გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/6075-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
31 ოქტომბერი, 2019 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თამარ მეშველიანი
სხდომის მდივანი ეკატერინე ჯანელიძე
მოსარჩელე - დ--------------–---–ი
მოპასუხე - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 12 ივლისის MES 3 19 00941983 გადაწყვეტილება;
1.2. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს დაევალოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა სოხუმის უნივერსიტეტის მიერ დ--------------–---–ის სახელზე გაცემული SU №000722 ბაკალავრის დიპლომის ნამდვილობის დადასტურების თაობაზე (დაზუსტდა, იხ. 29.10.2019წ. სასამართლოს მთავარი სხდომის ოქმი 16:19სთ).
2. მოპასუხის პოზიცია
სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ წერილობით შესაგებელს და განმარტა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1. საქართველოს განათლების სამინისტროს უწყებრივი სალიცენზიო რეესტრისა და საარქივო მასალების მიხედვით, საქართველოს განათლების სამინისტრომ 1992 წლის 3 აპრილს შპს „თბილისის სოციალურ-ეკონომიკურ ინსტიტუტზე“ გასცა უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის №01-17-08/293 ლიცენზია, ხოლო 2000 წლის 28 მარტს, შპს „თბილისის ჰუმანიტარულ-ეკონომიკურ უნივერსიტეტზე“ გასცა უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის №00061551 ლიცენზია.
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 88-ე მუხლის 11 პუნქტის შესაბამისად, ლიცენზირებული ან კანონით ლიცენზირებულად ჩათვლილი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ, 2005-2006 სასწავლო წლის დაწყებამდე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული, საგანმანათლებლო პროგრამის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი აღიარებულია სახელმწიფოს მიერ.
საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის საბჭოს 2005 წლის 4 თებერვლის №2-19/211 გადაწყვეტილებით, შპს „თბილისის სოციალურ-ეკონომიკურ ინსტიტუტს“ მიენიჭა ინსტიტუციური აკრედიტაცია 2007-2008 სასწავლო წლის დაწყებამდე.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 იანვრის №33 ბრძანებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის №1566/006-5/4-2460-შპს ბრძანების საფუძველზე 2005 წლის 28 ნოემბრიდან, შპს „თბილისის ჰუმანიტარულ-ეკონომიკურ უნივერსიტეტს“ შეეცვალა სახელწოდება და ეწოდა შპს „ევროპული უნივერსიტეტი“. საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის საბჭოს 2005 წლის 6 დეკემბრის სხდომის №39 ოქმის საფუძველზე, შპს „ევროპულ უნივერსიტეტს“ უარი ეთქვა ინსტიტუციური აკრედიტაციის მაძიებლად ცნობაზე.
სსიპ განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის საბჭოს 2007 წლის 13 ნოემბრის №31/ს გადაწყვეტილებით შპს „ევროპულ უნივერსიტეტს“ უარი ეთქვა ინსტიტუციური აკრედიტაციის მინიჭებაზე.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 30 ივნისის №590 ბრძანების თანახმად, 2007 წლის 10 ოქტომბერს შპს „ევროპულ უნივერსიტეტს“ შეერწყა შპს „თბილისის სოციალურ-ეკონომიკური ინსტიტუტი“. შპს „ევროპული უნივერსიტეტი წარმოადგენს შპს „თბილისის სოციალურ-ეკონომიკური ინსტიტუტის“ უფლებამონაცვლეს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 23 დეკემბრის №1175 ბრძანებით, შპს „ევროპულ უნივერსიტეტს“ 2009 წლის 8 დეკემბრიდან ეწოდება შპს „ევროპული სასწავლო უნივერსიტეტი“, 2013 წლის 13 ივნისიდან კი, შპს „თბილისის ახალი უნივერსიტეტი“.
აღნიშნულმა იურიდიულმა პირმა, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 89-ე მუხლის 23-ე პუნქტის შესაბამისად, ცენტრში წარადგინა ჩარიცხულ პირთა სია და საგანმანათლებლო საქმიანობას განაგრძო ლიცენზირებულ რეჟიმში.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულის ცენტრის 2019 წლის 10 ივლისის MES 1 19 00929895 წერილი (ს.ფ. 82-83);
3.2. 1989 წლის 14 მაისის №343 განკარგულებით, აფხაზეთის სახელმწიფო უნივერისტეტში შექმნილი განსაკუთრებული მდგომარეობის გამო, დაკმაყოფილდა ქართველ პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტთა მიერ დაყენებული საკითხი ქ. სოხუმში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილიალის შექმნის შესახებ. აღნიშნული განკარგულების საფუძველზე, საქართველოს განათლების მინისტრის 1989 წლის 14 ივლისის №428 ბრძანებით შეიქმნა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალი.
„სააღმზრდელო დაწესებულებების ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თავის ფილიალთან - სოხუმის უნივერსიტეტთან ერთად, ჩაითვალა ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებად.
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 88-ე მუხლის 11 პუნქტის შესაბამისად, ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ, მათ შორის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის მიერ, 2005-2006 სასწავლო წლის დაწყებამდე გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტები აღიარებულია სახელმწიფოს მიერ.
საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის საბჭოს 2005 წლის 4 თებერვლის №2-19/168 გადაწყვეტილებით ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალს მიენიჭა ინსტიტუციური აკრედიტაცია 2007-2008 სასწავლო წლის დაწყებამდე.
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 31 ივლისის №160 დადგენილებით სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს გამოეყო სოხუმის ფილიალი და მის ბაზაზე დაფუძნდა სსიპ - სოხუმის უნივერსიტეტი. იგი განისაზღვრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უფლებამონაცვლედ სოხუმის ფილიალის ნაწილში.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2008 წლის 10 იანვარს სსიპ სოხუმის უნივერსიტეტზე გასცა უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის №0812075 ლიცენზია. იმ დროისთვის მოქმედი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 661 მუხლის შესაბამისად, სსიპ სოხუმის უნივერსიტეტი ჩაითვალა აკრედიტირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებად, 5 წლის ვადით.
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 10 დეკემბრის №239 დადგენილებით ცვლილება შევიდა საქართველოს მთავრობის 2007 წლის 31 ივლისის №160 დადგენილებაში, კერძოდ, განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად, სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს გამოეყო სოხუმის ფილიალი და მის ბაზაზე დაფუძნდა სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერისტეტი, რომელიც განისაზღვრა სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უფლებამონაცვლედ სოხუმის ფილიალის ნაწილში.
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 1 დეკემბრის №447 დადგენილებით ცვლილება სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2012 წლის 1 იანვრიდან რეორგანიზებულ იქნა არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირად - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტად.
საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს 2012 წლის 18 სექტემბრის №292 გადაწყვეტილებით ა(ა)იპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს 2013 წლის 10 იანვრიდან 5 წლის ვადით მიენიჭა უმაღლესი საგანმანთლებლო დაწესებულების სტატუსი - უნივერსიტეტი.
„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის 322 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, რომლის ავტორიზაციის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იქნა 2011-2015 წლებში, ავტორიზაციის 5-წლიანი ვადა გაუგრძელდათ ერთი წლით.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ივლისის №188 დადგენილებით, ა(ა)იპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი რეორგანიზებულ იქნა სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტად და სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჩაითვალა ა(ა)იპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმემკვიდრედ.
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს 2018 წლის 8 დეკემბრის №95 გადაწყვეტილებით სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს 6 წლის ვადით მიენიჭა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტატუსი - უნივერსიტეტი.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულის ცენტრის 2019 წლის 24 მაისის MES 0 19 00634963 სამსახურებრივი ბარათი (ს.ფ. 78-80);
3.3. 2006 წლის 6 ნოემბრის №04/01-316 ბრძანებით დ--------------–---–ი ევროპული უნივერსიტეტიდან (ყოფილი თბილისის ჰუმანიტარულ-ეკონომიკური უნივერსიტეტიდან) გადავიდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალში, ისტორია-იურიდიული ფაკულტეტის სამართლისმცოდნეობის სპეციალობის დაუსწრებელი განყოფილების 6-წლიან საგანმანათლებლო პროგრამის მე-4 კურსზე. 2007 წლის 9 ივლისის №04/01-15 66-2 ბრძანებით დ--------------–---–ი მე-4 კურსიდან გადაყვანილი იქნა მე-5 კურსზე. დ--------------–---–მა 2008 წელს დაამთავრა იურიდიული ფაკულტეტის სამართალმცოდნეობის სპეციალობის საბაკალავრო პროგრამის სრული კურსი და სოხუმის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის 2008 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით მიენიჭა სამართალმცოდნეობის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი.
სსიპ „სოხუმის უნივერსიტეტმა“ 2009 წლის 9 თებერვალს დ--------------–---–ის სახელზე გასცა SU №000722 დიპლომი, რომლის თანახმად, სსიპ „სოხუმის უნივერსიტეტის“ იურიდიული ფაკულტეტის 2008 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით დ--------------–---–ს (დაბ. 14.12.1987წ.) მიენიჭა ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, სამართალმცოდნეობის სპეციალობით.
მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
- სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2019 წლის 20 ივნისის №15/08-343 წერილი (ს.ფ. 88);
- სანოტარო წესით დამოწმებული SU №000722 დიპლომი (ს.ფ.75-76)
3.4. დ--------------–---–მა 2019 წლის 12 ივნისს განცხადებით მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და მოითხოვა სსიპ „სოხუმის უნივერსიტეტის“ მიერ მის სახელზე გაცემული SU №000722 დიპლომის ნამდვილობის დადასტურება.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- დ--------------–---–ის 2019 წლის 12 ივნისის განცხადება (ს.ფ. 71-72).
3.5. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 12 ივლისის MES 3 19 00941983 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დ--------------–---–ს უარი ეთქვა SU №000722 ბაკალავრის დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე, იმ საფუძვლით, რომ 2005-2006 სასწავლოს წლის დასაწყისის შემდგომ, მათ შორის, სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში დ--------------–---–ის სწავლის პერიოდი, ასევე, მისთვის 2008 წელს მინიჭებული აკადემიური ხარისხი და აღნიშნულის საფუძველზე მის სახელზე გაცემული ბაკალავრის SU №000722 დიპლომი არ არის აღიარებული სახელმწიფოს მიერ. ცენტრის მითითებით, ერთის მხრივ, შპს „თბილისის ჰუმანიტარულ-ეკონომიკური ინსტიტუტის“ (შპს „ევროპული უნივერსიტეტის“) მიერ 2005-2006 სასწავლო წლის დასაწყისის შემდეგ განხორციელებული საგანმანათლებლო პროგრამები არ არის აღიარებული სახელმწიფოს მიერ; შესაბამისად, აღიარებულია აღნიშნულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში დ--------------–---–ის მხოლოდ 2005-2006 სასწავლო წლის დაწყებამდე სწავლის პერიოდი და, მეორეს, მხრივ, სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი არ იყო უფლებამოსილი შპს „თბილისის ჰუმანიტარულ-ეკონომიკური უნივერსიტეტის“ სტუდენტი, 2006 წლის 28 მარტის №28 ბრძანების საფუძველზე, კანონმდებლობით დადგენილი წესის (ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლა) გარეშე ჩაერიცხა უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე. ცენტრმა, ასევე, გამორიცხა SU №000722 ბაკალავრის დიპლომის მიმართ დ--------------–---–ის კანონიერი ნდობის არსებობის საკითხი.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 12 ივლისის MES 3 19 00941983 გადაწყვეტილება (ს.ფ. 93-97);
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ დ--------------–---–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. ნორმატიული აქტები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ,,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ” საქართველოს კანონი, ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის პირველი ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესი“.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. ამავე კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
მითითებული ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 12 ივლისის MES 3 19 00941983 გადაწყვეტილება, დ--------------–---–ის სახელზე გაცემული SU №000722 ბაკალავრის დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ, წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან. ასევე, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს წარმოადგენს ის დოკუმენტი, რომლის გამოცემასაც ითხოვს მოსარჩელე და რომლითაც განხორცილდება მის სახელზე გაცემული SU №000722 ბაკალავრის დიპლომის ნამდვილობის დადასტურება.
6.2. საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება.
საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, სახელმწიფო ხელისუფლება ხორციელდება კონსტიტუციითა და კანონით დადგენილ ფარგლებში. საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. საკანონმდებლო და სხვა ნორმატიული აქტების მიღებისა და გამოცემის ზოგადი წესი და მათი იერარქია განისაზღვრება ორგანული კანონით.
საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით. კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, რომლებიც აქ არ არის მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობს კონსტიტუციის პრინციპებიდან.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისას, საჯარო დაწესებულებების მიერ თავისი საქმიანობის წარმოების პროცესში საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით, თუ შეთანხმებებით გარანტირებული ადამიანის უფლებებს და თავისუფლებებს აქვს პირდაპირი მოქმედების ძალა, რაც ნიშნავს იმას, რომ საჯარო დაწესებულებამ, მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას უნდა იხელმძღვანელოს ამა, თუ იმ ზემოთ აღნიშნული უფლების (თავისუფლების) ნამდვილი შინაარსით და არ უნდა დაუშვას ამ უფლებით დაცულ სფეროში არამართლზომიერი ჩარევა.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით გარანტირებული განათლების მიღების უფლება, მიუხედავად იმისა, რომ იგი არ მოიცავს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას, დააფინანსოს უმაღლესი განათლება, გულისხმობს ყოველი პირისათვის, მათ შორის (ზოგად განათლებასთან ერთად), სახელმწიფოს მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისი უმაღლესი განათლების შეძენის, მისი ფორმის და პროფესიული მიმართულების არჩევის, შეძენილი უმაღლესი განათლების აღიარებისა და მისი თავისუფალი რეალიზაციის დაუბრკოლებლად, შეუზღუდავად განხორციელების შესაძლებლობის შექმნას, აგრეთვე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შექმნის და ფუნქციონირების თავისუფლებას, რაც მიესადაგება თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს.
6.3. სასამართლო განმარტავს, რომ ,,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზანია განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მექანიზმების სამართლებრივი საფუძვლების განსაზღვრა. ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მიზნით იქმნება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (შემდგომ – ცენტრი). კანონის მე-5 მუხლის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) მიხედვით, ცენტრი საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში: ა) ხელს უწყობს განათლების ხარისხის გაუმჯობესებას, რისთვისაც შეიმუშავებს რეკომენდაციებს; ბ) ახორციელებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების (გარდა საჯარო სამართლის იურიდიული პირისა – ტექნოლოგიური ინსტიტუტისა (შემდგომ – ტექნოლოგიური ინსტიტუტი)) ავტორიზაციას და მათი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციას; ბ1) ახორციელებს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციას; გ) უზრუნველყოფს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებას; დ) ახორციელებს უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებას; ვ) ამოწმებს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტის − განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – ენობრივ სისწორეს; ზ) ახორციელებს ცენტრის დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
,,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისას ცენტრი ადგენს პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლის, აგრეთვე მისთვის კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან მათ შესაბამისობას.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებულია, რომ დ--------------–---–მა 2019 წლის 12 ივნისის განცხადებით მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და მოითხოვა სსიპ სოხუმის უნივერსიტეტის მიერ მის სახელზე გაცემული SU №000722 ბაკალავრის დიპლომის ნამდვილობის დადასტურება. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 12 ივლისის MES 3 19 00941983 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დ--------------–---–ს უარი ეთქვა SU №000722 ბაკალავრის დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე.
6.4. ,,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ,,დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ამტკიცებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესსა და საფასურებს; უფლებამოსილია საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებასა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოებისათვის დაადგინოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული ვადები.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესზე“, რომლითაც რეგულირდება საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების (გარდა ლეგალიზაციისა და აპოსტილით დამოწმებისა), უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების, ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების სახელმწიფო აღიარებისა და „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საერთაშორისო დაცვის მქონე პირების (შემდგომში – საერთაშორისო დაცვის მქონე პირი) და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირების – დევნილების, ასევე ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში განათლებამიღებული იმ პირების, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი განათლების ან კვალიფიკაციის დადასტურებას, განათლების აღიარების (შემდგომში – განათლების აღიარება) პირობები და პროცედურა.
მითითებული წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებასა და განათლების აღიარებას ახდენს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (შემდგომში – ცენტრი) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და ამ წესის შესაბამისად. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, აღნიშნულ უფლებამოსილებებს ცენტრი ახორციელებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო), სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებთან – საგანმანათლებლო რესურსცენტრებთან (შემდგომში – საგანმანათლებლო რესუსრცენტრები), საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და სხვა უფლებამოსილ პირებთან, ხოლო უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შემთხვევაში, ასევე, საერთაშორისო საინფორმაციო ქსელის წარმომადგენლებთან თანამშრომლობით
„საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის’’ მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების ან განათლების აღიარების მიზნით, საგანმანათლებლო დოკუმენტის მფლობელი, ამ პირის მიერ სათანადოდ უფლებამოსილი ან სხვა დაინტერესებული პირი, ცენტრში წარადგენს ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად შევსებულ განცხადებას. განცხადება და თანდართული დოკუმენტები ცენტრს შესაძლებელია წარედგინოს ფოსტის ან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის – www.my.gov.ge – მეშვეობით. თანდართული დოკუმენტები ცენტრს წარედგინება ქართულ ენაზე (უცხოენოვანი დოკუმენტის შემთხვევაში – ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე).
სასამართლო მიუთითებს „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის’’ მე-3 მუხლის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) პირველ პუნქტზე და აღნიშნავს, რომ საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების ობიექტია უმაღლესი და პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი – დიპლომი და ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი (ზოგადი განათლების ატესტატი). ამავე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების მიზნით ცენტრში წარმოდგენილ განაცხადს უნდა ერთოდეს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი. საქართველოში გაცემული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის/პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურების მიზნით, პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის გავლისა და პირისათვის კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს ადასტურებს პირის სახელზე გაცემული ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი, ხოლო საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის დროს ცენტრი ამოწმებს საგანმანათლებლო დოკუმენტის გაცემის უფლებამოსილებას, სწავლის პერიოდისა და საგანმანათლებლო დოკუმენტის სახელმწიფო აღიარებას და ამ დოკუმენტში ასახული კვალიფიკაციის შესაბამისობას საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან. ნამდვილობის დადასტურების დროს ცენტრი ადგენს პირისათვის მინიჭებულ კვალიფიკაციას/პირის მიერ მიღებული განათლების კონკრეტულ კვალიფიკაციასთან გათანაბრების საკითხს.
წესის მე-3 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, ამ მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების დასრულების შემდეგ ცენტრი: ა) ადასტურებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობას; ბ) უარს ამბობს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებაზე. მე-8 პუნქტი კი ადგენს, რომ ამ მუხლით გათვალისწინებული შემოწმების დროს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობის დადგენის შემთხვევაში, ცენტრი უარს ამბობს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებაზე, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სახეზეა უზუსტობა საგანმანათლებლო დოკუმენტით მინიჭებული კვალიფიკაციის ფორმულირებაში, რაც შინაარსობრივი თვალსაზრისით, არ იწვევს სწავლის შედეგისა და მინიჭებულ კვალიფიკაციის შეუსაბამობას, ცენტრი ადასტურებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობას და გადაწყვეტილებაში მიუთითებს აღნიშნულის თაობაზე.
ამდენად, მითითებული ნორმატიული აქტები მოპასუხე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების საკითხის გადაწყვეტას ავალდებულებს საქმის გარემოებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევის შედეგად, რაც წარმოადგენს დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების წინაპირობას. აღნიშნული ნორმატიული აქტით გათვალისწინებული უმნიშვნელოვანესი ამოცანების შესასრულებლად ცენტრს მართებს კონკრეტული საკითხის მარეგულირებელი კანონმდებლობის სიღრმისეული, კვალიფიციური, სისტემური და სამართლიანი გამოყენების შედეგად გადაწყვიტოს იგი.
განსახილველ შემთხვევაში სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი მოსარჩელის სახელზე გაცემული დიპლომის დადასტურებაზე უარის თქმის საფუძვლად უთითებს იმ გარემოებაზე, რომ 2005-2006 სასწავლოს წლის დასაწყისის შემდგომ, მათ შორის, სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში დ--------------–---–ის სწავლის პერიოდი, ასევე, მისთვის 2008 წელს მინიჭებული აკადემიური ხარისხი და აღნიშნულის საფუძველზე მის სახელზე გაცემული ბაკალავრის SU №000722 დიპლომი არ არის აღიარებული სახელმწიფოს მიერ. ცენტრის მითითებით, სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი არ იყო უფლებამოსილი შპს „თბილისის ჰუმანიტარულ-ეკონომიკური უნივერსიტეტის“ სტუდენტი, 2006 წლის 28 მარტის №28 ბრძანების საფუძველზე, კანონმდებლობით დადგენილი წესის (ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლა) გარეშე ჩაერიცხა უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე. ცენტრმა, ასევე, გამორიცხა SU №000722 ბაკალავრის დიპლომის მიმართ დ--------------–---–ის კანონიერი ნდობის არსებობის საკითხი.
ამდენად, სადავოდ ქცეული აქტისა და მხარეთა მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებების თანახმად, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის საფუძვლად უთითებს შემდეგ გარემოებებს: 1. დ--------------–---–ის შპს „თბილისის ჰუმანიტარულ-ეკონომიკური ინსტიტუტში“ (შპს „ევროპული უნივერსიტეტი“) სწავლის პერიოდი აღიარებულია მხოლოდ 2005-2006 სასწავლო წლის დაწყებამდე, ვინაიდან აღნიშნულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში 2005-2006 სასწავლო წლის დასაწყისის შემდეგ განხორცილებული საგანმანათლებლო პროგრამები არ არის აღიარებული სახელმწიფოს მიერ; 2. დ--------------–---–ს სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლა უნდა გაეგრძელებინა ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის შედეგად.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის ზემოხსენებულ პოზიციას და ყურადღებას ამახვილებს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 88-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომელიც მოსარჩელის სხვა უნივერსიტეტში გადასვლის დროს ადგენდა, რომ „საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის საბჭოს დებულებისა და პერსონალური შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 20 ივლისის №418 ბრძანებულების შესაბამისად, აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები ჩაითვალონ ამ კანონის შესაბამისი ინსტიტუციური აკრედიტაციის მქონედ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ხელახალი ინსტიტუციური აკრედიტაციის გავლამდე, მაგრამ არა უგვიანეს 2007-2008 სასწავლო წლის დაწყებამდე; ხოლო მე-3 პუნქტის თანახმად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროგრამული აკრედიტაციის განხორციელებამდე, მაგრამ არა უგვიანეს 2010-2011 სასწავლო წლის დაწყებისა, ინსტიტუციური აკრედიტაციის მქონე ყველა ლიცენზირებული კერძო სამართლის იურიდიული პირის, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პროგრამა ჩაითვალოს აკრედიტებულად.
აღსანიშნავია, რომ მითითებულ ნორმებში მოგვიანებით განხორციელდა საკანონმდებლო ცვლილებები და გასაჩივრებული აქტის გამოცემის დროს, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 88–ე მუხლის პირველი-მესამე პუნქტები მოქმედებდა შემდეგი სახით: „საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის საბჭოს დებულებისა და პერსონალური შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 20 ივლისის №418 ბრძანებულების შესაბამისად აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები ჩაითვალონ ამ კანონის შესაბამისი ინსტიტუციური აკრედიტაციის მქონედ 2007−2008 სასწავლო წლის დაწყებამდე. სახელმწიფოს მიერ აღიარებულად ჩაითვალოს იმ დაწესებულების სტუდენტებზე 2007−2008 სასწავლო წლის დაწყებამდე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული, საგანმანათლებლო პროგრამის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელთაც ზემოაღნიშნული ბრძანებულების შესაბამისად უარი ეთქვათ აკრედიტაციის მინიჭებაზე. ლიცენზირებული ან კანონით ლიცენზირებულად ჩათვლილი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ 2005–2006 სასწავლო წლის დაწყებამდე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული, საგანმანათლებლო პროგრამის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი აღიარებულია სახელმწიფოს მიერ, ამ დაწესებულების აკრედიტაციის მიუხედავად. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროგრამული აკრედიტაციის განხორციელებამდე, მაგრამ არა უგვიანეს 2013–2014 სასწავლო წლის დაწყებისა, ინსტიტუციური აკრედიტაციის მქონე ყველა ლიცენზირებული კერძო სამართლის იურიდიული პირის, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პროგრამები ჩაითვალოს აკრედიტებულად.
საქმეში არსებული მასალების თანახმად, საქართველოს განათლების სამინისტროს უწყებრივი სალიცენზიო რეესტრისა და საარქივო მასალების მიხედვით, საქართველოს განათლების სამინისტრომ 1992 წლის 3 აპრილს შპს „თბილისის სოციალურ-ეკონომიკურ ინსტიტუტზე“ გასცა უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის №01-17-08/293 ლიცენზია, ხოლო 2000 წლის 28 მარტს, შპს „თბილისის ჰუმანიტარულ-ეკონომიკურ უნივერსიტეტზე“ გასცა უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის №00061551 ლიცენზია. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 88-ე მუხლის 11 პუნქტის შესაბამისად, ლიცენზირებული ან კანონით ლიცენზირებულად ჩათვლილი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ, 2005-2006 სასწავლო წლის დაწყებამდე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული, საგანმანათლებლო პროგრამის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი აღიარებულია სახელმწიფოს მიერ. საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის საბჭოს 2005 წლის 4 თებერვლის №2-19/211 გადაწყვეტილებით, შპს „თბილისის სოციალურ-ეკონომიკურ ინსტიტუტს“ მიენიჭა ინსტიტუციური აკრედიტაცია 2007-2008 სასწავლო წლის დაწყებამდე. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 იანვრის №33 ბრძანებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის №1566/006-5/4-2460-შპს ბრძანების საფუძველზე 2005 წლის 28 ნოემბრიდან, შპს „თბილისის ჰუმანიტარულ-ეკონომიკურ უნივერსიტეტს“ შეეცვალა სახელწოდება და ეწოდა შპს „ევროპული უნივერსიტეტი“. საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის საბჭოს 2005 წლის 6 დეკემბრის სხდომის №39 ოქმის საფუძველზე, შპს „ევროპულ უნივერსიტეტს“ უარი ეთქვა ინსტიტუციური აკრედიტაციის მაძიებლად ცნობაზე. სსიპ განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის საბჭოს 2007 წლის 13 ნოემბრის №31/ს გადაწყვეტილებით შპს „ევროპულ უნივერსიტეტს“ უარი ეთქვა ინსტიტუციური აკრედიტაციის მინიჭებაზე. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 30 ივნისის №590 ბრძანების თანახმად, 2007 წლის 10 ოქტომბერს შპს „ევროპულ უნივერსიტეტს“ შეერწყა შპს „თბილისის სოციალურ-ეკონომიკური ინსტიტუტი“. შპს „ევროპული უნივერსიტეტი“ წარმოადგენს შპს „თბილისის სოციალურ-ეკონომიკური ინსტიტუტის“ უფლებამონაცვლეს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 23 დეკემბრის №1175 ბრძანებით, შპს „ევროპულ უნივერსიტეტს“ 2009 წლის 8 დეკემბრიდან ეწოდება შპს „ევროპული სასწავლო უნივერსიტეტი“, 2013 წლის 13 ივნისიდან კი, შპს „თბილისის ახალი უნივერსიტეტი“. აღნიშნულმა იურიდიულმა პირმა, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 89-ე მუხლის 23-ე პუნქტის შესაბამისად, ცენტრში წარადგინა ჩარიცხულ პირთა სია და საგანმანათლებლო საქმიანობას განაგრძო ლიცენზირებულ რეჟიმში.
ამდენად, მითითებული სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებების ანალიზი ცხადყოფს, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელშიც თავდაპირველად ჩაირიცხა დ--------------–---–ი, 2005-2006 სასწავლო პერიოდი, მათ შორის, ამ უკანასკნელის მიერ მიღებული განათლება, აღიარებულია სახელმწიფოს მიერ, რაც ამ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების არამართებულობას ადასტურებს.
რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ მოსარჩელე ვალდებული იყო ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის საფუძველზე გადასულიყო და სწავლა გაეგრძელებინა სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში, სასამართლო სრულად იზიარებს მოსარჩელის პოზიციას კანონიერი ნდობის პრინციპზე მითითების თვალსაზრისით.
სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს განმარტოს, რომ განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის გატარებისა და შეუფერხებელი განხორციელების თვალსაზრისით უპირობოა სპეციალური რეგულაციების, შესაბამისი აკრძალვებისა და კონტროლის მექანიზმების დაწესება. განათლების ხელმისაწვდომობის საყოველთაო უფლების აღიარებისა და პროფესიის თავისუფალი არჩევის კონსტიტუციური გარანტიების შექმნის პარალელურად, სახელმწიფოს ლეგიტიმური ვალდებულებაა დაამკვიდროს და აღიაროს განათლების ის ხარისხი, რომელიც უზრუნველყოფს უმაღლესი განათლების მიზნების მიღწევადობას, კვალიფიკაციის მაღალი სტანდარტების დანერგვას. თუმცა, სასამართლო მიიჩნევს, რომ კანონით გაცხადებული სტანდარტების დამკვიდრება უზრუნველყოფილი უნდა იყოს პროფესიის არჩევისა და განათლების მიღების ეტაპზე, ხელი უნდა შეეშალოს არაპროფესიული კადრების მომზადების და ინტელექტუალურ ბაზარზე მათ შემოღწევის პროცესს, რათა თავიდან იქნას აცილებული ის გართულებები, რაც თან ახლავს, ერთის მხრივ, სახელმწიფოს მხრიდან უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემას და, მეორეს მხრივ, იმავე სახელმწიფოს მიერ დოკუმენტისათვის იურიდიული მნიშვნელობის გამოცლას, ვინაიდან, დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმა გამორიცხავს მისი პროფესიული მიზნებისათვის გამოყენების შესაძლებლობას და დღის წესრიგში აყენებს იმ პირთა უფლებების დაცვის საჭიროებას, რომელთაც სახელმწიფოს მიერ გაცემული დიპლომის საფუძველზე განახორციელეს იურიდიული შედეგის მქონე მოქმედებები.
სასამართლოს მოსაზრებით, განსახილველი საკითხის გადასაწყვეტად უმნიშვნელოვანესია დადგინდეს, გააჩნდა თუ არა დ--------------–---–ს კანონიერი ნდობა მის სახელზე გაცემული დიპლომის მიმართ. სასამართლო აღნიშნავს, რომ დიპლომი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, არ წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, არამედ იგი არის უკვე არსებული ფაქტის (აქტის) სპეციალური დოკუმენტის სახით დაფიქსირება, რეალაქტი, რომელიც მხარისათვის აღმჭურველი ბუნებისაა და რომლითაც დაინტერესებულ მხარეს გარკვეული უფლებამოსილება ენიჭება, მოცემულ შემთხვევაში - პროფესიული საქმიანობის უფლება, სამართალმცოდნეობის სპეციალობით. მართალია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი კანონიერ ნდობას უკავშირებს მხოლოდ აღმჭურველი აქტის არსებობას, დიპლომი კი, როგორც აღინიშნა, აქტი არ არის, სასამართლო კანონის გონივრული, სამართლიანი, მისი მიზნებიდან გამომდინარე და მოსარჩელის განსაკუთრებული დაცვის ღირსი იურიდიული ინტერესის ადეკვატურად განმარტების შედეგად მიიჩნევს, რომ კანონიერი ნდობის ობიექტია ძირითადად ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის შედეგები, რომლებიც შეიძლება არსებობდნენ, როგორც ადმინისტრაციული აქტის, ასევე მოქმედებების (რეალაქტის) სახით, ანუ, მოცემულ შემთხვევაში, დაცვის ობიექტია სახელმწიფოს მიერ განხორციელებული აღმჭურველი ბუნების მოქმედებებიც. დაცვის ღირსია მათი კანონიერების რწმენა, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საქმე ეხება უფლების მიმნიჭებელ აქტებსა და მოქმედებებს. ამ უფლების მატარებელს, კანონიერი ნდობის პრინციპზე დაყრდნობით, უფლება აქვს წინააღმდეგობა გაუწიოს მათ გაუქმებასა თუ მათი ნამდვილობის, იურიდიული ძალმოსილების არაღიარებას. სასამართლო მიიჩნევს, რომ კანონმდებლის მიზანი კანონიერი ნდობის პრინციპის საკანონმდებლო დონეზე დამკვიდრებისას (სზაკ-ის მე-9, მე-601 და 61-ე მუხლები) იყო და არის მმართველობითი საქმიანობის შედეგად გარკვეული უფლებით აღჭურვილი პირის დაცვა უფლების მიმნიჭებელი არამარტო კანონსაწინააღმდეგო აქტის, არამედ მოქმედების გაუქმებისაგანაც.
სასამართლო, აქვე, მიუთითებს, რომ საქმის მასალების თანახმად, სახეზე არ არის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული კანონიერი ნდობის გამომრიცხავი გარემოება, კერძოდ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიერ სახელმწიფო, საზოგადოებრივი ან სხვა პირის კანონიერი უფლების ან ინტერესების არსებითი დარღვევა.
სახეზე არ არის, აგრეთვე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული კანონიერი ნდობის გამომრიცხავი გარემოება. კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, კანონიერი ნდობა არსებობს მაშინ, თუ პირმა აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის ქმედება და სახეზე არ არის კანონიერი ნდობის გამომრიცხავი გარემოება - დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული აქტის მიმართ კანონიერი ნდობა გამოირიცხება, თუ ეს აქტი გამოიცა დაინტერესებული პირის მიერ კანონსაწინააღმდეგო ქმედების საფუძველზე, ასეთად შეიძლება მივიჩნიოთ ყალბი დოკუმენტის, არასწორი ინფორმაციის წარდგენა, ზეწოლა, მოტყუება, ქრთამის მიცემა და სხვა, რასაც, განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ქონია, შესაბამისად, ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-9 მუხლის მე-2 ნაწილისა და მე-601 მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ კანონიერი ნდობის გამომრიცხავ გარემოებას - დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედებას. მოსარჩელე ენდობოდა სსიპ „სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ მიერ მის სახელზე გაცემული დიპლომის სტაბილურობას და მისი ეს ნდობა დაცვის ღირსია სამართლებრივი უსაფრთხოების ფაქტორიდან გამომდინარე, რაც, თავის მხრივ, ზღუდავს აქტის ბათილად გამოცხადების შესაძლებლობას, მოცემულ შემთხვევაში ზღუდავს მოპასუხეს, არ დაადასტუროს დიპლომის ნამდვილობა. განსახილველ შემთხვევაში, დაინტერესებული მხარე ენდობოდა სახელმწიფოს მოქმედების, ამ მოქმედების შედეგების სტაბილურობას და გამოიყენა ეს ნდობა.
სასამართლოს შეფასებით, კანონიერი ნდობის უზრუნველყოფა, თავის მხრივ, განაპირობებს მმართველობის ავტორიტეტს, სამართლებრივი სტაბილურობის და უსაფრთხოების განმტკიცებას. კანონიერი ნდობის არსებობას და დაცვას დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანის უფლებათა დაცვის, სამართლებრივი სტაბილურობისა და უსაფრთხოების კუთხით. ადამიანს უნდა ჰქონდეს ნდობა ოფიციალური გადაწყვეტილებებისადმი და მისი ეს ნდობა უნდა იყოს დაცული, კანონიერი ნდობის პრინციპის დარღვევა სახელმწიფოს საქმიანობის კანონიერების პრინციპის სასარგებლოდ, უნდა იყოს განსაკუთრებულად დასაბუთებული და უკიდურესად აუცილებელი, რაც განსახილველი საქმის მასალებიდან არ იკვეთება. მოცემულ შემთხვევაში, კანონიერებისა და კანონიერი ნდობის პრინციპების თანაზომიერების პრინციპის საფუძველზე შეპირისპირების შედეგად არ იკვეთება კანონიერების პრინციპის აღმატებული დაცვის ინტერესი. ასეთ შემთხვევაში კი, სასამართლოს აზრით, აუცილებელია, რომ მოქალაქის ნდობა უფრო მნიშვნელოვნად შეფასდეს, ვიდრე ის ინტერესი, რომელსაც იცავს ადმინისტრაციული ორგანო.
სასამართლოს მოსაზრებით, საქმის მასალების საფუძველზე და საქმის სხვა გარემოებების გათვალისწინებით, პირის კერძო ინტერესი - გააჩნდეს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი), შესაბამისი კვალიფიკაცია, შეძლოს პროფესიით მუშაობა, განახორციელოს როგორც საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული განათლების მიღების, ასევე, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის დამატებითი ოქმით გარანტირებული განათლების უფლების რეალიზაცია, არის უპირატესი იმ საჯარო ინტერესთან შედარებით, რომელიც საქმის მასალების შესწავლისა და მოპასუხის პოზიციიდან გამომდინარე, გულისხმობს მხოლოდ და მხოლოდ განსახილველი საკითხის მომწესრიგებელი მატერიალური კანონმდებლობის ფორმალურ დაცვას.
აქვე, სასამართლო mutatis mutandis მოიხმობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას საქმეზე მიურსელ ერენი თურქეთის წინააღმდეგ (Mürsel Eren v. Turkey), სადაც ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ კანონიერი ნდობის პრინციპის დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის დამატებითი ოქმის მე-2 მუხლით გათვალისწინებული განათლების უფლების დარღვევა. კერძოდ, სტუდენტს, რომელმაც უნივერსიტეტის მისაღებ გამოცდაზე დააგროვა ქულათა საჭირო რაოდენობა, ჰქონდა უნივესრიტეტში ჩარიცხვის ლეგიტიმური მოლოდინი. სასამართლომ მიიჩნია, რომ გამოცდების შედეგების გაუქმების გადაწყვეტილებას (რომელიც შიდასახელმწიფოებრივმა სასამართლოებმა ძალაში დატოვეს) არ ჰქონდა სამართლებრივი და გონივრული საფუძველი და ამიტომ, იგი თვითნებური იყო. სტრასბურგის სასამართლომ მიიჩნია, რომ ამგვარი ქმედებით დაირღვა კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი (განათლების უფლება).
6.5. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
სასამართლო განმარტავს, იმისათვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს დაუსაბუთებელი დასკვნის გაკეთება, შესაბამისად სასამართლო არაა უფლებამოსილი იხელმძღვანელოს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის მეორე ნაწილით და თავისი განჩინებით მოაწესრიგოს სადავო საკითხი.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება არ შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან. შესაბამისად, ბათილად უნდა იქნას ცნობილი გასაჩივრებული აქტი - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 12 ივლისის MES 3 19 00941983 გადაწყვეტილება და მოპასუხეს უნდა დაევალოს, კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელის სახელზე გაცემული დიპლომის ნამდვილობის დადასტურების თაობაზე.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლით განსაზღვრულია მხარეთა შორის ხარჯების განაწილების წესი. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ 100 ლარის გადახდა მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით წინასწარ გადახდილი თანხის ასანაზღაურებლად.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 32-ე, 33-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. დ--------------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 12 ივლისის MES 3 19 00941983 გადაწყვეტილება;
3. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს დაევალოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დ--------------–---–ის სახელზე გაცემული SU №000722 დიპლომის ნამდვილობის დადასტურების თაობაზე;
4. მოპასუხე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრს დაეკისროს დ--------------–---–ის სასარგებლოდ 100 (ასი) ლარის გადახდა;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის დღიდან სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მეშვეობით.
მოსამართლე თამარ მეშველიანი