გადაწყვეტილება

სამოქალაქო 20.12.2019
საქმის ნომერი
330210019003049733
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
20.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/14243-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

20 დეკემბერი, 2019 წელი თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ხათუნა ჯინორია

სხდომის მდივანი ნინო ლობჟანიძე

მოსარჩელე - მ----- კ-----–---–---------–---–ი

მოპასუხე - მ------ კ-----–---–ი

წარმომადგენელი - თ----- კ-------–---–ი

დავის საგანი - ვალდებულების შესრულება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. 2014 წლის 13 იანვრის ნასყიდობის ხელშეკრულების მოშლის გამო მ----- კ-----–---–---------–---–ი ცნობილ იქნეს ქ-------–--–-----–----–----–-----------------------------–-------------------ის (ს/კ 0----------------------) ½ წილის მესაკუთრედ.

 

სარჩელის საფუძვლად მითითებულია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2014 წლის 13 იანვარს მხარეთა შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება უძრავი ქონების ½ წილზე.

 

ნასყიდობის ხელშეკრულებაში ნასყიდობის ფასად მითითებულია 42 500 ლარი, რაც მოპასუხეს დღემდე არ გადაუხდია, მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა.

 

ნასყიდობის ხელშეკრულება დაიდო მარეგისტრირებელ ორგანოში, სადაც (როგორც მათ მიერ აღნიშნულ ბლანკშია მითითებული) წერია, რომ მყიდველის მიერ თანხა სრულად არის გადახდილი. რეალურად თანხის გადახდა უნდა მომხდარიყო მოგვიანებით.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ მოთხოვნის შემწყვეტი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ნასყიდობის საფასური - 42 500 ლარი მოპასუხემ სრულად გადაიხადა ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისას. იმ შემთხვევაში თუ მხარეთა შორის დაიდებოდა ნასყიდობის ხელშეკრულება გადახდის განვადებით - მხარეთა შორის იქნებოდა დადებული გადახდის განვადებით ნასყიდობის და არა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება.

 

მოპასუხემ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა სარჩელით საზიარო უფლების გაუქმების მოთხოვნით, სწორედ ამის შემდეგ მოსარჩელემ მიმართა სასამართლოს ხელშეკრულების მოშლისა და უძრავი ქონების ½ წლის დაბრუნების მოთხოვნით.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მ----- კ-----–---–---------–---–ი (მოსარჩელე, გამყიდველი) და მ------ კ-----–---–ი (მოპასუხე, მყიდველი) და-ძმა არიან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.2. ქ-------–--–-----–----–----–-----------------------------–-------------------ა (ს/კ 0----------------------) (სადავო უძრავი ნივთი) მოსარჩელემ დედის გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრეობით მიიღო.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- სამკვიდრო მოწმობა (ს.ფ. 82).

 

3.1.3. 2014 წლის 13 იანვარს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მყიდველმა იყიდა სადავო უძრავი ნივთის 1/2 წილი (ნასყიდობის საგანი) 42500 ლარად.

 

მყიდველი დარეგისტრირდა ნასყიდობის საგნის მესაკუთრედ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ. 14-15);

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 20).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. გამყიდველს სარჩელის აღძვრამდე მყიდველისაგან ნასყიდობის ფასის გადახდა არ მოუთხოვია, დამატებითი ვადა არ განუსაზღვრავს და არც ხელშეკრულებიდან გასულა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, მხარე თვითონ განსაზღვრავს, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მის მოთხოვნასა და შესაგებელს და რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილება დამოკიდებულია არა მათ პროცესუალურ როლზე, არამედ მოთხოვნის საფუძვლებზე.

 

მოსარჩელე ითხოვს ნასყიდობის საგნის დაბრუნებას, იმ საფუძვლით, რომ მყიდველმა ნასყიდობის ფასი არ გადაიხადა და, ამის გამო, ის ხელშეკრულებიდნა გავიდა.

 

ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გასვლა სამოქალაქო კოდექსის 352-ე და 405-ე მუხლებით დადგენილი წესით ხორციელდება.

 

იმ გარემოების მტიცების ტვირთი, რომ მყიდველისაგან ნასყიდობის ფასის გადახდა მოითხოვა, განუსაზღვრა დამატებითი ვადა ან გააფრთხილა მოპასუხე, მოსარჩელეს ეკისრებოდა.

 

საქმეში ამ გარემოების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება წარმოდგენილი არ არის.

 

მოსარჩელე მიუთითებს, რომ მოპასუხე მისი ძმაა, ამიტომ აცდიდა თანხის გადახდას. ზეპირად რამდენჯერმე მოსთხოვა გადახდა.

 

სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ მხარეები ოჯახის წევრები არიან და ცხადია, მათ შორის ურთიერთობა განსხვავდება ხელშეკრულების სხვა მონაწილეების ურთიერთობისაგან. არაგონივრულია, სასამართლოს ჰქონდეს იმის მოლოდინი, რომ, ჩვეულებრივ პირობებში, ოჯახის წევრებს შორის პრობლემურ საკითხებზე კომუნიკაცია განხორციელდება ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი სუბიექტის მსგავსად, ოფიციალურად და სამართლის ნორმებზე დაყრდნობით. და-ძმას შორის ოფიციალური წერილობითი მიმოწერა არ არის ის სტანდარტი, რასაც, ჩვეულებრივ პირობებში, ისინი მიმართავენ. ისიც მოსალოდნელია, რომ ოჯახის წევრმა უფრო ხანგრძლივი დროით აცადოს მეორე მხარეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, ვიდრე სხვა, ერთმანეთთან ნათესაური კავშირის არ მქონე კონტრაჰენტებმა.

 

სასამართლო აქვე ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების დადებიდან სარჩელის აღძვრამდე 5 წელზე მეტია გასული. ეს ვადა იმაზე ბევრად მეტია, ვიდრე, თუნდაც ოჯახის წევრს, შეიძლება მოეთხოვებოდეს, რომ დაელოდოს ვალდებულების შესრულებას.

 

ასევე, მხარეები ადასტურებენ, რომ მოპასუხე წლებია საზღვარგარეთ ცხოვრობს. ასეთ შემთხვევაში, თუ არსებობდა დავალიანება, შეუძლებელია მხარეთა შორის ერთხელ მაინც არ შემდგარიყო მიმოწერა პრობლემურ საკითხზე ელექტრონული ფოსტის, სმს შეტყობინების, სოციალური ქსელის ან სხვა რაიმე პლატფორმის მეშვეობით, საიდანაც გამოიკვეთებოდა, რომ მოპასუხეს გადაუხდელი აქვს ნასყიდობის ფასი, მოსარჩელე სთხოვს ამ თანხის გადახდას ან მოპასუხე სთხოვს მოსარჩელეს, რომ ადროვოს ფასის გადახდა და სხვა.

 

საქმეში რაიმე ასეთი მტკიცებულება წარმოდგენილი არ არის.

 

ამავდროულად, სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულებიდან გასვლა ცალმხრივი ნების გამოვლენაა, რომელის მეორე მხარეს უნდა მიუვიდეს.

 

საქმეში არ არის წარმოდგენილი იმის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება, რომ მოსარჩელემ ხელშეკრულებაზე უარი თქვა.

 

3.2.2. მყიდველმა ნასყიდობის ფასი გადაიხადა.

 

სასამართლო კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ მტკიცების ტვირთის განაწილება დამოკიდებულია არა მხარის პროცესუალურ როლზე, არამედ მოთხოვნისა თუ შესაგებლის საფუძველზე. ამავდეროულად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ემყარება მტკიცების ტვირთის ობიექტური და სამართლიანი განაწილების პრინციპს. არც ერთ მხარეს არ ეკისრება იმის დამტკიცების ვალდებულება, რაც ობიექტურად არ შეუძლია. ამტკიცებს ის, ვინც ამტკიცებს და არა ის, ვინც უარყოფს.

 

განსახილველ შემთხვევაში, მყიდველს, რომელმაც მოთხოვნის შემწყვეტი შესაგებელი წარმოადგინა, ეკისრებოდა იმის მტკიცების ტვირთი, რომ ვალდებულება შესრულდა.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად ასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას,უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

ამავე კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

მოპასუხის წარმომადგენელმა განმარტა, რომ მყიდველმა ნასყიდობის ფასი 2014 წელსვე გადაიხადა ნაღდი ანგარიშსწორებით. ჯერ მისცა თანხის ნაწილი, 5000 ლარამდე, რემონტის ჩასატარებლად, შემდეგ დანარჩენი თანხა.

 

საქმეში წარმოდგენილია ნასყიდობის ხელშეკრულება, სადაც აღნიშნულია, რომ ნასყიდობის საგნის ღირებულება განისაზღვრა 42500 ლარით, რომელიც მყიდველის მიერ სრულად არის გადახდილი (ს.ფ. 14).

 

ხელშეკრულების ჩანაწერი, რომელსაც ორივე მხარე ადასტურებს თავისი ხელმოწერით, შეიძლება განხილულ იქნეს წერილობით დოკუმენტად, რომელიც ადასტურებს ვალდებულების შესრულებას, თუ არ იკვეთება რაიმე გარემოება, რაც ჩანაწერის ნამდვილობას აყენებს ეჭვქვეშ.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ ასეთი გარემოებები ვერ დაინახა. მართალია, ნასყიდობის ხელშეკრულება შედგენილია საჯარო რეესტრის შექმნილი ნიმუშის შესაბამისად, მაგრამ თავისთავად ეს გარემოება არ ნიშნავს, რომ დოკუმენტის შინაარსი მხარეთა ნებას არ შეესაბამება. უპირველეს ყოვლისა, სასამართლო აღნიშნავს, რომ ხელშეკრულების მხარეები ვალდებული არ არიან საჯარო რეესტრის ნიმუშით ისარგებლონ და შეუძლიათ, თავად შეადგინონ ხელშეკრულება. ასევე მხარეებს შეუძლიათ შეცვალონ საჯარო რეესტრის მიერ შეთავაზებული ნიმუში, მათ შორის, ჩანაწერი იმის შესახებ, რომ ნასყიდობის ფასი გადახდილია. სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ ჩანაწერი ნასყიდობის ფასის გადახდის შესახებ მოცემულია გვერდის ბოლოს, განცალკევებულად და გამოკვეთილად, ამდენად, შეუმჩნეველი ვერ დარჩებოდა.

 

სასამართლო აქვე ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ სარჩელის შემოტანამდე გამყიდველს არც თანხის გადახდა მოუთხოვია მყიდველისთვის, არც დამატებითი ვადა განუსაზღვრავს, არც ის უცნობებია, რომ ხელშეკრულებაზე უარს ამბობდა და ნასყიდობის საგნის დაბრუნებას ითხოვდა, მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულების დადებიდან სარჩელის წარდგენამდე 5 წელზე მეტია გასული.

 

მხარეები ასევე ადასტურებენ, რომ მოპასუხემ სარჩელი აღძრა სადავო უძრავ ნივთზე საზიარო უფლების გაუქმების მოთხოვნით. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება გასაჩივრდა. გამყიდველმა მხოლოდ ამ დავის დაწყების შემდეგ შემოიტანა განსახილველი სარჩელი.

 

ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ თავად ნასყიდობის ხელშეკრულება ადასტურებს ფასის გადახდას, ხოლო ყველა ეს გარემოება, ნასყიდობის ხელშეკრულებასთან ერთად, დამატებით, სასამართლოს უქმნის იმის შინაგან რწმენას, რომ მყიდველმა ნასყიდობის ფასი გადაიხადა და მოცემული სარჩელი საზიარო უფლების გაუქმების თავიდან აცილებას (გაჭიანურებას) უფრო ემსახურება.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 51-ე, 361-ე, 352-ე, 405-ე, 427-ე, 477-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.

 

ეს ნორმა განსაზღვრავს ნასყიდობის ხელშეკრულების პირველად მოთხოვნებს: ერი მხრივს საკუთრების უფლების გადაცემა ქონებაზე, მეორე მხრივს - ფასის გადახდა.

 

სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას, რაც გულისხმობს ხელშეკრულების პირველადი მოთხოვნების შესრულებას ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.

 

პირველადი მოთხოვნის დარღვევა წარმოშობს მეორად მოთხოვნებს.

 

მოცემულ შემთხვევაში, იმისათვის, რომ დაკმაყოფილდეს ნასყიდობის საგნის დაბრუნების შესახებ მოთხოვნა, აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა: ხელშეკრულების პირველადი მოთხოვნის დარღვევა, მოვალის გაფრთხილება ან დამატებითი ვადის განსაზღვრა ვალდებულების შესასრულებლად, დამატებითი ვადის უშედეგოდ ამოწურვის შემდგომ, ხელშეკრულებიდან გასვლა.

 

სარჩელის საწინააღმდეგოდ წარმოდგენილია მოთხოვნის შემწყვეტი შესაგებელი და მოპასუხე განმარტავს, რომ ნასყიდობის ფასი გადახდილია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. მოცემული ნორმით განსაზღვრული იურიდიული შემადგენლობის შედეგად წარმოშობილ ურთიერთობათა დასადასტურებლად ამავე ნორმით გათვალისწინებულია შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც უდავოდ გულისხმობს წერილობითი სახის მტკიცებულებას.

 

მითითებული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ კრედიტორი ყოველთვის ვალდებულია, გასცეს მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ ამას მოვალე მოითხოვს. კანონში კრედიტორის მიმართ არსებობს მეტად ცალსახა დამოკიდებულება – იგი ავალდებულებს მოვალის მოთხოვნის შემთხვევაში გასცეს ასეთი დოკუმენტი, თუმცა კანონი ასეთივე მომთხოვნი არ არის მოვალის მიმართ. მას შეუძლია, არ გამოითხოვოს ასეთი საბუთი კრედიტორისაგან. ბუნებრივია, კანონმდებლის ასეთი დამოკიდებულება განპირობებულია ვალდებულებიდან გამომდინარე მხარეთა მდგომარეობით. ნორმაში მითითებული დოკუმენტის ფლობა აუცილებლობას წარმოადგენს მოვალისათვის, რადგან მან მხოლოდ ამ დოკუმენტით შეიძლება დაადასტუროს ვალდებულების შესრულება, რასაც ვერ ვიტყვით კრედიტორზე. მას არანაირი საჭიროება არ აქვს, ფლობდეს ამ დოკუმენტს არც სამართლებრივი და არც ფაქტობრივი თვალსაზრისით. შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა დამოკიდებულია მოვალის სურვილზე. არსებობს უამრავი ფაქტორი, რამაც შესაძლოა განაპირობოს მოვალის მიერ ამ საბუთის მიუღებლობა, მაგალითად, მისი წინდაუხედაობა, პარტნიორის მიმართ გადამეტებული ნდობის არსებობა და ა.შ. საბოლოო ჯამში ეს ფაქტორები უკავშირდება მხარის რისკს და მთლიანად განაპირობებს მისი პასუხისმგებლობის არსებობა-არარსებობის ფაქტს. იმავე შინაარსს აყალიბებს კანონმდებელი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 431-ე მუხლშიც, რომლის თანახმად, მოვალეს შესრულების მიღების შესახებ დოკუმენტთან ერთად შეუძლია, კრედიტორისაგან მოითხოვოს სავალო საბუთის დაბრუნება ან გაუქმება, შეუძლებლობის შემთხვევაში კი-ვალდებულების შეწყვეტის შესახებ ნოტარიულად დამოწმებული ცნობა (იხ. სუსგ №ას-570-541-2015).

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მყიდველმა ნასყიდობის ფასი გადაიხადა (იხ. 3.2.2 პუნქტი).

 

სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის თანახმად ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით (შესრულება), ამდენად, გამყიდველს ხელშეკრულებაზე უარის თქმის (გასვლის) საფუძველი არ ჰქონდა.

 

სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ თუნდაც მყიდველს ნასყიდობის ფასი გადახდილი არ ჰქონდეს, ხელშეკრულებიდან გასვლა ხორციელდება სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით, კერძოდ, 352-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ (ნატურით დაბრუნება), ხოლო 405-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად კი უ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას,მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება. თუკი ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ დაირღვა, მაშინ კრედიტორს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შესრულებამ მისთვის დაკარგა ინტერესი.

 

აღნიშნული ნორმის საფუძველზე, ნათელია, რომ დამატებითი ვადის განსაზღვრის ვალდებულების დარღვევა კრედიტორს შემდგომში ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლებას უკარგავს (ამ საკითხზე იხ. სუსგ №ას -779-746-2014).

 

მოცემულ შემთხვევაში, გამყიდველს სარჩელის აღძვრამდე არც ნასყიდობის ფასის გადახდა მოუთხოვია და არც დამატებითი ვადა განუსაზღვრავს.

 

სარჩელის საფუძვლიანობა დამოკიდებული იქნებოდა იმაზე, იარსებებდა თუ არა, სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე გამონაკლისი შემთხვევა, როდესაც დამატებითი ვადის განსაზღვრა საჭირო არ არის.

 

ასეთი გარემოება ამ საქმეში არ იკვეთება.

 

გარდა ამისა, სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ, ხოლო 51-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად კი ნების გამოვლენა, რომელიც მოითხოვს მეორე მხარის მიერ მის მიღებას, ნამდვილად ჩაითვლება იმ მომენტიდან, როცა იგი მეორე მხარეს მიუვა.

 

ხელშეკრულებიდან გასვლა არის ცალმხრივი, მისვლასავალდებულო ნების გამოვლენა.

 

ხელშეკრულებიდან გასვლა აღმჭურველი უფლებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ განსაზღვრული წინაპირობების არსებობისას მხარეს აქვს შესაძლებლობა, მიაღწიოს გარკვეულ სამართლებრივ შედეგს, კერძოდ, დაასრულოს სახელშეკრულებო ურთიერთობა კონკრეტული უფლებებითა და მოვალეობებით. ეს უფლება თავად ხელშეკრულების მხარემ უნდა განახორციელოს და სასამართლოს ჩართულობის საჭიროება ამ სამართალურთიერთობაში არ არსებობს, ანუ, სარჩელის საგანი ვერ იქნება ხელშეკრულებაზე უარის თქმა. მოსარჩელემ უნდა წარმოადგინოს მიკუთვნებითი მოთხოვნა, რომლის წინაპირობა ის გარემოებაა, რომ კრედიტორი ხელშეკრულებიდან გავიდა, ხოლო მოვალე ნებაყოფლობით არ აბრუნებს ხელშეკრულების საფუძველზე მიღებულ ქონებას.

 

განსახილველ შემთხვევაში, სარჩელის აღძვრამდე გამყიდველს ხელშეკრულებაზე უარის თქმის შესახებ ნება არ გამოუვლენია, უფრო მეტიც, 5 წლის მანძილზე მას არც ერთხელ მოუთხოვია მყიდველისგან ფასის გადახდა და ნასყიდობის საგნის დაბრუნება მხოლოდ მას შემდეგ მოითხოვა, რაც მყიდველმა საზიარო უფლების გაუქმების შესახებ დავა დაიწყო და პირველი ინსტანციის სასამართლომ მოთხოვნა დააკმაყოფილა.

 

რაც მთავარია, როგორც უკვე აღინიშნა, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მყიდველმა ნასყიდობის ფასი გადაიხადა და მისი ვალდებულება შეწყდა, შესაბამისად, მოპასუხის მოთხოვნის შემწყვეტი შესაგებელი წარმატებულია და სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, სასამართლო ხარჯების განაწილების საფუძველი არ არსებობს.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 2591, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მ----- კ-----–---–---------–---–ის სარჩელი მოპასუხე მ------ კ-----–---–ის მიმართ არ დაკმაყოფილდეს;

 

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) მეშვეობით. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ხათუნა ჯინორია