გადაწყვეტილება

სამოქალაქო 23.12.2019
საქმის ნომერი
240210017002134221
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
23.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №240210017002134221

(2/790-2017)

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

საქართველოს სახელით

 

10 დეკემბერი, 2019 წელი ქ. სენაკი

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

სენაკის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - დარეჯან კვარაცხელია

სხდომის მდივანი - თეონა ჭანტურია

 

მოსარჩელე - ჟ--ა შ-------ა

წარმომადგენლები - ლაშა ხ--–------ა, იური ბეჭვაია

 

მოსარჩელე - პ----ა ხ--------ა

 

მოპასუხე - შპს ”სენაკის ს--–-------ო ს---–-“ (დირექტორი კ------ა ვ-----ა )

წარმომადგენელი - ლ---ნ ხ-------ა

 

დავის საგანი - სახელფასო დავალიანების ანაზღაურება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა (დაზუსტებული)

 

1.1. მოსარჩელე ჟ--ა შ-------ას სასარგებლოდ, მოპასუხე შპს ”სენაკის ს--–-------ო ს---–-“-სათვის” სახელფასო დავალიანების - 9731.40 ლარის (ხელზე ასაღები) ანაზღაურების დაკისრება.

 

1.2. მოსარჩელე პ----ა სასარგებლოდ, მოპასუხე შპს ”სენაკის ს--–-------ო ს---–-“ -სათვის” სახელფასო დავალიანების- 640 ლარის (ხელზე ასაღები) ანაზღაურების დაკისრება.

 

მოსარჩელეთა განმარტებით, მუშაობდნენ შპს ”სენაკის ს--–-------ო სახლში“ ექიმად. ჟ--ა შ-------ას მიუღებელი აქვს 2013 -2017 წლების შრომის ანაზღაურება, რაც ერთიანობაში შეადგენს 9731.40 ლარს, ხოლო პ----ა ხ-------ას მიუღებელი აქვს ერთი თვის შრომის ანაზღაურება, რაც შეადგენს 640 ლარს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო. დაადასტურა მოსარჩელეთა მიმართ სახელფასო დავალიანების არსებობის ფაქტი, თუმცა აღნიშნა, რომ ხელფასების გაუცემლობის მიზეზი იყო მოპასუხე ორგანიზაციაში არსებული ფინანსური პრობლემები, რაც გამოწვეული იყო თავად მოსარჩელეთა მიერ არასწორი მენეჯმენტის განხორციელებითა და ბიუჯეტის (შემოსავლებისა და გასავლების) არაეფექტურად წარმართვით, სადაზღვევო კომპანიების მიერ მომსახურების თანხის დროულად გადაუხდელობით.

 

მოპასუხემ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მიუთითა მოთხოვნის ხანდაზმულობაზე.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1.მოსარჩელე ჟ--ა შ-------ა შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებული იყო შპს ”სენაკის ს--–-------ო სახლში“ ექიმის პოზიციაზე. ამასთან, 2012 წლიდან 2017 წლამდე იყო მენეჯერი სამკურნალო დარგში.

 

3.1.2. ჟ--ა შ-------ას 2013-2017 წლებში, ერთიანობაში მიუღებელი აქვს - 9731.40 ლარი (ხელზე ასაღები) შრომის ანაზღაურება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

-შპს ”სენაკის ს--–-------ო ს---–-“ -ს დირექტორის N108 ცნობა (02.11.2017 წ);

 

3.1.3.მოსარჩელე პ----ა ხ--------აც შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებული იყო შპს ”სენაკის ს--–-------ო სახლში“ ექიმის პოზიციაზე.

 

3.1.4. მოპასუხის, შპს ”სენაკის ს--–-------ო ს---–-“ -ს დირექტორის ა. გ------ მიერ გაცემული N111 ცნობით (გაცემის თარიღი - 02.11.2017 წ) დასტურდება, რომ პ----ა ხ--------ას მიუღებელი აქვს 2017 წლის ივლისი-აგვისტოს შრომის ანაზღაურება, ერთიანობაში - 1163.72 ლარი (ხელზე ასაღები), თუმცა მოსარჩელე პ----ა ხ--------ამ მოითხოვა მხოლოდ ერთი თვის შრომის ანაზღაურების 640 ლარის (ხელზე ასაღები) დაკისრება მოპასუხისათვის (იხ. სარჩელი, მოსამზადებელი სხდომის ოქმი). ვინაიდან „სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა“ (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლი), სასამართლო პ----ა ხ--------ას სარჩელს განიხილავს მისი მოთხოვნის (640 ლარის) ფარგლებში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

-შპს ”სენაკის ს--–-------ო ს---–-“ -ს დირექტორის N111 ცნობა (02.11.2017 წ);

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს შორის სადავო არ გამხდარა. დადგენილ, უდავო ფაქტობრივ გარემოებებს სასამართლო სამართლებრივად შეაფასებს წინამდებარე გადაწყვეტილების შესაბამის, სამართლებრივი დასაბუთების გრაფაში.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო წარმოდგენილი მასალების, მხარეთა ახსნა - განმარტებების საფუძველზე მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნები უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

“საქართველოს შრომის კოდექსის” 1-ლი, მე-2, 31-ე, 34-ე,37-ე, 38-ე მუხლები, საქართელოს კონტიტუციის 26-ე მუხლი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 361-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს შრომის კოდექსის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ეს კოდექსი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე შრომით და მის თანმდევ ურთიერთობებს, თუ ისინი განსხვავებულად არ რეგულირდება სხვა სპეციალური კანონით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით.

 

იგივე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებსაც არ აწესრიგებს ეს კანონი ან სხვა სპეციალური კანონი, რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებით.

 

საქართველოს შრომის კოდექსის მეორე მუხლის თანახმად, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ. შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე, ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმებით.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელეები ჟ--ა შ-------ა და პ----ა ხ--------ა შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდნენ მოპასუხესთან.

 

საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, შრომის ანაზღაურების ფორმა და ოდენობა განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით. ამ მუხლის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. შრომის ანაზღაურება გაიცემა თვეში ერთხელ, სამუშაო ადგილზე.

 

საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლით დაცულია მოქალაქეთა შრომითი უფლებები და გარანტირებულია შრომის სამართლიანი ანაზღაურება. ის, რომ შესრულებული სამუშაოსათვის მუშაკმა უნდა მიიღოს შრომის შესაბამისი ანაზღაურება, დამსაქმებლის საყოველთაოდ ცნობილი კანონისმიერი ვალდებულებაა. მოპასუხის ქმედება (სახელფასო დავალიანების აუნაზღაურებლობა) ეწინააღმდეგება სამართლის ზოგად პრინციპებს – სამართალურთიერთობის სტაბილურობის, კეთილსინდისიერების და კანონიერების პრინციპებს. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით, რომელსაც შეუერთდა საქართველო, ჯერ კიდევ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1991 წლის 15 სექტემბრის №655 დადგენილებით, აღიარებულია, რომ ყოველ მუშაკს აქვს უფლება იღებდეს სამართლიანსა და დამაკმაყოფილებელ გასამრჯელოს, რომელიც უზრუნველყოფს ღირსეულ ადამიანურ არსებობას თვითონ მისთვის და მისი ოჯახისათვის და რომელსაც, როცა აუცილებელია ემატება სოციალური უზრუნველყოფის სხვა სახსრები.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

იმავე კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

დადგენილია, რომ მოპასუხე -შპს ”სენაკის ს--–-------ო ს---–-“ -ს ვალდებულება -გაეცა მოსარჩელეების ჟ--ა შ-------ასა და პ----ა ხ--------ას მიმართ შრომის ანაზღაურება, წარმოშობილია მოსარჩელეებსა და მოპასუხე სს -შპს ”სენაკის ს--–-------ო სახლს“ შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებით. ასევე დადგენილია, რომ მოპასუხემ დაარღვია შრომის ანაზღაურების კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას გაცემის ვალდებულება, რის გამოც მას მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელფასო დავალიანების ანაზღაურება.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.

 

მოპასუხე მხარემ, მართალია, არ ცნო სარჩელი, თუმცა აღიარა (დაადასტურა) ვალდებულების არსებობის, კერძოდ, ჟ--ა შ-------ას მიმართ - 9731.40 ლარის (ხელზე ასაღები), ხოლო პ----ა ხ--------ას მიმართ, 640 ლარის (ხელზე ასაღები) სახელფასო დავალიანების არსებობის ფაქტი, რაც სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს წარმოადგენს.

 

მოპასუხემ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მიუთითა მოთხოვნის ხანდაზმულობაზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე მუხლის მეორე ნაწილით დადგენილია საგამონაკლისო წესები იმ ურთიერთობათა მიმართ, რომლებზეც არ ვრცელდება ხანდაზმულობის ვადები. კერძოდ, ხანდაზმულობის ვადები არ ვრცელდება პირად არაქონებრივ უფლებებზე და მეანაბრეთა მოთხოვნებზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს. იმავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია. ხოლო იმავე კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად კი ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

 

მითითებული ნორმების შესაბამისად, სახელშეკრულებო ურთიერთობებთან მიმართებით კანონით განსაზღვრულია სპეციალური ვადა, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებებიც დაირღვა, შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლებების დაცვა.

 

სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო სამართალწარმოების ფუნდამენტურ, შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპებზე და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 და მე-4 მუხლებზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ მხარის აბსოლუტურ უფლებას წარმოადგენს თავისი დარღვეული უფლების აღსადგენად სასამართლოსათვის მიმართვის უფლება, თუმცა ამ უფლების პარალელურად მოპასუხედ დასახელებული პირი აღჭურვილია ასევე უფლებით, დაეთანხმოს მის წინააღმდეგ წარდგენილ პრეტენზიას ნაწილობრივ ან სრულად. სწორედ მოპასუხის დისპოზიციური ნების დაცვის ინსტრუმენტად გვევლინება სარჩელისაგან თავდაცვის იმგვარი საპროცესო საშუალება, როგორიცაა შესაგებელი. შესაგებელი არ წარმოადგენს კანონის ფორმალურ დანაწესს, მისი წარდგენისა და შევსების სტანდარტებს ადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლი, რომელის მიხედვით, მოპასუხე ვალდებულია სრულყოფილად და თანმიმდევრობით ასახოს თავისი მოსაზრებები სარჩელთან დაკავშირებით და მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულებას, შედეგად მოყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.

 

მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეს შესაგებელში და არც მოსამზადებელ სხდომაზე, მოთხოვნის ხანდაზმულობაზე არ მიუთითებია.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოთხოვნის ხანდაზმულობაზე მითითება სარჩელისაგან თავის დაცვის ერთ-ერთი ფორმაა, ამასთან, ამგვარი მითითების მიმართ გარკვეული შეზღუდვები მოქმედებს. სასამართლო არ არის უფლებამოსილი თავისი ინიციატივით გამოიკვლიოს ხანდაზმულობის საკითხი. ამის შესახებ დაინტერესებულმა პირმა უნდა მიუთითოს. აღნიშნული შეზღუდვა გამომდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპიდან - თუ ერთ მხარეს ენიჭება დარღვეული უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა, მეორე მხარე უფლებამოსილია, გამოიყენოს ნებისმიერი სამართლებრივი მექანიზმი მოწინააღმდეგე მხარის პოზიციის გასაქარწყლებლად, ხოლო სასამართლოს მხრიდან თავისი ინიციატივით ხანდაზმულობის ვადაზე მითითებით, ილახება მხარეთა უფლებები, მხარეთა შეჯიბრებითობის, თანასწორობისა და დისპოზიციურობის პრინციპები.

 

გარდა ამისა, ხანდაზმულობა განიხილება, როგორც საქმის ფაქტობრივი გარემოება. მხარე კი, საპროცესო კანონმდებლობით შეზღუდულია მიუთითოს ახალი ფაქტებისა და მტკიცებულებების შესახებ საქმის არსებითად განხილვის ეტაპზე. ანუ მხარე უფლებამოსილია მოთხოვნის ხანდაზმულობაზე, როგორც სარჩელისაგან თავდაცვის საშუალებაზე, მიუთითოს საქმის მოსამზადებელ ეტაპზე.

 

საქმის მთავარ სხდომაზე განხილვისას მოთხოვნის ხანდაზმულობის თაობაზე მითითება დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ არსებობდა საპატიო მიზეზი, რომლის გამოც ეს გარემოება მითითებული ვერ იქნა საქმის მოსამზადებელ ეტაპზე.

 

მოცემულ შემთხვევაში რიმე საპატიო მიზეზის შესახებ, რაც ამ ვალდებულების შესრულებას შეუძლებელს გახდიდა, სასამართლო სხდომაზე არ დადგენილა.

 

ვინაიდან მოპასუხის მიერ საპატიო მიზეზის გარეშე არ იქნა რეალიზებული მოთხოვნის ხანდაზმულობაზე მითითების უფლება, სასამართლო, მას მოწინააღმდეგე მხარის პოზიციის გამაქარწყლებელ ფაქტობრივ გარემოებად, შესაბამისად, მოთხოვნის უარყოფის სამართლებრივ საფუძვლად ვერ მიიჩნევს.

 

ამდენად, მოსარჩელეების ჟ--ა შ-------ასა და პ----ა ხ--------ას მოთხოვნა სახელფასო დავალიანების ანაზღაურების თაობაზე საფუძვლიანია და მოპასუხე -შპს ”სენაკის ს--–-------ო სახლს“ მოსარჩელე ჟ--ა შ-------ას სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 9731.40 ლარის (ხელზე ასაღები), ხოლო მოსარჩელე პ----ა ხ--------ას სასარგებლოდ 640 ლარის (ხელზე ასაღები) ანაზღაურება.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

მოსარჩელე, ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის I პუნქტის ,,მ1” ქვეპუნქტის შესაბამისად, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან. რის გამოც მოპასუხე - შპს ”სენაკის ს--–-------ო სახლს“, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39.1 (ა) მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 311.14 (9731.40+640=10371.40x3:100=311.14) ლარის ოდენობით, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე, 257-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით

 

გადაწყვიტა

 

1. დაკმაყოფილდეს მოსარჩელეების ჟ--ა შ-------ასა და პ----ა ხ--------ას სარჩელი მოპასუხე -შპს ”სენაკის ს--–-------ო ს---–-“-ს მიმართ მიუღებელი ხელფასის ანაზღაურების დაკისრების თაობაზე.

 

1.1. დაეკისროს შპს ”სენაკის ს--–-------ო სახლს“ (ს/კ 2--------) ჟ--ა შ-------ას (პ/ნ 6----------) სასარგებლოდ მიუღებელი ხელფასის (ხელზე გასაცემი) 9731.40 (ცხრაათასშვიდასოცდათერთმეტი ლარი და ორმოცი თეთრი) ლარის გადახდა;

 

1.2. დაეკისროს შპს ”სენაკის ს--–-------ო სახლს“ (ს/კ2--------) პ----ა ხ--------ას (პ/ნ 3----------) სასარგებლოდ მიუღებელი ხელფასის (ხელზე გასაცემი) 640 (ექვსასორმოცი) ლარის გადახდა;

 

2. დაეკისროს შპს ”სენაკის ს--–-------ო სახლს“ (ს/კ2--------) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 311.14 (სამასთერთმეტი ლარი და თოთხმეტი თეთრი) ლარის გადახდა.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით სენაკის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სენაკის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე დარეჯან კვარაცხელია