გადაწყვეტილება

სამოქალაქო 02.12.2019
საქმის ნომერი
330210019003000725
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
02.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/10861-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

02 დეკემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს

სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის

მოსამართლე - ხათუნა კაკაბაძე

სხდომის მდივანი - დალი მახაური

 

მოსარჩელე (შეგებებული სარჩელით მოპასუხე) - სს „მი----------------------------–----------------–ი“

წარმომადგენელი - მა------------–---–ი

 

მოპასუხეები - და--------------ი, გე------------ე, თე--------–-----

თენგიზ ბეჟანიძის წარმომადგენლები - გვ--–-------ე, თე----------ე

 

მოპასუხე (შეგებებული სარჩელით მოსარჩელე) - გე------------ე

გე------------ის წარმომადგენელი - თა-----------–--ე

 

დავის საგანი (თავდაპირველი სარჩელით) - თანხის დაკისრება

დავის საგანი (შეგებებული სარჩელით) - სესხის ხელშეკრულების 2.2.3. და თავდებობის ხელშეკრულების 3.1.8. და 6.7. პუნქტების ბათილად ცნობა, ძირითადი თანხის სარგებლისა და პირგასამტეხლოს შემცირება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. მოპასუხეებს და--------------ს, გე------------იესა და თე--------–-----ს მოსარჩელე სს „მი----------------------------–----------------–ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ დავალიანების 8 402.21 ლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხაა 5716.12 ლარი, სარგებელი - 2 259.52 ლარი და პირგასამტეხლო - 426.57 ლარი.

 

შეგებებული სარჩელის მოთხოვნა:

1.2.1. ბათილად (ამორალურად) იქნეს ცნობილი სს „მი----------------------------–----------------–ის“ მიერ მოპასუხესთან დადებული 14.12.2017 წლის სესხის ხელშეკრულების 2.2.3 პუნქტი, ასევე თავდებობის ხელშეკრულების 3.1.8. პუნქტი, რომლის შესაბამისად სესხის ძირითად პირობად განსაზღვრულია საპროცენტო განაკვეთი 69,60% და სესხის საპროცენტო სარგებლად განისაზღვროს მაქსიმუმ წლიური 22,3%;

 

1.2.2. ბათილად იქნეს ცნობილი თავდებობის ხელშეკრულების 6.7. პუნქტის სტანდარტული პირობების ის ჩანაწერი, რომლითაც ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნილი შეტყობინება ავტომატურად ჩაბარებულად ითვლება;

 

1.2.3. მოსარჩელის მიერ მოპასუხე სს „მი----------------------------–----------------–ისთვის“ შეგებებული სარჩელის აღძვრამდე გადახდილი 3356.19 ლარიდან სესხის ხელშეკრულების ძირითადი თანხის დაფარვის ანგარიშში ჩაეთვალოს 2357.19 ლარი, ხოლო პროცენტის (სარგებლის) ანგარიშში ჩაეთვალოს 999 ლარი;

1.2.4. გე------------ეს, როგორც სოლიდარულ თავდებს, სს „მი----------------------------–----------------–ის“ სასარგებლოდ დაეკისროს ჯამში 4419.81 ლარის ნახევარი და გადასახდელი თანხა განისაზღვროს 2210 ლარით.

მოსარჩელის სარჩელის საფუძვლად მიუთითა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

სს „მი-----------------–სა“ და და--------------ს შორის 2017 წლის 14 დეკემბერს გაფორმებული სესხის ხელშეკრულებით მოპასუხეზე გაიცა სესხი 6 000 ლარი, 48 თვის ვადით. ყოველთვიური გადასახდელი განისაზღვრა 372.91 ლარით, რაც შეადგენდა საპროცენტო სარგებლისა და ძირითადი თანხის ჯამს.

 

სესხის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით თე--------–-----სთან და გენ-------------სთან დაიდო თავდებობის ხელშეკრულებები, შესაბამისად, მსესხებლის საკრედიტო ვალდებულებები უზრუნველყოფილია თავდებობის ხელშეკრულებით.

 

მსესხებელმა სესხის გადახდის გრაფიკი 14.10.2018 წლიდან დაარღვია და აღარ განუხორციელებია გადახდა. გადახდის ზედიზედ ორ ვადაზე მეტის გადაცილებისა და დამატებითი ორკვირიანი ვადის უშედეგოდ გაშვების შედეგად, მოსარჩელეს წარმოეშვა დავალიანების მთლიანი თანხის ერთჯერადად და დაუყოვნებლივ დაფარვის მოთხოვნის უფლება. მსესხებლის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის თაობაზე და ასევე მისი პასუხისმგებლობის თაობაზე ეცნობა თავდებებს სათანადო წესით, თუმცა აღნიშნულის შესახებ მათი მხრიდან რეაგირება არ მომხდარა.

 

დავალიანება არის 12 241.01 ლარი, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 5 716.12 ლარი, სარგებელი - 2 259.52 ლარი და პირგასამტეხლო - 4 265.37 ლარი. მოსარჩელე მოითხოვს პირგასამტეხლოს შემცირების ხარჯზე ჯამში 8 402.21 ლარის დაკისრებას.

 

2. მოპასუხის პოზიცია ძირითად სარჩელზე

მოპასუხეთაგან წერილობითი შესაგებელი წარმოადგინეს თე--------–-----მ და გენ-------------მ.

თე--------–-----მ შესაგებლით არ ცნო სასარჩელო მოთხოვნები და მიუთითა, რომ მისთვის უცნობი იყო მსესხებლის მხრიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის დაფარვის პირობებისა და გრაფიკის დარღვევის შესახებ. ხოლო საქმის მთავარ სხდომაზე დაეთანხმა მოპასუხე გე------------ის პოზიციას და სარჩელი ცნო 2 210 ლარის ნაწილში.

 

გენ-------------მ სს „მი-----------------–ის“ მოთხოვნა ცნო ნაწილობრივ, 2 210 ლარის ნაწილში და განმარტა, რომ დავალიანების ოდენობა უნდა შემცირებულიყო 4 419.81 ლარამდე, საიდანაც სესხის ძირითადი თანხა იქნებოდა 3 642.81 ლარი, ხოლო პროცენტი - 777 ლარი. ვინაიდან იგი წარმოადგენდა სოლიდარულ თავდებს, თანახმა იყო აღნიშნული თანხიდან გადაეხადა ნახევარი - 2 210 ლარი. რაც შეეხება პირგასამტეხლოს, საერთოდ გამორიცხა მისთვის დაკისრება. შესაგებელი მოპასუხემ შემდეგ საფუძვლებზე დააფუძნა:

 

სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებულია ისეთი რეგულაციები, რომლებიც წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კანონმდებლობასთან და კაბალურ მდგომარეობაში აყენებს მსესხებელს. კრედიტის წლიური საპროცენტო განაკვეთი არის 69,6% და ეფექტური საპროცენტო განაკვეთი - 96,7%, მაშინ როდესაც სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებისათვის პროცენტის განსაზღვრისას სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 50%-ს არ უნდა აღემატებოდეს. გარდა ამისა, ხელშეკრულებით განსაზღვრული საპროცენტო სარგებელი ბევრად აღემატება კომერციული ბანკების სტატისტიკური ანგარიშგებების საფუძველზე, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გაანგარიშებულ წლიურ საბაზრო საპროცენტო განაკვეთებს (რაც 2016-2017 წლებში ფიზიკურ პირებზე განისაზღვრა მაქსიმალური წლიური 27,8%, ხოლო 2018 წელს - 22,3%).

 

პირგასამტეხლოს ნაწილში მოპასუხემ მიუთითა, რომ ხელშეკრულება ითვალისწინებდა არათანაზომიერად მაღალ პირგასამტეხლოს ოდენობას, რაც მხარემ შეამცირა და ოდენობა სადავოდ არ არის გამხდარი. ამავდროულად მოპასუხემ გამორიცხა პირგასამტეხლოს მისთვის დაკისრების შესაძლებლობა, ვინაიდან კრედიტორმა კანონმდებლობით განსაზღვრული წესით არ მიაწოდა მას ინფორმაცია ძირითადი მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის თაობაზე.

 

რაც შეეხება მსესხებელს და--------------ს, მისი პოზიცია სასამართლოსთვის უცნობია, ვინაიდან წერილობითი შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულა.

 

შეგებებული სარჩელის ფაქტობრივი გარემოებები:

სესხის ხელშეკრულებით საპროცენტო სარგებლის ნაწილში გათვალისწინებული რეგულაციები წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კანონმდებლობასთან და კაბალურ მდგომარეობაში აყენებს ხელშეკრულების ერთ-ერთ მხარეს. მსესხებელი, ოჯახში შექმნილი ფინანსური პრობლემებიდან გამომდინარე იძულებული იყო დაედო სესხის ხელშეკრულება, თუმცა მისთვის რთულად გასააზრებელი იყო სესხის სარგებლის განაკვეთიდან გამომდინარე რა კოლოსალურ ვალდებულებას კისრულობდა, ხოლო კრედიტორმა, როგორც ამ სფეროში მომუშავე სუბიექტმა, სრულად გააზრებულად ისარგებლა მსესხებლის რთული მდგომარეობით და შესთავაზე კაბალური პირობები.

 

ხელშეკრულებით განსაზღვრული წლიური სარგებლის ოდენობის პირობებში (69,6%), 6000 ლარიან სესხზე ერთ წელზე შეადგენს 4176 ლარს და 48 თვეზე კი სამჯერ აღემატება ძირითად თანხას. კრედიტორი ამ კაბალური განაკვეთის დაწესებით დაახლოებით 17899,44 ლარის ამოღებას გეგმავს მოვალისგან სარგებლის სახით, რაც ყოვლად არაგონივრული და შეუსაბამოდ მაღალია სამოქალაქო ბრუნვისთვის დადგენილი გონივრული ზღვარისთვის. გარდა ამისა, გადახდილი თანხის თითქმის 90% ხმარდებოდა პროცენტის დაფარვას. საგულისხმოა, რომ შეთანხმებული განაკვეთი ბევრად აღემატება კომერციული ბანკების სტატისტიკური ანგარიშგების საფუძველზე, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გაანგარიშებულ წლიურ საბაზრო საპროცენტო განაკვეთებს (რაც 2016-2017 წლებში ფიზიკურ პირებზე განისაზღვრა მაქსიმალური წლიური 27,8%, ხოლო 2018 წელს - 22,3%), რაც ეწინააღმდეგება ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობისათვის დადგენილ კანონის ძირითად პრინციპებს, საჯარო წესრიგს და ზნეობრივ სტანდარტებს. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით წლიური საპროცენტო სარგებელი უნდა შემცირდეს მაქსიმუმ 22,3%-მდე. მსესხებლის მიერ მოსარჩელის სასარგებლოდ უკვე გადახდილი თანხებიდან (3 356.19 ლარი) წლიური პროცენტის 22,3%-ით დაანგარიშების შემთხვევაში პროცენტის ნაწილში გადახდილად უნდა ჩაითვალოს 999 ლარი და დარჩენილი თანხით უნდა შემცირდეს სესხის ძირითადი თანხა და გადასახდელი ძირითადი თანხა უნდა განისაზღვროს 3 642.81 ლარით, ხოლო პროცენტი - 777 ლარით.

 

შეგებებულ სარჩელში მოსარჩელემ ასევე მიუთითა, რომ ბათილი იყო თავდებობის ხელშეკრულების 6.7. პუნქტი, რაც ითვალისწინებდა შეტყობინების ჩაბარებად ჩათვლის უპირობო წესს. ხელშეკრულების ეს სტანდარტული პირობა საერთოდ არ არის მორგებული კონკრეტული სახელშეკრულებო ურთიერთობის მხარეთა რეალურ შესაძლებლობებს, კერძოდ კრედიტორს არც კი გაურკვევია გარიგების მხარის რეალური ნება და შესაძლებლობა. ასევე ჰქონდა თუ არა გენ-------------ს პირადი ელ.ფოსტა. თავდებს არასდროს უსარგებლია ელექტრონული ფოსტის მომსახურებით, მაშინ როდესაც კრედიტორმა ისე, რომ არც განმარტა რა რისკებთან იყო დაკავშირებული ხელშეკრულებაში მსგავსი ჩანაწერის არსებობა, ხელშეკრულების გაფორმებისას თვითონ შექმნა გენადის სახელზე ელექტრონული ფოსტის მისამართი და ის განსაზღვრა შეტყობინების ჩაბარებისთვის ალტერნატიულ მისამართად.

 

ხელშეკრულების ამ პუნქტის ბათილად ცნობის შემთხვევაში რჩება ის მოცემულობა, რომ კრედიტორმა თავდებებს სათანადო წესით არ მიაწოდა ინფორმაცია ძირითადი მოვალის მიერ გადახდის ვადის გადაცილების შესახებ. ასეთ შემთხვევაში კი კრედიტორი კარგავს თავის მოთხოვნებს თავდების წინააღმდეგ იმ ოდენობით, რა ოდენობითაც შეუსრულებლობა ზიანს გამოიწვევდა. აღნიშნული საფუძვლით, თავდებს საერთოდ არ უნდა დაკისრებოდა პირგასამტეხლო.

 

შეგებებულ სარჩელზე მოპასუხის პოზიცია:

სს „მი-----------------–მა“ გამორიცხა შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება და განმარტა, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული ტარიფები ვრცელდებოდა ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებულ იურიდიულ პირზე, რომელიც იღებს დეპოზიტებს და მათი გამოყენებით თავისი სახელით ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ საბანკო საქმიანობას. სს „მი-----------------–ი“ კი არ წარმოადგენდა კომერციულ ბანკს. გარდა ამისა, სესხის გაცემის დროისთვის მოქმედი სამოქალაქო კოდექსის 625ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი შეადგენდა არაუმეტეს 100%-ს.

 

კრედიტორის მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება მოხდა კეთილი ნების საფუძველზე და იგი არ უნდა იყოს მავალდებულებელი კომპონენტი სარგებლის შემცირებასთან მიმართებით. მსესხებელს თავად შეეძლო აერჩია სხვა კომერციული დაწესებულება, რომელიც უფრო დაბალ საპროცენტო განაკვეთს განუსაზღვრავდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ცალსახაა, რომ სრულად გათვითცნობიერებულად მოხდა სესხის ხელშეკრულების გაფორმებაც და თანხის გატანაც.

 

მოპასუხეს შეეძლო კრედიტორისთვის მიემართა და მოეთხოვა ყველა არსებული შეტყობინების არა ელ.ფოსტაზე, არამედ მისთვის ხელშეკრულებაში არსებულ მისამართზე გაგზავნა, რაც მხარეს არ გაუკეთებია. კრედიტორმა ისარგებლა ხელშეკრულებაში არსებული პირობით და შეტყობინება ელექტრონულად გაუგზავნა მათ. ამასთან ის მუდმივად უკავშირდებოდა ხელშეკრულებაში მითითებულ ტელეფონის ნომერზე მოვალეებს და ატყობინებდა სესხზე არსებული ვადაგადაცილების შესახებ, თუმცა ხშირ შემთხვევაში ტელეფონი გამორთული იყო. გარდა ამისა, ინფორმაციის მიუწოდებლობა თავდების პასუხისმგებლობის სრულად გათავისუფლებას არ იწვევს. აღნიშნული შემცირების საფუძველია. სწორედ აღნიშნულის გათვალისწინებით გამსესხებელმა შეამცირა არსებული პირგასამტეხლოს ოდენობა ერთი თვის დასარიცხ ოდენობამდე, ანუ იმ ვადამდე რა დრომდეც თავდები სრულად იყო ინფორმირებული ვადაგადაცილების თაობაზე.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. სს „მი----------------------------–----------------–სა“ და და--------------ს შორის 2017 წლის 14 დეკემბერს დაიდო სესხის ხელშეკრულება, რაც შეიცავდა შეთანხმებას შემდეგ ძირითად პირობებზე: სესხის მთლიანი მოცულობა - 6 000 ლარი, კრედიტის ვადა - 48 თვე, საპროცენტო განაკვეთი - წლიური 69.6% (ხოლო ეფექტური საპროცენტო განაკვეთი - 96.7%) და პირგსამტეხლო - სესხის დარჩენილი ძირითადი თანხის 0,41% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

თანხის დაფარვა უნდა მომხდარიყო გადახდის გრაფიკის შესაბამისად, რომლითაც განისაზღვრა ყოველთვიური გადასახდელი თანხა (თვეში 372.91 ლარი), რაც წარმოადგენდა კონკრეტული თვისთვის გადასახდელი სესხის ძირითადი თანხისა და პროცენტის ჯამს (შეთანხმდა გადახდის ანუიტეტური წესი).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 14.12.2017 წლის სესხის ხელშეკრულება #16864003;

- გადახდის გრაფიკი;

 

3.1.2. სესხის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით ერთის მხრივ სს „მი----------------------------–----------------–სა“ და მეორეს მხრივ გე------------ესა და თე--------–-----ს შორის 2017 წლის 14 დეკემბერს დაიდო თავდებობის ხელშეკრულებები, სადაც თავდებობის მაქსიმალური ზღვრული თანხა განისაზღვრა 12 000 ლარით. ხელშეკრულებით განისაზღვრა, რომ გამსესხებელი უფლებამოსილია დაიკმაყოფილოს მოთხოვნა უშუალოდ თავდებისგან მსესხებლის მიმართ იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც. ასევე, უფლებამოსილია განახორციელოს თავდებობის ხელშეკრულებით და კანონმდებლობით დადგენილი ყველა მოქმედება თავდების მიმართ გადახდევინების მიქცევისთვის, თუ დადგა სესხის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებების ვადამდელი შესრულების გარემოებები ან/და მოთხოვნის დაკმაყოფილების ვადა, ხოლო მსესხებელი არ ასრულებს ვალდებულებას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 14.12.2017 წლის თავდებობის ხელშეკრულებები;

- თავდებობის განცხადებები.

 

3.1.3. თავდებობის ხელშეკრულებებით განისაზღვრა თავდებთათვის შეტყობინების გაგზავნისა და მისი ჩაბარებულად მიჩნევის შემდეგი წესი:

- მხარეთა შორის შეტყობინება ან/და სხვა სახის ოფიციალური კომუნიკაცია წარმოებს წერილობითი ან/და ელექტრონული ფოსტის საშუალებით ხელშეკრულებაში აღნიშნულ მისამართებზე, ტელეფონებზე და ელექტრონულ ფოსტაზე (6.2. პუნქტი);

- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ნებისმიერი ოფიციალური შეტყობინება, მათ შორის ხელშეკრულებაზე უარის თქმის, ხელშეკრულების მოშლის, შეწყვეტის შესახებ თუ მხარეს ჩაბარდება წერილობით ან/და ელექტრონული ფორმით წინამდებარე ხელშეკრულებაში მითითებულ მისამართზე ჩაითვლება მხარისთვის ჩაბარებულად (6.4. პუნქტი);

- მსესხებელი აცხადებს, რომ თანახმაა მიიღოს გამსესხებლის მიერ გამოგზავნილი ყველანაირი შეტყობინება ამ ხელშეკრულებაში მითითებულ მისამართებზე, მათ შორის ელ. ფოსტის მისამართზეც (6.5 პუნქტი);

- ყველა შეტყობინება, რომელიც გაიგზავნება ამ ხელშეკრულებაში მითითებულ მსესხებლის მისამართზე (მათ შორის ელ. ფოსტის მისამართზე), მიუხედავად მისი ჩაბარებისა ან მიღებაზე უარის თქმისა, ჩაითვლება მსესხებლის მიერ მიღებულად(6.7. პუნქტი);

- თუ მხარეს შეტყობინება ეგზავნება ელექტრონული ფორმით ამ ხელშეკრულებაში მითითებულ ელ. ფოსტის მისამართზე, მიღება უნდა დადასტურდეს შესაბამისი ტექნიკური საშუალების ამონაწერით ან/და შესაბამისი ტექნიკური საშუალებით მოწოდებული დადასტურებით. კლიენტი აცხადებს თანხმობას, რომ მითითებულ ელ. ფოსტის მისამართზე განთავსებული შეტყობინება (თუ მიღება დასტურდება შესაბამისი ტექნიკური საშუალების ამონაწერით ან/და დადასტურებით) მისთვის ჩაბარებულად ითვლება (6.13. პუნქტი);

- მსესხებელი იღებს ვალდებულებას ელ. ფოსტის მისამართზე განთავსებულ კორესპონდენციას გაეცნოს არანაკლებ თვეში ერთხელ (6.14. პუნქტი).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 14.12.2017 წლის თავდებობის ხელშეკრულებები;

 

3.1.4. და--------------ის მიერ დარღვეულ იქნა სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და 2018 წლის 14 ოქტომბრის შემდგომ აღარ მომხდარა დავალიანების გადახდა. სულ მსესხებლის მიერ გადახდა ხორციელდებოდა 9 თვის მანძილზე და ჯამში გადახდილი თანხა შეადგენს 3 134.47 ლარს. აღნიშნული თანხიდან პროცენტის ანგარიშში გაიქვითა 2 777.48 ლარი, ძირითადი თანხის ანგარიშში - 283.84 ლარი და პირგასამტეხლოს ანგარიშში - 73.15 ლარი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი ანგარიშიდან;

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი).

3.1.5. როგორც მსესხებელს, ასევე თავდებ პირებს სს „მი----------------------------–----------------–ის“ ვალდებულების შესრულების მოთხოვნებით, გაფრთხილების წერილები ელექტრონული ფოსტის საშუალებით გაეგზავნათ 2019 წლის 14 აპრილს და განესაზღვრათ 14 დღიანი ვადა, ასევე გაფრთხილებულ იქნენ, რომ ვადაგადაცილებული დავალიანების დაფარვის შეუსრულებლობის შემთხვევაში, კრედიტორი უფლებამოსილი იქნებოდა შეეწყვიტა ხელშეკრულება და განეხორციელებინა იძულებითი აღსრულების ღონისძიებები.

 

წერილების გაგზავნა განხორციელდა სესხისა და თავდებობის ხელშეკრულებებში აღნიშნულ ელექტრონული ფოსტის მისამართებზე.

 

მსესხებლის მხრიდან ვალდებულების არაჯეროვან შესრულებასთან დაკავშირებით შეტყობინებები სოლიდარულ თავდებებს რამოდენიმეჯერ გაეგზავნათ ასევე მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით. აღნიშნულ გარემოებაზე მოპასუხეებს შედავება არ განუხორციელებიათ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- გაფრთხილების წერილები;

- თავდებობის ხელშეკრულებები;

- პროგრამული ამონაწერი.

3.1.6. სს „მი----------------------------–----------------–მა“ შეწყვიტა სესხის ხელშეკრულება და 2019 წლის 14 აპრილის მდგომარეობით (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხეთა დავალიანება განისაზღვრა - 12 241.01 ლარით, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 5 716.12 ლარი, სარგებელი - 2 259.52 ლარი, პირგასამტეხლო - 4 265.37 ლარი. ამასთან, სარგებლის ოდენობა დაანგარიშებულია არა სესხის ხელშეკრულების მთელ პერიოდზე, არამედ 14.10.2018 წლიდან 14.04.2019 წლამდე პერიოდზე (6 თვე).

 

ძირითადი სარჩელით მოთხოვნილია შემცირებული პირგასამტეხლო, მხოლოდ ერთ თვეზე - 426.57 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ცნობა დავალიანების შესახებ;

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება.

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.2.1. სასამართლო იზიარებს სოლიდარულ თავდებთა პოზიციას, რომ სესხის ხელშეკრულებით შეთანხმებული წლიური 69.60% (ასევე ეფექტური 96.7%) არის მაღალი და უნდა ჩაითვალოს საჯარო წესრიგის საწინააღმდეგო, ამორალურ შეთანხმებად.

 

(ამ გარემოებასთან დაკავშირებით მსჯელობა იხილეთ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის 6.3. პუნქტში).

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეზე დადგენილ გარემოებათა გათვალისწინებით, სს „მი----------------------------–----------------–ის“ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს. ასევე ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს გე------------ის შეგებებული სარჩელი.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე-418-ე, 420-ე, 623-ე, 625-ე, 895-ე, 867-ე, 868-ე, 873-ე მუხლები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 208-ე მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. მოცემული ნორმა დისპოზიციურობის პრინციპს წარმოადგენს, რომელიც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ფუძემდებლური პრინციპია. მისი მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ იგი სრულ თავისუფლებას ანიჭებს მხარეებს, საკუთარი შეხედულებით განკარგონ მათი უფლებები. მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა კი აღნიშნული პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა, რომელიც პროცესის მონაწილის თავისუფალი ნების გამოვლინების შედეგია. ამავე კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. მოპასუხე გე------------ემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი ნაწილობრივ, ჯამში 2210 ლარის ნაწილში ცნო. ძირითადი სარჩელი ასევე ნაწილობრივ ცნო მოპასუხე თე--------–-----მ - 2210 ლარის ნაწილში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სს „მი----------------------------–----------------–ის“ სარჩელი მოთხოვნის ამ ნაწილში საფუძვლიანია.

 

6.2. სასამართლო ასევე განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად, მოსარჩელეს თავისი დარღვეული თუ სადავოდ გამხდარი უფლების დასაცავად შეუძლია მიმართოს სასამართლოს. მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა არ არის აბსტრაქტული უფლება, რადგან ამავდროულად იზღუდება განმცხადებლის ვალდებულებით დაიცვას ამავე კოდექსით გათვალისწინებული პირობები, რაც აუცილებელ გარემოებას წარმოადგენს სარჩელის განსახილველად მიღებისა თუ საქმის არსებითი განხილვისათვის. მოსარჩელე ვალდებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლით განსაზღვრული წესისა და პირობების შესაბამისად უზრუნველყოს სარჩელის სასამართლოში წარდგენა. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით არამხოლოდ მოსარჩელეს ეკისრება კანონით დადგენილი წესის შესაბამისად განახორციელოს მოსარჩელის სტადია, არამედ იგი ითვალისწინებს მოპასუხის ვალდებულებას წარმოადგინოს შესაგებელი.

 

წინამდებარე დავაში მოპასუხეებიდან სოლიდარულმა თავდებებმა წარმოადგინეს შესაგებელი, ხოლო ძირითად მსესხებელს - და--------------ს არც შესაგებელი წარმოუდგენია და არ სასამართლო სხდომებზე გამოცხადებულა. შესაბამისად, და--------------ის მიმართებით სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დადასტურებულად მიიჩნევა.

 

6.3. სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. მხარეებს შორის სესხის ხელშეკრულების დადების დროისთვის მოქმედი სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის პროცენტის განსაზღვრისას სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი არ უნდა აღემატებოდეს 100 პროცენტს, მათ შორის, სესხის ვადის გაგრძელების შემთხვევაში. ამ ნაწილის მიზნებისათვის სესხის ვადის გაგრძელებად მიიჩნევა არსებული სესხის დაფარვის შემდეგ ახალი სესხის გაცემა, თუ არსებული სესხის დაფარვიდან ახალი სესხის გაცემამდე 5 სამუშაო დღე არ გასულა. ამ ნაწილით დადგენილი წესი არ ვრცელდება ამ მუხლის მე-3 ნაწილზე, გარდა იმავე ნაწილით განსაზღვრული შემთხვევებისა.

 

სოლიდარული თავდებები პროცენტის ნაწილში თავიანთ შედავებას ამყარებენ იმ გარემოებაზე, რომ აღნიშნული შეთანხმება წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კანონმდებლობასთან, ასევე შეუსაბამოდ მაღალია და ეწინააღმდეგება ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობისათვის დადგენილ კანონის ძირითად პრინციპებს, საჯარო წესრიგს და ზნეობრივ სტანდარტებს. აღნიშნულის საპირისპიროდ კრედიტორი განმარტავს, რომ პროცენტი გამომდინარეობს ხელშეკრულების დადების დროს სამოქალაქო კოდექსით მოქმედი ნორმიდან, რომლის თანახმად, სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი არ უნდა აღემატებოდეს 100%-ს. ხელშეკრულებით კი წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი შეადგენს 96.7%-ს. გარდა ამისა, პროცენტზე მხარეთა შეთანხმება არსებობდა.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ ნებისმიერი დავის გადაწყვეტისას, სასამართლო ხელმძღვანელობს დავის სამართლიანად გადაწყვეტისა და მონაწილეთა ინტერესების დაცვის პრინციპით. სამოქალაქო სამართალში ურთიერთობის მონაწილეთა კეთილსინდისიერი ქცევაა პრეზუმირებული, რაც იმთავითვე გულისხმობს იმის ვარაუდს, რომ ისინი თავიანთ უფლებებს კეთილსინდისიერად ახორციელებენ [სსკ-ის 8.3 მუხლი]. „უფლებათა ბოროტად გამოყენებისაგან სხვათა თავისუფლებას იცავს სამოქალაქო კანონის იმპერატიული ნორმები’’ [სსკ-ის 10-ე მუხლის მესამე ნაწილი]. შესაბამისად, მხარეთა უფლება თავისუფლად დადონ ხელშეკრულება და ასევე თავისუფლად განსაზღვრონ მისი შინაარსი, აბსოლუტური არ არის. სახელშეკრულებო დებულებების განსაზღვრის დროს ისინი ვალდებულნი არიან გაითვალისწინონ ზემოაღნიშნული. ამ კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელე, რომელიც ეწევა სამეწარმეო საქმიანობას, ეკონომიკურად უფრო ძლიერი მხარეა და უდავოა, რომ სწორედ მის მიერ იქნა განსაზღვრული სესხის წლიური სარგებლების ოდენობა. მართალია, ამ შეთავაზებას მოპასუხე დაეთანხმა, მაგრამ ამით სამართლებრივი სურათი არ იცვლება, რადგანაც მოსარჩელე მოქმედებდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 325-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ქცევის წესის საწინაღმდეგოდ: „თუ ვალდებულების შესრულების პირობები უნდა განისაზღვროს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის ან მესამე პირის მიერ, მაშინ საეჭვოობისას ივარაუდება, რომ ამგვარი განსაზღვრა უნდა მოხდეს სამართლიანობის საფუძველზე’’.

 

სოლიდარული თავდებები თავიანთ პოზიციას ამყარებენ სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. ამავე კოდექსის 62-ე მუხლის თანახმად, გარიგების ნაწილის ბათილობა არ იწვევს მისი სხვა ნაწილების ბათილობას, თუ სავარაუდოა, რომ გარიგება დაიდებოდა მისი ბათილი ნაწილის გარეშეც.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლო მოიხმობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ ერთ-ერთ საქმეზე გაკეთებულ განმარტებას, რომელიც ეყრდნობა სსკ-ის 325-ე მუხლის პირველ ნაწილს, რომლის თანახმად, თუ ვალდებულების შესრულების პირობები უნდა განისაზღვროს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის ან მესამე პირის მიერ, მაშინ საეჭვოობისას ივარაუდება, რომ ამგვარი განსაზღვრა უნდა მოხდეს სამართლიანობის საფუძველზე. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, თუ შესრულებასა და საპირისპირო შესრულებას შორის აშკარა შეუსაბამობაა და სარგებლის მიმღები (ამ შემთხვევაში მოსარჩელე) მოქმედებდა ცალსახად არაკეთილსინდისიერად, რაც იმას გულისხმობს, რომ მის მიერ არ იქნა გათვალისწინებული ბაზარზე არსებული საპროცენტო განაკვეთი, მოსალოდნელი რისკები და მან ბოროტად გამოიყენა საბაზრო ძალაუფლება, სსკ-ის 54-ე მუხლის საფუძველზე წარმოადგენს უცილოდ ბათილ გარიგებას (იხ. საქმე №ას-663-629-2015, 28 ივლისი 2015 წელი).

 

სასამართლო განმარტავს, რომ გარიგება ან მისი ესა თუ ის პირობა ზნეობრივ ნორმებთან და საჯარო წესრიგთან შეუსაბამოა, როდესაც ის ეწინააღმდეგება სოციალური სამართლიანობის პრინციპს, ხელშეკრულების მხარეს აყენებს შეუსაბამოდ რთულ მდგომარეობაში. შეფასებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, როგორც თითოეული გარიგების შინაარსი და მისი სამართლებრივი ბუნება, ასევე მისი პირობების შედარება სამოქალაქო ბრუნვაში ანალოგიური ეკონომიკური დანიშნულების მქონე გარიგებების შინაარსთან, ასევე ის გარემოებები, რომელთა გათვალისწინებითაც გამოავლინა გარიგების დადების ნება მხარემ.

 

ბათილი გარიგების ერთ-ერთ სახეს ამორალური გარიგება წარმოადგენს. სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის მიხედვით, ამორალურია გარიგება, რომელიც ზნეობის ნორმებს ეწინააღმდეგება. ზნეობის ნორმებში კი იგულისხმება წესიერება, სამართლიანობა, კეთილსინდისიერება. სამართლიანობა გულისხმობს მხარეთა მიერ ნაკისრი ვალდებულებების თანაბრობის პრინციპის დაცვას. ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები ყოველთვის შესატყვისი უნდა იყოს მეორე მხარის ვალდებულებებთან. თანაფარდობის დარღვევა ყოველთვის ბადებს გარიგებს მონაწილეებზე სხვადასხვაგვარი ზეგავლენის, შეცდომაში შეყვანის ან სხვაგვარი ზემოქმედების ვარაუდს, რაც ხშირად იწვევს უსამართლობისა ან უწესობის განცდას.

 

ხშირად საზოგადოების მიერ ამორალურად მიიჩნევს ისეთი შემთხვევები, როდესაც ხელშეკრულების მხარეები ერთმანეთს უწესებენ უფრო მძიმე მოთხოვნებს, ვიდრე ეს მართებულად მიჩნეულია ყოველდღიურ ცხოვრებაში. მსგავსი მოთხოვნები არ გამომდინარეობენ საზოგადოებრივი ცხოვრების აუცილებლობიდან. პირიქით, ისინი გაუმართლებლად ლახავენ საზოგადოების წევრთა უფლებებსა და ინტერესებს. ასეთ შემთხვევად შეიძლება ჩაითვალოს განუზომლად მაღალი საპროცენტო განაკვეთის დაკისრება. საგულისხმოა, რომ დღეს მოქმედი სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მე-3 ნაწილში განხორციელებულია ცვლილება და სესხისათვის პროცენტის განსაზღვრისას სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 50 პროცენტს არ უნდა აღემატებოდეს.

 

აღნიშნული მსჯელობის საფუძველზე სასამართლო იზიარებს მოპასუხის პოზიციას საპროცენტო სარგებლის ნაწილში შეთანხმების ნაწილობრივ ბათილობასთან დაკავშირებით, თუმცა საკმარისად მიიჩნევს წლიური პროცენტის შემცირებას 30%-მდე.

 

სესხის ხელშეკრულებით გაიცა სესხი 6000 ლარი, რომლის წლიური 30% სარგებელი შეადგენს 1800 ლარს, რაც ერთ თვეზე არის 2,5%- 150 ლარი. უდავოა, რომ მსესხებელი გადახდას ახორციელებდა პირველი 8 თვის განმავლობაში, თუმცა საერთო ჯამში გადახდილია 3134,47 ლარი. შემცირებული წლიური საპროცენტო სარგებლის გათვალისწინებით 9 თვეში პროცენტის სახით გადახდილად უნდა ჩაითვალოს 1350 ლარი (150X9). რაც შეეხება დარჩენილ თანხას 1784,47 ლარს (3134,47-1350), ამ თანხით უნდა შემცირდეს სესხის ძირითადი თანხა და საბოლოოდ გადასახდელი ძირი თანხა უნდა განისაზღვროს 4215,53 ლარით (6000-1784,47). სწორედ ამ ოდენობით უნდა დაეკისროთ მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სესხის ძირითადი თანხის ანაზღაურება.

 

მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს ასევე სარჩელის აღძვრამდე პერიოდისთვის პროცენტის - 2 259.52 ლარის დაკისრება, რაც დაანგარიშებულია 14.10.2018 წლიდან 14.04.2019 წლის პერიოდზე. ვინაიდან წლიური საპროცენტო სარგებელი უნდა შემცირდეს 30 პროცენტამდე, ხოლო გადასახდელი ძირითადი თანხა 2018 წლის 14 ოქტომბრიდან განისაზღვრა 4 215.53 ლარით, დასახელებულ პერიოდზე პროცენტის სახით მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ 632.28 ლარი.

 

6.4. რაც შეეხება, პირგასამტეხლოს სასამართლო მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო ვალდებულების უზრუნველყოფის საშუალებას წარმოადგენს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

პირგასამტეხლოს ნაწილში სოლიდარული თავდები - გე------------ე გამორიცხავს მისთვის დაკისრებას, მიიჩნევს, რომ შეტყობინების ელექტრონული მეილის საშუალებით ჩაბარების შესახებ თავდებობის ხელშეკრულების პუნქტი არის ბათილი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს.

 

აღიარებითი სარჩელის დასაშვებობის, ისევე, როგორც მისი დასაბუთებულობის საკითხის შემოწმება სამართლის საკითხია და აქედან გამომდინარე, სასამართლომ პროცესის მონაწილე მხარის პრეტენზიის არარსებობის პირობებშიც, საკუთარი ინიციატივით უნდა შეამოწმოს სარჩელის დასაშვებობა საქმისწარმოების ნებისმიერ ეტაპზე. კანონის დანაწესიდან გამომდინარე, აღიარებითი მოთხოვნა დასაშვებია, თუ იკვეთება მოსარჩელის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს.

 

კონკრეტულ შემთხვევაში სოლიდარული თავდები ხელშეკრულების პუნქტის ბათილობის ინტერესს უკავშირებს პირგასამტეხლოს ნაწილში მისი ვალდებულებისაგან გათავისუფლებას. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე არაა იურიდიული ინტერესი, ვინაიდან ვალდებულების დარღვევისა და დავალიანების არსებობის შესახებ მათ ელ.ფოსტის გარდა ეცნობათ ხელშეკრულებაში შეტყობინების გაგზავნის ალტერნატიული წესითაც - მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნით.

 

საგულისხმოა ასევე ის გარემოებაც, რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს ითხოვს მხოლოდ ერთ თვეზე. ამდენად, სახეზე არც სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობა არსებობს, რათა სასამართლომ შეამციროს მისი ოდენობა და მოპასუხეებს სრულად უნდა დაეკისროთ პირგასამტეხლო - 426.57 ლარი.

 

6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. აღნიშნული მუხლით განმარტებული სოლიდარული ვალდებულების არსი, რომელიც სახეზეა მაშინ, როდესაც თითოეული სოლიდარული მოვალე მთლიანი ვალდებულების შესრულებაზეა კრედიტორის წინაშე ვალდებული და წილადი ვალდებულებისაგან განსხვავებით, თითოეული სოლიდარული მოვალე კრედიტორის ინტერესის მთლიან დაკმაყოფილებაზეა პასუხისმგებელი. სწორედ ამიტომ, სოლიდარული ვალდებულების შემთხვევაში, კრედიტორს შეუძლია, საკუთარი შეხედულებისამებრ ამოირჩიოს ერთი ან რამდენიმე სოლიდარული მოვალე და მისგან მოითხოვოს ვალდებულების მთლიანი, ანდა ნაწილობრივი შესრულების მოთხოვნა.

 

დადგენილია, რომ სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებებით გე------------ემ და თე--------–-----მ სს „მი----------------------------–----------------–ის“ წინაშე სოლიდარულად იკისრეს მსესხებლის მხრიდან თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში კრედიტორის სასარგებლო შესრულების ვალდებულება. გე------------ე და თე--------–----- წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს და ისინი კრედიტორის სასარგებლო მთლიანი ვალდებულების შესრულებაზე არიან ვალდებულნი და არა მთლიანი შესრულებიდან ნახევარზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.

 

სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

ამავე კოდექსის 899-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებს შეუძლია წამოაყენოს ძირითადი მოვალის კუთვნილი შესაგებლები.

 

გე------------ე და თე--------–----- არიან სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სოლიდარულ თავდები პირები, შესაბამისად მათ ძირითად მსესხებელთან ერთად სოლიდარულად მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ძირითადი თანხა - 4215.53 ლარი, პროცენტი - 632.28 ლარი და ჯარიმა - 426.57 ლარი.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

ამავე კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება. ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

ძირითად სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 252.07 ლარი, ხოლო შეგებებულ სარჩელზე - 133 ლარი. ძირითადი სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რა ნაწილშიც სს „მი----------------------------–----------------–ს“ უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, შესაბამისი ბაჟი - 93.85 ლარი რჩება ბიუჯეტში გადახდილად.

 

საქმის განხილვის მოსამზადებელ ეტაპზე მოპასუხეთაგან გე------------ემ ცნო მოთხოვნა 2 210 ლარის ნაწილში, რომლის პროპორციული ბაჟი არის 66.29 ლარი, ხოლო თე--------–-----მ იგივე ნაწილში მოთხოვნა ცნო საქმის განხილვის მთავარ სხდომაზე, რომლის პროპორციული ბაჟი შეადგენს 33.14 ლარს. ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციული ბაჟი შეადგენს 158.22 ლარს, რომლის გადახდა მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ, ამასთან სარჩელის ცნობის გათვალისწინებით გე------------ის სოლიდარული პასუხისმგებლობა ბაჟის ანაზღაურების ნაწილში უნდა განისაზღვროს 93 (158,22-66,29) ლარით, ხოლო თენგიზ ბეჟანიძის - 125.08 (158.22-33.14) ლარით.

 

ვინაიდან შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 133 ლარიდან 111.44 ლარი უნდა დაეკისროს სს „მი----------------------------–----------------–ს“, ხოლო დარჩენილი 21.56 ლარი უნდა დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად.

 

10. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 268-ე, 270-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სს „მი----------------------------–----------------–ის“ სარჩელი და--------------ის, გე------------ისა და თენგიზ ბეჟანიძის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

1.1. მოპასუხეებს და--------------ს, გე------------ესა და თე--------–-----ს სს „მი----------------------------–----------------–ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 5274.38 ლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხაა 4215.53 ლარი, პროცენტი - 632.28 ლარი, ჯარიმა - 426.57 ლარი;

2. მოპასუხეებს და--------------ს, გე------------ესა და თე--------–-----ს სს „მი----------------------------–----------------–ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 158.22 ლარის გადახდა, ამასთან სარჩელის ცნობის გათვალისწინებით გე------------ის სოლიდარული პასუხისმგებლობა განისაზღვროს 93 ლარით, ხოლო თენგიზ ბეჟანიძის სოლიდარული პასუხისმგებლობა - 125.08 ლარით;

3. გე------------ის შეგებებული სარჩელი სს „მი----------------------------–----------------–ის“ მიმართ სესხის ხელშეკრულების 2.2.3 და თავდებობის ხელშეკრულების 3.1.8. და 6.7 პუნქტების ბათილად ცნობის, ძირითადი თანხის, სარგებლისა და პირგასამტეხლოს შემცირების მოთხოვნით დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

3.1. წლიურ საპროცენტო განაკვეთად განისაზღვროს ძირითადი თანხის 30% (ყოველთვიური 2,5%) და გე------------ეს, მსესხებელ და--------------თან და თე--------–-----სთან ერთად სოლიდარულად სს „მი----------------------------–----------------–ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 5 274.38 ლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხაა 4 215.53 ლარი, პროცენტი - 632.28 ლარი, ჯარიმა - 426.57 ლარი;

3.2. გე------------ეს უარი ეთქვას პირგასამტეხლოს გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე;

 

4. მოპასუხე სს „მი----------------------------–----------------–ს“ გე------------ის სასარგებლოდ დაეკისროს შეგებებულ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 111.44 ლარის გადახდა;

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ №6) მეშვეობით;

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ხათუნა კაკაბაძე