განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N180100119003075399
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
მცხეთის რაიონული სასამართლო
საქმე №1/159-19 31 იანვარი, 2020 წელი ქალაქი მცხეთა
(გამოძიების №0-----------)
მოსამართლე - მაია ოშხარელი,სხდომის მდივანი - ეკა გაბიდაური,ბრალდების მხარე:
პროკურორი - ჯ----–-------–-–---–ი;
დაცვის მხარე: ლ--–------------ე;
ბრალდებული - თ-------ე ჯ--–----ს ძე ც--–-ძე (დაბადებული 12.05.1--- წელს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №3----------, დასაოჯახებელი, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლევი, რეგისტრაციის მისამართი: ადიგენის რაიონის სოფელი ს-------, ფაქტობრივი მისამართი: ქ. მცხეთა, წ-------–-ს ქუჩა N15, ბინა N2; ამჟამად პენიტენციური დეპარტამენტის N8 დაწესებულების პატიმარი;
კვალიფიკაცია:
1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი - ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, საცავში უკანონო შეღწევით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის;
2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381 მუხლის მე-2 ნაწილი - ცივი იარაღის ტარება განზრახი მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი პირის მიერ;
სხდომის სახე - ღია,აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 9 თებერვლის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ნასამართლევმა თ-------ე ც--–-ძემ, 2019 წლის 19 მაისს დაახლოებით 15:00 საათზე, ქალაქ მცხეთაში, სვეტიცხოვლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ანტიოქიის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიიდან, რუსეთის ფედერაციული რესპუბლიკის მოქალაქის ტ------ა მ---–-------ას, ავტობუსიდან მოპარა ხელჩანთა, სადაც ინახებოდა 30 000 რუსული რუბლი, მობილური ტელეფონი, ტ------ა მ---–-------ას პასპორტები და სხვა პირადი ნივთები, რითაც დაზარალებულს სულ მთლიანად მიადგა 1543 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
1.2. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 9 თებერვლის განაჩენით განზრახი მძიმე დანაშაულისათვის - ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისთვის ნასამართლევი თ-------ე ც--–-ძე 2019 წლის 4 თებერვალს, დაახლოებით 14:58 საათზე, ქ. თბილისში, დიღმის მასივი, რობაქიძის გამზირი, შალიკაშვილის ხიდის მიმდებარედ, ქურთუკის ჯიბით ატარებდა დასაკეც დანას, რომელიც დამზადებულია ქარხნული წესით, არის მჩხვეტავ-მჭრელი და მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1 საქმის სასამართლო განხილვის დროს ბრალდებულმა თ-------ე ც--–-ძემ თავი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და ითხოვს პატიებას. ასევე დაადასტურა, რომ სადაოდ არ ხდის საქმეში არსებულ მტკიცებულებებს.
3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
3.1. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
3.2. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, § 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, § 32).
4. ქურდობა, საცავში უკანონო შეღწევით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის;
4.1. გამოძიების ეტაპზე ტ------ა მ---–-------ას გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ მას რუსეთის ფედერაციაში აქვს ტურისტული კომპანია და ტურისეტები ჩამოყავს საქართველოში. დაზარალებული ტ------ა მ---–-------ა 2019 წლის 19 მაისს, დაახლოებით 14:20 საათზე, ავტობუსით ტურისტულ ჯგუფთან ერთად იმყოფებოდა ქ. მცხეთაში, სვეტიცხოვლის ეკლესიის მიმდებარედ. ტურისტული ჯგუფი ჩავიდა ავტობუსიდან. ასევე ჩავიდა ისიც, შევიდა მაღაზიაში ნაყინის საყიდლად, რა დროსაც ეჭირა ოთხკუთხედი ფორმის, ელვის შესაკრავიანი მწვანე ხელჩანთა, სადაც მოთავსებული ჰქონდა ალკატელის ფირმის მობილური ტელეფონი, რუსეთის ფედერაციის პასპორტი, ჰიგიენური ნივთები და საფულე სხვადასხვა საკრედიტო პლასტიკური ბარათითა და ფულადი თანხით 200 ლარის და 30 000 რუსული რუბლის ოდენობით (ჯამში 1543 ლარი) როდესაც ის დაბრუნდა ავტობუსში, შეამოწმა ტურისტები დაბრუნდნენ თუ არა, მწვანე ჩანთა დადო მძღოლის სავარძლის უკან მდებარე პირველივე სავარძელზე, რომელიც იქ დატოვა, ხოლო პარკში მოთავსებული ნარჩენები გადაყარა პარკინგის მიმდებარედ არსებულ ნაგვის ურნაში. როდესაც რამდენიმე წუთში ისევ დაბრუნდა ავტობუსში ტურისტების შესამოწმებლად, აღმოაჩინა, რომ მის სავარძელზე ჩანთა არ იდო. მას არ დაუნახავს ვინ აიღო მისი კუთვნილი მწვანე ფერის ხელჩანთა.
4.2. 2019 წლის 19 მაისის დათალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერებული იქნა შსს მცხეთის რაიონული სამმართველოს გამომძიებლის რ-------------ს მიერ ექსპერტების და მოწმე ტ------ა მ---–-------ას მონაწილეობით, ქ. მცხეთა, ანტიოქიის ქუჩაზე მდებარე პარკინგის ტერიტორიაზე მდგარი ტ------ა მ---–-------ას ავტობუსი, სახელმწიფო ნომრით p-----/123 rus, რომელიც არის თეთრი ფერის. ტ------ა მ---–-------ამ მძღოლის უკანა პირველივე სავარძელზე მიუთითა ის ადგილი, სადაც განთავსებული ჰქონდა მისი კუთვნილი მომწვანო ფერის ხელჩანთა, რომელიც მოიპარეს.
4.3. შსს მცხეთის რაიონული სამმართველოს უბნის-ინსპექტორ გამომძიებლის ვ-–----------–-----ს გამოძიების ეტაპზე გამოკითხვის თანახმად, მან მიიღო ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ 2019 წლის 19 მაისს რუსეთის ფედერაციის რესპუბლიკის მოქალაქის ტ------ა მ---–-------ას ხელჩანთა მოიპარა ქ. მცხეთაში მცხოვრებმა თ-------ე ჯ--–----ს ძე ც--–-ძემ, რის შესახებაც აცნობა ხელმძღვანელობას.
4.4. 2019 წლის 21 მაისის პირადი ჩხრეკის ოქმის მიხედვით, ჩხრეკის შედეგად თ-------ე ც--–-ძის მოლურჯო ფერის შარვლის წინა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებულ იქნა მოშავო ფერის მობილური ტელეფონი, რომლის წინა ეკრანი არის დაზიანებული და უკანა მხარეს კორპუსზე დატანილია ქარხნული წარწერა „alcatel“, შარვლის წინა მარცხენა ჯიბიდან ამოღებულ იქნა ფერადი პლასტიკური ბარათები, რომელზედაც დატანილია წარწერა ლათინური ასოებით T. M----------A და T-----A M----------A და სხვა ნივთები.
4.5. 2019 წლის 21 მაისის ამოღების ოქმის მიხედვით, ამოღებული იქნა მომწვანო ფერის ტყავის ხელჩანთა ორი ცალი ხელის მოსაკიდებელი სარტყლით, ელვაშესაკრავით, ჩანთაში მოთავსებული სხვადასხვა ნივთებით, მათ შორის ტ------ა მ---–-------ას სახელზე გაცემული ორი ცალი პასპორტი. ტყავის საფულე მოყავისფრო წარწერით G.I.O.S.S.
4.6. 2019 წლის 21 მაისის ნივთის ამოცნობის ოქმის მიხედვით, ტ------ა მ---–-------ამ განმარტა, რომ ქ. მცხეთაში ფარულად დაუფლებულ მის ხელჩანთაში არსებული მობილური ტელეფონი არის “alcatel”-ის ფირმის, რომლის ეკრანიც იყო დაზიანებული და ჰქონდა ბზარები. ტ------ა მ---–-------ამ ხელის გაშვერით მიუთითა მისთვის წარდგენილი სამი მობილური ტელეფონიდან რიგით მესამე მობილურ ტელეფონზე და განაცხადა, რომ აღნიშნული მობილური ტელეფონი 2019 წლის 19 მაისს ფარულად დაუფლებული მისი კუთვნილი მობილური ტელეფონია, რომელიც ამოიცნო ვიზუალური დაკვირვებით, ცვეთის ხარისხით ეკრანზე არსებული ბზარებით.
4.7. 2019 წლის 21 მაისის ნივთის ამოცნობის ოქმის მიხედვით, ტ------ა მ---–-------ამ ამოიცნო ფარულად დაუფლებულ მისი ხელჩანთა ვიზუალური დაკვირვებით.
5. სამართლებრივი შეფასება:
5.1. სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
5.2. დაზარალებულის გამოკითხვის ოქმებით დადგენილია, რომ ტ------ა მ---–-------ას მიადგა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი 1543 ლარის ოდენობით.
5.3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის მე-3 ნაწილის თანახმად: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-ე თავში (დანაშაული საკუთრების წინააღმდეგ. სსკ-ის 177-1891 მუხლები) მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით.
5.4. გამოკითხვის ოქმებით და ავტობუსის დათვალიერების ოქმით, ასევე დასტურდება, რომ თ-------ე ც--–-ძემ ქურდობის მიზნით 2019 წლის 19 მაისს დაახლოებით 15:00 საათზე შეაღწია საცავში - ტურისტებისთვის განკუთვნილ ავტობუსში, რომელიც იყო რუსეთის ფედერაციის მოქალაქის კუთვნილი, სახელმწიფო ნომრით p-----/123 rus, შესაბამისად თ-------ე ც--–-ძეს აღნიშნულ ავტობუსში არ ჰქონდა ასვლის უფლება.
5.5. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 9 თებერვლის განაჩენით, თ-------ე ც--–-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წელი, განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დანარჩენი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წელი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით 3 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით.
5.6. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, ხოლო ამავე კოდექსის 79-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის საფუძველზე ნასამართლობა გაქარწყლდება პირობით მსჯავრდებულისა - გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ. ვინაიდან ბრალდებულ თ-------ე ც--–-ძეს 2019 წლის 19 მაისის მდგომარეობით მას ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ჰქონია, მან კვლავ ჩაიდინა ანალოგიური დანაშაული ქურდობა, რაც იძლევა არაერთგზისობის კვალიფიკაციას.
5.7. ამდენად, ზემოაღნიშნული ურთიერთშეჯერებული მტკიცებულებებისა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ, უტყუარად და გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არის დადასტურებული, რომ თ-------ე ც--–-ძემ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედება - ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, საცავში უკანონო შეღწევით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის.
6. ცივი იარაღის ტარება განზრახი მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი პირის მიერ;
6.1. გამოძიების ეტაპზე პ----- ა------ის გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ იგი არის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს უმცროსი დეტექტივი, 2019 წლის 4 თებერვალს ის კ-------ი გ-----–----თან ერთად ახორციელებდა სამსახურებრივ მოვალეობას ქ. თბილისში, რობაქიძის გამზირზე, შალიკაშვილის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ახალგაზრდა მამაკაცს სთხოვეს წარმოედგინა მათთვის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ასევე განუმარტეს წარმოედგინა კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან ნივთიერება, ასეთის არსებობის შემთხვევაში. აღნიშნულ ახალგაზრდა მამაკაცს - თ-------ე ც--–-ძეს, ჩაუტარდა ზედაპირული გასინჯვა და ქურთუკის შიდა ჯიბეში აღმოაჩნდა დასაკეცი დანა, რომლის ფლობა შეეზღუდა შესაბამისი ოქმით. მისივე თანდასწრებით მოთავსდა პოლიეთილენის პარკში და დაილუქა.
6.2. გამოძიების ეტაპზე კ-------ი გ-----–--ის გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ იგი არის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი, 2019 წლის 4 თებერვალს ის პ----- ა------ესთან ერთად ახორციელებდა სამსახურებრივ მოვალეობას ქ. თბილისში, რობაქიძის გამზირზე, შალიკაშვილის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც შენიშნეს ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც წარუდგინეს თავი და სთხოვეს ნებაყოფლობით წარმოედგინა კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან ნივთიერება, ასეთის არსებობის შემთხვევაში. აღნიშნულ ახალგაზრდა მამაკაცი აღმოჩნდა თ-------ე ც--–-ძე, რომელსაც ჩაუტარდა ზედაპირული გასინჯვა და მისი ქურთუკის შიდა მარჯვენა ჯიბეში აღმოჩენილი იქნა “COWBOY”-ის ფირმის დასაკეცი დანა, რომელიც მან ნებაყოფლობით წარმოადგინა. აღნიშნული დანის ფლობა შეეზღუდა შესაბამისი ოქმით, ხოლო დანა მოთავსდა პოლიეთილენის პარკში და დაილუქა.
6.3. პირადი გასინჯვის და ნივთების გასინჯვის N ბლ0-------- ოქმის მიხედვით, მოქალაქე თ-------ე ც--–-ძის პირადი გასინჯვისას ქურთუკის შიდა მარჯვენა ჯიბეში აღმოაჩნდა დასაკეცი დანა რკინის ტარით, ტარზე დამაგრებული ქამარზე საკიდით. დანის პირზე წარწერით “COWBOY” AUS-6 Suzvivuz”, U.S PATENT TAIWAN.
6.4. ნივთის ფაქტობრივი ფლობის შეზღუდვის N5----- ოქმის მიხედვით, 2019 წლის 4 თებერვალს ქ. თბილისი, დიღმის მასივი, რობაქიძის გამზირზე, შალიკაშვილის ხიდის მიმდებარედ თ-------ე ც--–-ძის პირადი გასინჯვისას ქურთუკის შიდა მარჯვენა ჯიბეში ნანახი იქნა დასაკეცი დანა, რომელიც ჩამოერთვა, მოთავსდა პოლიეთილენის პარკში და დაილუქა.
6.5. კრიმინალისტიკური ექსპერტიზის N5---–- დასკვნის თანახმად, თ-------ე ც--–-ძისგან ამოღებული დანა დამზადებულია ქარხნული წესით, არის მჩხვლეტავ-მჭრელი, მაფიქსირებელი მოწყობილობით და მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას.
6.6. 2019 წლის 28 მარტის დათვალიერების ოქმის მიხედვით, დასათვალიერებელ ობიექტს წარმოადგენს ერთი ცალი დანა, რომელიც ამოღებული იქნა თ-------ე ც--–-ძის პირადი გასინჯვისას და რომელიც დალუქულია შსს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის სპეცპაკეტში. კ-------ი გ-----–--ის განმარტებით, აღნიშნული დანა არის სწორედ ის, რომელიც მან და პ----- ა------ემ აღმოაჩინეს თ-------ე ც--–-ძის პირადი გასინჯვისას.
7. სამართლებრივი შეფასება:
7.1. სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
7.2. ამდენად, ზემოაღნიშნული და საქმეში წარმოდგენილი სხვა ურთიერთშეჯერებული მტკიცებულებების ერთობლიობით, რომლებიც მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ, უტყუარად და გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არის დადასტურებული, რომ თ-------ე ც--–-ძემ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება - ცივი იარაღის ტარება განზრახი მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი პირის მიერ.
7.3. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 9 თებერვლის განაჩენით, თ-------ე ც--–-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წელი, განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დანარჩენი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წელი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით 3 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით.
7.4. ამდენად, ცივი იარაღის ტარების მომენტში თ-------ე ც--–-ძე იყო განზრახ მძიმე დანაშაულისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ნასამართლევი პირი, აღნიშნული დანაშაული სასჯელად ითვალისწინებს თავისუფლების აღვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-12 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მძიმეა ისეთი განზრახი დანაშაული, რომლის ჩადენისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი არ აღემატება ათი წლით თავისუფლების აღკვეთას, ასევე ქურდობის სუბიექტური მხარე პირდაპირი განზრახვით ხასიათდება, რაც წარმოადგენს განზრახ დანაშაულს, ამავდროულად თ-------ე ც--–-ძე იმყოფებოდა პირობითი მსჯავრის ქვეშ, ვინაიდან მას 2019 წლის 4 თებერვლისთვის ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ჰქონია. თ-------ე ც--–-ძეს პირადი გასინჯვისას ქურთუკის შიდა მარჯვენა ჯიბეში აღმოაჩნდა დასაკეცი დანა რკინის ტარით, დადასტურებულია, რომ იგი ინახავდა ტანსაცმელში და საქმის ფაქტობრივი გარემოებებით არ დგინდება, რომ იგი აღნიშნულ დანას ატარებდა პირადი ჰიგიენისთვის, თავისი პროფესიული საქმიანობის განხორციელების ან სხვა მიზნით, შესაბამისად სახეზეა სისხლის სამართლის კოდექსის 2381 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების შემადგენლობა.
8. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
8.1. ბრალდებულ თ-------ე ც--–-ძის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ მან თავი დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში, ინანიებს ჩადენილს, სასამართლოს სთხოვს პატიებას, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება მას არ გააჩნია.
9. სასჯელის განსაზღვრა:
9.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ხოლო სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
9.2. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით _ მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი (რაც დაზარალებულისთვის ზიანი არ არის ანაზღაურებული), შეურიგდეს დაზარალებულს.
9.3. სწორედ, სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, დანაშაულის მოტივისა და მიზანის, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნების, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების ბრალდებულის ასაკის მხედველობაში მიღებით, რომ ნანობს ჩადენილს და ითხოვს პატიებას, მას არ გააჩნია პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება, სასამართლოს მიაჩნია, რომ მას უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული მინიმუმთან მიახლოებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთის სახით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ-------ე ც--–-ძე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.
2. თ-------ე ც--–-ძე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381 მუხლის მე-2 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბოს ნაწილობრივ და თ-------ე ც--–-ძეს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.
4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 9 თებერვლის განაჩენით დანიშნული თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც ჩათვლილი აქვს პირობით.
5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით თ-------ე ც--–-ძეს სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.
6. თ-------ე ც--–-ძის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.
7. თ-------ე ც--–-ძეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ათვლა დაეწყოს 2019 წლის 21 მაისიდან.
8. საქმეზე არსებული ნივთმტკიცება: დასაკეცი დანა წარწერით ,,COWBOX“ -განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
9. განაჩენი კანონიერ ძალაშია მისი გამოცხადებისთანავე.
10. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მცხეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მ. ოშხარელი