გადაწყვეტილება

სამოქალაქო 22.10.2019
საქმის ნომერი
330210119002816969
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
22.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/946-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

22 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ეკატერინე ბიწაძე

სხდომის მდივანი - შორენა აბჟანდაძე

 

მოსარჩელე - მ------ მ----–--------ე

წარმომადგენელი - თ--------------–---–ი, ე------------------

 

მოპასუხე - შპს ,,მ--------------------ი“

წარმომადგენელი - მ-----------------–ი

 

დავის საგანი - ვალდებულების მოცულობის განსაზღვრა

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. 2018 წლის 05 ივნისის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოსარჩელე მ------ მ----–--------ის ვალდებულება განისაზღვროს შემდეგი სახით: სესხის ძირითადი თანხა - 6526.54 ლარი, სარგებელი -1175 ლარი, პირგასამტეხლო ვალდებულების ძირითადი თანხის 6526.54 ლარის 0.01 %-ს ოდენობით, 2018 წლის 05 ოქტომბრიდან, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე (იხ.სასამართლოს ხდომის ოქმი).

 

სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

მ------ მ----–--------ესა და შპს მ---- “რ-------------ი”-ს შორის 2018 წლის 05 ივნისს გაფორმდა სალომბარდე სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელის კუთვნილი ოქროს ნივთების უზრუნველყოფით, მასზე გაიცა სესხი 6530 ლარის ოდენობით, ყოველთვიური 2 %-იანი სარგებლით. მოსარჩელის მიერ სესხზე დარიცხული პროცენტის გადახდა ხორციელდებოდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად. მ------ მ----–--------ესა და შპს მ---- “რ-------------ი”-ს შორის 2018 წლის 15 ივნისს გაფორმდა - სალომბარდე სესხის ხელშეკრულება, რომლის მოქმედების ვადაც განისაზღვრა 1 წლის ვადით - 2019 წლის 05 ივნისამდე. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, ყოველთვიური საპროცენტო შენატანი განისაზღვრა 130.6 ლარით.

 

მ------ მ----–--------ის მიერ 2018 წლის ოქტომბრის თვიდან დაირღვა საპროცენტო შენატანის გადახდის ვალდებულება, რის საფუძველზეც ხელშეკრულების მოქმედების ბოლო პერიოდზე - 2019 წლის 05 ივნისის ჩათვლით - მ------ მ----–--------ის მიერ გადასახდელი საპროცენტო სარგებლის ჯამური ოდენობა 9 კალენდარულ თვეზე შეადგენს 1175.4 ლარს. მ------ მ----–--------ის ფინანსური მდგომარეობის გაუარესების გამო, დროულად ვერ იქნა გადახდილი სესხზე დარიცხული თვიური პროცენტი, აღნიშნული ყოველთვიური პროცენტის გადაუხდელობის გამო ვადაგადაცილებული დღეების მიხედვით დაერიცხა პირგასამტეხლო. ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის თანხის 0.41%-ის ოდენობით, აღნიშნული დარიცხული პირგასამტეხლოს თანხა შეადგენს 2 826.65 ლარს და წარმოადგენს ძირითადი თანხის (სესხად აღებული თანხის) თითქმის 45%-ს. პირგასამტეხლოს 0.41%-იანი ოდენობა თვის ჭრილში შეადგენს 14%-ს (ანუ ძირ თანხაზე დაკისრებული საპროცენტო განაკვეთის (2%) ექვსმაგ ოდენობას), ხოლო წელიწადში შეადგენს 168%-ს, რაც ყოველმხრივ ეწინააღმდეგება სესხის ხელშეკრულებისათვის გათვალისწინებულ გონივრულობის სტანდარტებს და მოპასუხის მიერ ხდება უფლების ბოროტად გამოყენება.

მ------ მ----–--------ემ მიმართა მოპასუხეს, და მოითხოვა შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირება, ვინაიდან მისთვის არსებული ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, შეუძლებელი გახდა პირგასამტეხლოს სახით ამ ოდენობის თანხის გადახდა, რაზეც მიკროსაფინანსო ორგანიზაციისაგან მიიღო უარი. გარდა ამისა, მოსარჩელის არაერთგზისი მოთხოვნის მიუხედავად, შპს “რ-------------ი” არ აძლევს მხარეს ცნობას არსებული დავალიანების შესახებ. მოპასუხემ მოსარჩელე სიტყვიერად გააფრთხილა, რომ თუ მიმდინარე თვეში სრულად არ დაფარავდა პირგასამტეხლოთი გათვალისწინებულ თანხას, მოახდენდა მისი კუთვნილი ნივთების რეალიზებას.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე შპს ,,მ--------------------მა“ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ნაწილობრივ ცნო. მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე განმარტა, რომ ეთანხმება სასარჩელო მოთხოვნას საპროცენტო სარგებლის 1175 ლარის და პირგასამტეხლოს 0.27 %-მდე შემცირების ნაწილში. მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა მიუთითა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს 0.01%-მდე შემცირების თაობაზე უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია, შესაბამისად, სარჩელი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2018 წლის 05 ივნისს, მ------ მ----–--------ეს და შპს ,,მ--------------------ს“ შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც შპს ,,მ--------------------მა“ მ------ მ----–--------ეზე სესხის სახით გასცა 6530 ლარი, ერთი წლის ვადით. ხელშეკრულებით განისაზღვრა კრედიტის წლიური საპროცენტო განაკვეთი 24 %-ის ოდენობით, ყოველთვიური შენატანის ოდენობა - 130.6 ლარი, ხოლო ვადაგადაცილების ჯარიმა, სესხის თანხის 0.41% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

ხელშეკრულების 2.4 პუნქტის თანახმად, სესხის დაბრუნებაზე მოთხოვნა უზრუნველყოფილი იქნა ხელშეკრულების დანართში - ,,შეფასების ქვითარში“ აღწერილი ნივთებით (,,გირავნობის საგანი“), რომლებსაც კლიენტი მფლობელობაში გადასცემდა ლომბარდს და აძლევდა მას უფლებას, ესარგებლა აღნიშნული ნივთების გადაგირავების უფლებით. იმ შემთხვევაში, თუკი გირავნობის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა არ იქნებოდა საკმარისი სესხის და მასზე დარიცხული გადასახადების დასაფარად, ,,კლიენტი“ პასუხს აგებდა დავალიანების სრულად ანაზღაურებაზე მისი კუთვნილი სხვა ნებისმიერი ქონებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2018 წლის 05 ივნისის სესხის ხელშეკრულება (ს.ფ. 25-27);

- შეფასების ქვითარი (ს.ფ. 28)

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.2. მოსარჩელე მ------ მ----–--------ემ, 2018 წლის 05 ივნისის ხელშეკრულების ფარგლებში, დაარღვია საპროცენტო შენატანის გადახდის ვალდებულება, რის საფუძველზეც ხელშეკრულების მოქმედების ბოლო პერიოდზე - 2019 წლის 05 ივნისის ჩათვლით - მ------ მ----–--------ის მიერ გადასახდელი საპროცენტო სარგებლის ჯამურმა ოდენობამ 9 კალენდარულ თვეზე შეადგინა 1175.4 ლარი, ხოლო დარიცხულმა პირგასამტეხლოს თანხამ 2 826.65 ლარი.

ასევე, მხარეთა შორის სადავოს არ წარმოადგენს სესხის გადაუხდელი ძირითადი თანხის ოდენობა, რომელიც შეადგენს 6526.54 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2018 წლის 05 ივნისის სესხის ხელშეკრულება (ს.ფ. 25-27);

- შეფასების ქვითარი (ს.ფ. 28)

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

საქმეზე სადავო ფაქტობრივი გარემოებები დასადგენი არ არის.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარის ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, მიიჩნევს, რომ სარჩელი საფუძვლიანია და ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 417-ე, 418-ე მუხლები.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 208-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, მხარე მისთვის მინიჭებული საპროცესო უფლებათა თავისუფალი განკარგვის შესაძლებლობით სარგებლობს. მოპასუხე მხარის მიერ სარჩელის ცნობა სწორედ აღნიშნული პრიციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ამავე 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

წარმოდგენილ შემთხვევაში მოპასუხე შპს ,,მ--------------------ის“ წარმომადგენელმა სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ნაწილობრივ, საპროცენტო სარგებლის 1175 ლარის და პირგასამტეხლოს 0.27%-მდე შემცირების ნაწილში ცნო. შესაბამისად, სარჩელი მოთხოვნის ამ ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ხელშეკრულების მხარეთა შორის შეთანხმებას (სახელშეკრულებო დათქმას), რომლის თანახმად მოვალე კისრულობს განსაზღვრული ფულადი თანხის გადახდას ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში. ამდენად, პირგასამტეხლო არის შეთანხმება (და არა მოვალის ცალმხრივი შეპირება!), მოვალის მიერ ძირითად სახელშეკრულებო ვალდებულებასთან ერთად დამატებითი ვალდებულების კისრება და არა უბრალოდ – „მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა“, როგორც ეს მითითებულია 417-ე მუხლში. სასამართლო პრაქტიკაში აღიარებული მოსაზრებით, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან; ამდენად, პირგასამტეხლო წარმოადგენს ერთგვარ სანქციას მხარისათვის ვალდებულების შეუსრულებლობის გამო. შესაბამისად, აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა წარმოიშობა ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ხოლო ვალდებულების დარღვევად მიიჩნევა როგორც ვალდებულების არაჯეროვნად, არასრულად შესრულება, ასევე მისი შეუსრულებლობაც.

 

პირგასამტეხლოს აქვს ორგვარი სამართლებრივი ბუნება: ერთი მხრივ, პირგასამტეხლო განიხილება როგორც უზრუნველყოფის საშუალება, ხოლო, მეორე მხრივ, როგორც მოვალის პასუხისმგებლობის ღონისძიება. მიუხედავად იმისა, რომ სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს უზრუნველყოფის საშუალებად განამტკიცებს, ყოფით სამართლებრივ ურთიერთობებში ის უფრო საჯარიმო სანქციაა, ვიდრე უზრუნველყოფა.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირასამტეხლო.

 

აღნიშნული ნორმის დეფინიციის თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს სასამართლოს შესაძლებლობას შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რათა არ მოხდეს სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი და არაგონივრული ტვირთის მხარისათვის დაკისრება, რაც თავის მხრივ კრედიტორის უსაფუძვლოდ გამდიდრებას გამოიწვევს. სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება სწორედ მხარეთა უფლება-მოვალეობების დაბალანსებას ემსახურება. მითითებულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა, წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოს. სასამართლო მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლო გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად და შეუსაბამოდ აღემატებოდეს მას.

 

წარმოდგენილ შემთხვევაში, მ------ მ----–--------ეს და შპს ,,მ--------------------ს“ შორის 2018 წლის 05 ივნისს გაფორმებული სესხის ხელშეკრულების ფარგლებში, მხარეთა მიერ პირგასამტეხლო განისაზღვრა ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილების ყოველ დღეზე ძირი თანხის 0.41%-ს ოდენობით. სასამართლო მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს აღნიშნული ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია და არ არის გონივრულ შესაბამისობაში ვალდებულების ძირითად თანხასთან მიმართებაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიხედულებით, პირგასამტეხლოს შემცირების ნაწილში, მოსარჩელის მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ, მ------ მ----–--------ეს და შპს ,,მ--------------------ს“ შორის 2018 წლის 05 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილებისთვის, ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა განისაზღვროს ვალდებულების ძირითადი თანხის 6526.54 ლარის 0.04%-ის ოდენობით.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს: ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, გარდა ამავე კოდექსის 1873 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის საგნის ფასი განისაზღვრება გასაცემის ან გადასახდელის შემცირების ანდა გადიდების შესახებ სარჩელისა – იმ თანხით, რომლითაც მცირდება ანდა დიდდება გასაცემი ან გადასახდელი, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლის განმავლობაში;

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

წარმოდგენილ შემთხვევაში, სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე მხარემ სარჩელი ნაწილობრივ, საპროცენტო სარგებლის 1175 ლარის და პირგასამტეხლოს 0.27%-მდე შემცირების ნაწილში ცნო, ამასთან, მოსარჩელის მიერ სარჩელზე არასრულად იქნა გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის და არა დავის საგნის ღირებულების 10 703.75 ლარის (რაც შეადგენს საპროცენტო სარგებლის 1175 ლარის და ერთ წელზე დაანგარიშებული პირგასამტეხლოს სადავო ოდენობის 9528.75 ლარის ჯამს) 3%-ს, 321.11 ლარის ოდენობით. ვინაიდან, სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე მხარემ სარჩელი ნაწილობრივ, საპროცენტო სარგებლის 1175 ლარის და პირგასამტეხლოს 0.27%-მდე შემცირების ნაწილში ცნო, ხოლო ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სახელმწიფო ბაჟის საკითხი უნდა გადაწყდეს შემდეგი სახით: მოსარჩელე მხარეს ნაცვლად 321.11 ლარისა გადახდილი აქვს მხოლოდ 100 ლარი, მისი მოთხოვნის ნაწილი ცნო მოპასუხე მხარემ და ცნობის შესაბამისად დავის საგნის ღირებულების გათვალისწინებით სახ. ბაჟ შეადგენს 135.30 ლარს (აღნიშნულ ნაწილში მოპასუხემ ცნო სარჩელი), შესაბამისად აღნიშნული ოდენობის სახელმწიფო ბაჟი მისი გადახდის შემთხვევაში დაექვემდებარებოდა ბიუჯეტიდან დაბრუნებას. მითითებულის გათვალისწინებით დარჩენილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი შეადგენს 185.81 ლარს. ვინაიდან სასამართლომ სარჩელი დააკმაყოფილა ნაწილობრივ (იმ ნაწილის გამოთვლით რომელიც არ ცნო მოპასუხემ 5479.04 ლარი პირგასამტეხლოს წილი), მოპასუხეს მხარის გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის წილი შეადგენს 164.37 ლარს, ხოლო რა ნაწილში დაკმაყოფილებაზეც მოსარჩლე მხარეს ეთქვა უარი (პირგასამტეხლოს ნაწილში 714.65 ლარის ოდენობით მოთხოვნის წილი)- 21.44 ლარს.

აღნიშნულის შესაბამისად, მოსარჩელეს მის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხიდან 100 ლარიდან უნდა დაუბრუნდეს 78.56 ლარი, ხოლო მოპასუხე მხარეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 164.37 ლარის გადახდა. ასევე, მოსარჩელე მხარის მიერ გადახდილი იქნა სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე 50 ლარი, რომლის გადახდა უნდა დაეკისროს მოპასუხე მხარეს მოსარჩელე მხარის სასარგებლოდ.

 

მოსარჩელე მხარე ასევე ითხოვს, ადვოკატის მომსახურების საფასურის 500 ლარის მოპასუხე მხარისთვის დაკისრებას. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის აღნიშნული მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს. კერძოდ, მოპასუხე შპს ,,მ--------------------ს“ მოსარჩელე მ------ მ----–--------ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ იურიდიული მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 110 ლარის ოდენობით.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

ვინაიდან სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ძალაში უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 24 იანვრის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, რომლის საფუძველზეც, შპს მ-----------------------------–-- „რ-------------ს“ (ს/კ 2--------) აეკრძალა, 2018 წლის 05 ივნისს (#1------; პაკეტის კოდი: E---------) შპს მ-----------------------------–-- „რ-------------სა" და მ------ მ----–--------ეს (პ/ნ 6----------) შორის დადებული სალომბარდე სესხის ხელშეკრულების საფუძველზე დაგირავებული ნივთების რეალიზაცია.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-ე, 208-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მოსარჩელე მ------ მ----–--------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. 2018 წლის 05 ივნისის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოსარჩელე მ------ მ----–--------ის ვალდებულება განისაზღვროს შემდეგი სახით: სესხის ძირითადი თანხა - 6526.54 ლარი, სარგებელი -1175 ლარი, პირგასამტეხლო ვალდებულების ძირითადი თანხის 6526.54 ლარის 0.04 %-ს ოდენობით, 2018 წლის 05 ოქტომბრიდან, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

 

3. შპს „მ--------------------ს“ მ------ მ----–--------ეს სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში 50 ლარის ანაზღაურება.

 

4. მოპასუხე შპს „მ--------------------ს“ მ------ მ----–--------ის სასარგებლოდ დაეკისროს იურიდიული მომსახურების საფასურის - 110 ლარის გადახდა.

 

5 . შპს „მ--------------------ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით164.37 ლარის გადახდა.

 

6. მოსარჩელე მ------ მ----–--------ეს დაუბრუნდეს, ე---------- მ----–--------ის მიერ 16.01.2019 წელს, სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 100 ლარიდან 78.56 ლარი, რომელიც ჩაირიცხა სახელმწიფო ხაზინის ანგარიშზე 300 773 150, ბანკის კოდი TRESGE22, საგადახდო დავალება #7---------.

 

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ეკატერინე ბიწაძე