი იყო ღია და წასვლას ვერ ახერხებდა, ამასთან უკნიდან მოესმა ხმა - „არ წახვიდე, დამელოდე, გაჩერდი“, პარალელურად შელაპარაკება და ჩხუბი გრძელდებოდა. ავტომანქანა გადააყენა გვერდზე, რათა დაეკეტა კარი და შემთხვევის ადგილს გარიდებოდა, თუმცა ვერ მოასწრო ვერც მანქანიდან გადასვლა და ვერც კარების დაკეტვა. მას კვლავ მიუახლოვდა მგზავრი - წვერებიანი ბიჭი, რომელსაც უკან მოსდევდა ახალგაზრდა ბიჭი. სწორედ ამ დროს დაინახა, რომ მგზავრს ხელში ეჭირა ჭიქა, ფერადი საწრუპებით, ასევე მის ხელში შენიშნა რაღაც საგანი - დანა ან მაკრატელი, უფრო ზუსტად კი მან ახალგაზრდა ბიჭის მიახლოებისას თითქოს საჩხუბრად მარცხენა ხელში რაღაც მოამზადა. ფაქტებს კარგად ვერ ხედავდა, თუმცა შემდეგ დაინახა, რომ წვერებიან კაცს სისხლიანი ჰქონდა ხელი და მირბოდა------------–--------------აკენ, ადგილზე კი ყვიროდნენ, რომ დაჭრილი იყო მამაკაცი და დახმარებას საჭიროებდა. მოწმემ დაინახა, რომ დაჭრილი ქვაფენილზე იწვა. მოწმემ განმარტა, რომ არ ახსოვს პირველად ჩხუბი ვინ დაიწყო, როგორც იხსენებს ახალგაზრდა ბიჭმა წვერებიან ბიჭს უთხრა გადასულიყო ავტომანქანიდან რათა ესაუბრათ, შესაბამისად, გადავიდა მისი მგზავრიც.
სასამართლო სხდომაზე მოწმე გ------- ქ---------–--ემ განმარტა, რომ არის დაცვის სამსახურ -,---–------ თანამშრომელი. 2018 წლის 14 ივლისს, საღამოს, მოძრაობდა-----–-------–---- რაიონში.---–----–---- ქუჩაზე მეწყვილე უ-----------თან ერთად ყოფნისას, შენიშნა მამაკაცი, რომელიც მოძრაობდა ავტომანქანის სავალ ნაწილზე და ხელი ჰქონდა გაჭრილი. გაუჩერეს ავტომანქანა და შესთავაზეს დახმარება, თუმცა დაჭრილმა უპასუხა, რომ მხოლოდ ხელი ჰქონდა გაჭრილი და დახმარებას არ საჭიროებდა. ის ცდილობდა ტაქსის გაჩერებას, თუმცა არავინ უჩერებდა. მოწმემ მიაწოდა ხელსახოცი, იმავდროულად მათ მიუახლოვდა რუსულ ენაზე მოსაუბრე მამაკაცი, რომლის საუბრის შინაარსიც არ ესმოდათ, რადგან არ ფლობენ რუსულ ენას. მხოლოდ იმას მიხვდნენ, რომ ხელში დაჭრილ მამაკაცზე მიანიშნებდა რაღაცას. სწორედ ამ დროს დაჭრილმა ხელი და ფეხი დაარტყა რუსულ ენაზე მოსაუბრეს, შემდეგ გააჩერა ,,ნისანის“ ფირმის ტაქსი და წავიდა. რუსულ ენაზე მოსაუბრე მამაკაცმა მოწმეს და მის მეწყვილეს სთხოვა გაყოლა. დაახლოებით 15-20 მეტრში მიიყვანა დაჭრილ მამაკაცთან, რომელიც დაბლა იწვა, იქვე იქვნენ სხვა მოქალაქეებიც.
სასამართლო სხდომაზე მოწმე გ---- ჯ--------მ განმარტა, რომ შემთხვევის დროს იყო ტაქსის მძღოლი და გადაადგილდებოდა--–----–------. კერძოდ,------------------------------------- ქუჩიდან ჩავიდა და გზა გააგრძელა------------–-------------- მიმართულებით. მარჯვენა მხრიდან მიუახლოვდა დაჭრილი, ხელებდასისხლიანებული ახალგაზრდა ბიჭი და სთხოვა დახმარება - საავადმყოფოში წაყვანა. მგზავრი იგინებოდა და ილანძღებოდა. საავადმყოფოსთან რამდენიმე მეტრში გააჩერებინა ავტომანქანა, სავარძელზე დაუდო 5 ლარი და დაიწყო სავარძელზე სისხლის ლაქების წმენდა, თუმცა მოწმემ უთხრა, რომ თავად მიხედავდა. აღნიშნულის შემდეგაც მგზავრი წავიდა. დაახლოებით ნახევარ საათში მგზავრი დაბრუნდა და სთხოვა პ------–---–------------------–-- საავადმყოფოში წაყვანა, თუმცა გზად სთხოვა ბინტის და ისეთი საშუალებების ყიდვა, რომლითაც მოახერხებდა ჭრილობის დამუშავებას. მოწმემ მგზავრის მიერ მიცემული 50 ლარით შეიძინა სამედიცინო ნივთები და გზა გააგრძელა საავადმყოფოსაკენ, თუმცა მგზავრის მითითებით, გზიდან გადაუხვია და---–-------------------- ნომერთან შევიდა ჩიხში. მგზავრმა აიღო აფთიაქში ნაყიდი ნივთები და გადავიდა ავტომანქანიდან. მოწმემ გადაუტანა ავტომანქანაში დარჩენილი მისი კუთვნილი 2 ცალი ტელეფონი და სუნამო და წავიდა. აღნიშნულის შემდეგ მას დაურეკეს პოლიციიდან და მან მიუთითა ადგილი, სადაც დატოვა მგზავრი. ამასთან, ავტომანქანის დათვალიერებისას ამოიღეს სისხლიანი ნოხი. მოწმემ დაადასტურა, რომ მგზავრს სისხლი ორივე ხელზე ჰქონდა, სხვა რაიმე სახის დაზიანება არ შეუნიშნავს, ძირითადად ხელზე ჰქონდა გადატანილი ყურადღება. ბრალდებული ჩვეულებრივად დადიოდა.
სასამართლო სხდომაზე მოწმე გ------- ა------–--ემ განმარტა, რომ არის ქირურგი და 2018 წლის 14 ივლისს საავადმყოფო ,----------------––-- მიიღო პაციენტი, რომელსაც გულმკერდის მარცხენა ნახევარში, მხრისა და წელის მიდამოში ჰქონდა ჭრილობები. პაციენტს გულმკერდის მარცხენა არეში არსებული ჭრილობიდან აღენიშნებოდა საშუალო ინტენსიობის სისხლდენა. მდგომარეობის გაუარესებისა და თერმოდინამიკის შეცვლის გამო გადაიყვანეს საოპერაციო ბლოკში. გულმკერდის გახსნის შემდეგ აღმოჩნდა ფილტვის და დიაფრაგმის დაზიანება, შუა საყარზე მცირე სახის ჰემატომა, ასევე პლევრის ღრუში სისხლი და სისხლის კოლტები. შესაბამისად, გაიკერა ფილტვი და დიაფრაგმა, ასევე ამორეცხეს კოლტები და გაიწმინდა სისხლისგან, ასევე, გაკეთდა დრენირება, დიაგნოსტიკური ლაპარასკოპია, შუა საყარზე ჩარევა არ დასჭირვებია. პოსტ ოპერაციულმა პერიოდმა ჩაიარა დამაკმაყოფილებლად და დაახლოებით მე-6 დღეს პაციენტი გაეწერა ბინაზე. მოწმემ დაადასტურა, რომ იმ შემთხვევაში, თუ დროული ჩარევა არ მოხდებოდა, არსებული ჭრილობები გამოიწვევდა გარდაცვალებას, რადგან სისხლდენა გაგრძელდებოდა. ამასთან, პლევრის ღრუში გროვდებოდა ჰაერი. დაზიანებები იყო ფილტვზე, დიაფრაგმამდე ზემოდან ქვემოთ და არა გულთან ახლოს. დ----- ო------–---–ი კლინიკაში შეყვანისას იყო კონტაქტური და სტაბილური, თუმცა მისი მდგომარეობა თანდათან მძიმდებოდა.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ვ----– ბ--------ემ განმარტა, რომ მუშაობს გ------------–---------------------------------–------ ცენტრში. 2018 წლის 14 ივლისს, საავადმყოფოში შევიდა პაციენტი - გ------- ქ------–--ე, მას აღენიშნებოდა ნაკვეთი ჭრილობა მარჯვენა მტევნის არეში, რის გამოც - გაიკერა ჭრილობა და გაიწერა ამბულატორიულად, შემოსვლიდან დაახლოებით ნახევარ საათში. პაციენტს ალკოჰოლის სუნი ჰქონდა და განმარტა, რომ შუშით გაეჭრა ხელი.
სასამართლო სხდომაზე მოწმე შ------- კ--–-----ემ დაადასტურა მის მიერ 2018 წლის 20 სექტემბერს გაცემული დასკვნის სისწორე, რომლის თანახმადაც: სეროლოგიური, გენეტიკური კვლევებითა და სტატისტიკური ანალიზით დადგინდა:
პაკეტში, წარწერით „...N8. მინის ნატეხები, ამოღებული---------------------ის მიმდებარედ საავტომობილო გზაზე ფილის ზედაპირიდან...“ მოთავსებულ მინის ფრაგმენტებზე არსებული ბიომასალის (ობ. N1) შერეული გენეტიკური პროფილის მაჟორული წილი გ------- ქ------–--ის (ობ.N36), ხოლო მინორული წილი დ----- ო------–---–ის (ობ. N38) გენეტიკური პროფილის იდენტურია.
პაკეტი წარწერით: „N1. ხელსახოცი მოწ. ლაქით (N2,3,4,5,6,7,9,10,11,12,13,14 მოწითალო ფერის ლაქის ანაწმენდები“ მოთავსებულ ხელსახოცსა (ობ. N2)და დოლბანდის ფრაგმენტებზე (ობ. N3-14) არსებული მოწითალო-მოყავისფრო ფერის ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს. ობ.N2-ის პროფილი დ----- ო------–---–ის, ხოლო ობ.N3-14-ის პროფილი გ------- ქ------–--ის გენეტიკური პროფილის იდენტურია.
პაკეტში წარწერით „3 ცალი პოლიეთილენის საწრუპი მილი“ მოთავსებულ პოლიმერული მასალის 3 ცალ მილზე ( ობ. N15-17) არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი და გ------- ქ------–--ის გენეტიკური პროფილი იდენტურია.
პაკეტში, წარწერით „ანაწმენდი აღებული დოლბანდზე .... აღებული ა--–-- ს-------- ძე ი-----ს მარჯვენა ყურის ქვეშ, კისრის მიდამოდან“ მოთავსებული დოლბანდის ფრაგმენტზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქა (ობ. N18) შეიცავს ადამიანის სისხლს. ობ.N18-ის პროფილის მაჟორული წილი და გ------- ქ------–--ის გენეტიკური პროფილი იდენტურია. ობ.N18-ის პროფილში დ----- ო------–---–ისა და გ------- ჯ-----ს (ობ. N37) გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება.
პაკეტში წარწერით: 1 ც ა/მანქანის ფეხის საფენი, ამოღებული ა/მ წინა მანქანის მარცხენა სავარძლის ქვემოთ, მძღოლის გვერდზე ფეხის დასადები ადგილიდან“ მოთავსებულ რეზინის მასალის საფენზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქა (ობ. N19) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის გ------- ქ------–--ეს.
პაკეტში წარწერით: „გ------- ქ------–--ის ტანსაცმელი“ მოთავსებულ შარვალზე (ობ. N20-22), საცვალზე (ობ. N23), პერანგსა (ობ. N24,25) და ფეხსაცმელზე (ობ. N26,27) არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს სისხლს, რომელიც ეკუთვნის გ------- ქ------–--ეს.
პაკეტში წარწერით: ,,გ. ჯ-----ს მაისური“ მოთავსებულ მაისურზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქა (ობ. N28) სისხლს არ წარმოადგენს.
პაკეტში, წარწერით: „ო------–---–ი ტანსაცმელი“ მოთავსებულ შარვალზე (ობ. N29,30), მაისურზე (ობ. N31), წინდებსა (ობ. N32,33) და ფეხსაცმელზე (ობ. N34,35) არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის დ----- ო------–---–ს.
მოწმემ დამატებით განმარტა, რომ ნივთმტკიცების პაკეტზე ლუქის მთლიანობა დარღვეული არ იყო. ამასთან, განმარტა, რომ გენეტიკური ექსპერტიზა ეფუძნება ბირთვული დნმ-ს კვლევას, მსოფლიოში არ ფიქსირდება ორი ერთნაირი ადამიანი, რომელთაც აქვთ იდენტური გენეტიკური პროფილი, გარდა მონოზიგოტისა, ანუ ერთი კვერცხუჯრედიდან განვითარებული ტყუპებისა, რომელთაც აქვთ იდენტური გენეტიკური პროფილი. შესაბამისად, დასკვნა არის კატეგორიული.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ხ------- ჭ---------ემ დაადასტურა მის მიერ 2018 წლის 26 ივლისს გაცემული დასკვნის სისწორე, რომლის თანახმადაც: სს N 0----------- საქმესთან დაკავშირებით, გამოკვლევაზე წარმოდგენილი ხელის კვლები, გადატანილი დაქტილოფირებზე ზომით: 60X78 მმ - კვალი N1 და 59X78 მმ - კვალი N2 პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ვარგისია. N1 და N2 კვლების იდენტური ანაბეჭდები და შემთხვევის ადგილიდან ამოღებული კვლები დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის განყოფილებაში არსებულ მონაცემთა ბაზაში არ მოიპოვება.
მოწმემ დამატებით განმარტა, რომ პაკეტი დალუქული იყო და შეფუთვისა და ლუქის მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ზ------ შ----ემ დაადასტურა მის მიერ 2018 წლის 22 აგვისტოს გაცემული დასკვნის სისწორე, რომლის თანახმადაც: ავტომანქანა ,,TOYOTA MARK X-ის”, სახელმწიფო ნომრით:----------, წინა მარცხენა ფრთის დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზიანის ოდენობა შეადგენს 120 ლარს.
მოწმემ განმარტა, რომ ავტომანქანა პირადად არ უნახავს და ზარალი დაადგინა ფოტოსურათების საშუალებით.
სასამართლო სხდომაზე მოწმე გ------- ნ--------ემ განმარტა, რომ მოცემული საქმის ფარგლებში მეწყვილე გ---–- გ--------ესთან ერთად მონაწილეობა მიიღო თეთრი ფერის ,,ნისანის“ ფირმის ავტომანქანის დათვალიერებაში. მფლობელმა განმარტა, რომ სწორედ აღნიშნული ავტომანქანით გადაიყვანა დაჭრილი საავადმყოფოში. ავტომანქანას საჭე მარჯვენა მხარეს ჰქონდა, მარცხენა წინა მხარეს ხალიჩაზე აღინიშნებოდა მოწითალო ფერის ლაქა, შესაბამისად, აღნიშნული ხალიჩა ამოიღეს და დალუქეს.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ს--- გ----------მა განმარტა, რომ 2018 წლის 14 ივლისს შეტყობინების საფუძველზე მეწყვილე ნ---- გ-----ესთან ერთად მკველელობის მცდელობის ფაქტთან დაკავშირებით, დაათვალიერა თ---–--–------------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე შემთხვევის ადგილი. ამოიღეს მოწითალო ფერის სისხლის ლაქები, ასევე მინის ნატეხი და წვენსაწრუპი მილები, ასევე ავტომანქანიდან ამოიღეს ხელის 2 კვალი.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ლ----- კ--------მა განმარტა, რომ მოცემული საქმის ფარგლებში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მიიღო ინფორმაცია, რომ უშუალოდ დანაშაულის ჩადენის ფაქტი დაფიქსირებულია კ--------------------–-----------ში დამონტაჟებულ ვიდეოკამერებზე.
სასამართლო სხდომაზე მოწმეებმა რ-----ი კ---------მ, ი-----–- გ-------ემ, ვ-------- ქ--------ემ, ს------ ე-----–--ემ, ი--–---- ს------მ და შ--–-- დ-----–---–მა დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ავთენტურობა. ამასთან, მოწმე შ--–-- დ-----–---–მა განმარტა, რომ დაკავებულ დ----- ქ------–--ეს ჰქონდა გარკვეული შენიშვნები, ასევე მას ხელზე და ფეხზე აღენიშნებოდა დაზიანებები, რაც ოქმში იქნა შეტანილი. გ------- ქ------–--ემ განუმარტა, რომ საწერ კალამს ხელში ვერ იჭერდა და შესაბამისად, ფიზიკურად არ შეეძლო დაკავების ოქმზე ხელის მოწერა. შესაბამისად, მისივე თანხმობით ოქმს ხელი მოაწერა მისმა მეუღლემ.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ვ--–---- ხ----–--ემ განმარტა, რომ არის ექთანი. მოცემული საქმის ფარგლებში პაციენტ დ----- ო------–---–ის ტანსაცმელი მოთხოვნის შესაბამისად წარუდგინა საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენელს.
სასამართლო სხდომაზე მოწმე გ--------------–---–მა განმარტა, რომ არის გ---------------------–---------------------------------–-------–---–------------------------ ცენტრის ხელმძღვანელი. მოცემული საქმის ფარგლებში გაშიფრა ვიდეო კადრები - წუთობრივად და წამობრივად, ამოიღო მასზე ასახული მოქმედებები. ვიდეო ჩანაწერში ქმედება მიმდინარეობს ქუჩაში, კერძოდ რამდენიმე პირი მისდევდა ერთ პირს, რომელიც ცდილობს ჩაჯდეს ტაქსში, თუმცა კარის გამოღების პარალელურად მიმდინარეობს შელაპარაკება. ერთი პირი მეორეს აყენებს რამდენიმე დარტყმას, შემდეგ ერთი პირი მიწიდან იღებს რაღაცა ნივთს. ვიდეოში გარკვევით ჩანს, რომ ერთი პირი ურტყამს ძირს დაგდებულ პირს, თუმცა ჩანაწერში არ ჩანს, დამრტყმელს უჭირავს თუ არა დანა. მას უჭირავს რაღაც საგანი, რომელსაც იღებს ქვაფენილიდან. მოწმემ დაადასტურა, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი ვიდეო ჩანაწერის საფუძველზე ვერ იტყვის, მოხდა თუ არა დაჭრა და ვინმეს ხელში ეჭირა თუ არა დანა, თუმცა რაღაც ნივთი ნამდვილად ჩანს, რომელსაც კონკრეტული პირი იღებს ძირიდან. კერძოდ, ვიდეოში ჩანს, რომ პირმა რომელიც ცდილობდა ტაქსში ჩაჯდომას, გადაინაცვლა გზის მეორე მხარეს, შემდეგ არის ძირს და იქნევს ხელს, ამ მომენტში კი არანაირი საგანი არ ფიგურირებს.
სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა გ------- ქ------–--ემ განმარტა, რომ 2018 წლის 14 ივლისს, საღამოს, მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა თ---–--–------------------- ქუჩაზე მდებარე ბარში. გვიან ღამე ნასვამმა გადაწყვიტა სახლში წასვლა, ტროტუარზე წესის დარღვევით იდგა ავტომანქანა, ისე, რომ გასავლელად უნდა მოევლო მისთვის. იმავდროულად ავტომანქანიდან გაიგონა საუბარი და გინება. ვინაიდან, აღნიშნულ ტერიტორიასთან ახლოს ცხოვრობდა და იყო შესაძლებლობა, ავტომანქანაში მისი ნაცნობი მჯდარიყო, შეიხედა, თუმცა დაინახა მისთვის უცნობი ბიჭი და გოგო. გააგრძელა გზა, რა დროსაც ავტომანქანაში მჯდომმა უცნობმა ბიჭმა დაახლოებით სამჯერ დააჭირა ხელი სიგნალს გაბმულად. უცნობი გადავიდა ავტომანქანიდან და ცუდი ტონით დაუწყო ლაპარაკი, ეკითხებოდა, რატომ იყურებოდა ავტომანქანაში, თხოვდა ჩიხში გასვლას, მაგრამ რადგან ის არაადეკვატურად იქცეოდა, ბრალდებულმა იფიქრა, რომ ჩიხში სიტუაცია დაიძაბებოდა, ამიტომ ცდილობდა თავის არიდებას, მითუფრო მაშინ, როცა ერთ კვირაში სასამართლო პროცესი ჰქონდა დანიშნული და დამატებითი პრობლემები არ სურდა. ბოლოს ჩიხში მაინც შევიდნენ. მათ გაჰყვა დაზარალებულის მეგობარი. დ----- ო------–---–ი უფრო აგრესიული გახდა, გ------- ქ------–--ე კი ცდილობდა მალე დაშორებოდნენ ერთმანეთს და თავიანთი გზა გაეგრძელებინათ. უთხრა, რომ იქვე ცხოვრობდა და შეეძლო, მეორე დღეს ენახათ ერთმანეთი. მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებული ხმამაღლა საუბრობდა და აყენებდა შეურაცხყოფას, დაახლოებით 5 წუთში დაშორდა მას და გააჩერა ტაქსი. ჰკითხა, თუ სად შეიძლებოდა მეორე დღეს მისი ნახვა, ასევე ჰკითხა სახელი და გვარი. დაზარალებულმა 3-ჯერ სხვადასხვა სახლი და გვარი უთხრა, რის გამოც კიდევ ერთხელ ჰკითხა, სად შეძლებდა მის ნახვას, რათა ფხიზლებს ესაუბრათ. ტაქსში ჩამჯდარს დაზარალებულმა რაღაც მიაძახა ცუდად, რის გამოც მან ტაქსის მძღოლს უკან დაახევინა ავტომანქანა. იმავდროულად დაინახა, რომ დაზარალებული მისი მიმართულებით მირბოდა და თან მძღოლს უთითებდა, რომ გადაეყენებინა ავტომანქანა. გ------- ქ------–--ეს მარჯვენა ხელში ეჭირა ტელეფონი, მარცხენაში კი ჭიქა, მე-2 ვერცხლისფერი ,,Iphone-ის“ ფირმის ტელეფონი ამოიღო მარჯვენა ხელით, თუმცა ვერ მოასწრო დარეკვა და ჩაიდო უკან ჯიბეში, რადგან დაზარალებულს უკვე ხელი ეკიდა მის პერანგზე და აჯანჯღარებდა. ცდილობდა მისთვის ჭიქით მიწოლას და მოშორებას, შესაძლებელია სწორედ ამ დროს დაზარალებულს ჭიქიდან შეესხა კოქტეილი. ბრალდებულმა განმარტა, რომ ჩხუბის დროს დავარდა ძირს, დაზარალებული, რომელიც ფიზიკურად ძლიერი იყო ზევიდან ურტყამდა, სწორედ იმ დროს, როცა მიწაზე ეძებდა რაიმე ნივთს, მის მოსაგერიებლად, მაგალითად ქვას, დაზარალებულს ჯიბიდან გადმოუვარდა ნახევრად გაშლილი დანა. არსებული მდგომარეობით ხვდებოდა, რომ მას გარდა დაზარალებულისა, ამ უკანასკნელის მეგობრებიც ურტყამდნენ, ამიტომ აიღო დანა და პირველად დაარტყა დაზარალებულს, ასევე მათი მოშორების მიზნით დაიწყო დანის ქნევა. კონკრეტულად ვის მოუქნია დანა, არ ახსოვს. ჩხუბისას ორჯერ დავარდა, მეორედ ტროტუართან. კონფლიქტის დასრულების შემდეგ, მივიდა დაზარალებულის ავტომანქანასთან და დაარტყა ფეხი, შემდეგ წავიდა კ---------------------- ზევითა მხარეს, რა დროსაც დ----- ო------–---–ის მეგობარი გაეკიდა, ამ დროისათვის დანა უკვე გადაგდებული ჰქონდა, ჩაჯდა ტაქსში და წავიდა სავადმყოფოში. არ ახსოვს რა მომენტში მიიღო დაზიანებები - ხელზე - მყესები ჰქონდა გადაჭრილი. ბრალდებულმა განმარტა, რომ მას დანა არ ჰქონდა. ამასთან, უშუალოდ დაზარალებულის ხელში დანა არ დაუნახავს. ჩხუბისას მას ურტყამდა დაახლოებით 3-4 კაცი. ვიდეო კადრებში ჩანს, რომ დაჭრილი დ----- ო------–---–ი გარბის, თავად კი დანით ხელში მისდევს, თუმცა მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მათი მოგერიების შემდეგ, მისი მხრიდან აგრესია აღარ ყოფილა, ის აღარ გადასულა შეტევაზე და დატოვა შემთხვევის ადგილი, დანა კი გადააგდო ნაგვის ყუთში, რადგან არ იყო მისი.
მოწმე ა--–-- ი-----ს გამოძიებაში მიცემული ჩვენების თანახმად, ის საქართველოში ჩამოვიდა ტურისტული მიზნით. 2018 წლის 13 ივლისს საღამოს საათებში შევიდა ე-----–------------------------------------- ჩასასვლელის პირდაპირ მდებარე კაფეში, სადაც გაიცნო გ------- ვ------------ და ი-----–- ს-------ე. დაახლოებით 0420 საათზე გაიგონა შუშის მსხვრევის და ყვირილის ხმა, თუმცა ვერ გაარჩია მისი შინაარსი, რადგან ყვიროდნენ ქართულ ენაზე. ასევე გაიგონა გოგონას ყვირილის ხმა, პარალელურად კ---------------------- იმ მონაკვეთზე რომელსაც ხედავდა კაფიდან, დაინახა დაჭრილი და სისხლიანი ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ხელს იდებდა მარცხენა მხარეს გულმკერდის არეში გვერდიდან, მის გვერდში მდგომი გოგო კი ითხოვდა დახმარებას. მოწმე გ------- ვ------------ და ი-----–- ს-------ე მივიდნენ მათთან, რა დოსაც დაინახა შორიახლოს მდგომი ბიჭი, რომელსაც ორივე ხელი ჰქონდა სისხლიანი და უყვიროდა დაჭრილს. მას მარჯვენა ხელში ეჭირა დანის მსგავსი ნივთი, შესაბამისად, მოწმემ ივარაუდა, რომ სწორედ მან დაჭრა ახალგაზრდა მამაკაცი. ქუჩაში იყო დაახლოებით 5 ადამიანი, ხალხის შეკრების გამო ბიჭი, რომელმაც სავარაუდოდ დაჭრა ახალგაზრდა მამაკაცი, სწრაფად წავიდა----------------- ქუჩაზე,------------–-------------- მიმართულებით და ცდილობდა ტაქსის გაჩერებას. მოწმე გაყვა და დაინახა, რომ მასთან გაჩერდა დაცვის სამსახურის - ,---–------ ავტომანქანა და მასში მსხდომი პირები გამოელაპარაკნენ, რის შემდეგაც ეს უკანასკნელი წავიდა. მოწმე მივიდა ავტომანქანასთან და იქ მსხდომ 2 პირს რუსულ ენაზე უთხრა, რომ მათთან მოსაუბრე ბიჭმა ცოტა ხნის წინ დაჭრა ახალგაზრდა მამაკაცი, თუმცა რუსულ ენაზე ვერ გააგებინა. სწორედ ამიტომ თავად დაეწია ზემოაღნიშნულ ბიჭს და უთხრა გაჩერებულიყო, რადგან მან დაჭრა მამაკაცი. ამ უკანასკნელმა თავის მხრივ ქართულ ენაზე დაუწყო ყვირილი, ამასთან, ხელი დარტყა ყელის არეში, რის გამოც მისი ხელიდან ყელზე გადაუვიდა სისხლის კვალი, ხოლო უცნობის მიერვე მუცლის არეში განხორციელებული ფეხის დარტყმით წაიქცა. მოწმემ განმარტა, რომ დარტყმებისაგან ტკივილი არ განუცდია. აღნიშნულის შემდეგ ბიჭი, რომელმაც სავარაუდოდ დაჭრა ახალგაზრდა მამაკაცი, გაიქცა------------–-------------- მიმართულებით. მოწმემ განმარტა, რომ ამ დროისათვის აღნიშნულ პირს ორივე ხელი კვლავ სისხლიანი ჰქონდა, თუმცა მის ხელში დანის მსგავსი საგანი აღარ შეუნიშნავს. მოწმემ ასევე დაადასტურა, რომ მას არ დაუნახავს უშუალოდ დაჭრის ფაქტი, როდესაც გოგონასთან ერთად მყოფი პირი დაინახა, ის უკვე დაჭრილი და სისხლიანი იყო.
სასამართლო სხდომაზე ასევე, გამოკვლეული იქნა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებები, კერძოდ:
- 2018 წლის 14 ივლისის შეტყობინებების თანახმად, კ---------------------- მიმდებარე ტერიტორიაზე, დაახლოებით 0430 საათზე დანის საშუალებით ადგილი ჰქონდა ადამიანის დაჭრის ფაქტს. ინიციატორები - გ------- ჯ-----, გ------- ვ------------.
- 2018 წლის 14 ივლისის ელ-სმენით შეტყობინების თანახმად, თ---–--–---------------------------თან მოქალაქე დ----- ო------–---–მა განაცხადა, რომ შელაპარაკება მოუვიდა მისთვის უცნობ პირთან, რომელმაც მუცლის არეში დაჭრა.
- 2018 წლის 14 ივლისის ელ-სმენით შეტყობინების თანახმად, გ------- ქ------–--ემ--–----–------------- ჩხუბის დროს მიიღო დაზიანებები.
- 2018 წლის 14 ივლისის შემთხვევის დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს თ---–--–--------------------------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე. სავალი ნაწილის კიდეებთან ორივე მხარეს დგას ავტომანქანები.-------–---------- ქუჩაზე ჩამსვლელ შესახვევთან დგას ,,ტოიოტას“ ფირმის ,,MARKX-ის“ მოდელის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით----------, რომელსაც ზედაპირზე, კერძოდ ძრავის ხუფზე აღენიშნება მოწითალო ფერის ლაქები.-------------------------ის მიმდებარედ აღმოჩენილი იქნა შუშის ჭიქის ნამსხვრევი და 3 ცალი სხვადასხვა ფერის საწრუპავი მილი. გარდა ამისა, რამდენიმე ადგილას ნანახი იქნა მოწითალო ფერის ლაქები.
- 2018 წლის 14 ივლისის ავტომანქანის დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერდა თეთრი ფერის ,,ნისანის“ ფირმის ,,ტიდას“ მოდელის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით----------, ავტომანქანის წინა მარცხენა - მგზავრის სავარძელზე და მის წინ მდებარე ფეხის დასადებ ნოხზე აღინიშნება მოწითალო ფერის ლაქები.
- 2018 წლის 14 ივლისის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის თანახმად, დ----- გ-----------მა ამოიცნო გ------- ქ------–--ე და განმარტა, რომ აღნიშნულმა პირმა 2018 წლის 14 ივლისს დ----- ო------–---–ს მიაყენა ჭრილობა, დანის გამოყენებით.
- 2018 წლის 14 ივლისის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის თანახმად, ა------------მ ამოიცნო გ------- ქ------–--ე და განმარტა, რომ აღნიშნულმა პირმა 2018 წლის 14 ივლისს დ----- ო------–---–ს დანის გამოყენებით გულმკერდის არეში მიაყენა დაზიანება.
- 2018 წლის 14 ივლისის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის თანახმად, გ------- ჯ-----მ ამოიცნო გ------- ქ------–--ე და განმარტა, რომ აღნიშნულ პირს ხელში დაუნახა დანის მაგვარი საგანი. მანვე, მიაყენა დაზიანება და შელაპარაკება მოუვიდა დ----- ო------–---–თან.
- 2018 წლის 17 ივლისის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის თანახმად, დ----- ო------–---–მა ამოიცნო გ------- ქ------–--ე, რომელმაც მისი განმარტებით 2018 წლის 14 ივლისს დაახლოებით 0430 საათზე გასაშლელი დანით სხეულის სხვადასხვა ადგილას მიაყენა 3 ჭრილობა, ასევე მუცლის არეში ჰკრა ხელი, რომელშიც ეჭირა ჭიქა, ჭიქის ნატეხი მიარტყა მარცხენა ხელში.
- 2018 წლის 24 აგვისტოს ს-----–----------------–--------–-----------------–----------------------------–----------- დასკვნის თანახმად:-–--------------------–-- სტაციონარული პაციენტის------ სამედიცინო ბარათით, დ----- ო------–---–ს მიუმართავს აღნიშნული კლინიკისათვის 14.07.2018წ. სადაც დაესვა დიაგნოზი: გულმკერდის მარცხენა ნახევრის ნაკვეთ-ნაჩხვლეტი შემავალი ჭრილობა, მარცხენამხრივი ტრავმული ჰემოპნევმოთორაქსი, ფილტვის ტრავმული დაზიანება, დიაფრაგმის ტრავმული დაზიანება, შუა საყარის ჰემატომა, მხრის ღია ჭრილობა, წელის მიდამოს ჭრილობა. დაზიანება გულმკერდის ნახევრის ნაკვეთ-ნაჩხვლეტი შემავალი ჭრილობა/მარცხენამხრივი ტრავმული ჰემოპნევმოთორაქსი, ფილტვის ტრავმული დაზიანება, დიაფრაგმის ტრავმული დაზიანება, შუა საყარის ჰემატომა განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათოს. დაზიანებები მხრის ღია ჭრილობისა და წელის მიდამოს ჭრილობის სახით განვითარებული არიან რაიმე მჭრელი თვისებების მქონე საგნის მოქმედებით და ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. დაზიანებების განვითარება ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებებში მითითებულ თარიღს.
- 2018 წლის 18 ოქტომბრის ს-----–----------------–--------------–----------------------------–----------- დასკვნის თანახმად:-–------------------–---------------------------------–-------–--------------- ცნობით ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, გ------- ქ------–--ეს აღნიშნული კლინიკისათვის მიუმართავს 14.07.2018 წელს 12:59 საათზე, სადა დაესვა დიაგნოზი: ნაკვეთი ჭრილობა მარჯვენა მტევნის არეში.
- ,--------------–----------–------–--------–----------------------------–------- სტაციონარული პაციენტის------ სამედიცინო ბარათით, გ------- ქ------–--ე აღნიშნულ კლინიკაში მოუთავსებიათ 15.07.2018 წლის 15:25 საათზე, სადაც დაესვა დიაგნოზი: ქალა-ტვინის დახურული ტრავმა, მარჯვენა მტევნის და მარჯვენა ბარძაყის გაკერილი ჭრილობები.
16.07.2018წ. გ------- ქ------–--ეს პირადი შემოწმებისას აღენიშნებოდა დაზიანებები მარჯვენა მტევნის პირველი თითის პროქსიმალური ფალანგის უკანა ზედაპირზე გაკერილი, ქირურგიულად დამუშავებული ჭრილობების, (სამედიცინო დოკუმენტაციით ნაკვეთი ჭრილობა) მარცხენა მუხლის სახსრის გარეთა ზედაპირზე და შუბლის მიდამოში მარჯვნივ ნაჭდევების სახით. ასევე პირადი შემოწმებისას აღენიშნებოდა დაზიანება მარჯვენა ბარძაყის ზემო მესამედში გარეთა ზედაპირზე გაკერილი ქირურგიულად დამუშავებული ჭრილობის სახით.
მარჯვენა მტევნის მიდამოში არსებული სწორკიდეებიანი ჭრილობა განვითარებულია რაიმე მჭრელი კიდის მქონე საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.
ნაჭდევები განვითარებულია რაიმე მკვრივ-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად.
ხანდაზმულობით, ნაჭდევები და მარჯვენა მტევნის მიდამოში არსებული ჭრილობის განვითარება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.
მარჯვენა ბარძაყის მიდამოში არსებული ჭრილობა მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. ჭრილობის მიმყენებელი საგნის და ხანდაზმულობის განსაზღვრა შეუძლებელია, ვიანიდან პირადი შემოწმებისას ჭრილობა იყო გაკერილი, ქირურგიულად დამუშავებული და ექსპერტიზაზე წარმოდგენილ სამედიცინო დოკუმენტაციაში ჭრილობის მორფოლოგიური სურათი აღწერილი არ არის. შპს ,,გ------------–---------------------------------–------ ცენტრის ჩანაწერებით გ------- ქ------–--ემ კლინიკას მიმართა 14.07.2018 წელს 12:59 საათზე, სადაც დაესვა დიაგნოზი: ნაკვეთი ჭრილობა მარჯვენა მტევნის არეში, ხოლო შპს ,--------------–----------–------–--------–----------------------------–------- ჩანაწერის თანახმად - გ------- ქ------–--ე აღნიშნულ კლინიკაში მოუთავსებიათ 15.07.2018 წლის 15:25 საათზე, სადაც დაესვა დიაგნოზი: მარჯვენა მტევნის და მარჯვენა ბარძაყის გაკერილი ჭრილობები.
- 20---–-–------------ თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის თანახმად, გ------- ქ------–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით (02 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 03 წლის ვადით, საიდანაც თავისუფლების აღკვეთა 06 თვის ვადით განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 02 წლისა და 06 თვის ვადით ჩაეთვალა პირობით. საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 03 წლის ვადით, საიდანაც თავისუფლების აღკვეთა 06 თვის ვადით განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 02 წლისა და 06 თვის ვადით ჩაეთვალა პირობით, 03 წლის გამოსაცდელი ვადით.
- 20---–-–---------–---- თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით გ------- ქ------–--ე ცნობილ იქნა დამნაშავეს საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2.000 ლარის ოდენობით. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის საფუძველზე, გაუქმდა გ------- ქ------–--ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 20---–-–------------ განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი და ბოლო განაჩენით დანიშნულ ძირითად სასჯელს - ჯარიმას 2.000 ლარის ოდენობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 20---–-–------------ განაჩენით გ------- ქ------–--ის მიმართ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან, ნაწილობრივ დაემატა თავისუფლების აღკვეთა 09 თვის ვადით და საბოლოოდ, გ------- ქ------–--ეს განაჩენთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2.000 ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ და თავისუფლების აღკვეთა 09 თვის ვადით.
სასამართლო სხდომაზე ასევე, გამოკვლეული იქნა შემთხვევის ადგილზე დამონტაჟებული კამერების მიერ დაფიქსირებული ვიდეოჩანაწერები, ასევე ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმები.
საქმის არსებითად განხილვის ეტაპზე ბრალდებისა და დაცვის მხარე, შეთანხმდნენ ბრალდების მხარის მტკიცებულებების ნაწილზე და ამ მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რამაც პრეიუდიციული მნიშვნელობა შეიძინა და რომლებიც გამოკვლევის გარეშე იქნა სასამართლო სხდომაზე მიღებული, თუმცა სასამართლოს მიერ როგორც უდავოდ ცნობილი, ასევე სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების შეფასებისას, ბრალდებულის მიმართ გამოიკვეთა ბრალის დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებისაგან განსხვავებული გარემოებები.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება და ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან, თუმცა ამავე კოდექსის 82-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. მხოლოდ ის ფაქტი, რომ მხარეები შეთანხმდნენ გარკვეულ ფაქტობრივ გარემოებებზე, ვერ გახდება პირის წარდგენილ ბრალდებაში მსჯავრდების საფუძველი.
ზემოაღნიშნული მტკიცებულებებისა ერთობლივი შეფასების საფუძველზე, ასევე, საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ მოწმეების ჩვენებებით, შემთხვევის ადგილისა და უშუალოდ მომხდარი ფაქტის ამსახველი ვიდეოჩანაწერებით, ექსპერტიზის დასკვნებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ გ------- ქ------–--ის მიმართ წარდგენილი ბრალდება - ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით, უნდა დაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველ ნაწილით და ამ მუხლით უნდა მოხდეს პირის მსჯავრდება, შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლოს დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2018 წლის 14 ივლისს, დაახლოებით 0415-0430 საათების შუალედში, თ---–--–---------------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების დროს, გ------- ქ------–--ემ დ----- ო------–---–ს დანის გამოყენებით მიაყენა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება.
სასამართლო საკუთარ მსჯელობაში დეტალურად შეეხება ყველა იმ სადავო შეფასებას, რაც ბრალდებისა და დაცვის მხარის მიერ სასამართლო სხდომაზე იქნა გაჟღერებული.
პირველ რიგში, სასამართლო განმარტავს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა, ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.
პრაქტიკაში ყოველთვის პრობლემურია ქმედების სწორი კვალიფიკაცია, როდესაც ობიექტურად სახეზეა - გარდაცვალება, ან და სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებები, რაც თავისი არსით საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლის შინაარსის აუცილებელი შემადგენელი კომპონენტია, თუმცა საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლი ასევე ობიექტურად არ გამორიცხავს სიცოცხლის მოსპობას ან მისი მოსპობის რისკის შექმნას, ჯანმრთელობის განზარახ მძიმე დაზიანებით. აღნიშნულის გამიჯვნის შესაძლებლობას იძლევა მხოლოდ და მხოლოდ დამნაშავის რეალური განზრახვის დადგენა, თუ რისკენ იყო მიმართული მართლსაწინააღმდეგო ქმედება. განზრახვის მიმართულების დასადგენად დეტალურად შესწავლილი უნდა იქნას არა მხოლოდ ცალკე აღებული დანაშაულებრივი ფაქტი, არამედ დამნაშავისა და მსხვერპლის ურთიერთდამოკიდებულება საერთოდ და დაზიანებების მიყენების მომენტში, დამნაშავის ქმედება და მისი შემდგომი ქცევა, ასევე, თვით დამნაშავის, მოწმეთა ჩვენებები და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათი. თავისთავად ის ფაქტი, რომ კონკრეტული დაზიანება, ან დაზიანებები მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათოს, უპირობოდ არ გულისხმობს, რომ ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით. ამ შემთხვევაში, სწორედაც რომ მნიშვნელოვანია, მოხდეს დამნაშავის რეალური განზრახვის დადგენა, რომ მას საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის საფრთხისა და თავდაცვის ყოველგვარი წინაპირობების გარეშე, განზრახული ჰქონდა სხვისი სიცოცხლის მოსპობა, თუ იგი საკუთარი წარმოდგენით, მოქმედებდა თავდაცვით პოზიციაში და მისთვის არსებითი იყო კონკრეტული სიტუაციიდან გარიდება, ისე, რომ არ იყო კრიტიკულად არსებითი მიყენებული დაზიანების ხარისხი და მთავარი იყო აღნიშნულით უზრუნველეყო საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა. მხოლოდ აღნიშნულის შემდეგ არის შესაძლებელი მსჯელობა სწორ კვალიფიკაციაზე.
საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. სამართლოს მიაჩნია, რომ ვერც სისხლის სამართლის საქმის მასალებით და ვერც სასამართლო გამოძიებით უტყუარად ვერ იქნა დადასტურებული, რომ ბრალდებულ გ------- ქ------–--ის მიერ ადგილი ჰქონდა საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენის ფაქტს, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობის მცდელობას.
სასამართლოLOგანმარტავს, რომ სიცოცხლის უფლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა და მისი ხელყოფისაკენ მიმართული დანაშაული განსაკუთრებულ პრევენციას და მკაცრ მიდგომებს საჭიროებს სახელმწიფოს მხრიდან, ამასთან სახელმწიფოს აქვს განსაკუთრებული ვალდებულება, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაარწმუნოს ობიექტური პირი დამნაშავის ბრალეულობაში. განზრახ მკვლელობა უნდა იქნას გამიჯნული სხვა დანაშაულისაგან. შელაპარაკებისა და ჩხუბის ნიადაგზე მკვლელობის, ან მისი მცდელობის კვალიფიკაციის დროს ყურადღება უნდა მიექცეს კონფლიქტის წარმოშობის ყველა გარემოებას, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, კონფლიქტის სხვადასხვა მხარის ქცევას კონფლიქტის წარმოშობის მომენტიდან მის დამთავრებამდე და შემდგომ.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია განზრახი მკვლელობისათვის. ამ დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია სუბიექტის განზრახი ქმედების (მოქმედება ან უმოქმედობა) შედეგად დანაშაულებრივი შედეგის დადგომა - სიკვდილის სახით. ასევე, აუცილებელია მიზეზობრივი კავშირის არსებობა ჩადენილ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. რაც შეეხება დანაშაულის მოტივს, იგი მრავალფეროვანია და შესაძლებელია აღმოცენდეს მაგალითად: შურისძიების, ეჭვიანობის, შელაპარაკების ნიადაგზე.
რაც შეეხება დანაშაულის მცდელობას, ითვლება განზრახი ქმედება, რომელიც თუმცა უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ/ვერ იქნა მიყვანილი.
სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული მკვლელობა (მათ შორის მკვლელობის მცდელობა)შეიძლება ჩადენილ იქნეს მხოლოდ განზრახ (პირდაპირი ან არაპირდაპირი განზრახვით), კერძოდ: პირს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდეს მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდეს ეს შედეგი, ანდა ითვალისწინებდეს ასეთი შედეგის განხორციელების გარდაუვალობას. შესაძლებელია დამნაშავეს არ სურდეს ეს შედეგი, მაგრამ შეგნებულად უშვებდეს ან გულგრილად ეკიდებოდეს მის დადგომას. ამდენად, სასამართლომ უნდა დაადგინოს რამდენად მოიცავდა გ------- ქ------–--ის განზრახვა დ----- ო------–---–ის სიცოცხლის მოსპობას, ჰქონდა თუ არა ბრალდებულს დანაშაულის ბოლომდე მიყვანის შესაძლებლობა და რის გამო არ დადგა სასიკვდილო შედეგი.
ბრალდებულის ქმედების სწორი კვალიფიკაციისთვის სასამართლო ითვალისწინებს, დანაშაულის ჩადენის ხერხსა და საშუალებას, სხეულის დაზიანებათა/ჭრილობათა რაოდენობას, ხასიათსა და ლოკალიზაციას, დანაშაულის ჩადენამდე და მის შემდეგ ბრალდებულის, დაზარალებულის ქცევასა და მათ ურთიერთობას.
განსახილველ შემთხვევაში ბრალდებულმა თავი არ სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ ღამის საათებში შემთხვევის ადგილას მოძრაობისას ტროტუარზე წესის დარღვევით მდგომ ავტომანქანაში ჩაიხედა, რადგან ვარაუდობდა, რომ იქ შეიძლება, მისი ნაცნობი მჯდარიყო. მისმა აღნიშნულმა მოქმედებამ ავტომანქანაში მჯდომ უცნობ პირთან შექმნა კონფლიქტური სიტუაცია. კერძოდ, უცნობმა რამდენჯერმე გაბმულად სიგნალი მისცა, გადმოვიდა ავტომანქანიდან და ცუდი ტონით დაუწყო ლაპარაკი, ეკითხებოდა რატომ იყურებოდა ავტომანქანაში, თხოვდა ჩიხში გასვლას. ბრალდებულმა განმარტა, რომ ცდილობდა სიტუაციის განმუხტვას და ჩიხში გასვლის თავიდან არიდებას, თუმცა ვერ მოახერხა. დაზარალებული უფრო აგრესიული გახდა, თავად კი სურდა მალე დაშორებოდნენ ერთმანეთს მშვიდობიანად. სწორედ ამიტომ დ----- ო------–---–ს უთხრა, რომ იქვე ცხოვრობდა და შეეძლოთ, მეორე დღეს ენახათ ერთმანეთი. მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებული აყენებდა შეურაცხყოფას, გააჩერა ტაქსი და სცადა წასვლა, თუმცა იმავდროულად დაზარალებულს ჰკითხა სახელი და გვარი, ასევე, ადგილი, სადაც მეორე დღეს შეძლებდა მის ნახვას. ტაქსში ჩამჯდარს დაზარალებულმა რაღაც მიაძახა ცუდად, რის გამოც მან ტაქსი უკან დააბრუნა დ----- ო------–---–ისაკენ, რომელიც თავის მხრივ, მირბოდა მისი მიმართულებით და თან მძღოლს უთითებდა გადაეყენებინა ავტომანქანა. ბრალდებულმა განმარტა, რომ მას მარჯვენა ხელში ეჭირა ტელეფონი, მარცხენაში კი ჭიქა, ჯიბიდან ამოიღო მეორე ვერცხლისფერი ტელეფონი, მაგრამ ვერ მოახერხა დარეკვა, რადგან დაზარალებული უკვე პერანგით იჭერდა და აჯანჯღარებდა. ცდილობდა ჭიქით მიწოლას და მოშორებას. გ------- ქ------–--ე დავარდა ძირს, დაზარალებული, კი ზემოდან ურტყამდა. თავდაცვის - მოგერიების მიზნით, მიწაზე ეძებდა რაიმე ნივთს, რა დროსაც დაზარალებულს ჯიბიდან გადმოუვარდა ნახევრად გაშლილი დანა და რადგან გარდა დაზარალებულისა მას ურტყამდნენ ამ უკანასკნელის მეგობრებიც, აიღო დანა და დაარტყა დაზარალებულს, შემდეგ კი უმისამართოდ იქნევდა, რათა მოეშორებინა თავდამსხმელები. ბრალდებულმა განმარტა, რომ უშუალოდ დაზარალებულის ხელში დანა არ დაუნახავს. ვიდეო კადრებში ჩანს, რომ დაჭრილი დ----- ო------–---–ი გარბის, თავად კი დანით ხელში მისდევს, თუმცა განმარტა, რომ თავდამსხმელების მოგერიების შემდეგ, მისი მხრიდან აგრესია აღარ ყოფილა, ის აღარ გადასულა შეტევაზე და დატოვა შემთხვევის ადგილი, დანა კი გადააგდო ნაგვის ყუთში, რადგან არ იყო მისი.
ბრალდებულის ჩვენებისაგან განსხვავებულ ვერსიას ავითარებს დაზარალებული დ----- ო------–---–ი და განმარტავს, რომ მას შემდეგ, რაც ბრალდებულთან ავტომანქანაში ჩახედვის გამო ჰქონდა შელაპარაკება, ცდილობდა უცნობისათვის აეხსნა, რის გამო შეაჩერა, მაგრამ ნასვამს ვერაფერს აგებინებდა. შესაბამისად, შესთავაზა მე-2 დღეს საუბარი. ბრალდებულმა ტაქსი გააჩერა, თუმცა ადგილის დატოვებამდე შეაგინა. სწორედ აღნიშნულზე გაბრაზებული მივიდა მასთან, რა დროსაც გ------- ქ------–--ემ მიარტყა ჭიქა, რომელიც ეჭირა ხელში. თავის მხრივ დ----- ო------–---–მა ძლიერად დაარტყა ხელი, ბრალდებულმა კი საპასუხოდ სამჯერ დაარტყა დანა, მკერდზე იგრძნო სისველე. მიუხედავად ჭრილობისა, დ----- ო------–---–ი კვლავ ძლიერად ურტყამდა ნასვამ ბრალდებულს, რომელიც უმისამართოდ იქნევდა დანას. რაღაც დროის შემდეგ მიღებული დაზიანებების გამო ვეღარ სუნთქავდა, ამიტომ ამოეფარა ავტომანქანას, რომლის მეორე მხარესაც ბრალდებული იდგა, ამ უკანასკნელმა ავტომანქანას წინა მხრიდან მიარტყა ფეხი და წავიდა.
ბრალდებულისა და დაზარალებულის ჩვენებებით, ასევე, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ვიდეოჩანაწერებით დგინდება, რომ მათ შორის ნამდვილად ჰქონდა ადგილი შელაპარაკებას, რაც გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში, რომლის დროსაც ორივე მათგანი აქტიურად მოქმედებდა. სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ დაზარალებულს ჩხუბში ეხმარებოდნენ მეგობრები და ბრალდებულს აყენებდნენ ფიზიკურ შეურაცხყოფას, რადგან აღნიშნული არც დაკითხული მოწმეთა ჩვენებით და არც ფაქტის ამსახველი ვიდეო ჩანაწერით არ დასტურდება. თუმცა უტყუარად დგინდება, რომ კონკრეტული პირები ცდილობდნენ მათ გაშველებას. გარდა ამისა, დაზარალებულის მხრიდან ნამდვილად ჰქონდა ადგილი ძალადობრივ ქმედებას, ხელის დარტყმების სახით, რასაც თავად დაზარალებულიც ადასტურებს, თუმცა განმარტავს, რომ მისი ქმედების მაპროვოცირებელი იყო სწორედ ბრალდებულის შეგინება.
სასამართლოსთვის ძალიან არადამაჯერებელია ბრალდებულის განმარტება, რომ მას შემდეგ, რაც ის ძირს დაეცა მიწაზე და ზემოდან ურტყამდნენ, ეძებდა რაიმე ნივთს აგრესიული დაზარალებულის მოსაგერიებლად, რა დროსაც ამ უკანასკნელს ჯიბიდან ამოუვარდა დანა, თანაც ნახევრად გაშლილ მდგომარეობაში და არსებულ დაძაბულ სიტუაციაში, როდესაც მოვლენები ძალიან სწრაფად ვითარდებოდა, მან ეს დაინახა. თავის გადასარჩენად კი აიღო და განახორციელა პირველი დარტყმა, რის შემდეგაც უმისამართოდ იქნევდა, რათა მოეგერიებინა იქ მყოფი ხალხი. სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულის აღნიშნულ ჩვენებას, რადგან ის არ დასტურდება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული არცერთი მტკიცებულებით. მათ შორის ვიდეოჩანაწერით და მოწმეთა ჩვენებით არ დასტურდება, რომ მიწაზე დავარდა დანა. ჯიბეში დანის ქონა არ დაუდასტურებია არც დაზარალებულს.
ვიდეოჩანაწერის დათვალიერებით ნათლად ჩანს, რომ მას შემდეგ რაც ტაქსთან მდგომ გ------- ქ------–--ეს ჩქარი ნაბიჯით უახლოვდება დ----- ო------–---–ი და დარტყმების შედეგად აგდებს ძირს, გ------- ქ------–--ე მიწიდან ნამდვილად იღებს რაღაც ნივთს, რომლითაც დ----- ო------–---–ის ხელახალი დარტყმებით გამოწვეული გარკვეული ტრიალისას დაზიანებას აყენებს ერთ-ერთ გამშველებელს, რომელიც მარცხენა მხარზე იკიდებს ხელს და ეცლება ჩხუბის ეპიცენტრს. შექმნილ ვითარებაში სასამართლოს მიაჩნია, რომ გ------- ქ------–--ე ხელახლა იღებს სწორედ მის კუთვნილ დანას და არა ნახევრად ღია მდგომარეობაში შემთხვევით დანახულ დანას, რადგან წამებში განვითარებული მოვლენათა თანმიმდევრობა და სისწრაფე გამორიცხავს შესაძლებლობას - ბრალდებულს, რომელიც უკვე იყო თავდაცვით პოზიციაში გაბრაზებული დაზარალებულის დარტყმებისგან, იმავდროულად დაკვირვებოდა მიწაზე დაგდებულ ნივთებს, მითუფრო აღექვა დანა. ვიდეო ჩანაწერში ბრალდებულის მხრიდან მსგავსი მზერა, ანუ დაკვირვება რა საგანი მოხვდა ხელში, თუ ეს მართლაც შემთხვევითობა იყო, არ ხორციელდება. შესაბამისად, დგინდება, რომ მან აიღო მისივე დანა, რომელიც მას თავად ჰქონდა, დაუვარდა და მაშასადამე ეგულებოდა მის შორიახლო.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიჩნია, რომ გ------- ქ------–--ემ მას შემდეგ რაც დაინახა, რომ უახლოვდებოდა დ----- ო------–---–ი, შეეცადა მარცხენა ხელით, რომელშიც ეჭირა ჭიქა განერიდებინა დაზარალებული, პარალელურად მარჯვენა ხელით ჯიბიდან ამოიღო მჩხვლეტავ-მჭრელი საგანი, რომლითაც დაზიანება მიაყენა დ----- ო------–---–ს და რომელიც თავად დაუვარდა ქვაფენილზე, დ----- ო------–---–ის მიერ მიყენებული დარტყმებისას. ხელის ეს მოქმედება და მოძრაობა ვიდეოჩანაწერში აშკარად ჩანს ტაქსის კარებთან და ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული დაზიანების ლოკაციებიც თანხვედრაშია სხეულის იმ ადგილებთან, სადაც ბრალდებული პირველად ახორციელებს დარტყმებს. წამოდგომისას გ------- ქ------–--ემ კვლავ აიღო აღნიშნული საგანი და იქნევდა თავდამსხმელის მოსაგერიებლად, რა დროსაც დაზიანება მიაყენა ასევე, გამშველებელ - გ------- ჯ-----ს, რასაც ადასტურებს აღნიშნული მოწმეც.
ამ კუთხით მნიშვნელოვანია ტაქსის მძღოლ ნ------- მ------–---–ის ჩვენება, რომლის ავტომანქანის ღია კართანაც დაიწყო უშუალოდ ფიზიკური დაპირისპირება. მოწმემ განმარტა, რომ მგზავრს ხელში ეჭირა ჭიქა, ფერადი საწრუპებით, ასევე მის ხელში შენიშნა რაღაც საგანი - დანა ან მაკრატელი. ბრალდებულმა ახალგაზრდა ბიჭის მიახლოებისას თითქოს საჩხუბრად ხელში რაღაც მოამზადა. ფაქტებს კარგად ვერ ხედავდა, თუმცა შემდეგ დაინახა, რომ წვერებიან კაცს სისხლიანი ჰქონდა ხელი და მირბოდა------------–--------------აკენ, ადგილზე კი ყვიროდნენ, რომ დაჭრილი იყო მამაკაცი და დახმარებას საჭიროებდა. ცხადია, ბრალდებული ვერცხლისფერი ტელეფონით ვერ მოახერხებდა როგორც მინიმუმ გ------- ჯ-----ს დაზიანებას, რაც აღნიშნული მოწმის ჩვენების გარდა, ეჭვგარეშე დასტურდება ვიდეოჩანაწერით.
შესაბამისად, სასამრთლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას, რომ დ----- ო------–---–ი ტყუის, როდესაც იძახის, რომ მან პირველი დარტყმა მიღო სწორედ ტაქსთან განვითარებული ფიზიკური დაპირისპირებისას, რის დადასტურებასაც ცდილობენ მოწმე ა------------ს ჩვენებით, რომელმაც განმარტა, რომ ბრალდებულმა დაზარალებულს პირველად დანა დაარტყა უკვე წაქცეულ მდგომარეობაში, როდესაც ზემოდან იმყოფებოდა დ----- ო------–---–ი. სასამართლო განმარტავს, რომ მიუხედავად იმისა, თუ საიდან აკვირდებოდა განვითარებულ მოვლენებს მოწმე ა------------, ცხადია, დაზარალებულის ფიზიკური აღქმა დაზიანებასთან დაკავშირებით ბევრად მაღალია და ყველაზე მნიშვნელოვანი - ეს პირდაპირ ფიქსირდება ვიდეოჩანაწერშიც, რაც თავის მხრივ, უფრო მაღალი სტანდარტის, უფრო პირდაპირი და უფრო უტყუარი მტკიცებულებაა, ვიდრე ცალკე აღებული ერთი მოწმის ჩვენება. ამასთან, არ არის გასაზიარებელი დაცვის მხარის მოსაზრება, რომ იმ შემთხვევაში თუ ბრალდებული დანას უშუალოდ ტაქსთან ჩხუბისას დაარტყამდა, დაზარალებული ვეღარ შეძლებდა იმ სიხშირითა და სიძლიერით ჩხუბს, როგორც მოცემულ შემთხვევაში დ----- ო------–---–მა შესძლო. ამ მხრივ მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მოვლენები განვითარდა ძალიან სწრაფად, მთლიანად ფიზიკურმა დაპირისპირების ხანგრძლივობამ შეადგინა რამდენიმე წამი, დაზარალებულმა კი განმარტა, რომ მან ჩხუბი შეწყვიტა და საკუთარი ავტომანქანისაკენ წავიდა მხოლოდ იმიტომ, რომ შეუძლოდ იგრძნო თავი - ვეღარ სუნთქავდა, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მისვლამდე უნდა გაეძლო. ამასთან, გაურკვეველია რა მიზანს შეიძლება, ემსახურებოდეს დაზარალებულის პირობითად ,,არასწორი ინფორმაცია’’ დანის პირველ დარტყმასთან დაკავშირებით, როდესაც ერთ შემთხვევაში ტაქსის ღია კართან ურტყამდა ბრალდებულს, ხოლო მეორე შემთხვევაში ძირს დაგდებულს, რა დროსაც თავად იმყოფებოდა ზემოდან, თან იმ პირობებში, როდესაც ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილია შესაბამისი ექსპერტის დასკვნა, რომელიც კატეგორიულად უთითებს ბრალდებულის მიერ დაზარალებულისათვის მიყენებულ ჭრილობებს და მათ ლოკაციას, დაზიანების მიმყენებელი საგნის ტიპების მითითებით.
ის ფაქტი, რომ საგანი, რომლითაც გ------- ქ------–--ემ კონკრეტული ჭრილობები მიაყენა დ----- ო------–---–ს, იყო დანა, გარდა დაზარალებულის ჩვენებისა, დაადასტურეს მოწმეებმა, კერძოდ გ------- ჯ-----მ განმარტა, რომ ბრალდებულს ხელში ეჭირა დანის მაგვარი პრიალა საგანი, ა------------მ განმარტა, რომ ბრალდებულმა დ----- ო------–---–ს გულის არეში დაარტყა დანა და დაჭრა. ამის შემდეგ, ბრალდებული კვლავ დანით ხელში დარბოდა. დ----- გ-----------მა განმარტა, რომ მაშინ როცა ბრალდებული ძირს დავარდა, ვიღაცამ დაიყვირა, რომ ბრალდებულს ხელში დანა ეჭირა. თავის მხრივ, დ----- გ-----------მაც დაინახა უცხო მამაკაცის მარჯვენა ხელში დანა, გაშლილ მდგომარეობაში. გარდა ამისა, ბრალდებული თავადაც ადასტურებს, რომ მან დანით მიაყენა ჭრილობა დაზარალებულს. სასამართლო აქვე განმარტავს, რომ ქმედების სამართლებრივი შეფასებისათვის და კვალიფიკაციისათვის მოცემულ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს ბრალდებულს საკუთარი დანა ჰქონდა, თუ შემთხვევით ნაპოვნი, რის მტკიცებასაც ის ცდილობს.
დაცვის მხარე ასევე გარკვეულ აქცენტებს აკეთებს ბრალდებულის დაზიანებებზე და ცდილობს დაადასტუროს ის ფაქტი, რომ ის იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში. ამასთან, ერთის მხრივ განმარტავენ, რომ ბრალდებულს შემთხვევის ადგილზე დაუზიანდა არამხოლოდ ხელი, არამედ ფეხზეც ბარძაყი, რაც თითქოსდა დასტურდება ტაქსის სავარძელზე არსებული სისხლის კვლებით, რომელსაც მათი მოსაზრებით, ვერ გამოიწვევდა ხელიდან სისხლდენა, თუმცა დასკვნით სიტყვაში დაცვის მხარე თავადვე აჟღერებს, რომ ბრალდებულს დაზიანებული ხელის მყესიდან სდიოდა დიდი რაოდენობით სისხლი.
ამ კუთხით, მნიშვნელოვანია ვიდეოჩანაწერი, სადაც ბრალდებული მას შემდეგ რაც დაშორდება დაზარალებულს, გადაადგილდება თავისუფლად, აღნიშნული დაადასტურეს ასევე მოწმე - გ------- ქ---------–--ემ, რომელმაც დახმარება შესთავაზა, ტაქსის მძღოლმა გ---- ჯ--------მ, რომელმაც ტრანსპორტირება გაუწია შემთხვევის ადგილიდან და რაც მთავარია, გ------------–---------------------------------–------ ცენტრის ექიმმა - ვ----– ბ--------ემ, რომელმაც უშუალო სამედიცინო დახმარება გაუწია ბრალდებულს. ამ უკანასკნელმა დაადასტურა, რომ 2018 წლის 14 ივლისს პაციენტ გ------- ქ------–--ეს აღენიშნებოდა ნაკვეთი ჭრილობა მარჯვენა მტევნის არეში, რის გამოც გაიკერა ჭრილობა და გაიწერა ამბულატორიულად. პაციენტს ალკოჰოლის სუნი ჰქონდა და განმარტა, რომ შუშით გაეჭრა ხელი. ის უჩიოდა მხოლოდ ჭრილობას ხელზე, არ შეუმჩნევია სხვა დაზიანება, ასეთის არსებობის შემთხვევაში, სხვა დაზიანებასთან დაკავშირებითაც გაეწეოდა სამედიცინო მომსახურება. იმ შემთხვევაში, თუ მას ექნებოდა რთული ჭრილობა, მოთავსდებოდა სტაციონარში, თუმცა ის თავისუფლად გადაადგილდებოდა და საავადმყოფო თავისით დატოვა, შემოსვლიდან დაახლოებით ნახევარ საათში.
სასამართლო განმარტავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ბრალდებული თვლის, რომ მას თავს დაესხნენ და აღმოჩნდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, შემთხვევის ადგილის დატოვების შემდგომ, არათუ უნდა გადაეგდო დანა, არამედ მიემართა სამართალდამცავი ორგანოებისათვის, მისი დარღვეული უფლებების დასაცავად.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარეთა მიერ წარმოდგენილი სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებათა ერთობლიობით, უტყუარად იქნა დადასტურებული გ------- ქ------–--ის მიერ დ----- ო------–---–ის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების ფაქტი. მოცემულ შემთხვევაში კი სასამართლომ უნდა დაადგინოს გ------- ქ------–--ის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედება წარმოადგენს განზრახ მკვლელობის მცდელობას, თუ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ 2018 წლის 17 მაისის №680აპ-17 განაჩენში განმარტა, რომ პრაქტიკაში ხშირად ძალიან რთულია ამ ორი დანაშაულის გამიჯვნა, რის გამოც პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს საქმის ყველა დეტალს. ლ. მ-ს საქმეზე (იხ. სუსგ №227აპ-16) პალატამ აღნიშნა, რომ ამ ორი სამართლებრივი მოცემულობის (განზრახ მკვლელობის მცდელობა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) გამიჯვნის დროს, ქმედების კვალიფიკაციისას, შეცდომის გამოსარიცხად სასამართლოებმა ზედმიწევნით დეტალურად უნდა შეისწავლონ და გაანალიზონ საქმეში არსებული ყველა გარემოება, რადგან გამოსაკვეთია დანაშაულის სუბიექტური შემადგენლობის – განზრახვის ელემენტი, რომლის მიმართულებაც განასხვავებს განზრახ მკვლელობის მცდელობას ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებისგან. განზრახვის დასადგენად კი შესწავლილ უნდა იქნეს: დანაშაულის ჩადენის ხერხი და საშუალება, დაზიანებათა რაოდენობა, ხასიათი და მათი ლოკალიზაცია, როგორ ვითარებაში იქნა ისინი მიყენებული, დამნაშავისა და მსხვერპლის ურთიერთდამოკიდებულება საერთოდ და დაზიანების მიყენების მომენტში და სხვა. პალატა ასევე აღნიშნავს, რომ დანაშაულებრივი ქმედების სწორად დაკვალიფიცირებისათვის სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს ასევე დანაშაულებრივი ქმედების შეწყვეტის მიზეზები და დამნაშავის ქცევა მოქმედების ჩადენის შემდეგ. სწორედ ყველა ამ გარემოებათა შეფასების შედეგად უნდა გადაწყვიტოს სასამართლომ - ჩადენილი უმართლობა გამოწვეული იყო თუ არა პირის მოკვლის სურვილით. ზემოაღნიშნულ საქმეზე და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის პალატამ 2011 წლის 25 ივლისის 252აპ-11 და 2016 წლის 29 სექტემბრის #227აპ-16 განაჩენებში, რომელიც შეეხება მოცემული საქმის მსგავს ფაქტობრივ გარემოებებს, მსჯავრდებულის ქმედება საქართველოს სსკ-ის 19-108-ე მუხლიდან გადააკვალიფიცირა 117-ე მუხლზე.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში უტყუარად ვერ დგინდება, რომ გ------- ქ------–--ეს ჰქონდა დ----- ო------–---–ის მოკვლის განზრახვა, კერძოდ:
ბრალდებისა და დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების ანალიზით, სასამართლოს მიაჩნია, რომ მას შემდეგ, რაც გ------- ქ------–--ესა და დ----- ო------–---–ს შორის მიმდინარეობდა ფიზიკური კონტაქტი, მცდელობის მიუხედავად ბრალდებული დაზარალებულისგან თავს უკვე ვეღარ დააღწევდა, ვინაიდან ეს უკანასკნელი ურტყამდა ძლიერად, მათ შორის ძირს დაგდებულს ზემოდან. დანის დარტყმისა და მოქნევის შემდეგ, დ----- ო------–---–ი გ------- ქ------–--ეს გაეცალა და გაიქცა თავისი ავტომანქანისაკენ. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული დროისათვის გ------- ქ------–--ეს აღარავინ ურტყამდა, შემთხვევის ადგილის დატოვებამდე მოძრაობდა დანით ხელში. მოცემულ შემთხვევაში დგინდება, რომ ბრალდებულს გაცნობიერებული ჰქონდა, რომ დ----- ო------–---–ს განზრახ აყენებდა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას, როცა დანას ურტყამდა, ასევე, იქნევდა უმისამართოდ. აღნიშნულს კი ის ახორციელებდა მხოლოდ იმ მიზნით, რომ როგორმე დაეზიანებინა და გასცლოდა დაზარალებული, რაც მოახერხა კიდეც.
სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებების შეფასების შემდგომ დაასკვნა, რომ ბრალდების მხარემ ვერ დაამტკიცა გ------- ქ------–--ის მიერ ბრალად წარდგენილი კვალიფიკაციით ქმედების ჩადენა. სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მოსაზრებას, რომ გ------- ქ------–--ეს ჰქონდა დ----- ო------–---–ის მოკვლის განზრახვა, რადგან აღნიშნული უტყუარად არ დასტურდება მტკიცებულებათა ერთობლიობით.
საქმეში არ არსებობს მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებს გ------- ქ------–--ის მიერ დ----- ო------–---–ის განზრახ მკვლელობის მიზანსა და მოტივს. შესაბამისად, სასამართლო ვერ იმსჯელებს, რომ ბრალდებული მოქმედებდა პირდაპირი ან არაპირდაპირი განზრახვით, მოეკლა დაზარალებული. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარე ავითარებს ერთგვარ ვერსიას, რომ ნასვამი ბრალდებული ქუჩაში მოძრაობისას უყურებდა დ----- ო------–---–ის მეგობარ გოგოს, რამაც მათ შორის გამოიწვია კონფლიქტი, რა დროსაც ბრალდებული იყო განსაკუთრებით აგრესიული, პირველ ეტაპზე კონფლიქტის განმუხტვისა და შემთხვევის ადგილის დატოვებისას მან შეაგინა დაზარალებულს, რამაც გამოიწვია კონფლიქტის განახლება და ფიზიკური დაპირისპირება. გაბრაზებული დაზარალებული როდესაც გაემართა მისკენ, სწორედ ამ დროს წარმოეშვა გ------- ქ------–--ეს დ----- ო------–---–ის მოკვლის უეცარი განზრახვა, რა დროსაც მოიმარჯვა დანა და მარცხენა წელისა და მარცხენა მხარის არეში მიაყენა ჭრილობები, ასევე გულმკერდის მარცხენა ნახევარში მიაყენა შემავალი, სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანება.
სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული (იგულისხმება მოკვლის განზრახვის წარმოშობა) არის მხოლოდ ეჭვი, ვინაიდან საქმეში არ არსებობს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც დაადასტურებდა მოკვლის განზრახვას. საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
ამდენად, გ------- ქ------–--ე დანის დარტყმისას ითვალისწინებდა დანაშაულებრივ შედეგს, მაგრამ არა სიცოცხლის მოსპობას. შედეგი მის ცნობიერებაში არ იყო კონკრეტიზირებული, აღნიშნული დაადასტურა, მანვე ჩვენებაში და განაცხადა, რომ კონფლიქტისას დაზარალებულის მოსაშორებლად დანას იქნევდა უმისამართოდ და არა მისი სიცოცხლის მოსასპობად.
რაც შეეხება დაცვის მხარის ვერსიას, რომ ბრალდებული თითქოსდა მოქმედებდა მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი გარემოებების პირებებში და იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში, რომ დაზარალებული იყო ყოფილი ბოქსიორი და სამხედრო, იყო გაცილებით ძლიერი და თან მას ბრალდებულის ცემაში ეხმარებოდა 3-5 მეგობარი, რომ ბრალდებული ვერანაირად ვერ შეძლებდა კონფლიქტის თავიდან არიდებას, სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 28-ე მუხლის მიხედვით, მართლსაწინააღმდეგოდ არ მოქმედებს ის, ვინც ამ კოდექსით გათვალისწინებულ ქმედებას ჩაიდენს აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, ესე იგი ვინც მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისას დააზიანებს ხელმყოფს თავისი ან სხვისი სამართლებრივი სიკეთის დასაცავად.
აუცილებელი მოგერიების სტრუქტურა ზოგადად სამი ნიშნისგან შედგება: უკიდურესი მდგომარეობა, უკიდურესობით გამოწვეული მოქმედება და თავდაცვის სურვილი. უკიდურესი მდგომარეობა დამატებით სამ კომპონენტს მოიცავს - სამართლებრივი სიკეთის ხელყოფას, ხლყოფის იმწუთიერობას და ხელყოფის მართლწინააღმდეგობას, რაც შესაბამისად, გულისხმობს ხელყოფის რეალურ, ობიექტურ ხასიათს.
აუცილებელი მოგერიების მეორე ნიშანი: უკიდურესობით გამოწვეული მოქმედება, გულისხმობს, რომ იგი უნდა იყოს აუცილებელი თავდაცვითი ქმედება, რომელიც გათვალისწინებულია ხელყოფის მოგერიებისათვის და წარმოადგენს შედარებით მსუბუქ თავდაცვით საშუალებას. მართალია, აუცილებელი მოგერიების დროს არ არსებობს სამართლებრივ სიკეთეთა შესაბამისობის მოთხოვნა, მაგრამ თავდაცვა არ არის მართლზომიერი სამართლებრივ სიკეთეთა შორის აშკარა შეუსაბამობის დროს. თუ მომგერიებელი ხელმყოფისაგან თავდაცვის დროს თანაბრად ეფექტური საშუალებებიდან აირჩევს არა შედარებით მსუბუქ, არამედ შეგნებულად საშიშ საშუალებას, ასეთ შემთხვევაში არ არსებობს არჩეული დაცვის საშუალების აუცილებლობა. ამ დროს, სსკ-ის 28-ე მუხლიდან გამომდინარე, გამართლება არ იქნება შესაძლებელი. ამასთან, აუცილებელი მოგერიების დროს, უკიდურესობით გამოწვეული მოქმედება არ შეიძლება, მიმართული იყოს მესამე პირის წინააღმდეგ, რომელიც არ წარმოადგენს საფრთხის უშუალო წყაროს (მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულის მხრიდან გ------- ჯ-----ს დაზიანების ფაქტი).
რაც შეეხება აუცილებელი მოგერიების მესამე ელემენტს, მნიშვნელოვანია დადგინდეს აუცილებელი მოგერიების სუბიექტური ელემენტის არსებობა, კერძოდ მომგერიებლის მიერ აუცილებელი მოგერიების მდგომარეობის დამაფუძნებელი გარემოებების ცოდნა და შესაბამისად, თავისი, ან სხვისი სამართლებრივი სიკეთის დაცვის სურვილი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ყველა ზემომითითებული კომპონენტების ერთობლიობაა აუცილებელი საკითხის სამართლებრივი შეფასებისათვის - მოქმედებდა თუ არა პირი აუცილებელი მოგერიების ფარგლებში.
შესაბამისად, სასამართლოს შეფასებით, მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, სახეზე არ არის არც აუცილებელი მოგერიების მდგომარეობა და არც აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილება, რაზეც დაცვის მხარე აპელირებს, ხოლო აღნიშნულის დასადასტურებლად დაცვის მხარის მითითება, რომ დაზარალებული იყო ყოფილი ბოქსიორი და სამხედრო, იყო გაცილებით ძლიერი და თან მას ბრალდებულის ცემაში ეხმარებოდა 3-5 მეგობარი, რომ ბრალდებული ვერანაირად ვერ შეძლებდა კონფლიქტის თავიდან არიდებას, ეს მოსაზრება საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არარელევანტურია, ვინაიდან ბრალდებულს სპონტანურად წარმოშობილი კონფლიქტის პირობებში ობიექტურად, წინასწარ ვერანაირად ეცოდინებოდა - დაზარალებული წარსულში ბოქსით იყო დაკავებული, თუ იყო ყოფილი სამხედრო, ხოლო ის ფაქტი, რომ ბრალდებულს რამდენიმე კაცი უსწორდებოდა ფიზიკურად, სხვა მტკიცებულებებთან ერთად, ასევე, არ დასტურდება ყველაზე მნიშვნელოვანი მტკიცებულებით - ვიდეოჩანაწერით. ასევე, კონფლიქტის დინამიკაში ბრალდებულს თავისუფლად შეეძლო ფიზიკური დაპირისპირებისასგან თავის გარიდება (ელემენტარულად ტაქსით წასვლა), თუმცა ის რამდენჯერმე ბრუნდება უკან და პრაქტიკულად, დაზარალებულის მხრიდან უკვე შემდგომი ფიზიკური კონტაქტი გ------- ქ------–--ის მოქმედებით იყო პროვოცირებული.
ამდენად, სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადგენილად მიაჩნია, რომ გ------- ქ------–--ემ ჩაიდინა დ----- ო------–---–ის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება.
ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის ანდა რომელმაც გამოიწვია მხედველობის, სმენის, მეტყველების ან რომელიმე ორგანოს ან მისი ფუნქციის დაკარგვა, ფსიქიკური ავადმყოფობა, ორსულობის შეწყვეტა, სახის წარუშლელი დამახინჯება ან ჯანმრთელობის სხვაგვარი ისეთი დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის და დაკავშირებულია საერთო შრომისუნარიანობის მყარ, არანაკლებ ერთი მესამედით დაკარგვასთან ან წინასწარი შეცნობით პროფესიული შრომისუნარიანობის სრულ დაკარგვასთან. აღნიშნული განზრახ, ძალადობრივ დანაშაულს წარმოადგენს, რომლისგანაც სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა. დანაშაულის შემადგენლობა მატერიალურია და სავალდებულოდ უნდა დადგინდეს ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირი, რომლის გარეშეც ქმედების საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლით დაკვალიფიცირება გამოირიცხება.
რაც შეეხება ზოგადად ქმედების გადაკვალიფიცირების საკითხს, სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნულს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ერთის მხრივ, იმიტომ, რომ პირს იმაზე მეტ დანაშაულში არ დაედოს მსჯავრი, რაც არ ჩაუდენია და, მეორე მხრივ, საერთოდ არ გამოირიცხოს პირს ბრალეულობა დანაშაულში. გადაკვალიფიცირება დასაშვებია მხოლოდ იმავე ხარისხის, ან მსუბუქ ბრალდებაზე.
ამ კუთხით მნიშვნელოვანია სტრასბურგის ევროპული სასამართლოს მიდგომები და პრეცედენტული გადაწყვეტილებები. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლის - განზრახ მკველელობის მცდელობის შემადგენლობა გარკვეულწილად აზრობრივად და შინაარსობრივად მოიცავს საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის - სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების დანაშაულის ნიშნებსაც და ამდენად, გ------- ქ------–--ის მიმართ, ბრალდების გადაკვალიფიცირებისას ადგილი არ ექნება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული უფლების (ბრალდებულს სათანადოდ და სრულად უნდა ეცნობოს ბრალდების შესახებ, ბრალდების ცვლილების ჩათვლით, რათა სათანადოდ მოემზადოს დაცვისათვის)- დარღვევას (ე.წ. ბრალდების უცვლელობის პრინციპი). კერძოდ, ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლო ადგენს, რომ ბრალდების გადაკვალიფიცირების შემთხვევაში, ბრალდებულს უნდა მიეცეს სათანადო დრო და საშუალება მათზე რეაგირებისათვის და ახალ ბრალდებაზე დაყრდნობით დაცვის ორგანიზებისათვის (Mattoccia v. Italy, განაცხადი no.23969/94, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2000 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილება, პუნქტი 61). სასამართლო მიუთითებს, რომ აღნიშნული პრინციპი ირღვევა მაშინ, როდესაც ქმედების კვალიფიკაციის შეცვლა ხდება სხვადასხვა სისხლისსამართლებრივი უმართლობის ფარგლებში (ასე მაგალითად, სსკ-ის 3311-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტი აშკარად განსხვავდება სსკ-ის 376-ე მუხლით გათვალისწინებული - სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტისგან). ევროპული სასამართლოს მიდგომით, ქმედების გადაკვალიფიცირება დაცვისთვის მაშინაა წინასწარგანჭვრეტადი, როდესაც ქმედება ბრალდების ორგანული შემადგენელი ელემენტია (De Salvador Torres v. Spain), განაცხადი no. 21525/93, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1996 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილების პუნქტი 33; (Juha Nuutinen v. Finland), განაცხადი no.45830/99, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2007 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილების პუნქტი 32). მოცემულ შემთხვევაში კი, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება არის გ------- ქ------–--ის მიმართ წარდგენილი ბრალდების ორგანული შემადგენელი ელემენტი (ასევე იხ. ლ. მაღლაკელიძე, ბრალდების უცვლელობის პრინციპის გაგება ქართული და ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, გერმანულ-ქართული სისხლის სამართლის ელექტრონული ჟურნალი (), მესამე გამოცემა, 2017, გვ.75-79).
შესაბამისად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ვერ გაიზიარებს თავად ბრალდებულის ჩვენებას, რითაც იგი ცდილობს პასუხისმგებლობისგან თავის არიდებას და სასამართლოსათვის იმის დასაბუთებას, რომ მას, თითქოსდა, საერთოდ არავითარი დანაშაული არ ჩაუდენია. ბრალდებულის ჩვენება ეწინააღმდეგება სასამართლოზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს და შესაბამისად, იგი არასარწმუნო და არადამაჯერებელია. ამდენად, როგორც მატერიალურ-სამართლებრივი და ისე პროცესუალურ-სამართლებრივი გაგებით გამართლებულია გ------- ქ------–--ის ქმედების გადაკვალიფიცირება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სხვა მუხლზე. მოცემულ შემთხვევაში კი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლზე.
თუმცა, გადაკვალიფიცირების პროცესში თავს იჩენს კიდევ ერთი სამართლებრივი პრობლემა. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულების ანალიზით და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ გ------- ქ------–--ე წარსულში ასევე, ნასამართლევია საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლით, სამართლებრივად მისი ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით (ქმედება ჩადენილი არაერთგზის), თუმცა ვინაიდან, სასჯელის ზომად აღნიშნული კვალიფიკაციისათვის გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა 09-13 წლამდე ვადით, ხოლო წარდგენილი ბრალდება - საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლი, სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 07-15 წლამდე ვადით, მსგავსი გადაკვალიფიცირება ბრალდებულს მნიშვნელოვნად დაუმძიმებს სამართლებრივ მდგომარეობას მოსალოდნელი სასჯელის კუთხით, რადგან დანაშაულის რეციდივის ფარგლების გათვალისწინებითაც, თეორიულადაც უსპობს თუნდაც რვა წლიანი სასჯელის მიღების შესაძლებლობას, ვინაიდან 117-ე მუხლის მე-7 ნაწილით დაკვალიფიცირების პირობებში, ბრალდებულს მინიმალური სასჯელის ზომად განესაზღვრებოდა თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით.
ამდენად, სასამართლო დადასტურებულად და გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიაჩნია, რომ გ------- ქ------–--ემ ჩაიდინა დ----- ო------–---–ის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ე.ი. სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის, ანუ დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 03-06 წლამდე ვადით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
სასჯელის დანიშვნისას სასამართლო მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ჩადენილი ქმედების ხასიათს, ბრალდებულის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, რომელიც გავლენას ახდენს სასჯელზე, ასევე, იმ გარემოებას, თუ რამდენად სამართლიანი, შესატყვისი და პროპორციული იქნება დანიშნული სასჯელი ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
გ------- ქ------–--ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია, ხოლო პასუხიმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ქმედების ჩადენა პირობით გამოსაცდელი ვადის დინების პერიოდში, ნასამართლები პირის მიერ, არაფხიზელ მდგომარეობაში.
საქართველოს სსკ-ის 17-ე მუხლის თანახმად, დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას, ხოლო 58-ე მუხლის თანახმად - დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 01 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.
სასამართლო თვლის, რომ ბრალდებულ გ------- ქ------–--ის გამოსწორება შეუძლებელია საზოგადოებისაგან მისი იზოლაციის გარეშე და შესაბამისად, მისი პიროვნებიდან და ჩადენილი ქმედების სიმძიმიდან გამომდინარე, მის მიმართ განაჩენთა ერთობლიობით, გამოყენებული უნდა იქნას თავისუფლების აღკვეთა 04(ოთხი) წლის ვადით, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, დამნაშავის რესოციალიზაციას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და სამართლიანობის აღდგენას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 20-21-ე, 255-ე, 258-ე, 268-269-ე, 277-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გ------- ქ------–--ის მიმართ წარდგენილი ბრალდება - ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით, გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილზე.
გ------- ქ------–--ე (პN0----------) ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04(ოთხი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულმა ძირითადმა სასჯელმა სრულად შთანთქოს თბილისი საქალაქო სასამართლოს 20---–-–---------–---- განაჩენით გ------- ქ------–--ის მიმართ ჯარიმის სახით დანიშნული ძირითადი სასჯელი - ჯარიმა 2.000(ორიათასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ, გ------- ქ------–--ეს განაჩენთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04(ოთხი) წლის ვადით.
სასჯელის მოხდის ვადის ათვლა გ------- ქ------–--ეს დაეწყოს - 2019 წლის 09 დეკემბრის 1500 საათიდან და იგი დაუყონებლივ დაკავებულ იქნას სასამართლო სხდომის დარბაზში.
გ------- ქ------–--ეს სასჯელის მოხდაში ჩაეთვალოს დაკავებაში ყოფნის დრო - 2018 წლის 14 ივლისიდან 2018 წლის 26 ივლისის ჩათვლით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3-4 ნაწილების საფუძველზე, გ------- ქ------–--ეს მოხდილ სასჯელში ჩაეთვალოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 20---–-–---------–---- განაჩენით მის მიმართ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული ძირითადი სასჯელი - 09(ცხრა) თვე თავისუფლების აღკვეთა, რაც მის მიერ სრულად არის მოხდილი.
ცნობად იქნას მიღებული, რომ გ------- ქ------–--ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე - პატიმრობა, გაუქმდა.
საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება - შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული მოწითალო ანაწმენდები, საკონტროლო ანაწმენდებთან ერთად, დალუქული ერთ ფუთად, სპეც. პაკეტში-----------, მინის ნატეხები დალუქული ერთ ფუთად, სპეც. პაკეტში----------, ხელის კვლები 02 ცალ დ/ფირზე დალუქული ერთ ფუთად, სპეც. პაკეტში-----------, სამი ცალი საწრუპი მილი დალუქული ერთ ფუთად, სპეც. პაკეტში-----------, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, განადგურდეს.
შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტომასალა, ჩაწერილი ერთ ცალ ელ. დისკზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, შენახულ იქნას სისხლის სამართლის საქმესთან ერთად, საქმის შენახვის ვადით.
ავტომანქანა ,,ნისან ტიდას” დათვალიერების შედეგად ამოღებული ერთი ცალი ნაჭრის და რეზინის მატერიისგან დამზადებული, შავი ფერის, ავტომანქანის წინა მარცხენა მხარეს მგზავრის სავარძლის წინ მდებარე ფეხის დასადები ნოხი, დალუქული ერთ ფუთად, სპეც. პაკეტში----------, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, განადგურდეს.
ავტომანქანა ,,ნისან ტიდას” დათვალიერებისას გადაღებული ფოტომასალა, ჩაწერილი ერთ ცალ ელ. დისკზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, შენახული იქნას სისხლის სამართლის საქმესთან ერთად, საქმის შენახვის ვადით.
ა--–-- ი-----სგან აღებული ანაწმენდის ნიმუში დალუქული ერთ ფუთად, სპეც. პაკეტში----------, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, განადგურდეს.
ანაწმენდის ნიმუშის აღებისას გადაღებული ფოტომასალა ჩაწერილი ერთ ცალ ელ. დისკზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, შენახული იქნას სისხლის სამართლის საქმესთან ერთად, საქმის შენახვის ვადით.
დ----- ო------–---–ის ტანსაცმელი დალუქული ერთ ფუთად, 2------ საპაკეტო ლუქით, გ------- ჯ-----ს ტანსაცმელი დალუქული ერთ ფუთად, 2------ საპაკეტო ლუქით, გ------- ქ------–--ის ბინის ჩხრეკისას ამოღებული შავი ფერის ჯინსის შარვალი, კუბოკრულ გრძელმკლავიანი პერანგი, კუბოკრული ტრუსი, მუქი ლურჯი ფერის სპორტული ფეხსაცმელი, დალუქული ერთ ფუთად, 2------ ლუქით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, დაუბრუნდეს მესაკუთრეს, ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირს.
შ-------------------- კუთვნილი აფთიაქიდან, ი----------------------- კუთვნილი ღვინის მაღაზიიდან, შ------------------–-------- და შ-------------–---------- გამოთხოვილი ვიდეომასალა 04 ცალ ელექტრონულ დისკზე, ასევე, დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ელექტრონული დისკები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, შენახულ იქნას სისხლის სამართლის საქმესთან, ერთად საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს მხარეების მიერ გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე: ლაშა ჩხიკვაძე