გადაწყვეტილება

სამოქალაქო 27.11.2019
საქმის ნომერი
330210019003097801
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
27.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/17112-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

27 ნოემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ხათუნა ჯინორია

სხდომის მდივანი ირაკლი გამსახურდია

მოსარჩელე - ი----- ზ------–---–ი

მოპასუხე - დ----- ბ------–---–ი

წარმომადგენელი - გ------- ტ------–-–---–ი

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

დ----- ბ------–---–ს დაეკისროს ი----- ზ------–---–ის სასარგებლოდ 17 200 ლარის გადახდა.

 

სარჩელის საფუძვლად მითითებულია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

07.08.2014 წლის ხელწერილის საფუძველზე მოპასუხე დ----- ბ------–---–ის ვალი მოსარჩელე ი----- ზ------–---–ის მიმართ შეადგენს 17 200 ლარს. აღნიშნული თანხა მოპასუხეს უნდა დაებრუნებინა 2014 წლის 31 დეკემბრამდე.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე სარჩელს არ ცნობს და აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ხელწერილი არ არის დაწერილი მის მიერ.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

ყველა ფაქტობრივი გარემოება სადავოა.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1 ი----- ზ------–---–სა (კრედიტორი) და დ----- ბ------–---–ს (მოვალე) შორის 07.08.2014 წელს დაიდო ვალის აღიარების ხელშეკრულება, რომლითაც მოვალემ იკისრა ვალდებულება რომ 31.12.2014 წლამდე კრედიტორს გადაუხდიდა 17 200 ლარს.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (სსკ-ის) 102-ე მუხლის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

სადავოდ მიჩნეული უფლების კანონიერება უნდა დამტკიცდეს. მხარეს დარღვეული უფლების დაცვა კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით შეუძლია და ამ ფაქტების მითითება მხარის პრეროგატივაა. საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები, რომელიც სადავოა, დამტკიცებას საჭიროებს, ხოლო ფაქტების დამტკიცების ტვირთი ფაქტების მიმთითებელ მხარეებს ეკისრებათ. გამონაკლისს წარმოადგენს მატერიალური სამართლით გათვალისწინებული შემთხვევა, როდესაც ფაქტების დამტკიცების ტვირთი ამა თუ იმ ნორმით განსხვავებულადაა მოწესრიგებული. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესოსამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურსამართლებრივი მნიშვნელობაც აქვს, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი (იხ. სუსგ Nას-944-894-2015). მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტის მიხედვით, მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს. სსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. სსკ-ის მე-3 მუხლით, დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით, დადგენილია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.

 

„მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან)“ (იხ. სუსგ №ას-867-834-2016).

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ, რომელიც ითხოვს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს, რომ ვალდებულება წარმოშობილია.

 

სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთის რეალიზება შეძლო.

 

საქმეში წარმოდგენილია 07.08.2014 წლის ხელწერილი, რომლის თანახმადაც მოვალე იღებს ვალდებულებას, კრედიტორს 2014 წლის 31 დეკემბრამდე გადაუხადოს 17200 ლარი (ს.ფ. 13).

 

მოპასუხის შესაგებელი ემყარება იმ გარემოებას, რომ არც ხელწერილია მისი დაწერილი და არც მასზე არსებული ხელმოწერა ეკუთვნის მას.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 აპრილის განჩინებით აღნიშნულ ხელწერილთან დაკავშირებით დაინიშნა კალიგრაფიული ექსპერტიზა და ექსპერტიზის ჩატარება დაევალა სსიპ ლევან სამხარაული სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს. ექსპერტიზის წინაშე გამოსაკვლევად დაისვა შემდეგი შეკითხვა: „საქმეში წარმოდგენილი 2014 წლის 07 აგვისტოს ხელწერილი შესრულებულია თუ არა დ----- ბ------–---–ის მიერ და მასზე არსებული ხელმოწერა ეკუთვნის თუ არა დ----- ბ------–---–ს“.

 

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს დასკვნით ხელნაწერი ტექსტი, განლაგებული ხელწერილზე შესრულებულია დ----- ბ------–---–ის მიერ. ხელმოწერა, დ----- ბ------–---–ის სახელით, განლაგებული ხელწერილზე 2014 წლის 7 აგვისტოს თარიღით ხელნაწერის ტექსტის ქვემოთ, შესრულებულია დ----- ბ------–---–ის მიერ (ს.ფ. 70-74).

 

ამდენად, მოპასუხის მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებელი გაქარწყლებულია აღნიშნული მტკიცებულებით.

 

სხვა გარემოებაზე მოპასუხე არ მიუთითებს.

 

სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა მიუთითა მთელი რიგი ახალი ფაქტობრივი გარემოებებისა, მათ შორის, სადავოდ გახადა თანხის გადაცემა და მიუთითა, რომ შესაბამისი მტკიცებულება არ არსებობს, მიუთითა მოთხოვნის ხანდაზმულობაზე და ა.შ.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე და 219-ე მუხლებიდან გამომდინარე, მხარე არ არის უფლებამოსილი საქმის მომზადების დასრულების შემდგომ მიუთითოს ახალი ფაქტობრივი გარემოებები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დაასაბუთებს, რომ მათი მიუთითებლობა საპატიო მიზეზით იყო გამოწვეული.

 

განსახილველ შემთხვევაში, სარჩელი თანდართული მასალებით მოპასუხეს 2018 წლის 5 იანვარს ჩაბარდა, შესაგებელი წარმოდგენილია ამავე წლის 11 იანვარს, საქმეზე ჩატარებულია არაერთი სხდომა, შესაბამისად, ამ პირობებში, 2019 წლის 27 ნოემბერს გამართულ მთავარ სხდომაზე ახალი ფაქტობრივი გარემოებების მითითების რაიმე ობიექტური საფუძველი არ არსებობს და მოპასუხის წარმომდგენლის განმარტებები სასამართლოს მიერ არ შეფასდება.

 

3.2.2. მოვალემ ვალის აღიარების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა.

 

მოთხოვნის შემწყვეტი გარემოებების მტკიცების ტვირთი მოპასუხეს ეკისრებოდა.

 

საქმის მომზადების დასრულებამდე მოპასუხის წარმომადგენელმა განმარტა, რომ ეს არ იყო პირადი ვალი. კრედიტორი და მოვალე ერთად ეწეოდნენ სამეწარმეო საქმიანობას. სწორედ ამ საქმიანობას უკავშირდება დავალიანება და მოვალემ სხვაგვარად შეასრულა ვალდებულება.

 

საქმეში წარმოდგენილი არ არის ამ გარემოების დამდასტურებელი რაიმე მტკიცებულება.

 

მოსარჩელე არ უარყოფს, რომ მოპასუხესთან ერთად სამეწარმეო საქმიანობას ეწეოდა, მაგრამ განმარტავს, რომ სადავო ვალს კავშირი არ აქვს ამ საქმიანობასთან და ეს პირადად მის წინაშე ნაკისრი ვალდებულებაა. მანვე დააზუსტა სხდომაზე, რომ მოპასუხესთან ერთად იყო შპს-ს პარტნიორი, რომლის დირექტორიც მოპასუხე იყო. პერიოდულად, მოპასუხე სთხოვდა, რომ მოსარჩელეს მასზე განაწილებული მოგების თანხა მისთვის დაეთმო და ასე დაგროვდა დავალიანება. მოპასუხემ თვითონ დათვალა დავალიანება და ისე მიუთითა ხელწერილში.

 

როგორც უკვე აღინიშნა, მოპასუხეს უნდა წარმოედგინა მის მიერ მითითებული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები. მხოლოდ მხარის ახსნა-განმარტებაზე დაყრდნობით კი სასამართლო ამ ფაქტობრივ გარემოებებს დადასტურებულად ვერ მიიჩნევს.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 361-ე, 341-ე, 327-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სამოქალაქო კოდექსის 341.1 მიხედვით, იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება), აუცილებელია წერილობითი აღიარება. თუ სხვა ფორმაა გათვალისწინებული იმ ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობისათვის, რომლის არსებობაც აღიარებულ იქნა, მაშინ აღიარებაც მოითხოვს ამ ფორმას.

 

ვალის არსებობის აღიარება წარმოადგენს ცალმხრივ, აბსტრაქტულ ხელშეკრულებას, ამდენად ვალის აღიარებას ახასიათებს ცალმხრივი და აბსტრაქტული ხელშეკრულების ყველა ნიშანთვისება იმ თავისებურების გათვალისწინებით, რაც მოცემულია განსახილველ ნორმაში.

 

აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული ვალის არსებობის აღიარება ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობისაგან დამოუკიდებლად ქმნის ახალ მოთხოვნას. მიუხედავად იმისა, რომ ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა შეიძლება სადავოც კი იყოს, ვალის არსებობის აღიარება მაინც წარმოშობს შესრულების ვალდებულებას, ხოლო კრედიტორს ანიჭებს მოთხოვნის უფლებას. ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის შესაბამისად გათვალისწინებული ვალის აღიარება იმით განსხვავდება ნებისმიერი სხვა ფორმით გათვალისწინებული მოთხოვნის აღიარებისაგან, რომ იგი ახალი ხელშეკრულებაა და არა სხვა სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში ნების გამოვლენა. საქართველოს უზენაეს სასამართლოს არაერთგზის აქვს განმარტებული, რომ ვალის აღიარება ახალი ხელშეკრულებაა, ამდენად ხელშეკრულების ნამდვილობისათვის დადგენილ ყველა პირობას უნდა აკმაყოფილებდეს, პირველ რიგში კი სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის მოთხოვნებს, ანუ მხარეები უნდა შეთანხმდნენ ყველა არსებით პირობაზე. ნებისმიერი დოკუმენტი, ან მხარეებს შორის განხორციელებული მიმოწერა, სადაც დავალიანების არსებობაა დაფიქსირებული, ვალის აღიარების ხელშეკრულებად ვერ ჩაითვლება, თუ არ ირკვევა, რომ მხარეები შეთანხმდნენ ყველა არსებით პირობაზე (ვალის დაფარვის წესი, ვადა და ა.შ.)( იხ. მაგ. სუსგ N ას-599-562-2010).

 

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილია დოკუმენტი, რომლის თანახმადაც, მხარეები, კანონით დადგენილი ფორმით შეთანხმდნენ ხელშეკრულების პირობებზე, კერძოდ, მოვალემ იკისრა ვალდებულება, რომ 17 200 ლარს გადაუხდის კრედიტორს. მხარეები შეთანხმდნენ ვალდებულების შესრულებაზე, შესრულების წესსა და ვადაზე, ამრიგად, სადავო ხელწერილი აკმაყოფილებს ვალის აღიარების ხელშეკრულებისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს.

 

სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლით განსაზღვრული ვალის აბსტრაქტული, იგივე კონსტიტუციური აღიარება იმით განსხვავდება ვალის დეკლარაციული აღიარებისგან (სკ-ის 137-ე მუხლი), რომ ახალ, დამოუკიდებელ მოთხოვნას ქმნის. „ვალის აღიარება კონსტიტუციურია, ანუ ვალდებულების შესრულების დამოუკიდებელ საფუძველს ქმნის, თუ ვალის აღიარება ისეთი შინაარსისაა, საიდაც მოთხოვნის დამოუკიდებელი საფუძვლის არსებობა დგინდება“ (იხ. Larenz/Canaris, Lehrbuch des Schuldrechts, Band II/2, Besinderer Teil, C.H. Beck, Munchen, 1994, ქ. მესხიშვილთან „ვალის აღიარება (თეორია და სასამართლო პრაქტიკა)“, ქართული ბიზნეს სამართლის მიმოხილვა, V გამოცემა, 2016, 56).

 

ვალის კონსტიტუციური („აბსტრაქტული“) აღიარების დროს ხელშეკრულებაში, როგორც წესი, არ ჩანს, თუ რამ განაპირობა მოვალის მხრიდან ვალის აღიარება (...). შესაბამისად, ვალის კონსტიტუციური აღიარება დამოუკიდებელია ვალის წარმოშობის საფუძვლებისაგან, რაც მის აბსტრაქტულ ბუნებას განაპირობებს (იხ. ქ. მესხიშვილი „ვალის აღიარება (თეორია და სასამართლო პრაქტიკა)“, ქართული ბიზნეს სამართლის მიმოხილვა, V გამოცემა, 2016, 57).

 

სწორედ ამ მიზეზით, აღიარების საფუძვლად არსებული ვალი შეიძლება იყოს დაუდასტურებელი, ხანდაზმული ან ბათილიც კი, მაგრამ ეს გარემოება გავლენას არ ახდენს ვალის აღიარების ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის ნამდვილობაზე. ვალის აღიარების ნამდვილობის პირობებში ნამდვილია მოთხოვნაც.

 

სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის მიხედვით, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მარტოოდენ ნების არსებობა არ იწვევს გარიგების დადებას, აუცილებელია, რომ ნება გამოვლენილ იქნას, გარდა ამისა, ნება მიმართული უნდა იყოს სამართლებრივი შედეგის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. აღსანიშნავია, რომ ნება შინაგანი სუბიექტური კატეგორიაა და იგი სამართლებრივ შედეგებს იწვევს მხოლოდ მისი გარეგანი გამოხატვის შედეგად, რაც იმას ნიშნავს, რომ სამართლებრივი შედეგისადმი მიმართული ნება იურიდიულად ქმედითი ხდება მისი გამოვლენის შემდეგ. მოცემულ შემთხვევაში, მოვალემ გამოავლინა ნება, აღიარა ვალი და იკისრა მისი გადახდის ვალდებულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

ვალდებულების ჯეროვნად შესრულება ნიშნავს ვალდებულების შესრულებას კანონითა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, იმ გონიერი მოლოდინის ფარგლებში, რაც შესრულების მიმღებს აღნიშნული ვალდებულების შესრულების მიმართ ჰქონდა.

 

დადგენილია, რომ ვალის აღიარების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულებული არ არის, შესაბამისად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს აღიარებული თანხის გადახდა.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

ამავე კოდექსის 37-ე მე-3 ნაწილის თანახმად სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

ი----- ზ------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა, რის გამოც მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება, ასევე მოსარჩელის მიერ გაწეული ექსპერტიზის ხარჯის - 191 ლარის ანაზღაურება.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 39-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 2591, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ი----- ზ------–---–ის სარჩელი დ----- ბ------–---–ის მიმართ დაკმაყოფილდეს;

 

2. დ----- ბ------–---–ს ი----- ზ------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს 17200 ლარის ანაზღაურება;

 

3. დ----- ბ------–---–ს ი----- ზ------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს პროცესის ხარჯების, კერძოდ, სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 516 ლარის და ექპერტიზის ხარჯის - 191 ლარის ანაზღაურება;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (თბილისი, დ----- აღმაშენებლის ხეივანი N64) მეშვეობით;

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ხათუნა ჯინორია