გადაწყვეტილება

სამოქალაქო 10.02.2020
საქმის ნომერი
080210117001890122
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
10.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

080210117001890122

#2/941-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

10.02.2020 წელი ქ. ქუთაისი

შესავალი ნაწილი

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - დარინა აბულაძე

სხდომის მდივანი - სოფიო ბრეგვაძე

მოსარჩელე - შპს ,,ე---------------+'';

წარმომადგენელი - თ------------ე;

მოპასუხე - ე-–---------------–--ე;

წარმომადგენელი- ა---------–------------ე;

დავის საგანი - თანხის დაკისრება, ქონების რეალიზაცია;

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე ე-–---------------–--ეს დაეკისროს სესხის ძირი თანხის 2591 აშშ დოლარის და სარგებლის 1114,12 აშშ დოლარის გადახდა.

 

1.2. მოპასუხეს დაეკისროს მოსარჩელის მიერ ავტომობილის შეფასების აქტის მომზადების სანაცვლოდ გადახდილი თანხა 100 ლარი.

 

1.3. თანხის გადახდევინება მოხდეს მოპასუხის საკუთრებაში არსებული ნებისმიერი ქონების რეალიზაციის გზით. მოპასუხემ პასუხი აგოს მთელი თავისი ქონებით.

 

1.4. პირველი ინსტანციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 20.11.2014წ. კომპანიასა და ე-–---------------–--ეს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე თვეში 5%-იანი სარგებლის დარიცხვის პირობით ე-–---------------–--ეს გადაეცა სესხი 3600 აშშ დოლარის ოდენობით. მოპასუხე ვალდებული იყო სესხი გადაეხადა 36 თვის განმავლობაში იმგვარად, რომ ყოველთვიურად და ნაწილ-ნაწილ დაფარავდა სესხს და გადაიხდიდა სესხის სარგებელს ხელშეკრულებაზე თანდართული გადახდის გრაფიკის შესაბამისად. სესხის უზრუნველსაყოფად მოსარჩელის სასარგებლოდ გირავნობით დაიტვირთა ავტომობილი - MITSUBISH MONTERO, მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო მოსარჩელეს გადაეცა გირავნობის საგანი. მდგომარეობის გათვალისწინებით, 2016 წლის 01 აგვისტოს გირავნობის საგანი გაიყიდა 1765 აშშ დოლარად, რომლის გაქვითვაც ხელშეკრულების შესაბამისად გახორციელდა შემდეგნაირად: 1257 აშშ დოლარი – გაიქვითა დარიცხული სარგებელი; 413 აშშ დოლარი – გაიქვითა სესხის ძირი თანხა; 50 აშშ დოლარი – გირავნობის მოწმობის საფასური; 170 აშშ დოლარი - სესხის დაფარვის საკომისო; ვინაიდან, გირავნობის საგნის რეალიზაციის დღისათვის მოპასუხეს შპს „ე--------------- +“-ის მიმართ ერიცხებოდა სესხის ძირითადი თანხა 3004 აშშ დოლარი, ავტომობილის რეალიზაციის შემდეგ მას კვლავ დარჩა დავალიანება სესხის ძირითადი თანხის დარჩენილი ნაწილი 2591 აშშ დოლარის ოდენობით, რომელსაც ხელშეკრულების შესაბამისად ერიცხება სარგებელი ყოველთვიურად 5%-ის ოდენობით. ამასთან, ვინაიდან, ავტომობილის რეალიზაციიდან (01.08.2016წ.-დან) დღემდე გასულია სრული რვა სრული თვე და სამი კალენდარული დღე, შესაბამისად, დარიცხული სარგებელი შეადგენს 1114,12 აშშ დოლარს (კერძოდ: (8X129,55)+18 დღის სარგებელი)

 

საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულების 4.5 და 6.4 პუნქტების თანახმად "თუ გირავნობის საგნის რეალიზაციიდან მიღებული თანხა საკმარისი არ იქნება უზრუნველყოფილი მოთხოვნის მთლიანად დასაფარავად, მაშინ მსესხებელი მთელი თავისი ქონებით აგებს პასუხს ნებისმიერ ასეთ ნაშთზე". მოსარჩელე მხარის განმარტებით, სესხის დარჩენილი ნაწილის ნებაყოფლობით დაფარვის მოთხოვნით წერილობითი შეტყობინებები გაეგზავნა მოპასუხეს, თუმცა უშედეგოდ (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი).

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე ე-–---------------–--ემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო. განმარტა, რომ გარკვეული ოდენობით სესხის თანხა გადახდილი აქვს, ამასთან ავტომობილის ღირებულება გაცილებით ძვირი იყო და სესხად აღებულ თანხას სრულად უზრუნველყოფდა, შესაბამისად მოსარჩელის მიმართ შესასრულებელი ვალდებულება არ გააჩნია. ამასთან აღნიშნა, რომ ავტომანქანის რეალიზაციასთან დაკავშირებით ინფორმაცია მას არ მიუღია. (იხ. შესაგებელი, სხდომის ოქმი).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეთა მიერ სადავოდაა გამხდარი.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 2014 წლის 20 ნოემბერს შპს ,,ე---------------+’’-ს და ე-–---------------–--ეს შორის დაიდო საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფის და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება. საკრედიტო ხაზის მაქსიმალური მოცულობა განისაზღვრა 3600 აშშ დოლარით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას.

- ხელშეკრულება საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ.

- სესხის ხელშეკრულების პირობები;

 

3.2.2. 2014 წლის 20 ნოემბერს ე-–---------------–--ეს და შპს ,,ე---------------+’’-ს შორის გაფორმდა შეთანხმება სესხის გადაცემის შესახებ. აღნიშნული შეთანხმებით დადგენილია, რომ შპს „ე---------------+„-მა ე-–---------------–--ეს გადასცა სესხი 3600 აშშ დოლარის ოდენობით, სესხის დაბრუნების ვადა განისაზღვრა 36 თვე. მსესხებელს ყოველთვიურად ნაწილ-ნაწილ უნდა დაეფარა სესხი და სარგებელი გადახდის გრაფიკის შესაბამისად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას.

-შეთანხმება სესხის გადაცემის შესახებ;

-სესხის გადახდის გრაფიკი;

 

3.2.3. ხელშეკრულებით განისაზღვრა, რომ სესხი იყო სარგებლიანი და სესხის ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი სესხის გადაცემის შესახებ შეთანხმებით განისაზღვრა 5%-ის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას.

- ხელშეკრულება საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ.

-შეთანხმება სესხის გადაცემის შესახებ;

 

3.2.4. მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო კომპანიას გადაეცა გირავნობის საგანი.

 

გირავნობის საგნის, ავტომანქანა MITSUBISH MONTERO, სახ. ნომერი EL-777-GO, საბაზრო ღირებულება 2016 წლის 24 ივნისის მდგომარეობით განისაზღვრა 1800 აშშ დოლარით, ხოლო ლიკვიდური ღირებულება - 1300 აშშ დოლარით. გირავნობის საგნის შეფასების აქტის მომზადების ღირებულების სახით მოსარჩელემ გადაიხადა 100 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას.

-მხარეთა ახსნა განმარტება;

-მექანიკური სატრანსპორტო საშუალების შეფასების ანგარიში;

- მიღება-ჩაბარების აქტი;

 

3.2.5. კომპანიამ ე-–---------------–--ეს გაუგზავნა გაფრთხილების წერილი ავტომობილის რეალიზაციის თაობაზე. ეცნობა, რომ შესაძლო იყო ავტომანქანის რეალიზაციის გზით მიღებული თანხა ვერ უზრუნველყოფდა დარიცხული დავალიანების დაფარვას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას.

-გაფრთხილების წერილები;

 

3.2.6. 2016 წლის 01 აგვისტოს შპს „ე---------------+„-ს და მ------------------–ს შორის გაფორმდა ავტომანქანის (MITSUBISH MONTERO, სახ. ნომერი EL-777-GO), ნასყიდობის ხელშეკრულება, ნასყიდობის საგნის ღირებულება განსაზღვრულია 1765 აშშ დოლარით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას.

01.08.2016 წ ნასყიდობის ხელშეკრულება;

 

3.2.7. დადგენილია, რომ ავტომანქანის რეალიზაციის შედეგად ამოღებული თანხიდან დაიფარა სარგებელი - 1257 აშშ დოლარის ოდენობით, საკომისიო - 170 ლარი, სესხის ძირი თანხა 413 აშშ დოლარი, 50 ლარი გირავნობის მოწმობის საფასური;

 

ასევე დადგენილია, რომ მოპასუხე ე-–---------------–--ის მიერ 2014 წლის 24 დეკემბრიდან 2016 წლის 19 თებერვლამდე პერიოდში გადახდილი იქნა სესხის თანხა 2607 აშშ დოლარის ოდენობით, საიდანაც დაიფარა სესხის ძირი თანხა 595 აშშ დოლარი, სარგებელი 2012 აშშ დოლარი;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას.

-მხარეთა ახსნა განმარტება;

-ცნობა სესხის დაფარვის მიზნით განხორციელებული გადახდის თაობაზე;

 

3.2.9. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მსესხებლის მიერ დარღვეულია სესხით სარგებლობისათვის შეთანხმებული გრაფიკი და ვალდებულება არ არის შესრულებული ჯეროვნად, რაც აძლევს კრედიტორს სესხის ძირ თანხის და სარგებლის მოთხოვნის უფლებას.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. მითითებული ნორმა ითვალისწინებს მხარის ვალდებულებას მის მიერ მითითებული კონკრეტული გარემოებების დადასტურება უზრუნველყოს შესაბამისი მტკიცებულებებით.

 

მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებით დასტურდება, რომ მოპასუხის დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენს ძირითადი თანხა 2591 აშშ დოლარს, ხოლო სარგებელი 1114,12 აშშ დოლარს.

 

მოპასუხე მხარე სარჩელს არ ცნობს, განმარტავს, რომ მისი გაფრთხილება ავტომობილის რეალიზაციის თაობაზე არ მომხდარა, არ იყო ინფორმირებული, ასევე განმარტა, რომ ავტომობილის რეალიზაციიდან მიღებული თანხა სრულად უზრუნველყოფდა ვალდებულების შესრულებას;

 

მხარეთა მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ მტკიცების ტვირთის სწორად განსაზღვრისა და შეჯიბრებითობის პრინციპის გათვალისწინებით, მოსარჩელეს ეკისრება მის მიერ მითითებული ფაქტების მტკიცების ტვირთი, ხოლო მოპასუხეს ეკისრება მოსარჩელის მიერ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გაქარწყლების მოვალეობა.

 

მოპასუხემ გარდა მისივე განმარტებისა, სასამართლოს ვერ წარმოუდგინა რაიმე სახის მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მოპასუხის პოზიციას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტების საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად ჩათვლა ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.

 

სარჩელის განხილვის, ახსნა-განმარტებების მოსმენის, მხარეთა სამართლებრივი პოზიციის გაანალიზებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა არსებობის გამო.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 623-ე, 625-ე, 327-ე, 361-ე, 54-ე, 62-ე, 276-ე, 408-ე, 412-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. სსკ 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

მოცემულ შემთხვევაში მხარეებს შორის არსებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის საფუძველია 20.11.2014 წ-ის საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეთა შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა 2014 წლის 20 ნოემბრის საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე. დადგენილია, რომ 2014 წლის 20 ნოემბრს შპს „ე---------------+„-ს და ე-–---------------–--ეს შორის დაიდო შეთანხმება სესხის გადაცემის შესახებ, რომლის საფუძველზეც მოპასუხე ე-–---------------–--ეს გადაეცა სესხის სახით 3600 აშშ დოლარი, 36 თვის ვადით, სესხის საპროცენტო განაკვეთი შეადგენდა 5%. აღნიშნულიდან გამომდინარე მხარეთა შორის წარმოიშვა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის შესაბამისად, მხარეთა შორის შეთანხმებული იქნა ხელშეკრულების ყველა არსებითი პირობა და მოხდა მხარეთათვის კონკრეტულ უფლება-მოვალეობათა განსაზღვრა.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმეზე დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ საკრედიტო ხაზის უზრუნველყოფის და გირავნობის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა სრულად - მსესხებელზე გაიცა შეთანხმებული სესხის თანხა, ხოლო რაც შეეხება მსესხებლის ვალდებულებას, მოპასუხე ე-–---------------–--ემ ვალდებულება არ შეასრულა ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მხარეთა შორის არსებობდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობა. რომლის პირობებშიც მოპასუხეზე გაიცა სესხი გარკვეული პირობებით, მოპასუხემ შეთანხმებული პირობებით ვერ უზრუნველყო სესხის დაფარვა რის გამოც მოსარჩელემ მოითხოვა წარმოშობილი დავალიანების დაფარვის დაკისრება.

 

6.2. სასამართლო განმარტავს, რომ სახელშეკრულებო-სამართლებრივი ურთიერთობა ეფუძნება მხარეთა მიერ ნამდვილი ნების გამოვლენის შედეგად მათთვის სასურველი უფლება-მოვალეობების წარმოშობას. სახელშეკრულებო სამართალში მოქმედებს მხარეთა ნების ავტონომია, რომლის ფარგლებში შესაძლებელია ხელშეკრულების იმგვარ პირობებზე შეთანხმება, რომლებიც ოპტიმალურად მისაღებია გარიგების ყველა მონაწილისათვის. ხელშეკრულებაზე ხელისმოწერით მხარეები ადასტურებენ იმ სამართლებრივი შედეგების მიღების სურვლისა და მზაობას, რაც ხელშეკრულებით გაითვალისწინეს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხემ დაარღვია სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. ვალდებულების დარღვევის გამო მოპასუხეს გაეგზავნა წერილობითი გაფრთხილება. ხელშეკრულების არაჯეროვნად შესრულებით მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულების პირობები, რაც მოსარჩელეს ანიჭებს უფლებას, მოითხოვოს ვალის სრულად დაბრუნება. ვალდებულების შესრულებისა და მხარეთა თანასწორობის აღდგენის მიზნით, მოპასუხე ვალდებულია მოსარჩელეს გადაუხადოს სესხის სახით მიღებული თანხა.

 

გარდა ამისა, დადგენილია, რომ მხარეებს ხელშეკრულებით განსაზღვრული ჰქონდათ მყარი საპროცენტო განაკვეთი. მოპასუხე კისრულობდა ვალდებულებას გადაეხადა ხელშეკრულებით დაწესებული სარგებელი, რაც მას უნდა შეესრულებინა ჯეროვნად, საქართველოს სკ-ის 361-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად. მოპასუხემ არ გადაიხადა ძირი თანხა, ასევე სარგებელი.

 

20.11.2014 წ-ის საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება მოპასუხე მხარის მიერ სადავოდ არ არის გამხდარი. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მსეხებელს ე-–---------------–--ეს სესხის გრაფიკით გათვალისწინებული თანხა კრედიტორისათვის არ გადაუხდია.

 

მოპასუხე მხარე არ ცნობს სასარჩელო მოთხოვნას. მოპასუხის მტკიცებით მისი გაფრთხილება ავტომობილის რეალიზაციის თაობაზე არ მომხდარა, ავტომობილის რეალიზაციიდან მიღებული თანხა სრულად უზრუნველყოფდა ვალდებულების შესრულებას.

 

მოპასუხის მიერ მითითებული გარემოების საწინააღმდეგოდ მოსარჩელის მიერ, გარდა სიტყვიერი განმარტებისა, წარმოდგენილია წერილობითი მტკიცებულება საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ, ასევე წარმოდგენილია შეთანხმება სესხის გადაცემის თაობაზე, რომლითაც დასტურდება, რომ გამსესხებელმა მსესხებელს გადასცა 3600 აშშ დოლარი და მსესხებელმა იგი მიიღო, წარმოდგენილია ასევე სესხის გადახდის გრაფიკი. მოსარჩელის მტკიცებით მოპასუხე მხარის მიერ სესხის ხელშეკრულებით და თანდართული გრაფიკით გათვალისწინებული თანხა არ გადაუხდია. მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა გაფრთხილების წერილი დავალიანების სრულად დაფარვის თაობაზე. ასევე კომპანიამ მოპასუხეს გაუგზავნა შეტყობინება ავტომანქანის რეალიზაციის შესახებ და სთხოვა ჩართულიყო ა/მანქანის რეალიზაციის პროცესში. შპს „ჯ--------------“ მიერ გაცემული - მექანიკური სატრანსპორტო საშუალების შეფასების ანგარიში, რომლითაც მოპასუხის კუთვნილი ავტომანქანის ღირებულება განსაზღვრულია 1800 აშშ დოლარით. ავტომანქანის ღირებულების შეფასებისას შემფასებლის მიერ გამოყენებულია საერთაშორისო სტანდარტებით დაშვებული ერთერთი მეთოდი - "შეფასების პირდაპირი გაყიდვების შედარების მეთოდი", შეფასება ეყრდნობა შესაფასებელი ობიექტის ძირითად მახასიათებლებსა და შემოწმების პროცესში ავტომობილის ტექნიკურ მდგომარეობას. მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობაში შეფასების შედეგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ავტომანქანის საბაზრო ღირებულება რეალიზაციის პერიოდისათვის შეადგენდა 1800 აშშ დოლარს (ლიკვიდური ფასი 1300 აშშ დოლარი) და მისი რეალიზაცია მოსარჩელემ უზრუნველყო მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში. აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება მოპასუხე მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი.

 

6.3. დადგენილია, რომ მხარეთა შორის ხელშეკრულებით შეთანხმებული საპროცენტო განაკვეთი შეადგენს 5%. სასამართლოს მიაჩნია, რომ საპროცენტო განაკვეთის ოდენობა წარმოადგენს უცილოდ ბათილ შეთანხმებას, შესაბამისად სესხის ხელშეკრულება ნაწილობრივ ბათილია სესხის ძირითად ნაწილზე სარგებლის სახით ყოველთვიურად 5%-ს დარიცხვის ნაწილში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად სესხისთვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის დანაწესით ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. ამავე კოდექსის 62-ე მუხლის თანახმად, გარიგების ნაწილის ბათილობა არ იწვევს მისი სხვა ნაწილების ბათილობას, თუ სავარაუდოა, რომ გარიგება დაიდებოდა მისი ბათილი ნაწილის გარეშეც.

 

მხარეთა შორის დადებული 2014 წლის 20 ნოემბრის ხელშეკრულების დებულება, რომლითაც გამსესხებელმა სესხისათვის შეუსაბამოდ მაღალი სარგებელი განსაზღვრა, ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დამკვიდრებულ ზნეობრივ ღირებულებებს და სსკ-ის 54-ე მუხლის მიხედვით უცილოდ ბათილია, რაც ამ შემთხვევაში არ იწვევს მთლიანი ხელშეკრულების ბათილობას სსკ-ის 62-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე.

 

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა: „ნებისმიერი დავის გადაწყვეტისას, სასამართლო ხელმძღვანელობს დავის სამართლიანად გადაწყვეტისა და მონაწილეთა ინტერესების დაცვის პრინციპით. სამოქალაქო სამართალში ურთიერთობის მონაწილეთა კეთილსინდისიერი ქცევაა პრეზუმირებული, რაც იმთავითვე გულისხმობს იმის ვარაუდს, რომ ისინი თავიანთ უფლებებს კეთილსინდისიერად ახორციელებენ [სსკ-ის 8.3 მუხლი]. „უფლებათა ბოროტად გამოყენებისაგან სხვათა თავისუფლებას იცავს სამოქალაქო კანონის იმპერატიული ნორმები“ [სსკ-ის 10-ე მუხლის მესამე ნაწილი]. შესაბამისად, მხარეთა უფლება თავისუფლად დადონ ხელშეკრულება და ასევე თავისუფლად განსაზღვრონ მისი შინაარსი, აბსოლუტური არ არის. სახელშეკრულებო დებულებების განსაზღვრის დროს ისინი ვალდებულნი არიან გაითვალისწინონ ზემოაღნიშნული. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კასატორი, რომელიც ეწევა სამეწარმეო საქმიანობას, ეკონომიკურად უფრო ძლიერი მხარეა და უდავოა, რომ სწორედ მის მიერ იქნა განსაზღვრული სესხის სარგებელი - ყოველთვიური 6%. მართალია, ამ შეთავაზებას გ--ა ს--ე დაეთანხმა, მაგრამ ამით სამართლებრივი სურათი არ იცვლება, რადგანაც კასატორი მოქმედებდა სსკ-ის 325-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ქცევის წესის საწინაღმდეგოდ: „თუ ვალდებულების შესრულების პირობები უნდა განისაზღვროს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის ან მესამე პირის მიერ, მაშინ საეჭვოობისას ივარაუდება, რომ ამგვარი განსაზღვრა უნდა მოხდეს სამართლიანობის საფუძველზე.“ (სუსგ:№ას-663-629-2015, 28 ივლისი, 2015 წელი).

 

დადგენილია, რომ მოპასუხე მხარეს შპს ''ე---------------+''-ის წინაშე მასზე დაკისრებული ვალდებულება თანხის გადახდის შესახებ არ შეუსრულებია ჯეროვნად, სრულად და ერიცხება დავალიანება.

 

სასამართლოს მხარეთა ორმხრივი ინტერესების გათვალისწინებით გონივრულ და სამართლიან ოდენობად მიაჩნია, საპროცენტო განაკვეთად განისაზღვროს ძირითადი თანხის - 2,5%, აღნიშნულის გათვალისწინებით უნდა მოხდეს უკვე გადახდილი საპროცენტო სარგებლის შემცირება და გადახდილი თანხის ძირითად ვალდებულების ანგარიშში ჩათვლა. კერძოდ, დადგენილია რომ გირავნობის საგანი გაიყიდა 1765 აშშ დოლარად. ავტომანქანის რეალიზაციის შედეგად ამოღებული თანხიდან დაიფარა სარგებელი - 1257 აშშ დოლარის ოდენობით, საკომისიო - 170 ლარი, სესხის ძირი თანხა 413 აშშ დოლარი, 50 ლარი, გირავნობის მოწმობის საფასური; ასევე დადგენილია, რომ მოპასუხე ე-–---------------–--ის მიერ 2014 წლის 24 დეკემბრიდან 2016 წლის 19 თებერვლამდე გადახდილი იქნა სესხის თანხა 2607 აშშ დოლარის ოდენობით, საიდანაც დაიფარა სესხის ძირი თანხა 595 აშშ დოლარი, სარგებელი 2012 აშშ დოლარი;

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ გირავნობის საგნის რეალიზაციიდან მიღებული 1257 აშშ დოლარიდან 628,5 აშშ დოლარი უნდა ჩაითვალოს საპროცენტო სარგებლის ანგარიშში, ხოლო დარჩენილი თანხა 628,5 აშშ დოლარი უნდა გამოაკლდეს ძირითდ თანხას, ასევე მოპასუხის მიერ 2014 წლის 24 დეკემბრიდან 2016 წლის 19 თებერვლამდე გადახდილი თანხიდან 1006 აშშ დოლარი უნდა ჩაითვალოს საპროცენტო სარგებლის ანგარიშში, ხოლო 1006 აშშ დოლარი უნდა გამოაკლდეს ძირ თანხას, შესაბამისად, სესხის ძირითადი თანხის მოცულობა უნდა განისაზღვროს 956,5 აშშ დოლარს ოდენობით. ასევე, დარჩენილი ძირითადი თანხის 2,5%-ის გაანგარიშებით მითითებულ პერიოდზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის მოცულობა განისაზღვრება 205,65 აშშ დოლარის ოდენობით.

 

6.4. მოსარჩელე ასევე მოითხოვს, სასამართლოს მიერ მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მოპასუხისათვის დაკისრებული თანხის გადახდევინება განხორციელდეს მოპასუხის საკუთრებაში არსებული ნებისმიერი ქონების რეალიზაციის ხარჯზე.

 

საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულების 4.5. პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ გირავნობის საგანი არ წარმოადგენს მსესხებლის ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთადერთ საშუალებას და გამსესხებელს უფლება აქვს მოითხოვოს მსესხებლის ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფა მსესხებლის საკუთრებაში არსებული ნებისმიერი სხვა ქონებიდან.

 

დადგენილია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულების მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ თუ გირავნობის საგნის რეალიზაციიდან მიღებული თანხა საკმარისი არ იქნებოდა უზრუნველყოფილი მოთხოვნის მთლიანად დასაფარავად, მაშინ მსესხებელი კისრულობდა ვალდებულებას მთელი თავისი ქონებით ეგო პასუხი ნებისმიერ ნაშთზე. მხარეთა შეთანხმებით, იგივე წესი ვრცელდებოდა გირავნობის საგნის რეალიზაციის პროცესში წარმოშობილ ხარჯებსა და დანახარჯებზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 276.1. მუხლის თანახმად, მოგირავნის დაკმაყოფილება ხდება გირავნობის საგნის რეალიზაციით ან მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით დაგირავებული ნივთის მოგირავნის საკუთრებაში გადაცემით, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით კი, მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად ან გირავნობის საგნის ღირებულება მთლიანად არ ფარავს ამ მოთხოვნის ოდენობას, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

განსახილველ შემთხვევაში უდავოდ დადგენილია, რომ მხარეები წერილობით შეთანხმდნენ ვალდებულების დასაფარავად გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხის არასაკმარისობის შემთხვევაში, დარჩენილი ნაშთის დაფარვის წესზე, რის გამოც სადავო საკითხი უნდა გადაწყდეს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული პირობების მიხედვით. შესაბამისად, აღსრულება დაკისრებული თანხის ამოღების მიზნით უნდა მიექცეს მოპასუხის საკუთრებაში არსებულ ნებისმიერ ქონებაზე.

 

6.5. დადგენილია, რომ მოსარჩელე ასევე მოითხოვს გირავნობის საგნის - ავტომანქანის შეფასების აქტის მომზადების სანაცვლოდ გადახდილი საფასურის - 100 ლარის ანაზღაურების დაკისრებას მოპასუხისათვის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად კი, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

 

განსახილველ შემთხვევაში, უდავოდ დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მოსარჩელე იძულებული გახდა გაეღო დამატებითი ხარჯი, გირავნობის საგნის - ავტომანქანის შეფასების აქტის მომზადების სანაცვლოდ გადახდილი საფასურის სახით, რომლის გაღების საჭიროება არ დაუდგებოდა მოპასუხის მიერ ვალდებულების ჯეროვნად და დათქმულ დროში შესრულების შემთხვევაში. მოპასუხე ხელშეკრულების გაფორმების მომენტიდან ინფორმირებული იყო ვალდებულების შეუსრულებლობიდან გამომდინარე ყველა მოსალოდნელ შედეგზე, შესაბამისად, სახეზეა სკ-ის 408-ე და 412-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობები, გირავნობის საგნის - ავტომანქანის შეფასების აქტის მომზადების სანაცვლოდ გადახდილი საფასურის - 100 ლარის ანაზღაურების მოპასუხისათვის დასაკისრებლად.

 

7. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები. აღსრულება არ შეჩერდება ამავე დავის საგანზე მესამე პირის სარჩელის საფუძველზედაც.

 

საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულების 8.12. პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილება მიქცეული იქნება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. ამდენად, საფუძვლიანია მოსარჩელის მოთხოვნა სასამართლო გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

8. საპროცესო ხარჯები.

 

8.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოპასუხე მხარემ სარჩელი არ ცნო. მოსარჩელის მიერ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 318 ლარის ოდენობით (სახელმწიფო ბაჟი სარჩელზე და სარჩელის უზრუნველყოფაზე). ამდენად მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად დავის საგის ღირებულების 3%- 85,98 ლარი, ასევე სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი, ხოლო სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში გადახდილი ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის პირველი წინადადების თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისთვის კანონით დადგენილი წესით.

 

ვინაიდან სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა არ არსებობს გამოყენებული უზრუნველყოფის გაუქმების საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. შპს ,,ე---------------+’’-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. ე-–---------------–--ეს - შპს ,,ე---------------+„ის სასარგებლოდ დაეკისროს სესხის ძირი თანხა 956,5 აშშ დოლარის გადახდა;

 

3. ე-–---------------–--ეს - შპს ,,ე---------------+„ის სასარგებლოდ დაეკისროს სარგებელის 205.65 აშშ დოლარის გადახდა;

 

4. ე-–---------------–--ეს - შპს ,,ე---------------+„ის სასარგებლოდ დაეკისროს ავტომობილის შეფასების აქტის მომზადების სანაცვლოდ გადახდილი თანხის 100 ლარის გადახდა.

 

5. ე-–---------------–--ეს - შპს ,,ე---------------+„ის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის თანხა 135,98 ლარის ოდენობით (სახ. ბაჟი სარჩელზე 85.98 ლარი და სარჩელის უზრუნველყოფაზე 50 ლარი).

 

6. ე-–---------------–--ეზე დაკისრებული თანხის გადახდევინება განხორციელდეს მოპასუხის საკუთრებაში არსებული ნებისმიერი ქონების რეალიზაციის გზით.

 

7. სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

 

8. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილება (საქმე №2/941-17) მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

9. დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის ნაწილში გადაწყვეტილება საჩივრდება კერძო საჩივრით გადაწყვეტილების გადაცემიდან 12 დღის განმავლობაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

10. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ.№32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (ქუთაისი, კუპრაძის ქუჩა #11).

 

11. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არ უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე დარინა აბულაძე