გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/15518-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
23 დეკემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს
სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ხათუნა კაკაბაძე
სხდომის მდივანი - დალი მახაური
მოსარჩელე - დარ------------------ძე
წარმომადგენელი - მა-------------------–--ე
მოპასუხე - მუ-----------------ე
წარმომადგენელი - გა--------–-----ე
დავის საგანი - ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში ნაწილობრივ ცვლილების შეტანა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ცვლილება შევიდეს ნოტარიუს ინ-----------ის მიერ 2019 წლის 6 მაისს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში მოპასუხე მუ-----------------ის მიერ მოთხოვნილი თანხა 36800 ლარი შემცირდეს 7422 ლარით. დავალიანების ოდენობა განისაზღვროს 29358 ლარით და თანხის გადახდა მოხდეს 10 თვის ვადაში პროპორციულად გადანაწილებით.
სარჩელის საფუძვლად მითითებულია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
დარ------------------ძე არის აწ გარდაცვლილი მა----------------–--ის პირველი რიგის მემკვიდრე. მა----------------–--ესა და მუ-----------------ეს შორის 2017 წლის 3 ოქტომბერს დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, მოპასუხისგან ისესხა 15000 აშშ დოლარი 6 თვის ვადით და უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა თბილისში, ვაზისუბნის მე-2 მ/რ, კორპ. 2-ში მდებარე ბინა N155. ხელშეკრულების დადების დროისთვის ეროვნული ბანკის კურსით 1 აშშ დოლარი შეადგენდა 2,4764 ლარს.
მოპასუხემ ისარგებლა მსესხებლის მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობით (მას დაუდგინდა ავთვისებიანი სიმსივნე, რომლის მკურნალობისთვისაც აიღო სესხი) და ნაცვლად 37146 ლარისა ხელშეკრულებაში მიეთითა 40000 ლარი, 3000 ლარით მეტი. შესაბამისად, თვიური 2% - 800 ლარის ნაცვლად უნდა ყოფილიყო 743 ლარი - 6 თვეში - 4558 ლარი. მთლიანად მოსარჩელის მიერ, 15 თვეზე გადაანგარიშებით, გადახდილია 12000 ლარი, 7442 ლარით მეტი, ვირე ეკუთვნოდა. აღნიშნული თანხის გამოკლებით გადასახდელი თანხა შეადგენს 29704 ლარს და სააღსრულებო ფურცელში 36800 ლარის ნაცვლად უნდა მიეთითოს 29704 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე მუ-----------------ემ დაადასტურა, რომ სესხის ხელშეკრულება 6 თვის ვადით დაიდო და წერილობით არ გაგრძელებულა, უარყო მსესხებლის მიერ 15 თვის მანძილზე პროცენტის გადახდა და ჩეკთან გათანაბრებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით მიუთითა, რომ გადახდილია 8800 ლარი. ვინაიდან სესხი 6 თვით დაიდო და პროცენტის სახით უნდა მიეღო 4800 ლარი, გადახდილი 8800 ლარიდან დარჩენილი 4000 ლარი უნდა გამოკლებოდა სესხის ძირითად თანხას. ამ გაანგარიშებით, იგი თანახმად იყო 800 ლარით კიდევ შეემცირებინა სააღსრულებო ფურცლით მოთხოვნილი დავალიანების თანხა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2017 წლის 3 ოქტომბერს მა----------------–--ესა და ი/მ მუ-----------------ეს შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება №1--------. ხელშეკრულების დადების დროს მუ-----------------ეს წარმოადგენდა დავით ნადირაძე. ხელშეკრულების თანახმად მუ-----------------ემ მსესხებელს 6 თვის ვადით ასესხა - 40 000 ლარი, ყოველთვიურად 2% (800 ლარის) სარგებლის ოდენობით, ასევე პირგასამტეხლო გათვალისწინებულ იქნა, ვალდებულების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვნად შესრულებისას, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი სარგებლის 0.15%-ის ოდენობით. სესხის უნდა დაბრუნდეს იმავე ვალუტაში, რომლითაც მოხდა გაცემა (ლარი).
სესხის პროცენტის გადახდა უნდა მოხდეს არაუგვიანეს ყოველი თვის 3 რიცხვისა.
სესხის დაბრუნების ვადად განისაზღვრა 2018 წლის 3 აპრილი. ხელშეკრულებით განისაზღვრა სესხის დაბრუნების ვადის გაგრძელების შესაძლებლობა, რაც უნდა მოხდეს წერილობითი შეთანხმებით.
სესხის დაბრუნების უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით დაიტვირთა მსესხებლის კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე თბ--–---------------------------------------------------------------------------------------------------------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 03.10.2017წ. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება;
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.2. მა----------------–--ე გარდაიცვალა 2017 წლის 21 დეკემბერს და მის პირველი რიგის მემკვიდრეს გაცემული კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე წარმოადგენს დედა - დარ------------------ძე, რომელიც მიღებული აქტივის ფარგლებში ვალდებულია მამკვიდრების კრედიტორის - ი/მ მუ-----------------ის წინაშე.
დავის სასამართლოში განხილვის დროისთვის იპოთეკის საგანი რეგისტრირებულია დარ------------------ძის სახელზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 17.05.2018 წლის სამკვიდრო მოწმობა;
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
3.1.3. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით ნაკისრი ფულადი ვალდებულებების დარღვევის გამო 2019 წლის 6 მაისს ნოტარიუს ინ-----------ის მიერ 03.10.2017 წლის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, კრედიტორის - ი/მ მუ-----------------ის სასარგებლოდ, გაიცა №1-------- სააღსრულებო ფურცელი, ხოლო 2019 წლის 03 ივნისს - „სააღსრულებო ფურცლის გაცემის ცვლილების“ შესახებ სანოტარო აქტი და აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა 2019 წლის 6 მაისის მდგომარეობით განისაზღვრა შემდეგნაირად: სესხის ძირითადი თანხა - 40000 ლარი; 2018 წლის 3 აპრილიდან პირგასამტეხლო ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის გადასახდელი სარგებლის 800 (რვაასი) ლარის 0,5%-ის ოდენობით აღსრულებამდე; სააღსრულებო ფურცლის გაცემის სანოტარო ხარჯი ჯამში 131,44 ლარი;
კრედიტორმა შეამცირა მოთხოვნა და აღსრულება მოითხოვა 36800 ლარზე.
სააღსრულებო ფურცლით, ასევე დადგინდა იპოთეკის საგნის, უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბ--–------------------------------------------------ N1--, ს/კ 0----------------0--1-- აუქციონზე რეალიზაცია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 06.05.2019 წლის სააღსრულებო ფურცელი;
- 08.05.2019 წლის და 03.06.2019 წლის წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ;
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.3. 06.05.2019 წლის სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, დაიწყო სააღსრულებო წარმოება №A--------. მა----------------–--ის უფლებამონაცვლეს დარ------------------ძეს 08.05.2019 წელს და 03.06.2019 წელს გაეგზავნა კერძო აღმასრულებელ ლე------------–---–ის წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ და მიეცა შეტყობინების მიღებიდან 7 დღის ვადა დავალიანების ნებაყოფლობით გადასახდელად, თუმცა დარ------------------ძეს დავალიანება არ გადაუხდია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 08.05.2019 წლის და 03.06.2019 წლის წინადადება გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ;
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.4. წერილობითი შეთანხმება სესხის დაბრუნების ვადის გაგრძელებაზე და შესაბამისად, პროცენტის დარიცხვაზე მხარეთა შორის არ მომხდარა. მოპასუხის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ ამ პირობაზე მხარეთა შორის ზეპირი გარიგების არსებობა იყო კანონსაწინააღმდეგო და პროცენტის გადახდა მხოლოდ შეთანხმებულ 6 თვეზე უნდა მომხდარიყო, ხოლო შემდგომ გადახდილი თანხებით შემცირდებოდა სესხის ძირითადი თანხა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ სესხის სახით გაიცა 40000 ლარი და თვეში გადასახდელი საპროცენტო სარგებელი შეადგენდა 800 ლარს (თვეში 2%).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, ,,სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის და 102-ე მუხლის პირველ და მეორე ნაწილების თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ - გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო სამართალში არსებული მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტიდან გამომდინარე, მტკიცების ტვირთი უნდა განაწილდეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ვალდებულება, რომელთა მტკიცებაც მათთვის ობიექტურად შესაძლებელია, ანუ მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს.
მოსარჩელე სადავოდ ხდის სესხის სახით 40000 ლარის აღებას და მიუთითებს, რომ რეალურად გაიცა 15000 აშშ დოლარი, რაც მისი გაცემის დროისთვის არსებული კურსით შეადგენდა 37146 ლარს (1 აშშ დოლარი - 2,4764 ლარი). შესაბამისად, თვეში პროცენტის სახით გადასახდელი თანხა წარმოადგენდა არა 800 ლარს, არამედ 743 ლარს. აღნიშნულის დადასტურებას მხოლოდ მისსავე ახსნა-განმარტებაზე ამყარებს, რასაც სასამართლო ვერ გაიზიარებს. მოსარჩელის პოზიციას არ იზიარებს მოპასუხე და ხელმძღვანელობს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით, სადაც კონკრეტული ციფრებია მოცემული.
სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში აღნიშნულია, რომ სესხის თანხა შეადგენს 40000 ლარს და ყოველთვიური პროცენტი - 800 ლარს. იგივეა აღნიშნულია სესხის ხელშეკრულების დადების დღეს შედგენილ შეთანხმებაში, სადაც მა----------------–--ე ადასტურებს 40000 ლარის მიღებას. რაც შეეხება შეთანხმებაში მითითებულ 15000 აშშ დოლარს, მისი შინაარსიდან ირკვევა, რომ თანხის დაბრუნების შემთხვევაში გამსესხებელი თანახმაა მიიღოს 15000 აშშ დოლარი, თუმცა ეს არ იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ სესხის თანხას 15000 აშშ დოლარი (ან მისი ექვივალენტი ლარში) შეადგენდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 03.10.2017 წლის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება;
- 03.10.217 წლის შეთანხმება;
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.2.2. მოსარჩელის მიერ მოპასუხის სასარგებლოდ პროცენტის სახით თანხის გადახდა ხდებოდა 13 თვის მანძილზე, ამასთან, მე-13 თვეს გადახდილი აქვს 300 ლარით ნაკლები. აღნიშნული მსჯელობის საფუძველს 2019 წლის 22 აპრილის გაფრთხილების წერილი, რომელიც მუ-----------------ის წარმომადგენელმა დავით ნადირაძემ გაუგზავნა მოვალე დარ------------------ძეს.
სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს სამოქალაქო სამართალწარმოებაში მოქმედ მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს.
კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელის მტკიცების ტვირთს წარმოადგენს იმ გარემოების დადასტურება, რომ მოპასუხის მიმართ ფულადი დავალიანების ნაწილი დაფარული აქვს. სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტაბილურ პრაქტიკაზე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლთან მიმართებით და განმარტავს, რომ ვალდებულების შესრულება უნდა დადასტურდეს კრედიტორის მიერ გაცემული წერილობითი დოკუმენტით, კერძოდ, მოცემული ნორმით განსაზღვრული იურიდიული შემადგენლობის შედეგად წარმოშობილი ურთიერთობის დასადასტურებლად ამავე ნორმით გათვალისწინებულია შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც უდავოდ გულისხმობს წერილობითი სახის მტკიცებულებას და იგი გაიცემა მოვალეზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვალდებულების შესრულების სადავოობის პირობებში კანონით უზრუნველყოფილია მოვალის შესაძლებლობა, ამტკიცოს ვალდებულების შესრულება. ამავდროულად, აღნიშნული იმაზე მეტყველებს, რომ ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთის მატარებელი მხოლოდ მოვალე შეიძლება იყოს (სუსგ 15.09.2014წ., საქმე №ას-517-490-2014).
მოპასუხის წარმომადგენელი ადასტურებს, რომ მუ-----------------ე ეთანხმება გაფრთხილების წერილის შინაარსს. წერილის თანახმად: 2019 წლის 22 აპრილის მდგომარეობით, 03.10.2017 წლის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დარ------------------ძეს ერიცხება დავალიანება: 1. საპროცენტო სარგებელი - დაგროვილი რამოდენიმე თვის, 3 ნოემბრამდე გადასახდელი თანხიდან 800 ლარიდან, დარჩენილი საპროცენტო სარგებელი 300 ლარი, 3 დეკემბრიდან მოყოლებული 3 აპრილის ჩათვლით ხუთი თვის დაგროვილი საპროცენტო სარგებელი 4000 ლარი (800ლარიX5 თვეზე).
ამდენად, აღნიშნული წერილით დგინდება, რომ 2017 წლის 3 ოქტომბრიდან 2018 წლის 3 ნოემბრამდე პერიოდზე (ჯამში 13 თვე) მოსარჩელე ახდენდა პროცენტის სახით თანხის გადახდას და 2018 წლის 3 ნოემბერს გადასახდელი 800 ლარიდან 300 ლარი არ აქვს გადახდილი. დასკვნის სახით - ჯამში მოპასუხეს პროცენტის სახით მიღებული აქვს 10100 ლარი (800ლარიX13თვეზე - 300 ლარი) და მოპასუხის 2019 წლის 22 აპრილის წერილი უნდა ჩაითვალოს სწორედ ისეთ დოკუმენტად, რაც სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, ადასტურებს ფულადი ვალდებულების შესრულებას.
შესაბამისად, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის პოზიციას, რომ მას დარ------------------ძისგან მხოლოდ 8800 ლარი აქვს მიღებული. მოპასუხე მიუთითებს, რომ პროცენტის მიღებისას იგი გასცემდა ჩეკთან გათანაბრებულ დოკუმენტებს, რომელთა მიხედვით ჯამში გადახდილია 8800 ლარი. სხვა თანხა მოსარჩელისგან მიღებული არ აქვს. სასამართლო განმარტავს, რომ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება არ შეიცავს შეთანხმებას, რომ თანხის გადახდა წერილობით უნდა დადასტურდეს და უშვებს ალბათობას, რომ თანხის ნაწილზე მოპასუხეს არ აქვს გაცემული ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტი, ვინაიდან თავად მოპასუხის მიერ 2019 წლის 22 აპრილის წერილი ადასტურებს მსესხებლის მხრიდან 10100 ლარის გადახდას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტები;
- 22.04.2019 წლის გაფრთხილების წერილი;
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა დარ------------------ძის სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მიაჩნია, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სამოქალაქო კოდექსის 361-ე, 429-ე, 623-ე მუხლებით;
’’ნოტარიატის შესახებ’’ საქართველოს კანონის 38-ე და 40-ე მუხლებით;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლი, კი განსაზღვრავს ვალდებულების წარმოშობის საფუძვლებს, რომლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლიდან.
სამოქალაქო მართლწესრიგი განამტკიცებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს და შესაძლებლობას ანიჭებს მხარეებს თავისი შეხედულებით განსაზღვრონ ხელშეკრულების შინაარსი, ხოლო სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში პირი ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები. სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრებადი უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა, კი წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს, ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2017 წლის 3 ოქტომბერს მა----------------–--ესა და ი/მ მუ-----------------ეს შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება - მუ-----------------ემ მსესხებელს 6 თვის ვადით ასესხა - 40000 ლარი, ყოველთვიურად 2% (800 ლარის) სარგებლის ოდენობით, ასევე პირგასამტეხლო - ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისას, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი სარგებლის 0.15%-ის ოდენობით. სესხის დაბრუნების ვადა განისაზღვრა 2018 წლის 3 აპრილამდე. მხარეები სესხის ვადის გაგრძელებაზე წერილობით არ შეთანხმებულან.
მსესხებელი მა----------------–--ე გარდაიცვალა 2017 წლის 09 ნოემბერს და მის მემკვიდრეს (უფლებამონაცვლეს) 2018 წლის 17 მაისს გაცემული სამკვიდრო მოწმობის თანახმად წარმოადგენს მოსარჩელე დარ------------------ძე, რომელიც ასევე იპოთეკით დატვირთული ბინის მესაკუთრეა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
როგორც ზემოთ აღინიშნა მხარეთა შორის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშვა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე. შესაბამისად, მოსარჩელემ დაარღვია რა ვალდებულების ჯეროვანი შესრულების დანაწესი, კრედიტორმა შეთანხმებისამებრ, გამოიყენა მისთვის მინიჭებული უფლება და ნოტარიუსს მიმართა სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით.
6.2. „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „პ“ ქვეპუნქტის თანახმად, ნოტარიუსი ასრულებს შემდეგ სანოტარო მოქმედებებს: გასცემს სააღსრულებო ფურცელს. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, კი ნოტარიუსი გასცემს სააღსრულებო ფურცელს ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების ვადადამდგარი მოთხოვნის, ქონებაზე უფლების გადაცემის, აგრეთვე დაგირავებულ/იპოთეკით დატვირთულ ქონებაზე იძულებითი აღსრულების მიქცევის მოთხოვნის საფუძველზე, თუ ამაზე არსებობს მხარეთა შეთანხმება და ნოტარიუსის მიერ სანოტარო აქტში წერილობით განმარტებულია სააღსრულებო ფურცლის გაცემის სამართლებრივი შედეგები.
’’ნოტარიატის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის 1-ლი ნაწილისა და მისი ’’გ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ნოტარიუსი სააღსრულებო ფურცელს გასცემს კრედიტორის (მისი უფლებამონაცვლის) წერილობითი განცხადების საფუძველზე. განცხადებას უნდა დაერთოს სანოტარო დოკუმენტი, რომლის საფუძველზედაც განმცხადებელი ითხოვს სააღსრულებო ფურცლის გაცემას. კრედიტორის (მისი უფლებამონაცვლის) განცხადება სააღსრულებო ფურცლის გაცემის შესახებ უნდა შეიცავდეს: მონაცემებს შეუსრულებელი ძირითადი და დამატებითი ვალდებულებების მოცულობის შესახებ.
დადგენილია, რომ 2019 წლის 6 მაისს ნოტარიუს ინ-----------ის მიერ 03.10.2017 წლის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, კრედიტორის - ი/მ მუ-----------------ის სასარგებლოდ, გაიცა №1-------- სააღსრულებო ფურცელი, ხოლო 2019 წლის 03 ივნისს - „სააღსრულებო ფურცლის გაცემის ცვლილების“ შესახებ სანოტარო აქტი და აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა 2019 წლის 6 მაისის მდგომარეობით განისაზღვრა შემდეგნაირად: სესხის ძირითადი თანხა - 40000 ლარი; 2018 წლის 3 აპრილიდან პირგასამტეხლო ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის გადასახდელი სარგებლის 800 (რვაასი) ლარის 0,5%-ის ოდენობით აღსრულებამდე; სააღსრულებო ფურცლის გაცემის სანოტარო ხარჯი ჯამში 131,44 ლარი;
აღსრულების პროცესში კრედიტორმა შეამცირა მოთხოვნა და აღსრულება მოითხოვა 36800 ლარზე.
სააღსრულებო ფურცლით, ასევე დადგინდა იპოთეკის საგნის, უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბ--–------------------------------------------------ #1--, ს/კ 0----------------0--1--, აუქციონზე რეალიზაცია.
6.3. განსახილველი დავის ფარგლებში მოსარჩელე სადავოდ ხდის სააღსრულებო ფურცლით დაკისრებული თანხის ოდენობას საპროცენტო სარგებლის ნაწილში, განმარტავს, რომ საპროცენტო სარგებელი მას მხოლოდ 6 თვის პერიოდზე უნდა გადაეხადა. ვინაიდან პროცენტის გადახდას ახდენდა 15 თვე, ჯამში 12000 ლარი, ზედმეტად გადახდილი თანხით უნდა შემცირებულიყო სესხის ძირითადი თანხა. საგულისხმოა, რომ მოპასუხემ დაადასტურა პროცენტის მხოლოდ 6 თვეზე მიღების ფაქტი და თანახმა იყო მის ზემოთ გადახდილი თანხით ძირითადი თანხა შემცირებულიყო. თუმცა არ დაეთანხმა გადახდილი თანხის ოდენობას და დაადასტურა მხოლოდ 8800 ლარის მიღება.
აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს შემდეგს:
სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულება შესაძლებელია დაიდოს, როგორც ზეპირი, ისე წერილობითი ფორმით, თუმცა, განსახილველ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია სსკ-ის 302-ე მუხლის 31 ნაწილის დანაწესი, რომლითაც დადგენილია, რომ „კრედიტორისა და მესაკუთრის წერილობითი ფორმით დადებულ გარიგებაში მხარეებს შეუძლიათ გაითვალისწინონ, რომ იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის კრედიტორისთვის გადაცემა და რეალიზაცია შეიძლება განხორციელდეს ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში მხარეთა შორის დადებული გარიგება დადასტურებული უნდა იქნეს სანოტარო წესით“. ამდენად, მესაკუთრის იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის კრედიტორისათვის გადაცემა და რეალიზაცია შეიძლებოდა განხორციელებულიყო ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, თუმცა, ასეთ შემთხვევაში სავალდებულოა, რომ მხარეთა შორის ხელშეკრულება რთული (სანოტარო) ფორმით იყოს დადებული.
ის გარემოება, რომ ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდგომ მოსარჩელე ახდენდა თანხების გადახდას, არ უნდა იქნეს მიჩნეული, რომ მან კონკლუდენტური მოქმედებით დაადასტურა ხელშეკრულების ვადის გაგრძელება, მით უფრო იმ პირობებში, როცა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება შეიცავს შეთანხმებას ხელშეკრულების ვადის მხოლოდ წერილობით ფორმით გაგრძელებაზე. ამდენად, მხარეები შეზღუდული არიან ხელშეკრულების ვადის გაგრძელებაზე თანხმობა ზეპირად განეცხადებინათ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი.
სასამართლო განმარტავს, რომ კრედიტორი ყოველთვის ვალდებულია, მისცეს მოვალეს მის მიერ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ ამას მოვალე მოითხოვს, თუმცა კანონმდებელი ასეთივე მომთხოვნი არ არის მოვალის მიმართ. მას შეუძლია, არ მოითხოვოს ხსენებული საბუთი კრედიტორისაგან. კანონმდებლის ასეთი დამოკიდებულება განპირობებულია ვალდებულებიდან გამომდინარე მხარეთა მდგომარეობით. დოკუმენტის (ვალის გადახდის თაობაზე საბუთის) ფლობა აუცილებელია მოვალისათვის, რადგან მას მხოლოდ ასეთი დოკუმენტით შეუძლია იმის დადასტურება, რომ ვალი გადაიხადა, რასაც ვერ ვიტყვით კრედიტორზე.
ამდენად, იმ შემთხვევაში, როდესაც მოვალე კრედიტორისაგან არ ითხოვს საბუთს ვალდებულების შესრულების შესახებ, უნდა ითქვას, რომ ამით ის იჩენს გარკვეულ წინდაუხედაობას ან ზედმეტ ნდობას კრედიტორის მიმართ. საბოლოოდ, ეს ფაქტორი მთლიანად უკავშირდება მის რისკს და განაპირობებს მისი მხრიდან ვალდებულების არსებობა-არარსებობის ფაქტს. იმავე შინაარსს აყალიბებს კანონმდებელი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 431-ე მუხლშიც, რომლის თანახმად, მოვალეს შესრულების მიღების შესახებ დოკუმენტთან ერთად შეუძლია, კრედიტორისაგან მოითხოვოს სავალო საბუთის დაბრუნება ან გაუქმება, შეუძლებლობის შემთხვევაში კი-ვალდებულების შეწყვეტის შესახებ ნოტარიულად დამოწმებული ცნობა (შდრ. სუსგ 1-.1-.2015, №ას-570-541-2015).
კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სესხის სახით გაიცა 40000 ლარი და თვეში გადასახდელი საპროცენტო სარგებელი შეადგენდა 800 ლარს (თვეში 2%). ასევე დადგენილია, რომ მოპასუხის სასარგებლოდ პროცენტის სახით ჯამში გადახდილია 10100 ლარი.
უდავოა, რომ ჯამში მუ-----------------ეს უნდა მიეღო 44800 ლარი, აქედან სესხის ძირითადი თანხა არის 40000 ლარი, ხოლო საპროცენტო სარგებელი - 4800 ლარი. მოსარჩელის მიერ გადახდილ 10100 ლარს უნდა გამოაკლდეს საპროცენტო სარგებლის სახით გადახდილი 4800 ლარი, ხოლო დარჩენილი 5300 (10100-4800) ლარით უნდა შემცირდეს სესხის ძირითადი თანხა. საბოლოოდ, მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და 06.05.2019 წლის სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრული აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა 36800 ლარის ნაცვლად უნდა განისაზღვროს 34700 ლარით.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია - 220 ლარი, ხოლო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე კი - 50 ლარი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
საქმის განხილვის მოსამზადებელ ეტაპზე მოსარჩელემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ამ ნაწილში მოთხოვნის პროპორციულად მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 24 ლარის ოდენობით. ვინაიდან სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად სახელმწიფო ბაჟის 63 ლარის, ასევე სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის გადახდა უნდა დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად და დარჩენილი თანხა ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 2 განჩინებით, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით შეჩერდა, ნოტარიუს ინ-----------ის მიერ 2019 წლის 06 მაისს გაცემული N1-------- სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოება (A---------0------) დავის საბოლოო გადაწყვეტამდე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მსჯელობა სარჩელის მატერიალურ და საპროცესო წინაპირობებზე გავლენას არ ახდენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე.
სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მიზანია სარჩელზე მისაღები გადაწყვეტილების აღსრულებისათვის გარანტიების შექმნა.
მოცემულ შემთხვევაში, დარ------------------ძის სარჩელი, რომლის უზრუნველსაყოფადაც იყო გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. კერძოდ, ნაწილობრივ გაუქმდა ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი. შესაბამისად, მოსარჩელე მხარის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების დასაცავად უზრუნველყოფის ღონისძიების არსებობა საჭირო აღარ არის.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა გაუქმდეს.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. დარ------------------ძის სარჩელი მუ-----------------ის მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.1. ნაწილობრივ გაუქმდეს ნოტარიუს ინ-----------ის მიერ 2019 წლის 6 მაისს გაცემული №1-------- სააღსრულებო ფურცელი და აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობად განისაზღვროს 34700 ლარი.
2. მოპასუხე მუ-----------------ეს მოსარჩელე დარ------------------ძის სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად - 63 ლარისა და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად - 50 ლარის გადახდა;
3. დარ------------------ძეს დაუბრუნდეს მა-------------------–--ის მიერ 26/06/2019 წელს სს „თი---------ში“ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 220.00 ლარიდან - 24.00 ლარი, რაც განთავსებული იქნა ხაზინის ერთიან ანგარიშზე №300773150; ბანკის კოდი TRESGE22. დანარჩენი თანხა ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად;
4. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 02 ივლისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით შეჩერდა, ნოტარიუს ინ-----------ის მიერ 2019 წლის 06 მაისს გაცემული N1-------- სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოება (A---------0------) დავის საბოლოო გადაწყვეტამდე.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალიწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადა ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ხათუნა კაკაბაძე