განაჩენი

სისხლის სამართლის 21.11.2019
საქმის ნომერი
330100119002983337
თარიღი
21.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/2012-19

(№------------)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

21 ნოემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

მოსამართლე - მაია კვირიკაშვილი

სხდომის მდივანი - ანნა ქოჩიაშვილი

 

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ნ-----------–---

 

დაცვის მხარე:

ადვოკატი - ა-–--------------------–---–-

 

ბრალდებული - ზ------------–----–---, დაბადებული - 1----–-–--------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლევი, რეგისტრირებული: ქ. ბორჯომი, გ------------------------; ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, ვ-–----–----–---------------------------------------.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - სსკ) 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტები.

 

დისპოზიცია: ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 16 ნოემბრის განაჩენით, ზ------------–----–--- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რის შემდეგაც ნასამართლობის გაქარწყლებამდე კვლავ ჩაიდინა საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, კერძოდ: 2018 წლის 11 მაისიდან 25 მაისამდე დროის შუალედში, ზ------------–----–--- სარემონტო სამუშაოებს ასრულებდა ც----------–---–-- კუთვნილ ბინაში (მდებარე: ქ. თბილისი, ვ-–----–----–----------–-----------–---------------------------), რა დროსაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა ც----------–---–-- “LG”-ის ფირმის 900 ლარად ღირებულ ტელევიზორს.

 

2. სასამართლომ დაადგინა:

 

2.1. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დადასტურდა განაჩენის 1.1. პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

3.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულებითი სტანდარტი - „გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. ამდენად, სასამართლო მიმოიხილავს და შეაფასებს, რამდენად აკმაყოფილებს საქმეში არსებული მტკიცებულებები, როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთობლიობაში, განაჩენის გამოსატანად აუცილებელ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს.

 

3.2. სასამართლო სხდომაზე დაკითხული დაზარალებულ ც----------–---–-- ჩვენებით დგინდება, რომ ახლობლის რჩევით, კუთვნილ საცხოვრებელ ბინაში სარემონტო სამუშაოების შესასრულებლად დაიქირავა ზ------------–----–---. მხარეთა შეთანხმების შესაბამისად, მას ზ------------–----–--------- უნდა გადაეხადა 2500 ლარი, საიდანაც 1500 ლარი ამ უკანასკნელს გადასცა სარემონტო სამუშაოების დაწყებამდე. მოწმემ ზ------------–----–---- მითითებით შეფუთა მისაღებ ოთახში არსებული ნივთები (მათ შორის ტელევიზორი), რათა მუშაობის პროცესში არ დამტვერილიყო. ამასთან, მისაღებ ოთახს ჩამოაფარა ე.წ. ბრეზენტი და დაამაგრა წებოვანი ლენტით, რათა არავინ (მათ შორის ბრალდებულიც) შესულიყო. სარემონტო სამუშაოების დაწყებიდან რამდენიმე დღეში მას კვლავ დაუკავშირდა ზ------------–----–---, რომელმაც მოითხოვა თანხის დარჩენილი ნაწილიდან - 200 ლარის მიცემა, წინააღმდეგ შემთხვევაში დაკისრებული მოვალეობის შესრულებაზე უარს აცხადებდა. მოწმის განმარტებით, იგი ქ. თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე შეხვდა ბრალდებულს, რომელიც კვლავ უმეორებდა, რომ მოთხოვნილი თანხის გადაუცემლობის შემთხვევაში, შეწყვეტდა მუშაობას. ამის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ბრალდებულის ქმედების შესახებ ეცნობებინა პოლიციისთვის, რადგან მიიჩნევდა, რომ მის მიერ გადახდილი თანხა გაცილებით აღემატებოდა ამ უკანასკნელის მიერ შესრულებულ სამუშაოს. მოწმემ საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ შეატყობინა ზ------------–----–---ს, შემდეგ კი წავიდა პოლიციაში, სადაც დაწერა განცხადება. პოლიციის განყოფილებიდან იგი მივიდა კუთვნილ ბინაში, სადაც ნახა, რომ მისაღებ ოთახში კარების ნაცვლად ჩამოფარებული ე.წ. ბრეზენტი იყო ჩამოგლეჯილი, ხოლო ყუთებში ჩალაგებული ნივთები - მიყრილ-მოყრილი; ამასთან, ადგილზე აღარ დახვდა კუთვნილი ტელევიზორი. მოწმემ გამოიძახა პოლიცია და მონაწილეობა მიიღო შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში. ამასთან, ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ მისი კუთვნილი ტელევიზორი იყო სრულიად ახალი, რომლის ღირებულება 900 ლარს უტოლდებოდა. მანვე დაადასტურა, რომ მის სახლს ზ------------–----–---სთან ერთად, ამ უკანასკნელის მიერ მიყვანილი მუშაც არემონტებდა.

 

3.3. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით (26.05.2018) დგინდება, რომ დათვალიერდა ც----------–---–-- კუთვნილი საცხოვრებელი სახლი (მდებარე: ქ. თბილისი, ვ-–----–----–------–-----------–---------------------------). ბინაში შესვლისას ვიზუალური დათვალიერებით ჩანს სარემონტო სამუშაოების კვალი, კერძოდ, შესასვლელში ყრია ცემენტის და ქვიშის ტომრები. შესასვლელიდან ხელმარჯვნივ არის მისაღები ოთახი, სადაც განთავსებულია ტელევიზორის საკიდი. შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში მონაწილე ც----------–---–-- განმარტებით, აღნიშნულ საკიდზე დამონტაჟებული იყო შავი ტელევიზორი, რომელიც სახლში აღარ დახვდა. მისაღებ ოთახში ასევე აწყვია შეფუთული ნივთები. შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებულ იქნა სუნის კვალი.

 

3.4. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის სისწორე დაადასტურეს აღნიშნულ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირებმა: კ------------–-- და გ----------------------.

 

3.5. ოდოროლოგიური ექსპერტიზის N46/22-221 დასკვნით დგინდება, რომ შემთხვევის ადგილზე (მდებარე: ქ. თბილისი, ვ-–----–----–------–-----------–---------------------------) არსებული ტელევიზორის საკიდის წინ, იატაკის ზედაპირიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუში იდენტურია ბრალდებულ ზ------------–----–----გან აღებული სუნის კვალის ნიმუშის.

 

3.6. ზემოაღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა - გ-------------------.

 

3.7. სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმე პ-------------- ჩვენებით დგინდება, რომ არის დაზარალებულ ც----------–---–-- მეუღლე. მისთვის ცნობილია, რომ ზ------------–----–--- ხელოსნის მოვალეობის შესასრულებლად დაიქირავა მისმა მეუღლემ, თუმცა პრობლემა შეიქმნა ტელევიზორთან დაკავშირებით (სახლიდან დაიკარგა) და საქმეში ჩაეთრო პოლიცია.

 

3.8. ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დგინდება, რომ ქ. თბილისში, ვ-–----–----–----------------–----------–------------------–---------------------ის მესაკუთრე არის ც----------–---–-.

 

3.9. საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. მოცემული სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვისას, მხარეთა მიერ სადავოდ არ იქნა მიჩნეული: ლ-------------–---–--, გ------------–----, გ-----------–-–---–--, ზ-------–-------, ლ-–--------, მ-------------–---–-- და ლ-–---------- გამოკითხვის ოქმები ან/და მათ მიერ შედგენილი საპროცესო თუ საგამოძიებო მოქმედებათა ამსახველი დოკუმენტები.

 

3.10. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ბრალდებულმა ზ------------–----–---მ თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ ც----------–---–- გაიცნო მას შემდეგ, რაც მეგობრის თხოვნით მივიდა მასთან სარემონტო სამუშაოების შესასრულებლად. მხარეთა შეთანხმების შესაბამისად, მას უნდა მოეხდინა აბაზანის დემონტაჟი, მილების გამოცვლა და მისი რემონტი, სანაცვლოდ დამსაქმებლისგან უნდა მიეღო 2500 ლარი, საიდანაც თანხის ნაწილი - 1500 ლარი, მიიღო სამუშაოს დაწყებამდე. ც----------–---–-- მას აგრეთვე გადასცა ბინის გასაღები. სახლის დატოვებამდე დაზარალებულმა მისი მითითების შესაბამისად, დამტვერვის თავიდან აცილების მიზნით, შეფუთა მისაღებ ოთახში არსებული ნივთები და ე.წ. ბრეზენტი ჩამოაფარა მისაღები ოთახის კარის ადგილას, რომელიც დაამაგრა წებოვანი ლენტით. ჩვენების მიცემისას ბრალდებულმა დაადასტურა, რომ მას მისაღებ ოთახში შესვლის უფლება არ ჰქონდა, შესაბამისად, არ ახსოვს, თუ რა ნივთები იდგა აღნიშნულ ოთახში. მოწმის თქმით, აბაზანის დემონტაჟს მისი დამხმარე მუშა ახდენდა. იგი სარემონტო სამუშაოების დაწყების შემდეგ შეხვდა დაზარალებულს, რომელმაც უთხრა, რომ სახლს აზომავდა და კვადრატულობის მიხედვით გადაუხდიდა გასამრჯელოს. აღნიშნული შეთავაზება მისთვის მისაღები არ აღმოჩნდა, რის გამოც უთხრა, რომ პირობების შეცვლის შემთხვევაში, სამუშაოს აღარ გააგრძელებდა. ამის შემდეგ ც----------–---–- წავიდა პოლიციაში, თავად კი თავის მეწყვილეს უთხრა, რომ წყვეტდნენ სარემონტო სამუშაოებს, აიღეს თავიანთი ნივთები და დატოვეს დაზარალებულის სახლი. მათი სახლიდან გასვლის მომენტში მისაღები ოთახი დალუქული იყო. ამის შემდეგ იგი დაიბარეს პოლიციის განყოფილებაში, სადაც პოლიციის თანამშრომლებს გადასცა დაზარალებულის კუთვნილი ბინის გასაღები.

 

3.11. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 16 ნოემბრის განაჩენით ზ------------–----–--- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 წელი.

 

3.12. ზ------------–----–---ს საქართველოს პრეზიდენტის 2017 წლის 12 აპრილის განკარგულებით დანიშნული სასჯელი გაუნახევრდა, რის შემდეგაც პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2018 წლის 24 აპრილს.

 

3.13. თბილისის პრობაციის ბიუროს 2018 წლის 11 დეკემბრის წერილით დგინდება, რომ ზ------------–----–---ს 2015 წლის 16 ნოემბრის განაჩენის საფუძველზე, პირობითი მსჯავრისთვის დადგენილი გამოსაცდელი ვადა უსრულდება 2020 წლის 23 აპრილს.

 

3.14. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. აღნიშნულ სტანდარტთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტება: „გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას... ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება, საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 41). ამდენად, სასამართლო მიმოიხილავს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს და იმსჯელებს რამდენად დასტურდება გონივრულ ეჭვს მიღმა 1.1. პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

3.15. სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში არ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა ზ------------–----–---- მიერ ც----------–---–-- კუთვნილი ტელევიზორის ქურდობის ფაქტს. ერთადერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც ზ------------–----–---- სადავო ნივთთან შემხებლობაზე შეიძლება მიუთითებდეს არის სუნის კვალი, რომელიც აღმოჩნდა იმ ოთახში, სადაც ბრალდებულს შესვლა ეკრძალებოდა. სასამართლო განმარტავს, რომ იმ პირობებში, როდესაც მისაღები ოთახი დაცული იყო ე.წ. ბრეზენტით, რომელიც დამაგრებული იყო წებოვანი ლენტით, არ არსებობდა აღნიშნულ ოთახში ბრალდებულის სუნის კვალის შეღწევის ალბათობა, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც მას აღნიშნული ოთახის დალუქვაში მონაწილეობა არ მიუღია. შესაბამისად, ზემორე მტკიცებულება ბადებს გარკვეულ ეჭვს დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით, თუმცა აღნიშნული ეჭვის განმამტკიცებელი სხვა მყარი მტკიცებულება საქმის მასალებში არ მოიპოვება. სასამართლო მეტი თვალსაჩინოებისთვის მიმოიხილავს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს.

 

3.16. მართალია დაზარალებული ც----------–---–- თავის ჩვენებაში მიუთითებდა, რომ მისი კუთვნილი ტელევიზორის ქურდი ზ------------–----–--- იყო, თუმცა სასამართლოს შეფასებით, მისი ჩვენებიდან აღნიშნული ფაქტი უტყუარად არ დგინდება. კერძოდ, დაზარალებულის თქმით, მან კუთვნილი ბინის გასაღები სარემონტო სამუშაოების შესრულების მიზნით გადასცა ზ------------–----–---ს, რომელმაც დამქირავებლის დავალების შესასრულებლად დამხმარე მუშა მიიყვანა. აღნიშნულ ფაქტს თავად ბრალდებულიც ადასტურებს. სასამართლოს შეფასებით, იმ პირობებში, როდესაც დაზარალებულის კუთვნილ ბინაზე და შესაბამისად, მასში განთავსებულ ნივთებზე წვდომა ჰქონდა როგორც ბრალდებულს, ისე მასთან მყოფ პირს, შეუძლებელია მხოლოდ სუნის კვალის ნიმუშზე დაყრდნობით დავასკვნათ, რომ დანაშაული ზ------------–----–---მ ჩაიდინა, მით უფრო, როდესაც მისი დამხმარე პირის სუნის კვალი საკვლევ ობიექტად არც კი გამოუყენებიათ.

 

3.17. სასამართლოს შეფასებით, „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს პ-------------- ჩვენება, რომლებიც თავის მხრივ ეყრდნობა ც----------–---–-- მონათხრობს. საქართველოს სსსკ-ის 76-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ირიბია მოწმის ის ჩვენება, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ იგი დასტურდება სხვა ისეთი მტკიცებულებით, რომელიც არ არის ირიბი ჩვენება. ამდენად, იმ ვითარებაში, როდესაც პ-------------- ჩვენება არ დასტურდება პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლო სავსებით იზიარებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიდგომას, რომლის თანახმად, ირიბი ჩვენება ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა და რომ მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება, საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 52).

 

3.18. რაც შეეხება სხვა მოწმეებს, მათ დანაშაულებრივი ფაქტის შესახებ ინფორმაციის მიწოდების შემდეგ, მონაწილეობა მიიღეს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებში, შესაბამისად, ვერც მათ ჩვენებებს განვიხილავთ ზ------------–----–---- ბრალეულობის დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებებად.

 

3.19. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სისხლის სამართლის საქმის განხილვისას წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებები საკმარისობის, ურთიერთშეთანხმებულობისა და დამაჯერებლობის თვალსაზრისით, უტყუარად ვერ ადასტურებენ განაჩენის 1.1. პუნქტში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

4. ქმედების სამართლებრივი შეფასება:

 

4.1. კანონმდებლის მიერ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობაა დაწესებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის - ქურდობისათვის, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლებისათვის, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. ქურდობის შემადგენლობის დროს, აუცილებელია, რომ მოძრავი ნივთის დაუფლება განხორციელდეს ფარულად და ქმედების ჩამდენს ამოძრავებდეს ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზანი. ამასთან, ფარულობა გულისხმობს დამნაშავის სურვილს, დანაშაულის ჩადენის დროს თავი აარიდოს როგორც ქონების მესაკუთრესთან, ასევე ნებისმიერ სხვა პირთან უშუალო შეხებას, რათა მისი ქმედება გარკვეულ დრომდე შეუმჩნეველი დარჩეს. ქურდობას ექნება ადგილი ასევე ისეთი შემთხვევაშიც, როდესაც პირის ქმედება არ რჩება შეუმჩნეველი სხვა პირისათვის, თუმცა დამნაშავემ ეს არ იცის და დარწმუნებულია, რომ მას ვერ ხედავენ. ამ შემთხვევაში გადამწყვეტია დამნაშავის სურვილი - დანაშაული ფარულად ჩაიდინოს და იმის შეგნება, რომ ქონების მართლსაწინააღმდეგო დაუფლება ხდება სხვებისგან შეუმჩნევლად, თუმცა შესაძლებელია რეალურად მისი მოქმედება აშკარა ხასიათსაც ატარებდეს. ქურდობის ობიექტური მხარე სავალდებულო ნიშნად მიიჩნევს მავნე შედეგის დადგომას ან ასეთი შედეგის დადგომის საფრთხის შექმნას, ამიტომ, ქურდობა დამთავრებულად ითვლება იმ მომენტიდან, როდესაც დამნაშავე დაეუფლა სხვის ქონებას და აქვს რეალური შესაძლებლობა განკარგოს ეს ქონება თავისი შეხედულებისამებრ, იმისდა მიუხედავად, მოახდინა თუ არა მან ამ შესაძლებლობის რეალიზება.

 

4.2. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (შემდეგში - ევროპული სასამართლო) განმარტებით, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი იცავს პირის უფლებას, მიჩნეულ იქნეს უდანაშაულოდ, სანამ საპირისპირო არ დადგინდება კანონით დადგენილი წესით (იხ. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება Allen v. The United Kingdom, N25424/09, 12/07/2013, პუნქტი 93). სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვის პროცედურული გარანტიის ჭრილში უდანაშაულობის პრეზუმფცია იმპერატიულ მოთხოვნებს აწესებს მტკიცების ტვირთთან მიმართებაში. სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ უტყუარი და სარწმუნო მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს გამამტყუნებელი განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას, რომლითაც უნდა დადასტურდეს სისხლის სამართლის საქმისათვის რელევანტური ფაქტობრივი გარემოებების არსებობა. ამასთან, მტკიცებულებათა შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

4.3. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილია ერთადერთი პირდაპირი მტკიცებულება ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნის სახით, რომელიც ადასტურებს ზ------------–----–---- ყოფნას იმ ადგილას, სადაც მისი შესვლა არ შეიძლებოდა და სადაც ინახებოდა სადავო ნივთი. აღნიშნული მტკიცებულება კი სხვა ირიბი ხასიათის მოწმეთა ჩვენებებთან ერთობლიობაში, ვერ გახდება ზ------------–----–---- ბრალდების უტყუარი დასტური, რადგან გონიერი დამკვირვებლისთვის კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება საკითხი - მართლა ჩაიდინა თუ არა ზ------------–----–---მ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაული, მაშინ, როდესაც დანაშაულის ჩადენის ადგილას სხვა პირიც იმყოფებოდა, რომლის სუნის კვალი შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ სუნის კვალთან შედარებული არც ყოფილა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 2).

 

4.4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ დაასკვნა, რომ ბრალდების მხარის პოზიციას ზ------------–----–---- დამნაშავედ ცნობის შესახებ, საფუძვლად არ უდევს უტყუარ მტკიცებულებათა საკმარისი ბაზა. შესაბამისად, ბრალდების მხარის ვერსია ზ------------–----–---- ბრალეული ქმედების შესახებ, რომ იგი ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ც----------–---–-- კუთვნილ ტელევიზორს, ვერ სცდება ვარაუდს. სასამართლო განმარტავს, რომ საზოგადოების ინტერესში შედის არამხოლოდ საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩამდენ პირთა მიმართ ადეკვატური ღონისძიებების გატარება, არამედ უპირველესად, მტკიცებულებათა არ არსებობის ფონზე, პირის მსჯავრდების გამორიცხვა. სასამართლოს შეფასებით, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საკმარისობისა და უტყუარობის კრიტერიუმის დაუძლევლობის გათვალისწინებით, გამორიცხულია ზ------------–----–---- ბრალად წარდგენილი ქმედების დადასტურება. ამასთან ვინაიდან არ დასტურდება ქმედების შემადგენლობის ელემენტების არსებობა, სასამართლო არამართებულად მიიჩნევს ბრალად წარდგენილ დამამძიმებელ გარემოებებზე მსჯელობას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ზ------------–----–--- უნდა გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.

 

4.5. სასამართლო განმარტავს, რომ ბრალდებულის გამართლების შემთხვევაში კანონმდებლის მიერ საქართველოს სსსკ-ის 276-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით სავალდებულოდ დადგენილია, მისთვის ზიანის ანაზღაურების უფლების შესახებ განმარტების გაკეთება, სასამართლოს მიერ სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების მომენტში. შესაბამისად, სასამართლო საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლის თანახმად, ზ------------–----–---ს (გამართლებულს) განუმარტავს მის უფლებას, რომ სამოქალაქო სამართალწარმოების წესით მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

 

5. ნივთმტკიცების ბედის გადაწყვეტა:

 

5.1. საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, უნდა გადაწყდეს სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი, კერძოდ, სუნის ნიმუშები უნდა განადგურდეს, ხოლო ერთი დისკი, რომელიც ერთვის საქმეს, შენახულ უნდა იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 270-272-ე, 275-277-ე, 279-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ზ------------–----–--- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ზ------------–----–---- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს. აგრეთვე, გაუქმდეს აღკვეთის ღონისძიებასთან ერთად გამოყენებული ვალდებულება - საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებისა და ანგარიშგების თაობაზე.

 

ზ------------–----–---ს განემარტოს საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერი მტკიცებულება:

· სუნის ნიმუშები განადგურდეს;

· ერთი დისკი, რომელიც ერთვის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე მაია კვირიკაშვილი