გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3247555-2/673-19წ.
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
28 იანვარი, 2020 წელი ქ. ახალციხე
შესავალი ნაწილი
ახალციხის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ლუიზა თოდუა
სხდომის მდივანი - ბელა მერაბიშვილი
მოსარჩელე - ვ----------------
წარმომადგენელი - ნ-----------------
მოპასუხე - ლ--------------–---–-
წარმომადგენელი - მ----------–-–---–-
დავის საგანი - თანაცხოვრების პერიოდში შეძენილი უძრავი ქონების თანამესაკუთრედ ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა
ვ---------------- ცნობილი იქნას ლ--------------–---–---- თანაცხოვრების პერიოდში შეძენილი უძრავი ქონების, მდებარე ქ. ა---––---- კ--------- ქ. N3---, ს.კ. 6------------------ - ½ წილის მესაკუთრედ.
მოსარჩელემ სარჩელი დააფუძნა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
მოსარჩელე ვ---------------- ლ-------------–---–---- რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა 2008 წლიდან 2019 წლამდე. თანაცხოვრების პერიოდში 2009 წელს შეეძინათ ერთი შვილი ო--------------. მათ 2013 წლის 09 იანვარს შეიძინეს უძრავი ქონება, მდებარე ქ. ა---––---- კ--------- ქ. N3----ში. ბინის ნასყიდობის ხელშეკრულებაში მყიდველად დაფიქსირებული იყო ლ--------------–---–- და საკუთრების უფლებითაც მასზე აღირიცხა ქონება, რაზეც მოსარჩელეს იმ დროს პრეტენზია არ ჰქონია, ვინაიდან იმ დოისთვის მათ შორის უთანხმოება არ არსებობდა.
რადგანაც მხარეებს შორის ქორწინება შეწყდა 2019 წელს, მოსარჩელე ითხოვს თანაცხოვების პერიოდში შეძენილი უძრავი ქონების 1/2 წილის მესაკუთრედ ცნობას.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ლ--------------–---–-- სარჩელი ნაწილობრივ ქონების 1/3 წილის მესაკუთრედ აღიარების ნაწილში ცნო და შესაგებელში მიუთითა, რომ 2013 წლის 9 იანვარს უძრავი ქონება შეიძინეს იპოთეკური სესხით, სესხზე თანამსესხებელი იყო დედამისი, ვინაიდან მოპასუხის და მოსარჩელის ხელფასი იყო მცირე, თანხის დაფარვაში ეხმარებოდა დედა. ვ---------------- 2015 წლიდან გახდა აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული, მთელი მისი ხელფასი ხმარდებოდა მის ინტერესებს, ხოლო როდესაც თანხა შემოაკლდებოდა ლ--------------–---–ს სთხოვდა თანხას, უარის შემთხვევაში კი ხდებოდა აგრესიული და აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. იგი საერთო ქონებას ხარჯავდა ოჯახის ინტერესების საზიანოდ, შესაბამისად ამ ფაქტის გათვალისწინებით, ასევე არასრულწლოვანი შვილის ინტერესებიდან გამომდინარე, მოპასუხე თანახმაა ვ---------------- ცნობილ იქნეს უძრავი ქონების 1/3 წილის თანამესაკუთრედ.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ვ---------------- და ლ--------------–---–- ქორწინებაში იმყოფებოდნენ 2008 წლის 31 ოქტომრიდან 2019 წლის 6 სექტემბრამდე. მათ თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ერთი შვილი, 2----–-–---------------- დაბადებული - ო-------------. არასრულწლოვანი ო------------- ამჟამად ცხოვრობს დედასთან, ლ--------------–---–----.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სარჩელი, სასამართლოს სხდომის ოქმი);
- ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 6 სექტემბრის N---------------წ. გადაწყვეტილება (ს.ფ.19.32);
- დაბადების მოწმობა (ს.ფ. 16);
3.1.2. ვ----------------მ და ლ--------------–---–-- ქორწინების პერიოდში, 2013 წლის 09 იანვარს, იპოთეკური სესხით შეიძინეს უძრავი ქონება, მდებარე ქ. ა---––---- კ--------- ქ. N3---, ს.კ. 6------------------, რომელიც საკუთრების უფლებით აღირიცხა მოპასუხე ლ--------------–---–-ს სახელზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სარჩელი, სასამართლოს სხდომის ოქმი);
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ.17);
3.1.3. იპოთეკური სესხი იყო სამწლიანი, დაფარვა ხდებოდა როგორც ვ----------------ს, ასევე ლ--------------–---–-ს მიერ, რომელიც დაიფარა 2013-2016 წლებში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (სასამართლოს სხდომის ოქმი);
- სალაროს გადახდის ქვითრები (ს.ფ. 57-59);
- ანგარიშიდან ამონაწერი (ს.ფ. 80-101);
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოსარჩელე ვ----------------მ 2016 წლიდან დაიწყო აზარტული თამაშების თამაში და მის მიერ 2016 წლის აპრილის თვიდან 2016 წლის დეკემბრის თვის ჩათვლით წაგებულმა თანხამ ჯამში შეადგინა 1500 ლარი, ხოლო 2017 წელს კი - 1068 ლარი. ამავე პერიოდში ვ---------------- იყო დასაქმებული დაცვის პოლიციის დეპარტამენტში და მისი ხელფასი შეადგენდა 850 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ანგარიშიდან ამონაწერი (ს.ფ. 80-101);
- ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 6 სექტემბრის N---------------წ. - გადაწყვეტილება (ს.ფ.19.32);
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სადავო უძრავ ქონებაზე (საკადასტრო კოდი 6------------------) მოპასუხე ლ--------------–---–-ს საკუთრების უფლება რეგისტრირებულია მოსარჩელესთან ვ-----------------თან საოჯახო სამართლებრივი ურთიერთობის, ქორწინების პერიოდში და შესაბამისად, არსებობს საფუძველი, მოპასუხე ლ--------------–---–-ს კუთვნილი წილის 1/2 ნაწილზე მესაკუთრედ აღიარებულ იქნეს ვ----------------.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 173-ე, 183-ე, 1151-ე, 1152-ე, 1158-ე, 1159-ე, 1164-ე, 1168-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საერთო საკუთრების უფლების წარმოშობის ზოგადი დანაწესი მოცემულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 173-ე მუხლში, რომლის მიხედვით, საერთო (თანაზიარი და წილადი) საკუთრება წარმოიშობა კანონის ძალით ან გარიგების საფუძველზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის თანახმად, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.
დადგენილია, რომ ვ---------------- და ლ--------------–---–- ქორწინებაში იმყოფებოდნენ 2008 წლის 31 ოქტომბრიდან. მათ თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ერთი შვილი 2----–-–---------------- დაბადებული ო-------------. მხარეებს შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა 2019 წლის 6 სექტემბერს. ისინი ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ და არ ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას. არასრულწლოვანი შვილი ცხოვრობს მოპასუხე ლ--------------–---–----.
საქმის მასალების მიხედვით, ვ----------------- და ლ--------------–---–-ს ქორწინების პერიოდში, მოპასუხე ლ--------------–---–-ს სახელზე საკუთრების უფლებით აღირიცხა უძრავი ქონება, მდებარე ქ. ა---––---- კ--------- ქ. N3---, ს.კ. 6------------------.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1151-ე მუხლის მიხედვით, მეუღლეთა უფლება- მოვალეობებს წარმოშობს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული ქორწინება. კოდექსის 1152-ე მუხლის მიხედვით, საოჯახო ურთიერთობებში მეუღლეები სარგებლობენ თანაბარი პირადი და ქონებრივი უფლებებით და ეკისრებათ თანაბარი მოვალეობანი.
ამავე კოდექსის 1158-ე მუხლის თანახმად, მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი. ამავე კოდექსის 1159-ე მუხლის თანახმად, თანასაკუთრებაში არსებულ ქონებაზე მეუღლეებს აქვთ თანაბარი უფლებები.
ამავე კოდექსის 1164-ე მუხლის თანახმად, მეუღლეთა საერთო ქონება თითოეული მეუღლის მოთხოვნით შეიძლება გაიყოს როგორც ქორწინების განმავლობაში, ისე მისი შეწყვეტის შემდეგ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1168-ე მუხლის მიხედვით, იმ ქონების გაყოფისას, რომელიც მეუღლეთა თანასაკუთრებას წარმოადგენს, მეუღლეთა წილი თანაბარია, თუ მათ შორის შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. სასამართლოს შეუძლია გადაუხვიოს მეუღლეთა წილის თანაბრობის საწყისს არასრულწლოვანი შვილების ინტერესების ან ერთ-ერთი მეუღლის ყურადსაღები ინტერესების გათვალისწინებით; კერძოდ, ერთ-ერთი მეუღლის წილი შეიძლება გადიდდეს იმის გათვალისწინებით, რომ მასთან ცხოვრობენ არასრულწლოვანი შვილები, რომ ის შრომისუუნაროა, ანდა - თუ მეორე მეუღლე ხარჯავდა საერთო ქონებას ოჯახის ინტერესების საზიანოდ. აღნიშნული საფუძვლით სასამართლოს შეუძლია თითოეული მეუღლის საკუთრებად ცნოს ის ქონება, რომელიც შეძენილია თითოეული მათგანის მიერ ქორწინების ფაქტობრივი შეწყვეტის ან მათი ცალ-ცალკე ცხოვრების დროს.
საოჯახო სამართლებრივი ნორმები განსაზღვრავს მეუღლეთა თანასაკუთრების რეჟიმს, რომლითაც დადგენილია მათი უფლებები ქორწინების პერიოდში შეძენილ ქონებაზე. საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობა მხოლოდ რეგისტრირებული ქორწინების ფაქტს უკავშირებს მეუღლეთა უფლება-მოვალეობათა წარმოშობას. განსახილველი ნორმის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის, მიზანს წარმოადგენს ოჯახის ინტერესების დაცვა. ამდენად, სამართლებრივი ნორმა მეუღლეთა თანასაკუთრების სამართლებრივი ინსტიტუტის შემოღებით ემსახურება სწორედ მეუღლეთა ურთიერთვალდებულებების სამართლიანი და ობიექტური ბალანსის უზრუნველყოფის მიზანს. უძრავ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების წარმოშობის საფუძველია მეუღლეთა მიერ ამ ქონების შეძენა ქორწინების განმავლობაში. ივარაუდება, რომ ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონება შეძენილია ოჯახის გაძღოლის საერთო მიზნების უზრუნველსაყოფად, ამიტომ დავის არსებობის შემთხვევაში, ქორწინების განმავლობაში ქონების შეძენის ფაქტი საკმარისი საფუძველია ამ ქონების მეუღლეთა თანასაკუთრებად მიჩნევისათვის.
მეუღლეთა თანასაკუთრების რეჟიმის დაწესებით სამართლებრივი ნორმა წარმოადგენს საკუთრების კონსტიტუციური უფლების წარმოშობის წინაპირობას და კანონის ძალით აღჭურავს მეუღლეს ამ უფლებით, თუკი ქონება მეორე მეუღლის მიერაა შეძენილი და ქონებრივი ნამატი რეგისტრირებული ქორწინების პერიოდს ემთხვევა, რადგანაც სწორედ ქორწინების ფაქტის რეგისტრაცია წარმოშობს ქონებრივ უფლებებს.
დადგენილია, რომ უძრავი ქონების შესაძენად არსებული იპოთეკური სესხი იყო სამწლიანი, დაფარვა ხდებოდა როგორც ვ----------------ს ასევე ლ--------------–---–-ს მიერ 2013-2016 წლებში.
მოპასუხე უთითებს, რომ მოსარჩელემ თანაცხოვრების პერიოდში დაიწყო აზარტული თამაშების თამაში, სადაც ხშირად აგებდა.
წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ 2016 წლის აპრილის თვიდან 2016 წლის დეკემბრის თვის ჩათვლით ვ----------------ს მიერ აზარტულ თამაშებში წაგებულმა თანხამ ჯამში შეადგინა 1500 ლარი, ხოლო 2017 წელს კი - 1068 ლარი. ამავე პერიოდში ვ---------------- იყო დასაქმებული დაცვის პოლიციის დეპარტამენტში და მისი ხელფასი შეადგენდა 850 ლარს.
აღსანიშნავია, რომ მოპასუხე სასარჩელო მოთხოვნას ცნობს ნაწილობრივ, ქონების 1/3 წილში მოსარჩელის მესაკუთრედ აღიარების ნაწილში, და მიაჩნია, რომ სასამართლომ უნდა გადაუხვიოს მეუღლეთა წილთა თანაბრობიდან, ვინაიდან მასთან ცხოვრობს არასრულწლოვანი შვილი, ამასთან იგი თამაშობდა აზარტულ თამაშებს და საერთო ქონებას ხარჯავდა ოჯახის ინტერესების საზიანოდ.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ არაერთ საქმეში გაკეთებულ განმარტებაზე, რომ სსკ-ის 1168-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია გადაუხვიოს მეუღლეთა წილის თანაბრობის საწყისს არასრულწლოვანი შვილების ინტერესების ან ერთ-ერთი მეუღლის ყურადსაღები ინტერესების გათვალისწინებით, კერძოდ, ერთ-ერთი მეუღლის წილი შეიძლება გადიდდეს იმის გათვალისწინებით, რომ მასთან ცხოვრობენ არასრულწლოვანი შვილები, რომ ის შრომისუუნაროა, ანდა _ თუ მეორე მეუღლე ხარჯავდა საერთო ქონებას ოჯახის ინტერესების საზიანოდ. მითითებული ნორმა მეუღლეთა თანასაკუთრების რეჟიმის ამგვარი განსხვავებული წესით დადგენას ითვალისწინებს მხოლოდ ამავე ნორმით ჩამოთვლილი შემთხვევების არსებობისას. ნორმის გამოყენების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს არა მხოლოდ არასრულწლოვანი შვილის ერთ-ერთ მეუღლესთან ცხოვრების ფაქტი, არამედ ისეთი გარემოების ან გარემოებათა არსებობა, რომელიც სასამართლოს უქმნის მყარ შინაგან რწმენას, რომ პირის (მეორე მეუღლის) თანასაკუთრების უფლება შესაძლებელია შეიზღუდოს - შემცირდეს. სასამართლოს შინაგანი რწმენა უნდა ემყარებოდეს ისეთ გარემოებებს, რომლებიც ცალსახად ადასტურებენ არასრულწლოვანი შვილების ინტერესების გათვალისწინების აუცილებლობას. ეს გარემოებები შესაძლებელია იყოს არასათანადო საბინაო პირობები, არასაკმარისი საცხოვრებელი ფართი და სხვა ნებისმიერი ფაქტორი, რომელიც არასრულწლოვანის ინტერესშია და მის ნორმალურ აღზრდას ხელს უშლის. ამდენად, სასამართლომ უნდა დაასაბუთოს, რომ არასრულწლოვანი შვილი და მასთან მცხოვრები მშობელი უფრო მეტად საჭიროებენ საცხოვრებელ ფართს, ვიდრე მეორე მშობელი (შდრ: სუსგ №ას-752-703-2017, 31 ივლისი, 2017 წელი; ¹Nას-894-1180-09, 22 იანვარი, 2010).
მაშასადამე, სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 1168-ე მუხლის მეორე ნაწილი ადგენს საკუთრების უფლების მოპოვების განსხვავებულ რეჟიმს, რაც მხოლოდ ამავე ნორმით გათვალისწინებულ განსაკუთრებულ შემთხვევებშია დასაშვები. შესაბამისადმითითებული ნორმის საფუძვლით აღძრული სასარჩელო მოთხოვნა დასაბუთებული უნდაიყოს ისეთი ფაქტობრივი გარემოებებით, რომლებიცადასტურებენ მეუღლეთა წილისთანაბრობის საწყისისაგან გადახვევის აუცილებლობას, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. სახელდობრ, მოპასუხე თავის პოზიციას იმით ასაბუთებს, რომ:
- არასრულწლოვანი შვილი მასთან ცხოვრობს, თუმცა მხოლოდ ეს გარემოება რაიმე პატივსადები მიზეზის გარეშე ერთ- ერთი მეუღლის წილის გაზრდას საფუძვლად ვერ დაედება;
- მოსარჩელე თამაშობდა აზარტულ თამაშებს და საერთო ქონებას ხარჯავდა ოჯახის ინტერესების საზიანოდ, თუმცა წარმოდგენილი მტკიცებულებით და თვით მოსარჩელის აღიარებით მართალია დასტურდება მოსარჩელის მიერ აზარტული თამაშების თამაშის ფაქტი, მაგრამ არა ისეთი ინტენსივობითა და ოდენობით, რომ მიეცეს ოჯახის არსებითი ინტერესების საზიანო შეფასება და გახდეს წილის შემცირების საფუძველი.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოპასუხე ვალდებული იყო წილის თანაბრობის პრინციპის დარღვევის მოთხოვნისას მიეთითებინა და დაესაბუთებინა, რომ საერთო ქონებაში მისი კუთვნილი წილის გაზრდა აუცილებელია ბავშვის და ოჯახის ინტერესების დასაცავად, მას კი ამგვარი ფაქტების დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარმოუდგენია (სსსკ-ის მე-3, მე-4, 102-ე მუხლები).
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების მხედველობაში მიღებითა და მათი სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე ვ----------------ს სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და ვ---------------- ცნობილი უნდა იქნას ლ--------------–---–---- თანაცხოვრების პერიოდში შეძენილი უძრავი ქონების, მდებარე ქ. ა---––---- კ--------- ქ. N3---, ს.კ. 6------------------ - ½ წილის მესაკუთრედ.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დავის საგნის ფასი უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების ცნობის შესახებ სარჩელისა განისაზღვრება უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები. მოსარჩელემ მოითხოვა სასამართლოსგარეშე ხარჯების მოპასუხისათვის დაკისრება.
მითითებული სამართლებრივი ნორმების შესაბამისად, ლ--------------–---–ს ვ----------------ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 215.1 ლარის, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე 50 ლარის ოდენობით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, აუდიტორული დასკვნის ღირებულების 70 ლარის და იურიდიული მომსახურებისათვის გადახდილი 500 ლარიდან 200 ლარის (დავის საგნის და ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით სასამართლოს კონკრეტულ შემთხვევაში სწორედ ეს ოდენობა მიაჩნია გონებრივად) ანაზღაურება, ხოლო ვინაიდან ლ--------------–---–-- საქმის მოსამზადებელ ეტაპზე სარჩელი ნაწილობრივ, ქონების 1/3 წილის ნაწილში, ცნო, მოსარჩელე ვ----------------- უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 429.9 ლარი.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებთ გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით მოსარჩელე ვ----------------ს წარმომადგენლის ნ-----------------ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მოპასუხე ლ--------------–---–ს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: ქ. ა---––---- კ--------- ქ. N3---, ს/კ 6------------------, გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.
იმის გათვალისწინებით, რომ ვ----------------ს სარჩელი დაკმაყოფილდა, არ არსებობს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ვ----------------ს სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. ვ---------------- (პ/ნ 0----------) ცნობილი იქნას ლ--------------–---–---- (პ/ნ 0----------) თანაცხოვრების პერიოდში შეძენილი უძრავი ქონების, მდებარე ქ. ა---––---- კ--------- ქ. N3---, ს.კ. 6------------------ - ½ წილის მესაკუთრედ.
4. მოსარჩელე ვ----------------- (პ/ნ0----------) სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 645 ლარიდან უკან დაუბრუნდეს 429.9 ლარი (საგადახდო დავალება 21917638, გადახდის თარიღი 22.10.2019წ.);
5. ლ--------------–---–ს (პ/ნ 0----------) ვ----------------ს სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 215,1 ლარის, სარჩელის უზრუნველყოფისთვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის, აუდიტორული დასკვნის ღირებულების 70 ლარის და იურიდიული მომსახურების ხარჯის 200 ლარის გადახდა.
6. უცვლელად დარჩეს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება.
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ახალციხის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ლუიზა თოდუა