გადაწყვეტილება

სამოქალაქო 09.12.2019
საქმის ნომერი
200210015795945
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
09.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/160-15

№200210015795945

თელავის რაიონული სასამართლო

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

09 დეკემბერი, 2019 წელი ქ. თელავი

 

შესავალი ნაწილი

მოსამართლე - მარინე ცერცვაძე

სხდომის მდივანი - თამარ ბერძენაშვილი

 

მოსარჩელე - ზ--- ც------–---–ი

წარმომადგენელი - გ------ი ც------–---–ი

მოპასუხე - თ----- გ-–-----ე, გ------- გ-–-----ე

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1.დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხეებს თ----- და გ------- გ-–-----ეებს მოსარჩელე ზ--- ც------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროთ 6600 ევროს გადახდა.

1.2. მოპასუხეებს თ----- და გ------- გ-–-----ეს მოსარჩელე ზ--- ც------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროთ მის მიერ შეტანილი ბაჟის - 480 ლარის გადახდა;

 

სარჩელის თანახმად, 2012 წლის 05 მაისს ა-----ის რაიონის სოფელ ზ---- ა-–---ში მცხოვრებ თ----- გ-–-----ეს ერთი წლის ვადით ასესხა 6 600 (16 000) ლარი. სესხად აღებული თანხის დაბრუნებაზე ვალდებულება ასევე აიღო მისმა მეუღლემ გ------- გ-–-----ემ. სესხად აღებულ თანხაზე მათ დაწერეს ხელწერილი, სადაც აღნიშნულია, რომ თანხას ერთი წლის ვადაში აუცილებლად დაუბრუნებდნენ; 2013 წლის დასაწყისში მიაკითხა თ----- გ-–-----ის ოჯახს ვალის მოთხოვნით, რაზეც შეჰპირდნენ, რომ სახლს უახლოეს მომავალსი გაჰყიდდნენ და ვალს დაუბრუნებდნენ; არიან ახლო ნათესავები და სთხოვა შეძლებისდაგვარად მალე დაებრუნებინა ვალი, რაზეც მათ თანხმობა განუცხადეს; 2014 წლის აპრილში გაიგო, რომ 2712 კვმ მიწის ნაკვეთი, სადაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი და დამხმარე ნაგებობები, ჩუქების ხელშეკრულებით გაუფორმეს თავის ნათესავს გ--–- გ-–-----ეს, ხოლო ზ---- ა-–---ში თანასაკუთრებაში არსებული 2307 კვმ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ნასყიდობის ხელშეკრულებით გაუფორმეს ისევ გ--–- გ-–-----ეს. ვალის გადახდაზე უარს არ ეუბნებიან, მაგრამ დღემდე არ გადაუხდიათ;

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხეებმა სარჩელი ნაწილობრივ ცნეს და განმარტეს, რომ 2009 წლის 25 მაისს ჩავიდა ს-----------ში სამუშაოდ. ს----------ში ჩასვლის შემდეგ 2009 წლის ნოემბერში მან ზ--- ც------–---–ისაგან ზეპირი შეთანხმების საფუძველზე ისესხა თანხა 3400 ევროს ოდენობით სარგებლის დარიცხვის გარეშე. თ----- გ-–-----ემ ნასესხები თანხიდან 1400 ევრო დაუბრუნა ზ--- ც------–---–ს ს----------ში ყოფნის დროს და ზ--- ც------–---–ისთვის გადასახდელი დარჩა 2000 ევრო. 2012 წელს თ----- გ-–-----ე გახდა მძიმედ ავად, რის გამოც იგი დაბრუნდა საქართველოში 2012 წლის 08 აპრილს, რადგან ესაჭიროებოდა სასწრაფო ოპერაცია;. საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ მასთან სახლში მივიდა ზ--- ც------–---–ის შვილი გ---–------–---–ი და მას უთხრა, რომ ზ--- ც------–---–ს, რომ აღნიშნული თანხა გარკვეული პერიოდის განმავლობაში აღარ მოეთხოვა შეედგინა ხელწერილი, სადაც ჩაწერდა ზ--- ც------–---–ისთვის დასაბრუნებელ თანხაზე - 2000 ევროზე რამოდენიმეჯერ მეტ თანხას 6600 ევროს, მაგრამ გადასახდელი ექნებოდა 2000 ევრო. 2012 წლის 5 მაისს თ----- გ-–-----ემ შეადგინა ხელწერილი, რაზედაც მან და მისმა მეუღლემ გ------- გ-–-----ემ მოაწერეს ხელი; აღნიშნულიდან გამომდინარე, იგი დარჩა მოტყუებული გ---–------–---–ის მიერ და აღნიშნულის შესახებ გაიგო მაშინ, როდესაც სარჩელი და თანდართული მასალები ჩაიბარა; მოპასუხე გ------- გ-–-----ე ადასტურებს იგივეს და დამატებით განმარტავს, რომ 2012 წლის 05 მაისს თ----- გ-–-----ის მიერ დაწერილი ხელწერილი არის გ---–------–---–ის კარნახით მოტყუებით შედგენილი და მიზნად ისახავდა გ------- გ-–-----ეს დაედასტურებინა როგორც მოწმეს და მას არ აუღია თანხის გადახდის ვალდებულება; მის მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნა არის უსაფუძვლო.

მოპასუხე მხარემ ითხოვა, რომ მოსარჩელეს უარი ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები საქმეში არ არსებობს.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. მოპასუხეებს თ----- გ-–-----ეს და გ------- გ-–-----ეს აქვთ მოსარჩელე ზ--- ც------–---–ის ვალი 6600 ევროს ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ხელწერილი (ს.ფ. 17)

 

სასამართლოს დადგენილად მიაჩნია ის გარემოება, რომ თავდაპირველი სასარჩელო მოთხოვნით მოსარჩელე ითხოვდა სამი მოპასუხისაგან თ-----, გ------- და მ-----ა გ-–-----ისაგან სარჩელის დაკმაყოფილებას, ხოლო 2019 წლის 14 ნოემბრის მთავარ სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა გაიხმო სარჩელი მ-----ა გ-–-----ის მიმართ.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის, მე-4 მუხლისა და 103-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მოქმედებს პრინციპი, რომ იმ მხარემ, რომელიც მტკიცებულებად იყენებს რაიმე ფაქტებს, გარემოებებს და დოკუმენტს, უნდა დაამტკიცოს ამ დოკუმენტში დაფიქსირებული ფაქტების ნამდვილობა, თუ აღნიშნული გახდება სადავო. მითითებულ ნორმებზე დაყრდნობით სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემული ნორმა შეიცავს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის (მოვალეობების) განაწილების ზოგად წესს. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ - გარემოებები, რომელზეც იგი ამყარებს თავის შესაგებელს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე მხარე თვითონ განსაზღვრავს, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მის მოთხოვნასა და შესაგებელს და რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის მიერ შესაგებლის საფუძვლად მითითებული ფაქტი წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებას, რომლის არსებობის დასადასტურებლად მტკიცებულების სახით, მხოლოდ მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტება არ არის სარწმუნო და საკმარისი.

 

თ----- გ-–-----ის განმარტებით, მის მიერ გადახდილია თანხის ნაწილი 1400 ევრო.

 

შესრულების შესახებ სათანადო მტკიცებულების წარუდგენლობის გამო სასამართლო დადასტურებულად ვერ მიიჩნევს მოპასუხის მიერ მითითებულ გარემოებას, რომ ფულადი ვალდებულება მათ მიერ ნაწილობრვ შესრულებულია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. მითითებული ნორმიდან გამომდინარე, კრედიტორი ყოველთვის ვალდებულია გასცეს მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ ამას მოვალე მოითხოვს. აღნიშნული წესი გამომდინარეობს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების წესიდან, რაც იმაში მდგომარეობს, რომ შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა მოვალისთვის აუცილებია, ვინაიდან სწორედ მას აკისრია ფულადი ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთი.

 

მოპასუხე განმარტავს, რომ ფულადი ვალდებულება ნაწილობრივ შესრულებულია, თუმცა აღნიშნულის შესახებ კრედიტორის მიერ გაცემული დოკუმენტი მას არ წარმოუდგენია. ამგვარ მტკიცებულებად ვერ შეფასდება მხოლოდ მისი ახსნა-განმარტება, მით უფრო როცა კრედიტორი აღნიშნულ ფაქტს არ ადასტურებს.

ზემოაღნიშნული თანახმად, არამარტო მოსარჩელეა ვალდებული ამტკიცოს სარჩელში მითითებული გარემოებები, არამედ, მოპასუხეცაა ვალდებული სათანადო მტკიცებულებებით დაადასტუროს შესაგებელში აღნიშნული გარემოებები.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სასამართლომ გამოიყენა:

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, მე-400, 427-ე,429-ე,463-ე, 623-ე, 624-ე, 891-ე,898-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623–ე მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ხოლო ამავე კოდექსის 624–ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა. შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება;

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის თანახმად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით (შესრულება).

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეთა შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა 2012 წლის მაისში შედგენილი მარტივი ტიპის წერილობითი სესხის ხელშეკრულებით, სადაც მითითებულია, რომ ,,თ----- გ-–-----ე ადასტურებს, რომ ზ--- ც------–---–ს ვალად გამოართვა 6600 ევრო, რომელსაც გადაიხდის ერთი წლის განმავლობაში...და მასთან ერთად თანხის დაბრუნებაზე პასუხისმგებლობას იღებს მისი მეუღლე გ------- გ-–-----ე“ , რაც დადასტურებულია ორივე მოპასუხის ხელმოწერით.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას

 

ამდენად, მოსარჩელე სესხის თანხის დაბრუნებას ითხოვს და ვალდებულების არსებობის თაობაზე წარმოდგენილი აქვს მოპასუხეთა ხელწერილი.

 

მოპასუხემ სადავოდ გახდა, რომ სესხის თანხა - 6600 ევრო და განმარტა რომ მას გადასახდელი აქვს დარჩენილი 2000 ევრო და მას მოსარჩელისაგან არა 6600 ევრო აქვს აღებული არამედ 3400 ევრო,საიდანაც 1400 ევრო აქვს გადახდილი, თუმცა იმის დასდასტურებლად რომ მოსარჩელე მხარეს მან გადაუხადა 1400 ევრო ანადა სესხად აღებული რომ ჰქონდა 3400 ევრო და არა 6600 ევრო, მას რაიმე წერილობითი მტკიცებულება არ წარმოუდგენია.

 

მოპასუხეებმა ვერ დაადასტურეს ფულადი ვალდებულების ნაწილობრივ შესრულებაც კი, რაც საფუძვლიანს ხდის მოსარჩელის მოთხოვნას მსესხებლისათვის სესხის თანხის სრულად დაკმაყოფილების შესახებ.

 

6.2.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 898-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად თავდები ყველა შემთხვევაში პასუხის აგებს მხოლოდ თავდებობის დოკუმენტში მითითებული ზღვრული თანხის ოდენობამდე.

 

2012 წლის 5 მაისის ხელწერილით მოპასუხე გ------- გ-–-----ემ სოლიდარულად იკისრა სესხის ხელშეკრულებით თ----- გ-–-----ის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულება.

 

ამდენად, თ----- გ-–-----ეს გ------- გ-–-----ესთან ერთად სოლიდარულად უნდა დაეკისროს სესხის თანხის 6600 ევროს გადახდა.

 

მოპასუხე მხარემ ასევე სარჩელი არ ცნო იმ საფუძვლითაც, რომ რა თანხაც აქვს გადასახდელი ამ თანხის დაბრუნების მატერიალური შესაძლებლობაც არ გააჩნია.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს, რომ მოპასუხის მიერ მითითებული არც ერთი გარემოება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის საფუძველს არ წარმოადგენს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების და მოპასუხისთვის სესხის თანხის დაკისრების თაობაზე.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოპასუხე ცნობს სარჩელს მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

8.1. საქმეზე გამოყენებულია სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე,243-244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 260-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ზ--- ც------–---–ის სარჩელი მოპასუხეების თ----- გ-–-----ისა და გ------- გ-–-----ის მიმართ დაკმაყოფილდეს.

1.1. მოპასუხეებს თ----- გ-–-----ესა და გ------- გ-–-----ეს ზ--- ც------–---–ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 6600 ევროს ანაზღაურება.

2. მოპასუხეებს თ----- გ-–-----ესა და გ------- გ-–-----ეს ზ--- ც------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროთ 480 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად.

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქაიძის გამზ. #7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თელავის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: მარინე ცერცვაძე