განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 080100119003174256
საქმე №1/770-19წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
20.12.2019 წელი ქ. ქუთაისი ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე ნანა ჯოხაძე
სხდომის მდივანი ნიტა ფაიქიძე
ბრალდების მხარე
პროკურორი: ნი-------------–---–ი;
ღია სასამართლო სხდომაზე არსებითად განიხილა სისხლის სამართლის საქმე
№0-----------
დაცვის მხარე
ადვოკატი: ოთ-----------ე;
ბრალდებული: გ--- აგ-–--ე
მამის სახელი: ელ-----ა
დაბადების თარიღი: 13.02.1969წ.
პირადი ნომერი: 6----------
მოქალაქეობა: საქართველო
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლობა: არ მქონე
რეგისტრირებული: ქ. ქუ-----ი, ლ. ას------ის ქუჩა №1-----
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი და 111-151 მუხლის პირველი ნაწილი.
დისპოზიცია: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2019 წლის ივნისში, ქუ-----ში, თა--------–---- ქუჩის პირველი ჩიხის №--ში, გ--- აგ-–--ემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავის შვილს - ლ--- აგ-–--ეს. კერძოდ, ხელი მოუჭირა ყელში, რის შედეგადაც ლ--- აგ-–--ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.2 2019 წლის 11 ივლისს, დაახლოებით 09:00 საათზე, ქუ-----ში, თა--------–---- ქუჩის პირველი ჩიხის №--ში, გ--- აგ-–--ე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თავის შვილს - ლ--- აგ-–--ეს. კერძოდ, დაემუქრა, რომ დანით გამოჭრიდა ყელს. ლ--- აგ-–--ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2. ქმედებების სამართლებრივი აღწერა:
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
3. წინასასამართლო სხდომაზე, ბრალდებულმა სადავოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (იხ. წინასასამართლო სხდომის ოქმი).
4. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს ლ--- აგ-–--ემ (დაზარალებული) განმარტა, რომ - ის არის გ--- აგ-–--ის კანონიერი-ბიოლოგიური შვილი. მან განმარტა, რომ მამამისმა იძალადა ფსიქოლოგიურად მასზე და დედამისზე. ყველაფერი დაიწყო მას შემდეგ რაც ის ჩამოვიდა საქართველოში, ხოლო საფუძველი იყო ეჭვიანობა. დედამისს ვიღაცამ უბრალოდ ფოტო, პოსტი დაულაიქა ,,ფეისბუქზე’’, რაზეც იეჭვიანა ბრალდებულმა და როგორც სიტყვიერი, ისე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დედამისს. აღნიშნული ქმედება მოხდა 2019 წლის დასაწყისში სავარაუდოდ მარტში. როდესაც მამამისი დედას ფიზიკურად შეეხო ეს ვერ მოითმინა ლ--- აგ-–--ემ და ჩაერია მათ ჩხუბში, სწორედ ამის შემდეგ გ--- აგ-–--ე გადავიდა მასზე, ფიზიკურად შეეხო, ხელი მოუჭირა, რის შემდეგაც დაემუქრა. შემდეგ იყო სიტყვიერი შეურაცხყოფები, დამცირებები. ამ ფაქტის შემდეგ ისინი გადავიდნენ თა--------–---- ქუჩაზე ქირით. ერთ საღამოს თავად ბრალდებულმა გ--- აგ-–--ემ აანთო ოთახში შუქი, ღამე იყო და შემდეგ მას აბრალებდა რატომ აანთე შუქიო, უნდოდა მისი ფსიქოლოგიურად გადაყვანა. ღამე მიდიოდა მის საწოლთან და ემუქრებოდა მოკვლით, ეუბნებოდა, რომ დანით ყელს გამოჭრიდა, მოკლავდა, რადგანაც აბრალებდა, რომ ის ერეოდა მისი და მისი მეუღლის საქმეში და უნდოდა დაენგრია მათთვის ოჯახი. ამ ფაქტის გამო ლ--- აგ-–--ემ გადაწყვიტა, რომ დაერეკა ბებიამისისთვის, რადგანაც მას სჭირდებოდა უფროსის მხარდაჭერა. როდესაც ბებია მოვიდა, მან დარეკა პატრულში. ლ--- აგ-–--ე წაიყვანეს ჩვენების მისაცემად, სადაც დააფიქსირა მომხდარი ფაქტის შესახებ და განაცხადა ყველაფერი რაც თავს გადახდა. ამის შემდეგ ამოწერილი იქნა შემაკავებელი ორდერი ლ--- აგ-–--ეზე და დედამისზე ნა-----------–-----–ზე. ლ--- აგ-–--ეს არ სურდა, რომ ჩარეულიყო მისი მშობლების საქმეში, თუმცა ვერ აიტანა ის ფაქტი, რომ მამამისი ცუდად ექცეოდა დედამისს და დაიკავა დედამისის მხარე. (იხ. სხდომის ოქმი)
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს ნა-----------–-----–მა (დაზარალებულის დედა) განმარტა, რომ - ის არის გ--- აგ-–--ის ყოფილი მეუღლე და მისი სამი შვილის დედა. ისინი არიან 20 წლის ცოლ-ქმარი, მეუღლე არის მთელი ცხოვრება ნარკოტიკების მომხმარებელი, მათ ჰყავთ სამი საერთო შვილი, მოწმე მაქსიმალურად ეცადა წლების განმავლობაში, რომ ეს ადამიანი როგორმე შემოებრუნებინა და მის შვილებს ჰყოლოდა ნორმალური მამა, თუმცა სამწუხაროდ ეს არ გამოვიდა. გ--- აგ-–--ე არის ეჭვიანი, მოძალადე, რომელიც ძალადობს მასზეც და ბავშვზეც. პირველად როდესაც მოხდა ძალადობის ფაქტი ივნისის თვე იყო, როდესაც ისინი ჩამოვიდნენ გერმანიიდან. ბრალდებული ეჭვიანობდა, რადგან წლებია სულ ციხეში არის, ამბობდა რატომ გყავს ამდენი მეგობარიო, ჰქონდათ კონფლიქტები. შემდეგ უკვე ბრალდებულმა სცემა. ამ კომფლიქტის დროს ბავშვმა ის დაიცვა და ბრალდებული წაიწია ბავშვისკენ წაუჭირა ხელი. როდესაც ყველას ეძინათ, ეს იყო ივლისის თვე, ზუსტად 11 იყო თუ არ ცდება, შუაღამე იყო, მისი მეუღლე შუაღამით აღვიძებდა და ეკითხებოდა ვინ აანთო შუქიო, რაზეც მან უპასუხა, რომ არ იცოდა ვინ აანთო შუქი, რის შემდეგაც გ--- აგ-–--ემ განაცხადა, რომ ლ---მ აანთო შუქიო და გავიდა ბავშვთან, ლ---სთან გააღვიძა და ეუბნებოდა შუქი რატომ აანთეო. შენ ამას რის გამო აკეთებ, მე შენ ამას არ გაპატიებ, ყელს გამოგჭრიო. ნუ ერევი ჩემსა და დედაშენის ურთიერთობაშიო. ნა-----------–-----–მა განმარტა, რომ ბავშვი არფერ შუაში იყო, ჩვეულებრივი მოვლენაა, როდესაც შვილი დედას იცავდა მამის ძალადობისგან. ბავშვი სულ ამბობდა დედიკო ვიცხოვროთ მარტო ან გაჩერდეს მამაო. ამ ფაქტის შემდეგ ლ--- აგ-–--ემ დარეკა ბებიამისთან, რის შემდეგაც დედამისი ჩამოვიდა და დარეკეს 112-ში. მათ შორის კომფლიქტი წარმოიშვა ეჭვიანობის ნიადაგზე, ლ--- აქ არაფერ შუაშია, მან დაიცვა დედა მოძალადე მამისგან. (იხ. სხდომის ოქმი)
აღნიშნული მოწმეების დაკითხვის შემდეგ, მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება სადავო არ არის და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
ბრალდებულმა კანონიერი საფუძვლით გამოიყენა დუმილის უფლება და არ მისცა საკუთარი თავის მამხილებელი ჩვენება, რაც თანახმად სსსკ-ის 38-ე მუხლის მე-4 ნაწილისა, არ შეიძლება შეფასდეს მისი ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. მტკიცებულების უდავოდ მიჩნევით, მხარეები პრაქტიკულად იყენებენ მათთვის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით მინიჭებულ უფლებამოსილებას.
ვინაიდან მხარეებმა სხვა მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებულ იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია. განსახილველ საქმეში უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების საქმის არსებით განხილვაზე გამოკვლევა არ მომხდარა (წარმოდგენილი და დაკითხული იქნა მხოლოდ ორი მოწმე: დაზარალებული ლ--- აგ-–--ე და მოწმე ნა-----------–-----–ი), თუმცა ისინი სასამართლომ უნდა შეაფასოს საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა დაცვით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლოს სხდომაზე გამოკვლეული და პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები, იდენტურად ადასტურებენ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებს. აღნიშნულ მტკიცებულებებს შორის არ არსებობს არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები, რაც ეჭვქვეშ დააყენებდა მათ სანდოობას.
სასამართლოს მიაჩნია, რომ გ--- აგ-–--ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 111-151 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, დადასტურებულია მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე დასაშვებად, სადავოდ და უდავოდ ცნობილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი ბრალდების მხარის მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ გ--- აგ-–--ის ბრალეულობას, კერძოდ: შეტყობინებით დანაშაულის შესახებ, მოწმეთა გამოკითხვის ოქმებით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებულ სხვა ინფორმაციათა ერთობლიობით.
3. სამართლებრივი შეფასება
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის, მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. საქმე ფრამკინი რუსეთის წინააღმდეგ (Frumkin v. Russia), განაცხადი no. 74568/12, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილების პუნქტი 159). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები ან განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ბულიჩევი რუსეთის წინააღმდეგ (Bulychevy v. Russia), განაცხადი no. 24086/04, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილების პუნქტი 32).
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი, თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. ამავე კონვენციის მე–6 მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან. (El Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia № 39630/09 , ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2012 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება; Hassan v The UK №29750/09, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2014 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილება).
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, არ შეიძლება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილი განსაზღვრავს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის ცნებას, რომლის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა გულისხმობს სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობის არარსებობის პირობებში, მხოლოდ დაუსაბუთებელი ვარაუდების საფუძველზე, პირის დამნაშავედ ცნობის დაუშვებლობის საკითხთან დაკავშირებით, სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებულ განმარტებას საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვითაც, „...ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ეს უმნიშვნელოვანესი გარანტია გამორიცხავს მტკიცებულებების გარეშე, მხოლოდ ვარაუდების გამო, პასუხისმგებლობის დაკისრებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.
სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“. სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016). ამდენად, მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს.
სასამართლო განმარტავს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.
საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. იმავე კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის დასაშვებობისა და უტყუარობის თავალსაზრისით.
რელევანტური მტკიცებულება ადასტურებს ან უარყოფს ინფორმაციას მტკიცების საგანთან დაკავშირებით. ამასთან, მტკიცებულებების შეფასებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება, მათი უტყუარობის საკითხის გადაწყვეტას, ვინაიდან საბოლოო ჯამში, სასამართლო მტკიცებულებებს აფასებს სისხლის სამართლის კოდექსისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად, შეჯიბრობითობის პრინციპის დაცვით, მხარეთა მიერ სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე, რადგან სასამართლომ უნდა შეაფასოს, თუ სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილი ყველა მტკიცებულება ცალ-ცალკე და საბოლოოდ - ერთობლივად, რამდენად უტყუარი და საკმარისია პირის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დამნაშავედ ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად.
გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი ზოგჯერ აღიწერება როგორც უტყუარობის ის დონე, რომელიც ადამიანმა თავის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მისაღებად უნდა გამოიყენოს. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არ გულისხმობს ყველა შესაძლო ეჭვს მიღმა მტკიცებას, ან მტკიცების მათემატიკურ უტყუარობას. შესაძლო ეჭვი, ან ეჭვი, რომელიც ეფუძნება ვარაუდს, ან წინათგრძნობას, არ არის გონივრული ეჭვი. გონივრული ეჭვი არის საკმაო ეჭვი, რომელიც ეფუძნება მიზეზს, ლოგიკას, საღ აზრს, ან გამოცდილებას. ეს არის ეჭვი, რომელიც, ჩვეულებრივ საღად მოაზროვნე ადამიანს გაუჩნდება, მას შემდეგ, რაც ყურადღებით აწონის მტკიცებულებას და არ შეყოყმანდება გადაწყვეტილების მიღებაში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, არაა სავალდებულო მტკიცების სტანდარტი იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.
რაც შეეხება მტკიცებულებათა საკმარისობას, ერთობლიობას, მტკიცებულებათა ერთობლიობა ერთმანეთთან უნდა იყოს შეთანხმებული, ანუ მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, ისინი უნდა იყვნენ ურთიერთთავსებადი, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ერთსა და იმავე გარემოებებზე უნდა უთითებდნენ და ერთსა და იმავე ფაქტებს უნდა ადასტურებდნენ. მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს აშკარა, ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. იგი უნდა ადგენდეს პირის მიერ ქმედების ჩადენას და ეჭვის გაჩენის საფუძველი არ უნდა აჭარბებდეს დასაშვებ, გონივრულობის ზღვარს დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებთან დაკავშირებით.
სტრასბურგის სასამართლომ საქმეში Higgins v. France (1998 წლის 19 თებერვალი) განმარტა დასაბუთების ნაკლებობის შესახებ და მიუთითა, რომ საქმეში არსებულ მტკიცებულებების მიმართ წარმოშობილი ეჭვების დასაბუთების ნაკლებობა ჩაითვლება ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევად. სტრასბურგის სასამართლო ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ გადაწყვეტილებებში დასაბუთებული უნდა იყოს კონკრეტული არგუმენტებით და საფუძვლებით, რა თქმა უნდა ისეთი საფუძვლებით, რომელიც არ იწვევს ეჭვებს და რომელიც არ წარმოადგენს ვარაუდებს (Ruiz Torija v. Spain 09.02.1994 no.18390/91 &28-29; Hiro Balani v. Spain 09.02.1994 18064/91 &26-28; Higgins And Other v. France 19.02.1998 no:134/1996/753/952 &40-42). სტრასბურგის სასამართლოს განმარტებით მნიშვნელოვანია, რომ სასამართლოს სწორად და სამართლიანად შეამოწმოს მტკიცებულებების სანდოობა, საიმედოობა და სიზუსტე (Khan v. the United Kingdom, no 35394/97, 34; Bykov v. Russia, no.4378/02, 95).
იმისათვის, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება პირველ რიგში დანაშაულის ფაქტის არსებობა, შემდეგ უნდა არსებობდეს უტყუარ და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდება ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება უკვე ქმედების სამართლებრივი შეფასება.
მუქარა:
სისხლის სამართლის კოდექსის 111 -151-ე მუხლი დასჯად ქმედებად აცხადებს ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. ობიექტური მხრივ დანაშაული გამოიხატება მოქმედებაში, კერძოდ მუქარაში. მუქარა შეიძლება განხორციელდეს წერილის მიწერით, სატელეფონო საუბრით, პირისპირ საუბრით, იარაღის დემონსტრირებით.
საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით დაკონკრეტებულია მუქარის შინაარსი. იგი უნდა გამოიხატებოდეს სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარაში, სხვა სახის მუქარა არ გვაძლევს ამ დანაშაულის შემადგენლობას.
რაც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლს იგი მიუთითებს ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ოჯახის წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ჩადენას. ამავე მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრად ითვლება მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
ოჯახში ძალადობა:
სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლი დასჯად ქმედებად აცხადებს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
ფიზიკური ძალადობა, სუბიექტურ მხრივ განზრახი ქმედებაა და ობიექტურად გამოიხატება ერთი ადამიანის მიერ მეორის სხეულთან ფიზიკურ კონტაქტში, შეურაცხყოფაში. მიზანი დაზარალებულის ფიზიკური ტკივილის მიყენებაა, ხოლო შედეგი ფიზიკური კონტაქტის გზით ამ უკანასკნელის მიერ ტკივილის განცდაა.
ბრალდებულ გ--- აგ-–--ის მიმართ წარდგენილი მუქარის და ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობის ბრალდება სრულად დასტურდება სასამართლოზე დაკითხულ მოწმეთა: ლ--- აგ-–--ის და ნა-----------–-----–ის ჩვენებებით, აღნიშნული მოწმეები სასამართლოს აწვდიან სარწმუნო და ურთიერთთავსებად ინფორმაციას დანაშაულის შესახებ.
მართალია, ბრალდებულმა არ მისცა საკუთარი თავის საწინააღმდეგო ჩვენება, თუმცა თავად დაზარალებულის და მოწმე ნა-----------–-----–ის ჩვენებებით, საქმეში წარმოდგენილი დანაშაულის შესახებ შეტყობინება, შემაკავებელი ორდერის მასალები, დანარჩენ მოწმეთა ჩვენებებთან ერთად ქმნის იმ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ნებისმიერ საღად მოაზროვნე ობიექტურ დამკვირვებელს დაარწმუნებს გ--- აგ-–--ის მიერ მუქარის და ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობის რეალურად არსებობაში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადგენილად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა გ--- აგ-–--ემ მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა დანაშაული - რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111-151 მუხლის პირველი ნაწილით.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
გ--- აგ-–--ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ მან აღიარა ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენა.
საქმეში წარმოდგენილია დაზარალებულ ლ--- აგ-–--ის და ნა-----------–-----–ის განცხადებები, სადაც ისინი მიუთითებენ, რომ შეურიგდნენ ბრალდებულ გ--- აგ-–--ეს, არანაირი პრეტენზია მის მიმართ არ გააჩნიათ და ითხოვენ, რომ სასჯელის სახით არ შეერჩეს თავისუფლების აღკვეთა.
პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება გ--- აგ-–--ეს არ გააჩნია.
5. სასჯელის ან სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა, სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ გ--- აგ-–--ე ნასამართლობის არ მქონე პირია, ამასთან, მხედველობაშია მისაღები ქმედების საზოგადოებრივად საშიში ხასიათი (მოცემული კატეგორიის დანაშაულები მეტად გავრცელებულია როგორც რეგიონში, ისე ქვეყანაში და სახეზეა მის წინააღმდეგ ეფექტური ზომების მიღების საჭიროება) და მასში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება.
გაეროს გენერალური ასამბლეის დეკლარაცია „ქალთა წინააღმდეგ ძალადობის აღკვეთის შესახებ“ (1993), მე-4(გ) მუხლში მოუწოდებს სახელმწიფოებს „განახორციელონ ჯეროვანი ქმედებები რათა თავიდან აიცილონ, გამოიძიონ და, ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად, დასაჯონ ქალთა წინააღმდეგ ძალადობის განმახორციელებელი პირები მიუხედავად იმისა თუ ვინ ჩაიდენს მოცემულ ქმედებებს, სახელმწიფო თუ კერძო პირები“.
საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 5 აპრილის დადგენილებით რატიფიცირებულ იქნა ევროპის საბჭოს კონვენცია ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ (ე.წ. „სტამბოლის კონვენცია“), რომელიც მიზნად ისახავს ქალების დაცვას ყველა ფორმის ძალადობისაგან. დასახელებული კონვენციის 33-ე და 35-ე მუხლებით ასევე დადგენილია ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობისგან დაცვის ვალდებულება.
სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს საქართველოში ოჯახში ძალადობის გახშირებულ შემთხვევებზე, რაც სერიოზული სოციალური პრობლემაა და მოძალადისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრის მიზანი არის ამ პრობლემის აღმოფხვრის გზა, ძალადობის მსხვერპლის დაცვა მოძალადისაგან და როგორც ბრალდებულზე, ისე სხვა პირებზე ზემოქმედებაც, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
ამდენად, გ--- აგ-–--ეს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში საზოგადოებაში მისი უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, მართლწინააღმდეგობა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას. სასამართლო ასევე აფასებს ჩადენილი ქმედების მართლწინააღმდეგობას, ხასიათს და ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის მიაჩნია, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, გ--- აგ-–--ეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111-151 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებებისათვის სასჯელის სახედ და ზომად უნდა დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა.
იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ გ--- აგ-–--ეს ბრალი ედება ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენაში, ნასამართლევი არ არის, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სასჯელის მიზნები მიიღწევა ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სამართლიანი ზომით დანიშვნით, რასაც უნდა მიენიჭოს პრიორიტეტი მუხლის სანქციით გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთასთან შედარებით.
6. ნივთმტკიცების, ყადაღისა ან სხვა საკითხების გადაწყვეტა:
6.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის "ა" და "ე" ქვეპუნქტებით, განაჩენში, სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და გამოძიების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებაში ნივთიერი მტკიცებულების საკითხი შემდეგნაირად უნდა გადაწყდეს: თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაცია; დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე, 63-ე, 64-ე მუხლებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 20-21-ე, 258-ე, 259-ე, 260-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე, 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ--- აგ-–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
1.1 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ასორმოცდაათი) საათის ვადით;
1.2 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 (ასოთხმოცი) საათის ვადით;
2. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, გ--- აგ-–--ეს საბოლოოდ ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 (ასოთხმოცი) საათის ვადით;
3. გ--- აგ-–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს. გირაოს შემტანს - გ--- აგ-–--ეს (პ/ნ 6----------) განაჩენის აღსრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა 3000 (სამი ათასი) ლარი.
4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლისა და ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახის განსაზღვრა და მსჯავრდებულ გ--- აგ-–--ის მიმართ, ძირითადი სასჯელის სახით დანიშნული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის აღსრულება და დაკისრებული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდაზე კონტროლი დაევალოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში შემავალი პრობაციის ეროვნული სააგენტოს შესაბამის პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
5. მსჯავრდებულ გ--- აგ-–--ეს დაევალოს პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი (ფაქტობრივი) საცხოვრებელი ადგილი;
6. განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
7. განაჩენის გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
მოსამართლე ნანა ჯოხაძე