გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #2/13183-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
27.01.2020 წელი ქ.თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს
სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე გიორგი გოგიჩაშვილი
სხდომის მდივანი თამარ შალამბერიძე
მოსარჩელე (შეგებებული სარჩელით მოპასუხე) შ-- ს------–-------,წარმომადგენელი გ-----------–--–-–---–ი,მოპასუხე (შეგებებული სარჩელით მოსარჩელე) ა-------------------,წარმომადგენელი ქ------------------ე,დავის საგანი - თანხის გადახდის დაკისრება
შეგებებული სარჩელით - გარიგების ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი:
1. 1. სასარჩელო მოთხოვნა ძირითადი სარჩელით
მოპასუხე ა-------------------ს მოსარჩელე შ-- ს------–-------ს სასარგებლოდ დაეკისროს 5190 ლარის და 9000 ევროს გადახდა.
1.2. სასარჩელო მოთხოვნა შეგებებული სარჩელით
ბათილად იქნას ცნობილი შ-- ს------–------სა და ა-------------------ს შორის დადებული შრომითი ხელშეკრულების დანართი.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. ძირითად სარჩელზე მოპასუხის პოზიცია
2.1.1. მოპასუხე შესაგებლით სარჩელს არ ცნობს და ითხოვს მოსარჩელეს უარი ეთქვას სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
2.2. შეგებებულ სარჩელზე მოპასუხის პოზიცია
2.2.1. მოპასუხე შეგებებულ სარჩელს არ ცნობს და ითხოვს მოსარჩელეს უარი ეთქვას სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოსარჩელე შ-- ს------–------- არის მეწარმე სუბიექტი და მას გააჩნია ქ. თბილისში, კ--------ს ქუჩაზე რესტორანი ,,კ------------“.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
სამეწარმეო რეესტრის ამონაწერის ასლი ს. ფ. 67-72.
მხარეთა ახსნა-განმარტება იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი.
მხარეები სადავოდ არ ხდიან.
3.1.2. მხარეებს შ-- ს------–------ს და ა-------------------ს შორის 01.05.2016 წელს დაიდო შრომითი ხელშეკრულება, რომლითაც მოპასუხე დაინიშნა დემი შეფ დე პარტიე 2-ის პოზიციაზე.
ხელშეკრულების 2.1. პუნქტის თანახმად, დასაქმებულის თანამდებობრივი სარგო განისაზღვრა თვეში დასაბეგრი 937.50 ლარით.
ხელშეკრულების 9.1. მუხლით დასაქმებული წინამდებარე ხელშეკრულების 1.1. პუნქტით აღნიშნულ პოზიციაზე/თანამდებობაზე დაინიშნა 1 (ერთი) წლის ვადით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
შრომითი ხელშეკრულების ასლი ს. ფ. 20-24.
მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში.
მხარეები სადავოდ არ ხდიან.
3.1.3. მოპასუხის მიერ დაკავებული თანამდებობის დემი შეფ დე პარტიე 2-ის სამუშაოს აღწერილობაში შედიოდა შემდეგი მოვალეობები:
მოამზადოს საკვები პროფესიონალურ სამზარეულოში. მოახდინოს, შეინარჩუნოს და უზრუნველყოს სამზარეულოში მაღალი დონის სერვისით მოქმედება, რათა გაზარდოს და გადააჭარბოს სტუმართა მოლოდინი, მოამზადოს საკვები სასტუმროს სტანდარტებისა და აღმასრულებელი შეფ-მზარეულის დირექტივების მიხედვით.
შეასრულოს და დაიცვას კომპანიის მიერ დადგენილ ყველა სტანდარტი და პროცედურა ჯანმრთელობის, უსაფრთხოების და ჰიგიენური სტანდარტების მიხედვით, რაშიც შედის სამუშაო ადგილის სისუფთავის უზრუნველყოფაც.
შეამოწმოს და გააკონტროლოს თითოეული კერძის ხარისხი, რაოდენობა, პრეზენტაბელურობა და სწორი ტემპერატურა სამზარეულოდან გატანამდე.
დაესწროს და მიიღოს მონაწილეობა სემინარებსა და კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებში სამსახურის ინტერესებიდან გამომდინარე;
პასუხისმგებლობით მოეკიდოს კომპანიის შინაგანაწესს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
სამუშაოს აღწერილობის ასლი ს. ფ. 25-26.
მხარეები სადავოდ არ ხდიან.
3.1.4. 01.04.2018 წელს მოპასუხე ა------------------- დაწინაურდა და დაინიშნა უმცროსი სუ შეფის პოზიციაზე. მოპასუხესთან დაიდო ახალი შრომითი ხელშეკრულება, რომლითაც მოპასუხის ყოველთვიური ხელფასი განისაზღვრა დასაბეგრი 1625 ლარით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
01.04.2018 წლის ხელშეკრულების ასლი ს. ფ. 27-30.
მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომაზე.
მხარეები სადავოდ არ ხდიან.
3.1.5. უმცროსი სუ შეფის სამუშაოს აღწერილობის თანახმად, მოპასუხის მოვალეობები განისაზღვრა შემდეგნაირად:
დახმარება გაუწიოს სამზარეულოს ყოველდღიურ საქმიანობაში, პროდუქტიულად მართოს მის დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლები და აკონტროლოს სამზარეულოში წარმოებული საკვებისა და კერძების მაღალი ხარისხი და პრეზენტაბელურობა;
მიიღოს მონაწილეობა და საჭიროებისამებრ შეადგინოს სამუშაო გრაფიკის და დასწრების ცხრილები;
აწარმოოს საჭირო პროდუქციის შეძენის ხარჯთაღრიცხვა, მოამზადოს და დაატრენინგოს მის დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლები, სტუარდინგის დეპარტამენტის თანამშრომლების ჩათვლით მაქსიმალური დანაზოგის გაკეთების მიზნით;
ყურადღება მიქციოს და აკონტროლოს, რომ სამზარეულოს თითოეული თანამშრომელი იცავს კომპანიის მიერ გათვალისწინებულ ჩაცმის სტანდარტს და ჰიგიენურ ნორმებს.
უნდა უზრუნველყოს ჯანსაღი კომუნიკაცია სამზარეულოს დეპარტამენტში, მოახდინოს რეაგირება და გაითვალისწინოს თანამშრომელთა მიერ გაკეთებული შენიშვნები და რჩევები;
დაამყაროს და შეინარჩუნოს კარგი ურთიერთობა სასმელებისა და კვების დეპარტამენტის მენეჯმენტთან და ასევე სასტუმროს ყველა თანამშრომელთან;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
სამუშაო აღწერილობის ასლი ს. ფ. 31-32.
მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომაზე.
მხარეები სადავოდ არ ხდიან.
3.1.6. შ-- ს------–------ს (შემდგომში ლიცენზიანტს) და A-------- E--- S------- L--------ს (შემდგომში ლიცენზიარს) შორის დაიდო ლიცენზიის ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც, ლიცენზიარი აღნიშნული ხელშეკრულებით ნებართვას ანიჭებს ლიცენზიანტს, რომელიც ორივე მხარის მიერ შეთანხმებული წესებისა და პირობების გათვალისწინებით, იღებს ა------------- რესტორნის ,,ნ----------------“ დაკავშირებული ინდუსტრიული საკუთრების ექსკლუზიური უფლების გამოყენების უფლებას, შემდეგი კონცეფციით და ასევე იღებს უფლებას გამოიყენოს და მოახდინოს სასაქონლო ნიშნისა და სახელის რეპროდუცირება წინასწარ განსაზღვრულ რესტორანზე.
ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ ლიცენზიანტმა უნდა გადაუხადოს ლიცენზიარს შემდეგი საფასური და ხარჯები ლიცენზორის მიერ აღნიშნული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ზუსტი და დროული შესრულების შემთხვევაში და ასევე იმ შემთხვევაში, თუკი ლიცენზიარის მხრიდან ადგილი არ ექნება არასწორი ფაქტების წარდგენას.
ხელშეკრულების თანახმად, ლიცენზიარი იღებს ვალდებულებას განახორციელოს მთავარი შეფ-მზარეულის, სოუსების შეფ-მზარეულის და საკონდიტროს შეფ-მზარეულის დაკომპლექტება და 1 წლამდე ვადით ა------------ში ტრენინგი;
მთავარი ღვინის სპეციალისტის და ფრონტის მენეჯერის ტრენინგი;
აზურმენდში 3 თვის ვადამდე შ-- ს------–-------ს 12 სუ შეფ-მზარეულის ტრენინგი (მგზავრობისა და განთავსების ყველა ხარჯი გაღებულ იქნება შ-- ს------–-------ს მიერ);
აღნიშნული ტრენინგი შესაძლოა ჩატარდეს ასევე გახსნის შემდგომაც, იმდენ ნაწილად, რამდენიც საჭიროა საქმიანობის უმაღლესი სტანდარტების შესაქმნელად და შესანარჩუნებლად.
ხელშეკრულების თანახმად, გახსნის შემდგომი ფიქსირებული ხარჯებია:
გახსნის შემდეგ პირველი თვიდან, პირველი 3 წლის განმავლობაში, რაც მოიცავს: 15 000 ევრო ყოველთვიურად.
3 წლის შემდეგ ხელშეკრულების დასრულებამდე გახსნის შემდგომი მხარდაჭერის საფასური და ფიქსირებული ანაზღაურება 12500 ევრო ყოველ კალენდარულ თვეში.
ხარჯები.
წინასწარი თანხმობის საფუძველზე, შ-- ს------–------- დაფარავს ყველა ხარჯებს, რომლებიც უკავშირდება ლიცენზიის ხელშეკრულებას.
ხელშეკრულების თანახმად ლიცენზიარის ვალდებულებებში შედის:
უზრუნველყოს რჩევა და დახმარების გაწევა სამზარეულოს დიზაინთან დაკავშირებით, განსაკუთრებით სწორ სამუშაო პროცესთან მიმართებით;
ურჩიოს სამზარეულოს დაგეგმარებასა და აღჭურვილობის მოთხოვნებზე.
ლიცენზიანტის მსგავს პოზიციაზე ანაზღაურების სტანდარტის გათვალისწინებით, ლიცენზიანტს დასაქმების მიზნით ურჩიოს მთავარი შეფ-მზარეული და სხვა სპეციალისტი შეფ-მზარეულები, რომლებსაც აქვს სათანადო უნარ-ჩვევები წარუძღვნენ სამზარეულოს არა ნაკლებ იმ სტანდარტის შესაბამისად, რომელიც დამკვიდრებულია იმ რესტორნებში, რომლებსაც უძღვება ლიცენზიარი.
დახმარება გაუწიოს ისეთი პერსონალის მოძიებასა და ტრენინგში, რომლებიც აუცილებელია რათა რესტორანმა იფუნქციონიროს იმ სტანდარტის, რომელიც არის ექვივალენტური ან სულ მცირე მსგავსი ლიცენზიარის დაწესებულებებში არსებული სტანდარტის, მათ შორის ,,ფრონტის“ პერსონალის ჩათვლით;
ძირითადი პერსონალისათვის უზრუნველყოს ადგილობრივი ტრენინგების ჩატარება ბილბაოში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
ლიცენზიის ხელშკრულების ასლი ს.ფ. 42-52.
მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომაზე.
მხარეები სადავოდ არ ხდიან.
3.1.7. ლიცენზიის ხელშეკრულების ფარგლებში შ-- ს------–-------ს მიერ E--- S------- L--------სთვის 21.04.2017 წლიდან - 07.06.2017 წლამდე პერიოდში გადარიცხულ იქნა 3000 ევრო, 3000 ევრო, 1500 ევრო და 1500 ევრო. საერთო ჯამში გადარიცხულ იქნა 9000 ევრო კონკრეტული დანიშნულების მითითების გარეშე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
06.06.2019 წლის ცნობის ასლი ს. ფ. 53.
მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომაზე.
მხარეები სადავოდ არ ხდიან.
3.1.8. ა-------------------ს და შ-- ს------–------ს შორის დაიდო დანართი შრომით ხელშეკრულებაზე (ტრეინინგთან დაკავშირებით), რომელშიც აღნიშნულია, რომ შ-- ს------–-------ს გადაწყვეტილების საფუძველზე 2017 წლის 5 აპრილიდან 16 ივნისის ჩათვლით სასმელების და კვების დეპარტამენტის თანამშრომელი ა-------------------ა გაგზავნილ იქნება ესპანეთში, ქალაქ ბილბაოში კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსზე.
შ-- ს------–------- იღებს ვალდებულებას აანაზღაუროს თანამშრომლის ყველა ხარჯი - ტრანსპორტირების, კვების, საცხოვრებლის და კურსის ღირებულების. სრული ხარჯი შეადგენს 10 000 ევროს. თანამშრომელი ა-------------------ა წინამდებარე დანართზე ხელმოწერით იღებს ვალდებულებას კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსის გავლის შემდეგ 3 წლის განმავლობაში არ შეწყვიტოს შ-- ს------–-------სთან დადებული შრომითი ხელშეკრულება. თანამშრომლის მიერ კონტრაქტის ვადაზე ადრე შეწყვეტის ან თანამშრომლის მიერ დისციპლინარული გადაცდომის გამო კომპანიის გამო კომპანიის მიერ ვადაზე ადრე ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, იგი ვალდებული იქნება დაუბრუნოს კომპანიას მისი კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსისთვის გაწეული სრული დანახარჯი 10000 ევროს ოდენობით, რომელიც თანამშრომლის მიერ კომპანიისთვის გადახდილ უნდა იქნეს ხელშეკრულების შეწყვეტიდან არანაკლებ 5 სამუშაო დღის ვადაში.
ზემოაღნიშნულ შეთანხმებას ხელს აწერს შ-- ს------–-------ს მხრიდან მენეჯერი ლევან ბერულავა, რომელსაც შ-- ს------–-------ს დირექტორის მიერ მინიჭებული ჰქონდა აღნიშნულ დოკუმენტზე ხელმოწერის უფლება ასევე დასაქმებული ა-------------------.
შრომის ხელშეკრულების დანართი დათარიღებული არ არის. მხარეთ განმარტებით იგი დაიდო დასაქმებული ესპანეთში განმგზავრებამდე პერიოდში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
შრომით ხელშეკრულებაზე დანართის ასლი ს. ფ. 62.
01.01.2015 წლის ბრძანების ასლი. ს.ფ. 179.
მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომაზე.
მხარეები სადავოდ არ ხდიან.
3.1.9. მხარეთა შორის დადებულ არცერთი შრომითი ხელშეკრულება არ შეიცავს დამატებით შეთანხმებას მივლინების ან ტრეინენიგების შესახებ ხარჯების ანაზღაურებასთან დაკავშირებით, გარდა შრომის ხელშეკრულების უთარიღო დანართისა.
მხარეებმა სასამართლოში არ წარმოადგინეს მოპასუხის შინაგანაწესი, სადაც ამ საკითხთნ დაკავშირებით რეგულაციების შეიძლება ყოფილიყო, რის გამოც დავის გადაწყვეტისათვის გამოყენებულ უნდა იქნეს საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილი რეგულაციები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომაზე.
მხარეები სადავოდ არ ხდიან.
3.1.10. მოპასუხე კვალიფიკაციის ამაღლებისა და პრაქტიკული ტრენინგების გავლის მიზნით, 3 თვით 2017 წლის 05 აპრილიდან - 2017 წლის 16 ივნისის ჩათვლით გაიგზავნა ესპანეთში, ქალაქ ბილბაოში, ა------------- რესტორანში, მზარეულის ხელოვნების უკეთ შესასწავლად და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით.
მოპასუხის ახსნა - განმარტებით მის ბარსელონაში ყოფნის პერიოდში კიდევ სამის მოსარჩელის თანამშრომელი გადიოდა ტრეინინგებს, მოსარჩელე მხარე მოპასუხის გარდა მხოლოდ მასთან დასაქმებულის ერთი პირის ყოფნას ადასტურებს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომაზე.
მხარეები სადავოდ არ ხდიან.
3.1.11. ესპანეთში კვალიფიკაციის ასამაღლებლად გამგზავრება დასაქმებულებისათვის არ იყო სავალდებულო, კომპანიაში დასაქმებულმა ერთ-ერთმა პირმა უარი განაცხადა გამგზავრებაზე, თუმცა მასთან არსებულ შრომით ხელშეკრულებაზე აღნიშნულს გავლენა არ მოუხდენია. იგი ისევ დასაქმებულია შ-- ს------–------ში და მოხდა მისი დაწინაურება. მოწმის ჩვენებით მოპასუხეს მისი თხოვნით მიეცა დამატებითი ვადა რათა შესაბამისობაში მოეყვანა თავისი კვალიფიკაცია რაც მოეთხოვებოდა ესპანეთში კვალიფიკაციის ასამაღლებლად გასამგზავრებელ პირს და ამ მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ მოხდა მასთან შრომის ხელშეკრულების დანართის დადება და კვალიფიკაციის ასამაღლებლად გაგზავნა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
13.08.2019 წლის აქტი ფაქტის დეკლარირების თაობაზე ს.ფ. 180.
მოწმეთა ჩვენება სხდომაზე.
მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომაზე.
მხარეები სადავოდ არ ხდიან.
3.1.12. მოპასუხის ესპანეთში ყოფნის პერიოდში შ-- ს------–-------ს მიერ ა-------------------სთვის გადარიცხულ იქნა 11.04.2017 წელს 1048 ლარი (400 ევრო) დანიშნულება: „სამივლინებო“, ხელფასის სახით: 28.04.2017 წელს - 1050 ლარი, 31.05.2017 წელს - 1050 ლარი, 30.06.2017 წელს - 1050 ლარი და ასევე გადახდილ იქნა 30.03.2017 წელს თვითმფრინავით ორმხრივი მგზავრობის საფასურის სახით 992 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
საგადახდო დავალებების ასლები ს. ფ. 54-57.
ინვოისი ს. ფ. 59-61
მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომაზე.
მხარეები სადავოდ არ ხდიან.
3.1.13. 26.03.2019 წელს მოპასუხე ა-------------------მ განცხადებით მიმართა დამსაქმებელს და მოითხოვა მხარეთა შორის დადებული შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა 2019 წლის 10 აპრილიდან, რაც 10.04.2019 წლის ბრძანებით დაკმაყოფილდა და ა-------------------ს შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება 10.04.2019 წლიდან. მოპასუხემ მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობა შეწყვიტის შემდეგ დასაქმდა მოპასუხის კონკურენტ კომპანიაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
26.03.2019 წლის განცხადების ასლი ს. ფ. 63.
10.04.2019 წლის ბრძანების ასლი ს. ფ. 64.
მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომაზე.
მხარეები სადავოდ არ ხდიან.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მხარეთა შორის დადებული შეთანხმებით დანართი შრომით ხელშეკრულებაზე (ტრენინგთან დაკავშირებით) მხარეთა მიერ გამოვლენილი ნება ნამდვილია.
სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოში სამოქალაქო საქმეებზე სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპების დაცვით, რაც ასახვას ჰპოვებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3-4-ე და 102.1 მუხლებში, რომელთა მიხედვითაც მოსარჩელე განსაზღვრავს თუ სარჩელში მითითებული სასარჩელო მოთხოვნა რომელ ფაქტობრივ გარემოებაზე დაამყაროს, ხოლო მხარეებს ევალებათ დაამტკიცონ სარჩელში და შესაგებელში მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
მოცემულ შემთხვევაში შეგებებული სარჩელის ავტორი უთითებს, რომ შეგებებული სარჩელით მოპასუხემ იგი შეარჩია ესპანეთში პროფესიული კურსის გასავლელად. დამსაქმებელმა დასაქმებულს განუმარტა, რომ სასწრაფოდ ხელი უნდა მოეწერა დოკუმენტზე რომელიც მისი ესპანეთში ყოფნის გამო სამსახურში გამოუცხადებლობას ეხებოდა. მას არ ჰქონდა შესაძლებლობა გაცნობოდა დოკუმენტის შინაარსს, მას არ გადასცეს მის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტის ასლები, შეთანმებით მოპასუხე დაავალდებულეს ყოფილიყო იძულებით შრომით ურთიერთობებში ტრეინინგების დასრულებიდან 3 წლის განმავლობაში მოსარჩელესთან, რის გამოც მიიჩნევს, რომ შეთანხმება ბათილია.
საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში განმარტავს, რომ: „შრომით სამართლებრივი ურთიერთობა ეფუძნება მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეულ შეთანხმებას (იხ., სშკ-ის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი), ხოლო შრომითი ურთიერთობისას მხარეებმა უნდა დაიცვან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები (იხ., სშკ-ის მე-2 მუხლის მე-6 პუნქტი). შრომითი ურთიერთობებისადმი წმინდა სახელშეკრულებო მიდგომის გამოყენება არ არის მიზანშეწონილი, რადგან კლასიკურად ასეთი ურთიერთობა მოიცავს მის მონაწილეთა შეთანხმებას თანაბარ საწყისებზე, მაშინ, როდესაც შრომით ურთიერთობაში ერთი პირი ნებაყოფლობით თანხმდება მეორის დაქვემდებარებაში ყოფნას“ (იხ. სუსგ Nას-98-94-2016, 26.07.2016წ.; სუსგ №ას-368-2019, 31 ივლისი, 2019წ. პ.16). ამასთან, შრომითსამართლებრივ დავებში მნიშვნელოვანია გამოირიცხოს დამსაქმებლის მიერ საკუთარი უფლების ბოროტად გამოყენება. „საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. სასამართლოს უპირველესი ფუნქციაც სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაა. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენების მართლზომიერების საკითხს, რის საფუძველზეც აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. უფლების გამოყენების მართლზომიერების შესაფასებლად კი, აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელი გარემოებების მართლზომიერების საკითხის შესწავლა.
სასამართლო ვერ გაიზიარებს შეგებებული სარჩელით მოსარჩელის პოზიციას, რომ შეთანხმება, რომელიც მხარეებს შორის დაიდო და რაც შეგებებული სარჩელით მოსარჩელეს სადავოდ მიაჩნია ბათილ გარიგებას წარმოადგენს, ვინაიდან აღნიშნული შეთანხმების ანალიზი არ იძლევა იმის თქმის შესაძლებლობას, რომ მხარეთა შორის ამ შეთანხმებით მართლსაწინააღმდეგო იძულებით შრომას ჰქონდა ან ექნებოდა ადგილი რის გამოც ბათილად უნდა იქნეს ცნობილი, ვინაიდან შეგებებული სარჩელით მოსარჩელე ტრეინინგების და მისი დასრულების და დაწინაურების პირობებშიც შრომითი ურთიერთობის მთელს პერიოდში იღებდა მხარეთა შორის შეთანხმებულ ხელფასს, შესაბამისად ადგილი არ ქონდა იძულებით ან მონურ შრომას აღსანიშნავია, რომ შრომითი ურთიერთობის დროს დასაქმებული მისი ნების შესაბამისად იმყოფება დამსაქმებლის დაქვემდებარებაში, ხოლო რაც შეეხება დამატებით შეთანხმებას იგი პირდაპირ არ კრძალვას შრომითი ურთიერთობის დასაქმებულის ინიციატივით შეწყვეტის შესაძლებლობას, არამედ განსაზღვრავს მხარეთა მიერ შეთანხმებულ შეზღუდულ ვადაში რაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში ტრეინინგების გავლის (კავლიფიკაციის ამაღლების) დასრულებიდან 3 წელს მოიცავს დასაქმებულის ინიციატვით ან ბრალით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შემთხვევაში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლის კვალიფიკაციის ამაღლებისათვის გაწეული დანახარჯების ანაზღაურებას. აღნიშნულს ის ფაქტობრივი გარემოებაც ადასტურებს, რომ მხარეთა მიერ შეზღუდვის ვადის გასვლამდე დასაქმებულის მიერ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ გამოვლენილ ნებაზე დამსაქმებელმა თანხმობა გამოხატა მხარეებს შორის შეწყდა შრომითი ურთიერთობა და მოპასუხე დასაქმდა სხვა მოსარჩელის კონკურენტთან ამდენად, შრომით ურთიერთობაში თვითონ დასაქმებულის დაქვემდებარებული მდგომარეობა კანონიდან გამომდინარეობს და არ შეიძლება ითქვას, რომ რადგან შრომით ხელშეკრულებით და მის დანართით დაქვემდებარებაში იმყოფება პირი ან/და მხარეთა შეთანმებით გათვალისიწინებული შრომითი ურთიერთობის გარკვეულ ვადის განმავლობაში შეწყვეტისას კვალიფიკაციის ამაღლებისათვის გათვალისწინებული ფინანსური დანახარჯების ანაზღაურების მოთხოვნისას იძულებით შრომას აქვს ადგილი.
რაც შეეხება იმ საკითხს, რომ თვითონ შეთანხმებას თარიღი არ აქვს, აღნიშნული ვერ გახდება გარიგების ბათილად ცნობის საფუძველი, ვინაიდან მხარეთა ახსნა -განმარტებით იგი მოპასუხის ესპანეთში გამგზავრებამდე დაიდო.
სასამართლო კვლავ დაუბრუნდება შეთანხმების შინაარსს, რომლის თანახმადაც, ,,თანამშრომელი ა-------------------ა წინამდებარე დანართზე ხელმოწერით იღებს ვალდებულებას კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსის გავლის შემდეგ 3 წლის განმავლობაში არ შეწყვიტოს შ-- ს------–-------სთან დადებული შრომითი ხელშეკრულება. თანამშრომლის მიერ კონტრაქტის ვადაზე ადრე შეწყვეტის ან თანამშრომლის მიერ დისციპლინარული გადაცდომის გამო კომპანიის გამო კომპანიის მიერ ვადაზე ადრე ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, იგი ვალდებული იქნება დაუბრუნოს კომპანიას მისი კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსისთვის გაწეული სრული დანახარჯი 10000 ევროს ოდენობით, რომელიც თანამშრომლის მიერ კომპანიისთვის გადახდილ უნდა იქნეს ხელშეკრულების შეწყვეტიდან არანაკლებ 5 სამუშაო დღის ვადაში“.
მოცემული დანაწესის თანახმად ცხადია, რომ დასაქმებულს ეკისრება გაწეული ხარჯების უკან დაბრუნების და არა ხარჯების ანაზღაურების ვალდებულება, შესაბამისად სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული შეთანხმება არ არის მართლსაწინააღმდეგო. შეგებებული სარჩელით მოსარჩელემ ვერ დაადასტურა მის მიმართ რაიმე სახის ზეწოლის ან იძულების ფაქტი, იმის გათვალისიწინებით, რომ სასამართლოს მიერ დადგინდა, რომ კვალიფიკაციის ამაღლება სავალდებულო არ იყო და საზღვარგარეთ გამგზავრებაზე უარი ნეგატიურად შრომითი ურთიერთობაზე არ აისახებოდა. რაც შეეხება შეთანხმების შინაარსის წაუკითხაობას/გაუცნობლობას და მასზე ხელმოწერას სასამართლო განმარტავს, რომ ამ შემთხვევაში სასამართლო იყენებს საშუალო განათლების გონიერი ადამიანის (მომხმარებლის) კრიტერიუმს, რომელიც შინაარსის გაცნობის გარეშე წერილობით დოკუმენტის ხელმოწერით არ დაადასტურებს ამდენად სასამართლოს მიაჩნია, რომ შეგებებული სარჩელით მოსარჩელე აკმაყოფილებს აღნიშნულ კრიტერიუმს რის გამოც შეთანხმება აღნიშნული საფუძვლით ვერ იქნება მიჩნეული ბათილ გარიგებად.
3.2.2. შ-- ს------–-------ს მიერ 9000 ევროს გადახდა ა-------------------ს კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით არ მომხდარა.
სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოში სამოქალაქო საქმეებზე სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპების დაცვით, რაც ასახვას ჰპოვებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3-4-ე და 102.1 მუხლებში, რომელთა მიხედვითაც მოსარჩელე განსაზღვრავს თუ სარჩელში მითითებული სასარჩელო მოთხოვნა რომელ ფაქტობრივ გარემოებაზე დაამყაროს, ხოლო მხარეებს ევალებათ დაამტკიცონ სარჩელში და შესაგებელში მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
მტკიცებულებათა კვლევის ეტაპზე სასამართლოს უპირველესი ვალი მტკიცებულებათა იურიდიული ძალის, მათი სანდოობის განსაზღვრა, ღირებულებითი ძალის დადგენაა, რომელიც მათი შინაარსობრივი კვლევის შედეგად უნდა განხორციელდეს. სწორედ ამ კრიტერიუმით გამორჩეული თანაბარი ძალის მქონე მტკიცებულებების ინდივიდუალურად და ერთობლიობაში შეფასებით ექმნება სასამართლოს შინაგანი რწმენა მტკიცების საგანში შემავალი გარემოების არსებობა-არარსებობის შესახებ (სსკ-ს 105.3 მუხლი).
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარე, სარჩელში და ახსნა-განმარტებისას უთითებს, რომ მის მიერ განხორციელდა თანხის საერთო ჯამში 9000 ევროს ოდენობით გადარიცხვა ესპანეთში რესტორნისათვის. სადავო არ არის ის გარემოება, რომ აღნიშნული თანხის გადარიცხვა მართლაც მოხდა. ასევე სადავო არ არის და საქმის მასალებით დადგენილია, რომ კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით ა-------------------სთან ერთად ესპანეთში გაემგზავრა/იმყოფებოდა შ-- ს------–-------ს მინიმუმ ერთი სხვა თანამშრომელიც, თუმცა აღნიშნული თანხა ვის სასარგებლოდ იქნა გადახდილი ან კვალიფიკაციის ამაღლებისათვის რომ იქნა გადახდილი საქმის მასალებით არ დგინდება, რაც შ-- ს------–-------ს მტკიცების სფეროში შემავალ ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ შ-- ს------–------მა ვერ დაადასტურა 9000 ევროს ოდენობით თანხის ა-------------------ს სასარგებლოდ გადარიცხვის დანახარჯის გაწევის ფაქტობრივი გარემოება.
3.2.3. მოპასუხე ა-------------------სთვის ესპანეთში ყოფნის პერიოდში შ-- ს------–-------ს მიერ ხელფასის სახით გადახდილი თანხები უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება.
მოცემულ შემთხვევაში უდავო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს, რომ შ-- ს------–-------ს მიერ ა-------------------ს ანგარიშზე ხელფასის სახით სამჯერ იქნა ჩარიცხული 1050 ლარი. აღნიშნული თანხა მართალია აღემატება ა-------------------ს კვალიფიკაციის ასამაღლებლად გამგზავრებამდე არსებული ხელფასის ოდენობას, თუმცა სასამართლოს მიაჩნია, რომ ა-------------------ს არ ხელფასის თანხის და არც სხვაობის დაბრუნების ვალდებულება ეკისრება დამსაქმებლისათვის, ვინაიდან დამსაქმებლის მიერ თავად იქნა აღნიშნული თანხა ხელფასის სახით განსაზღვრული და მისი დაბრუნება ვერ იქნება მიჩნეული მართლზომიერ ქმედებად უსაფუძვლო გამდიდრების ნორმებზე დაყრდნობითაც კი ვინაიდან მხარეები ამ პერიოდში იმყოფებოდნენ შრომით ურთიერთობაში. ამასთან იმ პირობებში, როდესაც მხარეთა შეთანხმება ტრენინგთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ მიჩნეულ იქნა მართლზომიერად, ხოლო აღნიშნულ შეთანხმებაში საუბარი იყო გაღებული ხარჯების დაბრუნებაზე, ასევე საქმის მასალების უდავოდ დადგენილია, რომ დასაქმებულმა ვადაზე ადრე შეწყვიტა შრომითი ურთიერთობა დამსაქმებელთან, დასაქმებულს უნდა დაევალოს არა ხელფასის სახით დამსაქმებლის მიერ ჩარიცხული თანხების დაბრუნების, არამედ კვალიფიკაციის ასამაღლებლად გადახდილი თანხების - სამივლინებო ხარჯისა და მგზავრობის საფასური დაბრუნება.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.
სასამართლო, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეების ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, მიიჩნევს, რომ ძირითადი სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო შეგებებული სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია.
სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია.
საქართველოს კონსტიტუცია.
საქართველოს ორგანული კანონის - საქართველოს შრომის კოდექსი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) 1982 წლის N158 კონვენცია „შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ“; 1982 წლის N166 რეკომენდაცია შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ (Termination of employment recomandation).
6. სამართლებრივი შეფასება
თავდაპირველ სარჩელთან დაკავშირებით
სასამართლო უპირველესად ხელმძღვანელობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსაზრებით, რომ თუ კი „ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი სასამართლოს ავალდებულებს დაასაბუთონ თავიანთი გადაწყვეტილებანი, ეს არ შეიძლება გაგებულ იქნეს თითოეულ არგუმენტზე პასუხის გაცემის მოთხოვნად“ (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ).
სასამართლოს ასევე მიაჩნია, რომ აღნიშნული საკითხი განხილულ უნდა იქნეს როგორც საერთაშორისო, ასევე ეროვნული სამართლის წყაროებთან შესაბამისობის კუთხით და შეფასდეს ყოვლისმომცველად.
სამართლებრივი სახელმწიფოს თანამედროვე განვითარების ეტაპი მნიშვნელოვანწილად გამოწვეულია იმ ფუძემდებლური, საერთაშორისო ხასიათის მქონე რეგულაციების შექმნით, როგორებიცაა ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, საერთაშორისო პაქტი სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებების შესახებ და სხვა. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით (რომელსაც ზოგიერთ შემთხვევაში თანამედროვე - ცივილიზებული სამყაროს ქცევის ზოგად კოდექსსაც უწოდებენ), განსაზღვრულია რა ადამიანის უფლებათა ძირითადი პოსტულატები, ასევე რეგულირებული და დაცულია თანამედროვე კაცობრიობის არსებობისა და ყოფის უმნიშვნელოვანესი ელემენტი - შრომის უფლება. ამ საერთაშორისო დოკუმენტის 23-ე მუხლი ადგენს, რომ ყოველ ადამიანს აქვს შრომის, სამუშაოს თავისუფალი არჩევის, შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობებისა და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება; ამავე მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება იღებდეს სამართლიანსა და დამაკმაყოფილებელ გასამრჯელოს.
სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-6 მუხლის შესაბამისად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფონი (რომელსაც უცილობლად წარმოადგენს საქართველო), აღიარებენ შრომის უფლებას, რომელიც შეიცავს თითოეული ადამიანის უფლებას საარსებო სახსრები მოიპოვოს საკუთარი შრომით. ამავე საერთაშორისო სამართლის წყაროს მე-7 მუხლი ადგენს, რომ მონაწილე სახელმწიფონი აღიარებენ თითოეულის უფლებას ჰქონდეს შრომის სამართლიანი და ხელშემწყობის პირობები, მათ შორის ანაზღაურება სამართლიანი ხელფასის სახით და სხვა.
საერთაშორისო სამართლის ე.წ. რეგიონალური მნიშვნელობის - კერძოდ ევროპის საბჭოს ფარგლებში მოქმედ უმნიშვნელოვანეს წყაროს, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით, "საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ" საქართველოს კანონისა და "ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად საქართველოში პირდაპირი მოქმედებს, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია წარმოადგენს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, საქმეში - LOIZIDOU vs. TURKEY აღნიშნული კონვენცია დაახასიათა „ევროპული საჯარო წესრიგის კონსტიტუციურ დოკუმენტად“.
აღნიშნული დოკუმენტის მე-4 მუხლი შეიცავს რეგულაციას, რომელიც კრძალავს იძულებით შრომას. კონვენციის ამ რეგულაციის (ისევე, როგორც ძირითადი უფლებების დამდგენი სხვა რეგულაციების) ავთენტურ და ავტორიტეტულ განმარტებას იძლევა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი. სწორედ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები და კონვენციის ნორმათა შეფასებები იძლევა ამ ზოგადი შინაარსის და ხშირ შემთხვევაში კონკრეტიკას მოკლებული (გარკვეულწილად არათვითშესრულებადი) სამართლებრივი დეფინიციების სწორად აღქმის, გააზრებისა და შემდგომ შეფარდების შესაძლებლობას. ვინაიდან, კონვენციაში ჩამოყალიბებული მრავალი ნორმა ძალზე ზოგადად არის ფორმულირებული, ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის გაანალიზების გარეშე რთულია კონვენციის დებულებათა სწორად განმარტება და გამოყენება. აქედან გამომდინარე, ევროსასამართლოს პრეცედენტული სამართალი ეროვნული სასამართლოს მიერ, როგორც მინიმუმ აღქმულ უნდა იქნეს სამართლის შემეცნების წყაროდ (თუ უშუალოდ სამართლის წყაროდ არა). აღნიშნულის ვალდებულება (პრეცედენტული სამართლის გამოყენების ვალდებულება) გამომდინარეობს როგორც უშუალოდ კონვენციიდან, ასევე ეროვნული (ქართული) კანონმდებლობის რიგი სამართლებრივი აქტებიდან (მაგ: "საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს კანონი, "სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ" საქართველოს კანონი).
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით (CASE OF SILIADIN V. FRANCE), კონვენციის მონაწილე სახელმწიფო, ვალდებულია უზრუნველყოს ისეთი სამართლებრივი მოცემულობა, რომელშიც გარანტირებული იქნება ეფექტური დაცვა დასაქმებულისათვის გაწეული სამუშაოს შესაბამისი შრომის ანაზღაურებისა. მნიშვნელოვანია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, შრომის უფლების გარკვეულ გამოვლინებებს, გარკვეულწილად აქცევს კონვენციის მე-8 მუხლის (პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება) მოქმედების სფეროში. საქმეში - I.B. v. GREECE, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა შემდეგი: „სასამართლო კვლავ განმარტავს, რომ „პირადი ცხოვრების“ ცნება ფართო კონცეფციაა და არ ექვემდებარება ამომწურავ განმარტებას; ის მოიცავს ადამიანის ფიზიკურ და მორალურ ხელშეუხებლობას და ასევე ხშირად მოიცავს ადამიანის ფიზიკური და სოციალური იდენტობის ასპექტებს“; ასევე დაიცვა ევროპულმა სასამართლომ შრომითი უფლებანი საქმეებში - OBST v. GERMANY; SCHUTH v. GERMANY;
საქმეში - IVANOVA v. BULGARIA, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ განმცხადებელი (ქალბატონი ივანოვა), გარკვეული იურიდიული ტექნიკის გამოყენებით, სხვადასხვა შეხედულებების გამო გაათავისუფლეს სამსახურიდან; გარკვეული ტექნიკის გამოყენება უკავშირდებოდა იმ გარემოებას, რომ დამსაქმებელმა, შეგნებულად და სავსებით თვალთმაქცურად შეცვალა სამსახურებრივი საკვალიფიკაციო მოთხოვნები, რომელსაც ფორმალურად დასაქმებული ივანოვა ვეღარ აკმაყოფილებდა; თუმცა, რეალური დათხოვნის მიზეზი სავსებით სხვა საკითხი გახლდათ. გასაგებია, რომ ამ მსჯელობას პირდაპირი კავშირი იგივეობა განსახილველ საქმესთან არ აქვს, მაგრამ ის გვაჩვენებს იმ სტანდარტს, რომლითაც სხვა უფლებათა ჭრილში, ასევე დაცულია შრომის უფლება. ასევე, საქმეში BAKA v. HUNGARY, სასამართლომ არ შეიწყნარა მოსამართლის სამსახურიდან დათხოვნა, რამეთუ ფორმალური ხასიათის მქონე რეორგანიზაციით, შეიფუთა რეალური მიზეზი შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისა.
სასამართლო აქვე მოიხსენიებს ევროპული სოციალური სფეროს მარეგულირებელ უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო ხასიათის დოკუმენტს - ევროპის სოციალურ ქარტიას, რომლის რიგი რეგულაციები (მუხლი 1, მუხლი 4, ) აწესებენ მონაწილე მხარეთა ვალდებულებას ეფექტურად დაიცვან მუშაკის მიერ ნებაყოფლობით არჩეული სამუშაოს შესარულების გზით ფულადი სახსრების გამომუშავების უფლება, ასევე აღიარონ მუშაკთა მიერ ისეთი ანაზღაურების მიღების უფლება, რომელიც უზრუნველყოფს ცხოვრების ღირსეულ დონეს;
სასამართლო აქვე განმარტავს, რომ არასრული იქნება შრომით სამართლებრივი ურთიერთობების მომწესრიგებელი საერთაშორისო სტანდარტების მიმოხილვა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციისა და მის ფარგლებში შემუშავებული სამართლის სხვადასხვა წყაროების მოხსენიების გარეშე;
1919 ვერსალის ხელშეკრულების საფუძველზე შექმნილია შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (ILO), რომლის ფარგლებშიც შემუშავებულია შრომითი უფლებების დაცვის საერთაშორისო სტანდარტები. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (შემდგომში - შსო) ფილადელფიის დეკლარაციით (1944 წ.), განმარტებულია დამოკიდებულება, რომელიც საქართველოს შემთხვევაშიც, ეროვნული კანონმდებლობის გამოყენებისას უნდა გაითვალისწინოს ეროვნულმა სასამართლომ, როდესაც ის შრომითსამართლებრივ ურთიერთობას შეაფასებს წმინდა ჰორიზონტალური - სამოქალაქოსამართლებრივი ურთიერთობის ჭრილში; აღნიშნული დეკლარაციით, საერთაშორისო საზოგადოებამ აღიარა, რომ „შრომა არ წარმოადგენს საქონელს“. მართლაც, შრომა არ ჰგავს საქონელს (უძრავ ან მოძრავ ნივთს), უსულო პროდუქტს, რომელზეც შესაძლებელია მოლაპარაკება მაქსიმალური მოგების ან მინიმალური ფასის მიღების მიზნით. შრომა, თითოეული ინდივიდის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია. მისი როლი არსებითია პიროვნების ღირსებისა და კეთილდღეობისათვის და ინდივიდის, როგორც ადამიანის ჩამოყალიბებისათვის. სწორედ ამ ჭრილში უნდა გავიგოთ ეკონომიკური განვითარების დადებითი ასპექტები; ერთი სიტყვით, ეკონომიკური განვითარება ხდება არა საკუთრივ განვითარებისათვის, არამედ ადამიანის ცხოვრების გაუმჯობესებისათვის.
თვითონ შსო-ს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრინციპს წარმოადგენს ის, რომ შეუძლებელია არსებობდეს გრძელვადიანი მშვიდობა სოციალური სამართლიანობის გარეშე („ჩვენ არ შეგვიძლია განვითარება სოციალური სამართლიანობის გარეშე და ასევე ადამიანური სტანდარტების მინიმალური დონის გარეშე“).
სასამართლო მოიშველიებს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 1949 წლის N95 კონვენციას „შრომის ანაზღაურების დაცვის შესახებ“ (protection of wages convention). აღნიშნული დოკუმენტის მე-6 მუხლი, უკრძალავს დამქირავებელს ნებისმიერი სახით შეზღუდოს თანამშრომელი მისი კუთვნილი შრომის ანაზღაურების თავისუფალ განკარგვაში. სასამართლოს აზრით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოსათვის მითითებული საერთაშორისო ხასიათის მქონე დოკუმენტი ძალაში არ არის (და შესაბამისად მისი გამოყენება სამართლის პირდაპირ წყაროდ ეროვნული სასამართლოს მიერ ვერ მოხდება), საკმაოდ საყურადღებოა მისი მოთხოვნები სამოსამართლო სამართლებრივი მოსაზრებების განმარტებისათვის. ასევე აღსანიშნავია, რომ საქართველოს შიდა კანონმდებლობა არსებითად არ ეწინააღმდეგება ამ კონვენციის შესაბამის რეგულაციებს.
სამართლის საერთაშორისო წყაროთა აღნიშნული ჩამონათვალი და მათი შესაბამისი ნორმები, სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას დაასკვნას, რომ საერთაშორისო სტანდარტი, რომლისკენაც სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელებით - მათ შორის ეროვნული კანონმდებლობის მოთხოვნათა სრულყოფის გზით უნდა იაროს თანამედროვე სამართლებრივმა სახელმწიფომ (სახელმწიფომ, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობის, ევროპის საბჭოსა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სრულყოფილი წევრია), მდგომარეობს ადამიანის შრომის უფლების განუხრელად დაცვაში. ამავე დროს, ადვილია გამოყო ადამიანის ამ უმნიშვნელოვანესი უფლების ერთ-ერთი პოსტულატი - შრომის ანაზღაურების მიღების უფლება; სასამართლოსათვის ცალსახაა, რომ შრომის უფლება ვერ იქნება სრულყოფილი „უფლება“, თუ გარანტირებული არ იქნება მუშაკის მიერ განხორცილებული სამუშაოს სანაცვლოდ სამართლიანი შედეგის მიღების საშუალება, რომელიც რათქმაუნდა ძირითადად გამოხატული უნდა იყოს ამ შრომის სამართლიანი და ადეკვატური ანაზღაურების არათუ მიღების, არამედ დროულად მიღების შესაძლებლობაში. საწინააღმდეგო შემთხვევაში, შრომის უფლება შესაძლოა გარკვეულწილად გარდაიქმნას ვალდებულებად და იძულებით ღონისძიებად, რაც ეჭვსგარეშეა წინააღმდეგობაში მოვა თანამედროვე კაცობრიობის მონაპოვართან - თავისუფალი და ლიბერალური საზოგადოების არსებობის პრინციპებთან.
სამართლის ეროვნული წყაროების მიმოხილვას სასამართლო რათქმა უნდა დაიწყებს საქართველოს კონსტიტუციით.
საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ შრომის თავისუფლება უზრუნველყოფილია, რაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ნიშნავს, რომ ადამიანს მინიჭებული აქვს უფლება თავად განკარგოს საკუთარი შესაძლებლობები შრომით საქმიანობაში და თავად აირჩიოს საქმიანობის სფერო (გადაწყვეტილება N2/4-24, 28.02.1997). შრომის თავისუფლებაში იგულისხმება სახელმწიფოს (მათ შორის რა თქმა უნდა სახელისუფლებო ძალაუფლების ერთ-ერთი შტოს - სასამართლო ხელისუფლების) ვალდებულება დაიცვას მოქალაქეთა შრომითი უფლებები (გადაწყვეტილება N2/2-389, 26.10.2007). საკონსტიტუციო სასამართლოს ამავე განმარტებით, დაცულია არა მარტო უფლება აირჩიო სამუშაო, არამედ ასევე უფლება განახორციელო, შეინარჩუნო და დათმო ეს სამუშაო. ჩვენი აზრით, გამორიცხულია იმსჯელო შრომის თავისუფლებაზე, ისეთ პირობებში როდესაც გარანტირებული არ იქნებოდა შრომის შესრულებისათვის შესაბამისი ანაზღაურების უფლება. ზედმეტია საუბარი თავისუფლებაზე, თუ ის გამყარებული არ იქნება მნიშვნელოვანი ეკონომიკური ბერკეტით - გასამრჯელოს მიღების უფლებით. საქართველოს კონსტიტუციის ზემოაღნიშნული ნორმა ადგენს, რომ შრომის ანაზღაურებისა და მასთან დაკავშირებული სხვა საკითხები განისაზღვრება ორგანული კანონით.
საქართველოს ორგანული კანონის - საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ. ორგანული კანონის 31-ე მუხლის შესაბამისად, შრომის ანაზღაურების ფორმა და ოდენობა განისაზღვრება შრომის ხელშეკრულებით.
საქართველოს შრომის კოდექსის მე-12 მუხლის თანახმად, მივლინება არის დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის სამუშაო ადგილის დროებით შეცვლა, სამუშაოს ინტერესებიდან გამომდინარე.
დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის მივლინებაში გაგზავნა არ მიიჩნევა შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობების შეცვლად, თუ მივლინების პერიოდი არ აღემატება წელიწადში 45 კალენდარულ დღეს. დამსაქმებლის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გადამეტების შემთხვევა მიიჩნევა შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობების შეცვლად.
დამსაქმებელი ვალდებულია სრულად აუნაზღაუროს დასაქმებულს მივლინებასთან დაკავშირებული ხარჯები.
ამ მუხლით გათვალისწინებული ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
ამავე კოდექსის 36.1 მუხლის თანახმად, შრომითი ურთიერთობის შეჩერება არის შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს დროებით შეუსრულებლობა, რომელიც არ იწვევს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შრომითი ურთიერთობის შეჩერების საფუძველია კვალიფიკაციის ამაღლება, პროფესიული გადამზადება ან სწავლა, რომლის ხანგრძლივობაც წელიწადში არ უნდა აღემატებოდეს 30 კალენდარულ დღეს.
ზემოაღნიშნული მუხლების ანალიზის საფუძველზე დგინდება, რომ დამსაქმებელი ვალდებულია სრულად აანაზღაუროს მივლინების ხარჯები.
განსახილველ შემთხვევაში გადაწვეტილების 3.2.1 პუნქტის დადგინდა, რომ მხარეთა შორის დადებული დამატებითი შეთანხმებით ე.წ. დანართი შრომით ხელშეკრულებაზე (ტრეინინგთან დაკავშირებით) გამოვლენილი ნება ნამდვილია. საქმის მასალებით უდავოდ დადგენილია, რომ დასაქმებულმა ვადაზე ადრე შეწყვიტა შრომითი ხელშეკრულება დამსაქმებელთან. შესაბამისად აღნიშნული შეთანხმებიდან გამომდიბარე მას ეკისრება დამსაქმებლის მიერ მისი კვალიფიკაციის ამაღლებაზე გაწეული ხარჯების, გადახდილი თანხების უკან დაბრუნების ვალდებულება (დასაქმებულის კვალიფიკაციის ამაღლებისათვის დამსაქმებლის მიერ ჩადებული ინვესტიციის უკან დაბრუნება).
შესაბამისად, იმის გათვალისწინებით რომ შ-- ს------–-------ს მიერ უშუალოდ დასაქმებულისათვის გაწეული ხარჯი შეადგენს მხოლოდ სამივლინებო თანხას 1048 ლარს და მგზავრობის საფასურს 992 ლარს, საერთო ჯამში 2040 ლარს, ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის გამო დამსაქმებელი ვალდებულია დაუბრუნოს დამსაქმებელს მის მიერ გაწეული ხარჯის 2040 ლარის ოდენობით, ხოლო დანარჩენ ნაწილში შ-- ს------–------ს უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე, ვინაიდან არ დგინდება 9000 ევროს ოდენობით თანხის უშუალოდ დასაქმებულის ა-------------------ს კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით გადარიცხვის ფაქტი ამასთნ გასათვალისწინებელია, რომ მოსარჩელეს მხარეთა შეთანხმებით მაქსიმუმ 10000 ევროს მოთხოვნის უფლება ქონდა, ხოლო მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხის მიმართ აჭარბებს ჯამში 10000 ევროს. რაც შეეხება სხვა თანხებს (1050+1050+1050), არც აღნიშნული თანხის დაბრუნების ვალდებულება გააჩნია დასაქმებულს, ვინაიდან ეს თანხები მას მიღებული აქვს ხელფასის სახით შრომითი ურთიერთობის პერიოდში და იგი კვალიფიკაციის ამაღლების ხარჯებად ვერ იქნება მიჩნეული.
შეგებებულ სარჩელთან დაკავშირებით:
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი.
სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმა დეკლარაციული ხასიათის არ არის და ნდობისა და კეთილსინდისიერების პრინციპის დამრღვევისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების მოთხოვნის დამოუკიდებელ საფუძველს წარმოადგენს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.
სასამართლოს უპირველესი ამოცანა სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაში მდგომარეობს. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენების და ვალდებულების შესრულების მართლზომიერების საკითხს და მის საფუძველზე აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლოსათვის მიმართვის უფლება თავის მნიშვნელობას კარგავს. უფლების გამოყენების მართლზომიერების შესაფასებლად კი აუცილებელია, მისი გამოყენების განმაპირობებელ გარემოებათა მართლზომიერების შეფასება.
მოცემულ შემთხვევაში შეგებებული სარჩელის ავტორის მიერ მოთხოვნილ იქნა გარიგების ბათილად ცნობა სხვადასხვა საფუძვლის მითითებით, თუმცა საქმის განხილვისა და საქმეში არსებული მტკიცებულებების შესწავლის შედეგად არ დადგინდა გარიგების ბათილად ცნობის რომელიმე საფუძვლის, მათ შორის იძულების, შეცდომის, მოტყუების, ასევე არაუფლებამოსილი პირის მიერ ნების გამოვლენის ფაქტი იხ. დასაბუთება გადაწყვეტილების 3.2.1 პუნქტში, შესაბამისად სასამართლო მიიჩნევს, რომ შეგებებული სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ვინაიდან ძირითადი სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ა-------------------ს შ-- ს------–-------ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის ოდენობით გადახდა, ხოლო იმ ნაწილში რომელშიც ძირითადი სარჩელის დაკმაყოფილებაზე მოსარჩელეს ეთქვა უარი შ-- ს------–------ს ა-------------------ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოპასუხის მიერ გაღებული საპროცესო ხარჯის ნაწილის 500 ლარის ოდენობით გადახდა.
შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო, კი შეგებებული სარჩელის ავტორის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი შეგებებული სარჩელით მოპასუხეს გადასახდდელად არ დაეკისრება და სახელმწიფო ხაზინიდან დაბრინებას არ ექვემდებარება.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის მიხედვით სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.
ვინაიდან ძირითადი სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ძალაში უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 07.06.2019 წლის #2/13183-19 განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, მოპასუხე ა-------------------ს დაეკისროს მოსარჩელე შ-- ს------–-------ის სასარგებლოდ 2040 ლარის გადახდა.
2. დარჩენილ ნაწილში მოსარჩელეს უარი ეთქვას სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
3. მოპასუხე ა-------------------ს დაეკისროს შ-- ს------–-------ის სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ გაწეული საპროცესო ხარჯის ნაწილის 50 ლარის გადახდა.
4. ძალაში დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 07.06.2019 წლის #2/13183-19 განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.
5. მოპასუხე შ-- ს------–------ს დაეკისროს მოპასუხე ა-------------------ას სასარგებლოდ მოპასუხის მიერ გაწეული საპროცესო ხარჯის ნაწილის 500 ლარის გადახდა.
6. შეგებებული სარჩელით მოსარჩელეს უარი ეთქვას სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
7. შეგებებულ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟი წინასწარ გადახდილია.
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე გიორგი გოგიჩაშვილი