გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/18339-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა საქართველოს სახელით 17 დეკემბერი 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თინათინ ეცადაშვილი
სხდომის მდივანი ნატო ხელაშვილი
მოსარჩელე - კა---–---------------ე
მოპასუხეები - მე------------ე, თა------–---–----ე, თა---------------–ი
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეებს - მე------------ეს, თა------–---–----ეს და თა---------------–ს მოსარჩელე კა---–---------------ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურება 36000 ლარის ოდენობით;
(შემცირებული სასარჩელო მოთხოვნა იხ. სხდომის ოქმი 13 დეკემბერი 2019 წელი 15:39.35 საათი და 15:39:46 საათი)
სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები (სარჩელი, ტომი 1, ს.ფ. 1-16):
კა---–---------------ეს და შპს ,,სა-------------------------------–ოს’’ შორის, რომლის დირექტორიც არის თა------–---–----ე, 2016 წლის 05 მარტს 12 თვის ვადით დაიდო N9--- სესხის ხელშეკრულება 25000 ლარზე, წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 25%-ით. 2016 წლის 19 მარტს 12 თვის ვადით დაიდო მეორე ხელშეკრულება N9--- და სესხის ოდენობა განისაზღვრა 11000 ლარით, წლიური საპროცენტო განაკვეთი კი - 33 %-ით. ზემოაღნიშნული ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება მოპასუხეთა მიერ არ შესრულებულა და მოსარჩელისთვის მოპასუხეებს გადასახდელი აქვთ სესხის ძირი თანხა და სარგებელი, რამაც გამოიწვია მოსარჩელისთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება.
კა---–---------------ე დაზარალებულადაა ცნობილი შპს ,,სა-------------------------------–ოს’’’ ხელმძღვანელ პირთა მიერ დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით;
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 ივლისის განაჩენით, მოპასუხეები დამნაშავედ არიან ცნობილები და აღნიშნული განაჩენი შესულია კანონიერ ძალაში;
კლიენტთა მოზიდვის მიზნით საზოგადოება აქტიურად ეწეოდა სარეკლამო კამპანიებს, რის საფუძველზეც არაერთმა მოქალაქემ, მათ შორის მოსარჩელემ, განახორციელა ფულადი შენატანი.
კომპანიაში შეტანილი თანხები შესაბამისი პროცედურის გათვალისწინებით უნდა გამოყენებულიყო უფრო მომგებიანი ეკონომიკური საქმიანობისათვის, მიუხედავად ამისა, თა------–---–----ემ, რომელიც სრულად იყო პასუხისმგებელი საზოგადოების გამართულ საქმიანობაზე, მე------------ის ორგანიზებით და თა---------------–თან წინასწარი შეთანხმებით გასცა სესხები როგორც თავად მე------------ეზე, ისე ამ უკანასკნელის საკუთრებაში არსებულ არამომგებიან საწარმოებზე;
მოპასუხეთა დანაშაულებრივი ქმედების გამო მოსარჩელე ცნობილია დაზარალებულად და მისთვის მიყენებული ზიანი შეადგენს 36000 ლარს.
2. მოპასუხეთა პოზიცია
2.1. მოპასუხე მე------------ემ დადგენილი წესით წარმოადგინა შესაგებელი, რომელშიც, ისევე როგორც სასამართლო სხდომაზე, არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ არ წარმოადგენს სარჩელზე პასუხისმგებელ პირს, ვინაიდან მოსარჩელეს მასთან არ დაუდია სესხის ხელშეკრულებები; განაჩენში არ არის მითითებული, რომ მას ეკისრება ზიანის ანაზღაურება; მოსარჩელეს ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნის უფლება შეიძლება ჰქონდეს უშუალოდ მსესხებელი კომპანიის მიმართ. კომპანია დაზარალებულად არ არის გამოცხადებული, ის გადახდისუნარიანია. მოსარჩელემ თავისი თანხა კომპანიიდან უკვე აიღო, შესაბამისად, ამ მიზეზით არ ჰყავს ის მოპასუხეთა სიაში.
რადგან მოსარჩელეს მასთან სესხის ხელშეკრულება არ დაუდია, ხოლო საქმეში წარმოდგენილი არ არის მე------------ის მიერ მოსარჩელისთვის მიყენებული ზიანის განმსაზღვრელი მტკიცებულება, მას არანაირი პასუხისმგებლობა არ გააჩნია კა---–---------------ის მიმართ და არ წარმოადგენს სათანადო მოპასუხეს. (შესაგებელი ტომი 2, ს.ფ. 1-10)
2.2. მოპასუხე თა---------------–მა დადგენილი წესით წარმოადგინა შესაგებელი, (შესაგებლის საფუძვლები ტომი 1, ს.ფ. 217-224), რომელშიც მხოლოდ მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ არ ეთანხმებოდა სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს და არ ცნობდა სარჩელს.
2.3. მოპასუხე თა------–---–----ეს სარჩელი და თანდართული მასალები ჩაბარდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, თუმცა მოპასუხეს დადგენილ ვადაში სარჩელთან მიმართებით წერილობითი პოზიცია (შესაგებელი) არ წარმოუდგენია.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოსარჩელეს და შპს ,,სა-------------------------------–ოს’’ შორის 2016 წლის 05 მარტს დაიდო სესხის ხელშეკრულება №9---, რომლის თანახმადაც მოსარჩელემ შპს ,,სა-------------------------------–ოს’’ სესხის სახით გადასცა 25000 ლარი. სესხის ხელშეკრულების თანახმად, სესხი გაიცა 12 თვის ვადით, წლიური 25 %-ის დარიცხვის პირობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სესხის ხელშეკრულება №9--- (ტომი 1, ს.ფ. 23-25)
- ქვითარი (ტომი 1, ს.ფ. 26)
- გრაფიკი (ტომი 1, ს.ფ. 22)
3.1.2. მოსარჩელეს და შპს ,,სა-------------------------------–ოს’’ შორის 2016 წლის 19 მარტს დაიდო სესხის ხელშეკრულება №9---, რომლის თანახმადაც მოსარჩელემ შპს ,,სა-------------------------------–ოს’’ სესხის სახით გადასცა 11000 ლარი. სესხის ხელშეკრულების თანახმად, სესხი გაიცა 12 თვის ვადით, წლიური 33 %-ის დარიცხვის პირობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სესხის ხელშეკრულება №9--- (ტომი 1, ს.ფ. 18-20)
- ქვითარი (ტომი 1, ს.ფ. 21)
- გრაფიკი (ტომი 1, ს.ფ. 17)
3.1.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 ივლისის კანონიერ ძალაში შესული განაჩენით №1/719-17, თა------–---–----ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლის ვადით, ხოლო 2 წლის ვადით ჩამოერთვა სამეწარმეო საქმიანობის უფლება.
მე------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-ე, 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით, მასვე 2 წლის ვადით ჩამოერთვა სამეწარმეო საქმიანობის უფლება.
თა---------------–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-ე, 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით. მასვე, 2 წლის ვადით ჩამოერთვა სამეწარმეო საქმიანობის უფლება.
აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მოსარჩელე ცნობილია დაზარალებულად და დაზარალებულთა შორის მითითებულია 581-ე ნომრად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება (ტ.1, ს.ფ. 41-45);
- თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი (ტ.1, ს.ფ. 46-137);
- დადგენილება დაზარალებულად ცნობის შესახებ (ტომი 1, ს.ფ. 138-197)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. შპს ,,სა-------------------------------–ოს’’ არ შეუსრულებია მოსარჩელისთვის 2016 წლის 05 მარტის სესხის №9--- ხელშეკრულების საფუძველზე გადაცემული 25000 ლარის და 2016 წლის 19 მარტის სესხის №9--- ხელშეკრულების საფუძველზე გადაცემული 11000 ლარის დაბრუნების ვალდებულება.
განსახილველ შემთხვევაში უდავოა მოსარჩელეს და შპს ,,სა-------------------------------–ოს’’ შორის სესხის ხელშეკრულებების დადებისა და ამ ხელშეკრულებების საფუძველზე მოსარჩელის მიერ მსესხებლისათვის შესაბამისი ოდენობის თანხების გადაცემის ფაქტი. თუმცა, საქმის მასალებით არ დასტურდება მსესხებლის მიერ მოსარჩელისთვის აღნიშნული თანხების დაბრუნების ფაქტობრივი გარემოება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა.
სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო საქმეზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების ერთადერთი გზა მტკიცებაა, რომლითაც დგინდება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები. მტკიცების პროცესში იგულისხმება პროცესის მონაწილე სუბიექტების საქმიანობა, მიმართული საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების არსებობის ან არარსებობის დასადგენად. დამტკიცებას საჭიროებს ის გარემოებები, რომლებიც ასაბუთებს სასარჩელო მოთხოვნასა და სარჩელის ფაქტობრივ გარემოებებს, მოწინააღმდეგე მხარის მიერ სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებისა და სასარჩელო მოთხოვნის უარყოფას, ასევე, საქმის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებს (იხ. სუსგ , საქმე №ას-1206-1166-2016).
განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებში წარმოდგენილი არ არის მსესხებლის მიერ მოსარჩელისთვის სესხად მიღებული თანხის დაბრუნების დამადასტურებელი რაიმე სახის მტკიცებულება. ამასთან, არ განხორციელებულა არსებითი შედავება მსესხებლის მიერ თანხის დაბრუნების ფაქტთან მიმართებით. სამოქალაქო დავისათვის დამახასიათებელი შეჯიბრებითობისა და მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპის გათვალისწინებით კი სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ შპს ,,სა-------------------------------–ოს’’ არ შეუსრულებია მოსარჩელისთვის 2016 წლის 05 მარტის სესხის №9--- ხელშეკრულების საფუძველზე გადაცემული 25000 ლარის და 2016 წლის 19 მარტის სესხის №9--- ხელშეკრულების საფუძველზე გადაცემული 11000 ლარის დაბრუნების ვალდებულება.
3.2.2. მოპასუხეებს ეკისრებათ სოლიდარულად მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის - 36000 ლარის ანაზღაურების ვალდებულება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ვალდებულების დარღვევა სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის დადგომის საფუძველია, რომელიც იურიდიული პასუხისმგებლობის სახეა. სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის ფორმათაგან ზიანის ანაზღაურებას აქვს უნივერსალური მნიშვნელობა და გამოიყენება სამოქალაქო უფლებათა დარღვევის ყველა შემთხვევაში, მაშინ როცა სხვა ფორმების გამოყენებაზე პირდაპირ უთითებს კანონი ან ხელშეკრულება კონკრეტული სამართალდარღვევისას.
ამასთან, წარმოშობის საფუძვლების მიხედვით განასხვავებენ სახელშეკრულებო და არასახელშეკრულებო ზიანს. არასახელშეკრულებო ზიანის უზოგადესი და ცენტრალური ნორმაა სსკ-ის 992-ე მუხლი, რომელიც განამტკიცებს ბრალეული პასუხისმგებლობის პრინციპს და დაზარალებულს (კრედიტორს) ვალდებული პირის მიმართ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას ანიჭებს. აღნიშნული მუხლის გამოყენების წინაპირობებია: ზიანი; ქმედების მართლწინააღმდეგობა; მიზეზობრივი კავშირი და ბრალი (ე.წ. „გენერალური დელიქტი“).
სამოქალაქო სამართალში ზიანში მოიაზრება ქონებაზე ან სამართლებრივად დაცულ სხვა სიკეთეზე გარკვეული ზემოქმედებით გამოწვეული უარყოფითი შედეგი. ზიანი წარმოადგენს სამართალდარღვევის შემადგენლობის აუცილებელ ელემენტს. თუ არაა ზიანი, არც ქონებრივი პასუხისმგებლობის საკითხი შეიძლება დადგეს. ზიანი სწორედ რომ მართლსაწინააღმდეგო მოქმედების შედეგია. იგი წარმოადგენს სამართლებრივი სიკეთის ხელყოფის შედეგს.
წარმოდგენილი სარჩელი ემყარება დანაშაულებრივი ქმედების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას. მოპასუხე მე------------ის მიერ განხორციელებული შედავება კი არსებითად ემყარება სწორედ იმ გარემოებას, რომ იგი არ წარმოადგენს ზიანის მიყენებაზე პასუხისმგებელ სუბიექტს. შესაბამისად, განხორციელებული შედავების ფარგლებში უპირველესად სასამართლო იმსჯელებს მოპასუხეთა პასუხისმგებლობის საფუძვლებზე.
სადავო გარემოების დადასტურების მიზნით, მოსარჩელემ წარმოადგინა კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენი და მასსა და შპს ,,სა-------------------------------–ოს’’ შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულებები, რომელთა თანახმად, შპს ,,სა-------------------------------–ომ’’ მოსარჩელისგან ერთ შემთხვევაში ისესხა 25000 ლარი, ხოლო მეორე შემთხვევაში - 11000 ლარი.
წარმოდგენილი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 ივლისის კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დასტურდება, რომ თა------–---–----ემ ჩაიდინა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვა, როცა ნივთი იმყოფებდა მართლზომიერ გამგებლობაში; მე------------ემ ჩაიდინა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვის წაქეზება, როცა ნივთი იმყოფებოდა გამფლანგველის მართლზომიერ გამგებლობაში; თა---------------–მა ჩაიდინა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვაში დახმარება, როცა ნივთი იმყოფებოდა გამფლანგველის მართლზომიერ გამგებლობაში.
აღნიშნული განაჩენის თანახმად, მათ მიერ განხორციელებული ქმედებები კონკრეტულად გამოიხატა შემდეგში: (იხ. ტომი 1, ს.ფ. 42-43) შპს ,,სა-------------------------------–ო’’ რეგისტრირებულ იქნა 2013 წლის 14 აგვისტოს. საზოგადოების ძირითად საქმიანობას წარმოადგენდა მოსახლეობისაგან გარკვეული საპროცენტო სარგებლით (20-დან 35%-მდე) თანხების მიღება და მათი ინვესტირება. კომპანიის ერთპიროვნულ დამფუძნებელს წარმოადგენდა თა---------------–ი, ხოლო დირექტორის პოზიციას იკავებდა თა------–---–----ე. შპს „სა-------------------------------–ოს“ საქმიანობას ფაქტობრივად სრულად წარმართავდა თა---------------–ის მეუღლე - მე------------ე. კლიენტთა მოზიდვის მიზნით, საზოგადოება აქტიურად ეწეოდა სარეკლამო კამპანიას, რის საფუძველზეც არაერთმა მოქალაქემ შეიტანა გარკვეული თანხა, კერძოდ: 2013-2016 წლებში შპს ,,სა-------------------------------–ომ’’ მოქალაქეებისაგან ჯამურად სესხად აიღო 34 359 020 ლარი, 70 194 445 აშშ დოლარი და 4 603 089 ევრო. თანხები შესაბამისი პროცედურების გათვალისწინებით, უნდა გამოყენებულიყო უფრო მომგებიანი ეკონომიკური საქმიანობისათვის, რათა საზოგადოებას მიეღო შემოსავალი და უზრუნველეყო მოქალაქეთა წინაშე აღებული ფინანსური ვალდებულებების დროულად და სრულყოფილად შესრულება. მიუხედავად აღნიშნულისა, შპს ,,სა-------------------------------–ოს’’ დირექტორმა თა------–---–----ემ, რომელიც სრულად იყო პასუხისმგებელი საზოგადოების გამართულ საქმიანობაზე, მე------------ის წაქეზებით და თა---------------–ის დახმარებით, ყოველგვარი უზრუნველყოფისა და ეკონომიკური გათვლების გარეშე, გასცა სესხები როგორც თავად მე------------ის სახელზე, ისე ამ უკანასკნელის საკუთრებაში არსებულ, არამომგებიან საწარმოებზე, რაც უკან არ დაუბრუნებიათ და მე------------ემ გამოიყენა პირადი შეხედულებისამებრ. მიღებული თანხების არამიზნობრივი ხარჯვიდან გამომდინარე, შპს ,,სა-------------------------------–ომ’’ ვეღარ უზრუნველყო მოქალაქეთა წინაშე აღებული ფინანსური ვალდებულებების შესრულება და 2 343 მოქალაქეს მიადგა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.
როგორც აღინიშნა განაჩენში განმარტებულია, რომ შპს ,,სა-------------------------------–ოს’’ საქმიანობას ფაქტობრივად სრულად წარმართავდა თა---------------–ის მეუღლე - მე------------ე. ამასთანავე, ის გარემოება, რომ ,,შპს ,,სა-------------------------------–ოს’’ დირექტორმა თა------–---–----ემ, რომელიც სრულად იყო პასუხისმგებელი საზოგადოების გამართულ საქმიანობაზე, მე------------ის წაქეზებით და თა---------------–ის დახმარებით, ყოველგვარი უზრუნველყოფისა და ეკონომიკური გათვლების გარეშე, გასცა სესხები როგორც თავად მე------------ის სახელზე, ისე ამ უკანასკნელის საკუთრებაში არსებულ, არამომგებიან საწარმოებზე, რაც უკან არ დაუბრუნებიათ და მე------------ემ გამოიყენა პირადი შეხედულებისამებრ.
სასამართლო არ იზიარებს მოპასუხე მე------------ის მტკიცებას, რომ მას კავშირი არ აქვს მოსარჩელესთან და არ წარმოადგენს ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელ პირს. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხეთა, მათ შორის მე------------ის პასუხისმგებლობის საფუძველს წარმოადგენს სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული განაჩენი. შესაბამისად, სასამართლო ხელმძღვანელობს არა უშუალოდ გენერალური დელიქტის ნორმით, არამედ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXXIV3 თავით გათვალისწინებული ცალკეული დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვის გამარტივებული წესის შესაბამისად.
სასამართლო იზიარებს საკასაციო პალატის განმარტებას (იხ, სუსგ, საქმეზე №ას-1322-2018, 04 აპრილი, 2019 წელი) რომლის თანახმადაც, 2010 წლის 24 სექტემბერს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით გაუქმებული იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი, კერძოდ, სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილ ფაქტებს აღარ გააჩნიათ პრეიუდიციული ძალა, როცა საქმეს იხილავს სასამართლო იმ პირის მოქმედების სამოქალაქო-სამართლებრივი შედეგების შესახებ, ვის მიმართაც გამოტანილია განაჩენი, თუმცა სსსკ-ის 30920 მუხლის, ფორმულირებით, დანაშაულის მიყენების ფაქტი პრეიუდიციის რანგშია აყვანილი ანუ მიჩნეულია ფაქტად, რომელიც მტკიცებას არ საჭიროებს. „საკასაციო პალატამ განმარტა, რომ სსსკ-ის 106-ე მუხლზე მითითება ამავე კოდექსის 30920-ე მუხლის მეორე ნაწილის გაუთვალისწინებლად არ შეიძლება. მართალია, სსსკ-ის 106-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი („ფაქტები იმის შესახებ, განხორციელდა თუ არა მოქმედება და ჩაიდინა თუ არა ეს მოქმედება ამ პირმა, რაც დადგენილია სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი, კანონიერ ძალაში შესული საბოლოო შემაჯამებელი გადაწყვეტილებით, როცა საქმეს იხილავს სასამართლო იმ პირის მოქმედების სამოქალაქო-სამართლებრივი შედეგების შესახებ, რომლის მიმართაც გამოტანილია საბოლოო შემაჯამებელი გადაწყვეტილება“) 2010 წლის 24 სექტემბერს განხორციელებული ცვლილების შედეგად ამოღებულ იქნა, მაგრამ იმავე წლის 15 დეკემბრის კანონით განხორციელებული ცვლილებით დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნების განხილვისას მოქმედებს განსხვავებული წესი, რაც იმას გულისხმობს, რომ კანონიერ ძალაში შესულ განაჩენში მითითებული სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები ხელახლა არ დგინდება, ანუ ისინი დადგენილად მიიჩნევა (სსსკ-ის XXXIV თავი)“. (შდრ. სუსგ №ას-638-605-2014, 22 აპრილი, 2016).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მუხლი 30916-ე მუხლის თანახმად, ამ თავით დადგენილი წესით შეიძლება განხილულ იქნეს სარჩელი დანაშაულის ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ.
ამავე კოდექსის 30920-ე მუხლის თანახმად, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვისას სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ზიანის მიყენების ფაქტს, რომელიც დასტურდება კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენით ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
სასამართლო მიუთითებს განსხვავებაზე დელიქტით მიყენებული ზიანის გამარტივებული და ჩვეულებრივი სასარჩელო წესით განხილვას შორის, რა დროსაც აღსანიშნავია, რომ გამარტივებული წესით საქმის განხილვის დროს სახეზეა კანონიერ ძალაში არსებული განაჩენი, რომლითაც უტყუარად დასტურდება ზიანის ფაქტი და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, შესაბამისად, სასამართლო აღარ იკვლევს აღნიშნულ საკითხებს და დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენის გარეშე დადასტურებულად მიიჩნევს მათ.
სასამართლო მიუთითებს, რომ აღნიშნული ნორმა - საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30920-ე მუხლი, ადგენს დელიქტით მიყენებული ზიანის თაობაზე წარდგენილი სარჩელის განხილვის წესს. მითითებული მუხლი იმპერატიულად ადგენს ასევე, თუ რა უნდა ჩაითვალოს დადასტურებულად ანუ ე.წ. პრეიუდიციად. მითითებული მუხლის პირველი ნაწილის პირველ წინადადებაში ნათლად და მკაფიოდ იკითხება: ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვისას სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ზიანის მიყენების ფაქტს, რაც იმას ნიშნავს, რომ პრეიუდიციული მნიშვნელობა მხოლოდ ზიანის ფაქტსა და მიზეზობრივ კავშირს გააჩნია. „საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული ამ სპეციალური წარმოების არსი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ასეთ შემთხვევაში სასამართლოს აღარ უწევს ზიანის მიყენების ფაქტის, ე.ი. თავად მიყენებული ზიანის, ზიანის მიმყენებლის ბრალის, მის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირის კვლევა. თუკი ზიანი დანაშაულის შედეგად დადგა, ყველა აღნიშნული გარემოება სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი განაჩენით დასტურდება’’ (შდრ. სუსგ №ას-937-888-2012, 13 დეკემბერი, 2012).
შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში წარმოდგენილი სისხლის სამართლის კანონიერ ძალაში შესული განაჩენი მოპასუხეთა მიერ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის თაობაზე, მოსარჩელისათვის ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისა და მოპასუხეთათვის სოლიდარული ვალდებულების დაკისრების საკმარისი საფუძველია. აღნიშნული განაჩენით დგინდება მოპასუხეთა მიერ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენის ფაქტი.
პასუხისმგებელ სუბიექტთა განსაზღვრის შემდეგ კი აუცილებელია ასევე დანაშაულებრივი ქმედების შედეგად მიყენებული ზიანის ოდენობის განსაზღვრა.
სასამართლო მიუთითებს, რომ ზიანი წარმოადგენს პირის ქონებრივი და არაქონებრივი ინტერესების მისი ნების გარეშე ხელყოფას, რისი ანაზღაურებაც აღიარებულია ბრუნვის წეს-ჩვეულებებით და შეზღუდული არ არის კანონმდებლობით. როგორც საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, ასევე განვითარებული ქვეყნების კანონმდებლობა, ერთმანეთისაგან განასხვავებს ქონებრივ და არაქონებრივ ზიანს. ქონებრივი ზიანი ქონებრივი სიკეთის ხელყოფით შემოიფარგლება. არაქონებრივი ზიანი ეტიმოლოგიურად მორალური ზიანის იდენტურია. ქონებრივ ზიანში იგულისხმება არა მხოლოდ დაზარალებულის ქონებრივი აქტივების შემცირება, არამედ პასივების გაზრდაც. როგორც ზიანის მიყენების ფაქტი, ასევე განცდილი ზიანის ოდენობის დამტკიცების ტვირთი აწევს დაზარალებულ მხარეს ანუ კრედიტორს, რომელიც სასამართლო პროცესში წარმოადგენს მოსარჩელეს. ზიანის ანაზღაურების ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს რეალურად განცდილი დანაკარგების ჯამს. ის არ უნდა ატარებდეს მოვალის მიმართ სადამსჯელო ხასიათს და არ უნდა წარმოადგენდეს საჯარიმო სანქციას, რამეთუ ვალდებულების დარღვევისათვის სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის არსი მდგომარეობს კრედიტორისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებაში და არა მოვალის დასჯაში. ზიანის ანაზღაურების ინსტიტუტი მიმართულია ვალდებულების დარღვევის პრევენციასა და მხარეთა ინტერესთა წონასწორობის აღდგენაზე. ზიანის ანაზღაურება გულისხმობს შემდეგი პრინციპების დაცვას: ზიანის სრულად ანაზღაურება; უსაფუძვლო გამდიდრების არდაშვება; ადექვატურობა.
სასამართლო მიუთითებს კიდევ ერთ განსხვავებაზე დელიქტით მიყენებული ზიანის გამარტივებული და ჩვეულებრივი სასარჩელო წესით განხილვას შორის, ვინაიდან გამარტივებული წესით სარჩელის განხილვისას, სასამართლო კვლევისა და შეფასების საგანია მხოლოდ ზიანის ოდენობა იმ შემთხვევაში, როდესაც განაჩენით/ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციული აქტით იგი არ არის დადგენილი. ასეთ დროს ზიანის ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულება მოსარჩელემ უნდა წარადგინოს. ჩვეულებრივი სასარჩელო წესით დელიქტის შედეგად მიყენებული ზიანის შესახებ სარჩელის განხილვის დროს კი, მხარეები სსსკ-ის 102-ე და 103-ე მუხლების შესაბამისად წარუდგენენ, როგორც მართლსაწინააღმდეგო ქმედების, ასევე ზიანის ფაქტის, მიზეზობრივი კავშირისა და ზიანის ოდენობის ამსახველ მტკიცებულებებს, ხოლო სასამართლო წარმოდგენილ მტკიცებულებებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად აფასებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მუხლი 30917-ე მუხლის თანახმად, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელს უნდა დაერთოს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც დასტურდება ზიანის მიყენების ფაქტი. თუ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ შეიცავს მიყენებული ზიანის გაანგარიშებას, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელს შეიძლება ასევე დაერთოს უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ შედგენილი დოკუმენტი, რომელშიც განსაზღვრული იქნება მიყენებული ზიანის ოდენობა.
შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30917-ე მუხლი განსაზღვრავს სარჩელზე დასართავ მტკიცებულებათა წრეს, კერძოდ, სარჩელი უნდა შეიცავდეს ზიანის ოდენობის ამსახველ მტკიცებულებას. აღნიშნულს შეიძლება მოიცავდეს თვით განაჩენი ან კიდევ, შესაძლებელია, მითითებული მტკიცებულების დამოუკიდებლად შექმნა და სარჩელზე დართვა (იხ. სუსგ, საქმე №ას-1322-2018, 04 აპრილი, 2019 წელი).
დადგენილია, რომ მოსარჩელეს და შპს ,,სა-------------------------------–ოს’’ შორის 2016 წლის 05 მარტს დაიდო სესხის ხელშეკრულება №9---, რომლის თანახმადაც მოსარჩელემ შპს ,,სა-------------------------------–ოს’’ სესხის სახით გადასცა 25000 ლარი. ასევე ის გარემოება, რომ მოსარჩელეს და შპს ,,სა-------------------------------–ოს’’ შორის 2016 წლის 19 მარტს დაიდო სესხის ხელშეკრულება №9---, რომლის თანახმადაც მოსარჩელემ შპს ,,სა-------------------------------–ოს’’ სესხის სახით გადასცა 11000 ლარი. ასევე უდავოა მსესხებლის მიერ მოსარჩელისათვის სესხის ხელშეკრულებების საფუძველზე გადაცემული თანხების - ჯამში 36000 ლარის დაუბრუნებლობის ფაქტი.
განსახილველ შემთხვევაში საქმეზე წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებები, რომლებიც უდავოდ ადასტურებს მხარეთა შორის სასესხო ურთიერთობის არსებობის ფაქტს და მიუთითებს იმ თანხების ოდენობაზე, რომელიც მოსარჩელემ გადასცა შპს ,,სა-------------------------------–ოს’’, წარმოადგენს სწორედ იმ განკუთვნად მტკიცებულებებს, რომელთაც ადასტურებს მოპასუხეთა დანაშაულებრივი ქმედების შედეგად მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის ოდენობას.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მოპასუხეებს ეკისრებათ სოლიდარულად მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის - 36000 ლარის ანაზღაურება.
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტების ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30917-ე, 30920-ე მუხლები; საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე, 992-ე, 998-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).
სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო საქმეებზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებისა და ზოგადად, მართლმსაჯულების განხორციელების უწინარეს საფუძველს წარმოადგენს იმის სწორად განსაზღვრა, თუ რა სამართლებრივი საფუძვლიდან გამომდინარეობს მხარეთა შორის წარმოშობილი დავა. ამ მიზნით, საქმის განმხილველმა სასამართლომ პირველყოვლისა, უნდა დაადგინოს მოთხოვნის მატერიალური საფუძველი [მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა]. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გამოარკვიოს მოძიებული ნორმის წინაპირობები, მისი აბსტრაქტული შემადგენლობა და შეამოწმოს განხორციელებულია თუ არა განსახილველ საქმეზე ყველა მათგანი. ამ ასპექტში, ფორმალურ სამართლებრივი თვალსაზრისით, სასამართლო შეზღუდულია სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებით: იგი ამოწმებს თუ რომელ კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითებს მოსარჩელე, ქმნიან თუ არა ისინი დამფუძნებელი ნორმის უკლებლივ ყველა წანამძღვარს. ამის შემდეგ მოწმდება თუ რამდენად აქარწყლებს წარმოშობილ წანამძღვრებს მოპასუხის პოზიცია (პროცესუალური და მატერიალური თვალსაზრისით) (იხ. სუსგ №ას-53-49-2017, 07 აპრილი 2017 წელი).
მოთხოვნის საფუძველი სამოქალაქო სამართალში, ზოგადად არის სამართლის ის ნორმა, რომელიც დამოუკიდებლად ან სხვა მოთხოვნის საფუძვლებთან ერთობლიობაში აფუძნებს ამა თუ იმ მოთხოვნას ანუ სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა კონკრეტულ უფლება-მოვალეობებს (იხ. ბოელინგი/ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე სასამართლო გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, მეორე გამოცემა, თბ., 2004, 38.) კერძოსამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმების დანიშნულებაა ურთიერთობაში მონაწილე სუბიექტების უფლებების განსაზღვრა და მათი განხორციელების უზრუნველყოფა. მოთხოვნა უფლების რეალიზაციის კანონით გათვალისწინებული შესაძლებლობაა.
უშუალოდ მოთხოვნის საფუძვლის (საფუძვლების) ძიებისას კი სასამართლოსათვის ამოსავალია ის კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას. სწორედ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები და გარემოებები განსაზღვრავენ მისი მოთხოვნის შინაარსს. სასამართლომ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, უნდა გაარკვიოს, თუ საიდან გამომდინარეობს მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, კერძოდ, სახელშეკრულებო შეთანხმებებიდან თუ სხვა ვალდებულებითი ურთიერთობებიდან.
საქმის გარემოებათა ანალიზის საფუძველზე მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის დადგენა, აგრეთვე მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის მოძიება და სადავო ურთიერთობის სამართლებრივი შეფასება სასამართლოს ვალდებულებაა, მიუხედავად იმისა, ედავებიან თუ არა ამ შეფასებას მხარეები.
წარმოდგენილი სარჩელი ემყარება დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას.
6.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30917-ე მუხლის თანახმად, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელს უნდა დაერთოს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს ან თანამდებობის პირის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც დასტურდება ზიანის მიყენების ფაქტი. თუ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს ან თანამდებობის პირის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ შეიცავს მიყენებული ზიანის გაანგარიშებას, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელს შეიძლება ასევე დაერთოს უფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ შედგენილი დოკუმენტი, რომელშიც განსაზღვრული იქნება მიყენებული ზიანის ოდენობა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30920-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვისას სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ზიანის მიყენების ფაქტს, რომელიც დასტურდება კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენით ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
განსახილველ შემთხვევაში, სისხლის სამართლის საქმეზე დამდგარი განაჩენით დადგენილია მოპასუხეთა ბრალეულობა მოსარჩელის მიმართ დამდგარ ზიანში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
აღნიშნული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, ნებისმიერმა პირმა უნდა აანაზღაუროს მის მიერ მიყენებული ზიანი. სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს დელიქტური ვალდებულება წარმოადგენს. ამგვარი ვალდებულებები არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა. სამოქალაქო კოდექსის ზემოთ მითითებული ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა არსებობდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას. უპირველეს ყოვლისა გასათვალისწინებელია, რომ ზიანის ანაზღაურების ინსტიტუტი ემსახურება არა ზიანის მიმყენებლის დასჯას, არამედ იმ დანაკლისის შევსებას, რომელიც მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად სხვა პირს მიადგა. ზიანი შეიძლება გამოიხატოს პირადი ქონების დაზიანებაში ან განადგურებაში. ანდა ისეთ ქმედებაში, როდესაც პირი კარგავს მის კუთვნილ ქონებას. სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი ადგენს პრინციპს, რომლის მიხედვით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს სრული მოცულობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXXIV3 თავის - ,,ცალკეული დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვის გამარტივებული წესის’’ თანახმად, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ზიანის მიყენების ფაქტი, რომელიც დასტურდება კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენით. შესაბამისად, მოსარჩელის მტკიცების ტვირთი, ზიანის მიყენების ფაქტის დამადასტურებლად შემოიფარგლება, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენის წარმოდგენით.
სამოქალაქო კოდექსის 998-ე მუხლის თანახმად, თუ ზიანის დადგომაში მონაწილეობს რამდენიმე პირი, ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები.
წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია მოპასუხეთა მიერ ასანაზღაურებელი ზიანის ოდენობა. კერძოდ, დადგენილია, რომ მოპასუხეებს ეკისრებათ სოლიდარულად მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის - 36000 ლარის ანაზღაურება.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, არსებობს წარმოდგენილი სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
7. საპროცესო ხარჯები
მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სსსკ-ის 46-ე მუხლის საფუძველზე. დავის საგნის ფასის და სახელმწიფო ბაჟის გადახდის დაანგარიშების პრინციპიდან გამომდინარე (სსსკ-ს 41-ე და 39-ე მუხლები), სსსკ-ის 53-ე და 55-ე მუხლების დანაწესის შესაბამისად, მოპასუხეებს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება დავის საგნის ღირებულების 3%-ის ოდენობით.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 39-ე, 46-ე, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 365-ე, 367-ე, 30921-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. კა---–---------------ის სარჩელი მოპასუხეების - მე------------ის, თა------–---–----ის და თა---------------–ის მიმართ დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე დაკმაყოფილდეს;
2. მოპასუხეებს - მე------------ეს, თა------–---–----ეს და თა---------------–ს მოსარჩელე კა---–---------------ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურება 36000 ლარის ოდენობით;
3. მოპასუხეებს - მე------------ეს, თა------–---–----ეს და თა---------------–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 1080 ლარის ანაზღაურება;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
6. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე თინათინ ეცადაშვილი