გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 2/1035-18 (140210018002477171)
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
18 მარტი, 2019 წელი ქ. გორი
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ვალერიანე ფილიშვილი
სხდომის მდივნები: ნანა ხინჩიკაშვილი
მოსარჩელე - ზ-------------–---–ი
მოპასუხე - რ---------–--ი
წარმომადგენელი - ტ-------------ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე რ---------–--ს ზ-------------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს 10 000 ლარის გადახდა.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2016 წლის 27 დეკემბერს რ---------–--მა ზ-------------–---–ისაგან სესხის სახით მიიღო 5000 ლარი, 3 თვის ვადით. სესხი იყო სარგებლიანი და შეადგენდა 10%-ს. მოპასუხეს ყოველთვიურად სარგებლის სახით უნდა გადაეხადა 500 ლარი, რაც დაადასტურა ხელწერილით, თუმცა გადაიხადა მხოლოდ პირველი თვის სარგებელი, დანარჩენი სარგებლისა და თანხის დაბრუნების ვალდებულება მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა არ შეასრულა. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხის მიერ გადასახდელი დავალიანება შეადგენს 10 000 ლარს საიდანაც, სესხის ძირითადი თანხაა 5 000 ლარი, ხოლო შემცირებული სარგებელი ასევე 5000 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. სარჩელზე წარმოდგენილი შესაგებლით მოპასუხე რ---------–--მა სარჩელი არ ცნო. მისი განმარტებით, მას არანაირი ვალდებულება მოსარჩელის მიმართ არ გააჩნდა. მოგვიანებით სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ 4650 ლარის ფარგლებში. ამასთან მიუთითა, რომ სარგებელი მთლიანად გადახდილი ჰქონდა, ვინაიდან ტოვებდა შუამავლის ოფისში. რ---------–--მა მიუთითა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებელი წაარმოადგენდა არაგონივრულს, ვინაიდან მისი წლიური ოდენობა წარმოადგენდა 120%-ს, რაც დადგენილ საბანკო რეგულაციებთან შეუსაბამო იყო.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2016 წლის 27 დეკემბერს რ---------–--მა ზ-------------–---–ისაგან სესხის სახით მიიღო 5000 ლარი, 3 თვის ვადით. სესხი იყო სარგებლიანი და შეადგენდა 10%-ს, კერძოდ, მოპასუხეს ყოველთვიურად სარგებლის სახით უნდა გადაეხადა 500 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2016 წლის 27 დეკემბრის ხელწერილი;
- მხარეთა ახსნა- განმარტება.
3.1.2. მოპასუხემ გადაიხადა სესხის პირველი თვის სარგებელი - 500 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2016 წლის 27 დეკემბრის ხელწერილი;
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2016 წლის 27 დეკემბრის ხელწერილით მხარეებმა გაითვალისწინეს სარგებელი ხელშეკრულების მოქმდების ვადით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2016 წლის 27 დეკემბრის ხელწერილი;
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.2.2. მოპასუხე რ---------–--ს არ გადაუხდია დარჩენილი 2 თვის სარგებელი, რაზეც იგი უთითებდა რომ შუამავალს დაუტოვა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;
- მოწმე თ------------------------
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე ზ-------------–---–ის სარჩელი რ---------–--ის მიმართ ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
- საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლი;
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 128-130-ე, 316-317-ე, 341-ე, 361-ე, მე-400, 623-ე, 624-ე, მუხლები;
- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2, 102-ე, 103-ე, 105-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.
სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა, ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქმის მასალებით სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ განსახილველი სამართლებრივი ურთიერთობა მხარეებს შორის გამომდინარეობს სახელშეკრულებო-სამართლებრივი სფეროდან და იგი ეფუძნება სესხის ხელშეკრულებას.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით.
სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის თანახმად, იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება), აუცილებელია წერილობითი აღიარება.
სასამართლო განმარტავს, რომ ვალის არსებობის აღიარება არის ცალმხრივი და აბსტრაქტული ხელშეკრულება, რომლის თანახმად ერთი მხარე მეორე მხარის სასარგებლოდ დამოუკიდებლად კისრულობს გარკვეულ შესრულებას. ვალის არსებობის აღიარება არის ახალი დამოუკიდებელი მოთხოვნის წარმოშობის საფუძველი. ერთ-ერთი მხარის მიერ ვალის არსებობის აღიარება თვითონვე ხდება ახალი მოთხოვნის საფუძველი, რაც მეორე მხარეს უფლებას აძლევს მოითხოვოს აღიარებულის შესრულება.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ზ-------------–---–სა და რ---------–--ს შორის არსებობდა შეთანხმება სესხზე, რომლის არსებობაც რ---------–--მა აღიარა ხელწერილით. ასევე დადგენილია, რომ რ---------–--ის მიერ ვალდებულება არ შესრულებულა.
6.3. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ე.ი. გარიგების ნამდვილობისათვის აუცილებელია ამ გარიგების ყველა მხარის მიერ ნების გამოვლენა, განსახილველ შემთხვევაში კი ზემოთ მითითებული შეთანხმების მხარეებს წარმოადგენენ ზ-------------–---–ი და რ---------–--ი.
სასამართლო განმარტავს, რომ, როგორც უკვე აღინიშნა სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირი ფორმით, ასევე შესაძლებელია მხარეებმა გაითვალისწინონ წერილობითი ფორმაც, თუმცა ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით.
განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე უთითებს, რომ მან გადაიხადა სარგებელი, რომელსაც ტოვებდა შუამავალთან - თ-------------თან, ხოლო მოწმის სახით დაკითხულმა თ-------------მა არ ადასტურა აღნიშნული ფაქტი და განაცხადა, რომ მას როგორც შუამავალს მიაკითხა რ---------–--მა, რადგან სურდა სესხის სახით თანხის მიღება. იგი დაუკავშირდა ზ-------------–---–ს და მხარეები ერთმანეთს დააკავშირა, რის შემდგომაც რ---------–--მა მიიღო ზ-------------–---–ისაგან სესხის სახით 5000 ლარი ყოველთვიური 10% სარგებლის გადახდის პირობით. როგორც რ---------–--ისგან იცოდა მას თანხა ესაჭიროებოდა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გასარემონტებლად, რათა სასურველ ფასში გაეყიდა.
სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების მოთხოვნისას, ხელშეკრულების დადების და ვალდებულების არსებობის ფაქტი მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს, ხოლო მოპასუხემ უნდა ამტკიცოს ვალდებულების შესრულების ფაქტი ან იმ გარემოებათა არსებობა, რომლებიც გამორიცხავდა მის მიერ ვალდებულების შესრულებას.
6.4. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ზემოთ დასახელებული მუხლების ანალიზი ცხადყოფს, რომ კანონით გათვალისწინებულია თითოეული მხარის ვალდებულება მიუთითოს სასარჩელო მოთხოვნა, ფაქტები და წარმოადგინოს დასახელებული ფაქტის დამადასტურებელი კანონით გათვალისწინებული მტკიცებულებები. სწორედ დასახელებული წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო სამართალში დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის გამოვლინებას.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს.
სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, ყურადღება გაამახვილოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტზე და აღნიშნავს, რომ არცერთ მტკიცებულებას არ გააჩნია რაიმე უპირატესობა სხვა მტკიცებულებასთან შედარებით. არცერთ მტკიცებულებას არა აქვს, აგრეთვე, წინასწარ დადგენილი ძალა სასამართლოსათვის. მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლოს ექმნება შინაგანი რწმენა, რომელსაც საფუძვლად უდებს გადაწყვეტილებას. ამდენად, სასამართლო სადავო გარემოებათა არსებობა-არარსებობის დადგენისას ინდივიდუალურად და ერთობლიობაში აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგად აყალიბებს თავის შინაგან რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ. მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ასეთ შემთხვევაში მოპასუხეს ეკისრება იმ ფაქტების დადასტურების ტვირთი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე ზ-------------–---–მა ვალდებულების არსებობის შესახებ წარმოადგინა წერილობითი მტკიცებულება რ---------–--ის მხრიდან ვალის აღიარების შესახებ, ხოლო მოპასუხე რ---------–--მა ვერ შეძლო შესაბამისი მტკიცებულების წარმოდგენა, რითიც დაადასტურებდა მისი მხრიდან ვალდებულების შესრულების ფაქტს.
ზემოთ აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია რა, რომ მოპასუხე რ---------–--მა ზ-------------–---–ისაგან ისესხა 5000 ლარი, მისი მხრიდან კი თანხის დაბრუნების ვალდებულება სრულად არ იქნა შესრულდა.
6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
სასამართლო განმარტავს, რომ მხარეთა მიერ შეთანხმებული საპროცენტო განაკვეთი ყოველთვიური 10%, წელიწადში - 120% დიდია და ბევრად აღემატება საქართველოს ეროვნული ბანკის, კომერციული ბანკების სტატისტიკური ანგარიშგების საფუძველზე გაანგარიშებულ წლიურ საბაზრო საპროცენტო განაკვეთს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. სასამართლო მიუთითებს, რომ მითითებული ნორმით გარკვეულწილად შეზღუდულია ნების გამოვლენის თავისუფლება.
სასამართლო მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული ნორმის შესაბამისად, ზოგიერთი ხელშეკრულება საერთოდ არ შეიძლება დაიდოს ანუ ზოგიერთ სახელშეკრულებო პირობაზე საერთოდ არ შეიძლება შეთანხმება. ხელშეკრულება ან სახელშეკრულებო პირობა არ უნდა არღვევდეს საჯარო წესრიგს, ეწინააღმდეგებოდეს საჯარო ინტერესს ან კანონით განსაზღვრულ ინტერესებს. ხოლო თუ ხელშეკრულება ან სახელშეკრულებო პირობა წარმოადგენს ასეთ დარღვევას ან ასეთ წინააღმდეგობას, მაშინ კანონი არ აღიარებს მოქალაქეთა შორის მსგავს შეთანხმების სავალდებულო ძალას, თუნდაც ორივე მხარეს სურდეს შეთანხმება. თეორიულ-სამართლებრივი სახელწოდება ხელშეკრულების თავისუფლების ამგვარი შეზღუდვისა არის ის, რომ ხელშეკრულება ან ცალკეული სახელშეკრულებო პირობა, რომელიც ეწინააღმდეგება, მაგალითად, ზნეობის ნორმებს, ბათილია. ზოგ შემთხვევაში, მხარეებს შეუძლიათ დადონ რაიმე კონკრეტული ხელშეკრულება, მაგრამ თავისუფლად არ შეუძლიათ განსაზღვრონ მისი შინაარსი. ანუ ხელშეკრულების დადებისას მათ არ შეუძლიათ დაადგინონ კანონით განსაზღვრულისგან განსხვავებული პირობები. სავალდებულო ხასიათის ასეთი პირობები უმთავრესად მოიპოვება იმ ხელშეკრულებებში, რომლებშიც, კანონმდებლის აზრით, ერთი მხარე უფრო ძლიერ პოზიციაშია, რის გამოც უფრო სუსტ პოზიციაში მყოფ მეორე მხარეს სჭირდება განსაკუთრებული დაცვა კანონით.
სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის მიხედვით, ამორალური გარიგება განმარტებულია, როგორც გარიგება, რომელიც ეწინააღმდეგება ზნეობის ნორმებს. ზნეობის ნორმებში იგულისხმება წესიერება, სამართლიანობა, კეთილსინდისიერება. სამართლიანობა გულისხმობს მხარეთა მიერ ნაკისრი ვალდებულებების თანაბრობის პრინციპის დაცვას. ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები ყოველთვის ადეკვატური უნდა იყოს მეორე მხარის ვალდებულებებთან. მხარეთა მიერ ვალდებულებების თანაბარი, სამართლიანი გადანაწილება გარიგების ნამდვილობის აუცილებელი პირობაა. მისი უგულებელყოფა გარიგების ბათილად ცნობის საფუძველია. სასამართლო აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული ნორმის საფუძველზე გარიგების ამორალურად მისაჩნევად არ არის აუცილებელი იმ გარემოებათა დადგენა-დადასტურება, რამაც განაპირობა ამ გარიგების დადება. საკმარისია, არსებობდეს შესრულებასა და სამაგიერო შესრულებას შორის არაადეკვატური ურთიერთშეფარდება და ასეთი გარიგების სუბიექტის მხრიდან სარგებლის მიმღების შესაბამისი განზრახვა, რომ სასამართლომ ამორალურ გარიგებად მიიჩნიოს.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ სესხის პროცენტის ოდენობა არის ამორალური და უნდა მოხდეს მისი შემცირება ყოველთვიურად 3%-მდე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სესხის ხელშეკრულებით მსესხებელს გამსესხებელმა დაუწესა სარგებლის არაგონივრული ოდენობა. სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ ხელშეკრულების მოქმედების ვადაში მოპასუხეს ყოველთვიურად უნდა გადაეხადა 450 ლარი და მხარეები სადავოდ არ ხდიან, რომ მოპაუხის მიერ გადახდილია სარგებელი 500 ლარი. ამ თანხიდან 450 ლარი უნდა ჩაითვალოს პროცენტის ნაწილში, ხოლო დარჩენილი 50 ლარი უნდა გამოაკლდეს სესხის ძირითად თანხას. რაც შეეხება მოთხოვნას 3 თვეზე მეტი ვადით სარგებლის ანაზღაურების ნაწილში, სასამართლო მიუთითებს, რომ მხარეთა მიერ გათვალისწინებული იქნა სარგებლის გადახდა ხელშეკრულების მოქმდების ვადით, შესაბამისად 3 თვის სარგებელზე მეტის მოთხოვნის უფლება მოსარჩელეს არ გააჩნია.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
ამავე კანონის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიხედვით დავის საგნის ფასი ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელისა განისაზღვრება გადასახდელი თანხით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო მოპასუხემ მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ნაწილობრივ 4 650 ლარის მოთხოვნის ნაწილში ცნო. შესაბამისად, მოპასუხე რ---------–--ს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 9 ლარის ოდენობით.
8. უზრუნველყოფის ღონისძიება:
მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. მოსარჩელე ზ-------------–---–ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. მოპასუხე რ---------–--ს მოსარჩელე ზ-------------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს 4 950 ლარის გადახდა;
3. მოპასუხე რ---------–--ს მოსარჩელე ზ-------------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს სასამართლოს გარეშე ხარჯის, სააღსრულებო წარმოებისათვის გათვალისწინებული ხარჯის 100 (ასი) ლარის გადახდა;
4. მოპასუხე რ---------–--ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 9 (ცხრა) ლარის ოდენობით;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი 7ა), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გორის რაიონულ სასამართლოს მეშვეობით (ქ. გორი, ს. ჯორბენაძის ქუჩა №30);
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს გორის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე: ალერიანე ფილიშვილი