გადაწყვეტილება

სამოქალაქო 21.01.2020
საქმის ნომერი
170210119003182715
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
21.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1-----------------

საქმე #2/151-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

21 იანვარი, 2020 წელი ქ. თეთრიწყარო

შესავალი ნაწილი:

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო

მოსამართლე ბადრი ნიპარიშვილი

სხდომის მდივანი ინგა გონჯილაშვილი

მოსარჩელე - ს-----–--------------- (ს/------------

წარმომადგენელი - გ--------------

მოპასუხე - ნ------------–---- (პ---------------

წარმომადგენელი - პ-------------

დავის საგანი: სამართალმემკვიდრედ აღიარება, უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობა, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდა

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ნ------------–---- აღიარებული იქნეს გარდაცვლილი დ------–---–------- სამართალმემკვიდრედ და უძრავი ნივთის ს------------------- მესაკუთრედ და აღნიშნულის საფუძველზე მოხდეს უძრავ ქონებაზე ნ------------–----ს საკუთრების რეგისტრაცია.

1.2. ნ------------–---- ს----–---------------- სასარგებლოდ დაეკისროს ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის და ხელშეკრულების პირობების დარღვევიდან გამომდინარე 13853,21 ლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხაა - 9892,28 ლარი, პროცენტი - 1071,15 ლარი და ჯარიმა 2889,78 ლარი.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

ს----–---------------- და დ------–---–------ შორის 2018 წლის 5 ივნისს გაფორმდა „საბანკო კრედიტის ხელშეკრულება“, რომლის საფუძველზეც, ბანკის მიერ გაცემულ იქნა საკრედიტო თანხა 10 000 ლარის ოდენობით, წლიურ 12,25 პროცენტად და ხელშეკრულების ვადად განისაზღვრა 02.07.2020 წელი. ხელშეკრულებასთან ერთად მხარეს გადაეცა სესხის დაფარვის შესაბამისი გრაფიკი. ბანკმა 2019 წლის წერილებით მიმართა მსესხებელს და განუმარტა მას, რომ 5 სამუშაო დღის განმავლობაში ნებაყოფლობით უზრუნველეყო ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკით გათვალისწინებული თანხების და დარიცხული ჯარიმის გადახდა. აღნიშნულ წერილს მხარეების მხრიდან არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია. გამომდინარე იქიდან, რომ მოპასუხე მხარის მიერ არ შესრულდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, არ იქნა დაბრუნებული საკრედიტო თანხები ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებითა და ვადებში და ამასთან ბანკის მიერ მხარე არაერთხელ იქნა გაფრთხილებული არსებული დავალიანების ნებაყოფლობით დაფარვასთან დაკავშირებით, რამაც არსებითი შედეგი არ გამოიღო ბანკი ვალდებულია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვის თავისი კანონიერი მოთხოვნის დაკმაყოფილება. დღეის მდგომარეობით დ------–---–------- დავალიანება ს----–---------------- წინაშე შეადგენს 13853,21 ლარს, საიდანაც ძირითადი თანხაა - 9892,28 ლარი, % - 1071,15 ლარი და ჯარიმა - 2889,78 ლარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე ნ------------–----- წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ სცნო და განმარტა, რომ სარჩელი მოკლებულია სამართლებრივ საფუძვლებს, ასევე მის დაკმაყოფილებას გამორიცხავს ის გარემოება, რომ მოთხოვნა ხანდაზმულია, რადგან თუ მოსარჩელეს მიაჩნია, რომ მისი მოთხოვნის არდესატს წარმოადგენს ნ------------–----, მოსარჩელე მხარის მიერ დარღვეულია სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლით გათვალისწინებული შეცილების ვადა, რაც წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ს----–---------------- და დ------–---–------ შორის 2018 წლის 5 ივნისს გაფორმდა „საბანკო კრედიტის ხელშეკრულება“, რომლის საფუძველზეც, ბანკის მიერ გაცემულ იქნა საკრედიტო თანხა 10000 ლარის ოდენობით, წლიურ 12,25 პროცენტად და ხელშეკრულების ვადად განისაზღვრა 02.07.2020 წელი. ხელშეკრულებასთან ერთად მხარეს გადაეცა სესხის დაფარვის შესაბამისი გრაფიკი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2018 წლის 5 ივნისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები, #4--------------, ს.ფ.19.

- 2018 წლის 5 ივნისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება #4--------------, ს.ფ. 20-22.

- სესხის დაფარვის გრაფიკი, ს.ფ. 23.

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება.

 

3.1.2. 2019 წლის 2 ივლისის მდგომარეობით, 2018 წლის 5 ივნისის 4-------------- საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დ------–---–------- (პ--------------) დავალიანება ს-----–----------------- წინაშე შეადგენს 13853,21 ლარს, საიდანაც ძირითადი თანხაა - 9892,28 ლარი, % -1071,15 ლარი და ჯარიმა 2889,78 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2019 წლის 2 ივლისის #----------- დავალიანების ცნობა, ს.ფ. 18.

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება.

 

3.1.3. 2018 წლის 5 ივნისის 4-------------- საკრედიტო ხელშეკრულების პირობები დარღვეულ იქნა დ------–---–------- მიერ და მის მიერ 2018 წლის 2 აგვისტოს შემდგომ არ მომხდარა დავალიანების დაფარვა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება.

- გადახდის ისტორია, ს.ფ. 31-32.

 

3.1.4. 2019 წლის 20 აგვისტოს ს----–---------------- წარმომადგენელმა გ--------------მ განცხადებით მიმართა ნოტარიუს თ---------------–---ს, რომ სსიპ „საქართველოს ნოტარიუსთა პალატის“ სამკვირო ქონების რეესტრის თანახმად, დასტურდება გარდაცვლილ დ------–---–------- (პ--------------) სამკვიდრო ქონების თაობაზე რეესტრში არსებული ჩანაწერის ფაქტი. ჩანაწერების თანახმად, 2018 წლის 6 სექტემბერს ნოტარიუს თ---------------–---- მიერ მოხდა სამკვიდროს მიღება/სამკვიდრო მოწმობის გაცემის შესახებ განცხადების დამოწმება. ეთხოვა შეძლებისდაგვარად მოკლე ვადებში გადაეგზავნა აღნიშნული სამკვიდრო მოწმობის ასლი ან მიეწოდებინა ინფორმაცია თუ ვისზე გაიცა სამკვიდრო მოწმობის დოკუმენტი (შესაბამისი პიროვნების სახელის, გვარის და პირადი ნომრის მითითებით). აღნიშნული მონაცემების გამოთხოვის საჭიროება გამომდინარეობს იქიდან, რომ გარდაცვლილ დ------–---–------ ს----–-------------–-- უფიქსირდება დავალიანება საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე. ვინაიდან მოვალე გარდაცვლილია და ბანკს გააჩნია კანონიერი ინტერესი საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის (რომელიც შეიძლება გახდეს ხანდაზმული) დაკმაყოფილების მიზნით და აღნიშნულის განსახორციელებლად საჭიროა დადგინდეს გარდაცვლილის კანონისმიერი მემკვიდრეები (უფლებამონაცვლეები), ეთხოვა გადაეგზავნათ 2019 წლის 6 სექტემბერს დამოწმებული სამკვიდრო მოწმობის ასლი, ინფორმაცია ვისზე გაიცა სამკვიდრო მოწმობის დოკუმენტი (შესაბამისი პიროვნების სახელის, გვარის და პირადი ნომრის მითითებით).

 

2019 წლის 30 აგვისტოს ნოტარიუს თ---------------–---- მიერ ს----–---------------- წარმომადგენელს გ--------------ს ეცნობა, რომ 2018 წლის 6 სექტემბერს ნოტარიუს თ---------------–---- სანოტარო ბიუროში გაიხსნა სამკვიდრო საქმე - 2018 წლის 16 ივლისს გარდაცვლილ დ------–---–------- (დ---------------–-) პირადი #------------ -სამკვიდრო ქონებაზე - მისი მეუღლის ნ------------–----ს (დ---------------–. პირადი #-----------) მიერ სამკვიდროს მისაღებად შემოტანილი განხადების საფუძველზე, რეესტრის #1810-0697. დღეისათვის დ------–---–------- სამკვიდრო ქონებაზე სამკვიდრო მოწმობა გაცემული არ არის არავის სახელზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- სს----–---------------- წარმომადგენელის გ--------------ს 2019 წლის 20 აგვისტოს განცხადება, ს.ფ. 27-28.

- ნოტარიუს თ---------------–---- 2019 წლის 30 აგვისტოს წერილი, ს.ფ. 30.

 

3.1.5. 2018 წლის 27 აგვისტოს დ------–---–------- ძმამ ლ-----–---–------- (პ--------------) განცხადებით მიმართა ს----–--------------- და აცნობა, რომ „ამა წლის 16 ივლისს გარდაიცვალა ჩემი ძმა დ------------------–---–------ პ--------------, რომელსაც გააჩნდა ლ-------------–- აღებული სახელფასო სესხი. დ------ დარჩა მეუღლე და 2 მცირეწლოვანი შვილი. მეუღლე უმუშევარია და ოჯახში გარდაცვალებამდე მუშაობდა მხოლოდ დ------. აცნობა, რომ ოჯახს სესხის დაფარვის სახსრები არ გააჩნია და გთხოვთ გაითვალისწინოთ აღნიშნული გარემოება“. ლ-----–---–------ არის დ------–---–------ ძმა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ლ-----–---–------ს 2018 წლის 27 აგვისტოს (ს----–---------------- მიერ დამოწმებული) განცხადების ასლი, ს.ფ. 127.

- დ------–---–------- დაბადების მოწმობის ასლი, ს.ფ. 116.

- ლ------–---–------- დაბადების მოწმობის ასლი, ს.ფ. 117.

 

3.1.6. ნ------------–---- დ------–---–------- გარდაცვალების დღიდან ფაქტობრივი ფლობით მიღებული აქვს დ------–---–------- ქონება. დ------–---–------ და ნ------------–---- ჰყავთ ორი მცირეწლოვანი შვილი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა განმარტება.

 

3.1.7. ს----–---------------- მიერ 2019 წლის 20 და 24 ივნისს დ------–---–------, მისამართზე ქ----------–------------------–---–--------, გაეგზავნა შეტყობინებები, რომ მის მიერ არ სრულდება ს----–---------------- წინაშე საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი სასესხო ვალდებულებები, რაც გამოხატება ხელშეკრულებაზე დართული გრაფიკით დადგენილი თანხების გადაუხდელობაში. აღნიშნული გაფრთხილებების უკუგზავნილებზე მითითებულია, რომ გზავნილი ვერ ჩაბარდა არასწორი მისამართის გამო.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ს----–---------------- 2019 წლის 20 ივნისის LB 112-461 და 24 ივნისის LB1130-59 წერილები, ს.ფ.33-34.

- ფოსტის უკუგზავნილები, ს.ფ. 35-36.

 

3.1.8. ს----–---------------- მიერ 2019 წლის 3 სექტემბერს დ------–---–------- მემკვიდრეს, გაეგზავნა #03065/33615 შეტყობინება. ამავე დღეს დ------–---–------- მემკვიდრე ნ------------–---- (პ/ნ-------------- გაეგზავნა #03065/33616 შეტყობინება. ს----–---------------- მიერ 2019 წლის 4 სექტემბერს დ------–---–------- მემკვიდრეს, გაეგზავნა #03065/33617 შეტყობინება. ამავე დღეს დ------–---–------- მემკვიდრე ნ------------–---- (პ--------------- გაეგზავნა #03065/33618 შეტყობინება. ყველა შეტყობინების შინაარსი იდენტურია. შეტყობინებებში მითითებულია, რომ 2019 წლის 3 სექტემბრის მდგომარეობით ს----–--------------- და დ------–---–------ შორის გაფორმებული #--------------- საბანკო საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე მსესხებლის დავალიანება შეადგენს 13853,21 ლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 9892,28 ლარი, სესხზე დარიცხული პროცენტი 1071,15 ლარი, სესხის ვადაგადაცილებული ჯარიმა 2889,78 ლარი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1484-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მემკვიდრეები ვალდებულნი არიან მთლიანად დააკმაყოფილონ მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესები, მაგრამ მიღებული აქტივის ფარგლებში თითოეულის წილის პროპორციულად.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1343-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ არც კანონით და არც ანდერძით მემკვიდრეები არ არიან, ან არც ერთმა მემკვიდრემ არ მიიღო სამკვიდრო, ანდა, როცა ყველა მემკვიდრეს ჩამოერთვა მემკვიდრეობის უფლება, უმკვიდრო ქონება გადადის სახელმწიფოზე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის თანახმად კი სამკვიდროს მიღება შესაძლებელია ორი გზით: სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით და სანოტარო ბიუროში განცხადების წარდგენის გზით. აქედან გამომდინარე იმ შემთხვევაში თუ მის მიერ სამკვიდრო მიღებულია, ეთხოვა შეძლებისდაგვადრად მოკლე ვადაში დაფარონ ბანკის მიმართ არსებული დავალიანება სრულად. წინააღმდეგ შემთხვევაში, ს----–--------------- მიმართავს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებებს.

 

აღნიშნული გაფრთხილებების უკუგზავნილებზე მითითებულია, რომ გზავნილი ვერ ჩაბარდა არასწორი მისამართის გამო.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ს----–---------------- 2019 წლის 3 სექტემბრის #03065/33615 და #03065/336156 შეტყობინებები, ს.ფ. 37-38.

- ს----–---------------- 2019 წლის 4 სექტემბრის #03065/33617 და #03065/336158 შეტყობინებები, ს.ფ. 39-40.

- ფოსტის უკუგზავნილები, ს.ფ. 41-44.

 

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ს----–---------------- სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 623-ე, 867-ე, 1328, 1336-ე, 1484-ე, 1487-ე, 1488-ე, 1499-ე მუხლები, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი 6. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ხოლო 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

ს----–---------------- და დ------–---–------ შორის 2018 წლის 5 ივნისს გაფორმდა „საბანკო კრედიტის ხელშეკრულება“, რომლის საფუძველზეც, ბანკის მიერ გაცემულ იქნა საკრედიტო თანხა 10000 ლარის ოდენობით, წლიურ 12,25 პროცენტად და ხელშეკრულების ვადად განისაზღვრა 02.07.2020 წელი. საბანკო ამონაწერით დასტურდება, რომ დ------–---–------- საბანკო ანგარშზე 2018 წლის 2 აგვისტოს შემდგომ არ განხორციელებულა სესხის გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადახდა.

 

საქმეში წარმოდგენილი მსესხებლის დ------–---–------- ძმის ლ-----–---–------ს მიერ 2018 წლის 27 აგვისტოს ს----–-------------–-- წარდგენილი განცხადებით ბანკს ეცნობა, რომ დ------–---–------ გარდაიცვალა 2018 წლის 16 ივლისს. ლ-----–---–------ს მიერ აღნიშნული განცხადება წარდგენილ იქნა ს----–---------------- თ------–------------–---––-, რომელზედ დატანილია შესაბამისი შტამპი და აღნიშნული განცხადების წარდგენისა და რეგისტრაციის ფაქტი სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოსარჩელის წარმომადგენელმა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან: I. პირველ რიგში – გარდაცვლილის შვილები, გარდაცვლილის შვილი, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დაიბადა, მეუღლე, მშობლები (მშვილებლები).

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1484-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მემკვიდრეები ვალდებულნი არიან მთლიანად დააკმაყოფილონ მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესები, მაგრამ მიღებული აქტივის ფარგლებში თითოეულის წილის პროპორციულად.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1487-ე მუხლის თანახმად, მემკვიდრეები ვალდებულნი არიან შეატყობინონ მამკვიდრებლის კრედიტორებს სამკვიდროს გახსნის შესახებ, თუ მათთვის ცნობილია გარდაცვლილის ვალების შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მამკვიდრებლის კრედიტორებმა ექვსი თვის განმავლობაში იმ დღიდან, რაც მათთვის ცნობილი გახდა სამკვიდროს გახსნის შესახებ, უნდა წარუდგინონ მოთხოვნა მემკვიდრეებს, რომლებმაც მიიღეს სამკვიდრო, მოთხოვნის ვადის დადგომის მიუხედავად.

 

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ მემკვიდრეების კრედიტორებმა არ იცოდნენ სამკვიდროს გახსნის შესახებ, მაშინ მათ უნდა წარუდგინონ მოთხოვნა მემკვიდრეებს ერთი წლის განმავლობაში მოთხოვნის ვადის დადგომიდან.

 

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ამ წესების დაუცველობა გამოიწვევს კრედიტორების მიერ მოთხოვნის უფლების დაკარგვას.

 

მოცემულ შემთხვევაში მსესხებლის, დ------–---–------- ძმის მიერ 2018 წლის 27 აგვისტოს კრედიტორს ეცნობა რომ დ------–---–------ გადაიცვალა 2018 წლის 16 ივლისს, შესაბამისად ბანკისთვის ცნობილი გახდა დ------–---–------- სამკვიდროს გახსნის შესახებ, რადგან პირის გარდაცვალებით იხსნება სამკვიდრო სამოქალაქო კოდექსის 1320-ე მუხლის შესაბამისად.

 

დადგენილია, რომ 2018 წლის ექვს სექტემბერს ნოტარიუს თ---------------–---- სანოტარო ბიუროში გაიხსნა სამკვიდრო საქმე - 2018 წლის 16 ივლისს გარდაცვლილ დ------–---–------- (დ---------------–-) პირადი #------------ - სამკვდრო ქონებაზე - მისი მეუღლის ნ------------–----ს (დაბ. 2-.0-.1---–- პირადი #-----------) მიერ სამკვიდროს მისაღებად შეტანილი განხადების საფუძველზე, რეესტრის #1810-0697.

 

მოპასუხე ნ------------–---- მიუთითებს, რომ მოსარჩელის მიერ დარღვეულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი შეცილების 6 თვიანი ვადა, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

 

მოსარჩელე მხარემ შეცილების ვადასთან დაკავშირებით განმარტა, რომ მას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადა არ დაურღვევია, ვინაიდან, მისთვის ცნობილი არ იყო იმ მემკვიდრეების ვინაობა, რომლებმაც მიიღეს სამკვიდრო. დ------–---–------- მემკვიდრის ვინაობა მათთვის ცნობილი გახდა 2019 წლის 30 აგვისტოს, ხოლო სარჩელი აღძრულია 2019 წლის 12 სექტემბერს კანონის მოთხოვნების სრული დაცვით.

 

მოსარჩელე მიუთითებს, რომ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 30 ოქტომბრის Nას-303-285-2014 გადაწყვეტილება, რომლითაც განმარტებულია, რომ „საკასაციო პალატა, უპირველესად, ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ სსკ-ის 1488.1 მუხლით დადგენილი ექვსთვიანი ვადა არის მამკვიდრებლის კრედიტორთა მიერ უშუალოდ მემკვიდრეებისათვის მოთხოვნის (პრეტენზიის) წარდგენის და არა სასამართლოში სარჩელის შეტანის ვადა. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ, თუ მამკვიდრებლის კრედიტორებმა ზემოხსენებული ვადის დაცვით არ წარუდგინეს მოთხოვნა მემკვიდრეებს, ისინი კარგავენ მოთხოვნის უფლებას, რაც, შემდგომში, სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, ამ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი შეიძლება გახდეს. საკასაციო პალატამ არაერთ საქმეზე განმარტა, რომ „მითითებული ნორმით დადგენილია პრეტენზიის - მოთხოვნის წარდგენის ვადა და არა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა გულისხმობს დროის მონაკვეთს, რომლის განმავლობაშიც სასამართლოსათვის მიმართვის გზით კრედიტორს შეუძლია დაიკმაყოფილოს მოთხოვნა. ამ ვადის გასვლის შემდეგ მოვალეს შეუძლია უარი თქვას კრედიტორის დაკმაყოფილებაზე სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაზე მითითებით. მოთხოვნა კი, როგორც წესი, წარედგინება უშუალოდ მხარეს. საპრეტენზიო ვადაში მოთხოვნის წარუდგენლობა სასამართლოში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია. საპრეტენზიო ვადაში წარდგენილი მოთხოვნა კი, შეიძლება არ დააკმაყოფილოს სასამართლომ, თუ გავიდა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა და მოვალე მიუთითებს ამის თაობაზე“ (იხ. სუსგ, 07.10.2010წ., საქმე №ას-143-136-2010; სუსგ, 22.02.200-წ., საქმე №ას-968-1269-2007). ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პრაქტიკული მნიშვნელობისაა იმ საკითხის გარკვევა, თუ როდიდან იწყება სსკ-ის 1488.1 მუხლით გათვალისწინებული ექვსთვიანი ვადის ათვლა. მითითებული ნორმა ადგენს, რომ ამ ვადის ათვლა იწყება იმ დღიდან, რაც მამკვიდრებლის კრედიტორებმა შეიტყვეს სამკვიდროს გახსნის შესახებ, თუმცა ამავე ნორმის მიხედვით, მამკვიდრებლის მემკვიდრეებმა მოთხოვნა უნდა წარუდგინონ იმ მემკვიდრეებს, რომლებმაც მიიღეს სამკვიდრო. ამდენად, საკასაციო პალატის მოსაზრებით, მოთხოვნის წარდგენის ექვსთვიანი ვადის ათვლისათვის მხოლოდ იმის ცოდნა, რომ სამკვიდრო გაიხსნა, საკმარისი არაა, მამკვიდრებლის კრედიტორებმა უნდა იცოდნენ, ასევე, იმ მემკვიდრეთა ვინაობა, რომლებმაც სამკვიდრო მიიღეს, რათა მათ წარუდგინონ მოთხოვნა. კანონი მემკვიდრეების მიერ სამკვიდროს მიღების ორ გზას ადგენს, კერძოდ, სამკვიდროს ფაქტობრივი დაუფლებით და ნოტარიუსისათვის განცხადების წარდგენით (სსკ-ის 1421-ე მუხლი). იმ შემთხვევაში, თუ კრედიტორებისათვის ცნობილია, როგორც სამკვიდროს გახსნის, ასევე, იმ მემკვიდრეთა შესახებ, რომლებმაც სამკვიდრო მიიღეს, მაშინ კრედიტორებმა მემკვიდრეებს მოთხოვნა უნდა წარუდგინონ სამკვიდროს გახსნის შესახებ ცნობის მიღებიდან ექვს თვეში. ამასთან, შესაძლებელია, კრედიტორებმა იცოდნენ სამკვიდროს გახსნის თაობაზე მამკვიდრებლის გარდაცვალების დღესვე, მაგრამ სამკვიდროს მიმღებ მემკვიდრეთა შესახებ მათ ვერ შეიტყონ სამკვიდროს გახსნის დღიდან ექვს თვეში, მაგალითად, იმ შემთხვევაში, თუ მემკვიდრე ნოტარიუსს განცხადებით მიმართავს სსკ-ის 1424-ე მუხლით დადგენილი ექვსთვიანი ვადის ბოლო დღეს ან კრედიტორისათვის არაა ცნობილი იმ ფაქტების თაობაზე, რომლებიც მემკვიდრის მიერ ამავე ვადაში სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღებას ადასტურებს. ასეთ შემთხვევებში, როგორც წესი, სამკვიდროს მიღების თაობაზე კრედიტორებისათვის ცნობილი ხდება მემკვიდრეთა მიერ სამკვიდრო მოწმობის აღების შემდეგ ან მემკვიდრეობით მიღებული უძრავი ქონების საჯარო რეესტრში რეგისტრაციისას. საკასაციო პალატის მოსაზრებით, ასეთ დროს, მამკვიდრებლის კრედიტორებმა მემკვიდრეებს მოთხოვნა უნდა წარუდგინონ გონივრულ ვადაში იმ დღიდან, რაც მათთვის ცნობილი გახდა მემკვიდრეთა მიერ სამკვიდროს მიღების თაობაზე.“

 

სასამართლოს მოსაზრებით მოსარჩელის მითითება კონკრეტულ გადაწყვეტილებაზე მსგავსი სამართლებრივი საკითხის განმარტების თაობაზე ავტომატურად არ ნიშნავს მის შესაბამისობას განსახილველი საქმის გარემოებების გათვალისწინებით. უზენაესი სასამართლოს ზემოაღნიშულ საქმესა და განსახილველ საქმეს შორის ფაქტების თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი განსხვავებებია, რაც განაპირობებს რეალურად კონკრეტულ განმარტებებს და მათ არსებობის საშუალებას აძლევს. ამდენად, სასამართლო მოცემულ შემთხვევაში ვერ შეიზღუდება უზენაესი სასამართლოს მიერ ზემოაღნიშულ საქმეზე გაკეთებული განმარტებით ვადის ათვლის დასაწყისთან მიმართებით.

 

განსახილველი დავის ფარგებში შესაფასებელია ხანდაზმულია თუ არა მოსარჩელის მიერ მოვალის მემკვიდრის მიმართ მოთხოვნის (პრეტენზიის) წარდგენის ვადა, რაც, თავის მხრივ, სარჩელის დაკმაყოფილებას გამორიცხავს.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის არგუმენტაციას, რომ მოსარჩელის მიერ დაცულია მოვალის მემკვიდრის მიმართ მოთხოვნის (პრეტენზიის) წარდგენის ვადა, რადგან 2018 წლის 2 აგვისტოდან დ------–---–------- საბანკო ანგარიშზე არ მომხდარა სესხის თანხის შეტანა, ხოლო 2018 წლის 27 აგვისტოს ბანკისთვის ცნობილი გახდა დ------–---–------- გარდაცვალებისა და სამკვიდროს გახსნის შესახებ. მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი, ნოტარიუს თ---------------–----ათვის 2019 წლის 20 აგვისტოს გაგზავნილი წერილით დასტურდება, რომ მოსარჩელე მხარისათვის ხელმისაწვდომია ინფორმაცია სსიპ „საქართველოს ნოტარიუსთა პალატის“ სამკვირო ქონების რეესტრის შესახებ, რაც ადასტურებს გარდაცვლილი დ------–---–------- (პ--------------) სამკვიდრო ქონების თაობაზე რეესტრში არსებული ჩანაწერის ფაქტს და აღნიშნული ინფორმაცია მოსარჩელისათვის ხელმისაწვდომი იყო 2018 წლის 6 სექტემბრიდან, სამკვიდროს მისაღებად ნ------------–----ს განცხადების რეგისტრაციის შემდგომ.

 

მსეხებლის მემკვიდრისათვის კრედიტორის მიერ მოთხოვნის წაყენების სამართლებრივი საფუძველია სამოქალაქო კოდექსის 1484-ე მუხლი, რომლის წარდგენის ვადასაც აწესრიგებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1488-ე მუხლი.

 

საკასაციო სასამართლო 2019 წლის 22 თებერვალს ას-1796-2018 საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებით განმარტავს, „რომ პრაქტიკული მნიშვნელობისაა იმ საკითხის გარკვევა, თუ როდიდან იწყება სსკ-ის 1488.1 მუხლით გათვალისწინებული ექვსთვიანი ვადის ათვლა. მითითებული ნორმა ადგენს, რომ ამ ვადის ათვლა იწყება იმ დღიდან, რაც მამკვიდრებლის კრედიტორებმა შეიტყვეს სამკვიდროს გახსნის შესახებ, თუმცა ამავე ნორმის მიხედვით, მამკვიდრებლის მემკვიდრეებმა მოთხოვნა უნდა წარუდგინონ იმ მემკვიდრეებს, რომლებმაც მიიღეს სამკვიდრო. ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოთხოვნის წარდგენის ექვსთვიანი ვადის ათვლისათვის მხოლოდ იმის ცოდნა, რომ სამკვიდრო გაიხსნა, საკმარისი არაა, მამკვიდრებლის კრედიტორებმა უნდა იცოდნენ, ასევე, იმ მემკვიდრეთა ვინაობა, რომლებმაც სამკვიდრო მიიღეს, რათა მათ წარუდგინონ მოთხოვნა. კანონი მემკვიდრეების მიერ სამკვიდროს მიღების ორ გზას ადგენს, კერძოდ, სამკვიდროს ფაქტობრივი დაუფლებით და ნოტარიუსისათვის განცხადების წარდგენით (სსკ-ის 1421-ე მუხლი).

 

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსკ-ის 1499-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სამკვიდრო მოწმობას გასცემს ნოტარიუსი. შესაბამისად, კრედიტორმა, რომლისთვისაც ცნობილი გახდება მოვალის გარდაცვალების შესახებ უნდა შეასრულოს შემდეგი იურიდიული მოქმედება – მან უნდა მიმართოს ნებისმიერ ნოტარიუსს, გარდაცვლილის მემკვიდრეების მიმართ მოთხოვნის წარდგენის პრეტენზიით. ნოტარიუსი კი ვალდებულია, მიიღოს მამკვიდრებლის კრედიტორის წერილობითი განცხადება, კრედიტორის პრეტენზიების შესახებ, განცხადება უნდა შედგეს კერძო ან საჯარო აქტის ფორმით, განცხადება მიიღება მიუხედავად იმისა, დადგა თუ არა მოთხოვნის ვადა. ამასთან, ნოტარიუსი ვალდებულია, მამკვიდრებლის კრედიტორის პრეტენზიების შესახებ აცნობოს პირებს, რომლებსაც სანოტარო ბიუროში წარდგენილი აქვთ განცხადება სამკვიდროს მიღების შესახებ („სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის ესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №71 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 79-ე მუხლი) (სუსგ 18.04.2017წ. საქმე №ას-171-160-2017)."

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ დ------–---–------ (მსესხებელი) 2018 წლის 16 ივლისს გარდაიცვალა. მოსარჩელე მხარის მიერ სადავო არ გამხდარა მოპასუხე მხარის მიერ მითითებული გარემოება, რომ ნ------------–---- მეუღლის გარდაცვალების დღიდან ფაქტობრივად დაეუფლა სამკვიდრო ქონებას. ასევე უდავოა, რომ ბანკმა დ------–---–------- გარდაცვალების შესახებ 2018 წლის 27 აგვისტოს შეიტყო, თუმცა, მხოლოდ 2019 წლის 20 აგვისტოს მიმართა ნოტარიუსთა პალატას მამკვიდრებლის სამკვიდრო ქონების მიღების განაცხადის ან/და გაცემული სამკვიდრო მოწმობის ინფორმაციის მიღების შესახებ. ვინაიდან, კრედიტორისათვის ცნობილი იყო მსესხებლის გარდაცვალების შესახებ, მას ნოტარიუსისათვის უნდა მიემართა, მსესხებლის გარდაცვალების შესახებ შეტყობინებიდან 6 თვის ვადაში, 2018 წლის 27 აგვსიტოდან 6 თვის ვადაში, რაც მოცემულ შემთხვევაში, არ მომხდარა. გასათვალისწინებელია ასევე ის გარემოება, რომ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის სამემკვიდრეო რეესტრის შესახებ ინფორმაცია არის საჯარო და მასზე ინფორმაციის მოპოვება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.

 

მოთხოვნა, როგორც წესი, წარედგინება უშუალოდ მხარეს. საპრეტენზიო ვადაში მოთხოვნის წარუდგენლობა სასამართლოში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია, ხოლო საპრეტენზიო ვადაში წარდგენილი მოთხოვნა კი, შეიძლება არ დააკმაყოფილოს სასამართლომ, თუ გავიდა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა და მოვალე მიუთითებს ამის თაობაზე. მოპასუხე ნ------------–----ს მიერ სასარჩელო მოთხოვნის წინააღმდეგ წარდგენილ იქნა მოთხოვნის განხორციელების ხელისშემშლელი შესაგებელი, რამაც სარჩელს საფუძველი გამოაცალა, კერძოდ ს----–---------------- მიერ სარჩელი სასამართლოში შემოტანილია 2019 წლის 12 სექტემბერს, ანუ 2018 წლის 27 აგვისტოდან გასულია ერთ წელზე მეტი, რაც მიუთითებს მოთხოვნის წარდგენის ექვსთვიანი ვადის დარღვევაზე.

 

ზემოთაღნიშნულის გათვალისწინებით, ს----–---------------- სასარჩელო მოთხოვნები: ნ------------–----ს დ------–---–------- სამართალმემკვიდრედ და უძრავი ნივთის ს------------------- მესაკუთრედ ცნობის, აღნიშნულის საფუძველზე უძრავ ქონებაზე ნ------------–----ს საკუთრების რეგისტრაციის და სახელშეკრულებო ვალდებულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრების თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

ვინაიდან მოსარჩელე ს----–---------------- სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ხოლო მოსარჩელე გათავისუფლებული არაა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მის მიერ გადახდილი სახელწიფო ბაჟი 415,60 ლარი ჩაითვლება ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის შესაბამისად სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების და საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას. რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.

 

განსახილველ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფა გამოყენებულია 2019 წლის 13 სექტემბრის განჩინებით. ვინაიდან ს----–---------------- სარჩელი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად უნდა გაუქმდეს ამ სარჩელზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 1991, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ს----–---------------- სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2019 წლის 13 სექტემბრის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, რომლითაც ნ------------–---- (პ--------------- აეკრძალა დ------–---–------- (პ--------------) სახელზე რიცხული უძრავი ქონების მდებარე: თ------–-------------------–---- ს/კ------------------ გასხვისება ან/და იპოთეკით დატვირთვა. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (მარეგისტრირებელ ორგანოს) აეკრძალა ამ ქონებაზე მემკვიდრეთა მხრიდან (სხვა სავარაუდო მემკვიდრეთა არსებობის შემთხვევაშიც) ქონების გასხვისებასთან და უფლებრივ დატვირთვასთან დაკავშირებული ნებისმიერი სარეგისტრაციო წარმოების განხორციელება.

3. სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში (თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ბადრი ნიპარიშვილი