გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
050210119003104766
საქმე №2/610-19წ.
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
24.12.2--- წელი ქ.ოზურგეთი
ოზურგეთის რაიონული სასამართლო
მოსამართლე მარინა კიკნაძე
სხდომის მდივანი თამილა მახარაძე - ბოლქვაძე
მოსარჩელე: შპს ,,ი-------------------''
წარმომადგენელი: ვა--------–------–-ძე
მოპასუხე: შპს,, ს-------------------–----ა''
წარმომადგენელი: კა-------–-–---–ი
დავის საგანი: თანხის დაკისრება;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. შპს ,,სა-----------------–----ას’ დაეკისროს შპს ,,ი-------------------'' ს სასარგებლოდ 6457,50 აშშ დოლარის გადახდა;
მოსარჩელე ორგანიზაციის წარმომადგენლის ვა--------–------–-ძის განმარტებით მოსარჩელე ორგანიზაცია დაკავებულია ტურისტული ბიზნესით. მოპასუხე ორგანიზაციის სამეწარმეო საქმიანობას წარმოადგენს ტურისტებისათვის სასტუმროს მომსახურების გაწევა. რუსეთის ფედერაციიდან ტურისტების ურეკის რაიონში დასვენების მიზნით მოსარჩელე ორგანიზაციამ მოპასუხეს სასტუმრო ოთახების დაჯავშნის მიზნით და მოპასუხისაგან გამოწერილი ინვოისების საფუძველზე წინსწრებით და სრული ოდენობით გადაუხადა მომავალში გასაწევი სასტუმროს მომსახურებისთვის 6457.50 აშშ დოლარის ექვივალენტური თანხა ლარში. ცნობილი მოვლენების გამო რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებით 2--- წლის 8 ივლისიდან შეწყდა საჰაერო მიმოსვლა საქართველოს მიმართულებით, რამაც თავის მხრივ გამოიწვია ტურისტების მხრიდან ტურისტულ პაკეტზე უარის თქმა. აღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელე ორგანიზაციამ მოპასუხისაგან მოითხოვა თანხების უკან დაბრუნება, ვინაიდან ის მომსახურება, რომელიც გადახდილ თანხაში უნდა გაეწია მოპასუხეს ვეღარ ხორციელდებოდა და შესაბამისად მიიჩნია, რომ გადახდილი თანხები ექვემდებარებოდა უკან დაბრუნებას, რაზედაც მოპასუხემ უთხრა უარი.
ვახტანგ ცხომელიძის განმარტებით ხელშეკრულების ვადას ვერ გადადებდნენ, რადგან ხელშეკრულება დადებული იყო მესამე პირების სასარგებლოდ. ისინი ტურისტებს ვერ დააძალებდნენ 2 წლის განმავლობაში ჩასულიყვნენ საქართველოში და შემდეგ მოეხდინათ მათთვის ტურისტული მომსახურების გაწევას. ვახტანგ ცხომელიძე მიიჩნევს, რომ აღნიშნული წინადადება თუ ოფერტს წარმოადგენდა, ასეთი მხარეს შესაგებელში არ მიუთითებია და საქართველოს სსკ-ის 201-ე მუხლიდან გამომდინარე, მხარის აღნიშნული პოზიცია არ უნდა იქნას გაზიარებული.
2. მოპასუხეების პოზიცია:
2.1. მოპასუხის-შპს ს-------------------–----ას წარმომადგენელმა წარმოდგენილი შესაგებლით და სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ ცნობილი მოვლენების გამო 2--- წლის 09 ივლისიდან რუსეთის ფედერაციამ შეწყვიტა ფრენები საქართველოს მიმართულებით და მიიჩნევს, რომ სახეზეა სახელშეკრულება ურთიერთობის ყველა პირობების შეუსრულებლობაზე ისეთი ძალის ზემოქმედება, რომლის თავიდან აცილება მხარეებს არ შეეძლოთ, ანუ თვლის, რომ სახეზე იყო დაუძლეველი ძალა და უსაფუძვლო გამდიდრების მოთხოვნით სარჩელის დაკმაყოფილებას, მიიჩნევს უსაფუძვლოდ.
კა-------–-–---–ის განმარტებით მხარეებს შორის 01.02.2--- წელს დადებული ხელშეკრულების მეხუთე პუნქტი ითვალისწინებს ფორსმაჟორულ სიტუაციას და მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სწორედ ასეთს ქონდა ადგილი.
კა-------–-–---–ის განმარტებით მისმა მარწმუნებელმა ორგანიზაციამ მოსარჩელე მხარეს შესთავაზა 2 წლის ვადით გადაწეულიყო ტურისტული მომსახურება, თანხა დარჩებოდა მათ ანგარიშზე და შემდგომში მოხდებოდა ტურისტებისათვის მომსახურების გაწევას. მისი განმარტებით მარწმუნებელი ორგანიზაციის მიერ მოხდა მოსარჩელისადმი აღნიშნული შეთავაზება, რაზედაც პასუხი არ მიუღიათ. ჩათვალეს, რომ მხარეთა შორის ხანგრძლივი ურთიერთობიდან გამომდინარე მოსარჩელის მხრიდან შეთავაზებაზე იყო თანხმობა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეთა მიერ სადავოდაა გამხდარი.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. შპს ,,ი-------------------’ არის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან (იხ. ს.ფ 104).
3.2.2. შპს ,,ი-------------------'' დაკავებულია ტურისტული ბიზნესით და აწესრიგებს ტურისტების ჩამოსვლას და მათი საქართველოში დასვენების ორგანიზებას. მოსარჩელემ მოპასუხეს წინასწარ გადაუხადა მომავალში გასაწევი სასტუმრო მომსახურებისათვის 6457.50 აშშ დოლარის ეკვივალენტური თანხა ლარში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ანგარიშ ფაქტურები (იხ. ს.ფ 17-59).
3.2.3. საქმეშია შპს ი-------------------ს დირექტორის წერილები შპს კო-–------ დირექტორისადმი, სადაც მხარე მოითხოვს ჯავშნის გაუქმებას და ფულადი თანხების დაბრუნებას, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
წერილები (იხ. ს.ფ. 60-83).
3.2.4. საქმეშია შპს კო-–------ დირექტორის წერილები შპს ი-------------------ს დირექტორისადმი, სადაც მხარე უთითებს, რომ შეკვეთები არის გაუქმებული და შპს ი-------------------ს მიერ გადახდილი თანხა დარჩება მათ დეპოზიტზე და აღნიშნული თანხების გამოყენება შეეძლებათ 2 წლის განმავლობაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
წერილები (იხ. ს.ფ. 84-99).
3.2.5. საქმეშია 2--- წლის 1 თებერვლის ხელშეკრულება დადებული შპს კო-–------ა და შპს ი-------------------ს-ს შორის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
ხელშეკრულება (იხ. ს.ფ. 202-205)
სასამართლო განმარტავს, რომ ფაქტობრივი გარემოებების არსებობა ან არარსებობა უნდა დადასტურდეს კონკრეტული მტკიცებულებებით. სასამართლო ორივე მხარის განმარტებას აფასებს თანაბარი მნიშვნელობის მტკიცებულებად. საბოლოოდ გაიზიარებს მხოლოდ იმ მხარის განმარტებას, ვინც მტკიცებულებებით დაადასტურებს თავის არგუმენტებს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებებისა მოსმენის, ასევე სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
- ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი;
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე, 317-ე, 50ე, 316-ე, 976-ე, 991-ე, 115-ე, 666-ე, 661-ემუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასმართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ.
ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლენი, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
მტკიცების ტვირთზე მითითებას აკეთებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება.
მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს.
მტკიცების ტვირთისაგან უნდა გაიმიჯნოს ფაქტების მითითების ტვირთი. მხარეები სსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად სრულიად თავისუფალნი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს - ეს უკვე სასამართლის პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან.
მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი - ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64).
სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა, რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა შეიცავს იმ აღწერილობას, რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა, რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები.
სასამართლო მიუთითებს, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან.
მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში უთითებს, რომ ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა პასუხობდეს მხარის მიერ სამართლებრივ და პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით წარმოდგენილი არგუმენტების ძირითად ასპექტებს (იხ., გადაწყვეტილება საქმეზე ღუიზ თორijა ვ. შპაინ, §§ 29-30). შესაბამისად, უფლება მოსმენაზე მოიცავს არა მხოლოდ სასამართლოს წინაშე არგუმენტების წარდგენის შესაძლებლობას, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გადაწყვეტილების დასაბუთებაში მიუთითოს მიზეზები, რომელთა საფუძველზეც გაიზიარა ან უარყო შესაბამისი არგუმენტები. სასამართლომ შეიძლება აუცილებლად არ მიიჩნიოს იმგვარ არგუმენტებზე პასუხის გაცემა, რომლებიც აშკარად არარელევანტური, დაუსაბუთებელი ან სხვაგვარად დაუშვებელია მსგავსი არგუმენტების მიმართ არსებული სამართლებრივი დებულებების ან მყარად დადგენილი სასამართლო პრაქტიკის საფუძველზე, თუმცა, ყველა გადაწყვეტილება უნდა იყოს ნათელი და საქმეში მონაწილე მხარეებს შესაძლებლობას უნდა აძლევდეს გაიგონ, თუ რატომ გაითვალისწინა სასამართლომ მხოლოდ კონკრეტული გარემოებები და მტკიცებულებები (იხ., გადაწყვეტილება საქმეზე შერყავინ ანდ Oტჰერს ვ. Uკრაინე §§ 55-62).
უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლების რეალიზაცია დისპოზიციურობის პრინციპის გამოვლინებაა, რაც მხარეებს ანიჭებს უფლებას თავისუფლად განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს... (სსს კოდექსის მე-3 მუხლი). გარდა ამისა, სარჩელის უფლებაში გაერთიანებულია ორი უფლება: 1. სარჩელისა აღძვრის უფლება და 2. სარჩელის დაკმაყოფილების უფლება. სარჩელში სასარჩელო მოთხოვნა უნდა იყოს დასაბუთებული, როგორც მატერიალურ-სამართლებრივი, ისე საპროცესო-სამართლებრივი ნორმების შესაბამისად, რაც წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობას. სარჩელის დასაბუთება, მისი, დაკმაყოფილება, ნაწილობრივ დაკმაყოფილება ან არ დაკმაყოფილება უშუალოდ დაკავშირებულია სამართალწარმოების ისეთ ფუნდამენტურ პრინციპთან, როგორცაა შეჯიბრობითობა და თანასწორობა, რაც განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციის 85-ე მუხლის მე-3 პუნქტით, რომლის თანახმად, სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე.
სასამართლო განმარტავს, რომ მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე ვალდებულებით ურთიერთიერთობაში იყოს მოპასუხესთან. ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდე კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობის ერთერთი საფუძველია. იგი ორი ან მეტი პირის ნების გამოვლენაა მიმართული სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. იმავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სკ-ის 50-ე მუხლის თანახმად გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ....
ამავე კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილა მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება...
სასამართლო განმარტავს, რომ მხარეები სარგებლობენ ხელშეკრულების დადების თავისუფლების პრინციპით და მათ უფლება აქვთ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერ საკითხზე შეთანხმდნენ. მთავარია მათი შეთანხმება არ ეწინააღმდეგებოდეს კანონს, აკმაყოფილებდეს მორალის ფარგლებს და არ არღვევდეს საჯარო წესრიგს.
სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები.
შესრულების ვალდებულება პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. ამავდროულად, პირველადი ვალდებულების შეუსრულებლობისას წარმოიშობა ნაწარმოები შესრულების (ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლო) ვალდებულება.
საერთო წესის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს, რადაც არ უნდა დაუჯდეს ეს ვალდებულ პირს. თუ მოვალეს ვალდებულების შესრულება გაურთულდა ან მან დაკარგა ხელშეკრულების შესრულების ინტერესი, ეს მას არ ათავისუფლებს ნაკისრი ვალდებულების შესრულების მოვალეობისაგან. მან თავად იკისრა ვალდებულების შესრულება და თავადვე უნდა ატაროს მისი შეუსრულებლობის რისკი (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება №ას-888-834-2012). საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილით, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხემ - ცნოს სარჩელი.
ამდენად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში მოქმედი დისპოზიციურობის პრინციპი მოსარჩელეს ანიჭებს უფლებას თავისუფლად განკარგოს თავისი საპროცესო უფლება, მათ შორის შეიტანოს და გაიხმოს სარჩელი.
როგორც დადგენილია მხარეთა (შპს ი------------------- და შპს კ---–-----) შორის 2--- წლის 1 თებერვალს დაიდო ხელშეკრულება ტურისტულ მომსახურებასთან დაკავშირებით.
ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელე ორგანიზაციამ ჯავშნისთვის მოპასუხე ორგანიზაციას გადაუხადა თანხები.
ცნობილი მოვლენებიდან გამომდინარე, რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, შეწყდა საჰაერო მიმოსვლა საქართველოსტან, რაც მხარეთა მიერ სადაოდ არ არის გამხდარი.
მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება შეწყდა და მოსარჩელე მხარის მიერ ტურისტებისათვის (მესამე პირებისათვის) დაბრუნებულ იქნა თანხები.
მოსარჩელე მხარე მოპასუხისაგან ითხოვს ტურისტული მომსახურებისათვის ჩარიცხული თანხების უკან დაბრუნებას სკ-ის 976-ე მუხლიდან გამომდინარე.
აღნიშნული მუხლის თანახმად: პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ: ა. ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში;
ამავე კოდექსის 991-ე მუხლის თანახმად კი: პირი, რომელიც სხვა პირის ხარჯზე უსაფუძვლოდ გამდიდრდა სხვა საშუალებითაც, გარდა იმისა, რაც გათვალისწინებულია ამ თავში, მოვალეა დაუბრუნოს მას მიღებული.
უსაფუძვლო გამდიდრებასთან დაკავშირებით უზენაესმა სასამართლომ არაერთხელ განმარტა, რომ „უსაფუძვლო გამდიდრების მიზანი არის სამართლებრივი საფუძვლის გარეშე შეძენილი ქონების (რომელშიც უნდა ვიგულისხმოთ უფლების ან გარკვეული შეღავათის, უპირატესობის) ამოღება, რითაც უნდა უზრუნველყოფილი იქნეს სამართლიანობის აღდგენა ანუ იმ მდგომარეობის აღდგენა, რომელიც იარსებებდა არაუფლებამოსილი პირის მიერ დაზარალებულის ხარჯზე გარკვეული შეღავათის, უფლების, უპირატესობის მიღებამდე”... უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის ნორმები აღჭურვილია დაცვითი ფუნქციით, უზრუნველყოფს რა არაუფლებამოსილი სუბიექტისაგან უსაფუძვლოდ მიღებული ქონების ამოღებას და მისი უფლებამოსილი პირისათვის გადაცემას. შედეგობრივი თვალსაზრისით, სამართლისათვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, თუ რა საშუალებით გამდიდრდა პირი – მიიღო, თუ დაზოგა ქონება. ფაქტი ერთია – ვითომ კრედიტორის ქონებრივ სფეროში აღმოჩნდა ქონება, რომელსაც იქ არსებობის სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია და, აქედან გამომდინარე, ექვემდებარება უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას „ (იხ. სუსგ. #ას-74-71-2016, 225-215-2016 25.05.2016, #ას-184-171-2015, 20.05.2016).
სასამართლო განმარტავს, რომ უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტი სუბსიდიური ხასიათისაა, ანუ როდესაც ერთი პირის ქმედებისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება სხვა პირს. ამ ინსტიტუტის გამოყენება შესაძლებელია იმ შემთხვევაში თუ არ არსებობს ურთიერთობის მომწესრიგებელი სპეციალური ნორმა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკიდან გამომდინარე უსაფუძვლო გამდიდრების წესები მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმებად გვევლინება მხოლოდ მაშინ, როდესაც სასამართლო მოვლენათა დინამიკის გათვალისწინებით დაასკვნის, რომ გამორიცხულია სხვა უფრო სპეციალური ნორმის გამოყენება.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის პოზიცას, რომ მოსარჩელე ორგანიზაციის მიერ ჩარიცხული თანხები უნდა დარჩეს მათ ანგარიშზე და ორი წლის განმავლობაში მოსარჩელეს დარჩება უფლება ისარგებლოს ტურისტული მოსახურებით, ვინაიდან აღნიშნული სცილდება მართლზომიერებისა და კეთილსინდისიერების ფარგლებს.
საქართველოს სკ-ის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. ამავე კოდექსის მე-8 მუხლის თანახმად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი. კეთილსინდისიერება გულისხმობს სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა მოქმედებას პასუხისმგებლობით, ერთმანეთის უფლებებისადმი პატივისცემით მოპყრობას. კეთილსინდისიერება როგორც ნორმატიული, ისე სუბიექტური ნების განმარტების ინსტრუმენტია. მის საფუძველზე აღმოიფხვრება როგორც კანონის, ისე ხელშეკრულების ხარვეზი. სამართლის დოქტრინის თანახმად, კეთილსინდისიერების პრინციპს სამი ფუნქცია აკისრია: 1) ყველა ხელშეკრულება უნდა განიმარტოს კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარე; 2) კეთილსინდისიერების პრინციპს აქვს ხარვეზის (სამართლის ნორმის) შემავსებელი ფუნქცია, ასევე ხელშეკრულების პირობათა (რომელიც მხარეთა მიერ ან/და კანონით არ იყო გათვალისწინებული) დამატების ფუნქცია; 3) გამაუქმებელი, შემზღუდავი და „მაკორექტირებელი“ ფუნქციები.
საქართველოს უზენაესი სასამართლო 2015 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებაში განმარტავს, რომ „კეთილსინდისიერება გულისხმობს სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა მოქმედებას პასუხისმგებლობით და ერთმანეთის უფლებებისადმი პატივისცემით მოპყრობას. კეთილსინდისიერება როგორც ნორმატიული, ისე სუბიექტური ნების განმარტების ინსტრუმენტია. მის საფუძველზე აღმოიფხვრება როგორც კანონის, ისე ხელშეკრულების ხარვეზი. კეთილსინდისიერების პრინციპის შინაარსი, უპირველეს ყოვლისა იმით გამოიხატება, რომ მხარეს, გარდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულებისა, ევალება ვალდებულების კეთილსინდისიერად შესრულებაც, ანუ კონტრაჰენტის პატივსადები ინტერესების გათვალისწინება და დაცვა. ამ მოთხოვნის დარღვევა, კი არა მხოლოდ სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების პროცესში, არამედ სახელშეკრულებო მოლაპარაკებათა და ძირითადი ვალდებულებების შესრულების შემდგომ ეტაპზეც შესაძლებელია პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი გახდეს“ (საქმე №ას-1338-1376-2014).
ევროპის სახელშეკრულებო სამართლის პრინციპების მიხედვით, თითოეული მხარე ვალდებულია მოქმედებდეს კეთილსინდისიერებისა და სამართლიანობის ფარგლებში, რაც არ შეიძლება შეიზღუდოს ან გამოირიცხოს ხელშეკრულებით (Principles of European Contract Law (PECL), Art. 1:201.). კეთილსინდისიერებისა და ნდობის პრინციპები ნაცნობია როგორც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1980 წლის ვენის კონვენციისთვის საქონლის საერთაშორისო ნასყიდობის ხელშეკრულებათა შესახებ CISG), ასევე საერთაშორისო კომერციულ ხელშეკრულებათა პრინციპებისათვის (UNIDROIT) და ისინი მოიაზრება როგორც გენერალური საფუძვლები ამ აქტებისათვის (მუხლი 7(1) CISG (Convention on Contracts for the International Sale of Goods; საქართველში რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 3 თებერვლის N407 დადგენილებით. > [15.06.2016]); მუხლი 1.2. PICC). მისი შინაარსი საკმაოდ ზოგადი ხასიათისაა და კონკრეტიზაციას ცალკეულ მოთხოვნებში, კერძოდ ურთიერთგამომრიცხველი მოქმედებების აკრძალვაში, ასევე ორმხრივ ინფორმირებულების ვალდებულებაში ჰპოვებს (Magnus U., Die UNIDROIT Principles und die Wiener Kaufrechtskonvention, The UNIDROIT Principles 2004, Their Imapact on Contractual Practice, Jurisprudence and Codification, Reports of the ISDC Colloquium (8/9 June 2006), Zürich 2007, 59.).
სასამართლოს მოსაზრებით, კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარე, ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე მხარეთა თანამშრომლობა, მეორე მხარის ინტერესების გათვალისწინება, მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებული გულისხმიერების გამოჩენა საჭიროა ამ ურთიერთობის ნორმალურად განვითარებისათვის. ასეთ შემთხვევაში, ორივე მხარე იქნება კმაყოფილი: კრედიტორი – ვალდებულების შესრულების მიღებით, ხოლო მოვალე - ვალდებულებისაგან გათავისუფლებით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სსკ-ის 316-ე მუხლის მე-2 ნაწილი, ხელშეკრულების ყოველ მხარეს ვალდებულების შინაარსისა და ხასიათის გათვალისწინებით ავალდებულებს გამოიჩინოს მეორე მხარის ქონებისა და უფლებებისადმი გულისხმიერება. გულისხმიერების ვალდებულება მხარეებისათვის დამატებითი ვალდებულების დაკისრებას არ გულისხმობს, ყოველთვის ვალდებულების შინაარსშივე მოიაზრება და ერთგვარ მორალურ კატეგორიას განეკუთვნება.
საქართველოს სკ-ის 666-ე მუხლიდან გამომდინარე 1. თუ მოგზაურობა არსებითად გაძნელდება, ან წარმოიშობა სხვა საფრთხე, ან ტურისტს მიადგება ზიანი ხელშეკრულების დადებისას გაუთვალისწინებელი დაუძლეველი ძალის დადგომის შედეგად, მაშინ როგორც ტურისტს, ისე მოგზაურობის მომწყობს შეუძლიათ შეწყვიტონ ხელშეკრულება.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში ხელშეკრულების შეწყვეტისას გამოიყენება 661-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და მე-4 ნაწილის პირველი წინადადების წესები. თითოეულ მხარეს ეკისრება უკან მიყვანის დამატებითი ხარჯების ნახევარი. სხვა შემთხვევაში დამატებითი ხარჯები ეკისრება ტურისტს.
ამავე კოდექსის სკ-ის 661-მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად: ხელშეკრულების შეწყვეტისას მოგზაურობის მომწყობი კარგავს შეთანხმებული ანაზღაურების მიღების უფლებას, მაგრამ მას შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება უკვე გაწეული უხარვეზო მომსახურებისათვის.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია რომ ფორს-მაჟორული სიტუაციიდან გამომდინარე დაირღვა მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულება ტურისტულ მომსახურებასთან დაკავშირებით და აღნიშნული ხელშეკრულების დარღვევა ბრალად არ უნდა შეერაცხოთ მხარეებს. შესაბამისად, გულისხმიერებისა და კეთისლსინისიერების პრინციპიდან გამომდინარე დაბრუნებას ექვემდებარება სსკ-ის 976-ე მუხლის „ა“ პუნქტის სამართლებრივი საფუძვლით ის თანხები, რომელიც მოსარჩელე ორგანიზაციამ ჩაურიცხა მოპასუხე ორგანიზაციას.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის პოზიციას ოფერტსა და აქცეპტთან მიმართებაში, ვინაიდან აღნიშნულთან დაკავშირებით მხარეს თავის შესაგებელში არ მიუთითებია.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სსსკ-ის 1991-ე მუხლის მიხედვის სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
მოცემულ შემთხვევაში, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2--- წლის 15 აგვისტოს განჩინებით დაკმაყოფილდა მოპასუხის შუამდგომლობა და გაუქმდა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2--- წლის 19 ივლისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო შპს ,,ს-------------------–----ას'' ანგარიშზე არსებულ თანხებს 6457.50 აშშ დოლარის ფარგლებში.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. შპს ,,ი-------------------''ს სარჩელი შპს ,,ს-------------------–----ას“ მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს.
2. შპს ,,ს------------- კო-–------“ მოსარჩელე შპს ,,ი-------------------“ - ს სასარგებლოდ დაეკისროს დავალიანების 6457.50 აშშ დოლარის გადახდა;
3. მოპასუხე შპს ,,ს------------- კო-–------" დაეკისროს მოსარჩელე მხარის-შპს ი-------------------ს სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის -555.74 ლარის გადახდა;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70–78-ე მუხლებით დადგენილი წესით;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში გადაწყვეტილების მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან 14 დღის ვადაში ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
მოსამართლე: მარინა კიკნაძე