განაჩენი

სისხლის სამართლის 23.10.2019
საქმის ნომერი
160140019002969465
დავის ტიპი
177 3 გ , 177 2 ა
თარიღი
23.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N160140019002969465

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

ბოლნისის რაიონული სასამართლო

 

საქმე N1/159-19 23 ოქტომბერი 2019 წელი ქ. ბოლნისი

(გამოძიების N031190419002)

 

მოსამართლე - თეა ლეონიძე

სხდომის მდივანი - დიანა ქოჩორაშვილი,თამთა ჩულუხიძე, ვერიკო ნინიაშვილი

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი: ზაზა ცქვიტარია

 

დაცვის მხარე:

ადვოკატი: არჩილ ცაგურია

 

ბრალდებული: ა----- ა-–-----------ი

მამის სახელი: რაგიმ

დაბადებული: 0-----------–--–-

პირადი ნომერი: 2----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: საშუალო

ოჯახური მდგომარეობა: განქორწინებული

ნასამართლობა: ნასამართლობის მქონე

რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: მ--------–ი, სოფელი ყ-----–----–ო, ჰ-----–-----------------------------

 

თარჯიმანი: სუსანა მარტიაშვილი

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტი.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

1.1. ა----- ა-–-----------ს ბრალად ედება, რომ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით.

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 19 აპრილს დაახლოებით 21:30 საათზე ა----- ა-–-----------მა ფანჯრიდან უკანონოდ შეაღწია ტ--–--- ო---------ის საცხოვრებელ სახლში, მდებარე მ--------–ის რაიონის სოფელ ყ-----–----–ოში, საიდანაც მოიპარა ტ--–--- ო---------ის და მისი ოჯახის წევრების კუთვნილი ნივთები, კერძოდ 78 ლარი, 2 ოქროს ბეჭედი ღირებული 500 ლარად, ,,კასიოს“ ფირმის საათი ღირებული 100 ლარად და ფულის შესანახი ყულაბა, რომელშიც იდო 4 000 ლარი, რითაც დაზარალებულს მიაყენა 4 678 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

 

2. სასამართლომ დაადგინა:

 

2.1 ა----- ა-–-----------მა ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

2019 წლის 19 აპრილს დაახლოებით 21:30 საათზე ა----- ა-–-----------ი ტ--–--- ო---------ის საცხოვრებელ სახლიდან, მდებარე მ--------–ის რაიონის სოფელ ყ-----–----–ოში, ფარულად დაეუფლა ტ--–--- ო---------ის და მისი ოჯახის წევრების კუთვნილი ნივთებს, კერძოდ 78 ლარს, 2 ოქროს ბეჭედს ღირებულის 90 ლარად, ,,კასიოს“ ფირმის საათი ღირებულს 100 ლარად და ფულის შესანახი ყულაბას, მასში არსებული 4000 ლარით, რითაც დაზარალებულს მიაყენა 4 268 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2.1. ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.

 

სასამართლოში მოწმის სახით დაიკითხა დაზარალებული ტ--–--- ო---------ი. მან განმარტა, რომ ცხოვრობს მ--------–ის რაიონის სოფელ ყ----–----–ოში მამასთან, შვილებთან და მეუღლესთან ერთად. ბრალდებული ა----- ა-–-----------ი არის მისი ყოფილი სიძე. ა----- ა-–-----------ი ერთი წლის განმავლობაში ცხოვრობდა მათთან. სახლიდან გაჰქონდა ყველაფერი ოქრო, ნივთები და ყიდდა, რის გამოც მისი შვილი გაშორდა. 2019 წლის 19 აპრილს იყო მისი ძმიშვილის ქორწილი. იმავე დღეს არის მისი შვილიშვილის, ა----- ა-–-----------ის შვილის, დაბადების დღეც. ქორწილში წავიდა მეუღლესთან და შვილებთან ერთად, მამამისი დარჩა სახლში. იქნებოდა დაახლოებით 00:00 საათი, როდესაც ტელეფონზე დაურეკა მამამისმა და უთხრა, რომ მისულიყო სახლში, რადგან სახლში იყო ცუდი მდგომარეობა. დაზარალებულმა განმარტა, რომ მას სახლში აქვს რემონტი და ყველანი სამზარეულოში არიან გადასულები. სამზარეულოს აქვს პატარა ფანჯარა და დაზარალებულის განმარტებით ბრალდებული სწორედ იმ ფანჯრიდან იყო შემოსული. ოთახში შეინიშნებოდა ტალახიანი ფეხის კვლები. დაზარალებულის განმარტებით მისი ოჯახიდან დაკარგული იყო ყულაბა, 2 ოქროს ბეჭედი, მეუღლის საფულე თანხასთნ ერთდ. ყულაბა იყო მისი შვილის, რომელიც არის ყრუ-მუნჯი მუშაობს თონეში და იქედან მიღებულ შემოსავალს ინახავდა ყულაბაში. დაზარალებულის განმარტებით ერთი ყულაბა შეცვალეს მეორეთი, როცა თანხა გადაიტანეს იქ იყო 2100 ლარი. ამის შემდეგ კი მისი ვაჟი ყოველდღიურად ამატებდა ყულაბაში თანხას. მოწმის განმარტებით ყულაბა იყო სამზარეუოში, გაუქმებული პირსაბანის ქვევით არსებულ კარდაში. ტალახიანი კვალი სწორედ ამ ადგილას მიდიოდა. დაზარალებულმა ასევე განაცხადა თუ საიდან გავიდა ბრალდებული არ იცის, შემოსვლით კი შემოსული იყო სამზარეულოს ფანჯრიდან.

 

სასამართლოში ასევე დაიკითხა მ--–---ა ჩ--------ა. მან განმარტა, რომ ცხოვრობს მეუღლესთან - ტ--–--- ო---------თან, ორ ვაჟიშვილთნ და ერთ ქალიშვილთნ ერთად, რომელიც არის ქმარს გაცილებული და ჰყავს შვილი. შემთხვევის დღეს იმყოფებოდნენ ქორწილში, რა დროსაც მათ შეატყობინეს, რომ სახლი იყო გაქურდული. მისი მეუღლე და ბიძაშვილი ტაქსით დაბრუნდნენ სახლში, თავადაც მოგვიანებით წამოვიდა სახლში. ნახა, რომ მისი საფულე ეგდო ძირს, ტანსაცმელი იყო გადმოყრილი, ყველაფერი იყო ტალახიანი, რადგან იმ დღეს გარეთ წვიმდა. განმარტა, რომ საფულეში ექნებოდა დაახლოებით 200-300 ლარი და 10 ლარამდე ხურდები, 2 წვრილი ოქროს ბეჭედი, რომელიც წაიღო გასაყიდად, მაგრამ 90 ლარზე მეტი არ გადაუხადეს და გადაიფიქრა მათი გაყიდვა. მ--–---ა ჩ--------ას განმარტებით მათი სახლიდან ასევე წაღებული იყო მისი შვილის ყულაბა. მანვე დაადასტურა, რომ ბრალდებულისათვის ცნობილი იყო ყულაბის არსებობის შესახებ და ისიც, თუ სად ინახავდა ფულს.

 

სასამართლოზე მოწმის სახით დაიკითხა ტ--–--- ო---------ის მამა - რ----- ო---------ი. მან განმარტა, რომ 2019 წლის 19 აპრილს იმყოფებოდა სახლში, მისი ოჯახის წევრები შვილი, რძალი და შვილიშვილები კი წასული იყვნენ ქორწილში. სამზარეულოში იყო სიცივე, რის გამოც იგი იმყოფებოდა თავის ოთახში. რამდენიმე ხანში გამოვიდა და შენიშნა ფანჯარა იყო ტალახიანი, ასევე ტალეხები იყო ყულაბის შესანახ ადგილთან, ტანისამოსი იყო გადმოყრილი და საფულეც ძირს ეგდო. იქნებოდა ღამის 11-12 საათი, ამ დროს გარეთ სინათლე ენთო. მოწმის განმარტებით მან სახლში მომხდარის შესახებ შეატყობინა შვილს.

 

სასამართლოში მოწმის სახით დაიკითხა ნ------- ო---------ა. მან განმარტა, რომ 2019 წლის 19 აპრილს არის მისი შვილის დაბადების დღე. დღისით მისი მეუღლე იყო ბავშვის დაბადების დღეზე, ასევე უთხრა, რომ ღამითაც მოვიდოდა და ნახავდა ბავშვს, მანაც თანხმობა განუცხადა. შემდეგ ოჯახთნ ერთად წავიდა ქორწილში, როდესაც დაბრუნდნენ ნახეს, რომ სახლი იყო გაქურდული. წაღებული იყო ყულაბა, 2 ოქროს ბეჭედი, საფულე. ყულაბა ინახებოდა კარადაში არსებულ ქვაბში. ყულაბა იყო მისი ძმის, რომელიც მუშაობს და თავად აგროვებდა ფულს.

 

სასამართლოს, ასევე ჩვენება მისცა თავად ბრალდებულმა ა----- ა-–-----------მა. მან განმარტა, რომ იმ დღეს ნ------- ო---------ასთან შეთანხმების თანახმად უნდა მისულიყო ბავშვის სანახავად საღამოს 10:00 საათზე. როდესაც მივიდა სახლში არავინ იმყოფებოდა, დაჯდა დივანზე, მოწია სიგარეტი, შემდეგ ჟილეტის ჯიბიდან აიღო 70 ლარამდე თანხა და წავიდა. განმარტა, რომ მას საათი არ მოუპარავს და მისცეს პოლიციის თანამშრომლებმა, უთხრეს შენს მანქანაში ვიპოვეთო. ბრალდებულმა განმარტა, რომ სახლში შევიდა კარიდან, რკინის კარიც ღია იყო და შიდა კარიც, ასევე ენთო შუქიც, ამიტომ იფიქრა მალე მოვიდოდნენ და გადაწყვიტა დალოდებოდა. ბრალდებულმა ასევე განმარტა, რომ დაზარალებულის ოჯახში თითქმის ყოველდღე იმყოფებოდა. შემთხვევის დღეს იყო ნასვამ მდგომარეობაში.

 

2019 წლის 20 აპრილის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ დათვალიერდა მ--------–ის რაიონის სოფელ ყ-----–----–ოში მდებარე ტ--–--- ო---------ის საცხოვრებელი სახლი. აღნიშნული სახლის ეზოში შესასვლელი კარი არის ნაცრისფერი შეფერილობის, ორფრთიანი, რკინის. ტ--–--- ო---------ის სახლის არის ერთ სართულიანი ნაგებობა, ხოლო სახლში შესასვლელი კარი არის ხის, თეთრი ფერის, ორფრთიანი და იხსნება გარედან შიდა მიმართულებით. შესასველი კარში შესვლის შემდეგ არის მისაღები ოთახი, რომლის მარცხენა მხარეს განთავსებულია სამზარეულო ოთახი. მისაღებში განთავსებულია ხის დაბალი მაგიდა, კომპიუტერი და ტელევიზორი. ამავე ოთახში დგას ხის საწოლი, რომელსაც გადაფარებული აქვს მომწვანო ყვავილებიანი გადასაფარებელი. აღნიშნული საწოლიდან მარცხნივ მისაღები ოთახის აღმოსავლეთ კედელზე არის ფანჯარა, რომელიც არის ღია მდგომარეობაში და ფანჯრის ჩარჩოს ორივე მხარეს აღენიშნება ტალახიანი კვლები. ღია ფანჯრის მარცხენა მხარეს არის მეორე ფანჯარა, როელიც არის დაკეტილი. სამზარეულოს ოთახის მეტლახის იატაკზე კარადიდან გადმოყრილია სხვადსხვა დასახელების ტანსაცმელი. კარადების კარები არის დახურული. ასევე მეტლახის იატაკზე ტანსაცმელთან აგდია ღია ფერის მცირე ზომის წითელი ზოლებით საფულე. დათვალიერების შედეგად ამოღებული იქნა ნივთები: თითის კვალი ფანჯრის ჩარჩოს შიდა ზედაპირიდან, საფულე და სუნის კვლები, რომელებიც დაილუქა შესაბამისი წესით.

 

2019 წლის 20 აპრილის ამოღების ოქმის თანახმად, ა----- ა-–-----------ისგან ამოღებული იქნა ,,casio”-ის ფირმის თეთრი ფერის სპორტული საათი და ხურდა ფული.

 

სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები (გარდა დაზარალებულ ტ--–--- ო---------ის ჩვენებისა, მოწმეების მ--–---ა ჩ--------ას, რ----- ო---------ის, ნ------- ო---------ას და ბრალდებულ ა----- ა-–-----------ის ჩვენებისა) მიჩნეული იქნა უდავოდ და საქართველოს სსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია ქურდობისათვის, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლებისათვის, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის - ქურდობის შემადგენლობის დროს, აუცილებელია, რომ მოძრავი ნივთის დაუფლება განხორციელდეს ფარულად და ქმედების ჩამდენს ამოძრავებდეს ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზანი. ამასთან, ფარულობა გულისხმობს დამნაშავის სურვილს, დანაშაულის ჩადენის დროს თავი აარიდოს როგორც ქონების მესაკუთრესთან, ასევე ნებისმიერ სხვა პირთან უშუალო შეხებას, რათა მისი ქმედება გარკვეულ დრომდე შეუმჩნეველი დარჩეს.

 

კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლომ შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები: დაზარალებულის ტ--–--- ო---------ის ჩვენება, მოწმეების მ--–---ა ჩ--------ას, რ----- ო---------ის, ნ------- ო---------ას ჩვენებები, 2019 წლის 20 აპრლის შემთხვევის ადგილის დათვალიერებისა და 2019 წლის 20 აპრილის ამოღების ოქმები, ამოღებული ნივთმტკიცებები, ასევე თავად ბრალდებულის ა----- ა-–-----------ის პოზიცია, რომელმაც ნაწილობრივ აღიარა წარდგენილი ბრალი, განმარტა რომ აიღო მხოლოდ 70 ლარამდე თანხა და მიიჩნევს რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდა ა----- ა-–-----------ის მიერ ტ--–--- ო---------ის და მისი ოჯახის წევრების კუთვნილი ნივთების: 78 ლარი, 2 ოქროს ბეჭედი ღირებული 90 ლარად, ,,კასიოს“ ფირმის საათი ღირებული 100 ლარად და ფულის შესანახი ყულაბა, მასში მოთავსებული 4000 ლარით ფარული დაუფლების ფაქტი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.

 

2.2. ბინაში უკანონო შეღწევით.

 

ა----- ა-–-----------ს წარედგინა ბრალი ქურდობაში, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით.

 

სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ დაზარალებულ ტ--–--- ო---------ის საცხოვრებლ ბინაში ა----- ა-–-----------ი ფარულად დაეუფლა სხვადსხვა ნივთებს.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ტ--–--- ო---------მა განმარტა, რომ როდესაც დაბრუნდა სახლში სამზარეულოს ოთახში შეინიშნებოდა ტალახიანი ფეხის კვალი. ასევე, გამოთქვა ვარაუდი რომ სამზარეულოს ფანჯრიდან შევიდა ბრალდებული ოთახში. აღნიშნული დაადასტურა მოწმე რ----- ო---------ამ და განმარტა, რომ სამზარეულოს ფანჯარა იყო ტალახიანი და ოთახში იყო სიცივე. მოწმე ნ------- ო---------ამ დაადასტურა, რომ ა----- ა-–-----------მა სთხოვა სახლში სტუმრობის ნებართვა, რაზეც ნ------- ო---------ამ განუცხადა თანხმობა. ბრალდებულმა ა----- ა-–-----------მა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას მიუთითა, რომ შემთხვევის დღეს ნ------- ო---------ასგან აიღო სახლში სტუმრობის ნებართვა. შესაბამისად, მას სახლში უკანონოდ არ შეუღწევია.

 

დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. აღნიშნული სტანდარტი ასევე დაცულ უნდა იქნეს დანაშაულის მაკვალიფიცირებელ თითოეულ ნიშანთან. საზოგადოება, რომელიც იღწვის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად, იცის ადამიანის თავისუფლების ფასი, არ დაუშვებს ისეთი პირის მსჯავრდებას, რომლის ბრალეულობა მიუკერძოებელი და გონიერი დამკვირვებლისთვის საეჭვო რჩება.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. უდანაშაულობის პრეზუმფცია, როგორც საქმის განხილვისას სახელმძღვანელო პრინციპი, უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან ასაცილებლად, აღიარებულია როგორც საერთაშორისო კანონმდებლობის, ასევე საქართველოს კონსტიტუციით და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით. აღნიშნული პრინციპის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისა და შეფასების დროს წარმოშობილი ყოველგვარი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ბინაში შეღწევა უკანონოა თუ იგი ხორციელდება დადგენილი აკრძალვის მიუხედავად იმ პირის მიერ, რომელსაც ამის უფლება არა აქვს. შეღწევა ძირითადად გულისხმობს წინააღმდეგობის გადალახვით სხვის საკუთრებაში, მფლობელობაში შესვლას დანაშაულებრივი ქმედების განხორციელების მიზნით.

 

სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით დაკითხულ არცერთ მოწმეს არ დაუნახავს, თუ როგორ ცდილობდა ა----- ა-–-----------ი ტ--–--- ო---------ის საცხოვრებელ სახლში შეღწევას. ამასთან მოწმე ნ------- ო---------ამ დაადასტურა ბრალდებულის განმარტება, რომ მისცა მას სახლში სტუმრობის ნებართვა. გასათვალისწინებელია ასევე ბრალდებულსა და დაზარალებულის ოჯახს შორის არსებული ნათესაური კავშირი. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს რომ ა----- ა-–-----------ს ტ--–--- ო---------ის საცხოვრებელ სახლში არ შეუღწევია უკანონოდ და მას ბრალდებიდან უნდა ამოერიცხოს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტი (ქმედება ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით) და იგი ამ ნაწილში უნდა გამართლდეს.

 

2.3 მნიშვნელოვანი ზიანი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, კოდექსის ამ თავში მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის ღირებულება 150 ლარს ზევით. წარმოდგენილი მტკიცებულებებით სასამართლოს დადგენილად მიიჩნევს, რომ ა----- ა-–-----------ის მიერ ტ--–--- ო---------ის სახლიდან მოპარული ნივთების ღირებულება აღემატება 150 ლარს, მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 4 268 ლარი. სასამართლომ არ გაითვალისწინა ბრალდების შესახებ დადგენილებაში დაზარალებულის სახლიდან ფარულად დაუფლებული ოქროს ბეჭდების ღირებულება, რადგან აღნიშნულთან დაკავშირებით თავად დაზარალებულის მეუღლემ განმარტა, რომ ბეჭდებში მას უხდიდნენ 90 ლარს, რასაც სასამართლო იზიარებს.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ა----- ა-–-----------მა ჩაიდინა ქურდობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

 

3.2.გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: ”წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული”.

 

3.3. აღნიშნულ საქმეზე არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ ა----- ა-–-----------მა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით - ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

4. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

4.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.

 

4.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადექვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 სექტემბრის განაჩენით ა----- ა-–-----------ს საქართველოს სსკ-ის 111, 140-ე მუხლის 1-ლი ნაწილით განესაზღვრა 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობითაად. ა----- ა-–-----------ი იმყოფება პირობითი მსჯავრის მოქმედების ქვეშ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად თუ პირობით მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაში განზრახი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო გააუქმებს პირობით მსჯავრს.

 

შესაბამისად, ა----- ა-–-----------ს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (ისჯება შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ბრალდებულის პიროვნების (ნასამართლევი განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის (რეციდივი), ნაწილობრივ აღიარა ბრალად წარდგენილი ქმედება), ქმედების განხორციელების სახისა და ხერხის, ასევე მართლსაწინააღმდეგო შედეგის გათვალისწინებით სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი) წლის ვადით. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად გაუქმდება ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 სექტემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი თავისუფლების აღკვეთა 3(სამი) წლის ვადით და განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გათვალისწინებით ა----- ა-–-----------ს, საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრება თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი) წლის ვადით.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას, კერძოდ - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

5. ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა.

 

5.1. საქართველოს სსსკ-ის 274-ე მუხლის თანახმად სასამართლო გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას ასევე ვალდებულია გადაწყვიტოს ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი. ამავე კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად სხვა ნივთს, რომელსაც ღირებულება არ აქვს, დაინტერესებული პირის ან ადმინისტრაციული ორგანოს შუამდგომლობით მას გადაეცემა, ხოლო თუ ასეთი პირი და ორგანო არ აღმოჩნდა - ნადგურდება. ამავე მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტის თანახმად დაზარალებულს, გამართლებულს ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.

 

საქმეზე ნივთმტკიცების სახით ცნობილი საფულე, საათი და თანხა უნდა დაუბრუნდეს დაზარალებულს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 20-ე, 255-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ა----- ა-–-----------ს წარდგენილი ბრალდებიდან ამოერიცხოს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლოის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტი და ბრალდების ამ ნაწილში იგი გამართლდეს.

 

ა----- ა-–-----------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად გაუქმდეს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 სექტემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი თავისუფლების აღკვეთა 3(სამი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის დანახმად განაჩენთა ერთობლიობით ა----- ა-–-----------ი მიმართ ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 3(სამი) წლის ვადით და საბოლოოდ ა----- ა-–-----------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი) წლის ვადით.

 

ა----- ა-–-----------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან 2019 წლის 20 აპრილიდან.

 

ა----- ა-–-----------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.

 

სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერ მტკიცებულებათა ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

საფულე, საათი და თანხა დაუბრუნდეს დაზარალებულს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოცხადებისთანავე.

განაჩენი ბრალდების მხარის და მსჯავრდებულის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს - განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: თეა ლეონიძე