გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/12552-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
4 დეკემბერი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ხათუნა ჯინორია
სხდომის მდივანი ირაკლი გამსახურდია
მოსარჩელე - ს--–-- ა-----------ა
წარმომადგენლები - ქ--------ა ა-----------ა, თ------ ა-------–---–ი
მოპასუხე - ი----- პ---–----
წარმომადგენელი - თ------- რ-------–---–ი
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ი----- პ---–----ს ს--–-- ა-----------ას სასარგებლოდ დაეკისროს 2098 ლარის ანაზღაურება. მასვე დაეკისროს მოსარჩელის მიერ გაწეული პროცესის ხარჯების ანაზღაურება.
სარჩელის საფუძვლად მითითებულია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
მოსარჩელის ბინა მდებარეობს ქ-------–--–--------------------------ში პირველ სართულზე, ხოლო მეორე სართულზე მდებარეობს მოპასუხის ბინა. ბოლო წლების განმავლობაში მოპასუხის ბინიდან პერიოდულად ჩამოდიოდა წყალი და აზიანებდა მოსარჩელის ბინას. 2018 წლის სექტემბერ-ოქტომბერში კი, ბინაში შესვლისას, კატასტროფული მდგომარეობა დახვდათ. მოპასუხემ უმეთვალყურეოდ დატოვა ონკანი, რის გამოც წყალი ჩამოვიდა მოსარჩელის ბინაში და დააზიანა მთლიანი ბინა. მიყენებული ზიანი 2098 ლარს შეადგენს.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო. მისი განმარტებით, მან ორჯერ კაპიტალურად შეაკეთა მოსარჩელის ბინის ჭერი, აქედან პირველად, დერეფანში გაიჭიმა ძვირადღირებული ფრანგული ჭერი, ხოლო მეორედ - საძინებელ ოთახში გაკეთდა ჭერი გიფსოკარდონის მასალით.
საქმის მომზადების დასრულებამდე მოპასუხემ განმარტა, რომ დაზიანება არ არის გამოწვეული მისი მიზეზით.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. თ---–--–-----------------------ში მდებარე ბ------- (ს/კ 0--------------------) ეკუთვნის ს--–-- ა-----------ას. ბინა მდებარეობს პირველ სართულზე და მას ფაქტობრივად ფლობს ქ--------ა ა-----------ა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ.20).
3.1.2. ამავე მისამართზე მდებარე ბინა N17 (ს/კ 0----------------------) ეკუთვნის ი----- პ---–----ს. ბინა მდებარეობს მეორე სართულზე, ს--–-- ა-----------ას კუთვნილი ბინის ზემოთ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 21).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. ი----- პ---–----ს კუთვნილი ბინიდან წყლის ჩამოსვლის შედეგად ს--–-- ა-----------ას მიადგა ზიანი 2098 ლარი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (სსკ-ის) 102-ე მუხლის შესაბამისად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
სადავოდ მიჩნეული უფლების კანონიერება უნდა დამტკიცდეს. მხარეს დარღვეული უფლების დაცვა კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით შეუძლია და ამ ფაქტების მითითება მხარის პრეროგატივაა. საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები, რომელიც სადავოა, დამტკიცებას საჭიროებს, ხოლო ფაქტების დამტკიცების ტვირთი ფაქტების მიმთითებელ მხარეებს ეკისრებათ. გამონაკლისს წარმოადგენს მატერიალური სამართლით გათვალისწინებული შემთხვევა, როდესაც ფაქტების დამტკიცების ტვირთი ამა თუ იმ ნორმით განსხვავებულადაა მოწესრიგებული. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესოსამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურსამართლებრივი მნიშვნელობაც აქვს, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი (იხ. სუსგ Nას-944-894-2015). მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტის მიხედვით, მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს. სსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. სსკ-ის მე-3 მუხლით, დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით, დადგენილია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები სადავოდ უნდა გახადოს მოპასუხემ. სწორედ ამის შემდეგ ეკისრება მოსარჩელეს მათი დადასტურების ტვირთი.
სასამართლო განმარტავს, რომ შედავება უნდა იყოს კვალიფიციური. საკმარისი არ არის შესაგებელში „არ ვეთანხმები“ გრაფის ფორმალურად მონიშვნა, არამედ მოპასუხემ სრულყოფილად უნდა წარმოადგინოს საკუთარი მოსაზრება მოსარჩელის მიერ მითითებულ ფაქტებზე და თუ უარყოფს მათ, მიუთითოს საპირისპირო გარემოებები, ან დაასაბუთოს, რა მიზეზით ხდის სადავოდ მოსარჩელის მიერ მითითებულ ფაქტებს.
სასამართლო ასევე განმარტავს, რომ მტკიცების ტვირთის განაწილება არ არის დამოკიდებული მხარის საპროცესო როლზე, არამედ მოთხოვნის საფუძვლებზე.
დელიქტიდან გამომდინარე სარჩელებზე მტკიცების ტვირთის განაწილების წესი მატერიალური კანონმდებლობიდან გამომდინარეობს, კერძოდ:
1. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს ზიანი;
2. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს მიზეზობრივი კავშირი მოპასუხის ქმედებასა და მიყენებულ ზიანს შორის;
3. მოპასუხემ უნდა ამტკიცოს ქმედების მართლზომიერება;
4. მოპასუხემ უნდა დაადასტუროს ბრალის გამომრიცხავი გარემოებები.
სასამართლო აქვე განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმაა სკ-ის მე-1000 და არა 992-ე მუხლი, ამდენად, ნაცვლად ზემომითითებული ფორმულისა, მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს, რომ მიადგა ზიანი და ეს ზიანი მოპასუხის ნაგებობიდან მომდინარეობდა. ხოლო მოპასუხემ უნდა ამტკიცოს მოთხოვნის გამომრიცხავი გარემოებები (სკ-ის მე-1000 მუხლის მე-3 ნაწილი).
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლივად შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელემ მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთის რეალიზება შეძლო, ხოლო მოპასუხემ - ვერა.
საქმეში წარმოდგენილია ფოტოილუსტრაცია, სადაც ასახულია მოსარჩელის ბინის მდგომარეობა წყლის ჩამოსვლის შემდეგ (ს.ფ. 22). მოსარჩელის განმარტებით და ფოტოებით ირკვევა, რომ დაზიანებულია დერეფნის და საცხოვრებელი ოთახის ჭერი და კედლები.
საქმეში ასევე წარმოდგენილია აუდიტორული მოკვლევა, რომლის თანახმადაც საცხოვრებელ ფართს აღენიშნება ზედა სართულიდან ჩამოსული წყლის ნიშნები, დაზიანებულია ჭერის ნაწილი, დაზიანებულია და დალაქული კედლები, აშკარად იკვეთება წყლის ჩამოდენის კვალი, რის გამოც აუდიტორმა დაასკვნა, რომ დაზიანება მიღებული იყო ზედა სართულიდან წყლის ჩამოდენით.
სასამართლო სხდომაზე აუდოტირმა მ----–------–---ემ განმარტა, რომ ბინაში არ მისულა წყლის ჩასვლის მიზეზების დასადგენად და ეს არ არის მისი კომპეტენციის სფერო. ის მისული იყო ზარალის ოდენობის დასადგენად, მაგრამ ეჭვი არ გასჩენია, რომ წყალი ზევიდან იყო ჩამოსული. ამაზე მიუთითებდა კედელზე არსებული სისველის კვალი, რომელიც ნათლად მიუთითებდა წყლის ჩამოდენის მიმართულებაზე - ზევიდან ქვევით. მანვე განმარტა, რომ დაზიანების კვალი იყო ოთახში და კედლის მეორე მხარეს მდებარე შემოსასვლელში (ოქმის აუდიოჩანაწერი 11:50-11:55).
მოპასუხის პასუხისმგებლობის გამოსარიცხად საკმარისი არ არის მის მიერ წარმოდგენილ მოწმეთა ჩვენებები.
მოწმე ა--------------------ის განმარტებით ი----- პ---–----ს სიძეა და ეხმარება მას ბინის გაქირავებაში. წყლის ჩასვლასთან დაკავშირებით კომუნიკაციაც მასთან ჰქონდათ. ი----- პ---–---- მასთან ცხოვრობს.
წინა შემთხვევა რომ იყო წყლის ჩასვლის, ხელოსანიც ჰყავდა მიყვანილი, დაანგრიეს მილები და არსად გაჟონილი არ იყო, ვერ დაადგინეს, საიდან იყო წყალი ჩასული. მით უმეტეს, რომ სახლი გაქირავებულია და იქ მდგმური ცხოვრობდა. რადგან ახალი მეზობლები იყვნენ, წინააღმდეგო აღარ გაუწევიათ და გააკეთეს. მეორედ წყალი ჩაუშვა მდგმურმა და მანვე უზრუნველყო ჭერის გაკეთება. მესამედ, სადავო შემთხვევაში კი, ნოემბერ-დეკემბერში დაურეკა ქ--------ა ა-----------ას მამამ. ელოდებოდნენ მდგმურს, რომელიც სვანეთში იყო წასული. რომ ჩამოვიდა, მოწმე და ქ--------ა და ა-----------ას მამამ ერთად ნახეს ბინა. მოპასუხის ბინაში სიმშრალე იყო. მოსარჩელის ბინაში ნახეს, რომ მართლაც იყო წყალი ჩასული, ლაქები იყო შპალერზე და გიფსოკარდონის ჭერის კუთხე იყო ჩამოვარდნილივით (ოქმის აუდიოჩანაწერი 15:44-15:52). შესთავაზა, რომ ზაფხულში გააკეთებდა რემონტს, რაზეც მოსარჩელემ (მოწმის ჩვენებიდან გამომდინარე, მისი სახელით ქ--------ა ა-----------ას მამას ჰქონდა მოწმესთან კომუნიკაცია) უთხრა, რომ ზაფხულამდე ვერ დაელოდებოდა. მოწმის განმარტებით, მან სთხოვა მეგობარს, ფ-----------–--–---ს, რომელიც ფრანგული ჭერის დამზადებაზე მუშაობს, დახმარება და მან შეღავათიან ფასად დაუმზადა ჭერი. როცა მოიცალა მისმა ახლობელმა, ავიდნენ, ელიავადან ორი ხელოსანიც ჰყავდათ აყვანილი, რომლებმაც დაზიანებული ჭერის დემონტაჟი გააკეთეს. აიღეს ზომები. ახლობელმა დაურეკა 2-3 კვირის შემდეგ, რომ ჭერი მზად იყო, დაურეკა მამას, რომელმაც უპასუხა, რომ არ ეცალა. მოწმემ შესთავაზა, რომ დაერეკა როცა მოიცლიდა და დააყენებდნენ ჭერს, დალაქავებულ შპალერს კი, რომელიც ძველია და ფერიც კი აღარ ედო, გაწმენდნენ ბინაში იყო ძალიან ძველი რემონტი და 2000 ლარი რემონტისთვის არარეალურია (ოქმის აუდიოჩანაწერი 15:46). მოწმემ ასევე განმარტა, რომ მოსარჩელემ მოსთხოვა ფული, დაახლოებით 1000 ლარი, დანარჩენს მე დავამატებო. ამ თანხის გადახდის საშუალება მას არ ჰქონდა (იქვე). მოწმის აზრით, ბინის გაკეთება დაახლოებით 400 ლარი დაუჯდებოდა (16:02:33).
სასამართლო პირველ რიგში აღნიშნავს, რომ მოწმის მიერ აღწერილი დაზიანებები შეესაბამება ფოტოილუსტრაციას. მოწმემ ასევე ნახა საქმეში არსებული ფოტოები და დაადასტურა, რომ იგივე დაზიანებაა. მისი განმარტებით, ფოტოზე ჭერი მოხსნილია, რაც მათ მოხსნეს და სურათზე არსებული კიბე ეკუთვნის ფ-----------–--–---ს (16:05:16:07). მოწმე იმასაც ადასტურებს, რომ მოსარჩელესთან წყალი ჩასულია მოპასუხის სამზარეულოს ქვეშ, თუმცა არ იცის, წყლის ჩასვლა როგორ მოხდა, შეიძლება მდგმურმა ჩაუშვა წყალი (16:12:04).
საბოლოოდ, მოწმის ჩვენებით დასტურდება არა ის, რომ წყალი ჩასული არ არის მოპასუხის ბინიდან, არამედ მხოლოდ ის, რომ სასამართლოში დავის დაწყებამდე მხარეები ვერ შეთანხმდნენ ზიანის ანაზღაურების საკითხზე. მოპასუხე სთავაზობდა ბინის დაზიანების გამოსწორებას, მისი შესაძლებლობის ფარგლებში, რაზეც მოსარჩელე არ დათანხმდა. მოწმის ჩვენება პირიქით მოსარჩელის სასარგებლოდ მეტყველებს, ვინაიდან ადასტურებს მოპასუხე მხარის მზაობას, გამოესწორებინა მიყენებული ზიანი და საამისოდ კონკრეტული მოქმედებებიც გატარდა, მათ შორის, დამზადდა გასაჭიმი ჭერი, რომელიც არ დამონტაჟებულა ბინაში, რისთვისაც გადახდილია 172,50 ლარი (იხ. გადახდის ქვითარი და ინვოისი (ს.ფ. 102-104)).
რაც შეეხება მოწმე ფ-----------–--–---ს, მან განმარტა, რომ ა--------------------ი მისი მეგობარია. ის დაუკავშირდა და უთხრა, რომ წყალი იყო ჩასული და ჭერი დაზიანდა. მან დაადასტურა მოწმე ა--------------------ის მიერ მითითებული ის გარემოება, რომ იმყოფებოდნენ მოსარჩელის ბინაში ფრანგული გასაჭიმი ჭერის დასამზადებლად ზომების ასაღებად. მანვე დაადასტურა, რომ გიფსოკარდონის ჭერის დემონტაჟში ეხმარებოდა. მოწმის განმარტებით, აღებული ზომების შესაბამისად დაამზადა ჭერი, აცნობა ა--------------------ს, მაგრამ დასამონტაჟებლად არავინ დაუკავშირდა. ჭერის საფასური 172 ლარი გადაიხადა ა--------------------მა. დავისათვის მნიშვნელოვანი სხვა გარემოებები მოწმისთვის არ არის ცნობილი.
მოპასუხის პასუხისმგებლობის გამოსარიცხად ასევე ვერ გამოდგება მის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა. დასკვნის შესაბამისად, ექსპერტი განმარტავს, რომ 11.11.2019 წლის მდგომარეობით მოპასუხის ბინაში არსებული წყალგაყვანილობა გამართულია და ბინაში წყლის გაჟონვის კვალი არ აღინიშნება. ექსპერტი ასევე მიუთითებს, რომ ბინაში მოწყობილი წყალ-კანალიზაციის მილები ვიზუალურად იყო ახლის მდგომარეობით. იგივე დასკვნის გაკეთება შეიძლება დასკვნაზე დართული ფოტოებით.
მოსარჩელე განმარტავს, რომ მოპასუხემ ზაფხულში რემონტი გააკეტა და შეცვალა გაყვანილობა. ექსპერტის დასკვნა ამ განმარტებას ამყარებს, გარდა ამისა, მოსარჩელე წყლის ჩამოსვლის მიზეზად კონკრეტულად წყალგაყვანილობის გაუმართაობას არც ასახელებს. ექსპერტიზის დასკვნა კი მხოლოდ იმის მტკიცებულებაა, რომ დასკვნის მომზადების მომენტისათვის წყალგაყვანილობა იყო გამართული.
რაც შეეხება ზიანის ოდენობას, აუდიტორული მოკვლევის თანახმად, ჩასატარებელი სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების ღირებულება მასალის ჩათვლით 2098 ლარია. საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე ალტერნატიული გაანგარიშება, შესაბამისად, სასამართლო ეყრდნობა წარმოდგენილ აუდიტორულ შეფასებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მხარეები შეზღუდული არიან, ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო განცხადებული.
მოპასუხის წარმომადგენლის მიერ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მითითებული ახალი ფაქტობრივი გარემოებები სასამართლოს არ შეუფასებია.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე, მე-1000, 326-ე, 408-ე, 409-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი
ზიანის ანაზღაურების მოვალეობის წარმოშობისათვის უნდა არსებობდეს შესაბამისი წინაპირობები, კერძოდ, თავად ზიანი, ზიანი მიმყენებლს მართლსაწინააღმდეგო მოქმედება, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობა და ზიანის მიმყენებლის ბრალის დადასტურება. ამასთან, დადგენილი უნდა იყოს მიყენებული ზიანის ოდენობა. ამ პირობების ერთობლიობა წარმოადგენს იურიდიულ შემადგენლობას და თუნდაც ერთ-ერთი მათგანის არარსებობა, მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი არ განსაზღვრავს ბრალის ფორმას და ზიანის ანაზღაურების საფუძველია როგორც განზრახ ისე, გაუფრთხილებლობით ზიანის მიყენების ფაქტი.
მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის სამართლიანი განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია, დაამტკიცოს ზიანის არსებობა და მისი მოცულობა, ასევე მიზეზობრივი კავშირი მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ხოლო მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს მის ქმედებაში მართლწინააღმდეგობისა და ბრალის არარსებობა.
მართლსაწინააღმდეგო მოქმედება ზოგადად ნიშნავს დადგენილი წესების, პირობების დარღვევას. ეს წესები და პირობები შეიძლება განისაზღვროს როგორც კანონით, ისე მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებით. რაც შეეხება ბრალს, თუ პირმა განახორციელა მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ივარაუდებოდა, რომ ეს ქმედება იყო ბრალეული და მოპასუხემ უნდა ამტკიცოს, რომ მისი ქმედება არ იყო განზრახი ან გაუფრთხილებლობის შედეგი.
სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი განსაზღვრავს დელიქტური პასუხისმგებლობის ზოგად პრინციპს. იმ შემთხვევაში, თუ არსებობს სპეციალური ნორმა კონკრეტული სამართალურთიერთობის მოსაწესრიგებლად, ეს მუხლი არ გამოიყენება.
განსახილველ შემთხვევაში ზიანის მიყენება გამოწვეულია მოსარჩელის ზემოთ მდებარე ბინიდან წყლის ჩამოსვლით, ამდენად, მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმაა სამოქალაქო კოდექსის მე-1000 და არა 992-ე მუხლი.
სამოქალაქო კოდექსის მე-1000 მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად თუ ამა თუ იმ ნაგებობიდან გამომდინარეობს მომეტებული საფრთხე ამ ნაგებობაში წარმოებული, მოთავსებული ან მიწოდებული ენერგიისაგან, ანდა ხანძარსაშიში ან აფეთქებასაშიში, შხამიანი ანდა მომწამვლელი ნივთიერებისაგან, მაშინ ამ ნაგებობის მფლობელი ვალდებულია,თუკი ამ საფრთხის პრაქტიკულ განხორციელებას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, სხეულის ან ჯანმრთელობის დაზიანება ანდა ნივთის დაზიანება, აუნაზღაუროს დაზარალებულს აქედან წარმოშობილი ზიანი. იგივე პასუხისმგებლობა გამოიყენება ხანძარსაშიში ან აფეთქებასაშიში, შხამიანი ან მომწამვლელი ნივთიერების მფლობელების მიმართ, როცა ამ ნივთიერებებიდან მომეტებული საფრთხე გამომდინარეობს. თუ ამა თუ იმ ნაგებობიდან ან ნივთიდან გამომდინარეობს მომეტებული საფრთხე სხვაგვარი საფუძვლით, ვიდრე ამ მუხლის პირველ ნაწილშია აღნიშნული, ნაგებობის ან ნივთის მფლობელი ვალდებულია ანალოგიურად აანაზღაუროს საფრთხის განხორციელების შედეგად წარმოშობილი ზიანი.
„წყლის ჩამოდინებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება კანონისმიერი ვალდებულებითი სამართლის სფეროს მიკუთვნებული საკითხია და მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა სამოქალაქო კოდექსის მე-1000 მუხლია, რომელიც მომეტებული საფრთხის წყაროს (მაგ: წყალი) პრაქტიკული რეალიზაციის შემთხვევაში მიყენებული ზიანის ანაზღაურებისათვის ადგენს მომეტებული საფრთხის წყაროს მფლობელის პასუხისმგბელობას, მიუხედავად მისი ბრალისა, ასეთ შემთხვევაში, მოსარჩელის მტკიცების საგანს შეადგენს ზიანის დადგომის ფაქტი და ის, რომ ეს ზიანი სწორედ მოპასუხის ნაგებობიდან მომდინარეობდა“ (იხ. სუსგ ას-90-90-2018).
სამოქალაქო კოდექსის მე-1000 მუხლი განამტკიცებს ბრალის გარეშე პასუხისმგებლობის პრინციპს, რაც იმას ნიშნავს, რომ შენობა-ნაგებობაში არსებული მომეტებული საფრთხის წყაროთი გამოწვეულ ზიანზე შენობა-ნაგებობის მესაკუთრე ნებისმიერ შემთხვევაშია პასუხისმგებელი, ბრალის მიუხედავად.
უძრავი ნივთის მესაკუთრე პასუხისმგებელია აღნიშნული ნივთის შენახვასა და მოვლა-პატრონობაზე იმგვარად, რომ სხვა პირებს მისი ნივთიდან ზიანი არ მიადგეს. მათ შორის, მესაკუთრე ვალდებულია ბინაში გამავალი წყალგაყვანილობა იქონიოს უსაფრთხო ექსპლუატაციისათვის ვარგის მდგომარეობაში და თავისი ბინით სარგებლობის პროცესში არ დააზიანოს სხვა პირის საკუთრება.
განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხის ბინიდან მოსარჩელის ბინაში ჩავიდა წყალი, რამაც მოსარჩელის კუთვნილი ბინის შესასვლელსა და ერთ ოთახში ჭერი და კედლები დააზიანა. იმ პირობებში, როდესაც ნათლად დასტურდება წყლის მოპასუხის ბინიდან ჩამოსვლის ფაქტი, მოპასუხეს უნდა ემტკიცებინა, რომ წყალი მოსარჩელის ბინაში სხვაგვარად მოხვდა, მაგალითად, მესამე სართულიდან მოპასუხის ბინის გავლით და სხვა.
საქმეში არ არის წარმოდგენილი მოპასუხის პასუხისმგებლობის გამომრიცხავი რაიმე მტკიცებულება.
სამოქალაქო კოდექსის 326-ე მუხლის თანახმად წესები სახელშეკრულებო ვალდებულების შესახებ გამოიყენება ასევე სხვა არასახელშეკრულებო ვალდებულებათა მიმართ, თუკი ვალდებულების ხასიათიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს.
ამავე კოდექსის 408-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება, ხოლო 409-ე მუხლის თანახმად კი თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.
ზიანი არის სხვაობა „არის“ და „იქნებოდა“ მდგომარეობას შორის. კომპენსაცია, რომელიც მხარეს უნდა გადაეცეს, მხოლოდ მიყენებული ზიანის ანაზღაურებას უნდა ემსახურებოდეს და არა პირის გამდიდრებას.
არსებობს შემთხვევები, როდესაც გადასახდელი კომპენსაციის ოდენობა სამართლიანად არ გამოიყურება, მაგრამ სხვაგვარად განსაზღვრა შეუძლებელია.
განსახილველ შემთხვევაშიც, მოპასუხე და მისი მოწმე აპელირებენ, რომ მოსარჩელის ბინაში წყლის ჩასვლამდე ძველი რემონტი იყო.
წყლის ჩასვლის შედეგად მიყენებული დაზიანებების გამოსწორება იმავე სახით, როგორც ეს ჩასვლამდე იყო, ტექნიკურად შეუძლებელია. ბინას ვერ მოიყვან ძველი რემონტის მდგომარეობაში. ასევე ზიანის გამოსწორებისათვის აუცილებელი დანახარჯების გაანგარიშებაც შეუძლებელია ძველი რემონტის მდგომარეობით.
საქმეში წარმოდგენილი ერთადერთი გაანგარიშების თანახმად, წყლის ჩამოსვლის შედეგად ჩასატარებელი სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების ღირებულება 2098 ლარია, რომლის ანაზღაურება მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეს უნდა დაეკისროს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
ამავე კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხემ მოსარჩელეს უნდა აუნაზღაუროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, ამასთან, დავის საგნის ღირებულების გათვალისწინებით, სარჩელი მაგისტრატი მოსამართის განსჯადია, შესაბამისად, მინიმალური სახელმწიფო ბაჟის ოდენობა უნდა განახევრებულიყო.
ამ გარემოების გათვალისწინებით, მოპასუხემ მოსარჩელეს უნდა აუნაზღაუროს 50 ლარი, ხოლო ზედმეტად გადახდილი 50 ლარი მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს.
მოსარჩელე ასევე ითხოვს პროცესის ხარჯების ანაზღაურებას.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მოსარჩელემ საფოსტო მომსახურებისათვის გადაიხადა 10.20 ლარი, რაც მოპასუხემ უნდა აანაზღაუროს, რაც შეეხება ექსპერტიზის ჩატარების ხარჯს, საქმეში არ არის წარმოდგენილი მისი გაწევის დამადასტურებელი მტკიცებულება და მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას ანაზღაურებაზე.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები.
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 37-ე, 243-ე-244-ე, 248-ე-250-ე, 257-ე, 2591, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ს--–-- ა-----------ას სარჩელი მოპასუხე ი----- პ---–----ს მიმართ დაკმაყოფილდეს;
2. ი----- პ---–----ს ს--–-- ა-----------ას სასარგებლოდ დაეკისროს 2098 ლარის გადახდა.
3. ი----- პ---–----ს ს--–-- ა-----------ას სასარგებლოდ დაეკისროს პროცესის ხარჯების, კერძოდ, სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 50 ლარის და საფოსტო მომსახურების საფასურის 10.20 ლარის ანაზღაურება, ხოლო ს--–-- ა-----------ას მოთხოვნა ექსპერტიზის ჩატარების ხარჯის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
4. მოსარჩელე ს--–-- ა-----------ას (პ/ნ 0----------) დაუბრუნდეს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 50 ლარი, რომელიც გადახდილია სს ,,თ----------ის‘’ მეშვეობით 24/04/2019 წელს (#0 საგადახდო დავალებით, რეფერნსი 2604534769) შემდეგ ანგარიშზე: მიმღების ბანკი: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი: TRESGE22; ანგარიშის/სახაზინო კოდი: 300 773 150.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) მეშვეობით;
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ხათუნა ჯინორია