გადაწყვეტილება

სამოქალაქო 30.12.2019
საქმის ნომერი
190210019002897422
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
30.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/408-2019

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

30 დეკემბერი 2019 წ. ქ. რუსთავი

შესავალი ნაწილი

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე დიანა გოგატიშვილი

სხდომის მდივანი სალომე არევაძე

მოსარჩელე სს "ს----------–---------ი"

წარმომადგენელი ლევან სანიკიძე

მოპასუხე დ----- ა--–------ი

დავის საგანი კრედიტის დაბრუნება, ზიანის ანაზღაურება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. დ----- ა--–------ისათვის 2017 წლის 8 ივნისის და 30 ნოემბრის საკრედიტო ხელშეკრულებების საფუძველზე 42 334.46 ლარის დაკისრება, საიდანაც ძირითადი თანხაა 35 377.9 ლარი,პროცენტი 3570.69 ლარი, პირგასამტეხლო 322.231 ლარი;

 

1.2. ზიანის ასანაზღაურებლად დ----- ა--–------ისათვის 2017 წლის 8 ივნისის საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე არსებულ ძირითადი თანხის დავალიანებაზე 27 954.16 ლარზე წლიური 12.5% სარგებლის დაკისრება ყოველდღიურად 10 ლარის ოდენობით 2019 წლის 13 მარტიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე;

 

1.3. ზიანის ასანაზღაურებლად დ----- ა--–------ისათვის 2017 წლის 30 ნოემბრის საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე არსებულ ძირითადი თანხის დავალიანებაზე 7 423.74 ლარზე წლიური 15.4% სარგებლის დაკისრება ყოველდღიურად 3 ლარის ოდენობით 2019 წლის 13 მარტიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე;

 

1.4. დ----- ა--–------ისათვის პირგასამტეხლოს დაკისრება 2017 წლის 8 ივნისის და 30 ნოემბრის საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე ყოველდღიურად 17.7 ლარის ოდენობით 2019 წლის 13 მარტიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე;

1.5. დ----- ა--–------ისათვის N5268061 საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე 1190.79 ლარის დაკისრება, საიდანაც ძირითადი თანხაა 800 ლარი, საკომისიო 320.79 ლარი, პირაგასამტეხლო – 70 ლარი.

1.6. დ----- ა--–------ისათვის N5836652 საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე 1437.23 ლარის დაკისრება, საიდანაც ძირითადი თანხაა 1213.78 ლარი, საკომისიო 177.45 ლარი, პირაგასამტეხლო – 46 ლარი.;

1.7. 2017 წლის 8 ივნისის და 30 ნოემბრის ხელშეკრულებების საფუძველზე დაკისრებული თანხის გადახდევინების მიზნით განხორციელდეს დ----- ა--–------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების - რუსთავში, გ------–-------------- კოდი 0----------- რეალიზაცია, ხოლო თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, განხორციელდეს მოპასუხის საკუთრებაში არსებული სხვა ქონების იძულებით რეალიზაცია.

 

( 27.12.2019წ სხდომის ოქმი CD დისკი)

 

სარჩელის საფუძვლები

 

2017 წლის 8 ივნისს სს „ს----------–--------სა“ და დ----- ა--–------ს შორის დაიდო გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება N5822918-ა, რომლის საფუძველზე მსესხებელმა მიიღო სესხი 29 500 ლარი შემდეგი პირობებით: კრედიტის მოქმედების ვადაა 120 თვე, წლიური საპროცენტო განაკვეთი 12.5%, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 0,5%. კრედიტის დაბრუნება გათვალისწინებულია ყოველთვიურად თვის 7 რიცხვში თანხის გაახდით. ხელშეკრულებებით ასევე განსაზღვრულია მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევის საკომისიოს - წლიური 0,38%-ის, ასევე ქონების დაზღვევის საკომისიოს გადახდა წლიური 0,27%, რომლებიც უნდა გადაეხადა ყოველთვიურ შენატანთან ერთად.

2017 წლის 8 ივნისს მხარეებს შორის დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც უზრუნველყოფილია გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების ფარგლებში დადებული საკრედიტო ხელშეკრულებები, ხოლო იპოთეკით დაიტვირთა დ----- ა--–------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება – მდებარე რუსთავში, გოგოლის ქუჩა 35-1. ბანკის იპოთეკის უფლება რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია, რომ თუ ქონების რეალიზაციის კრედიტორის მოთხოვნა სრულად ვერ დაკმაყოფილდება, აღსრულება გაგრძელდება მსესხებლის სხვა ქონებაზე.

 

2017 წლის 30 ნოემბერს დ----- ა--–------მა გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების ფარგლებში მიიღო კრედიტი 8000 ლარი შემდეგი პირობებით: ვადა 60 თვე, სარგებელი – წლიური 15.4%, პირგასამტეხლო – ყოველდღიურად გადასახდელი თანხის 0.5%.

 

მოპასუხე ასევე სარგებლობდა ბანკის ორი საკრედიტო პროდუქტით. 2017 წლის 14 ოქტომბერს მოპასუხეზე გაიცა საკრედიტო ბარათი AMERICAN EXPRESS GREEN CARD 1510 ლარიანი საკრედიტო ლიმიტით. მსესხებელს გახარჯულ თანხაზე ერიცხებოდა სარგებელი წლიური 36%. ყოველთვიურად გადასახდელი მინიმალური გადასახადი ათვისებული თანხის 10%. გადახდის ვადის გადაცილებისათვის პირგასამტეხლოა 10 ლარი, ასევე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დავალიანების 0.2%.

 

2018 წლის 8 იანვარს მოპასუხეზე გაიცა არაუზრუნველყოფილი სესხი 800 ლარი შემდეგი პირობებით- ვადა 12 თვე, მომსახურების ყოველთვიური საკომისიოს 40 ლარი, ჯარიმა ვადაგადაცილებისათვის ყოველდღიურად 3.2 ლარი.

 

მოპასუხეს კრედიტის დაბრუნების ვალდებულება 2018 წლის აგვისტოს შემდეგ არ შეუსრულებია.

ვალდებულების შეუსრულებლობის გამო ბანკი განიცდის ზიანს, რადგან ვერ იღებს იმ შემოსავალს, რაც ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული. გენერალური საკრედიტო ხაზის სტანდარტული სახელშეკრულებო პირობების 3.1.2.4 პუნქტის შესაბამისად, თუ ბანკი სხვაგვარ გადაწყვეტილებას ვერ იღებს, სარგებლის დარიცხვა გაგრძელდება კრედიტის დაფარვის ვადის გადაცილების შემთხვევაშიც, მიუხედავად ხელშეკრულების ან-და მასთან დაკავშირებული ხელშეკრულებების მოქმედებისა ან სრულად ან ნაწილობრივ შეწყვეტისა, კრედიტის იძულებით ან კლიენტის მიერ ნებაყოფლობით დაფარვამდე. იგივე წესია გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შესახებ ხელშეკრულების 3.1.3.3 პუნქტით. ბანკს ვალდებულების შეუსრულებლობით ადგება ზიანი მიუღებელი შემოსავლის სახით, რაც ტოლია კონკრეტული საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცენტისა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე დ----- ა--–------მა წერილობით შესაგებელში სარჩელი არ ცნო, ხოლო სხდომებზე სარჩელი ნაწილობრივ ცნო და განმარტა, რომ სესხის ძირითადი თანხის გადახდაზე თანხმობას აცხადებს. მოპასუხე არ დაეთანხმა იპოთეკის რეალიზაციის გზით თანხის გადახდევინების მოთხოვნას და განმარტა, რომ კრედიტის დაბრუნება შეწყვიტა სამუშაოდან გათავისუფლების გამო, ხოლო ამჟამად სურს გააგრძელოს საკრედიტო ვალდებულების შესრულება იმ გრაფიკით, რაც ხელშეკრულებითაა გათვალისწინებული.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2017 წლის 8 ივნისს სს „ს----------–--------სა“ და დ----- ა--–------ს შორის დაიდო გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება N5822819, რომლის საფუძველზე მსესხებელმა მიიღო სესხი 29 500 ლარი შემდეგი პირობებით: კრედიტის მოქმედების ვადა 120 თვე (2027 წლის 7 ივნისამდე), წლიური საპროცენტო განაკვეთი 12.5%, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 0,5%. კრედიტის დაბრუნება გათვალისწინებულია ყოველთვიურად თვის 7 რიცხვში თანხის 443.69 ლარის გადახდით. ხელშეკრულებით ასევე განსაზღვრულია მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევის საკომისიოს - წლიური 0,38%-ის, ასევე ქონების დაზღვევის საკომისიოს გადახდა წლიური 0,27%, რომლებიც უნდა გადაეხადა ყოველთვიურ შენატანთან ერთად. ხელშეკრულების მიზნობრიონაა სახლის შეძენა საკრედიტო ვალდებულებების რეფინანსირება - სს ს----------–--------ის -GE34BG0000000343580800, სს ს----------–---------ი GE71BG0000000339678400.

ხელშეკრულების პირობები განისაზღვრება მხარეთა მიერ შეთანხმებული კონკრეტული პირობებით, ასევე გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების სტანდარტული პირობებით. გენერალური საკრედიტო ხაზის სტანდარტული სახელშეკრულებო პირობების 3,1,2,4 პუნქტის შესაბამისად, თუ ბანკი სხვაგვარ გადაწყვეტილებას ვერ იღებს, სარგებლის დარიცხვა გაგრძელდება კრედიტის დაფარვის ვადის გადაცილების შემთხვევაშიც, მიუხედავად ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული ხელშეკრულებების მოქმედებისა ან სრულად ან ნაწილობრივ შეწყვეტისა, კრედიტის იძულებით ან კლიენტის მიერ ნებაყოფლობით დაფარვამდე. იგივე წესია გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შესახებ ხელშეკრულების 3.1.3.3 პუნქტით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საკრედიტო ხელშეკრულების ასლი (ს.ფ. 32-52 ტომი 1)

 

3.1.2. 2017 წლის 8 ივნისს დ----- ა--–------სა და სს „ს----------–--------ს“ შორის დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც უზრუნველყოფილია გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების ფარგლებში დადებული საკრედიტო ხელშეკრულებები, ხოლო იპოთეკით დაიტვირთა დ----- ა--–------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება – მდებარე რუსთავში, გოგოლის ქუჩა 35-1 კოდი 0-----------. ბანკის იპოთეკის უფლება რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში. ხელშეკრულების 8,4 პუნქტით გათვალისწინებულია, რომ თუ იპოთეკის საგნის გადახდევინების მიქცევით მიღებული სარგებელი სრულად არ დაფარავს უზრუნველყოფილ მოთხოვნებს, და მოვალესთან გაფორმებული ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს, ბანკი უფლებამოსილია მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილების მიზნით, გადახდევინება მიაქციოს მოვალის ნებისმიერ ქონებაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- იპოთეკის ხელშეკრულების ასლი (ს.ფ. 60-70. ტომი 1)

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 71-72. ტომი 1)

 

3.1.3. 2017 წლის 30 ნოემბერს დ----- ა--–------მა გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების ფარგლებში დადებული საკრედიტო ხელშეკრულებით მიიღო კრედიტი 8000 ლარი შემდეგი პირობებით: ვადა 60 თვე, სარგებელი – წლიური 15.4%, პირგასამტეხლო – ყოველდღიურად გადასახდელი თანხის 0.5%. ხელშეკრულებებით ასევე გათვალისწინებულია მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევის საკომისიოს წლიური 0,38%-ის, ასევე ქონების დაზღვევის საკომისიოს - წლიური 0,27%-ის გადახდა, რომლებიც უნდა გადაეხადა ყოველთვიურ შენატანთან ერთად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საკრედიტო ხელშეკრულების ასლი (ს.ფ. 53-59. ტომი 1)

 

3.1.4. 2017 წლის 8 ივნისის ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხეს გადახდილი აქვს ძირითადი თანხა 1515,84 ლარი, პროცენტი 3591,8 ლარი, ჯარიმა 322,99 ლარი. საკომისიო - 304,78 ლარი. ამ ხელშეკრულების საფუძველზე გადასახდელი ძირითადი თანხაა 27954,16 ლარი, 2017 წლის 30 ნოემბრის ხელშეკრულების საფუძველზე გადასახდელია ძირითადი თანხა 7423,74 ლარი. გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე ჯამურად გადასახდელია პროცენტი - 3570,69 ლარი, საკომისიო 163,56 ლარი, პირგასამტეხლო დარიცხულია 3222,31 ლარი, საიდანაც ბანკმა მოითხოვა 322 ლარის დაკისრება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი ანგარიშიდან (ს.ფ. 96-98. ტომი 1)

- სარჩელი (ს.ფ. 2-15. ტომი 1)

 

3.1.4. 2017 წლის 14 ოქტომბერს მოპასუხეზე გაიცა საკრედიტო ბარათი AMERICAN EXPRESS GREEN CARD 1510 ლარიანი საკრედიტო ლიმიტით. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია მსესხებლის მიერ გახარჯულ თანხაზე სარგებლის დარიცხვა წლიური 36%. ყოველთვიურად გადასახდელი მინიმალური გადასახადია ათვისებული თანხის 10%. გადახდის ვადის გადაცილებისათვის პირგასამტეხლოა 10 ლარი, ასევე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დავალიანების 0.2%. მოპასუხე პერიოდულად ხარჯავდა ბარათის მეშვეობით თანხას და პერიოდულად ვადის გადაცილებით ბანკს უხდიდა თანხას. თანხის დაბრუნება შეწყვიტა 2018 წლის აგვისტოდან. მოპასუხის დავალიანებაა ძირითადი თანხა 1213,78 ლარი, სარგებელი - 177,45 ლარი, პირგასამტეხლო დარიცხულია 465,90 ლარი, საიდანაც მოთხოვნილია 46,59 ლარის გადახდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელშეკრულების ასლი (ს.ფ. 73-76. ტომი 1)

- ამონაწერი ანგარიშიდან (ს.ფ. 85-94. ტომი 1)

 

3.1.5. 2018 წლის 8 იანვარს მოპასუხეზე გაიცა არაუზრუნველყოფილი სესხი 800 ლარი შემდეგი პირობებით - ვადა 12 თვე, მომსახურების ყოველთვიური საკომისიოს 40 ლარი, ჯარიმა ვადაგადაცილებისათვის ყოველდღიურად 3.2 ლარი. მოპასუხეს ბანკისათვის გადახდილი აქვს მხოლოდ ჯარიმა 179,2 ლარი და საკომისიო 282,21 ლარი. ძირითადი თანხა გადახდილი საერთოდ არ არის. დავალიანებაა - ძირითადი თანხა 800 ლარი, საკომისიოს 320,79 ლარი, დარიცხულია პირგასამტეხლო 716,80 ლარი, საიდანაც მოთხოვნილი 71,68 ლარის გადახდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი ანგარიშიდან (ს.ფ. 95-48. ტომი 1)

- ხელშეკრულების ასლი (ს.ფ. 77-81. ტომი 1)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტები მხარეებს შორის სადაო არ არის.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

მოსარჩელის მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხეს უნდა დაეკისროს საკრედიტო ვალდებულების შესრულება და ზიანის ანაზღაურება, მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს. დაკისრებული თანხის გადახდევინების მიზნით უნდა განხორციელდეს იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე, 868-ე, 625-ე, 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 873-ე, 401-ე, 407-ე, 394-ე , 404-ე, 412-ე, 414-ე, 403-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, 348-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტი, 417–ე, 418-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 419-ე, 420–ე, 286-ე, 289-ე, 3111-ე ,301-ე მუხლებით

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სადაო ფულადი ვალდებულების წარმოშობის საფუძველია საკრედიტო ხელშეკრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

მხარეებს შორის საკრედიტო ურთიერთობა რამდენიმე ხელშეკრულების საფუძველზე წარმოიშვა. გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება დადებულია 2017 წლის 8 ივნისს, რომლის ფარგლებში შემდგომში იმავე წლის 30 ნოემბერს დადებულია საკრედიტო ხელშეკრულება. მოპასუხემ ბანკისგან მიიღო 2 საკრედიტო ბარათი, რომლის საფუძველზე მხარეებს შორის წარმოიშვა ახალი საკრედიტო ურთიერთობა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის 2017 წლის 8 ივნისს და 30 ნოემბერს მოქმედი რედაქციის მიხედვით, 1. მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი. 2. თუ შეთანხმებით გათვალისწინებული ცვალებადი საპროცენტო განაკვეთისა და მისი სიდიდის განსაზღვრა შეეძლო კრედიტის გამცემს, იგი ვალდებულია ეს განსაზღვროს სამართლიანობის საფუძველზე; იგი ასევე მოვალეა საბაზრო საპროცენტო განაკვეთის გაზრდას ან შემცირებას შეუსაბამოს თავისი საპროცენტო განაკვეთი. 3. პროცენტის ცვალებადობა უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს ეროვნული ბანკის სადისკონტო განაკვეთს ან ბანკთაშორის საკრედიტო აუქციონზე დაფიქსირებულ საპროცენტო განაკვეთს. 4. საკრედიტო ხელშეკრულების დადებისას უნდა განისაზღვროს საპროცენტო განაკვეთის ზრდისა და შემცირების ზღვარი და ცვლილებათა მინიმალური შუალედი. 5. კრედიტის გამცემი მოვალეა მისაღები ფორმით შეატყობინოს მსესხებელს კრედიტისათვის საპროცენტო განაკვეთის შესახებ. 6. თუ წლიური საპროცენტო განაკვეთი არ არის მითითებული, მაშინ გამოიყენება მხოლოდ კანონით გათვალისწინებული წლიური პროცენტი. თუკი ხარჯების დაკისრება არ იყო გათვალისწინებული წლიური პროცენტის გამოთვლისას, მაშინ ეს ხარჯები არ ანაზღაურდება. 7. საბანკო კრედიტის გაცემისას დაცული უნდა იქნეს ამ კოდექსის 625-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები საპროცენტო განაკვეთთან, პირგასამტეხლოსთან და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის დაკისრებასთან დაკავშირებით. 8. თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, ფიზიკურ პირზე 100 000 (ასი ათას) ლარამდე საბანკო კრედიტი უნდა გაიცეს მხოლოდ ლარით. ამ ნაწილის მიზნებისათვის ლარით გაცემულ საბანკო კრედიტად არ მიიჩნევა ნებისმიერი ფორმით უცხოურ ვალუტაზე მიბმული ან ინდექსირებული საბანკო კრედიტი.

 

ამ ნორმის მიხედვით, საკრედიტო ურთიერთობაში სესხის პროცენტი უნდა განისაზღვროს 625-ე მუხლის მიხედვით.

 

625-ე მუხლის 2017 წლის 8 ივნისს და 30 ნოემბერს მოქმედი რედაქციის მიხედვით, 1. მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულებაში უნდა მიეთითოს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი. 2. მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის პროცენტის განსაზღვრისას სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი არ უნდა აღემატებოდეს 100 პროცენტს, მათ შორის, სესხის ვადის გაგრძელების შემთხვევაში. ამ ნაწილის მიზნებისათვის სესხის ვადის გაგრძელებად მიიჩნევა არსებული სესხის დაფარვის შემდეგ ახალი სესხის გაცემა, თუ არსებული სესხის დაფარვიდან ახალი სესხის გაცემამდე 5 სამუშაო დღე არ გასულა. ამ ნაწილით დადგენილი წესი არ ვრცელდება ამ მუხლის მე-3 ნაწილზე, გარდა იმავე ნაწილით განსაზღვრული შემთხვევებისა. 3. იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის (გარდა 1000 ლარამდე სესხისა) ხელშეკრულებაში მითითებული, მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი, სესხით სარგებლობასთან დაკავშირებული ხარჯების (გარდა სანოტარო წესით იპოთეკის დამოწმებასთან და იპოთეკის რეგისტრაციასთან დაკავშირებული ხარჯებისა) ჩათვლით, არ უნდა აღემატებოდეს ??????????? ???????? ?????? ????????? ?????????? ყოველთვიურად გამოქვეყნებული კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების საბაზრო საპროცენტო განაკვეთების წინა კალენდარული წლის საშუალო არითმეტიკულის 2.5-მაგი ოდენობის ერთ მეთორმეტედს, რომელიც ძალაშია ყოველი წლის 1 მარტიდან. ამ ნაწილის შესაბამისად, 1000 ლარამდე უზრუნველყოფილ სესხზე ვრცელდება ამ მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნა. 4. თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, ამ მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული პირობები არ ვრცელდება კომერციული ბანკის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების − საკრედიტო კავშირის და კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტის მიერ დადებულ სესხის ხელშეკრულებებზე. 5. თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, სესხის გაცემის შემთხვევაში ნებისმიერი საკომისიოს, ნებისმიერი ფინანსური ხარჯის, სესხის ხელშეკრულების ნებისმიერი პირობის დარღვევის გამო მსესხებლისათვის თითოეულ დღეზე დაკისრებული პირგასამტეხლოს და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის ოდენობა ჯამურად არ უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის ნარჩენი ძირითადი თანხის წლიურ 150 პროცენტს. 6. ამ მუხლის მიზნებისათვის „ეფექტური საპროცენტო განაკვეთი“ განიმარტება ??????????? ???????? ?????? ????????????? ????? . 7. თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, ფიზიკურ პირზე 100 000 (ასი ათას) ლარამდე სესხი უნდა გაიცეს მხოლოდ ლარით. ამ ნაწილის მიზნებისათვის ლარით გაცემულ სესხად არ მიიჩნევა ნებისმიერი ფორმით უცხოურ ვალუტაზე მიბმული ან ინდექსირებული სესხი. 8. თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, სესხის გაცემის შემთხვევაში გამსესხებელს ეკრძალება, მის მიერ გაცემული სესხის რეფინანსირების შემთხვევაში ან სესხის მომხმარებლის საკუთარი სახსრებით ან/და მესამე პირის მიერ, ამ კოდექსით დადგენილი წესით დაფარვის შემთხვევაში მომხმარებელს დააკისროს წინსწრებით დაფარვის საკომისიო ან/და პირგასამტეხლო ან ნებისმიერი საჯარიმო სანქცია, რომელიც შინაარსობრივად არის წინსწრებით დაფარვის საკომისიო ან/და პირგასამტეხლო, რომელიც სესხის ნარჩენი ძირითადი თანხის 2 პროცენტს აღემატება.

 

2017 წლის 23 დეკემბერს ამ ნორმაში შევიდა ცვლილება რომელიც ამოქმედდა 2018 წლის 11 იანვრიდან და რომლის მიხედვით, მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით - „თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, ამ მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული პირობები არ ვრცელდება კომერციული ბანკის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების − საკრედიტო კავშირის მიერ დადებულ სესხის ხელშეკრულებებზე“.

 

2017 წლის 8 ივნისის გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების ფარგლებში დადებული საკრედიტო ხელშეკრულებებით სესხის სარგებლის პროცენტი განსაზღვრულია 625-ე მიხედვით, რადგან პროცენტია წლიური 12,5% და 15,4%. პირგასამტეხლო შეადგენს ყოველდღიურად დავალიანების 0,5%-ს, ხოლო სარჩელით მოთხოვნილია შემცირებული პროცენტული მაჩვენებლით - ყოველდღიურად 0,05%-ის დაკისრება.

 

საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე კრედიტის დაბრუნების ვალდებულება მსესხებელს ჯეროვნად არა აქვს შესრულებული. სადაო არ არის, რომ მოპასუხემ საკრედიტო ხელშეკრულებით შეთანხმებული გადახდის გრაფიკის დაცვით კრედიტი არ დააბრუნა. ძირითადი თანხის დავალიანება 2017 წლის 8 ივნისის საკრედიტო ხელშეკრულების ფარგლებში არის 35 377,9 ლარი, 2018 წლის 3 იანვრის ხელშეკრულების საფუძველზე 800 ლარი, 2017 წლის 14 ოქტომბრის საკრედიტო ბარათის საფუძველზე 1213,78 ლარი. ჯამურად ძირითადი თანხის დავალიანებაა 37 391,68 ლარი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მიხედვით ვალდებულ პირს ეკისრება ვალდებულების ჯეროვნად შესრულება, რაც იმას ნიშნავს, რომ ვალდებულება უნდა შესრულდეს ზუსტად იმ პირობების დაცვით, როგორც ხელშეკრულებაშია მითითებული.

 

მოპასუხემ ცნო სარჩელი სესხის ძირითადი თანხის გადახდის მოთხოვნის ნაწილში, რაც მოპასუხისათვის ამ თანხის დაკისრების საკმარისი საფუძველია. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 1. მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. 2. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის 208-ე მუხლის თანახმად, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა სარჩელის დაკმაყოფილების საკმარისი საფუძველია. მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო, თანხმობა განაცხადა მოთხოვნილი თანხიდან გადაიხადოს სესხის ძირითადი თანხა, რის გამოც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის საფუძველზე მოპასუხეს უნდა დაეკისროს 37 391,68 ლარის გადახდა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლიდან გამომდინარე საკრედიტო ხელშეკრულება ყოველთვის სარგებლიანი სესხის ხელშეკრულებაა და ამით განსხვავდება იგი სხვა სესხის ხელშეკრულებისაგან, სადაც სარგებელი მხოლოდ ორივე მხარის ნების შემთხვევაში განისაზღვრება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პროცენტი არის სარგებელი ფულადი თანხებით სარგებლობისათვის. პროცენტი წარმოადგენს ნასესხები ძირითადი თანხის სარგებელს, რომელიც პირგასამტეხლოსაგან განსხვავებით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული უპირობოდ შესასრულებელი ვალდებულებაა. პროცენტი არის პერიოდული საზღაური კაპიტალით სარგებლობისათვის. პროცენტის მეშვეობით კრედიტორი ახდენს იმ შემოსავლის კომპენსირებას, რასაც თანხის სხვაგვარად გამოყენების შემთხვევაში მიიღებდა. ანუ ეს არის კომპენსაცია ფულადი საშუალებების დროებითი „დაკავებისათვის“. სასყიდლიან სესხის ხელშეკრულებაში პროცენტის გადახდა მსესხებლის ძირითადი ვალდებულებაა.

 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 23 დეკემბრის №151/04 ბრძანების მე-2 მუხლის „ლ“ პუნქტით საპროცენტო განაკვეთი განმატებულია, როგორც საკრედიტო ან სადეპოზიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფიქსირებული ან ინდექსირებული წლიური საპროცენტო განაკვეთი განსაზღვრული პერიოდის მანძილზე.

 

ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 876-ე მუხლის საფუძველზე საკრედიტო ხელშეკრულება ყოველთვის სარგებლიანი ხელშეკრულებაა და ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული წესების საფუძველზე საკრედიტო ხელშეკრულება ასევე ითვალისწინებს კრედიტის გაცემის და კრედიტით სარგებლობის ფინანსური ხარჯების ანაზღაურების საკითხებს. ამდენად, სარგებლიანი საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე მოვალე ვალდებულია დააბრუნოს არა მარტო მიღებული კრედიტის თანხა, არამედ კრედიტორს უნდა გადაუხადოს ასევე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებელი და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფინანსური ხარჯი. კერძოდ, 2017 წლის 8 ივნისის გენერალური საკრედიტო ხელშეკრულებით სარგებელთან ერთად გათვალისწინებულია ფინანსური ხარჯი სესხის გაცემის საკომისიო და დაზღვევის მართვის საკომისიო, რაც სრულად გადახდილი არ არის, რის გამოც მსესხებელმა ძირითად თანხასთან და პროცენტთან ერთად უნდა გადაიხადოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული საკომისიოც.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მსესხებლისათვის თანხის დაკისრებაზე უარის თქმის საფუძველს არ წარმოადგენს მოპასუხის ის განმარტება, რომ იგი მზად არის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პერიოდულობით გააგრძელოს ვალდებულების შესრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის მიხედვით, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.

 

ამ შემთხვევაში მხარეებს შორის 2017 წლის 8 ივნისის გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე წარმოიშვა გრძელვადიანი საკრედიტო ურთიერთობა, მოპასუხეს 2017 წლის 8 ივნისს აღებული კრედიტი უნდა გადაეხადა 2027 წლის 8 ივნისამდე, ხოლო 30 ნოემბერს აღებული კრედიტის გადახდის ვადაა 2022 წლის 7 ნოემბრამდე. ასევე გრძელვადიანია თავისი არსით 2017 წლის 14 ოქტომბერს დადებული საკრედიტო ბარათის მომსახურების ხელშეკრულება. ასევე ყოველთვიურად თანხის გადახდით უნდა შეესრულებინა 2018 წლის 8 იანვრის ხელშეკრულება. მოპასუხეს 2018 წლის აგვისტოს შემდეგ არცერთი საკრედიტო ხელშეკრულება არ შეუსრულებია, რის გამოც ბანკმა 873-ე მუხლის საფუძველზე შეწყვიტა საკრედიტო ურთიერთობა, რის შემდეგ ბანკი უფლებამოსილია მოვალისაგან მოითხოვოს ვალდებულების შესრულება, მოვალის ვალდებულებაში კი შედის ძირითადი თანხის დავალიანების, სარგებლის და პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება. მოპასუხეს არ მიუთითებია იმის შესახებ, რომ ბანკმა დაარღვია ხელშეკრულების შეწყვეტის წესი ან არ ჰქონდა ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი. მოპასუხემ შეწყვიტა კრედიტის დაბრუნების ვალდებულების შესრულება, რისი გამომწვევი ფორსმაჟორული გარემოება საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება.

 

მოპასუხე ვალდებულების შეუსრულებლობის მიზეზად ასახელებს დამსაქმებელთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას დამსაქმებლის ინიციატივით. სასამართლო აღნიშნავს, რომ ეს გარემოება ხელშეკრულებით არ არის გათვალისწინებული როგორც ვალდებულების შეუსრულებლობის საპატიო გარემოება.

 

სამოქალაქო კოდექის 401-ე მუხლის მიხედვით, ვადა გადაცილებულად არ ჩაითვლება, თუკი ვალდებულება არ შესრულდა ისეთ გარემოებათა გამო, რაც მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული. ამავე კოდექსის 407-ე მუხლის თანახმად, 1. ხელშეკრულებიდან გასვლისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც მას მიადგა ხელშეკრულების შეუსრულებლობით. 2. ეს წესი არ გამოიყენება, როცა ხელშეკრულებიდან გასვლის საფუძველი მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ფორს-მაჟორული გარემოებების საკანონმდებლო განმარტება საქართველოს სამოქალაქო კოდექსში მოცემული არ არის.

 

საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ დადგენილი პრაქტიკით, ასევე სამართლის თეორიაში აღიარებული განმარტებით ფორს-მაჟორული ვითარება გაუთვალისწინებელ მოვლენას გულისხმობს, რომელიც ვითარდება ხელშეკრულების მონაწილეთა ნებისაგან დამოუკიდებლად. ამიტომ, ასეთ ვითარებაში მოვალე თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან. დაუძლეველ ძალას მიეკუთვნება ყველა ის მოვლენა, როდესაც ვალდებულების შესრულება სცილდება ზოგადად ადამიანის შესაძლებლობებს. მიუხედავად ამისა, იმისათვის რომ ვალდებულების შესრულების ხელშემშლელი გარემოება მიჩნეული იქნეს დაუძლეველ ძალად, იგი საგანგებო და გარდაუვალ ხასიათს უნდა ატარებდეს. (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 28 სექტემბრის განჩინება საქმე №ას-871-833-2014 )

 

სასამართლო განმარტავს, რომ ფორს-მაჟორულია ისეთი გარემოებები რომელთა დადგომა და განვითარება არ არის დამოკიდებული ხელშეკრულების მხარეთა ნებით მოქმედებაზე, ამ მოვლენის დადგომა და განვითარება ხდება მხარეთა ნებისაგან დამოუკიდებლად. ასეთი გარემოებები შეიძლება იყოს ობიექტურად მომხდარი ფაქტები - ბუნებრივი მოვლენები, სტიქიური უბედურება, საომარო ვითარება. ფორს მაჟორული გარემოებების მთავარი მახასიათებელია ის, რომ ამ მოვლენის დადგომა და მისი განვითარება ხდება მხარისაგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ეს მოვლენა არის მხარის კონტროლისაგან დამოუკიდებელი გარემოებები, რომლებიც არ არის დაკავშირებული მხარის ქცევასთან, არ გამომდინარეობის მისი ქცევიდან, არ უკავშირდება არც ერთ მხარეს და აქვს წინასწარ გაუთვალისწინებელი ხასიათი.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ გარკვეული მოვლენა შესაძლოა ობიექტურად აბრკოლებდეს ან შეუძლებელს ხდიდეს ვალდებულების შესრულებას (მაგალითად შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის გამო ხელფასის გადახდის შეწყვეტა), მაგრამ ფორსმაჟორად, ვალდებულების შეუსრულებლობის საპატიო გარემოებად მისი შეფასებისათვის აუცილებელია დადგინდეს, რომ ამ ფაქტის დადგომა არ უშუალოდ ხელშეკრულების მხარეს. ასეთი გარემოებები საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება.

 

873-ე მუხლის მიხედვით, ბანკი უფლებამოსილია მოითხოვოს ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტა კრედიტის დაბრუნების ვადების დარღვევის გამო. მოსარჩელის მოთხოვნა შინაარსით არის ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტა და შეწყვეტის გამო მოვალისაგან კრედიტის დაბრუნების მოთხოვნა. ხელშეკრულების მიხედვით ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში მოვალეს ეკისრება სესხის ძირითადი თანხის, პროცენტის და პირგასამტეხლოს გადახდა.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის თანახმად, 1. მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის. 2. მოვალის მიერ ვადის გადაცილებისას კრედიტორს შეუძლია დაუნიშნოს მოვალეს ვალდებულების შესრულებისათვის აუცილებელი დრო. თუკი მოვალე ამ დროშიც არ შეასრულებს ვალდებულებას, მაშინ კრედიტორს უფლება აქვს ვალდებულების შესრულების ნაცვლად მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

 

ამავე კოდექსის 404-ე მუხლის მიხედვით, კრედიტორს უფლება აქვს მოითხოვოს ვადის გადაცილებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.

 

მოსარჩელე ზიანის ასანაზღაურებლად მოითხოვს მიუღებელ შემოსავალს, კერძოდ იმ სარგებლის ანაზღაურებას, რაც ვერ მიიღო მოპასუხეების მიერ კრედიტის დაბრუნების ვადის დარღვევის გამო.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, ყოველთვის სარგებლიან სესხს წარმოადგენს, რომლის ფარგლებშიც კრედიტორი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, იბრუნებს არა მარტო გაცემული კრედიტის ძირითად თანხას, არამედ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პროცენტსაც, რადგან საკრედიტო დაწესებულების ძირითადი საქმიანობა კრედიტის გაცემის გზით ეკონომიკური სარგებლის მიღებაა. შესაბამისად, კრედიტის დაუბრუნებლობის გამო ბანკი კარგავს იმ შემოსავალს, რასაც კრედიტის დროულად დაბრუნების შემთხვევაში მიიღებდა. ბანკი მსესხებლის მიერ დაბრუნებულ თანხას კვლავ კრედიტის გასაცემად იყენებს, ამ გზით იგი იღებს შემოსავალს პროცენტის სახით, შესაბამისად, კრედიტი დაუბრუნებლობის გამო ამ შემოსავალსაც ვერ იღებს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის მიხედვით, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

 

ეს ნორმა მოვალეს ათავისუფლებს ისეთი რისკებისაგან, რაც მიუღებელია ქონებრივი პასუხისმგებლობის ჩვეულებრივი პრინციპებისათვის. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, რომ მის მიერ განცდილი ზიანი არის ხელშეკრულების დარღვევის ჩვეულებრივი და ნორმალური შედეგი. ზიანის სავარაუდოობა დგინდება გონივრულობის თვალსაზრისით და არ განისაზღვრება კონკრეტული ხელშეკრულების დამრღვევის სუბიექტური შესაძლებლობებით. მოვალემ ზიანი ყოველთვის უნდა აანაზღაუროს, მაგრამ ხელშეკრულებით ნაკისრი რისკის ფარგლებში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 414-ე მუხლის თანახმად, ზიანის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაშია მისაღები ის ინტერესი, რომელიც კრედიტორს ჰქონდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ. ზიანის ოდენობის დასადგენად გათვალისწინებულ უნდა იქნეს ხელშეკრულების შესრულების დრო და ადგილი.

 

ბანკის მხრიდან კრედიტის გაცემის უმთავრესი ინტერესია დაიბრუნოს კრედიტი და მიიღოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებელი კრედიტის მოქმედების ვადაში. ვალდებულების შეუსრულებლობის პირობებში ამ ვადის გასვლის შემდეგ ბანკი უფლებამოსილია მოითხოვოს მიუღებელი შემოსავალი ყოველი კონკრეტული ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე.

 

დ----- ა--–------თან დადებული გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების ვადა იწურება 2027 წლის 7 ივნისს. შესაბამისად, მხარეებს შორის წარმოშობილია გრძელვადიანი საკრედიტო ურთიერთობა, რომელიც ბანკის მიერ შეწყდა მსესხებლის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის საფუძველზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 407-ე მუხლის თანახმად, 1. ხელშეკრულებიდან გასვლისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც მას მიადგა ხელშეკრულების შეუსრულებლობით. 2. ეს წესი არ გამოიყენება, როცა ხელშეკრულებიდან გასვლის საფუძველი მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული.

 

მოვალის მიერ საკრედიტო ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო კრედიტორმა უარი თქვა ხელშეკრულებაზე, რის გამოც მას წარმოეშვა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლით ანაზღაურებას ექვემდებარება მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო ზიანი, რაც წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. ეს ნორმა მოვალეს ათავისუფლებს ისეთი რისკებისაგან, რაც მიუღებელია ქონებრივი პასუხისმგებლობის ჩვეულებრივი პრინციპებისათვის. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, რომ მის მიერ განცდილი ზიანი არის ხელშეკრულების დარღვევის ჩვეულებრივი და ნორმალური შედეგი. ზიანის სავარაუდოობა დგინდება გონივრულობის თვალსაზრისით და არ განისაზღვრება კონკრეტული ხელშეკრულების დამრღვევის სუბიექტური შესაძლებლობებით. მოვალემ ზიანი ყოველთვის უნდა აანაზღაუროს, მაგრამ ხელშეკრულებით ნაკისრი რისკის ფარგლებში.

 

ზიანის გონივრულად ვარაუდი ეფუძნება იმ გარემოებას, რომ ხელშეკრულების დამრღვევი მხარის ანალოგიურ პირობებში მყოფი გონივრული განსჯის უნარის მქონე პიროვნება გაითვალისწინებდა ამგვარ შედეგს. გონივრული განსჯის უნარის მქონე (გონიერი) ადამიანის გაგების (აღქმის) განსაზღვრისას, მხედველობაში მისაღებია საქმის ყველა შესაბამისი გარემოება, მათ შორის, ხელშეკრულების პირობები, ვადა, ვალდებულების დარღვევის ხანგრძლივობა.

 

ბანკის მხრიდან კრედიტის გაცემის უმთავრესი ინტერესია დაიბრუნოს კრედიტი და მიიღოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებელი კრედიტის მოქმედების ვადაში. ვალდებულების შეუსრულებლობის პირობებში ბანკი უფლებამოსილია მოითხოვოს მიუღებელი შემოსავალი ყოველი კონკრეტული ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე.

 

ბანკის მიერ შეთავაზებულ სტანდარტული სახელშეკრულებო პირობა ითვალისწინებს დებულებას იმის შესახებ, რომ საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლის დარიცხვა გრძელდება ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგაც, ვიდრე კრედიტის დაბრუნების ვალდებულება სრულად არ შესრულდება. სასამართლოს მიაჩნია, რომ თავისი არსით ეს არის სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლით გათვალისწინებული შეთანხმება ვადის გადაცილებისათვის ზიანის ანაზღაურების შესახებ. 403-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, 1. მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია, გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი, თუ კრედიტორს, სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია. ხელშეკრულების სტანდარტული პირობის მიხედვით, კრედიტორს ენიჭება უფლება მოითხოვოს კრედიტის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცენტი ვიდრე კრედიტი სრულად არ დაბრუნდება იმ შემთხვევაშიც, თუ ვალდებულების შეუსრულებლობა ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგაც გაგრძელდა.

 

მოპასუხესთან 2017 წლის 8 ივნისს დადებული საკრედიტო ხელშეკრულების ვადა იწურება 2027 წლის 8 ივნისს, ხოლო 2017 წლის 30 ნოემბრის საკრედიტო ხელშეკრულების ვადა - 2022 წლის 7 ნოემბერს. მხარეებს შორის წარმოშობილია გრძელვადიანი საკრედიტო ურთიერთობა, რომელიც ბანკის მიერ შეწყდა მსესხებლის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო (სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლი). ხელშეკრულების ჯეროვანი შესრულების პირობებში ბანკი სარგებელს მიიღებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის განმავლობაში, ამასთან, ხელშეკრულებით გათვალისწინებულია ანიტენტური წესით სარგებლის დარიცხვა, ძირითადი თანხის კლების მიხედვით ძირითადი თანხის შემცირებულ ოდენობაზე სარგებლის დარიცხვა.

 

რადგან ხელშეკრულების სტანდარტული პირობით არის გათვალისწინებული ბანკის მიერ მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურების წესი, ეს დებულება უნდა განიმარტოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 348-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე. ამ ნორმის მიხედვით, ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებში, რომლებსაც შემთავაზებელი იყენებს იმ ფიზიკური პირების მიმართ, რომლებიც არ მისდევენ სამეწარმეო საქმიანობას, მიიჩნევა ბათილად შეთანხმება ზიანის ოდენობაზე მეტი თანხის მოთხოვნის შესახებ (ზიანის ანაზღაურების გადამეტებული მოთხოვნა). კანონის ნორმა აწესებს ზიანის გონივრულობის სტანდარტს და ამით იცავს არამეწარმე ფიზიკურ პირებს მომეტებული პასუხისმგებლობის რისკისაგან. შესაბამისად, ბანკის მიუღებელი შემოსავლის ოდენობა ამ ნორმით დადგენილი პრინციპით უნდა განისაზღვროს.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკით „სარგებლისა და მიუღებელი შემოსავლის სამართლებრივი ბუნება განსხვავებულია. სარგებელი ეს არის ნივთის (ამ შემთხვევაში ფულის სარგებლობისათვის პროცენტი) გამოყენების შედეგად მსესხებლის მიერ მიღებული ან მისაღეი შემოსავსლი, ხოლო მიუღებელი შემოსავალი - ის ზიანი (დანაკარგია), რომელიც ვერ მიიღო ბანკმა მსესხებლის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო. მიუღებლად განიხილება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნას ვადიანი ხელშეკრულებეის შესრულების ვადის დარღვეით გამოწვეული ზიანის ნაწილში და მიჩნევს, რომ ქვემდგომმა სასამართლომ ფულის თვისობრივი ფუნქციიდან გამომდინარე, მართებულად დაუკავშირა ამგვარი ზიანი საბანკი სფეროში ანაბარზე თანხის განთავსების შემთხვევაში მისაღებ სარგებელს“ . საკასაციო სასამართლო განმარტებით, განსხვავებულია ხელშეკრულებით განსაზღვრული სარგებლისა და მიუღებელი შემოსავლის მტკიცების ფარგლებიც. მიუღებელ შემოსავალს დამტკიცება სჭირდება (სსკ-ის 404-ე, 411-412-ე მუხლები), მაშინ როდესაც ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტის ნამდვილობისათვის საკმარისია წერილობითი შეთანხმება.

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, ასევე დასაშვებია სამოქალაქო კოდექსის 348-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე ზიანის ანაზღაურების შეთანხმების სტანდარტული პირობის განმარტება. (იხ სუსგ # ას- 932-882-2015, 15.03.2016წ; საქმეზე №ას-1385-1307-2012 2013 წლის 7 თებერვლის განჩინება; 2017 წლის 17 თებერვლის განჩინება საქმე №ას-681-652-2016; საქმეზე №ას-1381-2018 2019 წლის 28 ივნისის განჩინება; სუსგ #ას-725-693-2014, 03.07. 2015 წ.),იმის გამო, რომ მხარეებს შორის არსებობს გრძელვადიანი საკრედიტო ურთიერთობა, მოპასუხეებისათვის ერთი წლის ფარგლებში მიუღებელი შემოსავლის დაკისრება შეესაბამება მხარეთა სახელშეკრულებო ურთიერთობის შინაარსს, რის გამოც მოპასუხეს უნდა დაეკისროს 2017 წლის 8 ივნისის გენერალური საკრედიტო და მის ფარგლებში დადებული ხელშეკრულების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის ასანაზღაურებლად ბანკისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცენტის გადახდა.

 

2017 წლის 8 ივნისის ხელშეკრულების საფუძველზე ძირითადი თანხის დავალიანებაა 27 954,16 ლარი, რომლის წლიური 12,5% არის 3 494,27 ლარი, რაც თვეში 291,18 ლარს შეადგენს.

2017 წლის 30 ნოემბერი ხელშეკრულების საფუძველზე ძირითადი თანხის დავალიანებაა 7423,74 ლარი, რომლის 15,4% არის წელიწადში 1143,25 ლარი, რაც თვეში 95,27 ლარს შეადგენს.

მოპასუხეს უნდა დაეკისროს ზიანის ასანაზღაურებლად ძირითადი თანხის დავალიანებაზე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცენტის გადახდა 2019 წლის 15 მარტიდან არაუმეტეს 12 თვისა.

 

მოპასუხის პასუხისმგებლობის მოცულობის განსაზღვრისას გასათვალისწინებელია ასევე ის გარემოება, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებულია პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება, რაც მოთხოვნილი აქვს მოსარჩელეს. აღსრულების ეს წესი კრედიტორის ინტერესების დაცვის ეფექტური საშუალებაა, რადგან კრედიტორს საშუალებას აძლევს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე დაიწყოს იძულებითი აღსრულება. ამ შემთხვევაში დავა შეეხება იპოთეკით უზრუნველყოფილ მოთხოვნას, შესაბამისად დაუყოვნებლივ აღსრულების დაწყებით კრედიტორი იპოთეკის საგნის რეალიზაციის სააღსრულებო მოქმედებებს დაუყოვნებლივ დაიწყებს.

 

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, იმ გადაწყვეტილებათა აღსრულებისას, რომლებითაც გათვალისწინებულია კრედიტორის მოთხოვნის ზრდა ძირითად თანხაზე სარგებლის ან/და საურავის დარიცხვის შედეგად, სააღსრულებო წარმოების დაწყების დღიდან შეწყდება კრედიტორის მოთხოვნის ძირითად თანხაზე სარგებლის ან/და საურავის დარიცხვა, გარდა საგადასახადო მოთხოვნის შემთხვევებისა. კრედიტორის მოთხოვნის ძირითად თანხაზე სარგებლის ან/და საურავის დარიცხვა გაგრძელდება იმ დღიდან, როდესაც აღსრულების ეროვნული ბიურო ამ კანონის 35-ე მუხლის შესაბამისად დაუბრუნებს კრედიტორს სააღსრულებო ფურცელს. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის ამ ნორმის საფუძველზე ზრდადი წესით თანხის დაკისრების შემთხვევაში, სააღსრულებო წარმოების დაწყების დღიდან წყდება სარგებლის ან/და საურავის დარიცხვა, რის გამოც გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების გამო სააღსრულებო ფურცლის წარდგენის დღეს ზიანის ასანაზღაურებლად თანხის დარიცხვა შეწყდება და აღსასრულებელი ზიანის თანხის დარიცხვა მომდევნო პერიოდში აღარ გაგრძელდება.

 

6.2. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის პირგასამტეხლოს გადახდევინება, რის გამოც მოპასუხეს უნდა დაეკისროთ ასევე პირგასამტეხლოს გადახდა, თუმცა მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417–ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. ამავე კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კრედიტორს არ შეუძლია ერთდროულად მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდაც და ვალდებულების შესრულებაც, თუკი პირგასამტეხლო არ არის გათვალისწინებული იმ შემთხვევებისათვის, როცა მოვალე თავის ვალდებულებებს არ ასრულებს დადგენილ დროში.

 

საკრედიტო ხელშეკრულებით პირგასამტეხლო შეადგენს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 0,5%-ს. სარჩელით მოთხოვნილია სარჩელის აღძვრამდე პერიოდში დარიცხული პირგასამტეხლოს დაკისრება, ასევე პირგასამტეხლოს გადახდის გაგრძელება სარჩელის აღძვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,05%-ის (დღეში 17.7 ლარი) ოდენობით.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხისათვის გადაწყვეტილების აღსრულებამდე პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი არ არსებობს, რადგან ეს გამოიწვევს არაგონივრულად მაღალი პირგსამტეხლოს დაკისრებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420–ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

პირგასამტეხლო არის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება, მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელსაც მოვალე იხდის ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო არის შეთანხმება, რომლის საგანია მოვალის მიერ ძირითად სახელშეკრულებო ვალდებულებასთან ერთად დამატებითი ვალდებულების კისრება.

 

პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება, წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულება წარმოიშობა სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევის შემდეგ. პირგასამტეხლო წარმოადგენს ერთგვარ სანქციას მხარისათვის ვალდებულების შეუსრულებლობის გამო. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე გარკვეული „ზეწოლის“ განხორციელების საშუალებაა, რათა მოვალე ფინანსური სანქციის დაკისრების შიშით აიძულოს ჯეროვნად შეასრულოს ხელშეკრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში სასამართლოს ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის თანახმად, შემცირებას ექვემდებარება მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო, რაც იმას ნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია არა მარტო რაოდენობრივი კრიტერიუმი (მაგალითად დიდი თანხა), არამედ საქმის გარემოებებისადმი პირგასამტეხლოს შეუსაბამობა. კანონმდებელი არ ადგენს რა გარემოებების გამო შეიძლება ჩაითვალოს პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალ თანხად. შესაბამისად, ეს საკითხი უნდა გადაწყდეს ყოველი კონკრეტული სადაო სამართალურთიერთობის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებაში (საქმე Nას-848-814-2016) პირგასმატეხლოს შესახებ განმარტებულია შემდეგი: "პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა".

 

მართალია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას, მაგრამ ამავე კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად, რაც პირგასამტეხლოს ნაწილში გონივრულობის და სამართლიანობის პრინციპების დაცვას მოითხოვს.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ხელშეკრულებით პირგასამტეხლოს განსაზღვრის მთავარი დანიშნულებაა ვალდებულების დარღვევის პრევენცია, მოვალეზე „ზეწოლა“, რათა მომავალში ფინანსური სანქციის დაკისრების შიშით მოვალემ მიიღოს ზომები ვალდებულების ჯეროვანი შესრულებისათვის. ვალდებულების დარღვევის შემდეგ პირგასამტეხლო იძენს ასევე ზიანის მინიმალურად ანაზღაურების ფუნქციას, რადგან ვალდებულების დარღვევის ფაქტის არსებობის გამო მას პრევენციის მნიშვნელობა აღარ აქვს. ამდენად, პირგასამტეხლოს მოთხოვნის დროს შესაძლოა სასამართლოს შეფასების საგანი გახდეს ვალდებულების გარემოებებისადმი შესაბამისი გონივრული ოდენობის პირგასამტეხლოა თუ არა მოთხოვნილი. პირგასამტეხლოს გონივრულობისათვის მნიშვნელოვანია, რომ მოვალეს არ დაეკისროს იმ ოდენობის ფინანსური სანქცია, რაც ვალდებულების შესრულებას გაართულებს და მოვალეს მძიმე ტვირთად დააწვება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით სასამართლოს მინიჭებული აქვს სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევის საგამონაკლისო უფლება, რომლის მიზანია სამოქალაქო ურთიერთობის კეთილსინდისიერების პრინციპის დაცვა, მხარეთა უფლებრივი თანაზომიერების პრინციპი დაცვა. ნორმის მიზანია თუნდაც ვალდებულების დამრღვევი მხარის დაცვა გადაჭარბებული პასუხისმგებლობისაგან, რადგან ხელშეკრულების დადებისას შესაძლებელია უფრო ძლიერმა ხელშემკვრელმა მხარემ (მაგალითად ბანკმა) ისარგებლოს მეორე მხარის სურვილით, გააფორმოს ხელშეკრულება და უკარნახოს შეთანხმების არახელსაყრელი პირობები, განსაზღვროს გონივრულზე უფრო მაღალი პირგასამტეხლო. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით სასამართლო აღჭურვილია უფლებამოსილებით, შეამციროს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო და განსაზღვროს ყოველ კონკრეტულ სადაო ურთიერთობისათვის სამართლიანი და გონივრული პირგასამტეხლოს ოდენობა. ამასთან, პირგასამტეხლოს შემცირების მიზანი არ არის მოვალისათვის სიმბოლური პასუხისმგებლობის დაკისრება. პირგასამტეხლოს შემცირების მიზანია მხარეთა მართლზომიერ ინტერესებს შორის სამართლიანი ბალანსის დაცვა და ვალდებულების დარღვევის გამო მოვალისათვის გონივრული პასუხისმგებლობის დაკისრება. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას სარჩელის აღძვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე პირგასამტეხლოს დაკისრებაზე. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის ამ მოთხოვნის დაკმაყოფილება არაგონივრულად გაზრდის პირგასამტეხლოს, რადგან ამავე პერიოდისათვის მოსარჩელე მოითხოვს მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურებას, რაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. როგორც აღინიშნა, პირგასამტეხლოს ზიანის მინიმალურად ანაზღაურების ფუნქციაც გააჩნია, რის გამოც ზიანის ანაზღაურების დაკისრების პირობებში იმავდროულად იმავე გარემოებების საფუძველზე პირგასამტეხლოს დაკისრება პირგასამტეხლოს არაგონივრულად მაღალ ოდენობად გარდაქმნის. მოსარჩელის მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების შესახებ დაკმაყოფილდა, რის გამოც ამავე პერიოდში პირგასამტეხლოს დაკისრება ზიანის მინიმალურად ანაზღაურების მიზანს არ ამართლებს.

 

პირგასამტეხლოს შემცირების დროს სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებასაც, რომ სესხი სანივთო უზრუნველყოფის საშუალებით არის უზრუნველყოფილი, იპოთეკით დატვირთულია მსესხებლის კუთვნილი უძრავი ნივთი, მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებულია გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება, შესაბამისად ქონების რეალიზაციის გზით შესაძლებელია ბანკის მოთხოვნის დროულად დაკმაყოფილება, თუკი მოვალე სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებულ კრედიტის თანხას არ დააბრუნებს.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა იპოთეკით დატვირთული ნივთის რეალიზაციის შესახებ.

 

სამოქალაქო კოდექსის 153-ე მუხლის მიხედვით, აქცესორულია უფლება, რომელიც ისეა დაკავშირებული სხვა უფლებასთან, რომ მის გარეშე არც შეიძლება არსებობდეს.

 

იპოთეკა წარმოადგენს აქცესორულ უფლებას, რადგან იგი სესხის ხელშეკრულებისგან დამოუკიდებელი გარიგება არ არის. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა). ამდენად, იპოთეკა არის სანივთო უზრუნველყოფის საშუალება, რომელი კრედიტორს ანიჭებს უფლებას ამ ქონების ხარჯზე დაიკმაყოფილოს მისი მოთხოვნა მოვალის მიმართ. იპოთეკისათვის განმსაზღვრელია ის ხელშეკრულება, რომლითაც წარმოშობილი მოთხოვნა უზრუნველყოფილია უძრავი ქონებით. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში მთავარი მოთხოვნაა სესხის დაკისრება, ხოლო იპოთეკა არის დამატებითი მოთხოვნა, იგი აქცესორული უფლებაა, რადგან უზრუნველყოფს მხარეებს შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობის შესრულებას და მას დამოუკიდებელი სამართლებრივი მნიშვნელობა არა აქვს. იპოთეკის ხელშეკრულება შესაბამისი მთავარი ხელშეკრულების გარეშე მოთხოვნის უფლებას წარმოშობს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 289-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, 1. იპოთეკა იურიდიულ ძალას იძენს საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან. რეგისტრაცია ხდება ერთ-ერთი მხარის მიერ გარიგების წარდგენის საფუძველზე, რომელიც დადებულია ამ კოდექსის 3111 მუხლით დადგენილი წესით. გარიგებაში უნდა აღინიშნოს უძრავი ნივთის მესაკუთრე, იპოთეკარი, სავარაუდო მოვალე მესამე პირი. მხარეთა შეთანხმებით გარიგებაში შესაძლებელია აღინიშნოს აგრეთვე უზრუნველყოფილი მოთხოვნის ოდენობა, სარგებელი, შესრულების ვადა და სხვა პირობები.

 

ბანკის იპოთეკის უფლება საჯარო რეესტრში, ხოლო იპოთეკით უზრუნველყოფილია 2017 წლის 8 ივნისის და 2017 წლის 30 ნოემბრის ხელშეკრულებების საფუძველზე წარმოშობილი ბანკის მოთხოვნები.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის თანახმად, 1. თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 11. მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

ამ ნორმების საფუძველზე, იპოთეკის არსია მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში ვალდებულების იძულებით შესრულება განხორციელდეს იპოთეკით დატვირთული ქონების ხარჯზე. მოსარჩელე მოითხოვს, თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციის მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად აღსრულება განხორციელდეს მოვალის და თავდებების სხვა ქონებაზე. იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებულია, რომ თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი უზრუნველყოფილი მოთხოვნის სრულად დასაკმაყოფილებლად, მოვალის პასუხისმგებლობა დარჩენილ ვალდებულებაზე ძალაშია. ამდენად, თუკი იპოთეკის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხით ბანკის მოთხოვნა სრულად ვერ დაკმაყოფილდება, ვალდებულება არ წყდება და ბანკი უფლებამოსილია მოითხოვოს მსესხებლის სხვა ქონების რეალიზაცია.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

სარჩელის ფასია 79 645,68 ლარი, საიდანაც მოპასუხეს დაეკისრა ჯამურად 46 536,36 ლარი. დაკისრებული თანხა არის სასარჩელო მოთხოვნის 58%. მოპასუხემ ცნო სარჩელი ძირითადი თანხის 37 391,68 ლარის დაკისრების ნაწილში, რაც არის გადასახდელი თანხის 80%.

 

სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟია 2389 ლარი, რომლის 58% უნდა აუნაზღაურდეს მოსარჩელეს და შეადგენს 1385,62 ლარს. ვინაიდან მოპასუხემ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე ცნო სარჩელი 37 391,68 ლარის დაკისრების ნაწილში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე გათვალისწინებული უნდა იქნას მხარეებს შორის სახელმწიფო ბაჟის განაწილებისას და მხარეები ამ მოთხოვნაზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან უნდა გათავისუფლდნენ. ამასთან, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება უნდა განისაზღვროს მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რაც მოპასუხემ არ ცნო, რადგან ამ ნორმის შესაბამისად, თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.

 

მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს 1385,62 ლარის 80% - 1108,49 ლარი, ხოლო მოპასუხეს უნდა დაეკისროს სს ს----------–--------ისათვის სახელმწიფო ბაჟის 277,13 ლარის გადახდა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფა გამოყენებული არ არის.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს სს „ს----------–--------ის“ სარჩელი;

 

1.1. დ----- ა--–------ს დაეკისროს სს ს----------–--------ისათვის 2017 წლის 8 ივნისის და 2017 წლის 30 ივნისის ხელშეკრულებების საფუძველზე 39 270,82 ლარის გადახდა;

 

1.2. დ----- ა--–------ს დაეკისროს სს ს----------–--------ისათვის 2017 წლის 8 ივნისის ხელშეკრულების საფუძველზე ზიანის ასანაზღაურებლად ყოველთვიურად 291,18 ლარის გადახდა 2019 წლის 13 მარტიდან არაუმეტეს 1 წლისა;

1.3. დ----- ა--–------ს დაეკისროს სს ს----------–--------ისათვის 2017 წლის 30 ნოემბრის ხელშეკრულების საფუძველზე ზიანის ასანაზღაურებლად ყოველთვიურად 95,27 ლარის გადახდა 2019 წლის 13 მარტიდან არაუმეტეს 1 წლისა;

1.4. დ----- ა--–------ს დაეკისროს სს ს----------–--------ისათვის N5268061 ხელშეკრულების საფუძველზე 1190 ლარის გადახდა;

1.5. დ----- ა--–------ს დაეკისროს სს ს----------–--------ისათვის N5836652 ხელშეკრულების საფუძველზე 1437,23 ლარის გადახდა;

1.6. არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა 2019 წლის 13 მარტიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიურად პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ;

 

1.7. მოპასუხისთვის 2017 წლის 8 ივნისის და 30 ნოემბრის ხელშეკრულებების საფუძველზე დაკისრებული თანხის გადახდევინება განხორციელდეს დ----- ა--–------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების - რუსთავში, გ------–-------------- (კოდი 0-----------) რეალიზაციის გზით, ხოლო თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა საკმარისი არ იქნება მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებისათვის, განხორციელდეს მოპასუხე დ----- ა--–------ის სხვა ქონების რეალიზაცია.

 

2. დ----- ა--–------ს დაეკისროს სს „ს----------–--------ისათვის“ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად 277,13 ლარის გადახდა;

 

3. სს „ს----------–--------ს“ დაუბრუნდეს 2019 წლის 13 მარტს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 1385,62 ლარი (საგადასახადო დავალება N 28490), რომელიც გადახდილია შემდეგ ანგარიშზე - ბიუჯეტის შემოსულობების ერთიანი ანგარიში, სახაზინო კოდი 300036150;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე დიანა გოგატიშვილი