განაჩენი

სისხლის სამართლის 25.11.2019
საქმის ნომერი
330100119003182144
თარიღი
25.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/4188-19

(#0-----------)

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

25 ნოემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე - ლავრენტი მაღლაკელიძე

სხდომის მდივანი - მამუკა გოგოლიძე

ბრალდების მხარე:

პროკურორი - გიორგი გოგალაძე

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - გ---------------ს ძე შ---------ი (დაბადებული - 1----–-–----------------–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი #1----------, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის მქონე, დაოჯახებული, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ქ.თბილისში, ბ------------------------–-;), ამჟამად აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ქვეშ მყოფი.

 

ადვოკატი - მაია ყანდინაშვილი

 

კვალიფიკაცია: (ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი და (ბ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილი.

 

დისპოზიცია: (ა) განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა და კულტივირება, ჩადენილი იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ნარკოტიკული დანაშაულის თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული (ბ) ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობა.

 

სხდომის სახე ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. გ------ი შ---------ი, რომელსაც თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------–ის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამორთმეული ჰქონდა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, აღნიშნული ვადის გასვლამდე, 2018 წლის 07 ივნისს, დაახლოებით 22:00 საათზე, ქ.თბილისში, ა--------------ის ქუჩაზე, მართავდა ,,მერსედესის“ მარკის ავტომანქანას, სახელმწიფო ნომრით - R------.

 

1.2. გ------ი შ---------მა, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------–ის განაჩენით ნასამართლევი იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, 2019 წლის მარტის თვიდან 2019 წლის 06 აგვისტოს ჩათვლით, ქ.თბილისში, ბ-------------------------------ში მდებარე თავისი საცხოვრებელი სახლის ეზოში უკანონოდ განახორციელა 24 ძირი, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე კანაფის - საერთო წონით 30742 გრამი, დათესვა, მოყვანა და კულტივირება, რაც ამოღებულ იქნა მისი საცხოვრებელი სახლის ეზოდან.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

2.1. გ------ი შ---------ის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენა ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: მოწმეების რ----------–--–-–---–ის, გ-----------–---–ის, დ--------------ის, ნ-----–- შ---------ის, კ------- ჭ------ს, ვ----– ფ------–---–ის, ი--------–---–---ის და თავად გ------ი შ---------ის გამოკითხვის ოქმებს, 2019 წლის 06 აგვისტოს საცხოვრებელი სახლისა და ეზოს ჩხრეკის ოქმს და ამოღებულ ნივთიერ მტკიცებულებებს, ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმს და თანდართული ფოტომასალას, 2----–-–----- აგვისტოს დაკავების ოქმს, საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ნარკოლოგიური გამოკვლევის 2019 წლის 7 აგვისტოს #------- დასკვნას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2----–-–----- აგვისტოს ქიმიური ექსპერტიზის #------- დასკვნას, 2018 წლის 07 ივნისის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის #ათ 0-------- ოქმს, მოძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებას, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2----–-–------------–ის განაჩენს და სხვა წერილობით მტკიცებულებებს;

 

2.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულ გ------ი შ---------ის სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც, ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.

 

2.3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

2.4. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).

 

2.5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 1.1. და 1.2. პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლითაც დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს. სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ მოპოვებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაამტკიცა ბრალდებულ გ------ი შ---------ის ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებებში.

 

3.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლით კრიმინალიზებულია ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირება. განსახილველი დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ნარკოტიკული საშუალების ბრუნვასთან დაკავშირებული ურთიერთობები, რომლებიც მოწესრიგებულია საქართველოს კანონმდებლობით. ამ კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოს ტერიტორიაზე აკრძალულია ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარეების დათესვა, მოყვანა და კულტივირება. დანაშაულის საგანს წარმოადგენს ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე, როგორიცაა ოპიუმის ყაყაჩო, კოკაინის ბუჩქი, ყანაბისი ანუ მარიხუანა, ინდოეთის კანაფი, სამხრეთ-ჩუიის, სამხრეთ მანჯურიის, კრასნოდარის კანაფი და სხვა. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება აქტიურ მოქმედებებში, კერძოდ: ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვაში, მის მოყვანაში ან კულტივირებაში. დათესვა ნიშნავს ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის თესლის ჩათესვას მიწაში. ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის მოყვანა გამოიხატება ამ მცენარის მოვლაში - სარეველა მცენარეებისაგან გათავისუფლებაში, მორწყვაში და სხვა. ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის კულტივირება ნიშნავს მათ დამუშავებას, გაშენებას, ახალი სახეობის გამოყვანას ან იმგვარად გადამუშავებას, რომ ამაღლდეს მისი მოსავლიანობა ან გამძლეობა არახელსაყრელი გარემო პირობებისადმი. განსახილველი დანაშაული დამთავრებულია მუხლის დისპოზიციაში მითითებული ერთ-ერთი მოქმედების შესრულებისთანავე, ესე იგი პირის მიერ ნებისმიერ ადგილას დათესვის, მოყვანის ან ამ მცენარეთა კულტივირების პროცესის დასრულებისთანავე.

 

3.3. რაც შეეხება მაკვალიფიცირებელ გარემოებებს - ა) იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული - ამ პუნქტის სუბიექტია ის პირი, ვისაც წინათ ჩადენილი ჰქონდა ნარკოტიკული დანაშაულის თავით გათვალისწინებული სხვა - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის გარდა - რომელიმე დანაშაული. ამასთან, წინათ ჩადენილი დანაშაულისათვის ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ უნდა იყოს. საქმეში წარმოდგენილი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------–ის განაჩენით გ------ი შ---------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით, რაც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2019 წლის 12 აგვისტოს #----- წერილის თანახმად, აღსრულებულია და თანხა ჯარიმის სახით გადარიცხულია სახელმწიფო ბიუჯეტში 2018 წლის 02 აგვისტოს. შესაბამისად, გ------ი შ---------ი დანაშაულის ჩადენის დროს (2019 წლის მარტის თვიდან - აგვისტოს თვემდე) იმყოფებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით ნასამართლევი პირი და მის მიერ ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა და კულტივირება იძლევა იმ პირის მიერ ჩადენილი დანაშაულის შემადგენლობას, ვისაც წინათ ჩადენილი ჰქონდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ნარკოტიკული დანაშაულის თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული; ბ) განსაკუთრებით დიდი ოდენობით - ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი #1-ის თანახმად, „კანაფი“ წარმოადგენს ბრუნვისათვის მკაცრად შეზღუდულ ნარკოტიკულ საშუალებას. ამავე კანონის დანართი #2-ში განსაზღვრულია უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპულ ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობები, ამავე დანართის (ნუსხის) 73-ე გრაფაში მითითებული ნარკოტიკული საშუალება - „მცენარე კანაფი“ - 750 გრამზე მეტი ითვლება განსაკუთრებით დიდ ოდენობად. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ გ------ი შ---------ის საცხოვრებელი ეზოს ჩხრეკისას ამოღებული 24 (ოცდაოთხი) ძირი მწვანე ფერის ნედლი მცენარე, საერთო წონით - 30742 გრამი წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალება - მცენარე კანაფს, რაც მნიშვნელოვნად აღემატება ზემოაღნიშნული ნუსხით განსაზღვრულ განსაკუთრებით დიდი ოდენობის მინიმალურ ზღვარს - 750 გრამს, შესაბამისად, სახეზეა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა და კულტივირება.

 

3.4. მოცემულ შემთხვევაში მოწმეების რ----------–--–-–---–ის, გ-----------–---–ის, დ--------------ის, ნ-----–- შ---------ის და თავად გ------ი შ---------ის გამოკითხვის ოქმებით, 2019 წლის 06 აგვისტოს საცხოვრებელი სახლისა და ეზოს ჩხრეკის ოქმით და ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებებით, ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით და თანდართული ფოტომასალით, 2----–-–----- აგვისტოს დაკავების ოქმით, საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ნარკოლოგიური გამოკვლევის 2----–-–----- აგვისტოს #------- დასკვნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2----–-–----- აგვისტოს ქიმიური ექსპერტიზის #------- დასკვნით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2----–-–------------–ის განაჩენით და სხვა წერილობით მტკიცებულებებით დადგენილია ის ფაქტობრივი გარემოებები, რომ გ------ი შ---------მა, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------–ის განაჩენით ნასამართლევი იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, 2019 წლის მარტის თვიდან 2019 წლის 16 აგვისტოს ჩათვლით, ქ.თბილისში, ბ-------------------------------ში მდებარე თავისი საცხოვრებელი სახლის ეზოში უკანონოდ განახორციელა 24 ძირი, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე კანაფის - საერთო წონით 30742 გრამი, დათესვა, მოყვანა და კულტივირება, რაც ამოღებულ იქნა მისი საცხოვრებელი სახლის ეზოდან.

 

3.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით კრიმინალიზებულია ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა ანდა მისი შესრულებისათვის ხელის შეშლა. განსახილველი დანაშაულის სისხლისსამართლებრივი დაცვის უშუალო ობიექტია მართლმსაჯულების ინტერესი სამართალშეფარდების პროცესის რეალიზაციის უზრუნველსაყოფად, ესე იგი ის ურთიერთობები, რომლებიც უზრუნველყოფენ სასამართლოს კანონიერ საქმიანობას მიღებულ გადაწყვეტილებათა შესასრულებლად. დანაშაულის საგანია დოკუმენტურად გაფორმებული პროცესუალური აქტი, რომელიც სასამართლოს მიერ არის გამოტანილი - სასამართლო განაჩენი ან სხვა გადაწყვეტილება. დანაშაულის ობიექტური მხარე შეიძლება განხორციელდეს როგორც მოქმედებით - სასამართლო გადაწყვეტილების შესრულებისათვის ხელის შეშლით, ისე უმოქმედობით - სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობით. ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა ნიშნავს, რომ პირი, საპატიო მიზეზის გარეშე, არავითარ ზომებს არ იღებს ამ აქტებით მიღებული გადაწყვეტილების აღსასრულებლად, მიუხედავად იმისა, რომ მას მისი აღსრულების ვალდებულება აკისრია. რაც შეეხება ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების შესრულებისათვის ხელის შეშლას, იგი, გულისხმობს ნებისმიერი მოქმედების შესრულებას, რაც დააბრკოლებს ან შეუძლებელს გახდის მითითებული სასამართლო აქტების აღსრულებას. განსახილველი დანაშაული ფორმალური შემადგენლობისაა და დამთავრებულად ჩაითვლება ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ანდა მისი შესრულებისათვის ხელის შეშლის მომენტიდან.

 

3.6. მოცემულ შემთხვევაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2----–-–------------–ის განაჩენით, 2018 წლის 07 ივნისის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის #ათ 0-------- ოქმით, მოწმეების კ------- ჭ------ს, ვ----– ფ------–---–ის, ი--------–---–---ის და თავად გ------ი შ---------ის გამოკითხვის ოქმებით, მოძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებით და სხვა წერილობითი მტკიცებულებებით დადგენილია ის ფაქტობრივი გარემოებები, რომ გ------ი შ---------ი, რომელსაც თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------–ის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამორთმეული ჰქონდა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, აღნიშნული ვადის გასვლამდე, 2018 წლის 07 ივნისს, დაახლოებით 22:00 საათზე, ქ.თბილისში, ა--------------ის ქუჩაზე, მართავდა ,,მერსედესის“ მარკის ავტომანქანას, სახელმწიფო ნომრით - R------.

 

3.7. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ გ------ი შ---------ი სამართალწარმოების მთელი პროცესის განმავლობაში აღიარებდა და ინანიებდა ბრალად წარდგენილ დანაშაულებს, დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას თავი დამნაშავედ აღარ ცნო განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვის, მოყვანის და კულტივირების ბრალდებაში და განმარტა, რომ იგი მანამდე თავს დამნაშავედ ცნობდა იმ იმედით, რომ მასთან გაფორმდებოდა საპროცესო შეთანხმება და მიიღებდა შეღავათიან სასჯელს, ხოლო მას მერე, რაც საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე პროკურორისაგან მიიღო უარი, აღარ მიიჩნევს მიზანშეწონილად, რომ აღიაროს ის დანაშაული, რომელიც მისი თქმით არ ჩაუდენია, კერძოდ, მისი განმარტებით ქ.თბილისში, ბ-------------------------------ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ეზოდან ამოღებული 24 ძირი მცენარე კანაფი მას არ ეკუთვნის.

 

3.8. ბრალდებულის მიერ დასკვნით სიტყვაში მოყვანილ არგუმენტებს სასამართლო უსაფუძვლოდ მიიჩნევს, რადგან გ------ი შ---------ის საცხოვრებელი სახლისა და ეზოს ჩხრეკა ჩატარებულია საპროცესო ნორმების დაცვით, რა დროსაც ამოღებულ იქნა 24 ძირი მცენარე კანაფი, რომლის კუთვნილება ჩხრეკის პროცესში დაადასტურა თავად ბრალდებულმა გ------ი შ---------მა, კერძოდ, ოქმში მან საკუთარი ხელით გააკეთა ჩანაწერი, რომ მისი საცხოვრებელი ეზოს ნიადაგიდან ამოღებული მომწვანო ფერის მცენარე არის ე.წ. მარიხუანა, რომელიც დათესა პირადად და უნდოდა პირადი მოხმარებისთვის, ხოლო შემდეგ რაიმე პრეტენზიის გამოუთქმელად ოქმზე ხელმოწერით დაადასტურა როგორც ეზოს ჩხრეკის სისწორე, ასევე მის მიერ ოქმზე გაკეთებული ჩანაწერი. მართალია ბრალდებული არ არის შეზღუდული გამოძიების დროს მის მიერ ბრალის აღიარებით ან უარყოფით, მაგრამ ბრალდებულის განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ იგი საწყის ეტაპზე წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ ცნობდა მხოლოდ იმის გამო, რომ გაფორმებულიყო მასთან საპროცესო შეთანხმება და მიიღებდა შეღავათიან სასჯელს, დამაჯერებლობას მოკლებულია, რამდენადაც მას უფლება ჰქონდა არ დაებრალებინა დანაშაული და ესარგებლა სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლებით.

 

3.9. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ გ------ი შ---------მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა და კულტივირება, ჩადენილი იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ნარკოტიკული დანაშაულის თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით - ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობა - გათვალისწინებული დანაშაულები. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

4.1. გ------ი შ---------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობის ბრალდებას, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა მისი ნასამართლობა.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, “სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

5.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

5.3. განაჩენის 5.1. - 5.2. პუნქტებთან მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

5.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მე-3 ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან თორმეტ წლამდე ვადით, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილი - ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას - ორ წლამდე ვადით.

 

5.5. სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს სასჯელი ინიშნება თითოეული დანაშაულისათვის ცალ-ცალკე, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ანდა ამ დანაშაულთათვის განსაზღვრული სასჯელები ნაწილობრივ ან მთლიანად შეიკრიბება.

 

5.6. გ------ი შ---------ის მიმართ სასჯელის დანიშვნის დროს ხაზგასასმელია, ის გარემოება, რომ მის მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულები ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე, განზრახი მძიმე და ნაკლებად მძიმე დანაშაულებისათვის ნასამართლევი პირი მიერ, კერძოდ, გარდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------–ის განაჩენისა, რომლის თანახმადაც, გ------ი შ---------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, საქმეში წარმოდგენილია აგრეთვე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------- განაჩენი, რომლის თანახმადაც, გ------ი შ---------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 11 (თერთმეტი) წლის ვადით, რომლის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო - 2005 წლის 08 ნოემბრიდან. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 20---–-–-------------- განაჩენით გ------ი შ---------ი ასევე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე კოდექსის 3782-ე მუხლის პირველი ნაწილით და ამავე კოდექსის 19,379-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და საბოლოოდ, დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა -12 (თორმეტი) წლის, 10 (ათი) თვის და 27 (ოცდაშვიდი) დღის ვადით, რომლის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო - 2008 წლის 14 მარტიდან. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------------–ის განჩინებით, „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე გ------ი შ---------ს ¼-ით შეუმცირდა დანიშნული სასჯელები და განაჩენთა ერთობლიობით საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 11 (თერთმეტი) წლის, 07 (შვიდი) თვის და 15 (თხუთმეტი) დღის ვადით. მსჯავრდებული გ------ი შ---------ი პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2017 წლის 22 ივნისს - სასჯელის მოხდით. ზემოაღნიშნულის საფუძველზე დგინდება, რომ განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე დანაშაულების ჩადენის დროს - ქმედების ჩადენის დრო - გ------ი შ---------ი ნასამართლევი იყო განზრახი დანაშაულებისათვის (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე კოდექსის 3782-ე მუხლის პირველი ნაწილით და ამავე კოდექსის 19,379-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის) და მას ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ჰქონდა (ქმედების ჩადენის დროსთან დაკავშირებით იხ.: საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 13 მაისი N1/1/428,477,459 გადაწყვეტილების მე-9 პუნქტი; უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 6 ივნისის N108აგ-16 გადაწყვეტილება; უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 5 დეკემბრის N349აპ-17 გადაწყვეტილება). აღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდებულ გ------ი შ---------ის სამართლებრივი სტატუსი იძლევა მის მიერ განხორციელებული დანაშაულების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-17 მუხლით გათვალისწინებული რეციდივის შემთხვევას, რა დროსაც სასამართლო სასჯელის დანიშვნისას იყენებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ წესს, რომლის თანახმადაც, „დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას“. გამომდინარე აქედან, სასამართლო გ------ი შ---------ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებისათვის სასჯელის განსაზღვრისას გაავრცელებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლით კანონმდებლის მიერ იმპერატიულად გამოხატულ დანაწესს.

 

5.7. სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც. სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულის მიერ ჩადენილია განზრახი დანაშაულები, მათ შორის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული განეკუთვნება განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულს, რომლის ჩადენისათვის კანონმდებლის მიერ უალტერნატივოდ სასჯელის სახედ გათვალისწინებულია მხოლოდ და მხოლოდ თავისუფლების აღკვეთა.

5.8. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო სასჯელის დანიშვნისას გ------ი შ---------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად ითვალისწინებს იმას, რომ იგი ნაწილობრივ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებებს, მტკიცებულებები გახადა უდავოდ, გარდა ამისა, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის კანონის შესაბამის ქცევაზე სასამართლოში საქმის განხილვისას. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, დანაშაულის რეციდივის გათვალისწინებით, გ------ი შ---------ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა უნდა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, უნდა განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით, რაც ჩადენილი დანაშაულების სიმძიმის, მათი საზოგადოებრივი საშიშროებისა და გ------ი შ---------ის პიროვნების გათვალისწინებით სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის ინტერესს.

 

5.9. ამასთან, გ------ი შ---------ს, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს და ნარკოტიკული დანაშაულის თავით გათვალისწინებული დანაშაულის განმეორებით ჩამდენს, უნდა ჩამოერთვას ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებული უფლებები, რომლის ვადის ათვლაც ამავე კანონის მე-5 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, უნდა დაეწყოს სასჯელის მოხდის მომენტიდან.

 

6. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

6.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები:

- გ------ი შ---------ის საცხოვრებელი სახლის და ეზოს ჩხრეკისას ამოღებული 24 ძირი ნარკოტიკული საშუალება - მცენარე კანაფი, რომელიც ინახება საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარ სამმართველოში, ასევე, სამი ცალი ხის ნაჭერი და მავთულის კონსტრუქცია, რომელიც ინახება საქართველოს შს სამინისტროს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მე-9 განყოფილებაში, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, უნდა განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;

- გ------ი შ---------ის საცხოვრებელი სახლის და ეზოს ჩხრეკისას გადაღებული ფოტოსურათები, განთავსებული ერთ ცალ კომპიუტერულ დისკზე, შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე-260-ე, 268-ე-269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე-279-ე, 292-293-ე მუხლებით და,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. გ------ი შ---------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის გათვალისწინებით, განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით.

 

2. გ------ი შ---------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის გათვალისწინებით, განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით.

 

3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ------ი შ---------ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით.

 

4. მსჯავრდებულ გ------ი შ---------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და მსჯავრდებულ გ------ი შ---------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 7 აგვისტოდან.

 

5. მსჯავრდებულ გ------ი შ---------ს, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას: საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 15 (თხუთმეტი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება. უფლებების ჩამორთმევის შესახებ ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.

 

6. მსჯავრდებულ გ------ი შ---------ს ზ/აღნიშნული უფლებების ჩამორთმევის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდისთანავე.

 

7. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები:

- გ------ი შ---------ის საცხოვრებელი სახლის და ეზოს ჩხრეკისას ამოღებული 24 ძირი ნარკოტიკული საშუალება - მცენარე კანაფი, რომელიც ინახება საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარ სამმართველოში, ასევე, სამი ცალი ხის ნაჭერი და მავთულის კონსტრუქცია, რომელიც ინახება საქართველოს შს სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მე-9 განყოფილებაში, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ - განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;

 

- გ------ი შ---------ის საცხოვრებელი სახლის და ეზოს ჩხრეკისას გადაღებული ფოტოსურათები, განთავსებული ერთ ცალ კომპიუტერულ დისკზე, შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

 

8. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

9. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძე