განაჩენი

სისხლის სამართლის 29.01.2020
საქმის ნომერი
150100119003032822
დავის ტიპი
126
თარიღი
29.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 150100119003032822

1/39-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

29 იანვარი, 2020 წელი ქ. ახალქალაქი

 

ახალქალაქის რაიონული სასამართლო

 

მოსამართლე – არარატ ესოიან

სხდომის მდივანი– არმენ ქოსიან

 

ბრალდების მხარე

პროკურორი -გიორგი ორჯ----კიძე,დაცვის მხარე

ბრალდებული ლ----- ა----ნის ძე ს--------; დაბადებული 1----–-–------------–ს; საქართველოს მოქალაქე, პ/ნ 0----------; ნასამართლობის არმქონე, რეგისტრაციის და ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი: ახალქალაქის რაიონის სოფელი დიდი ხორენია;

ადვიკატი: კახაბერ ასპანიძე, ვასილ ბალახაძე;

თარჯიმანი - სუსანნა მელიქიძე;

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით;

 

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციონაწილი:

 

1. ბრალდების არსი:

ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით:

1.1. ლ----- ს--------ს ბრალი ედება (საქ. სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით) - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, კერძოდ:

2019 წლის 20 აპრილს, დაახლოებით 13:00 საათზე, ლ----- ს--------სა და მის მეუღლეს, კ------ ს--------ს შორის, ახალქალაქის რაიონის სოფელ დიდ ხორენიაში მდებარე მათ საცხოვრებელ სახლში სავარაუდოდ მოხდა კონფლიქტი იმის გამო, თუ რატომ მიატოვა 2006 წელს კ------ ს--------მა ლ----- ს--------ი. აღნიშნული სავარაუდო ოჯახური კონფლიქტისას, ლ----- ს--------მა არასრულწლოვანი შვილის - გ----- ს--------ის თანდასწრებით (სავარაუდოდ), სხეულის სხვადასხვა ადგილებში სავარაუდოდ ხელის რამოდენიმეჯერ დარტყმით, სავარაუდოდ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს - კ------ ს--------ს, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა სავარაუდოდ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2. სასამართლომდაადგინა:

ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ლ----- ს--------ის ბრალეულობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 -ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

3. ქმედების სამართლებრივი აღწერა და სამართლებრივი შეფასება:

3.1. სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი გულისხმობს მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას (დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანზე ცალ-ცალკე), რომელიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებს ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის N1/1/548 გადაწყვეტილებით, ირიბი ჩვენება არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი. კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ ირიბი ჩვენება შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით.

3.2. მოცემულ შემთხვევაში, ლ----- ს--------ის ბრალდების დამადასტურებელ მტკიცებულებად წარმოდგენილია: დაზარალებულ კ------ ს--------ის, არასრულწლოვანი შვილი გ----- ს--------ის (ბრალდების მიხედვით ინციდენტი მოხდა გ----- ს--------ის თანდასწრებით); აგრეთვე, მოწმეების: ა----ნ ს--------ის, პ---- კ---------ის, ექიმის ს------ კ-----------ის და გამომძიებლების ჯ---- ჭ----------ის, ა-–---------- ბ-----ის, ა-–---------- ბ-–---ის, ექსპერტის დ----- მ------–---–ის, თვით ლ----- ს--------ის გამოძიების დროს მიცემული ჩვენებები და აღნიშნული პირები როგორც მოწმეები; აგრეთვე წარმოდგენილია დოკემენტები: კ------ ს--------ის განცხადება, კ------ ს--------ის სამედიცინი დოკუმენტები და ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათი, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა.

3.3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ბრალდებულის აღიარება, თუ ის არ დასტურდება მისი ბრალეულობის დამადასტურებელი სხვა მტკიცებულებით, საკმარისი არ არის მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ამასთან ძალადაკარგულად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების – ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიის გადაწყვეტილება 22.01.2015 N1/1/548).

ამავე კოდექსის მე-14 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს (ნაფიც მსაჯულებს) არ უნდა წარედგინოს მტკიცებულება, თუ მხარეებს მისი უშუალოდ და ზეპირად გამოკვლევის თანაბარი შესაძლებლობა არ ჰქონიათ, გარდა ამ კოდექსით გათვალისწინებული გამონაკლისებისა. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეს უფლება აქვს, სასამართლოში მოითხოვოს მოწმის უშუალოდ დაკითხვა და წარადგინოს საკუთარი მტკიცებულება.

ამავე კოდექსის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება: ა) საყოველთაოდ ცნობილი ფაქტი; ბ) განაჩენი ნასამართლობაზე; გ) სხვა სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, თუ პროცესის არცერთი მონაწილე მათ საეჭვოდ არ ხდის; დ) ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან.

ამავე კოდექსის 76-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ირიბია მოწმის ის ჩვენება, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.

3.4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 15-ე მუხლის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ჩვენება მისცეს საკუთარი თავის ან სხვა პირთა წინააღმდეგ, რომელთა წრეც განისაზღვრება ამ კოდექსით.ამავე კოდექსის 36-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ბრალდებულს შეუძლია ნებისმიერ დროს გამოიყენოს დუმილის უფლება, თუ ბრალდებული ირჩევს დუმილის უფლებას, ეს არ შეიძლება შეფასდეს მისი ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად. ხოლო ამავე კოდექსის 47-ე მუხლის თანახმად, სასამართლოში ჩვენების მიცემისას მოწმის სტატუსით სარგებლობს, მისი უფლებები ენიჭება და მისი მოვალეობები ეკისრება დაზარალებულს. ამავე კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად კი, მოწმეს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს.

მოცემულ შემთხვევაში აღსანიშნავია, რომ ლ----- ს--------ის მიერ კ------ ს--------ის სავარაუდო ცემის ფაქტის დამდგენი პირდაპირი მტკიცებულება შეიძლება იყოს მხოლოდ კ------ ს--------ის, გ----- ს--------ის და თვით ლ----- ს--------ის ჩვენებები, ვინაიდან საქმეზე წარმოდგენილი დანარჩენი მოწმეები არ არიან სავარაუდო ცემის თვითმხილველები და მათ მიერ გაცემული ინფორმაცია (რომ ლ----- ს--------მა მისი მეუღლე ცემა) ეფუძნება სხვა პირების (კ------ ს--------ის, გ----- ს--------ის და გ----- ს--------ის) მიერ გავრცელებულ ინფორმაციას; ასევე დოკუმენტების (კ------ ს--------ის განცხადება, კ------ ს--------ის სამედიცინი დოკუმენტები და ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათი, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა) ინფორმაცია ეფუძნება სხვა პირების - კ------ ს--------ის და გ----- ს--------ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.

3.5. საქმის სასამართლო განხილვის დროს ბრალდებულმა ლ----- ს--------მა წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ და გამოიყენა დუმილის უფლება.

საქმის სასამართლო განხილვის დროს ბრალდებულ ლ----- ს--------ის ახლო ნათესავებმა, კერძოდ, მეუღლემ - დაზარალებულმა კ------ ს--------მა ბრალდებულის არასრულწლოვანმა შვილმა - მოწმემ გ----- ს--------მა ისარგებლეს მათთვის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონით მინიჭებული უფლებით და არ მისცეს ჩვენება მათი ახლო ნათესავის, ბრალდებულ ლ----- ს--------ის წინააღმდეგ. შესაბამისად, სასამართლო სხდომაზე არ იქნა გამოკვლეული მათ მიერ გამოძიების დროს მიცემული ინფორმაცია.

3.6. სასამართლო სხდომაზე მოწმე პ---- კ---------მა არსებითად არაფერი არ აჩვენა და არ დაადასტურა ბრალდების არც ერთი გარემოება/ფაქტი.

3.7. სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, ექსპერტის და ექიმის ჩვენება და სამედიცინო ბარათები, როდესაც არ არსებობს დაზარალებულის ჩვენება, ამ დაზიანებათა წარმოშობის შესახებ, ადასტურებენ მხოლოდ დაზიანების და სავარაუდო ტკივილის არსებობას, და არა მიაყენა თუ არა ეს დაზიანებები კონკრეტულმა პირმა და იყო თუ არა მისი ქმედება ბრალეული.

რაც შეეხება ტკივილის განცდის ფაქტს, სასამართლო განმარტავს, რომ: ტკივილი არის ადამიანის ფიზიკური შეგრძნება და სუბიექტური ცნებაა, გამოიხატება სწორედ იმ პირის მხრიდან, რომელმაც განიცადა და რომლის ჩვენება წარმოადგენს ტკივილის განცდის ფაქტის პირდაპირ მტკიცებულებას. ხოლო მოწმეების ჩვენებები და სამედიცინო დასკვნები ფაქტის პირდაპირ მტკიცებულებას არ წარმოადგენენ (მხოლოდ ირიბი), ვინაიდან ეფუძნება კ------ ს--------ის სიტყვებს, რომელიც სასამართლო სხდომაზე არ იყო დადასტურებული თვით კ------ ს--------ის მიერ, ხოლო გამოძიების დროს კ------ ს--------ის მიერ მიცემული ინფორმაცია არ იყო დეპონირებული. შესაბამისად ტკივილის განცდის ფაქტიც სასამართლოში არ იქნა დადგენილი.

4. სასამართლოს დასკვნა:

4.1.სასამართლომ განიხილა რა წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალები, მოისმინა მოწმეთა ჩვენებები, გააანალიზა საქმეზე შეკრებილ და სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეულ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, მიიჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე დადასტურება ვერ ჰპოვა გამოძიებით დადგენილად მიჩნეულმა გარემოებამ იმის შესახებ, რომ ბრალდებულმა ლ----- ს--------მა ჩაიდინა - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

სასამართლო იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას ბრალდებულის უდანაშაულობის თაობაზე.

4.2. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური სტანდარტი a prioriა ვალდებულებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას მტკიცებულებებს შორის არსებული წინააღმდეგობები, სათანადოდ აწონოს ისინი და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველ გვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობისა და მისი თავისუფლების სასარგებლოდ.

საქმის სასამართლო განხილვის დროს ბრალდებულ ლ----- ს--------ის ახლო ნათესავებმა, კერძოდ, მეუღლემ - დაზარალებულმა კ------ ს--------მა, ბრალდებულის არასრულწლოვანმა შვილმა - მოწმემ: გ----- ს--------მა ისარგებლეს მათთვის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონით მინიჭებული უფლებით და არ მისცეს ჩვენება მათი ახლო ნათესავის, ბრალდებულ ლ----- ს--------ის წინააღმდეგ.

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მოწმისათვის მინიჭებული უფლება - არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს, გამომდინარეობს საქართველოს კონსტიტუციიდან, რომლის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს დუმილის და საკუთარი თავის თვითონ კრიმინალიზაციაზე უარის უფლებას (nemotenetur). საქართველოს კონსტიტუცია განავრცობს ამ უფლებას ახლობელთა მიმართ და 42-ე მუხლის მე-8 პუნქტით აცხადებს ”არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს”. მითითებული უფლება სასამართლო დაცვის სამართლიანი სასამართლო განხილვის მნიშვნელოვანი ელემენტია. კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-8 პუნქტით გარანტირებული უფლების დარღვევით, ბრალდებულის ნების საწინააღმდეგოდ მოპოვებული მტკიცებულება დაუშვებელია და წარმოადგენს იურიდიული ძალის არმქონეს. შესაბამისად, ასევე დაუშვებელია მათი პოზიციის - დანაშაულში მამხილებელი ჩვენების მიცემაზე უარის - ბრალდებულის საწინააღმდეგოდ გამოყენება. შესაბამისად, სასამართლო მოწმის (დაზარალებულის) მიერ გამოძიებისას მიწოდებულ ინფორმაციას მტკიცებულებად ვერ გამოიყენებს.

4.3. საქმეში არ მოიპოვება სასამართლოსთვის წარდგენილი და სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული პირდაპირი მტკიცებულება, მით უფრო, როდესაც თავად ლ----- ს--------ი უარყოფს ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას.

4.4. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს მხარეთა მიერ წარდგენილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი ისეთი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც სასამართლოს მისცემდა საშუალებას, რათა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაედგინა, რომ სწორედ ლ----- ს--------მა ჩაიდინა მის მიმართ ბრალად წამოყენებული დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.

უფრო მეტიც, მხარეთა მიერ შეჯიბრობითობის პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლოსათვის წარდგენილი და სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებებით, ლ----- ს--------ის მიმართ წარდგენილი ზემოხსენებული ბრალდება მხოლოდ ეჭვს ემყარება და ეს ეჭვი არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით წარდგენილი მტკიცებულებებით. შესაბამისად, ბრალდებული ლ----- ს--------ი უნდა გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 270-ე, 271-272-ე, 275-ე- 276-ე, 277-278-ე, 292-293-ე მუხლებით და

დაადგინა:

1. ლ----- ს--------ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;

2. ლ----- ს--------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება – გირაო გაუქმდეს; განაჩენის აღსრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში გირაოს შემტანს სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა;

3. გამართლებულ ლ----- ს--------ს უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

6. განაჩენის ასლები გადაეცეთ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესოკოდექსის 278-ე მუხლით გათვალისწინებულ პირებს და ორგანოებს;

7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ახალქალაქის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე არარატ ესოიან