გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 100310019003321387
საქმე №3/59-19წ.
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
21.01. 2020 წელი ქ. საჩხერე
საჩხერის რაიონული სასმართლო
მოსამართლე - ივანე ყიფიანი
სხდომის მდივანი - ნათია ბერიძე
მოსარჩელე - ფატმანი შეყრილაძე
მოპასუხე - სსიპ ქ. ჭიათურის N 4 საჯარო სკოლა
წარმომდგენელი: ეკატერინე მესხი, გურამ ლომიძე
მესამე პირი - სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა;
მესამე პირი - საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ს.ს.ი.პ.,, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო“
დავის საგანი - საბაზო განათლების მიღების ფაქტის აღიარება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1.აღიარებულ იქნეს ფატმანი შეყრილაძის (პ/ნ 54001045006) მიერ საქართველოს განათლების სამინისტროს ქ. ჭიათურის N9 საშუალო სკოლის (ამჟამად სსიპ - ქ.ჭიათურის N4 საჯარო სკოლა ს/კ 215606351) 1995-1996 სასწავლო წელს არასრული საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებისა და არასრული საშუალო -საბაზო განათლების მიღების ფაქტი.
1.2.მოსარჩელე სარჩელში მიუთითებს, რომ სწავლობდა და 1995 -1996 სასწავლო წელს დაასრულა ქ. ჭიათურის N9 საშუალო სკოლის მე-9 კლასი (სსიპ ქალაქ ჭიათურის N4 საჯარო სკოლა ს/კ 215606351) და მიღებული აქვს საბაზო განათლების მიღების დამადასტურებელი ატესტატი აგ 159996. თუმცა აღნიშნული ატესტატი დაეკარგა და ვერ იპოვა. ატესტატის დუბლიკატის ასაღებად 2019 წლის ნოემბერში მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ჭიათურის სამოქლაქო რეესტრის სამსახურს, წარუდგინა სსიპ ქალაქ ჭიათურის N 4 საჯარო სკოლის მიერ გაცემული ცნობა, რომელიც ადასტურებდა, რომ 1995-1996 სასწავლო წელს დაასრულა ქ. ჭიათურის N9 საშულაო სკოლის მე-9 კლასი და მიღებულიაქვს საბაზო განათლების დამადასტურებელი ატესტატი აგ 159996. თუმცა უარი ეთქვა ატესტატის გაცემაზე (ჭიათურის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის გადაწყვეტილება N26/78გ) იმ მიზეზით, რომ იყო მხოლოდ ატესტატის გაცემის სარეგისტრაციო ჟურნალი, მაგრამ არ იძებნებოდა საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, ასევე არც პედაგოგიური სხდომის ოქმები. აღნიშნული გადაწყვეტილება პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მის კანონიერ უფლებებს, რადგან ატესტატის გარეშე ვერ ადასტურებს საბაზო განათლების მიღებას. ეს კი ხელს უშლის იპოვოს სამსახური და გამოიყენოს საქართველოს კონსტიტუციით დაცული შრომის უფლება. მით უმეტეს, რომ განიცდის უმძიმეს ეკონომიურ გაჭირვებას, არის სოციალურდ დაუცველი და სამსახურის არქონა დიდ ზიანს აყენებს მის მატერიალურ ყოფას.
აღნიშნულ გარემოებებზე მითითებით მოსარჩელე მოითხოვს დაკმაყოფილდეს სარჩელი.
სასარჩელო მოთხოვნა აღნიშნული შინაარსით მოსარჩელის მიერ ჩამოყალიბებულ იქნა სასამართლო სხდომაზე.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1.მოპასუხე - ს.ს.ი.პ. ,,ქალაქ ჭიათურის N 4 საჯარო სკოლა“ ცნობს სარჩელს და შესაგებელში მიუთითებს, რომ მოსარჩელე ფატმანი შეყრილაძე სწავლობდა ქ. ჭიათურის N9 საშუალო სკოლაში (დღეის მდგომარეობით სსიპ ქალაქ ჭიათურის N4 საჯარო სკოლა ს/კ 215606351), რაც დასტურდება სკოლაში არსებული და საქმეზე წარმოდგენილი დოკუმენტაციით კერძოდ: N9 საშუალო სკოლის დირექტორის 1994 წლის 12 სექტემბრის N 60 ბრძანება, სადაც მითითებულია ფატმან შეყრილაძის მე-8 კლასში ჩარიცხვის შესახებ; ქ. ჭიათურის N9 საშუალო სკოლის მოსწავლეთა ჩანაწერის ანბანური წიგნი, სადაც მითითებულია ფატმან შეყრილაძის ქ, ჭიათურის N9 საშუალო სკოლაში შესვლისა და აღნიშნული სკოლის დამთავრების შესაებ; ქ. ჭიათურის მე-9 საშულაო სკოლის პედაგოგიური საბჭოს 1996 წლის 28 მაისის N 5 სხდომის ოქმი, ფატმან შეყრილაძის მიერ 9 კლასის დამთავრების შესახებ; 1995-1996 სასწავლო წლის საბაზო განათლების მოწმობის გაცემის წიგნი, სადაც მითითებულია, რომ ფატმან შეყრილაძეზე გაცემულია ატესტატი აგ 159996, რითაც დასტურდება, რომ ფატმანი შეყრილაძეს მიღებული აქვს საბაზო განათლება.
3. მესამე პირების პოზიცია
3.1. მესამე პირმა - სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის წარმომადგენელი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა. წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელი და მიუთითა, რომ რესურსცენტრის მიერ გადაგზავნილია სკოლის 2019 წლის 15 და 19 ნოემბრის N 1560993 და N 1572757 წერილებით წარმოდგენილი მხოლოდ ატესტატის გაცემის სარეგისტრაციო ჟურნალი. ამავე წერილების თანახმად, მოქალაქის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი ბრძანება არ გამოცემულა, ხოლო პედაგოგიური საბჭოს სხდომის ოქმი სკოლაში არ ინახება და არც სსიპ საქართველოს ეროვნული არქივისთვის გადაცემულა ცენტრალიზებული დაცვაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მართვის სისტემის მიერ ვერ მოხერხდა მოქალაქე ფატმან შეყრილაძის შესახებ ინფორმაციის მოპოვება „ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 08 ივნისის N113/ნ ბრძანებით დამტკიცებული N1 დანართის მე-7 მუხლის მე-16 პუნქტის შესაბამისად, აღნიშნულის თაობაზე 2019 წლის 26 ნოემბერს N1610964 წერილით ეცნობა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ქალაქ ჭიათურის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს.
3.2. მესამე პირი - საქართველოს იუსტიციის სამინისტრო - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენელი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა. წარმოდგენილი შესაგებლით დაწესებულებამ სარჩელი არ ცნო. შესაგებელში მიუთითა, რომ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ „საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 ივლისის №117 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დებულების 41-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად იურიდიული სამსახურის ფუნქცია არის ადმინისტრაციული საჩივრების განხილვა და გადაწყვეტილების პროექტების მომზადება. მოცემულ შემთხვევაში ვინაიდან მოსარჩელეს არ გამოუყენებია გასაჩივრების პრეუდიციული წესი, რაც სარჩელის დასაშვებობის ერთ - ერთ წინაპირობას წარმოადგენს, დაუშვებლობის მოტივით უნდა შეწყდეს საქმის წარმოება.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. ს.ს.ი.პ. ქ. ჭიათურის N4 საჯარო სკოლის დირექტორის მიერ გაცემული ცნობით დადგენილია, რომ ფატმანი შეყრილაძემ (დაბადებული 1981 წლის 19 აგვისტოს) ნამდვილად დაამთავრა ქალაქ ჭიათურის N9 საშუალო სკოლის (ამჟამად ს.ს.ი.პ. - ქალაქ ჭიათურის N4 საჯარო სკოლა) ცხრა კლასი და მიღებული აქვს საბაზო განათლების დამადასტურებელი ატესტატი აგ 159996.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ფატმან შეყრილაძის პირადობის მოწმობის ასლი (ს.ფ 13);
- ცნობა (ს.ფ.14)
- მხარეთა ახსნა - განმარტებები (იხ. სხ. ოქმი)
3.2. „საქართველოს განათლების სამინისტროს ქალაქ ჭიათურის N9 საშუალო სკოლის დირექტორის 1994წლის 12 სექტემბრის N-60 ბრძანებით დადგენილია, რომ ფატმანი შეყრილაძე ჩარიცხული იქნა მე-8 კლასში. მოწმობების გაცემის წიგნით დადგენილია, რომ 1995-1996 სასწავლო წელს ცოდნისა და ყოფაქცევის შეფასება იყო: ფიზ. კულტურაში და შრომაში შეფასება -4, ხოლო ყველა დანარჩენ საგნებში შეფასება-3. მოსწავლეთა ჩანაწერის ანბანური წიგნის მიხედვით შეყრილაძე ფატმანმა დაამთავრა ქალაქ ჭიათურის N9 საშუალო სკოლის ცხრა კლასი 1996 წელს.
ქ.ჭიათურის N მე-9 საშუალო სკოლის პედაგოგიური საბჭოს სხდომის 1996 წლის 28 მაისის სხდომის ოქმით მე-9 კლასი დაამთავრა ფატმან შეყრილაძემ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ბრძანება N60 (ს.ფ 81);
- ჩანაწერთა წიგნი (ს.ფ.85)
- წიგნი(ს.ფ.88)
- -ოქმი (ს.ფ.107)
3.3. დადგენილია, რომ სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ 2019 წლის 14 ნოემბერს წერილობით მიმართა ჭიათურის საგანმანათლებლო რესურსცენტრს და სკოლიდან გამოითხოვა ფატმანი შეყრილაძის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შესახებ ინფორმაცია.
სკოლის 2017 წლის 15 ნოემბრის კორესპოდენციიდან ირკვევა, რომ სკოლაში იძებნება გარკვეული დოკუმენტები, რომლის ფოტო ასლები გადაგზავნილი იქნა ადრესატისათვის. წერილის თანახმად, დირექტორის ბრძანებების წიგნში შესაბამისი ბრძანება არ არის. დირექტორი ამავე წერილში ადასტურებს, რომ ფატმან შეყრილაძემ მართლაც დაამთავრა ჭიათურის N9 (ამჟამად მე-4) საშუალო სკოლის ცხრა კლასი.
დადგენილია, რომ 2019 წლის 26 ნოემბერს სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ აცნობა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ქალაქ ჭიათურის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს, რომ ვერ ხერხდება მოქალაქე ფატმან შეყრილაძის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შესახებ ინფორმაციის მოპოვება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- წერილი (ს.ფ. ს.ფ.58)
- წერილი (ს.ფ. 59)
- წერილი (ს.ფ. 57)
- მხარეთა ახსნა - განმარტებები (იხ. სხ. ოქმი)
3.4. დადგენილია, რომ ფატმანი შეყრილაძემ 2019 წლის ნოემბერში განცხადებით მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ჭიათურის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს და მოითხოვა ატესტატის დუბლიკატის გაცემა.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019წლის 26 ნოემბრის №26/78/გ გადაწყვეტილებით ფატმანი შეყრილაძეს უარი ეთქვა არასრული -საბაზო განათლების ატესტატის დუბლიკატის გაცემაზე, ვინაიდან ,,ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 08 ივნისის №113/ნ ბრძანებით დამტკიცებული №1 დანართის მე-7 მუხლის მე-16 პუნქტის შესაბამისად, ვერ ხერხდებოდა ფატმან შეყრილაძის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შესახებ ინფორმაციის მოპოვება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილება (ს.ფ. 15-16)
3.5. ს.ს.ი.პ. ქალაქ ჭიათურის მე-4 საჯარო სკოლა წარმოადგენს „საქართველოს განათლების სამინისტროს ქალაქ ჭიათურის N9 საშუალო სკოლის უფლებამონაცვლეს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება (ს.ფ. 112)
- მხარეთა ახსნა-განმარტება
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. ნორმატიული აქტები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპის კონვენციის 1952 წლის 20 მარტის პირველი დამატებითი ოქმი, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო აქტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, ,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 8 ივნისის №113/ნ ბრძანება ,,ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ”.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ეფუძნება დისპოზიციურობის პრინციპს, რაც გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას-განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული პრინციპის გამოხატულებაა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია, რომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, ხოლო მე-2 ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მონაწილე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია საქმე მორიგებით დაამთავროს, უარი თქვას სარჩელზე ან ცნოს სარჩელი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.
განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე - ს.ს.ი.პ. ქალაქ ჭიათურის N4 საშუალო სკოლამ წარმოდგენილი შესაგებელით, ასევე სასამართლო სხდომაზე ცნო სარჩელი. სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოებისაგან განსხვავებით, ადმინისტრაციულ სასამართლოს ენიჭება დამატებითი ფუნქცია - შეამოწმოს რამდენად შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას, ანუ რამდენად კანონშესაბამისია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სარჩელის ცნობა. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი საფუძვლიანია და მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა არ შეიცავს კანონსაწინააღმდეგო დებულებებს და მისი მოქმედება არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.
6.2. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართოს.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის, პირველი პუნქტის შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის თანახმად, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი.
6.3.სასამართლო მიუთითებს, რომ სასამართლო წესით სარჩელის აღძვრის შესაძლებლობა სუბიექტური უფლების განხორციელების ერთ-ერთი ფორმაა, რომელიც იცავს უფლებას გაქარწყლებისგან, არარად ქცევისგან. ამიტომაა, რომ საპროცესო სამართალში სარჩელის აღძვრის უფლების (სარჩელზე უფლების) არსებითი ელემენტია, უწინარეს ყოვლისა, თავად უფლების არსებობა მატერიალური შინაარსით, რომლის დაცვის ღირსი ინტერესიც მოსარჩელეს გააჩნია. თუკი განცხადებულ მოთხოვნაზე უფლება ნამდვილად ეკუთვნის მოსარჩელეს და მას ნამდვილად აქვს ამ უფლების დაცვაზე კანონიერი ინტერესი, ხოლო სადავოდ გამხდარ უფლებაზე ვალდებულ პირს ნამდვილად წარმოადგენს მოპასუხე, მაშინ საქმის განხილვისათვის ერთ-ერთი აუცილებელი პირობა _ მხარეთა ლეგიტიმური შემადგენლობა სახეზეა.
აღიარებითი სარჩელის აღძვრის დამატებით წინაპირობას წარმოადგენს მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობა - სახეზე უნდა იყოს პირის უფლების დარღვევის რეალური საშიშროება ან მოპასუხე უნდა ეცილებოდეს მოსარჩელეს უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობაში (ან არ არსებობაში). გარდა ამისა, აღიარებით სარჩელზე მიღებული გადაწყვეტილება შედეგიანი უნდა იყოს მოსარჩელისათვის, მოსარჩელემ თავად უნდა მიუთითოს იმ სამართლებრივ შედეგზე, რომლის დადგომის კანონიერი ინტერესიც გააჩნია. ამრიგად, სასამართლოს მიერ აღიარებით სარჩელზე მისაღები გადაწყვეტილების მიმართ მოსარჩელის კანონიერი ინტერესი უნდა მდგომარეობდეს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განსაზღვრული, გარკვეული შედეგის მომტანი სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის დადგენაში.
განსახილველ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს უფლებისა და სამართალურთიერთობის აღიარება, კერძოდ დადგენილ იქნეს აღიარებულ იქნეს ფატმანი შეყრილაძის (პ/ნ 54001045006) მიერ საქართველოს განათლების სამინისტროს ქ. ჭიათურის N9 საშუალო სკოლის (ამჟამად სსიპ - ქ.ჭიათურის N4 საჯარო სკოლა ს/კ 215606351) 1995-1996 სასწავლო წელს არასრული საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებისა და არასრული საშუალო -საბაზო განათლების მიღების ფაქტი. ამასთან, მოსარჩელის მიერ აღიარებითი სარჩელის აღძვრის კანონიერი ინტერესია ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის - ატესტატის დუბლიკატის მიღება.
6.4.სასამართლო განმარტავს, რომ აღიარებითი სარჩელის პირობებში მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განსაზღვრული, გარკვეული შედეგის მომტანი სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის ფაქტის დადგენა ხდება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი მტკიცებულებების საფუძველზე.
სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები.
6.5.სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად კი, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
ს.ს.ი.პ. ქ. ჭიათურის N4 საჯარო სკოლის დირექტორის მიერ გაცემული ცნობით დადგენილია, რომ ფატმანი შეყრილაძემ (დაბადებული 1981 წლის 19 აგისტოს პ/ნ 54001045006) ნამდვილად დაამთავრა ქალაქ ჭიათურის N9 საშუალო სკოლის (ამჟამად ს.ს.ი.პ. -ქალაქ ჭიათურის N4 საჯარო სკოლა) ცხრა კლასი და მიღებული აქვს საბაზო განათლების დამადასტურებელი ატესტატი აგ 159996.
„საქართველოს განათლების სამინისტროს ქალაქ ჭიათურის N9 საშუალო სკოლის დირექტორის 1994წლის 12 სექტემბრის N-60 ბრძანებით დადგენილია, რომ ფატმან შეყრილაძე ჩარიცხული იქნა მე-8 კლასში. მოწმობების გაცემის წიგნით დადგენილია, რომ 1995-1996 სასწავლო წელს ცოდნისა და ყოფაქცევის შეფასება იყო: ფიზ. კულტურაში და შრომაში შეფასება - 4, ხოლო ყველა დანარჩენ საგნებში შეფასება-3. მოსწავლეთა ჩანაწერის ანბანური წიგნის მიხედვით შეყრილაძე ფატმანმა დაამთავრა ქალაქ ჭიათურის N9 საშუალო სკოლის ცხრა კლასი 1996 წელს.
ქ.ჭიათურის N მე-9 საშუალო სკოლის პედაგოგიური საბჭოს სხდომის 1996 წლის 28 მაისის სხდომის ოქმით მე-9 კლასი დაამთავრა ფატმან შეყრილაძემ.
საქმის მასალებით, მხარეთა ახსნა-განმარტებებით, უდავოდ დადგენილია მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა. კერძოდ, ფატმანი შეყრილაძეს 1995-1996 სასწავლო წელს გადაეცა, ქალაქ ჭიათურის N9 საშუალო სკოლის“ (ამჟამად ქალაქ ჭიათურის N4 საჯარო სკოლა) მიერ არასრული საშუალო-საბაზო განათლების ატესტატი ნომრით N აგ 159996.
6.6. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება. სახელმწიფო უზრუნველყოფს ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემის ჰარმონიზაციას საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში. სკოლამდელ აღზრდას სახელმწიფო უზრუნველყოფს კანონით დადგენილი წესით. დაწყებითი და საბაზო განათლება სავალდებულოა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით რეგლამენტირებული სრული განათლების მიღების ხელმისაწვდომობის ზემოაღნიშნული ზოგადი პრინციპი კონკრეტიზირებულია ,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონით, რომლის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს საქართველოში ზოგად საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების პირობებს, ზოგადი განათლების მართვისა და დაფინანსების პრინციპებსა და წესს, ადგენს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად) სტატუსს, მათი დაფუძნების, საქმიანობის, რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის, ავტორიზაციისა და აკრედიტაციის წესს, აგრეთვე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელთა საქმიანობის წარმართვის პირობებსა და წესს.
საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისას, საჯარო დაწესებულებების მიერ თავისი საქმიანობის წარმოების პროცესში საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით, თუ შეთანხმებებით გარანტირებული ადამიანის უფლებებს და თავისუფლებებს აქვს პირდაპირი მოქმედების ძალა, რაც ნიშნავს იმას, რომ საჯარო დაწესებულებამ, მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას უნდა იხელმძღვანელოს ამა თუ იმ ზემოთ აღნიშნული უფლების (თავისუფლების) ნამდვილი შინაარსით და არ უნდა დაუშვას ამ უფლებით დაცულ სფეროში არამართლზომიერი ჩარევა.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპის კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის მე-2 მუხლის შესაბამისად, არავის არ შეიძლება ეთქვას უარი განათლების მიღებაზე სახელმწიფოს ნებისმიერი ფუნქციების შესრულების დროს, რომელსაც იგი თავის თავზე იღებს განათლებისა და სწავლების დარგში, პატივს სცემს მშობელთა უფლებას უზრუნველყონ თავისი ბავშვებისათვის ისეთი განათლება და სწავლა, რომელიც შესაბამისობაში იქნება მათ რელიგიურ და ფილოსოფიურ რწმენასთან.
ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-13 მუხლის მიხედვით, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის განათლების უფლებას. ისინი თანახმა არიან, რომ განათლება მიზნად უნდა ისახავდეს ადამიანის პიროვნებისა და მისი ღირსების შეგნების სრულ განვითარებას და უნდა განამტკიცებდეს ადამიანის უფლებისა და ძირითადი თავისუფლებების პატივისცემას. შემდეგ ისინი თანახმა არიან, რომ განათლებამ ყველას უნდა მისცეს შესაძლებლობა იყოს თავისუფალი საზოგადოების მონაწილე, ხელს უნდა უწყობდეს ყველა ერისა და ყველა რასობრივი, ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების ურთიერთგაგებას, შემწყნარებლობასა და მეგობრობას და ეხმარებოდეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მუშაობას მშვიდობის შენარჩუნებისათვის. იმავე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, ამ მუხლის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება განმარტებული იყოს ისე, რომ დაკნინდეს ცალკეულ პირთა და დაწესებულებათა თავისუფლება შექმნან სასწავლებლები და უხელმძღვანელონ მათ იმ უცვლელი პირობით, რომ დაიცავენ ამ მუხლის 1 პუნქტში ჩამოყალიბებულ პრინციპებს და მოთხოვნას, რომ ასეთ სასწავლებლებში მიღებული განათლება შეესაბამებოდეს მოთხოვნების იმ მინიმუმს, რომელიც შეიძლება დააწესოს სახელმწიფომ.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით რეგლამენტირებული საბაზო განათლების მიღების ხელმისაწვდომობის ზემოაღნიშნული ზოგადი პრინციპი კონკრეტიზებულია ,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონით, რომლის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს საქართველოში ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების პირობებს, ზოგადი განათლების მართვისა და დაფინანსების პრინციპებსა და წესს, ადგენს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად) სტატუსს, მათი დაფუძნების, საქმიანობის, რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის, ავტორიზაციისა და აკრედიტაციის წესს, აგრეთვე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელთა საქმიანობის წარმართვის პირობებსა და წესს.
მითითებული საკანონმდებლო აქტის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყველას აქვს სრული ზოგადი განათლების მიღების თანაბარი უფლება, რათა სრულად განავითაროს თავისი პიროვნება და შეიძინოს ის ცოდნა და უნარ-ჩვევები, რომლებიც აუცილებელია კერძო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში წარმატების მიღწევის თანაბარი შესაძლებლობებისთვის. დაწყებითი და საბაზო განათლების მიღება სავალდებულოა.
6.7.სასამართლო ასევე მიუთითებს ზემოაღნიშნული კანონის საფუძველზე მიღებულ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 8 ივნისის №113/ნ ბრძანებაზე, რომლითაც დამტკიცდა ,,ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესი”. აღნიშნული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ფორმებს განეკუთვნება: ა) საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – საბაზო ზოგადი განათლების ატესტატი; ბ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – სრული ზოგადი განათლების ატესტატი; გ) ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სერტიფიკატი. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად კი, საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის მიღების უფლება აქვს პირს, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით დაძლევს, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ დონეს და წარმატებით ჩააბარებს სკოლის გამოსაშვებ გამოცდებს.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სრული განათლების მიღების სავალდებულო პრინციპზე და აღნიშნული განათლების მიღების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის მიღების უფლებაზე და განმარტავს, რომ საქმეზე დადგენილია მოსარჩელის ფატმანი შეყრილაძის მიერ 1995-1996 სასწავლო წელს, ქალაქ ჭიათურის N9 საშუალო სკოლის (ამჟამად ქალაქ ჭიათურის N4 საჯარო სკოლა) არასრული საშუალო -საბაზო საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებისა და მის სახელზე N აგ 159996 საბაზო განათლების ატესტატის გაცემის ფაქტი.
6.8. .„ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის" ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე როგორც, საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომლებმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვია. სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ყველას შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს მხარის მიერ გასაჩივრების უფლების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Suominen v. Finland, აბზაცი 36, აგრეთვე 2008 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Peric v. Croatia, აბზაცი 21, განმარტა შემდეგი– „მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ სასამართლოებს აქვთ გარკვეული მიხედულება კონკრეტული საქმის დასაბუთების არჩევისას და მხარეთა მოსაზრებების მხარდამჭერი მტკიცებულებების დაშვებისას, სასამართლო ვალდებულია დაასაბუთოს თავისი საქმიანობა თავის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მოტივაციით“.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ).
ამდენად, მითითებული სამართლის ნორმებისა და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთ შეჯერების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის ინტერესი მისი უფლების აღიარების თაობაზე, წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონიერ ინტერესს. ამასთან, აღნიშნულ უფლებას მოსარჩელეს ანიჭებს ზემოაღნიშნული საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.
6.9. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება მოსარჩელის ფატმანი შეყრილაძის მიერ 1995-1996 სასწავლო წელს, ქალაქ ჭიათურის N9 საშუალო სკოლის (ამჟამად ქალაქ ჭიათურის N4 საჯარო სკოლა) არასრული საშუალო - საბაზო საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებისა და მის სახელზე N აგ 159996 საბაზო განათლების ატესტატის გაცემის ფაქტი,რაც წარმოდგენილი სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს წარმოადგენს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ხოლო სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,მ1“ ქვეპუნქტის შესაბამისად ბაჟისაგან განთავისუფლებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირი, რომლის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებელი ტოლია ან ნაკლებია საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ზღვრულ ქულაზე;
დადგენილია, რომ მოსარჩელე განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან , რადგან აღრიცხულია სოციალურად დაუცველ ოჯახთა ერთიან ბაზაში. სარეიტინგო ქულაა 3220 (ს.ფ.18).
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-3, 25-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ფატმანი შეყრილაძის (პ/ნ54001045006) სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. აღიარებულ იქნეს ფატმანი შეყრილაძის (პ/ნ 54001045006) მიერ საქართველოს განათლების სამინისტროს ქ. ჭიათურის N9 საშუალო სკოლის (ამჟამად სსიპ - ქ.ჭიათურის N4 საჯარო სკოლა ს/კ 215606351) 1995-1996 სასწავლო წელს არასრული საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებისა და არასრული საშუალო -საბაზო განათლების მიღების ფაქტი.
3. მხარეები განთავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. ქ.ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32) საჩხერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის. ქ.საჩხერე, დ. აღმაშენებლის ქ.№3) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში.
მოსამართლე: ივანე ყიფიანი