გადაწყვეტილება

სამოქალაქო 23.01.2020
საქმის ნომერი
411210018002750865
კატეგორია
დავის ტიპი
სანივთო-სამართლებრივი დავები
თარიღი
23.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №411210018002750865

საქმე №2/292-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

23.01.2020 წელი, ქ. ლაგოდეხი

 

შესავალი ნაწილი

 

ლაგოდეხის მაგისტრატი სასამართლო

მოსამართლე იოსებ აბრამიძე

სხდომის მდივანი მზია გულმაგარაშვილი

 

მოსარჩელეები - თი------------ე, ნო------------ე

წარმომადგენელი - ნი-------------ე

 

მოპასუხე - ნი-----------ა

 

დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. ნი-----------ას უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნეს თი------------ის და ნო------------ის კუთვნილი უძრავი ნივთი, მდებარე - ქ. ლაგოდეხი, თ----–---–--------- (საკადასტრო კოდი - 5------------ დაზუსტებული ფართობი - 527 მ2, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი - №1, №2, მესაკუთრეები: თი------------ე - 4/7 წილი, ნო------------ე - 3/7 წილი) და მოსარჩელეებს გადაეცეთ გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში.

 

1.2. ნი-----------ას დაეკისროს თი------------ის სასარგებლოდ, მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება, 2015 წლის დეკემბრის თვიდან 2018 წლის დეკემბრის თვემდე, თვეში 120 ლარის ოდენობით, ჯამში 4320 ლარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

მოპასუხემ წარმოდგენილი წერილობითი შესაგებელით და საქმის სასამართლო განხილვის დროს სარჩელი არ სცნო და განმარტა, რომ სადავო უძრავი ქონება თი------------ისგან შეიძინა და ბინის ღირებულების ნაწილი - 1000 აშშ დოლარი გადასცა. მხარეებმა შეადგინეს ხელწერილი დარჩენილ თანხაზე. ხელწერილის შედგენის შემდეგ, მოსარჩელემ გადაწყვიტა სხვა კლიენტისათვის ქონების მიყიდვა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოსარჩელე ნი-----------ას დაუბრუნებდა მის კუთვნილ 1000 აშშ დოლარს, რის შემდეგაც ის დაცლიდა სახლს, თუმცა მოპასუხისათვის არ დაუბრუნებიათ გადახდილი თანხა. ამიტომ მოპასუხე თვლის, რომ ნივთი არ უნდა გამოათავისუფლოს. რაც შეეხება მიუღებელ შემოსავალს, მხარის განმარტებით, სახლი სავალალო მდგომარეობაშია და მისი ღირებულება მითითებულზე ბევრად ნაკლებია. გარდა ამისა, იგი შეთანხმებული არ ყოფილა ქირაზე და მხოლოდ იმიტომ ცხოვრობს მოდებაძეების კუთვნილ უძრავ ქონებაში, რომ ელოდება როდის დაუბრუნებენ თავის წილ 1000 აშშ დოლარს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. თი------------ის საკუთრებაში არსებულ უძრავი ქონებაზე, მდებარე - ქ. ლაგოდეხი, თ----–---–--------- (საკადასტრო კოდი - 5------------- მოსარჩელე თი------------ეს (მჭ----–--ეს) და მოპასუხე ნი-----------ას ყოფილ მეუღლეს - ვლ------რ ბრ----ს შორის, 2015 წლის 15 ნოემბერს, შედგა წერილობითი შეთანხმება, რომლის თანახმად, ვლ------რ ბრ----მა თი------------ეს (მჭ----–--ეს) გადაუხადა 1000 აშშ დოლარი და იკისრა ვალდებულება, რომ 2016 წლის 31 მარტს კიდევ გადაუხდიდა 2800 აშშ დოლარს, მითითებული უძრავი ქონების საფასურად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2015 წლის 15 ნოემბრის შეთანხმება (ს.ფ. 19).

 

3.1.2. 2015 წლის 15 ნოემბრის შეთანხმების შემდგომ, ვლ------რ ბრ----ი, თავის მეუღლესთან - ნი-----------ასთან ერთად, საცხოვრებლად გადავიდა თი------------ის საკუთრებაში არსებულ ბინაში, მდებარე - ქ. ლაგოდეხი, თ----–---–--------- (საკადასტრო კოდი - 5-----------).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი, შესაგებელი (ს.ფ. 1-20, 23-32);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.3. განქორწინების შემდგომ, ვლ------რ ბრ----მა, ისე, რომ მას არ გადაუხდია თი------------ისათვის შეთანხმებით გათვალისწინებული 2800 აშშ დოლარი, დატოვა სადავო ბინა, ხოლო ნი-----------ა დარჩა საცხოვრებლად აღნიშნულ ბინაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი, შესაგებელი (ს.ფ. 1-21, 24-32);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.4. 2019 წლის 23 აპრილის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, თი------------ის საკუთრებაში არსებულ უძრავი ქონების (მდებარე - ქ. ლაგოდეხი, თ----–---–---------, საკადასტრო კოდი - 5-----------) 3/7 წილის მესაკუთრე გახდა თი------------ის შვილი - ნო------------ე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი საჯარო რეეტრიდან (ს.ფ. 57-58).

 

3.1.5. უძრავი ნივთი, მდებარე - ქ. ლაგოდეხი, თ----–---–--------- (საკადასტრო კოდი - 5-----------) საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია მოსარჩელეების - თი------------ის და ნო------------ის თანასაკუთრებად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი საჯარო რეეტრიდან (ს.ფ. 16-17, 57-58).

 

3.1.2. დადგენილია, რომ თი------------ის და ნო------------ის სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებას (მდებარე - ქ. ლაგოდეხი, თ----–---–---------, საკადასტრო კოდი - 5-----------) ფაქტობრივად ფლობს მოპასუხე ნი-----------ა, მესაკუთრეთა ნების საწინააღმდეგოდ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი, შესაგებელი (ს.ფ. 1-21, 24-32);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ნი-----------ა, 2016 წლის 01 აპრილიდან, მოსარჩელეთა უძრავ ქონებას ფლობს არამართლზომიერად.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ნივთის მართლზომიერ მფლობელად ითვლება პირი, რომელიც ნივთს ფლობს სამართლებრივად ნამდვილი უფლების საფუძველზე. ეს უფლება შეიძლება წარმოშობილი იყოს გარიგების, ადმინისტრაციული აქტის ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლიდან. მით უფრო უძრავ ქონებაზე ნებისმიერი სახის გარიგება მოითხოვს მის წერილობით ფორმით დადებასა და რეგისტრაციას საჯარო რეესტრში. მართალია, მოპასუხემ მართლზომიერად - მესაკუთრის თანხმობით დაიკავა სადავო ბინა 2015 წლის 15 ნოემბერს, თუმცა შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, რომელიც უნდა შესრულებულიყო 2016 წლის 31 მარტს, ამავე წლის 01 აპრილიდან იგი არამართლზომიერად იმყოფება მოსარჩელის საკუტრებაში და მის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, დღეის მდგომარეობით, უძრავი ქონების კანონიერად ფლობასთან დაკავშირებით.

3.2.2. სასამართლო არ იზიარებს მოპასუხის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ იგი სადავო ბინას დატოვებს მხოლოდ ვლ------რ ბრ----ის მიერ გადახდილი 1000 აშშ დოლარის მისთვის დაბრუნების შემდეგ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 421-ე მუხლის თანახმად, ბედ მიიჩნევა ფულადი თანხა, რომელსაც ხელშეკრულების ერთი მხარე აძლევს მეორე მხარეს და ამით დასტურდება ხელშეკრულების დადების ფაქტი, ხოლო ამავე კოდექსის 422-ე მუხლის თანახმად, ბე ჩაითვლება ვალდებულებით გათვალისწინებული გადასახდელის ანგარიშში, ხოლო, თუ არ ჩაითვლება, - ხელშეკრულების შესრულების შემდეგ იგი უკან უნდა დაბრუნდეს. აღნიშნული კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ბეს მიმცემი ბრალეულად დაარღვევს მასზე დაკისრებულ ვალდებულებას, ბე რჩება მის მიმღებს. ამასთან, ბე ჩაითვლება ზიანის ანაზღაურების ანგარიშში.

 

სასამართლო დადასტურებულად მიჩნევს იმ გარემოებას, რომ 2015 წლის 15 ნოემბერს, წერილობითი შეთანხმების საფუძველზე, ვლ------რ ბრ----მა თი------------ეს (მჭ----–--ეს), ბეს სახით, გადაუხადა 1000 აშშ დოლარი და იკისრა ვალდებულება, რომ 2016 წლის 31 მარტს კიდევ გადაუხდიდა 2800 აშშ დოლარს, მითითებული უძრავი ქონების საფასურად, თუმცა მან ბრალეულად დაარღვია ნაკისრი ვალდებულება. ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ზემოაღნიშნული 1000 აშშ დოლარი ჩაითვლება ზიანის ანაზღაურების ანგარიშში და იგი უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება.

 

3.2.3. სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელეთა მტკიცებას იმის შესახებ, რომ მათ მიუღებელი შემოსავლის სახით განიცადეს ზიანი 4320 ლარის ოდენობთ.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე.მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

 

შესაბამისად, საქმეზე დადგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დასტურდება მოსარჩელე თი------------ის მტკიცება, რომ იგი 36 თვის განმავლობაში, მიიღებდა შემოსავალს წელიწადში სულ მცირე 4320 ლარის ოდენობით, ვინაიდან აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე სახის მტკიცებულება მას არ წარმოუდგენია.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმის გარემოებების შესწავლისა და სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში, თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

 

აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე, მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე და 311-ე მუხლების მოთხოვნებიდან გამომდინარე, უძრავ ნივთზე საკუთრების შეძენა ვლინდება საჯარო რეესტრიდან, ხოლო ამავე კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, რეესტრის მონაცემების მიმართ არსებობს უტყუარობის და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.

 

განსახილველ შემთხვევაში, საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ უძრავი ნივთზე, მდებარე - ქ. ლაგოდეხი, თ----–---–--------- (საკადასტრო კოდი - 5----------- დაზუსტებული ფართობი - 527 მ2, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი - №1, №2 მესაკუთრე თი------------ე 4/7 წილი, ნო------------ე 3/7 წილი) საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია მოსარჩელეების თი------------ის და ნო------------ის საკუთრებად.

 

დადგენილია, რომ უძრავ ქონებას ფაქტობრივად ფლობს მოპასუხე, მოსარჩელეთა ნების საწინააღმდეგოდ.

 

შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე არის უძრავი ქონების მესაკუთრე, ხოლო მოპასუხეს არ წარმოუდგენია იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ უძრავ ქონებას ფლობს კანონიერად. მხარეთა შორის არ არსებობს რაიმე სახელშეკრულებო ურთიერთობა, რითაც მოსარჩელე (მესაკუთრე) შეიძლება შეზღუდულიყო მოპასუხესთან მიმართებაში. ამასთან, არ არსებობს არც კანონისმიერი საფუძველი რაიმე შებოჭვისათვის და შესაბამისად, მოსარჩელე უფლებამოსილია სრულყოფილად განახორციელოს მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე კანონით გარანტირებული უფლებები.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 168-ე მუხლის მიხედვით, მესაკუთრის პრეტენზიის გამო, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას.

 

გამომდინარე აღნიშნულიდან, ამ ნაწილში სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი უნდა იქნეს უძრავი ნივთი, მდებარე - ქ. ლაგოდეხი, თ----–---–--------- (საკადასტრო კოდი - 5------------ დაზუსტებული ფართობი - 527 მ2, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი - №1, №2, მესაკუთრეები: თი------------ე - 4/7 წილი, ნო------------ე - 3/7 წილი) და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცეთ მესაკუთრეებს.

 

6.2. მოსარჩელეთა მოთხოვნა, მოპასუხე ნი-----------ასათვის მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების დაეკისრების თაობაზე, არ უნდა დამაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის ერთერთ სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს უკანონო მფლობელობით მიღებული ფულადი ზიანის ანაზღაურება, ვინაიადან, როგორც მოსარჩელე მხარე ამტკიცებს, მან დაკარგა გარკვეული სიკეთის მიღების შესაძლებლობა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. ამავე კოდექსის 411-ე მუხლის მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო, ხოლო ამავე კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხის მიერ სადავო უძრავი ქონების ფლობა დაკავშირებულია მოსარჩელე თი------------ესა და მოპასუხის მეუღლეს - ვლ------რ ბრ----ს შორის, 2015 წლის 15 ნოემბერს დადებულ წერილობით შეთანხმებასთან, რომლის საფუძველზეც მეუღლეებმა მართლზომიერად - მესაკუთრის თანხმობით დაიკავეს მოსარჩელის უძრავი ქონება. აღნიშნულიდან ჩანს, რომ მოსარჩელის ინტერესი მდგომარეობდა ქონების გაყიდვაში და არა მის გაქირავებაში, ამდენად, მოპასუხისათვის წინასწარ სავარაუდო ვერ იქნებოდა ის ზიანი, რომელსაც ითხოვს მოსარჩელე. ასეთ დროს მოპასუხისათვის სავარაუდო ზიანს წარმოადგენდა ის ზიანი, რომელსაც გამოიწვევდა 2015 წლის 15 ნოემბერს დადებულ წერილობით შეთანხმების პირობების დარღვევა. მართალია აღნიშნული შეთანხმების პირობა დაირღვა, მაგრამ როგორც ზემოთ აღინიშნა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვლ------რ ბრ----ის მიერ თი------------ისათვის ბეს სახით გადახდილი 1000 აშშ დოლარი ჩაითვლება ზიანის ანაზღაურების ანგარიშში, ხოლო მტკიცებულება იმის, რომ მიყენებული ზიანი განისაზღვრება 4320 ლარით, როგორც უკვე აღინიშნა, მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია.

 

მითუფრო უსაფუძვლოა მოსარჩელე ნო------------ის მოთხოვნა 36 თვის განმავლობაში მიუღებელი შემოსავლის თაობაზე, ვინაიდან იგი სადავო ბინის თანამესაკუთრე გახდა მხოლოდ 2019 წლის 23 აპრილიდან, ხოლო მის მიერ წინამდებარე სარჩელი აღძრული იქნა იმავე წლის 17 მაისს - ერთ თვეზე ნაკლები დროის გასვლის შემდგომ.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, სახელმწიფო ბაჟის რაოდენობა დავის საგნის ღირებულების 3%-ს შეადგენს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. იმავე მუხლის მე-2 ნაწილით, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში ამავე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს შეადგენს.

 

მოცემულ შემთხვევაში, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამთხოვის ნაწილში დავის საგანი 4000 ლარით განისაზღვრა და მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით წინასწარ გადახდილია 60 ლარი, ხოლო მიუღებელი შემოსავლის ნაწილში დავის საგნის ღირებულება განისაზღვრა 4320 ლარით და მოსარჩელეს მოცემულ სასარჩელო მოთხოვნაზე გადახდილი აქვს 65 ლარი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის ნაწილში, ამიტომ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს დავის საგნის ღირებულების შესაბამისი სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის ანაზღაურება 60 ლარის ოდენობით, ხოლო მიუღებელი შემოსავლის ნაწილში არსებულ სასარჩელო მთხოვნასთან დაკავშირებით სახელმწიფო ბაჟი 65 ლარის ოდენობით უნდა დარჩეს ხაზინაში.

 

მოსარჩელე ითხოვს მოპასუხისთვის იურიდიული დახმარებისთვის გაწეული ხარჯის - 300 ლარის ოდენობით გადახდის დაკისრებას. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ითხოვს მოპასუხისთვის 300 ლარის გადახდის დაკისრებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს წარმომადგენლის დახმარებისთვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 160 ლარის ოდენობით, რაც არ აღემატება დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 49-ე, 208-ე, 243-244-ე, 247-248-ე, 257-ე, 268-ე, 270-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. თი------------ის და ნო------------ის სარჩელი, მოპასუხე ნი-----------ას მიმართ, უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვისა და მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების თაობაზე, დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

1.1. მოპასუხე ნი-----------ას (პ/ნ 2----------) უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნეს მოსარჩელეების - თი------------ის (პ/ნ 2---------3) და ნო------------ის (პ/ნ 0----------) თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი, მდებარე - ქ. ლაგოდეხი, თ----–---–--------- (საკადასტრო კოდი - 5------------ დაზუსტებული ფართობი - 527 მ2, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი - №1, №2, მესაკუთრეები: თი------------ე - 4/7 წილი, ნო------------ე - 3/7 წილი) და მოსარჩელეებს გადაეცეთ გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში.

 

1.2. მოსარჩელეების - თი------------ის (პ/ნ 2---------3) და ნო------------ის (პ/ნ 0----------) მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს.

 

1.3. მოპასუხე ნი-----------ას (პ/ნ 2---------) მოსარჩელე თი------------ის (პ/ნ 2---------3) სასარგებლოდ დაეკისროს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის ანაზღაურება 60 (სამოცი) ლარის ოდენობით.

 

1.4. მოსარჩელე თი------------ის (პ/ნ 2---------3) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 65 (სამოცდახუთი) ლარის ოდენობით, დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

1.5. მოპასუხე ნი-----------ას (პ/ნ 2---------) მოსარჩელე თი------------ის (პ/ნ 2---------3) სასარგებლოდ დაეკისროს წარმომადგენლის დახმარებისთვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 160 (ასსამოცი) ლარის ოდენობით.

 

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, ლაგოდეხის მაგისტრატი სასამართლოს (ქ. ლაგოდეხი, 26 მაისის ქ. №21) მეშვეობით.

 

3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე იოსებ აბრამიძე