განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100119002990290
საქმე №1-377/19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
31 დეკემბერი, 2019 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე - თამარ ბეჟანიშვილმა
ნინო ფუტკარაძის სხდომის მდივნობით
პროკურორის _ გ--–--------ის
ბრალდებულის _ ნ--- ფ---–-----ს
ადვოკატების _ დ----------–----------------------ს
მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №075121218002 საქმე:
ბრალდებულ ნ--- ფ---–-----ს მიმართ
მამის სახელი: მ------
დაბადების თარიღი: 3--------- წელი
პირადი ნომერი: 6----------
მოქალაქეობა: საქართველოს
განათლება: უ-----–---
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლობა: არმქონე
რეგისტრირებული მისამართზე: ს------------–-------------------
ფაქტობრივად მცხოვრები: ზ----------------–------------
კვალიფიკაცია :
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-3 და ამავე მუხლის მე-7 ნაწილები.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
ბრალდების არსი:
1. 2018 წლის 12 დეკემბერს, დაახლოებით 18:00 საათზე, ქ. ქობულეთში, ბათუმი-სენაკის შემოვლითი გზის მე-10 კილომეტრზე, მდინარე დეხვას მიმდებარე ტერიტორიაზე, ბათუმიდან ფოთის მიმართულებით მოძრავი „ბმვ“-ს მარკის ავტომანქანის, სახელმწიფო სანომრე ნიშნით - H------, მართვისას მძღოლმა ნ--- ფ---–-----მ ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხო მართვა, დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მუხლი 21-ე, პუნქტი 5-ის მოთხოვნები, რის გამოც შეეჯახა საპირისპიროდ მოძრავ „მერსედეს ბენცის“ მარკის ავტომანქანას, სახელმწიფო სანომრე ნიშნით E--------, რომელსაც გ--–- გ--------ე მართავდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ავტომანქანა „მერსედეს ბენცის“ მგზავრებმა ა-----– დ------ემ და მ--–---- ხ-------ემ მიიღეს ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანებები, ხოლო ა---------– დ------ე და ზ------ დ------- - გარდაიცვალნენ.
2. ნ--- ფ---–-----ს წარედგინა ბრალდება, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-3 და ამავე მუხლის მე-7 ნაწილებით.
სასამართლომ დაადგინა:
3. სასამართლომ გააანალიზა რა მის წინაშე წარდგენილი მტკიცებულებები, მიიჩნევს, რომ ბრალდებული ნ--- ფ---–----- უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს წარდგენილ ბრალდებაში, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მოცემულ საქმეში კი არ მოიპოვება საკმარისი მტკიცებულებები ბრალდების მხარის იმ ვერსიის უტყუარად დასადატურებლად, რომლის მიხედვით, ნ--- ფ---–-----მ ჩაიდინა ბრალდებით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედება, კერძოდ:
ქმედების სამართლებრივი აღწერა :
ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, ჩადენილი იმის მიერ, ვინც მართავს ამ სატრანსპორტო საშუალებას, რამაც გამოიწვია ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და ორი ადამიანის ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება :
4. მოწმე რ---–---- ა----–--ის მიერ სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების ანალიზით ირკვევა, რომ 2018 წლის 12 დეკემბერს საღამოს საათებში „DAF-ის“ მარკის სატვირთო ავტომანქანით მოძრაობდა ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე დაახლოებით 60 კმ/სთ სიჩქარით, წვიმდა, მოძრაობა არ იყო გადატვირთული. სარკეში დაინახა მის უკან მოძრავი “BMW-ს” მარკის ავტომანქანა, რომლიც მარცხენა მხრიდან უკეთებდა გასწრებას. იმ ადგილას გასწრება დაშვებული არ არის, გზა გაყოფილია უწყვეტი ხაზით, მიუხედავად ამისა “BMW” გადავიდა საპირისპირო მოძრაობის ზოლში, თავად ა----–--ემ უფრო შეანელა სვლა, რომ მანევრირების საშუალება მიეცა “BMW-ს” მძღოლისთვის, თუმცა უკიდურესი მარჯვენა მხარე არ დაუკავებია. საპირისპირო მხრიდან მოძრაობდა „MERSEDES_BENZ-ის“ მარკის ავტომანქანა „ვიტო“. “BMW” ვერ ჩაეტია სამოძრაო ზოლში და შეეჯახა „ვიტოს“, რომელიც დატრიალდა და თითქმის უკვე გაჩერებულ მის სატვირთოს შეეჯახა. სანამ გადმოვიდა მანქანიდან, მასთან მივიდა “BMW-ს” მძღოლი - ბრალდებული ნ--- ფ---–-----, რომელმაც ჰკითხა „შენ დაგარტყიო?“. აუხსნა, რომ მან „ვიტოს“ დაარტყა, „ვიტო“ კი შეეჯახა მის სატვირთო ავტომანქანას. ამის შემდეგ მივიდა „ვიტოსთან“, დაინახა საშინელი სურათი, დაზიანებული ადამიანები, რამაც ძალიან იმოქმედა მასზე. მალე მოვიდნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები და გამომძიებელი, რომელმაც ადგილზე შეადგინა შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და სქემა, რაშიც მონაწილეობდა “BMW-ს” მძღოლიც. პოლიციის ერთ-ერთ ავტომობილში მჯდომი საკუთარი თვალით უყურებდა ამ პროცესს.
5. მოწმე გ--–- გ--------ემ სასამართლოს განუმარტა, რომ 2018 წლის 12 დეკემბერს ქობულეთის შემოვლითი გზით სოფ. სუფსიდან „MERSEDES_BENZ-ის“ მარკის ავტომობილით ბრუნდებოდა ბათუმში, ახლდა ხუთი მგზავრი - ზ------ დ-------, თ------- გ-------–--ე და ამ უკანასკნელის ახლობლები. იყო წვიმიანი ამინდი, ამიტომ მოძრაობდა დაახლოებით 60 კმ.სთ სიჩქარით. საპირისპირო ზოლში ფოთის მიმართულებით მოძრაობდა სატვირთო ავტომანქანა, რომელსაც მოულოდნელად უკნიდან გასწრება გაუკეთა “BMW-ს” მარკის ავტომანქანამ, რომელმაც გადაკვეთა უწყვეტი ღერძულა ხაზი და მთლიანად გადავიდა საპირისპირო მოძრაობის ზოლში. აღნიშნულის დანახვაზე გ--------ემ საჭე აიღო მარჯვნივ, მაგრამ მაინც ვერ შეძლო შეჯახების აცილება და “BMW-ს” მარკის ავტომობილი შეეჯახა უკანა მარცხენა საბურავთან. შეჯახების ძალით დატრიალდა და საპირისპიროდ მოძრავ თითქმის გაჩერებულ სატვირთოს დაეჯახა. დაზიანდნენ მის ავტომანქანაში მყოფი მგზავრები, რომელთაგან ორი გარდაიცვალა. ბრალდებული ნ--- ფ---–----- პირველად სწორედ შემთხვევის დროს ნახა, ის იყო “BMW-ს მარკის ავტომანქანის მძღოლი, რომელმაც გამოიწვია მთალიანად ეს საგზაო შემთხვევა. იმ მომენტში ფ---–----- არ უარყოფდა თავის შეცდომას, პირიქით - ძალიან განიცდიდა და წუხდა.
6. მოწმე თ------- გ-------–--ემ სასამართლოს განუმარტა, რომ 2018 წლის 12 დეკემბერს ავტოავარიის დროს იმყოფებოდა „MERSEDES-ის“ მარკის ავტომანქანაში. დაინახა საპირისპირო მოძრაობის ზოლიდან მათ სამოძრაო ზოლში გადმოსული “BMW-ს მარკის ავტომანქანა. „MERSEDES-ის“ მძღოლმა საჭე აიღო მარჯვენა მხარეს, მიიწია ბორდიურისკენ, თუმცა შეჯახება ვერ აიცილა და “BMW“ შეეჯახა უკანა მარცხენა საბურავთან. მათი ავტომობილი დატრიალდა და გვერდულად შეეჯახა საპირისპირო ზოლში თითქმის გაჩერებულ სატვირთოს. ავტომანქანიდან ჩამოსულმა დაინახა ახალგაზრდა ბიჭი - “BMW-ს“ მძღოლი, რომელიც „ეს როგორ დამემართაო“ იძახდა და ძალიან წუხდა.
7. 2018 წლის 12 დეკემბერს შედგენილი შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილის დათვალიერება ქობულეთის ახალ შემოვლით გზაზე, მდინარე დეხვას მიმდებარე ტერიტორიაზე ჩაატარა გამომძიებელმა ი---- შ------–-–---–მა. საგამოძიებო მოქმედება დაიწყო 2018 წლის 12 დეკემბერს, 19:20 საათზე და გაგრძელდა 19:55 საათამდე. მასში მონაწილეობდნენ: პატრულ-ინსპექტორები - მ------ ჯ--------ე და ო-----------ე, ექსპერტი - მ-----------------ე, მძღოლი - ნ--- ფ---–-----. დათვალიერება მიმდინარეობდა ღამით, ხელოვნური განათების პირობებში, წვიმიან ამინდში. გზის სავალი ნაწილი ასფალტირებული და სველია, ორ სამოძრაო ზოლად გაყოფილია უწყვეტი ხაზით. ავტომანქანა „BMW” და “DAF-ის მარკის სატვირთო ავტომანქანა მოძრაობდნენ ქობულეთიდან ფოთის მიმართულებით, „BMW” გადავიდა საპირისპირო მოძრაობის ზოლში და შეეჯახა „MERSEDES-ის მარკის ავტომანქანა „ვიტოს“, რომელიც შეჯახების შედეგად დაეჯახა სატვირთო ავტომანქანას.შემთხვევის ადგილზე მიმობნეულია სხვადასხვა დასახელების და ზომის ლითონის და შუშის ნატეხები. ოქმს ხელს აწერს საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე ყველა პირი, მათ შორის ნ--- ფ---–-----. ოქმს ერთვის სქემა და ფოტო-ცხრილი.
8. შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში მონაწილე პირმა მ------ ჯ--------ემ, რომელიც დაიკითხა საქმის არსებითი განხილვისას მოწმის სახით, განმარტა, რომ 2018 წლის 12 დეკემბერს იყო ცვლაში მეწყვილე მ----- გ-------–--ესთან ერთად. 17 საათის შემდეგ მიიღეს შეტყობინება ავტოსაგზაოს შემთხვევის თაობაზე ქობულეთის შემოვლით გზაზე, სადაც მივიდნენ ძალიან მალე, რამდენიმე წუთში. ნახა დაზიანებული ავტომანქანები, ადამიანები. ადგილზე მივიდა სასწრაფო დახმაების ბრიგადა, ასევე გამომძიებელი, რომელმაც დაათვალიერა შემთხვევის ადგილი. აღნიშნულ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობდა ბრალდებული ნ--- ფ---–-----ც. რაც შეეხება ამავე საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე მეორე პატრულ-ინსპექტორ ო-----------ეს, მოწმე ჯ--------ემ დარწმუნებით ვერ დაადასტურა ა-----ის მონაწილეობა შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში. ახსოვს კარგად, რომ მასთან ერთად მეწყვილე მ----- გ-------–--ე იმყოფებოდა, თუმცა ა-----ეც იყო მისული ადგილზე.
9. მოწმე ო-----------ემ, სასამართლოს წინაშე დაკითხვისას დაადასტურა შემთხვევის ადგილზე ყოფნა და მონაწილეობა შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში, რა დროსაც ეხმარებოდა გამომძიებელს სქემის შემდგენისთვის აუცილებელ აზომვით სამუშაოებში. ამავე საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობდა „BMW”-ს მძღოლი ნ--- ფ---–-----. ახსოვს, რომ „BMW” შეჯახებული იყო „ვიტოს“ და დაზიანებული ჰქონდა მარჯვენა მხარე.
10. საქმის არსებითი განხილვისას მოწმედ დაკითხულმა გამომძიებელმა ი---- შ------–-–---–მა სასამართლოს განუმარტა, რომ 2018 წლის 12 დეკემბერს აჭარის საპატრულო პოლიცის მთავარ სამმართველოში შევიდა შეტყობინება ქობულეთის შემოვლით გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ, რომელსაც მსხვერპლი მოყვა. შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება და გავიდა შემთხვევის ადგილზე, სადაც დაზიანებული იყო სამი ავტომანქანა, გაესაუბრა მძღოლებს, მათ შორის ბრალდებულ ფ---–-----ს, რომლმაც დაუდასტურა, რომ იყო „BMW” -ს მძღოლი, მისი შეცდომით მოხდა ავტოავარია, დაეძინა და ამის გამო გადავიდა საპირისპირო მოძრაობის ზოლში.ძალიან განიცდიდა მომხდარს და ნერვიულობდა. მისი და ასევე ადგილზე მყოფი პატრულ-ინსპექტორების მონაწილეობით დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, ფ---–-----სგან იღებდა ინფორმაციას მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით და შეჰქონდა შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში. ოქმის შედგენიდან დაახლოებით ხუთ წუთში დაიწყო შემთხვევის სქემა-ნახაზის შედგენა ასევე ფ---–-----ს მონაწილეობით. ამ უკანასკნელმა ხელი ადგილზევე მოაწერა ოქმს და სქემას. მოწმე შ------–-–---–მა ასევე დაადასტურა, რომ იმის დასადგენად ვინ მართავდა „BMW” -ს მარკის ავტომობილს არ ჩაუტარებია საგამოძიებო მოქმედებები, არ დაუნიშნავს ექსპერტიზები. ენდო ფ---–-----ს განმარტებას.
11. საქმეში წარმოდგენილი შეტყობინების N3000260 თანახმად, „ქობულეთის შემოვლით გზაზე მომხდარი სსშ-ის შედეგად სხეულის დაზიანებით ქობულეთის რეფერალურ საავადმყოფოში მიყვანილია: 1--- წელს დაბადებული ზ------ დ-------, 1--- წელს დაბადებული მ--–---- ხ-------ე, 1--- წელს დაბადებული ნ--- ფ---–----- და ა-----– დ------ე. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა ერთი მოქალაქე“. შეტყობინებაზე უფლებამოსილი პირის მიერ რეზოლუციის დადების დროა - 12.12.2018. 18:32 სთ.
12. სამართალდარღვევისთვის ჩამორთმეული სატრანსპორტო საშუალების მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, „BMW” -ს მარკის ავტომანქანას დაზიანებული აქვს მარცხენა მხარე. სატრანსპორტო საშუალების ჩამომრთმევია გამომძიებელი ი---- შ------–-–---–ი, მიმღები კი სპეც. ავტოსადგომის წარმომადგენელი - გ---- რ-------ე. ავტომანქანის მძღოლი ფ---–----- ნ--- ხელს არ აწერს ოქმს „მისი ადგილზე არყოფნის გამო“. ოქმი შემდგენილია 2018 წლის 12 დეკემბერს, 18:50 საათზე.
13. საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინლისტიკური დეპარტამენტის აჭარის ა/რ საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის 2019 წლის 11 იანვრის ავტოტექნიკური ექსპერტიზის N405/ა დასკვნის თანახმად, მძღოლ ნ--- ფ---–-----ს მოქმედება არ შეესაბამება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მუხლი 21, პუნქტი 5-ის მოთხოვნებს, რომელთა დაცვის შემთხვევაში მოცემულ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევას ადგილი არ ექნებოდა. მოცემულ შემთხვევაში მძღოლ გ--–- გ--------ეს საგზაო-ატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება არ შეეძლო, ვინაიდან მის სამოძრაო ზოლში გადასული ავტომობილი იმყოფებოდა მოძრაობაში და მის მოქმედებაში „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფა არ აღინიშნება. მოცემულ შემთხვევაში, მძღოლ რ---–---- ა----–--ეს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება არ შეეძლო, ვინაიდან მის სამოძრაო ზოლში გადასული ავტომობილი იმყოფებოდა მოძრაობაში და მის მოქმედებაში „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფა არ აღინიშნება.
14. ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის ავტორმა, ექსპერტმა ზ---------–--ემ მოწმედ დაკითხვისას განმარტა, რომ ექსპერტიზის ჩატარებისას და დასკვნის მიღებისას დაეყრდნო გამომძიებლის მიერ მის წინაშე წარდგენილ ინფორმაციას და დადგენილებას ექსპერტიზის დანიშვნის თაობაზე, რომელშიც მითითებული იყო გამოძიების მიერ დადგენილად მიჩნეული ფაქტები, მათ შორის ის გარემოება, რომ მძღოლ ფ---–-----ს მანქანის მართვისას ჩაეძინა, რა დროსაც გადავიდა საპირისპირო მოძრაობის ზოლში და შეეჯახა შემხვედრი მიმართულებით მოძრავ ავტომობილ „მერსედესს“. დადგენილად მიჩნეული ამ გარემოებიდან გამომდინარე, აღარ უწარმოებია არანაირი დამატებითი კვლევა. ავტომანქანის მართვისას მძღოლის ჩაძინების შემთხვევაში, მთლიანად მძღოლზე მოდის ნებისმიერ სავალალო შედეგთან დაკავშირებული პასუხისმგებლობა, რადგან ჩაძინებისას მძღოლი კარგავს კონტროლს ავტომობილზე, უმართავი სატრანსპორტო საშუალება საფრთხეს უქმნის საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებს და ნებისმიერ შემთხვევაში ხდება მიზეზი ავტოავარიისა. შესაბამისად, დასკვნა ემყარება მხოლოდ გამოძიებლის მიერ დადგენილად მიჩნეულ ამ გარემოებას და არა უშუალოდ ექსპერტის მიერ შესწავლილ და გაანალიზებულ ფაქტებს.
15. საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის აჭარის ა/რ საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის 2019 წლის 8 თებერვლის სატრანსპორტო-ტრასოლოგიური ექსპერტიზის Nს/ტ-410 დასკვნის თანახმად, ავტომობილ „ბმვ“-ს სამუხრუჭე სისტემა გამართულ მდგომარეობაშია, ხოლო საჭით მართვის მექანიზმი გამოსულია მწყობრიდან მასზე ძლიერი მექანიკური ძალების ზემოქმედების შედეგად, რასაც ადგილი ექნებოდა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დროს. ავტომობილ „დაფის“ საჭით მართვის მექანიზმი და სამუხრუჭე სისტემა გამართულ მდგომარეობაშია. ავტომობილ „მერსედესის“ საჭით მართვის მექანიზმი გამართულ მდგომარეობაშია, ხოლო სამუხრუჭე სისტემა გამოსულია მწყობრიდან მასზე ძლიერი მექნაიკური ძალების ზემოქმედების შედეგად, რასაც ადგილი ექნებოდა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დროს.
16. სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2019 წლის 13 თებერვლის სამედიცინო ექსპერტიზის N000837619 დასკვნის თანახმად, ა---------– დ------ის სიკვდილის მიზეზია მასიური სისხლჩაქცევები თავის ტვინის ნივთიერებაში, რაც გამოწვეულია ქალა სარქველის და ფუძის ძვლების ღია მრავალფრაგმენტოვანი მოტეხილობებით. ა---------– დ------ის გარდაცვალებიდან გვამის გამოკვლევამდე გასულია არაუმეტეს 12 საათისა. ა---------– დ------ის გვამზე აღინიშნებოდა: ქალა სარქველის და ფუძის ძვლების ღია მრავალფრაგმენტოვანი მოტეხილობები. მასიური სისხლჩაქცევები თავის ტვინის ნივთიერებაში, სისხლჩაქცევა ნათხემის რბილ გარსში. სახის ძვლების მრავალფრაგმენტოვანი მოტეხილობები. მარჯვენა ლავიწის ძვლის და ნეკნების მარჯვენამხრივი მრავლობითი მოტეხილობები. მრავლობითი ნაჭდევები, სისხლნაჟღენთი და ნაფლეთოვანი ჭრილობა სახის არეში. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკრივი-ბლაგვი საგნ(ებ)ის მოქმედებით, სიცოცხლისდროინდელია, ცოცხალ პირებში მიეკუთვნებიან მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო და პირდაპირ კავშირშია დამდგარ შედეგთან - სიკვდილთან. დაზიანებათა ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
17. სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2019 წლის 25 მარტის სამედიცინო ექსპერტიზის N000202619 დასკვნის თანახმად, ზ------ დ------ის სიკვდილის მიზეზია სხეულის ბლაგვი კომბინირებული ტრავმა, გულ-მკერდის დახურული ბლაგვი ტრავმა მკერდის ძვლის და ნეკნების მრავლობითი მოტეხილობები. მუცლის ღრუს დახურული ბლაგვი ტრავმა, ღვიძლის და ელენთის გაგლეჯა. თავისუფალი სისხლი მუცლის ღრუში 1200 მლ რაოდენობით. თავის ტვინის რბილი გარსების ქვეშ სისხლჩაქცევა. მარჯვენა მხრის ძვლის მოტეხილობა. თავის ქალას რბილი საფარის ქვეშ სისხლჩაქცევა. სხეულის მრავლობითი ნაჭდევები. სისხლნაჟღებთები და ნაფლეთოვანი ჭრილობები. ზ------ დ------ის გარდაცვალებიდან გვამის გამოკვლევამდე გასულია არანაკლებ 18-24 საათისა. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკრივი-ბლაგვი საგნ(ებ)ის მოქმედებით, სიცოცხლისდროინდელია, ერთობლიობაში ცოცხალ პირებში მიეკუთვნებიან მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო და პირდაპირ კავშირშია დამდგარ შედეგთან - სიკვდილთან.
18. სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2019 წლის 21 თებერვლის სამედიცინო ექსპერტიზის N1000318119 დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი სამედიცინო საბუთების მონაცემების შესაბამისად, მ--–---- ხ-------ე მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით გადიოდა სტაციონარულ მკურნალობას სს სამედიცინო კორპორაცია ევექსი ქობულეთის ჰოსპიტალში 2018 წლის 12 დეკემბრიდან, დიაგნოზით : მუცლის ღრუს დახურული ტრავმა ელენთის გაგლეჯით, კუჭის წინა კედლის დაზიანება, მე-6-7-8 ნეკნის მოტეხილობა მარცხნივ, ჰემოპერიტონეუმი, ჰემორაგიული შოკი, თავის ტვინის შერყევა. აღნიშნული დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკრივი ბლაგვი საგნ(ებ)ის ზემოქმედებით და ერთობლიობაში მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
19. სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2019 წლის 5 თებერვლის სამედიცინო ექსპერტიზის N000768219 დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი სამედიცინო საბუთების მონაცემების შესაბამისად, ა-----– დ------ეს აღენიშნებოდა მარჯვენა თვალის დაფლეთა და გახეთქვა, თვალს შიდა ქსოვილების გადმოვარდნით და დაკარგვით. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკრივი ბლაგვი საგნ(ებ)ის ზემოქმედებით და ერთობლიობაში მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, საერთო შრომის უნარის 1/3 დაკარგვით. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
20. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის N004973419 დასკვნის თანახმად, „ბმვ“-ს მარკის ავტომობილის წინა მარცხენა საბურავის დისკის ფიგურულ ჭრილებში აღმოჩენილია ლაქსაფარის ორფენოვანი მიკრონაწილაკები - უფერო ლაკის ზედა ფენა, მორუხო ფერის დეკორატიული ემალი - მეორე ფენა, რომლებიც ერთნაირია „მერსედესის“ ავტომობილის მარცხენა გვერდით ნაწილზე არსებული ლაქ-საფარის უფერო ლაქთან და ზედა მორუხო ფერის დეკორატიული ემალის ფენასთან. ხოლო ამავე ექსპერტიზის ბიუროს სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გადაწყვეტა საკითხისა, ჰქონდა თუ არა „ბმს“-ს და „მერსედეს-ბენცის“ მარკის ავტომობილებს შორის ადგილი ურთიერთკონტაქტს, სატრანსპორტო ტრასოლოგიური გამოკვლევის გზით შეუძლებელია, დაზიანებათა ხასიათიდან გამომდინარე. ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის გათვალისწინებით, არ არის გამორიცხული ადგილი ჰქონოდა „ბმს-ს“ მარკის ავტომობილის წინა მარცხენა ნაწილსა და „მერსედესის“ მარკის ავტომობილის მარცხენა გვერდითა ნაწილს შორის ურთიერთკონტაქტს. მძღოლ ნ--- ფ---–-----ს მოქმედება არ შეესაბამება საგზაო მოძრაობის შესახებ საქ. კანონის 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნებს, რამაც განაპირობა კონკრეტული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა. ამ შემთხვევაშიც დასკვნა ეფუძნება გამოძიებით დადგენილად მიჩნეულ გარემოებას, რომ ფ---–-----ს ჩაეძინა ავტომანქანის მართვისას.
21. იგივე გარემოებები დაადასტურეს საქმის არსებითი განხილვისას დაკითხულმა ექსპერტებმა - ი---------------ემ და ლ--–--------–--–---–მა.
22. დაზარალებულებმა - ა-----– დ------ემ და მ--–---- ხ-------ემ დაკითხვისას სასამართლოს მიაწოდეს ინფორმაცია ზიანთან დაკავშირებით, რომელიც დანაშაულის შედეგად მიადგათ. რაც შეეხება ავტოსაგზაო შემთხვევას და მის გამომწვევ მიზეზებს, აღნიშნული პირები არ ფლობენ მნიშვნელოვან ინფორმაციას, მიუთითებენ, რომ მგზავრობდნენ „მერსედესის“ მარკის ავტომანქანით, მოულოდნელად მოხდა შეჯახება და დაკარგეს გონება.
23. მხარეების მიერ უდავოდ იქნა ცნობილი და შესაბამისად, არ გამოკვლეულა არსებითი განხილვისას დაზარალებულების უფლებამონაცვლეების - ნ----------–--ის და მ-----–- დ------ის გამოკითხვის ოქმები. აღნიშნული პირები არ არიან შემთხვევის შემსწრე და თვითმხილველი მოწმეები, მათი ჩვენებები შეეხება ავტოსაგზაო შემთხვევით განცდილ უდიდეს დანაკლისს, ასევე გამოხარტული აქვთ პოზიცია დამნაშავე მძღოლის მიმართ.
24. მითითებული ინფორმაცია ქმნის ბაზას მტკიცებულებებისას, რომელთა საფუძველზე ბრალდების მხარე გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულად მიიჩნევს ნ--- ფ---–-----ს მიერ ბრალდებით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას და ითხოვს მის დამნაშავედ ცნობას.
25. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეს უფლება აქვს, ამ კოდექსით დადგენილი წესით დააყენოს შუამდგომლობა, მოიპოვოს, სასამართლოს მეშვეობით გამოითხოვოს, წარადგინოს და გამოიკვლიოს ყველა შესაბამისი მტკიცებულება. ამავე კოდექსის მე–14 მუხლის შესაბამისად, მხარეს უფლება აქვს სასამართლოში მოითხოვოს მოწმის უშუალოდ დაკითხვა და წარადგინოს საკუთარი მტკიცებულება, ხოლო 25-ე მუხლის მე–2 ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებათა მოპოვება და წარდგენა მხარეების კომპეტენციაა.
26. მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი განმტკიცებულია ასევე საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, კერძოდ: "სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი" და "ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია" უზრუნველყოფენ, რომ ყოველ პირს, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, უფლება აქვს „თვითონ დაკითხოს ან დააკითხვინოს მისი ბრალდების მოწმეები და გამოაძახებინოს და დააკითხვინოს მისი დაცვის მოწმეები ბრალდების მოწმეების თანაბარ პირობებში”.
27. შესაბამისად, საქმის არსებითი განხილვისას ბრალდების და დაცვის მხარეებს მიეცათ თანაბარი შესაძლებლობები სასამართლოს წინაშე წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე დაერწმუნებინათ ის საკუთარი პოზიციების მართებულობაში.
28. საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეულ იქნა დაცვის მხარის მტკიცებულებებიც - „ევექსის“ ქობულეთის ჰოსპიტლის მენეჯერის 2019 წლის 2 ოქტომბრის წერილი, სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი, მოწმე თ-------–----------ს ჩვენება.
29. „ევექსის“ ქობულეთის ჰოსპიტლის მენეჯერის 2019 წლის 2 ოქტომბრის წერილის თანახმად, პაციენტმა ნ--- ფ---–-----მ სამედიცინო დაწესებულებას მიმართა 2018 წლის 12 დეკემბერს, 18:30 საათზე და გაეწერა იმავე დღეს 19:50 საათზე.
30. სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათის მიხედვით, კორპორაცია „ევექსის“ ქობულეთის ჰოსპიტალში ნ--- ფ---–----- მიყვანილ იქნა 2018 წლის 12 დეკემბერს, 18:30 საათზე, გაეწერა იმავე დღეს 19:50 საათზე. იგივე დასტურდება ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სამედიცინო ცნობით - ფორმა N100/ა.
31. მოწმედ დაკითხულმა, ნ--- ფ---–-----ს მკურნალმა ექიმმა თ-------–----------მ დაადასტურა სამედიცინო დოკუმენტაციაში ასახული, მათ შორის სტაციონარში ფ---–-----ს მიყვანის და გაწერის დროსთან დაკავშირებული ფაქტების სისწორე, განმარტა, რომ ავადმყოფის ჰოსპიტალში მიყვანის დროს აფიქსირებს მიმღები განყოფილების მუშაკი, გაწერის დროს -მკურნალი ექიმი. ახსოვს, რომ ფარცვნიას მათ ჰოსპიტალში ყოფნასთან დაკავშირებული სამედიცინო მასალები დაცვის მხარეზე უფრო ადრე, გამოძიების მწარმოებელი ორგანოს თანამშრომლებმა გაითხოვეს (აღნიშნული ინფორმაცია სასამართლოში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არ არის).
32. ბრალდების და დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ზემოაღნიშნული მტკიცებულებებიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მტკიცებულებების კრიტიკული ანალიზი და ობიექტური შეფასება, არ იძლევა სასამართლოს მხრიდან ასეთი მტკიცებულებების საფუძველზე ბრალდებულად ცნობილი პირის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დამნაშავედ ცნობას და არ ქმნის მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო უტყუარი, ურთიერთშეთანხმებული, დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთიან ჯაჭვს, კერძოდ:
33. საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებების ანალიზით დასტურდება, რომ 2018 წლის 12 დეკემბერს დაახლოებით 18:00 საათზე, ქ. ქობულეთში, ბათუმი-სენაკის შემოვლითი გზის მე-10 კილომეტრზე, მდინარე დეხვას მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, რომლის შედეგად დაზიანდნენ მასში მონაწილე ავტომობილები, ასევე ერთ-ერთ მათგანში - „მერსედეს-ბენცის“ მარკის ავტომობილში მსხდომი მგზავრები, რომელთაგან ორმა - ა-----– დ------ემ და მ--–---- ხ-------ემ მიიღეს ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანებები, ხოლო ა---------– დ------ე და ზ------ დ------- - გარდაიცვალნენ. მთავარი კითხვა - რომელი ავტომანქანის მძღოლ(ებ)ის გაუფრთხილებელმა ქმედებამ გამოიწვია ავტოავარია, რასაც მოყვა უმძიმესი შედეგი, მძიმედ დაზიანდნენ და გარდაიცვალნენ ადამიანები, აუნაზღაურებელი ზიანი მიიღეს ოჯახებმა - ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ურთიერთგამომრიცხავი და მხოლოდ ეჭვის გამომწვევი მტკიცებულებებით სასამართლო განხილვის დასრულებისას პასუხგაუცემელი დარჩა.
34. მოცემული კატეგორიის დანაშაულის საქმეებზე სსკ-ის 276-ე მუხლის დისპოზიციაში მითითებული დანაშაულის შემადგენლობის დასადგენად უმნიშვნელოვანესი მტკიცებულებებია შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, სქემა, თვითმხილველი მოწმეების ჩვენებები, ასევე სპეციალური ცოდნის მქონე პირების - ექსპერტების შეფასებები დანაშაულის შემადგენლობის ცალკეულ ელემენტებთან დაკავშირებულ საკითხებზე და მათ მიერ მიღებული სასამართლო-სამედიცინო, ტრასოლოგიური, ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნები. სასამართლო მიმოიხილავს თითოეულ ამ მტკიცებულებას და მიუთითებს იმ ხარვეზებზე, რომლებიც ამ ჩამონათვალში მითითებულ მტკიცებულებებს (გარდა სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებისა) აღენიშნება და სანდოობის, უტყუარობის, დამაჯერებლობის ხარისხს უკარგავს:
35. სსსკ-ის 134-ე მუხლის მეოთხე ნაწილის შესაბამისად, თუ საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას შედგა ნახაზი ან სქემა, საგამოძიებო მოქმედების ოქმში უნდა აღინიშნოს მიღებული შედეგები. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის და სქემის თანახმად, გამომძიებელმა შ------–-–---–მა თავისი არსით ეს ერთიანი საგამოძიებო მოქმედება ორ დამოუკიდებელ მოქმედებად დაყო, ჯერ დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, ხოლო მისი დასრულებიდან 5 წუთში დაიწყო სქემა-ნახაზის შედგენა. გამომძიებელმა სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში ვერ ახსნა რამ გამოიწვია ერთიანი საგამოძიებო მოქმედების ორ მოქმედებად დაყოფა. გარდა ამისა, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს აღნიშნულ საგამოძიებო მოქმედების ოქმში მითითებულ სხვა, არსებითად ურთიერთსაწინააღმდეგო მონაცემების შემცველ ინფორმაციაზე, კერძოდ:
36. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, საგამოძიებო მოქმედება დაიწყო 2018 წლის 12 დეკემბერს, 19:20 საათზე და გაგრძელდა 19:55 საათამდე. მასში მონაწილეობდნენ: პატრულ-ინსპექტორები - მ------ ჯ--------ე და ო-----------ე, ექსპერტი მ-----------------ე, მძღოლი ნ--- ფ---–-----. საქმის არსებითი განხილვისას მოწმედ დაკითხულმა პატრულ-ინსპექტორმა ჯ--------ემ დამაჯერებლად ვერ გაიხსენა საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობა, გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენებისგან განსხვავებით, თავის მეწყვილედ, რომელთან ერთადაც თითქმის პირველი მივიდა ავტოავარიის ადგილას, პატრულ-ინსპქტორი გ-------–--ე დაასახელა, რომელიც საერთოდ არ ფიგურირებს საქმეში და არა ო-----------ე. თუმცა სწორედ ამ უკანასკნელთან ერთად იღებდა მონაწილეობას შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში და დაფიქსირებულია საგამოძიებო მოქმედების ოქმსა და ნახაზში. მოწმედ დაკითხულმა ო-----------ემ განმარტა, რომ გამომძიებელს პირადად ეხმარებოდა ნახაზის შედგენისას ობიექტებს შორის არსებული მანძილების გაზომვაში, თუმცა ასეთი გაზომვა საერთოდ არ არის ნაწარმოები საგამოძიებო მოქმედების ოქმის და სქემა-ნახაზის მიხედვით. ამავდროულად, ორივე პატრულ-ინსპექტორმა კარგად გაიხსენა ფ---–-----ს მონაწილეობა დათვალიერებაშიც, სქემის შედგენაშიც და კატეგორიულად მიუთითა აღნიშნულის თაობაზე.
37. როგორც უკვე აღინიშნა, შემთხვევის ადგილის დათვალიერება ფ---–-----ს მონაწილეობით, ოქმის თანახმად, ნაწარმოებია 19:20 საათიდან - 19:55 საათამდე დროის მონაკვეთში. სქემა-ნახაზის შედგენა დაწყებულია 20:00 საათზე, თუმცა აღნიშნულ საგამოძიებო მოქმედებაში ნ--- ფ---–-----ს მონაწილეობას როგორც თავად ბრალდების, ასევე დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ფაქტიურად გამორიცხავს, კერძოდ:
38. საქმეზე გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო ქობულეთის რეფერალური საავადმყოფოს ექიმის ნ. დ------ის მიერ აჭარის საპატრულო პოლიციის მთავარ სამმართველოში ელ-სმენის საშუალებით გაკეთებული შეტყობინება, რომლის თანახმად, „ქობულეთის შემოვლით გზაზე მომხდარი სსშ-ის შედეგად სხეულის დაზიანებით ქობულეთის რეფერალურ საავადმყოფოში მიყვანილია 1--- წელს დაბადებული ზ------ დ-------, 1--- წელს დაბადებული მ--–---- ხ-------ე, 1--- წელს დაბადებული ნ--- ფ---–----- და ა-----– დ------ე. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა ერთი მოქალაქე“. შეტყობინებაზე რეზოლუციის დადების დროა - 12.12.2018. 18:32 საათი. ანუ 18:32 საათისთვის - საქმეზე გამოძიების დაწყების მომენტისთვის გამოძიების ორგანოსთვის უკვე ცნობილია, რომ ნ--- ფ---–----- გადაყვანილია ქობულეთის რეფერალურ საავადმყოფოში. მითითებული შეტყობინების საფუძველზე საქმეზე გამოძიება დაიწყო გამომძიებელმა ი---- შ------–-–---–მა, რომელიც მისივე განმარტებით, დაუყოვნებლივ გაემართა შემთხვევის ადგილისკენ, სადაც სხვა მძღოლებთან ერთად დახვდა ნ--- ფ---–-----ც, მოისმინა მისგან განმარტებები საჭესთან ჩაძინების, ამის გამო ავტომანქანის მართვის დაკარგვის და მისი ბრალეულობით მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის თაობაზე. უფრო მეტიც, ფ---–-----ს უშუალო მონაწილეობით და მითითებით ავტოავარიის კონკრეტული დეტალების თაობაზე, შეადგინა შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და სქემა-ნახაზი. აღნიშნულის საპირისპიროდ, ჩამორთმეული სატრანსპორტო საშუალების მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, გამომძიებელმა ი---- შ------–-–---–მა მძღოლს - ნ--- ფ---–-----ს ჩამოართვა ავტომანქანა და გადასცა სპეც. ავტოსადგომის წარმომადგენელს გ---- რ-------ეს, რის თაობაზეც 2018 წლის 12 დეკემბერს, 18:50 საათზე შეადგინა მიღება-ჩაბარების აქტი, რომელზეც მძღოლმა ფ---–-----მ ხელი ვერ მოაწერა „ადგილზე არყოფნის გამო“. ანუ 18:32 საათზე მიღებული შეტყობინების შემდეგ, გამომძიებელმა შ------–-–---–მა დაიწყო გამოძიება, შეადგინა გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი, გავიდა შემთხვევის ადგილზე, ანუ ქ. ბათუმიდან წავიდა ქობულეთის შემოვლით გზაზე, ავტოსატრანსპორტო საშუალება ჩამოართვა მფლობელს და ყველა ეს მოქმედება განახორციელა 18 წუთის განმავლობაში. ისმის კითხვა - 18:50 საათზე სპეც. ავტოსადგომის თანამშრომლისთვის ჩაბარებული ავტომობილი, რომლის მძღოლსაც ბრალდების მხარე ედავება ავტოსაგზაო შემთხვევას, 19:20 საათზე დაწყებული შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას სად იყო და თუ უკვე გადაყვანილი ყავდათ სპეც. ავტოსადგომზე, როგორ მოხდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება და სქემის შედგენა ამ ავტომობილის გარეშე?! აღნიშნულ კითხვის ნიშანს უფრო ამძაფრებს შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის აღწერილობითი ნაწილის ბოლო წინადადება, რომელშიც მითითებულია ავტომობილების საჯარიმო სადგომზე გადაყვანის თაობაზე. სქემა-ნახაზზე დაფიქსირებული დროის მიხედვით კი სწორედ ამის შემდეგ დაიწყო ნახაზის შედგენა. შესაბამისად, ბრალდების მხარის მიერვე წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან გამომდინარე, მხოლოდ ერთი გარემოების დადგენილად მიჩნევაა შესაძლებელი, კერძოდ, რომ ქმედების სწორი კვალიფიკაციისთვის და დანაშაულის ჩამდენი პირისთვის წარდგენილი ბრალის დადასტურებისთვის უმნიშვნელოვანესი მტკიცებულებების მოპოვებისას - შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას და სქემა-ნახაზის შემდეგისას, ავტომობილი „ბმვ“ საერთოდ არ იმყოფებოდა ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილას. წერილობითი მტკიცებულებებით დაფიქსირებული ფაქტობრივი გარემოებების საპირისპიროდ, მითითებულ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პატრულ-ინსპექტორების განმარტებებით, დათვალიერების და სქემის შედგენისას ავტომობილები, მათ შორის „ბმვ“ ადგილზე იყვნენ. პატრულ -ინსპექტორი ა-----ე ეხმარებოდა გამომძიებელს აზომვით სამუშაოებში, თუმცა ასეთი აზომვების ჩატარების დამადასტურებელ ინფორმაციას ოქმი და სქემა-ნახაზი არ შეიცავს. ამდენად, მოწმეთა ჩვენებები წინააღმდეგობაშია წერილობით მტკიცებულებებში ასახულ გარემოებებთან, რაც ამ ჩვენებების გაზიარების შესაძლებლობას გამორიცხავს.
39. კიდევ უფრო რთულია მოცემულობა შემთხვევის ადგილის დათვალიერებასა და სქემა ნახაზის შედგენისას აღნიშნულ მოქმედებებში ნ--- ფ---–-----ს მონაწილეობასთან დაკავშირებით. როგორც უკვე აღნიშნა, 18:32 საათზე მიღებული შეტყობინების თანახმად, ფ---–----- უკვე გადაყვანილი იყო ქობულეთის საავადმყოფოში. მიუხედავად ამისა, შემთხვევის ადგილზე გასული გამომძიებელი და პატრულ-ინსპექტორები, ისევე, როგორც ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე სხვა ავტომანქანების მძღოლები დაბეჯითებით ამტკიცებენ მითითებულ მომენტში ფ---–-----ს ადგილზე ყოფნას და მისი მონაწილეობით შემთხვევის ადგილის დათვალიერებას, ასევე სქემა-ნახაზის შედგენას.
40. დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის - „ევექსის“ ქობულეთის ჰოსპიტლის მენეჯერის 2019 წლის 2 ოქტომბრის წერილის თანახმად, პაციენტმა ნ--- ფ---–-----მ სამედიცინო დაწესებულებას მიმართა 2018 წლის 12 დეკემბერს, 18:30 საათზე, რაც შესაბამისობაშია როგორც საპატრულო-პოლიციის სამმართველოში შესულ შეტყობინებაზე დაფიქსირებულის დროსთან, ასევე შეტყობინებაში ასახულ ინფორმაციასთან. გაეწერა იმავე დღეს 19:50 საათზე. იგივე დასტურდება სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათით, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სამედიცინო ცნობით, ფორმა N100/ა-თი და ფ---–-----ს მკურნალი ექიმის - თ-------–----------ს ჩვენებით.
41. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, უმნიშვნელოვანესი მტკიცებულების - შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის და სქემა-ნახაზის მიჩნევა ბრალდების დამადასტურებელ მტკიცებულებად შეუძლებელია, რადგან ეჭვს იწვევს საგამოძიებო მოქმედების ოქმში მითითებული გარემოებების სისწორე. ნ--- ფ---–----- დროის ერთი და იგივე მონაკვეთში, ერთდროულად ვერ იქნებოდა „ევექსის“ ქობულეთის ჰოსპიტლსა და ჰოსპიტლიდან ათეული კოლომეტრით დაშორებულ შემთხვევის ადგილას, ვერ ჩაიტარებდა მკურნალობას და ამავდროულად, ვერ მიიღებდა მონაწილეობას შემთხვევის ადგილის დათვალიერებასა და სქემის შედგენაში.
42. ამავე გარემოებებზე დაყრდნობით დაცვის მხარემ კატეგორიულად გამორიცხა ნ--- ფ---–-----ს მონაწილეობა მითითებულ საგამოძიებო მოქმედებაში, განაცხადა, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმიც და სქემაც გაყალბებულია გამომძიებლის მიერ, რომელმაც ფ---–-----ს აღნიშნულ დოკუმენტებზე ხელი მოაწერინა საგამოძიებო ორგანოში მიყვანის შემდეგ. იგივე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა ფ---–-----მაც.
43. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ ურთიერთშეთანხმებულ, დამაჯერებელ და უტყუარ მტკიცებულებებს, ნებისმიერი ეჭვი, რომელიც წარმოიშობა მტკიცებულებების შეფასებისას უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამ ფუძემდებლური პრინციპის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ დამაჯერებლობას მოკლებულია საქმეზე დაკითხული მოწმეების ჩვენებებიც. პატრულ-ინსპექტორმა ჯ--------ემ გამოძიების ეტაპზე მიცემულ ჩვენებაში (ორივე პატრულ-ინსპექტორი დაკითხულია შემთხვევიდან ხუთი თვის გასვლის შემდეგ) განაცხადა, რომ მეწყვილე ო-----------ესთან ერთად გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე, მიიღო მონაწილეობა შემთხვევის ადგილის დათვალიერებასა და სქემის შედგენაში. საქმის განხილვისას კი განმარტა, რომ იმ დღეს მისი მეწყვილე იყო პატრულ-ინსპექტორი გ-------–--ე, კარგად ვერ გაიხსენა საგამოძიებო მოქმედებების დეტალები, რომელშიც საგამოძიებო მოქმედების ოქმის თანახმად, მონაწილეობდა. მოწმედ დაკითხულმა ო-----------ემ განმარტა, რომ გამომძიებელ შ------–-–---–ს აზომვებში ეხმარებოდა სქემა-ნახაზის შედგენისას. ამავე დოკუმენტის თანახმად კი ასეთი აზომვები არ ჩატარებულა. ამასთან, ორივე მოწმე ადასტურებს ნ--- ფ---–-----ს შემთხვევის ადგილზე ყოფნას და მონაწილეობას საგამოძიებო მოქმედებაში, თუმცა ბრალდების მხარის მიერვე წარმოდგენილი მასალების თანახმად, ამ დროისთვის ფ---–----- გადაყვანილი იყო ქობულეთის რეფერალურ საავადმყოფოში და არ იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე (იხ. შეტყობინება, მიღება-ჩაბარების აქტი).
44. იგივე უნდა ითქვას მძღოლების - რ---–---- ა----–--ის და გ--–- გ--------ის ჩვენებებზე. გ--------ემ სასამართლოს განუმარტა, რომ “BMW-ს”მარკის ავტომობილი შეეჯახა მისი მართვის ქვეშ არსებულ ავტომანქანას უკანა მარცხენა საბურავთან. გამოძიების ეტაპზე მიცემულ ორ ჩვენებაში კი აცხადებდა, რომ შეჯახება მოხდა მისი ავტომობილის წინა მარჯვენა მხარეზე და სწორედ ამ მონაცემის გათვალისწინებით ჩატარდა საქმეზე შესაბამისი ექსპერტიზები. მძღოლმა როლან ა----–--ემ სასამართლოს განუმარტა, რომ ავტოავარიის შემდეგ სანამ გადმოვიდა მანქანიდან, მასთან მივიდა “BMW-ს” მძღოლი - ბრალდებული ნ--- ფ---–-----, რომელმაც ჰკითხა „შენ დაგარტყიო?“. აუხსნა, რომ მან „ვიტოს“ დაარტყა, „ვიტო“ კი შეეჯახა მის სატვირთო ავტომანქანას. გამოძიების ეტაპზე მიცემულ ორივე ჩვენებაში კი ა----–--ე მიუთითებდა, რომ მის სატვირთო ავტომანქანაზე „მერსედესის“ მარკის ავტომანქანის შეჯახებისთანავე გადმოვიდა მანქანიდან, გაიქცა „მერსედესისკენ“ და არაფერი უთქვამს ფ---–-----სთან კომუნ---ციაზე. ამასთან, ა----–--ემ განაცხადა, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში მონაწილეობდა “BMW-ს” მძღოლი ფ---–-----ც, რაც საკუთარი თვალით დაინახა. სასამართლომ უკვე იმსჯელა შემთხვევის ადგილზე ფ---–-----ს ყოფნასთან დაკავშირებით არსებულ საეჭვო გარემოებებზე, რაც წარმოიშვა ორივე მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით და ფატობრივად გამორიცხა დამაჯერებლობა მოწმეთა ჩვენებებში მითითებული გარემოებისა, რომ ფ---–----- მონაწილეობას იღებდა შემთხვევის ადგილზე ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებში. მოწმეთა მიერ გამოძიების და სასამართლო განხილვისას მიცემულ ჩვენებებში არსებული ურთიერთწინააღმდეგობა, მათი დამაჯერებლად მიჩნევის და გაზიარების საფუძველს არ ქმნის.
45. სასამართლო განმარტავს, რომ ისეთ პირობებში, როდესაც ბრალდების მხარის მოწმეები კატეგორიულად ადასტურებენ ერთ კონკრეტულ გარემოებას, რომლის რეალურად არსებობაში სასამართლო ვერ დარწმუნდა მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ეჭვიდან გამომდინარე, ამავე მოწმეების მიერ ჩვენებებში მითითებული გარემოებების რეალობა, რომ ნ--- ფ---–----- შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა, აცხადებდა, რომ ჩაეძინა ავტომანქანის მართვისას, იღებდა მონაწილეობას საგამოძიებო მოქმედებაში, ეჭვის იწვევს. ეჭვის წარმომქმნელი მტკიცებულებები კი ვერ დაედება საფუძვლად პირის დამნაშავედ ცნობას,46. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ნ--- ფ---–-----მ დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მუხლი 21-ე, პუნქტი 5-ის მოთხოვნები, რამაც გამოიწვია ავტოსაგზაო შემთხვევა. ბრალის ამგვარ ფორმულირებას საფუძვლად დაედო საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინლისტიკური დეპარტამენტის აჭარის ა/რ საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის 2019 წლის 11 იანვრის ავტოტექნიკური ექსპერტიზის N405/ა დასკვნა, რომლის ავტორმა, ექსპერტმა ზ---------–--ემ მოწმედ დაკითხვისას განმარტა, რომ ექსპერტიზის ჩატარებისას და დასკვნის მიღებისას დაეყრდნო გამომძიებლის მიერ მის წინაშე წარდგენილ ინფორმაციას და დადგენილებას ექსპერტიზის დანიშვნის თაობაზე, რომელშიც მითითებული იყო გამოძიების მიერ დადგენილად მიჩნეული ფაქტები, მათ შორის ის გარემოება, რომ მძღოლ ფ---–-----ს მანქანის მართვისას ჩაეძინა, რა დროსაც გადავიდა საპირისპირო მოძრაობის ზოლში და შეეჯახა შემხვედრი მიმართულებით მოძრავ ავტომობილ „მერსედესს“. დადგენილად მიჩნეული ამ გარემოებიდან გამომდინარე, აღარ უწარმოებია არანაირი დამატებითი კვლევა. ავტომანქანის მართვისას მძღოლის ჩაძინების შემთხვევაში, სწორედ ასეთ მძღოლზე მოდის ნებისმიერ სავალალო შედეგთან დაკავშირებული სრული პასუხიმგებლობა, რადგან ჩაძინებისას მძღოლი კარგავს კონტროლს ავტომობილზე და უმართავი სატრანსპორტო საშუალება ნებისმიერ შემთხვევაში ხდება მიზეზი ავტოავარიისა. შესაბამისად, მის მიერ შედგენილი დასკვნა ემყარება მხოლოდ გამოძიებლის მიერ დადგენილად მიჩნეულ ამ გარემოებას.
46. ”საგზაო მოძრაობის შესახებ” საქართველოს კანონის მუხლი 21, პუნქტი 5-ის თანახმად: მძღოლი ვალდებულია იცოდეს საგზაო მოძრაობის წესები, აგრეთვე გათვითცნობიერებული ჰქონდეს ისეთი ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენს მძღოლის მოქმედებაზე, მაგალითად, დაღლილობა, უძილობა, სამედიცინო პრეპარატების მიღება, ალკოჰოლის მიღება და ა. შ.
47. ამდენად, ბრალდების მხარე ნ--- ფ---–-----ს ედავება მხოლოდ იმას, რომ მანქანის მართვისას არ გაითვალისწინა ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენს მძღოლის მოქმედებაზე, კერძოდ - უძილობა. ბრალდების საგანს არ წამოადგენს მაგ: უწყვეტი ღერძულა ხაზის გადაკვეთის, მანევრირების წესების დარღვევის თუ სხვა გაუფრთხილებელი ქმედებების გამო პასუხისმგებლობის საკითხი, ხოლო ის გარემოება, რომ ფ---–-----ს საჭესთან დაეძინა, საქმის არსებითი განხილვისას არ დადასტურებულა არც ერთი პირდაპირი მტკიცებულებით. ბრალდებულის მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენებები არ გამოკვლეულა. სსსკ-ის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბრალდებულის ჩვენება, როგორც მტკიცებულება, არის მის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენება სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ჩვენების მიცემა ბრალდებულის უფლებაა. ბრალდებულმა ისარგებლა აღნიშნული უფლებით და არ მისცა ჩვენება სასამართლოს. შესაბამისად, გამომძიებლის მიერ დადგენილად მიჩნეული გარემოება - მოძრავი ავტომანქანა „ბმვ“-ს მძღოლის საჭესთან ჩაძინება, რაც გახდა საფუძველი ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნისა, არ გამოკვლეულა და არ დადასტურებულა საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული არც ერთი პირდაპირი მტკიცებულებით. რაც შეეხება გამომძიებელი შ------–-–---–ის, პატრულ-ინსპექტორების - ა-----ის და ჯ--------ის ჩვენებებს, მძღოლების ა----–--ის და გ--------ის ჩვენებებს, რომლებშიც მიუთითებენ შემთხვევის ადგილზე ნ--- ფ---–-----ს მიერ გაკეტებული განმარტებაზე საჭესთან ჩაძინების თაობაზე, ისინი თავისი არსით ირიბი მტკიცებულებებია, ეფუძნებიან რა სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.
48. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, რომელიც ასახულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში, ყოველი მტკიცებულება, რომელიც ბრალდებასა თუ განაჩენს საფუძვლად ედება, შესაძლოა იწვევდეს დავას. გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებები, როგორც წესი, მხარეთა განსხვავებული შეფასებისა და კამათის საგანს წარმოადგენს. სისხლისსამართლებრივი დევნის სხვადასხვა ეტაპზე მხარეებს ეძლევათ შესაძლებლობა, შეამოწმონ მტკიცებულებათა ნამდვილობა, ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები, რომლებიც ასაბუთებს ან უარყოფს ბრალდებული პირის კავშირს ჩადენილ დანაშაულთან. ირიბი ჩვენების შემთხვევაში მოწმე გამოძიებას ან სასამართლოს აწვდის ინფორმაციას ბრალდებულის მიერ დანაშაულებრივი ქმედების განხორციელების ან სხვა გარემოებების შესახებ, რომელთა თვითმხილველი თავად არ ყოფილა. ირიბი ჩვენება, ზოგადად, ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა, მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს.
49. ირიბი ჩვენების - სასამართლოს მიერ ისეთი ჩვენების დასაშვებად ცნობა, რომელიც ემყარება სხვა პირის მიერ გაკეთებულ განცხადებას ან გავრცელებულ ინფორმაციას, შეიცავს მრავალ რისკს. მათ შორის, რთულია იმის შეფასება, თუ რამდენად სანდოა ან სარწმუნოა ასეთი ინფორმაცია, ვინაიდან სასამართლო შეზღუდულია შესაძლებლობაში, შეამოწმოს ინფორმაციის გამავრცელებელი პირის განწყობა, მისი დამოკიდებულება იმ მოვლენების მიმართ, რომლებიც სისხლისსამართლებრივ საქმეს უკავშირდება. ასევე რთულია იმის განჭვრეტა, თუ როგორ ჩვენებას მისცემდა ეს პირი, ის რომ სასამართლოში გამოცხადებულიყო (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება).
50. საქართველო საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, ირიბი ჩვენება ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს. თავის არაერთ და მათ შორის ოჯახური ძალადობის ბრალდების საქმეზე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2018 წლის 31 ოქტომბრის N308აპ/18 განაჩენში მიუთითა, რომ იმ "...მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც არ არიან შემთხვევის თვითმხილველები და მათი განმარტებები ეფუძნება სხვა პირის მიერ მათთვის მიწოდებულ ინფორმაციას, საქართველოს სსსკ-ის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, წარმოადგენს ირიბ ჩვენებებს, რაც არ არის საკმარისი გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, ვინაიდან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილების შესაბამისად, მოწმის ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს კონსტიტუციურსამართლებრივ სტანდარტს, რის გამოც არ შეიძლება პირის მსჯავრდების საფუძველი გახდეს".
51. იგივე სახის ინფორმაციას, ანუ ბრალდებულის მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემულ ჩვენებას ეყრდნობა ბრალდების მხარე, როდესაც უტყუარად დადასტურებულად მიიჩნევს საჭესთან სწორედ ფ---–-----ს ჯდომის ფაქტს. სასამართლო განხილვისას ბრალდებულმა უარყო ეს გარემოებაც, ბრალდების მხარემ კი გამოძიების წარმოებისას არ მიიღო ზომები, რათა სხვა დამაჯერებელი და უტყუარი მტკიცებულებებით დაედასტურებინა აღნიშნული გარემოება, არ ჩაუტარებია მითითებული ფაქტის დასადგენად აუცილებელი საგამოძიებო მოქმედებები, არ მოუპოვებია ნივთიერი მტკიცებულებები, არ დაუნიშნავს ექსპერტიზები. ამ ეტაპამდე დაუდგენელია „ბმს“-ს მარკის ავტომანქანის კუთვნილებაც კი, ანუ უცნობია ვის ეკუთვნის ეს ავტომობილი. გამოძიების ორგანოს მიერ დაშვებული ასეთი ხარვეზების გამო, დაცვის მხარემ სადავოდ გახადა ბრალდებულის კავშირიც კი სატრანსპორტო შემთხვევაში მონაწილე ავტომანქანასთან.
52. სასამართლო ხაზგასმით განმარტავს, რომ კონკრეტული დანაშაულებრივი ქმედებისთვის სწორი კვალიფიკაციის მორგება და მისი ჩამდენი პირისთვის ბრალდების წარდგენა, კონკრეტული ქმედებების აღწერა, რამაც ბრალდების წარდგენის საფუძველი შექმნა, ასევე ამ ბრალდების შესაბამისი მტკიცებულებებით გამყარება და მის დადასტურებაზე ზრუნვა, ბრალდების მხარის ფუნქცია-მოვალეობაა, ანუ, რა ბრალდება წარედგინება დანაშაულის ჩამდენ პირს, რა მტკიცებულებებით შეეცდება მის დადასტურებას-მხოლოდ პროკურატურა განსაზღვრავს. სასამართლო კი ვალდებულია წარდგენილი ბრალდების ფარგლებში განიხილოს საქმე და არ არის უფლებამოსილი გასცდეს უკვე წარდგენილი ბრალდების ფარგლებს, პირს ბრალად შერაცხოს ქმედება, რომელსაც მას არ ედავება სისხლისამართლებრივი დევნის განმახორციელებლი და ბრალდების წარდგენაზე უფლებამოსილი ერთადერთი სახელმწიფო ორგანო - პროკურატურა. შესაბამისად, ნ--- ფ---–-----ს ბრალად შეერაცხა მხოლოდ ”საგზაო მოძრაობის შესახებ” საქართველოს კანონის მუხლი 21, პუნქტი 5-ის მოთხოვნების უგულვებელყოფა, რაც გულისხმობს იმ ფაქტორების გაუთვალისწინებლობას,რომლებიც გავლენას ახდენს მძღოლის მოქმედებაზე და გამოიხატა უძილობის ფაქტორის გაუთვალისწინებლობაში. როგორც უკვე აღინიშნა, საქმის არსებითი განხილვისას იმ ფაქტის დასადასტურებლად, რომ ფ---–-----ს საჭესთან ჩაეძინა, არ გამოკვლეულა არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება. რაც შეეხება სხვა დარღვევებს, რომლების შესაძლოა იკვეთებოდეს ფ---–-----ს მხრიდან, აღნიშნული დარღვევების გამო მას არ შედავებია სახელმწიფო, ამიტომ სასამართლო ვერ შერაცხავს ბრალად ისეთ ქმედებას, რომლის შესახებაც არაა მითითებული ბრალდების შესახებ დადგენილებაში.
53. კიდევ ერთი გარემოება, რომელიც გამოძიების ეტაპზე დაშვებულ აშკარა შეცდომებზე მიუთითებს, გამოიხატა ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე ავტომანქანების საქმეზე საპროცესო დამაგრებისას კანონით დადგენილი წესის არსებით დარღვევაში, კერძოდ: შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში მითითებულია, რომ „ავტომანქანები გადაყვანილია საჯარიმო სადგომზე“. სსსკ-ის 77-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ნივთიერი მტკიცებულება უნდა დათვალიერდეს და დაილუქოს. საქმის მასალებით ირკვევა, რომ საპროცესო კანონით დადგენილი წესის დაცვით ამ ავტომანქანების, როგორც საქმისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის შემცველი ობიექტების, რომლებზეც შემდგომში უნდა ჩატარებული საექსპერტო კვლევა - ამოღება, დალუქვა და განთავსება ავტოსადგომზე, არ მომხდარა. შესაბამისად, გამოძიების მწარმოებელი ორგანოს მხრიდან არ ყოფილა მიღებული ზომები გამორიცხულიყო ყოველგვარი გონივრული ეჭვი მათზე არსებული კვალის შეცვლასა თუ გაქრობასთან დაკავშირებით. საქმის არსებითი განხილვისას დაკითხულმა ექსპერტებმა - ი---------------ემ და ლ--–--------–--–---–მა, რომლებმაც ქიმიური და სატრანსპორტო-ტრასოლოგიური ექსპერტიზები ჩაატარეს და ადგილზე დაათვალიერეს ავტომანქანები, დაადასტურეს, რომ ისინი არ ყოფილან დალუქული და დაცული ყოველგვარი გარე ზემოქმედებისგან. მითითებული გარემოებებიდან გამომდინარე, დაცვის მხარემ საეჭვო გახადა ქიმიური ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული გარემოებების სისწორეც და მიუთითა, რომ დაუცველ ადგილას და ყველასთვის ხელმისაწვდომ პირობებში განთავსებულ სატრანსპორტო საშუალებაზე იოლი იქნებოდა გარე ჩარევით საღებავის კვალის დატოვება. უნდა აღინიშნოს, რომ სწორედ არასათანადოდ ნაწარმოებმა გამოძიებამ მისცა დაცვის მხარეს ამგვარი დასკვნების დაჟღერების და თითქმის ყველა გარემოებაში ეჭვის შეტანის საშუალება.
54. ქვეყნის კონსტიტუციით, საერთაშორისო შეთანხმებებით, შიდა კანონმდებლობით დადგენილი იმპერატიული დანაწესიდან გამომდინარე, კანონით გათვალისწინებული წესის დარღვევით მოპოვებული მტკიცებულება, ასევე მის საფუძველზე მოპოვებული სხვა მტკიცებულებები, ვერ გახდება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის და პირის მიმართ წარდგენილი ბრალდების გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულად მიჩნევის წინაპირობა.
55. ამასთან, სასამართლო მიუთითებს, დანაშაულის ნებისმიერი ფაქტი და შემთხვევა საჭიროებს ადექვატურ და კანონისმიერ რეაგირებას, ეფექტურ გამოძიებას, სახელმწიფოს მხრიდან საკმარისი, დამაჯერებელი ურთიერთშეთანხმებული მტკიცებულებების მოპოვებას და სასამართლოსთვის წარდგენას. სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებით გათვალისწინებული ქმედების თანმდევ უმძიმეს შედეგებს, რაც ორი ადამიანის მძიმე დაზიანებას და ორი ადამიანის გარდაცვალებას უკავშირდება, მათი ოჯახების მიერ განცდილ უდიდეს და აუნაზღაურებელ დანაკლისს, თუმცა გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო პირდაპირი, დამაჯერებელი, ურთიერთშეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობის არსებობა ერთნაირად აუცილებელია დანაშაულის ყველა შემთხვევის დროს, ნებისმიერი გამონაკლისის გარეშე. სწორედ სახელწიფოა პასუხისმგებელი დანაშაულის არც ერთი ფაქტი დარჩეს შესაბამისი რეაგირების და დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ ადექვატური პასუხისმგებლობის დაკისრების გარეშე. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალდების მხარეს, შესაბამისად, ის არის პასუხისმგებელი დამნაშავის სათანადო დასჯაზე. მისი მხრიდან არასაკმარისი და არადამაჯერებელი მტკიცებულებების წარდგენის ნებისმიერ შემთხვევას, მიუხედავად იმისა, თუ რა სახის დანაშაულია ჩადენილი და როგორია დამდგარი შედეგი, მოჰყვება ბრალდებულის გამართლება და პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება.
56. საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. საქმეზე არასათანადოდ ჩატარებულმა გამოძიებამ დაცვის მხარეს მისცა შესაძლებლობა ყველა საკვანძო და მნიშვნელოვანი მტკიცებულება დაეყენებინა ეჭვსქვეშ, შესაბამისად, ყველა მიმართულებით გაეჩინა ეჭვი წარდგენილი ბრალდების საფუძვლიანობასთან დაკავშირებით.
57. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ ვერ შეძლო სასამართლოსთვის, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დაემტკიცებინა ბრალდებულის მიმართ წარდგენილი ბრალდების საფუძვლიანობა. მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით გადმოცემული ვერსია ვერ სცილდება ვარაუდის და დაუდასტურებელი ეჭვის დონეს, რაც არ შეიძლება საფუძვლად დაედოს პირის დამნაშავედ ცნობას.
58. სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY განმარტა შემდეგი: წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან.
59. სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებენ ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ. განსახილველ შემთხვევაში ბრალდების მხარემ ვერ შეძლო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ნინო ნაკაშიძის ბრალდების დადასტურება.
60. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ადამიანის პიროვნული თავისუფლების მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი მოითხოვს, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ეჭვი გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას და, ამდენად, ამყარებდეს საზოგადოების ნდობას სისხლის სამართლის საქმეზე მართლმსაჯულების მიმართ .
სამართლებრივი შეფასება:
61. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზე არ არის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა ნ--- ფ---–-----ს წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის. ბრალდების მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო უტყუარი, დამაჯერებელი, ურთიერთშეთანხმებული მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა მის ბრალეულობაში, რის გამოც ნ--- ფ---–----- უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს წარდგენილ ბრალდებაში.
ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:
62. სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესის თანახმად, ნივთმტკიცებად ცნობილი - „ბმვ“-ს მარკის ავტომანქანა (სახელმწიფო სანომრე ნიშნით H------) და „მერსედეს-ბენცის“ მარკის ავტომანქანა (სახელმწიფო სანომრე ნიშნით E--------), რომლებიც გაჩერებულია შპს „ბათ-ავტოს“ სპეციალურ ავტოსადგომზე - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს, კუთვნილების მიხედვით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის მე-20, 255-ე, 258-260-ე, 268-ე, 270-272-ე, 276-277-ე, 279-ე, 280-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბრალდებული: ნ--- მ------ს ძე ფ---–----- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-3 და ამავე მუხლი მე-7 ნაწილებით წარდგენილ ბრალდებაში.
მსჯავრდებულ ნ--- ფ---–-----ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
გამართლებულ ნ--- ფ---–-----ს განემარტოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლების შესახებ.
ნივთმტკიცებები - „ბმვ“-ს მარკის ავტომანქანა (სახელმწიფო სანომრე ნიშნით H------) და „მერსედეს ბენცის“ მარკის ავტომანქანა (სახელმწიფო სანომრე ნიშნით E--------), რომლებიც გაჩერებულია შპს „ბათ-ავტოს“ სპეციალურ ავტოსადგომზე - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს, კუთვნილების მიხედვით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთა მიერ გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი