გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 19.02.2020
საქმის ნომერი
010310018002399782
კატეგორია
დავის ტიპი
შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე
თარიღი
19.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 3/194-18 (010310018002399782)

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

21.02.2020 წელი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე - კობა გოცირიძე

სხდომის მდივანი - ქეთევან თურმანიძე

 

მოსარჩელე - მ-----------–-----

წარმომადგენელი - მ-------------–---

 

მოპასუხე - ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო

წარმომადგენელი - ი-----–--------------–---

 

დავის საგანი - ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა; სამსახურში აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება, პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის დადგენა.

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. ბათილად იქნას ცნობილი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2018 წლის 15 მარტის #06/3 ბრძანება, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის შესყიდვებისა და მატერიალური უზრუნველყოფის განყოფილების უფროსის მ-----------–------ გათავისუფლებისა და მისი მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვის შესახებ. პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის დადგენა.

 

1.2 სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება 2018 წლის 15 მარტიდან წინამდებარე საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ყოველთვიურად 1600 ლარის ოდენობით (ხელზე ასაღები თანამდებობრივი სარგო)

 

დავის მოკლე არსი; მ-----------–-----ს ეჭირა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესყიდვებისა და მატერიალური უზრუნველყოფის განყოფილების უფროსის პოზიცია. 2018 წლის 31 იანვარს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის №05/7 ბრძანების საფუძველზე დაიწყო რეორგანიზაციის პროცესი, რასაც წინ უძღოდა, მ-----------–------ მიერ წინასაარჩევნო პერიოდში facebook-ის მეშვეობით გაკეთებული კრიტიკული პოლიტიკური განცხადებები, მმართველი პოლიტიკური პარტიის მიმართ. 2018 წლის 12 თებერვალს მ-----------–-----მ მიიღო საკრებულოს წერილობითი შეტყობინება, რომლითაც განემარტა, რომ რეორგანიზაციასთან დაკავშირებული ახალი სტრუქტურის საკრებულოს მიერ დამტკიცების შემთხვევაში, 2018 წლის 15 მარტიდან გათავისუფლდებოდა დაკავებული თანამდებობიდან. მნიშვნელოვანია, რომ ე.წ. გამოცხადებული რეორგანიზაცია შეეხო მხოლოდ მ-----------–------ მიერ დაკავებულ პოზიციას, რაც თავისთავად აღძრავს ლეგიტიმურ ეჭვს იმის შესახებ, რომ ზემოთხსენებული გადაწყვეტილების მიღება განპირობებული გახლდათ წინასაარჩევნო პერიოდში გახმოვანებული განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებებით. ხაზგასასმელია, რომ რეორგანიზაცია მიზნად არ ისახავდა საშტატო ნუსხის შემცირებას და ხარჯების ეკონომიურობის უზრუნველყოფას, სხვანაირად შეუძლებელია შეფასდეს, თუ რატომ შეეხო რეორგანიზაცია მხოლოდ და მხოლოდ ერთ შტატს, ამასთან იმ პოზიციას, რომელიც ეკავა განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანს. შეკრებილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების საფუძველზე ჩნდება მინიმუმ გონივრული ეჭვი, მისი პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციასთან დაკავშირებით. რეორგანიზაციის პროცესს წინ უძღოდა მისი კრიტიკული შეხედულებები მმართველი პოლიტიკური გუნდის წინააღმდეგ, რასაც შედეგად მოჰყვა მისი დასჯა. პროცედურული თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, რომ მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2018 წლის 1-ლი თებერვლის №05/8 ბრძანებით, რეორგანიზაციის მიზნით უნდა განხორციელებულიყო შესაბამისი ღონისძიებები. ყოველივე ზემოთაღნიშნულის გათვალისწინებით, ცალსახაა, რომ ე.წ. რეორგანიზაციის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება წარმოადგენდა მ-----------–------ წინააღმდეგ მიმართულ პოლიტიკური ანგარიშსწორების აქტს, რასაც შემდგომში მოჰყვა კიდეც სადაო აქტი ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 15 მარტის #06/3 ბრძანება, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის შესყიდვებისა და მატერიალური უზრუნველყოფის განყოფილების უფროსის მ-----------–------ გათავისუფლებისა და მისი მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვის შესახებ. დარღვეულ უფლებებში აღდგენის მიზნით იგი იძულებული გახდა, მიემართა სასამართლოსთვის. (იხ. სარჩელი)

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

2.1. მოპასუხის ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო დაეთანხმა შესაგებელში დაფიქსირებულ გარემოებებს და განმარტა, რომ მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2018 წლის 1-ლი თებერვლის №05/8 ბრძანებით, განისაზღვრა მხოლოდ დაგეგმილი რეორგანიზაციის მოსამზადებელი ორგანიზაციული ღონისძიებები მოსარჩელე მიუთითებს იმაზე, რომ სადავო აქტის გამოცემის შემდეგ საკრებულოში ჩატარებული რეორგანიზაცია თითქოს შეეხო მხოლოდ საკრებულოს აპარატის შესყიდვებისა და მატერიალური უზრუნველყოფის განყოფილების უფროსის პოზიციას, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. რეორგანიზაციის ფარგლებში მოხდა მთლიანად შესყიდვებისა და მატერიალური უზრუნველყოფის განყოფილების გაუქმება, რის საფუძველი გახდა საჯარო სამსახურის რეფორმის ფარგლებში სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ მოწოდებული რეკომენდაცია და მეთოდური მითითება. კერძოდ, სამეურნეო დარგის თანამშრომლები, რომლებიც ასრულებენ დამხმარე და ტექნიკურ ფუნქციას, არ შეიძლება იყვნენ საშტატო თანამდებობაზე და ისინი დასაქმებულნი უნდა იყვნენ შრომითი ხელშეკრულებით, ვინაიდან ისინი არ არიან პროფესიული საჯარო მოხელეები. შესაბამისად, სამეურნეო დარგის თანამშრომლების ხელშეკრულებაზე გადასვლის შემდგომ რჩებოდა მხოლოდ შესყიდვების მიმართულება. ამ კუთხით წლების განმავლობაში საკრებულოს აპარატს ემსახურებოდა ერთი შესყიდვების სპეციალისტი და მომავალშიც საკმარისი იქნება ერთი თანამშრომელი შესყიდვების მიმართულებით (არ არის შესყიდვების მოცულობის გაზრდა დაგეგმილი და არც ამჟამად არის დიდი მოცულობის შესყიდვები საკრებულოში). არაეფექტური გახდა განყოფილების უფროსის პოზიცია, რომელიც თანამდებობრივად ასრულებდა მენეჯერულ ფუნქციებს, ხოლო შესყიდვების სპეციალისტი დაექვემდებარა აპარატის უფროსის უშულო ხელმძღვანელობას.

 

გარდა ზემოაღნიშნულისა, რეორგანიზაციის ფარგლებში გაუქმდა ასევე საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროტოკოლის განყოფილება. აქაც სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს რეკომენდაციით ტექნიკური (დამხმარე) ფუნქციის მქონე თანამშრომელი (თარჯიმანი) გადადის შრომით ხელშეკრულებაზე (ზემოთდასახელებული არგუმენტაციის გამო), ხოლო 2 თანამშრომელი დარჩება შტატში (განყოფილების უფროსის გარეშე, უშუალოდ აპარატის უფროსის დაქვემდებარებაში), მათ შორის ერთი საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით, ხოლო მეორე პროტოკოლის ხაზით. ამდენად რეორგანიზაციის საფუძველზე გაუქმდება არამარტო შესყიდვებისა და მატერიალური უზრუნველყოფის განყოფილების უფროსის თანამდებობა არამედ საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროტოკოლის განყოფილების უფროსის თანამდებობაც. გარდა ამისა 3 შტატი გაუქმდა და თანაშრომლები გადადიან შრომით ურთიერთობაზე. საკრებულოს აპარატში 6 განყოფილების ნაცვლად დარჩა 4 განყოფილება და 32 შტატის ნაცვლად 28 შტატი, რომელიც თავისთავად არის წლის განმავლობაში რამდენიმე ათეული ათასი ლარის, როგორც არაეფექტური ხარჯის ეკონომია. ამასთან უნდა აღინიშნოს რომ საკრებულოს აპარტის ოპტიმიზაციის შედეგად მოხდა რამდენიმე თანამშრომელთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა (ნაწილი მოიშალა ვადამდე და ნაწილი ვადის გასვლის შემდეგ აღარ გაგრძელებულა). შესაბამისად, არასწორია შეფასება იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს და მხოლოდ მოსარჩელეს შეეხო რეორგანიზაციის პროცესი. უსაფუძვლოა მოსარჩელის მოსაზრება იმასთან დაკავშირებითაც, რომ რეორგანიზაცია ფორმალურ ხასიათს ატარებს და მისი მიზანია პოლიტიკური შეხედულებების გამო მოსარჩელის განთავისუფლება. ჯერ ერთი, გაუგებარია, რა პოლიტიკური განცხადებები გააკეთა მოსარჩელემ ან როდის. ამასთან, საკრებულო ყოველთვის იყო და არის მრავალპარტიული წარმომადგენლობითი ორგანო, შესაბამისად საკრებულოს აპარატშიც ყოველთვის მუშაობდნენ და ახლაც მუშაობენ სხვადასხვა (განსხვავებული) პოლიტიკური შეხედულებების მქონე საჯარო მოხელეები და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული თანამშრომლები, რომლებსაც არანაირი განცდა და საფუძველი არ ჰქონიათ, რომ ისინი თავიანთი პოლიტიკური შეხედულებების გამო იზღუდებიან და შესაბამისად ალოგიკურია ამ მხრივ რატომ უნდა ყოფილიყო ერთადერთი გამონაკლისი მოსარჩელე. შესაბამისად, უსაფუძვლოა მოსარჩელის მითითება იმაზე, რომ რეორგანიზაცია მხოლოდ მას შეეხო და ხდება მისი დისკრიმინაცია პოლიტიკური შეხედულებების გამო. საკრებულოს აპარატში მიმდინარე რეორგანიზაცია გამომდინარეობს მხოლოდ საჯარო დაწესებულების ინტერესებიდან, იგი სრულად პასუხობს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს, დაცულია კანონის ყველა ნორმა და მოთხოვნა როგორც რეორგანიზაციის შინაარსობრივი (მატერიალური) ისე პროცესუალური თვალსაზრისით. შესაბამისად არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. (იხ. შესაგებელი)

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. მ-----------–-----ს საკრებულოს თავმჯდომარის 2015 წლის 1-ლი სექტემბრის ბრძანების საფუძველზე ეჭირა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესყიდვებისა და მატერიალური უზრუნველყოფის განყოფილების უფროსის პოზიცია, რომელიც მან დაიკავა საჯარო კონკურსის შედეგების მიხედვთ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სხდომის ოქმი;

- მხარის ახსნა-განმარტება.

 

3.2. 2018 წლის 31 იანვარს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის №05/7 ბრძანების საფუძველზე დაიწყო რეორგანიზაციის პროცესი. „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის რეორგანიზაციის დაგეგმვისა და განსახორციელებელ ღონისძიებათა გეგმის განსაზღვრის შესახებ“ საკრებულოს თავმჯდომარის 2018 წლის 1-ლი თებერვლის №05/9 ბრძანებით გადაწყდა, რომ დაწყებულიყო საკრებულოს აპარატის რეორგანიზაციის მეორე ეტაპი - აუცილებელი სამართლებრივი აქტების ცვლილების მომზადება და ორგანიზაციული სტრუქტურის პროექტის შემუშავება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- იხ. 2018 წლის 31 იანვრის ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის №05/7 და 2018 წლის 1-ლი თებერვლის №05/9 ბრძანებები;

 

3.3. საკრებულოს თავმჯდომარის 2018 წლის 1-ლი თებერვლის №05/9 ბრძანებით შექმნილმა პასუხისმგებელმა სამუშაო ჯგუფმა შეისწავლა საკრებულოს აპარატის არსებული სტრუქტურა, თითოეული სტრუქტურული ერთეულის და საჯარო მოსამსახურის ფუნქცია-მოვალეობები და 2018 წლის 9 თებერვალს მიიღო დასკვნა, რომლის თანახმად, ჩატარებული ანალიზის საფუძველზე ეფექტიანი მმართველობის უზრუნველყოფის მიზნით უნდა მოხდეს საკრებულოს აპარატის რეორგანიზაცია და საკრებულოს აპარატის ნაწილობრივ ახალი სტრუქტურის ჩამოყალიბება. დასკვნა შეეხება საკრებულოს აპარატის შესყიდვებისა და მატერიალური უზრუნველყოფის განყოფილებასაც. 2018 წლის 12 თებერვალს მ-----------–-----მ მიიღო საკრებულოს №134-12 წერილი, რომლითაც განემარტა, რომ რეორგანიზაციასთან დაკავშირებული ახალი სტრუქტურის საკრებულოს მიერ დამტკიცების შემთხვევაში გაუქმდება საკრებულოს აპარატის შესყიდვებისა და მატერიალური უზრუნველყოფის განყოფილების უფროსის თანამდებობა და 2018 წლის 15 მარტიდან იგი გათავისუფლდებოდა დაკავებული თანამდებობიდან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სამუშაო ჯგუფის 2018 წლის 9 თებერვლის დასკვნა;

- მხარის ახსნა-განმარტება.

 

3.4. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 15 მარტის #06/3 ბრძანებით, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის შესყიდვებისა და მატერიალური უზრუნველყოფის განყოფილების უფროსის მ-----------–----- გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და მოხდა მისი მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვა. მ-----------–-----მ 2018 წლის 23 თებერვალს სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართ, რომლითაც მოითხოვა, „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის რეორგანიზაციის დაგეგმვისა და განსახორციელებელ ღონისძიებათა გეგმის განსაზღვრის შესახებ“ საკრებულოს თავმჯდომარის 2018 წლის 1-ლი თებერვლის №05/8 ბრძანების ბათილად ცნობა; ამავე სასამართლოს 2018 წლის 08 აგვისტოს (საქმე #3-87/18) განჩინებით საქმის წარმოება მ-----------–------ სარჩელისა გამო შეწყდა სარჩელის დაუშვებლობის მოტივით. მ-----------–-----მ 2018 წლის 16 აპრილს სარჩელი აღძრა სასამართლოში ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართ, რომლითაც მოითხოვა, რეორგანიზაციის გამო, შტატების შემცირების საფუძვლით მისი სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე, საკრებულოს 2018 წლის 15 მარტის №06/3 ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- იხ. 2018 წლის 08 აგვისტოს (საქმე #3-87/18) განჩინება. მ-----------–------ სასარჩელო განცხადება.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, მხარეები ადმინისტრაციული საქმის განხილვისას სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის შესაბამისად, მოპასუხე ვალდებულია, წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამასთან, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი. მოპასუხე მხარის მიერ არის დასაბუთებული მის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ფაქტობრივი და სამართლებრივი არგუმენტაცია, იმ მხრივ, რომ ადმინისტრაციული წარმოების შედეგად განხილული საკითხის გადასაწყვეტად სრულყოფილად იქნა გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არ არსებობს მოსარჩელის მიერ აღძრული სასარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1. ადამიანის უფლებების და თავისუფლებების აღიარება, დაცვა და მათი რეალიზაციის ეფექტიანად უზრუნველყოფა, ძირითადი ვექტორია ქვეყნების დემოკრატიული წყობილების არსებობისა და ქვეყნის ასეთი მოწყობის ლიბერალურ ღირებულებებთან თანაცხოვრების გარდაუვალობის სარგებელში, მით უფრო, რომ უფლებებში აღიარების და თავისუფლებების მოპოვების ძალისხმევები ვრცელ ისტორიულ მოვლენებს უკავშირდება ადამიანების თავგანწირვის, საკუთარი სიცოცხლის დაკარგვის რისკის ხარჯზე.

 

საქართველოს სახელმწიფო, რომელსაც ქვეყნის მოწყობის და სიცოცლხისუნარიანობის საშუალებად გააჩნია ძირითადი კანონი, ქვეყნის ძირითადი პრინციპების და პოსტულატების დეკლარირების აქტი - საქართველოს კონსტიტუცია, აღიარებს ადამიანის უფლებებს და თავისუფლებებს, როგორც ყველაზე მთავარ ღირებულებებს სახელმწიფოს კეთილდღეობის, არსებობის სტაბილურობის და განვითარების პერსპექტივებში.

 

წინამდებარე სადავო ურთიერთობიდან გამომდინარე, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს ისეთ უფლებაზე და თავისუფლებაზე, როგორიც არის ეკონომიკური და სოციალური უფლება (ეკონომიკური უფლებებში მოიაზრება დასაქმება და შრომის ბაზარი და აშ. ხოლო სოციალური უფლებები შრომის სამართლიანი ანაზღაურება კომპენსაციები შრომის სამართლიანი პირობები და აშ.) და შრომის თავისუფლება (1995 წლის კონსტიტუციამდე არსებული საბჭოთა საქართველოს კონსტიტუციით, შრომა იყო ვალდებულება). ეს უკანასკნელი წარმოადგენს ეკონომიკური და სოციალური უფლების რეალიზაციის გარდაუვალ შესაძლებლობას.

 

ზემოაღნიშნული უფლებები და თავისუფლება განმტკიცებულია, ეროვნულ დონეზე და ჰარმონიზებულია აღიარებულ საერთაშორისო სტანდარტებთან. ეკონომიკური და სოციალური უფლებები, შრომის თავისუფლება სიცოცხლისუნარიანი ამ ღირებულებების ხელმისაწვდომობის სრულყოფილების ტენდენციის ხარისხით. ლიბერალური ღირებულების დემოკრატიული ქვეყნების სახელმწიფო კეთილდღეობის ინდექსის სიმაღლის საზომის მნიშვნელოვანი ეტაპი განპირობებულია ქვეყნების ამბიციით მათი პოლიტიკური პროგრამის მიმართულებები უკავშირდებოდეს სწორედ ეკონომიკური და სოციალური უფლებების, შრომის თავისუფლების პრიორიტეტულობის გამოკვეთას.

 

6.2. სასამართლო მნიშვნელოვნად მიიჩნევს საკითხის ფართო გააზრებისთვის ყურადღება გაამახვილოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში განმარტებული ,,შრომის“ ცნებაზე, კერძოდ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო 2007 წლის 26 ოქტომბრის №2/2-389 გადაწყვეტილებაში, საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქე მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ“ მიუთითებს, რომ ,,ადამიანის ნებისმიერი საქმიანობა ვერ ჩაითვლება ,,შრომად’’ და არ ექვემდებარება დაცვას კონსტიტუციის 30-ე მუხლის საფუძველზე. ,,შრომად’’ შეიძლება გავიგოთ მხოლოდ ისეთი საქმიანობა, რომელიც მატერიალური და სულიერი თვალსაზრისით ემსახურება ადამიანის ცხოვრების საფუძვლის შექმნასა და შენარჩუნებას. შრომა, ერთის მხრივ, წარმოადგენს ადამიანის მატერიალური უზრუნველყოფის, ხოლო მეორეს მხრივ, პიროვნული თვითრეალიზაციისა და განვითარების საშუალებას. ადამიანის პროფესიული საქმიანობა შეიძლება მოიცავდეს რამდენიმე მიმართულებას, მაგრამ საქმიანობის ნაწილი წარმოადგენს კონსტიტუციით დაცულ სიკეთეს მაშინ, როდესაც ის განგრძობადი და მატერიალური შემოსავლის მომტანია ან მისი ჩამოცილებით აღარ იარსებებდა შემოსავლის მომტანი პროფესიული საქმიანობის ძირითადი მიმართულება’’. შრომის უფლება თანამედროვე დოქტრინალური გაგებითაც მხოლოდ საარსებო წყაროს მოპოვების საშუალებად არ მოიაზრება, ის ადამიანის ღირსების დაფიქსირების, პიროვნული დამკვიდრების და განვითარების, თვითრეალიზაციის შესაძლებლობების მთავარი და სასიცოცხლო მიზანიც და საშულებაცაა.

 

6.3. საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, 1. შრომის თავისუფლება უზრუნველყოფილია. ყველას აქვს სამუშაოს თავისუფალი არჩევის უფლება. უფლება შრომის უსაფრთხო პირობებზე და სხვა შრომითი უფლებები დაცულია ორგანული კანონით. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” პუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

ამრიგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი აქტი შეიცავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ლეგალური დეფინიციის ყველა ელემენტს, რაც მისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევის საფუძველს წარმოადგენს. შესაბამისად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს სადავო აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან.

 

საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტით, 1. საქართველოს ყოველ მოქალაქეს აქვს უფლება დაიკავოს ნებისმიერი საჯარო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. საჯარო სამსახურის პირობები განისაზღვრება კანონით. ხოლო საჯარო სამსახურში მიღების პირობები განსაზღვრულია კანონით, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე საჯარო სამსახურში მიღებისას, თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში თუ საჯარო სამსახურიდან გათავისუფლების დროს დაცულია რაიმე სახის არამართლზომიერი, კანონსაწინააღმდეგო ჩარევისაგან, ხოლო ამავე კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შრომა თავისუფალია.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე, რომლის მიხედვით, საქართველოს კონსტიტუციის (ძვ. რედაქცია) 29-ე მუხლი იცავს მოქალაქის უფლებას საჯარო სამსახურიდან უკანონოდ და დაუსაბუთებლად განთავისუფლებისაგან (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 4 აგვისტოს №2/5/595 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ნათია იმნაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) კერძოდ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნულ გადაწყვეტილებაში კიდევ ერთხელ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტი „იცავს მოქალაქის უფლებას, ჰქონდეს თავისუფალი წვდომა სახელმწიფო სამსახურზე, ამასთან, გულისხმობს საჯარო სამსახურში დასაქმებული პირის თანამდებობასთან დაკავშირებულ კონსტიტუციურ გარანტიებს - არ იქნეს დაუსაბუთებლად გათავისუფლებული სამსახურიდან, იყოს დაცული ყოველგვარი გარე ჩარევისგან“. საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტი პირს იცავს საჯარო სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებისაგან. აღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე, საჯარო მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების მატერიალური საფუძვლები უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციით დადგენილ მოთხოვნებს.

 

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 21-ე და 23-ე მუხლების მიხედვით, ყოველ ადამიანს აქვს უფლება უშუალოდ მონაწილეობდეს თავისი ქვეყნის მართვა-გამგეობაში და თანაბარ საფუძველზე შევიდეს თავისი ქვეყნის სახელმწიფო სამსახურში აგრეთვე, ყველას აქვს შრომის სამართლიანი პირობებისა და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება, რაც გულისხმობს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას, მათ შორის არ დაუშვას პირის შრომითი პირობების იმგვარად დადგენა, რომელიც სახელმწიფო სამსახურში პირის შრომის უფლებას არამართლზომიერად შეზღუდავს.

 

სასამართლო ასევე განმარტავს, რომ საჯარო სამსახურიდან პირის დაუსაბუთებლად დათხოვნა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლითა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკით, წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლისა და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გარანტირებული შრომითი და პირადი ცხოვრების უფლებით დაცულ სფეროში ჩარევას.

 

6.4. ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად ამ კანონის მიზანია, უზრუნველყოს კარიერულ წინსვლაზე, დამსახურებაზე, კეთილსინდისიერებაზე, პოლიტიკურ ნეიტრალიტეტზე, მიუკერძოებლობასა და ანგარიშვალდებულებაზე დაფუძნებული, სტაბილური, საქართველოს ერთიანი საჯარო სამსახურის ჩამოყალიბებისა და ფუნქციონირების სამართლებრივი საფუძვლების შექმნა. მუხლი 2. ეს კანონი განსაზღვრავს საჯარო მოსამსახურის სტატუსს, პროფესიული საჯარო მოხელის დასაქმებისა და სამსახურის გავლის პირობებს, საჯარო სამსახურის მართვის საკითხებს, აწესრიგებს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საჯარო მოსამსახურეთა სამოხელეო სამართლებრივ ურთიერთობებს, თუ ამავე კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. მუხლი 3. ტერმინთა განმარტება ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) სახელმწიფო სამსახური – საქართველოს სახელმწიფო და ავტონომიური რესპუბლიკების იმ ორგანოებში (დაწესებულებებში) არჩევით ან დანიშვნით თანამდებობაზე საქმიანობა, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ახორციელებენ საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებას, სახელმწიფო ზედამხედველობასა და კონტროლს, აგრეთვე სახელმწიფო თავდაცვას; ბ) სახელმწიფო მოსამსახურე – პირი, რომელსაც სახელმწიფო სამსახურში არჩევითი ან დანიშვნითი თანამდებობა უკავია და რომლის სამართლებრივი სტატუსი და უფლებამოსილება განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციის ან/და შესაბამისი საკანონმდებლო აქტის საფუძველზე; ამ პირის მოადგილე; (22.12.2017. N1826 ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან) გ) საჯარო სამსახური – სახელმწიფო სამსახურში საქმიანობა (გარდა ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირების მიერ განხორციელებული საქმიანობისა), მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) საქმიანობა, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობა (გარდა კულტურულ, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევით, სასპორტო და რელიგიურ, წევრობაზე დაფუძნებულ და ამ კანონითა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კატეგორიის საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობისა). საჯარო სამსახურად ითვლება აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის სათათბირო ორგანოების აპარატებში, საქართველოს ეროვნული ბანკის აპარატში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აპარატში, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატში, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში, საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატში, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატში, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საარჩევნო კომისიების აპარატებში, სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციაში საქმიანობა; დ) საჯარო მოსამსახურე – პროფესიული საჯარო მოხელე/საჯარო მოხელე/მოხელე, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი; ე) პროფესიული საჯარო მოხელე/საჯარო მოხელე/მოხელე (შემდგომ – მოხელე) – პირი, რომელიც უვადოდ ინიშნება მოხელისათვის განკუთვნილ საჯარო სამსახურის საშტატო თანამდებობაზე სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკის, მუნიციპალიტეტის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ, რომელიც ახორციელებს საჯაროსამართლებრივ უფლებამოსილებებს, როგორც თავის ძირითად პროფესიულ საქმიანობას, რაც უზრუნველყოფს მის მიერ საჯარო ინტერესების დაცვას, და რომელიც ამის სანაცვლოდ იღებს შესაბამის ანაზღაურებას და სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიებს; ამავე კანონის მე-2 თავის მიხედვით საჯარო სამსახურის პრინციპები; მუხლი 7. კანონიერება საჯარო მოსამსახურე უნდა მოქმედებდეს მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციისა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად. საჯარო მოსამსახურის ნებისმიერი ქმედება კანონის უზენაესობისა და კანონისმიერი დათქმის პრინციპებს უნდა ემყარებოდეს. მუხლი 8. ერთგულება საჯარო მოსამსახურე ვალდებულია თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილება საჯარო სამსახურის პრინციპებისა და საჯარო ინტერესების დაცვის საფუძველზე განახორციელოს. მუხლი 9. კანონის წინაშე თანასწორობა ყველა საჯარო მოსამსახურე თანასწორია კანონის წინაშე. დაუშვებელია სამოხელეო სამართლებრივი ურთიერთობების მონაწილე საქართველოს ნებისმიერი მოქალაქის კანონიერი უფლებების, თავისუფლებებისა და კანონიერი ინტერესების შეზღუდვა ან მათი განხორციელებისათვის ხელის შეშლა, რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ან საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი, კუთვნილების, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად. მუხლი 10. ეკონომიურობა და ეფექტიანობა საჯარო მოსამსახურე ვალდებულია რესურსების ეკონომიურად გამოყენებითა და ხარჯვით ეფექტიანად, სწორად და კოორდინირებულად წარმართოს საჯარო სამსახურში ორგანიზაციული პროცესი ხალხისა და სახელმწიფოს ინტერესების დასაცავად და ქვეყნის წინაშე მდგარი ამოცანების წარმატებით შესასრულებლად. მუხლი 11. დამსახურებაზე დაფუძნებული საჯარო სამსახური მოხელის სამსახურში მიღების შესახებ გადაწყვეტილება და მის კარიერულ განვითარებასთან დაკავშირებული სხვა გადაწყვეტილება მიუკერძოებლად უნდა იქნეს მიღებული და უნდა ეფუძნებოდეს მოხელის კომპეტენციისა და სამუშაოს შესრულების უნარის სამართლიან და გამჭვირვალე შეფასებას, რომლის მიზანია საუკეთესო კანდიდატის შერჩევა. მუხლი 12. მიუკერძოებლობა საჯარო მოსამსახურე თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას მიუკერძოებელი უნდა იყოს და უნდა ხელმძღვანელობდეს მხოლოდ საჯარო ინტერესებით. მას ეკრძალება პირადი ინტერესებით ხელმძღვანელობა. მუხლი 13. საქართველოს მოქალაქეთათვის საჯარო სამსახურის თანაბარი ხელმისაწვდომობა საქართველოს ყველა მოქალაქისათვის უზრუნველყოფილი უნდა იყოს საჯარო სამსახურში შესვლის თანაბარი შესაძლებლობა, მათი უნარის, კვალიფიკაციისა და პროფესიული მომზადების შესაბამისად.მუხლი 14. ანგარიშვალდებულება საჯარო მოსამსახურე თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული საქმიანობისთვის პირადად აგებს პასუხს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 15. პოლიტიკური ნეიტრალიტეტი საჯარო მოსამსახურეს უფლება არა აქვს, თავისი სამსახურებრივი მდგომარეობა პარტიული (პოლიტიკური) მიზნებისათვის ან/და ინტერესებისათვის გამოიყენოს. საჯარო მოსამსახურეს ასევე უფლება არა აქვს, სამუშაო საათებში ან სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას მონაწილეობა მიიღოს აგიტაციასა და წინასაარჩევნო კამპანიაში. საჯარო მოსამსახურეს ეკრძალება რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საარჩევნო სუბიექტის, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის მხარდასაჭერი ან საწინააღმდეგო აგიტაციისა და კამპანიის პროცესში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება.მუხლი 16. კარიერული განვითარება საჯარო სამსახურში კარიერული განვითარება ემყარება შეფასების სამართლიან სისტემას და სხვა მექანიზმებზე დაფუძნებულ პროფესიულ განვითარებას. მუხლი 17. გამჭვირვალობა და ღიაობა საჯარო სამსახური ხორციელდება გამჭვირვალედ და ღიად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 18. მოხელის სოციალური და სამართლებრივი დაცვა ხალხისა და სახელმწიფოს ერთგულების პრინციპის დაცვის ხელშესაწყობად საქართველოს კანონმდებლობით განისაზღვრება მოხელის სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიები.ამავე კანონის 52-ე მუხლის შესაბამისად 1. საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატის შემცირებისას შესაბამისი მოხელე შესაძლებელია მისი თანხმობით გადაყვანილ იქნეს იმავე ან სხვა საჯარო დაწესებულებაში მისი თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – დაბალ თანამდებობაზე, მისი კომპეტენციის გათვალისწინებით. 2. მოხელის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მობილობით სხვა საჯარო დაწესებულებაში გადასვლა შესაძლებელია მხოლოდ ამ საჯარო დაწესებულების თანხმობით.3. დაუშვებელია მოხელის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მობილობით გადასვლა სხვა საჯარო დაწესებულებაში არსებულ იმ ვაკანტურ თანამდებობაზე, რომლის დასაკავებლადაც დაწყებულია ამ კანონის 34-ე და 48-ე მუხლებით განსაზღვრული პროცედურები.4. მოხელის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მობილობის შეუძლებლობის შემთხვევაში იგი მოხელეთა რეზერვში ირიცხება და ეძლევა შესაბამისი კომპენსაცია. 5. თუ მოხელე უარს განაცხადებს შეთავაზებული მობილობით სარგებლობაზე, იგი მოხელეთა რეზერვში ირიცხება და ეძლევა კომპენსაცია 1 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. (29.06.2017. N1157) ხოლო ამავე კანონის 53-ე მუხლის თანახმად მოხელის შეფასება 1. საჯარო დაწესებულება ვალდებულია ყველა იერარქიული რანგის თანამდებობაზე მომუშავე მოხელე შეაფასოს წელიწადში ერთხელ, „პროფესიული საჯარო მოხელის შეფასების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული მოხელის შეფასების წესის შესაბამისად. 2. მოხელის შეფასებას ექვემდებარება ასევე მოხელის გამოსაცდელი ვადით მიღებული პირი. 3. მოხელის შეფასების პროცესი წარიმართება გამჭვირვალედ, მოხელის უშუალო ხელმძღვანელის მიერ, შესაბამისი საჯარო დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვის ერთეულის წარმომადგენლის ჩართულობით. მოხელის შეფასებისათვის გამოიყენება ოთხდონიანი შეფასების სისტემა: (29.06.2017. N1157) ა) საუკეთესო შეფასება – მოვალეობა ან/და მოსალოდნელზე მეტი სამუშაო საუკეთესოდ შესრულდა, მოხელე მკვეთრად გამოირჩევა შედეგებით ან/და პროფესიული უნარ-ჩვევებით; ბ) კარგი შეფასება – მოვალეობა კარგად შესრულდა, მოხელის შედეგები ან/და პროფესიული უნარ-ჩვევები სტაბილურად შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს; გ) დამაკმაყოფილებელი შეფასება – მოვალეობა ნაწილობრივ კარგად შესრულდა და გაუმჯობესებას საჭიროებს, მოხელე არსებითად არ გამოირჩევა პროფესიული უნარ-ჩვევებით; დ) არადამაკმაყოფილებელი შეფასება – მოვალეობა არ შესრულდა, მოხელის შედეგები ან/და პროფესიული უნარ-ჩვევები არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს. 4. მოხელის გამოსაცდელი ვადით მიღებული პირი მოხელის შეფასებას ექვემდებარება კვარტალში ერთხელ. 5. მოხელე ექვემდებარება შეფასებას, თუ იგი შესაბამის თანამდებობაზე სამსახურებრივ მოვალეობებს არანაკლებ 3 თვე ასრულებს. 6. მოხელის შეფასება ხდება დოკუმენტური მასალების შეფასებით და მოხელესთან გასაუბრებით. 7. შესაფასებელი მოხელის მიერ შეფასებაზე უარის თქმა მძიმე დისციპლინურ გადაცდომად ითვლება. 8. საჯარო დაწესებულება მოხელეთა შეფასების შედეგებს ასახავს საჯარო სამსახურში ადამიანური რესურსების მართვის ერთიან ელექტრონულ სისტემაში.

 

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 01 სექტემბრის #417 დადგენილების 2017 წელს გაუქმებული მუნიციპალიტეტების პროფესიულ საჯარო მოხელეთა შეფასების დროებითის წესის დამტკიცების შესახებ დადგენილების მე-7 მუხლის თანახმად შეფასების კომისია იღებს შემდეგ გადაწყვეტილებას ;ა; პუნქტი საუკეთესო შეფასება - შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას და გააჩნია მაღალი თანამდებობისათვის აუცილებელი პროფესიული უნარ-ჩვევები. ხოლო ამავე მუხლის ;ბ; ქვეპუნქტის თანახმად ;კარგი შეფასება; - შეესაბამება დაკავებულ თანადებობას. ამავე წესის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად 2017 წლის შექმნილი შესაბამისი მუნიციპალიტეტების მერიებში/ საკრებულოების აპარატებში მობილობის წესით გადაყვანისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ამ წესის შესაბამისად განხორციელებული მოხელის შეფასების შედეგები.

 

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №199 დადგენილებით პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის შესახებ გასაზღვრულია შემდეგი; მუხლი 1. რეგულირების სფერო 1. პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს საჯარო დაწესებულებების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებისას შესაბამისი პროფესიული საჯარო მოხელის (შემდგომში – მოხელე) მობილობის წესსა და პირობებს, მობილობის პროცესში ჩართული სუბიექტების უფლებამოსილების განხორციელების საკითხებს. 2. ეს წესი ასევე არეგულირებს საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმისა და მოხელის რეზერვთან დაკავშირებულ საკითხებს. მუხლი 2. მობილობის მიზანი მობილობის მიზანია საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირების შედეგად თანამდებობიდან გასათავისუფლებელ პროფესიულ საჯარო მოხელეთა დასაქმების უზრუნველყოფა, საჯარო სამსახურში პროფესიონალი კადრებისა და საჯარო სამსახურის სტაბილურობის შენარჩუნება. მუხლი 3. ტერმინთა განმარტება 1. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) მობილობა – საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირების შედეგად თანამდებობიდან გასათავისუფლებელი მოხელის გადასვლა სხვა საჯარო დაწესებულებაში ტოლფას ან უფრო დაბალ თანამდებობაზე; ბ) საჯარო დაწესებულება – „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საჯარო დაწესებულება; გ) რეორგანიზაცია/ლიკვიდაცია/შერწყმა – მუხლი 4. მობილობის საფუძველი და მობილობას დაქვემდებარებული პირები 1. მობილობის საფუძველია საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირება. 2. მობილობას ექვემდებარება მხოლოდ საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მის სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო, შტატების შემცირების შედეგად, თანამდებობიდან გასათავისუფლებელი მოხელე.

 

ამავე დადგენილების მე-11 და მე-12 მუხლების შესაბამისად; მუხლი 11. საჯარო დაწესებულების ლიკვიდაციისას და აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციას ან/და მის სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმას თან სდევს საჯარო დაწესებულების საშტატო რიცხოვნობის შემცირება, საჯარო დაწესებულება ვალდებულია, რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და შერწყმის დასრულებამდე ერთი თვით ადრე განსაზღვროს თანამდებობიდან გასათავისუფლებელ მოხელეთა სია და აცნობოს მათ რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და შერწყმის შესაძლო შედეგები. 2. საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო, შტატების შემცირებისას გასათავისუფლებელ მოხელეთა მობილობის ეტაპზე, საჯარო დაწესებულება ვალდებულია, ითანამშრომლოს ბიუროსთან თანამდებობიდან გასათავისუფლებელი მოხელეების კომპეტენციის შესაბამისი თანამდებობის მოძიებისა და მათი ხელახალი დასაქმების მიზნით. 3. მობილობის ეტაპი გრძელდება საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის დასრულებამდე 1 თვის განმავლობაში. მუხლი 12. მობილობის წესი 1. საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო, შტატების შემცირებისას შესაბამისი მოხელე შესაძლებელია მისი თანხმობით გადაყვანილ იქნეს იმავე ან სხვა საჯარო დაწესებულებაში მისი თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – დაბალ თანამდებობაზე, მისი კომპეტენციის გათვალისწინებით. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირობის უზრუნველყოფის მიზნით, შესაბამისი საჯარო დაწესებულების მიმართვიდან ერთი კვირის ვადაში, ბიურო ადამიანური რესურსების მართვის ერთიან ელექტრონულ სისტემაში მოიძიებს ინფორმაციას საჯარო სამსახურის სისტემაში არსებული შესაბამისი ვაკანტური თანამდებობის შესახებ და აცნობებს მას საჯარო დაწესებულებას. ადამიანური რესურსების მართვის ერთიან ელექტრონულ სისტემაში ვაკანტური თანამდებობების მოძიებისას ბიურო ხელმძღვანელობს ტერიტორიულობის პრინციპის გათვალისწინებით. 3. იმ შემთხვევაში, თუ საჯარო სამსახურის სისტემის მასშტაბით ადამიანური რესურსების მართვის ერთიან ელექტრონულ სისტემაში არ მოიძებნა საჯარო დაწესებულების საშტატო რიცხოვნობის შემცირების შედეგად თანამდებობიდან გასათავისუფლებულ მოხელეთა თანამდებობების ტოლფასი თანამდებობები, ბიურო ვალდებულია, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლამდე მოიძიოს ინფორმაცია დაბალ ვაკანტურ თანამდებობებზე მოხელეთა კომპეტენციის გათვალისწინებით და გააგზავნოს მათ შესახებ ინფორმაცია საჯარო დაწესებულებაში. 4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ვაკანტური თანამდებობის არსებობის შემთხვევაში, საჯარო დაწესებულება ერთი კვირის ვადაში შტატების შემცირების შედეგად თანამდებობიდან გასათავისუფლებელი მოხელის მობილობის საკითხს ათანხმებს შესაბამისი ვაკანტური თანამდებობის მქონე საჯარო დაწესებულებასთან. 5. შესაბამისი ვაკანტური თანამდებობის მქონე საჯარო დაწესებულების მიერ ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული საკითხის შეთანხმების შემთხვევაში, საჯარო დაწესებულება ერთი კვირის ვადაში აღნიშნულ ინფორმაციას ათანხმებს შტატების შემცირების შედეგად თანამდებობიდან გასათავისუფლებელ მოხელესთან. 6. მოხელის მობილობით სხვა საჯარო დაწესებულებაში გადასვლა შესაძლებელია, მხოლოდ ამ საჯარო დაწესებულების თანხმობით, რომელიც გაიცემა შესაბამისი საჯარო დაწესებულების მიმართვიდან ერთი კვირის ვადაში. 7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული საჯარო დაწესებულების თანხმობის შემთხვევაში, მოხელე თავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან და ინიშნება სხვა საჯარო დაწესებულებაში შესაბამის ვაკანტურ თანამდებობაზე. 8. საჯარო დაწესებულება ამ მუხლით განსაზღვრული პროცედურების დასრულების შემდეგ ბიუროს აწვდის ინფორმაციას მობილობის განხორციელების ან მისი შეუძლებლობის შესახებ.

 

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 102-ე მუხლის თანახმად საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციისა და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის მიზანი 1. საჯარო სამსახურის ინტერესებიდან გამომდინარე, სისტემური, ეფექტიანი მმართველობის უზრუნველყოფის მიზნით შესაძლებელია საჯარო დაწესებულების რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმა. 2. საჯარო დაწესებულების რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმა არ შეიძლება გახდეს მოხელის სტატუსის შეწყვეტის საფუძველი, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე კანონის 103-ე მუხლის შესაბამისად საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციისა და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის არსი 1. რეორგანიზაცია არის საჯარო დაწესებულების ინსტიტუციური მოწყობის შეცვლა, რის შედეგადაც მიიღება საჯარო დაწესებულების ნაწილობრივ ან მთლიანად ახალი სტრუქტურა. რეორგანიზაციად ითვლება აგრეთვე საჯარო დაწესებულების შტატების გადაადგილება ან/და შემცირება. რეორგანიზაციად არ ჩაითვლება საჯარო დაწესებულების ან მისი სტრუქტურული ერთეულის მხოლოდ დაქვემდებარების ან სახელწოდების შეცვლა ან/და საჯარო დაწესებულების სტრუქტურული ერთეულისათვის ახალი ფუნქციის დაკისრება. 2. ლიკვიდაცია არის საჯარო დაწესებულების გაუქმება. 3. შერწყმა არის ორი ან ორზე მეტი საჯარო დაწესებულების ფუნქციებისა და ამოცანების ერთ საჯარო დაწესებულებაში გაერთიანება. ხოლო 104-ე მუხლის თანახმად კი საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციისა და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის პროცესი 1. საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის შესახებ გადაწყვეტილებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იღებს საამისოდ უფლებამოსილი პირი. 2. საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის შესახებ გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ბიუროს, საჯარო დაწესებულების მოხელეების ინტერესებიდან გამომდინარე. 3. ამ მუხლით გათვალისწინებული პროცესის განხორციელების უზრუნველსაყოფად ბიურო ვალდებულია: ა) საჯარო დაწესებულებას გაუწიოს მეთოდური დახმარება ინსტიტუციურ მოწყობაში და შეიმუშაოს ამ კანონით გათვალისწინებული რეკომენდაციები; ბ) საჯარო სამსახურში ადამიანური რესურსების მართვის ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით მოიძიოს ინფორმაცია საჯარო სამსახურის სისტემაში არსებული შესაბამისი ვაკანტური თანამდებობების შესახებ; გ) ხელი შეუწყოს შტატების შემცირებისას შესაბამისი მოხელეების მობილობას საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული მოხელის მობილობის წესის შესაბამისად. 4. საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

 

ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსის 23-ე მუხლის თანახმად, 1. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოა კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანო − მუნიციპალიტეტის საკრებულო. 24-ე მუხლის თანახმად 1. მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილებებს განეკუთვნება: ბ.ვ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულებისა და საშტატო ნუსხის დამტკიცება; ამავე კოდექისი 29-ე მუხლის შესაბამისად 1. მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია ცალკეულ საკითხთა შესასწავლად, საჭიროების შემთხვევაში შექმნას დროებითი სამუშაო ჯგუფები. 32-ე მუხლი მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირები არიან: ა) მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე; 35-ე მუხლი ი) ხელს აწერს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებებს, განკარგულებებსა და სხდომების ოქმებს; კ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოსამსახურეებს;

 

განსახილველ შემთხვევში დადგენილია შემდეგი; მ-----------–-----ს საკრებულოს თავმჯდომარის 2015 წლის 1-ლი სექტემბრის ბრძანების საფუძველზე ეჭირა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესყიდვებისა და მატერიალური უზრუნველყოფის განყოფილების უფროსის პოზიცია, რომელიც მან დაიკავა საჯარო კონკურსის შედეგების მიხედვთ. 2018 წლის 31 იანვარს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის №05/7 ბრძანების საფუძველზე დაიწყო რეორგანიზაციის პროცესი. „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის რეორგანიზაციის დაგეგმვისა და განსახორციელებელ ღონისძიებათა გეგმის განსაზღვრის შესახებ“ საკრებულოს თავმჯდომარის 2018 წლის 1-ლი თებერვლის №05/9 ბრძანებით გადაწყდა, რომ დაწყებულიყო საკრებულოს აპარატის რეორგანიზაციის მეორე ეტაპი - აუცილებელი სამართლებრივი აქტების ცვლილების მომზადება და ორგანიზაციული სტრუქტურის პროექტის შემუშავება. საკრებულოს თავმჯდომარის 2018 წლის 1-ლი თებერვლის №05/9 ბრძანებით შექმნილმა პასუხისმგებელმა სამუშაო ჯგუფმა შეისწავლა საკრებულოს აპარატის არსებული სტრუქტურა, თითოეული სტრუქტურული ერთეულის და საჯარო მოსამსახურის ფუნქცია-მოვალეობები და 2018 წლის 9 თებერვალს მიიღო დასკვნა, რომლის თანახმად, ჩატარებული ანალიზის საფუძველზე ეფექტიანი მმართველობის უზრუნველყოფის მიზნით უნდა მოხდეს საკრებულოს აპარატის რეორგანიზაცია და საკრებულოს აპარატის ნაწილობრივ ახალი სტრუქტურის ჩამოყალიბება. დასკვნა შეეხება საკრებულოს აპარატის შესყიდვებისა და მატერიალური უზრუნველყოფის განყოფილებასაც. 2018 წლის 12 თებერვალს მ-----------–-----მ მიიღო საკრებულოს №134-12 წერილი, რომლითაც განემარტა, რომ რეორგანიზაციასთან დაკავშირებული ახალი სტრუქტურის საკრებულოს მიერ დამტკიცების შემთხვევაში გაუქმდება საკრებულოს აპარატის შესყიდვებისა და მატერიალური უზრუნველყოფის განყოფილების უფროსის თანამდებობა და 2018 წლის 15 მარტიდან იგი გათავისუფლდებოდა დაკავებული თანამდებობიდან. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 15 მარტის #06/3 ბრძანებით, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის შესყიდვებისა და მატერიალური უზრუნველყოფის განყოფილების უფროსის მ-----------–----- გათავისუფლდა დკავებული ტანმდებობიდან და მოხდა მისი მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვა.

 

მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2018 წლის 1-ლი თებერვლის №05/8 ბრძანებით, განისაზღვრა მხოლოდ დაგეგმილი რეორგანიზაციის მოსამზადებელი ორგანიზაციული ღონისძიებები მოსარჩელე მიუთითებს იმაზე, რომ სადავო აქტის გამოცემის შემდეგ საკრებულოში ჩატარებული რეორგანიზაცია თითქოს შეეხო მხოლოდ საკრებულოს აპარატის შესყიდვებისა და მატერიალური უზრუნველყოფის განყოფილების უფროსის პოზიციას, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. რეორგანიზაციის ფარგლებში მოხდა მთლიანად შესყიდვებისა და მატერიალური უზრუნველყოფის განყოფილების გაუქმება, რის საფუძველი გახდა საჯარო სამსახურის რეფორმის ფარგლებში სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ მოწოდებული რეკომენდაცია და მეთოდური მითითება. კერძოდ, სამეურნეო დარგის თანამშრომლები, რომლებიც ასრულებენ დამხმარე და ტექნიკურ ფუნქციას, არ შეიძლება იყვნენ საშტატო თანამდებობაზე და ისინი დასაქმებულნი უნდა იყვნენ შრომითი ხელშეკრულებით, ვინაიდან ისინი არ არიან პროფესიული საჯარო მოხელეები. შესაბამისად, სამეურნეო დარგის თანამშრომლების ხელშეკრულებაზე გადასვლის შემდგომ რჩებოდა მხოლოდ შესყიდვების მიმართულება. ამ კუთხით წლების განმავლობაში საკრებულოს აპარატს ემსახურებოდა ერთი შესყიდვების სპეციალისტი და მომავალშიც საკმარისი იქნება ერთი თანამშრომელი შესყიდვების მიმართულებით (არ არის შესყიდვების მოცულობის გაზრდა დაგეგმილი და არც ამჟამად არის დიდი მოცულობის შესყიდვები საკრებულოში). არაეფექტური გახდა განყოფილების უფროსის პოზიცია, რომელიც თანამდებობრივად ასრულებდა მენეჯერულ ფუნქციებს, ხოლო შესყიდვების სპეციალისტი დაექვემდებარა აპარატის უფროსის უშულო ხელმძღვანელობას.

 

გარდა ზემოაღნიშნულისა, რეორგანიზაციის ფარგლებში გაუქმდა ასევე საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროტოკოლის განყოფილება. აქაც სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს რეკომენდაციით ტექნიკური (დამხმარე) ფუნქციის მქონე თანამშრომელი (თარჯიმანი) გადავიდა შრომით ხელშეკრულებაზე (ზემოთდასახელებული არგუმენტაციის გამო), ხოლო 2 თანამშრომრომელი დარჩა შტატში (განყოფილების უფროსის გარეშე, უშუალოდ აპარატის უფროსის დაქვემდებარებაში), მათ შორის ერთი საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით, ხოლო მეორე პროტოკოლის ხაზით.

 

ამდენად რეორგანიზაციის საფუძველზე გაუქმდა არამარტო შესყიდვებისა და მატერიალური უზრუნველყოფის განყოფილების უფროსის თანამდებობა არამედ საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროტოკოლის განყოფილების უფროსის თანამდებობაც. გარდა ამისა 3 შტატი გაუქმდა და თანაშრომლები გადავიდნენ შრომით ურთიერთობაზე. საკრებულოს აპარატში 6 განყოფილების ნაცვლად დარჩა 4 განყოფილება და 32 შტატის ნაცვლად 28 შტატი, რომელიც თავისთავად არის წლის განმავლობაში რამდენიმე ათეული ათასი ლარის, როგორც არაეფექტური ხარჯის ეკონომია. ამასთან უნდა აღინიშნოს რომ საკრებულოს აპარტის ოპტიმიზაციის შედეგად მოხდა რამდენიმე თანამშრომელთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა (ნაწილი მოიშალა ვადამდე და ნაწილი ვადის გასვლის შემდეგ აღარ გაგრძელებულა). შესაბამისად, არასწორია შეფასება იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოსდა მხოლოდ მოსარჩელეს შეეხო რეორგანიზაციის პროცესი. ;საჯარო სამსახურის შესახებ; კანონის 102-104 მუხლების შესაბამისად რეორგანიზაციის დაწყებამდე გადაწყვეტილებას ღებულობს საჯარო დაწესებულებაში საამისოდ უფლებამოსილი პირი რეორგანიზაციად ითვლება მთლიანად ან ნაწილობრივ ახალი სტრუქტურის შექმნა ხოლო შტატების გადაადგილების ან/და შემცირების მიზანია საჯარო სამსახურის ინტერესებიდან გამომდინარე სისტემური და ეფექტიანი მმართველობის უზრუნველყოფა.

 

მოცემულ საქმესთან დაკავშირებით ყურადღება უნდა გავამახვილდეს შტატების შემცირებასა და მათ გაუქმებასთან დაკავშირებით არსებულ უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკაზე. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე Nბს-683-675(2კ-15), აღნიშნულ გადაწყვეტილებაში საკასაციო სასამართლო განმარტავს: „საშტატო ერთეული გაუქმებულად ითვლება, როცა ფუნქციური დატვირთვით აღარ არსებობს ამგვარი შტატი, რომ ახალი საშტატო ერთეულის დასაკავებლად სხვა კრიტერიუმები უნდა იქნეს დაკმაყოფილებული პირის მიერ, ხოლო ის გარემოება რომ პირის გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობა ამგვარი სახელწოდებით აღარ არსებობს, არ წარმოადგენს საფუძველს ვარაუდისთის, რომ ფუნქციურად სხვა საშტატო ერთეული რომელიც რეორგანიზაციის შემდეგ ჩამოყალიბდა მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს სტრუქტურაში, იმავე სახის უფლება-მოვალეობებით არ არის აღჭურვილი.“ შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც ახალი საშტატო ნუსხით გათვალისიწინებული აღარ არის ის საშტატო ერთეული, რაზეც მუშაობდა მოსარჩელე აღნიშნული გარემოება ნათლად ადასტურებს რომ შტატი გაუქმებულია და მოსარჩელის თანამდებობა დღემდე არ არსებობს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოში.

 

6.5. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლით განსაზღვრულია ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების წესი, კერძოდ, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია, ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში; ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-7 მუხლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება, გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა; დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება, გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას.

 

დისკრეციული უფლებამოსილება ადმინისტრაციულმა ორგანომ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების ერთადერთ საზომად არ უნდა მიიღოს. დაუშვებელია ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების კანონიერების მტკიცება მხოლოდ დისკრეციული უფლებამოსილების არსებობაზე მითითებით. მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების შეფასებისას გამოსარკვევია არა მარტო ის, ჰქონდა თუ არა ადმინისტრაციულ ორგანოს კონკრეტული საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება, არამედ ის, თუ როგორ განახორციელა მან აღნიშნული უფლებამოსილება. სასამართლოს კონსტიტუციურ ვალდებულებას წარმოადგენს გააკონტროლოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული დისკრეციული უფლებამოსილების კანონიერება. ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების კანონიერების დადგენა კი, უპირველესად, მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებიდან ხდება შესაძლებელი. მართალია, სასამართლოს კომპეტენციას სცილდება, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების დროს, შეამოწმოს საკითხის გადაჭრის ყველაზე მისაღები გზის არჩევის მიზანშეწონილობა, მაგრამ სასამართლო ზედამხედველობს ასეთი აქტების დასაბუთებულების სათანადოობას, რაც საკითხის გადაჭრის დროს კანონიერების, გამჭირვალობის, ობიექტურად შეფასების თანაბარზომიერების, ყოველმხრივი და სრულყოფილი გამოკვლევის შედეგად არის მიღებული.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია, შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, კერძოდ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომლებსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას, ხოლო ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის, თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვითკონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებს და ფაქტებს, რომელთა სწორად შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის ამ თუ იმ გადაწყვეტამდე, ანუ სწორედ კონკრეტული ფაქტები და საქმის გარემოებები განსაზღვრავს გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს და არა პირიქით. წინააღმდეგ შემთხვევაში საჯარო სამართალურთიერთობა დაკარგავს უზრუნველყოფადობას, სტაბილურობას, გარანტირებულობას, დაირღვევა სამართლის ნორმის და ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ ნდობის პრინციპი, სამართლებრივი უსაფრთხოების განცდა, ხოლო ასეთ პირობებში, მყარი სამართლებრივი წესრიგის ადგილს დაიკავებს მმართველობითი ორგანოს სახელისუფლო ძალაზე დამყარებული თვითნებობა მაშინ, როდესაც ადმინისტრაციული ორგანოსადმი, შესაბამისად, სახელმწიფოსადმი ნდობის პრინციპი და სამართლებრივი უსაფრთხოება, სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი ნიშანია (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 19 ნოემბრის № ბს-301-292 (2კ-13) განჩინება).

 

გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო, უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში, ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით. მას უნდა შეეძლოს, იცოდეს, რა არგუმენტებით უნდა დაუპირისპირდეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რასაც დასაბუთების გარეშე გადაწყვეტილების მიღების პირობებში, მოკლებულია. დასაბუთებული აქტის გამოცემა აადვილებს საჩივრის ან სარჩელის განმხილველი ორგანოების მიერ მისი კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების პროცესს. ამასთან, სასამართლო ამოწმებს არა შერჩეული გადაწყვეტილების მიზანშეწონილობას, არამედ მის კანონიერება-დასაბუთებულობას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 7 ოქტომბრის № ბს-201-199 (კ-14) განჩინება).

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები; ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტის გამოცემისას მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დარღვეულ არ იქნა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით ადმინისტრაციული აქტის გამოსაცემად ადმინისტრაციული წარმოებისათვის დადგენილი მოთხოვნები.

 

6.6. რაც შეხება მოსარჩელის მოთხოვნას პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის დადგენას, მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ წინამდებარე დავის არსებითად სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია დადგინდეს, რეალურად, სახეზეა არის თუა არა დისკრიმინაციის ფაქტი, რაც გულისხმობს ქვეყნის მმართველი პოლიტიკური ძალის ცალკეული წარმომადგენლის მიერ ისეთ მიდგომას, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოებში დასაქმებული მოხელეების მიმართ იწვევს უთანასწორობას და პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციას, მათი შრომითი უფლებების შელახვასა და სამსახურიდან გათავისუფლებას პოლიტიკური გემოვნებისა თუ კუთვნილების გამო.

 

შესაბამისად სასამართლო მიზანშეწონილად და აუცილებლად მიიჩნევს იმსჯელოს და დაადგინოს ფაქტი იმის თაობაზე, ნამდვილად განხორციელდა თუ არა მოსარჩელის მიმართ დისკრიმინაციულ მოპყრობას პოლიტიკური ნიშნით. აღნიშნული ფაქტის დადგენა კი ავტომატურად გადაწყვეტს მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნების სამართლებრივ ბედს.

 

ვინაიდან, მოცემული დავის გადასაწყვეტად უმნიშვნელოვანესია დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია მხარეთა ყურადღება მიაპყროს ზოგადად დისკრიმინაციის არსზე, მის ამკრძალავ ეროვნულ და საერთაშორისო ნორმებზე, ამ ნორმათა განმარტებაზე და ამ კუთხით დამკვიდრებულ ეროვნულ და საერთაშორისო პრაქტიკაზე. ასევე, ყურადღება მიაქციოს შრომის უფლებაზე. საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულით აღიარებულია სახელმწიფოებრივი ნება სოციალური სახელმწიფოს დამკვიდრებისა, რომელიც პირდაპირ და უშუალო კავშირშია შრომის უფლების დაცვასთან.

 

ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის (საქართველოსათვის ძალაშია 1994 წლის 3 აგვისტოდან) მე-6 მუხლის თანახმად, მისი მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შრომის უფლებას, რომელიც შეიცავს თითოეული ადამიანის უფლებას საარსებო სახსრები მოიპოვოს საკუთარი შრომით, რომელსაც თავისუფლად აირჩევს ან თავისუფლად დათანხმდება ან განახორციელებენ სათანადო ღონისძიებებს ამ უფლების უზრუნველყოფისათვის.

 

ადამიანის სოციალურ უფლებებთან დაკავშირებით მნიშვნელოვან დანაწესს ადგენს 1948 წლის 10 დეკემბრის ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 22-ე მუხლი, რომლის თანახმად, ყოველ ადამიანს, როგორც საზოგადოების წევრს, აქვს სოციალური უზრუნველყოფის უფლება და უფლება განახორციელოს ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ დარგებში, ნაციონალური მეცადინეობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მეშვეობით და ყოველი სახელმწიფოს სტრუქტურისა და რესურსების შესაბამისად, ის უფლებები, რომლებიც აუცილებელია მისი ღირსების შენარჩუნებისა და პიროვნების თავისუფალი განვითარებისათვის. ამავე დეკლარაციის 23-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ყველა ადამიანს აქვს შრომის, სამუშაოს თავისუფალი არჩევის, შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობების და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება; ყოველ ადამიანს აქვს უფლება თანაბარი შრომის თანაბრად ანაზღაურებისა ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე. საგულისხმოა, რომ ევროპის სოციალური ქარტიის 24-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ავალდებულებს მხარეებს, აღიარონ ყველა მუშაკის უფლება, უარი თქვან დასაქმების შეწყვეტაზე, საპატიო მიზეზის გარეშე, რომელიც უნდა გამომდინარეობდეს მისი პროფესიული შესაძლებლობებიდან ან ქცევიდან, ასევე საწარმოს შინაგანაწესიდან.

 

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 158-ე კონვენციით დადგენილ, დასაქმებულის სამუშაო ადგილიდან გაუმართლებლად განთავისუფლების დაცვის მინიმალურ სტანდარტთან და შესაბამისად, „გონივრული საფუძვლის“ პრინციპთან დაკავშირებით, ექსპერტთა კომიტეტმა თავის მოხსენებაში განაცხადა, რომ: „კონვენციის მინიმალური სტანდარტი წარმოადგენს სამი ელემენტის - სამართლიანობისა და თანასწორობის უნივერსალური პრინციპების, ინსტიტუტებისა და პროცედურების - ურთიერთშეწყობილ და ჰარმონიულ კომბინაციას.“ იქვე, კომიტეტი აღნიშნულ სტანდარტს განიხილავს, როგორც „აუცილებელს ყველა მუშა-მოსამსახურისათვის“, რომელიც „უზრუნველყოფილ უნდა იქნეს მთელს მსოფლიოში.“

 

შრომის უფლების შესახებ პირდაპირაა მითითებული გაეროს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების კომიტეტის ზოგად კომენტარში, რომელიც ნათლად დეკლარირებს აღნიშნული პრინციპის აუცილებელ გამოყენებაზე და სახელმწიფოთა გარდაუვალ ვალდებულებაზე, უზრუნველყონ მისი შესრულება და პატივი სცენ და დაიცვან იგი. გაეროს ხსენებული კომიტეტი ასევე აცხადებს, რომ ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების პაქტისეული შრომის უფლება აგრეთვე გულისხმობს სახელმწიფოთა ვალდებულებას, რომ მათ „ფიზიკური პირებისათვის უზრუნველყონ უფლება, არ გაათავისუფლონ ისინი სამსახურიდან უსამართლოდ.“ ამავდროულად, გაეროს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების კომიტეტი შრომის უფლებას აკვალიფიცირებს როგორც „ფუნდამენტურ თავისუფლებას, რომელიც აღიარებულია სხვადასხვა სამართლებრივ ინსტრუმენტში“ და ხაზს უსვამს მის უნივერსალურ ხასიათს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე შეიძლება გაკეთდეს დასკვნა, რომ საერთაშორისო სამართალში არსებობს საკმაოდ მყარი opinio juris (მართლშეგნება), 158-ე კონვენციით გათვალისწინებული დასაქმებულის სამუშაო ადგილიდან გონივრული საფუძვლის გარეშე განთავისუფლების პრინციპი. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 158-ე კონვენცია ერთ-ერთ მიზნად ისახავს, სახელმწიფოებმა შიდასახელმწიფოებრივ დონეზე უზრუნველყონ ისეთი სამართლებრივი სისტემების შექმნა, რომლებიც დასაქმებულს სამუშაო ადგილიდან გაუმართლებლად გათავისუფლებისაგან დაიცავდა. ეს მიზანი, უპირველეს ყოვლისა, გამოსჭვივის კონვენციის მე-4 მუხლიდან, რომელიც აცხადებს, რომ დამსაქმებლის ინიციატივით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისათვის აუცილებლად უნდა არსებობდეს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის გონივრული საფუძველი, რომელიც ამავდროულად: ა) კავშირში უნდა იყოს მუშა-მოსამსახურის არაკომპეტენტურობასთან ან/და არასათანადო ქცევასთან; ან ბ) უნდა მომდინარეობდეს საწარმოს, დაწესებულებისა თუ მათი სერვისის ოპერაციული საჭიროებიდან.

 

საყურადღებოა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ (№2/2-389 2007 წლის 26 ოქტომბერი), რომელიც განმარტავს, რომ ,,შრომის თავისუფლება არ უნდა გავაიგივოთ შრომითი უფლებების ცნებასთან. ის შრომითი უფლებების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია და გულისხმობს, რომ არ უნდა მოხდეს ადამიანის იძულებითი შრომის განხორციელება. კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველი პუნქტი აღიარებს არა შრომის უფლებას, არამედ თავისუფალი შრომის უფლებას, რაც გულისხმობს: შრომითი საქმიანობის სფეროს თავისუფალ არჩევას; შრომითი საქმიანობის არჩეულ სფეროში იძულების გარეშე ჩაბმას; შრომითი საქმიანობის პროცესში საკუთარი რესურსების იძულების გარეშე განკარგვას. შრომის თავისუფლების პრინციპის უზრუნველყოფით სახელმწიფო ვალდებულებას იღებს არ მოახდინოს ადამიანის იძულებითი დასაქმება დასაქმებულის ნების საწინააღმდეგოდ (ნეგატიური ვალდებულება) და უზრუნველყოს, რომ კერძო სუბიექტებმა არ მოახდინონ ადამიანის იძულებითი დასაქმება დასაქმებულის ნების საწინააღმდეგოდ (პოზიტიური ვალდებულება)“. მითითებული გადაწყვეტილების მე-19 პუნქტში განმარტებულია, რომ კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველი პუნქტი უნდა განიმარტოს მისი მიზნებიდან გამომდინარე, სოციალური სახელმწიფოს პრინციპთან კავშირში, რომელიც არის კონსტიტუციის ერთერთი ფუძემდებლური პრინციპთაგანი და არ იძლევა საშუალებას, რომ 30-ე მუხლის პირველი პუნქტი გავიგოთ, როგორც მხოლოდ იძულებითი შრომის აკრძალვა. მოქმედი კონსტიტუციურ-სამართლებრივი წესრიგი შრომის უფლების დაცვის სფეროში სოციალური სახელმწიფოს მიერ გაცილებით მეტის უზრუნველყოფას ითვალისწინებს, ვიდრე ეს იძულებითი შრომის არდაშვებაა. კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველი პუნქტი, რა თქმა უნდა, იცავს ნებისმიერ ადამიანს იძულებითი შრომისაგან, რაც ადამიანის ღირსების ხელყოფას წარმოადგენს. კონსტიტუციით დაცულია არა მხოლოდ უფლება, აირჩიო სამუშაო, არამედ ასევე უფლება განახორციელო, შეინარჩუნო და დათმო ეს სამუშაო, დაცული იყო უმუშევრობისაგან და ისეთი რეგულირებისაგან, რომელიც პირდაპირ ითვალისწინებს ან იძლევა სამსახურიდან უსაფუძვლო, თვითნებური და უსამართლო გათავისუფლების საშუალებას. 30-ე მუხლის მე-4 პუნქტი უშუალო კავშირშია რა ამავე მუხლის პირველ პუნქტთან, სხვა საკითხებთან ერთად, შრომითი უფლებების დაცვაზე ახდენს აქცენტირებას და ნორმა, რომელიც წინააღმდეგობაში მოვა მე-4 პუნქტთან, თავისთავად შეუსაბამო იქნება 30-ე მუხლის პირველ პუნქტთანაც“.

 

ამრიგად, შრომის თავისუფლება, თავის მნიშვნელობით, პირდაპირ კავშირშია ადამიანის ღირსებასა და თავისუფალ განვითარებასთან. შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუცია და ზემოაღნიშნული საერთაშორისო სამართლის ნორმები იძლევიან უალტერნატივო დასკვნის საშუალებას, რომ დასაქმებულთა დაცვა შრომის უფლების მინიმალური სტანდარტებით წარმოდგენს სახელმწიფოს უპირობო ვალდებულებას.

 

,,დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრა და ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით თანასწორად სარგებლობის უზრუნველყოფა, რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად.

 

ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, საქართველოში აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია; პირდაპირი დისკრიმინაცია არის ისეთი მოპყრობა ან პირობების შექმნა, რომელიც პირს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით სარგებლობისას ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ნიშნის გამო არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო პირობებში მყოფ პირებს, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ამგვარი მოპყრობა ან პირობების შექმნა ემსახურება საზოგადოებრივი წესრიგისა და ზნეობის დასაცავად კანონით განსაზღვრულ მიზანს, აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში, ხოლო გამოყენებული საშუალებები თანაზომიერია ასეთი მიზნის მისაღწევად.

 

ამავე კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ამ კანონის მოთხოვნები ვრცელდება საჯარო დაწესებულებების, ორგანიზაციების, ფიზიკური და იურიდიული პირების ქმედებებზე ყველა სფეროში, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ქმედებები არ რეგულირდება სხვა სამართლებრივი აქტით, რომელიც შეესაბამება ამ კანონის მე-2 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებს. საქართველოს ორგანული კანონის ,,შრომის კოდექსის“ მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის თანხმად, შრომით და წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი, კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, დისკრიმინაციად ჩაითვლება პირის პირდაპირ ან არაპირდაპირ შევიწროება, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს მისთვის დამაშინებელი, მტრული, დამამცირებელი, ღირსების შემლახველი ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას, ანდა პირისთვის ისეთი პირობების შექმნა, რომლებიც პირდაპირ ან არაპირდაპირ აუარესებს მის მდგომარეობას ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირთან შედარებით.

 

სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ დისკრიმინაციის აკრძალვის თაობაზე მრავალ საერთაშორისო ხელშეკრულებაშია მოხსენიებული და განსაკუთრებით მიუთითებს ,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-14 მუხლზე, რომლის თანახმად, ამ კონვენციით გათვალისწინებული უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობა უზრუნველყოფილია ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე, განურჩევლად სქესის, რასის, კანის ფერის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებების, ეროვნული თუ სოციალური წარმოშობის, ეროვნული უმცირესობისადმი კუთვნილების, ქონებრივი მდგომარეობის, დაბადებისა თუ სხვა ნიშნისა.

 

ზემოაღნიშნული მე-14 მუხლისგან განსხვავებით, რომელიც კრძალავს დისკრიმინაციას მხოლოდ კონვენციით გარანტირებულ უფლებებთან მიმართებით, კონვენციის მე-12 ოქმის პირველი მუხლის თანახმად, კანონით დადგენილი, ნებისმიერი უფლებით სარგებლობა უზრუნველყოფილია ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე, განურჩევლად სქესის, რასის, კანის ფერის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის, ეროვნული უმცირესობისადმი კუთვნილების, ქონების, დაბადების ან სხვა ნიშნისა; დაუშვებელია საჯარო ხელისუფლების მხრიდან ვინმეს დისკრიმინაცია პირველ პუნქტში აღნიშნული რომელიმე საფუძვლით.

 

ზემოთ მითითებული სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით შესაძლებელია დავასკვნათ, რომ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აკრძალვასთან დაკავშირებული საერთაშორისო სტანდარტები კრძალავს ყველა სახის განსხვავებულ მოპყრობას. მაგრამ, იმ შემთხვევაში თუ სახელმწიფომ, მოხელის სახით, ვინმეს მიმართ განახორციელა განსხვავებული მოპყრობა, მაშინ ამ განსხვავებულ მოპყრობას თან უნდა სდევდეს ,,ობიექტური და გონივრული გამართლება“. ხოლო, იმისათვის, რომ განსხვავებული მოპყრობა გამართლებულად ჩაითვალოს პირველ რიგში იგი უნდა ემსახურებოდეს კანონიერი მიზნის მიღწევის ინტერესებს და დაცული უნდა იყოს გონივრული პროპორციულობა მისაღწევ მიზანსა და გამოყენებულ საშუალებებს შორის, ანუ მიზნის მისაღწევად გამოყენებული საშუალებები უნდა იყოს აუცილებელი და შესაფერისი (დისკრიმინაციის ტესტი).

 

სახელმწიფოებს ეკისრებათ ნეგატიური ვალდებულება თანასწორად მოეპყრან თანაბარ მდგომარეობასა და პირობებში მყოფ პირებს და შესაბამისად, მისი როლი, ვალდებულება და პასუხისმგებლობა განუზომლად დიდია დისკრიმინაციის პრევენციის ეფექტიანი ღონისძიებების გატარებაში.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ პირველად იმსჯელა მე-14 მუხლის კონსტიტუციურ სამართლებრივ შინაარსზე საქმეზე მოქალაქეები - ჯანო ჯანელიძე, ნინო უბერი, ელეონორა ლაგვილავა და მურთაზ თოდრია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2003 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილება no. 2/7/219, § 1). სასამართლომ განმარტა: ,,კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპი გულისხმობს ყველა იმ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების თანაბრად აღიარებას და დაცვას, რომელიც იმყოფება თანაბარ პირობებში და კანონით განსაზღვრული საკითხის მიმართ აქვს ადეკვატური დამოკიდებულება. აღნიშნული პრინციპი მოიცავს ხელისუფლების საკანონმდებლო საქმიანობის სპექტრს, რათა მოხდეს თანაბარ პირობებსა და გარემოებებში მყოფი ინდივიდებისათვის თანაბარი პრივილეგიების მინიჭება და თანაბარი პასუხისმგებლობის დაკისრება. განსხვავებული საკანონმდებლო რეგულირება, რა თქმა უნდა, ყველა შემთხვევაში არ ჩაითვლება კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპის დარღვევად. კანონმდებელს უფლება აქვს, კანონით განსაზღვროს განსხვავებული პირობები, მაგრამ ეს განსხვავება უნდა იყოს დასაბუთებული, გონივრული და მიზანშეწონილი. ამასთან, უზრუნველყოფილი უნდა იქნეს დიფერენცირებულობის თანაბარი დონე ერთსა და იმავე პირობებში მყოფი სუბიექტებისათვის.”

 

საკონსტიტუციო სასამართლომ 2010 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებაში საქმეზე მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები „ახალი მემარჯვენეები” და „საქართველოს კონსერვატიული პარტია” საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ დაადგინა დისკრიმინაციის შეფასების კრიტერიუმები და განმარტა: ,,კანონის წინაშე თანასწორობის უფლების ბუნებიდან გამომდინარე, მასში ჩარევისას, სახელმწიფოს მიხედულების ფარგლები განსხვავებულია, განსაკუთრებით იმის მიხედვით, რა ნიშნით ან საზოგადოებრივი ცხოვრების რომელ სფეროში ახდენს ის პირთა დიფერენციაციას. შესაბამისად, განსხვავებული მოპყრობის გონივრულობის შეფასების მასშტაბიც განსხვავებულია: ცალკეულ შემთხვევაში ის შეიძლება გულისხმობდეს ლეგიტიმური საჯარო მიზნების არსებობის დასაბუთების აუცილებლობას (როგორებიცაა, სახელმწიფო უშიშროება, საზოგადოებრივი წესრიგი, კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვის კონსტიტუციითვე დასახელებული კონკრეტული საჯარო ინტერესები); სხვა შემთხვევებში ხელშესახები უნდა იყოს შეზღუდვის საჭიროება თუ აუცილებლობა; ზოგჯერ შესაძლოა საკმარისი იყოს დიფერენციაციის მაქსიმალური რეალისტურობა, მათ შორის, მაგალითად, კონკრეტული გარემოებების რეალურად თავიდან აცილების შეუძლებლობის მიზეზით გამოწვეული დიფერენციაცია. ამ უკანასკნელ შემთხვევაში დისკრიმინაციაზე საუბარი არ შეიძლება, თუ არათანასწორი მიდგომა ექვემდებარება გონივრულ ახსნას, გამართლებას, რაციონალიზაციას“. ,,ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განსხვავებულია სასამართლოს კრიტერიუმებიც დიფერენცირებული მოპყრობის დისკრიმინაციულობის შეფასებისთვის.

 

კლასიკური, სპეციფიური ნიშნებით დიფერენციაციისას სასამართლო იყენებს მკაცრი შეფასების ტესტს და ნორმას აფასებს თანაზომიერების პრინციპის მიხედვით, ამასთან, „მკაცრი ტესტის” ფარგლებში ლეგიტიმური მიზნის დასაბუთებისას საჭიროა იმის მტკიცება, რომ სახელმწიფოს მხრიდან ჩარევა არის აბსოლუტურად აუცილებელი, არსებობს „სახელმწიფოს დაუძლეველი ინტერესი”. დანარჩენ შემთხვევებში მკაცრი ტესტის გამოყენების საჭიროებას სასამართლო ადგენს დიფერენციაციის ინტენსივობის ხარისხის მიხედვით.

 

ამასთან, დიფერენციაციის ინტენსივობის შეფასების კრიტერიუმები განსხვავებული იქნება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, დიფერენციაციის ბუნებიდან, რეგულირების სფეროდან გამომდინარე. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, გადამწყვეტი იქნება, არსებითად თანასწორი პირები რამდენად მნიშვნელოვნად განსხვავებულ პირობებში მოექცევიან, ანუ დიფერენციაცია რამდენად მკვეთრად დააცილებს თანასწორ პირებს კონკრეტულ საზოგადოებრივ ურთიერთობაში მონაწილეობის თანაბარი შესაძლებლობებისაგან.

 

თუ დიფერენციაციის ინტენსივობა მაღალია, სასამართლო გამოიყენებს მკაცრ ტესტს, ხოლო ინტენსივობის დაბალი მაჩვენებლის შემთხვევაში - ,,რაციონალური დიფერენციაციის ტესტს“ (რაციონალური საფუძვლით შემოწმების ტესტი, რომლის მიხედვითაც: ა) საკმარისია დიფერენცირებული მოპყრობის რაციონალურობის დასაბუთებულობა, მათ შორის, როდესაც აშკარაა დიფერენციაციის მაქსიმალური რეალისტურობა, გარდუვალობა ან საჭიროება; ბ) რეალური და რაციონალური კავშირის არსებობა დიფერენციაციის ობიექტურ მიზეზსა და მისი მოქმედების შედეგს შორის“.

 

სასამართლო, ზემოთ მითითებული სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით და საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით განმარტავს: იმისათვის, რომ დადასტურებულად იქნეს მიჩნეული მოსარჩელის მიმართ მისი პოლიტიკური კუთვნილების გამო დისკრიმინაციული მოპყრობა ან ისეთი პირობების შექმნა, რომელიც მას კონსტიტუციით და კანონით მინიჭებული შრომის თავისუფლების უფლებით სარგებლობისას, არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით, უნდა დადგინდეს - ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მხრიდან ჰქონდა თუ არა ადგილი პირის კონსტიტუციითა და საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით განმტკიცებულ შრომის უფლებაში ჩარევას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელე მიუთითებს იმაზე რომ ე.წ. რეორგანიზაციის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება წარმოადგენდა მის წინააღმდეგ მიმართულ პოლიტიკური ანგარიშსწორების აქტს, რასაც წინ უძღოდა, მ-----------–------ მიერ წინასაარჩევნო პერიოდში facebook-ის მეშვეობით გაკეთებული კრიტიკული პოლიტიკური განცხადებები, მმართველი პოლიტიკური პარტიის მიმართ. რასაც შემდგომში მოჰყვა კიდეც სადაო აქტი ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 15 მარტის #06/3 ბრძანება, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის შესყიდვებისა და მატერიალური უზრუნველყოფის განყოფილების უფროსის მ-----------–------ გათავისუფლებისა და მისი მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვის შესახებ.

 

სასამართლო აღნიშნავს რომ საქმეზე შეკრებილი და სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეული მტკიცებულებებიდან გამომდინარე არ დასტურდება მოსარჩელის მიმართ ადმინისტრაციული ორგანოს ან/და ზემდგომი თანამდებობის პირის მხრიდან განხორციელებული ზეწოლის და პოლიტიკური შეხედულების გამო დისკრიმინაციული შევიწროების ფაქტები. ამრიგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მხრიდან ვერ იქნა დადასტურებული მის მიმართ განხორციელებული დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტი.

 

ადამიანთა უფლებათა ევროპული სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით კონვენციის მე-10 მუხლი ვრცელდება სამუშაო ადგილზე და დასაქმებულ პირებზე, მათ შორის საჯარო მოხელეებს აქვთ უფლება გამოხატვის თავისუფლებით ისარგებლონ. ამასთან ევროპული სასამართლო ითვალისწინებს, რომ მუშაკებს აკისრიათ დამსაქმებლის მიმართ ერთგულების, თავშეკავებისა და კეთილგონიერების გამოჩენის ვალდებულება. ეს განსაკუთრებით ეხება საჯარო მოხეელებს ვინაიდან თავად საჯარო სამსახურის არსი მოითხოვს, რომ საჯარო მოხელეს ეკისრება ერთგულების და თავშეკავების ვალდებულება. ვინაიდან დემოკრატიულ საზოგადოებაში საჯარო მოხელეთა დანიშნულებაა დაეხმარონ ხელისუფლებას ფუნქციების განხორციელებაში და ვინაიდან საზოგადოებას აქვს მოლოდინი, რომ ისინი დაეხმარებიან და ხელს არ შეუშლიან დემოკრატიულად არჩეულს ხელისუფლებას. ერთგულება და თავშეკავების ვალდებულება საჯარო მოხეებისათვის განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს. (იხ. ფოგტი გერმანიის წინააღმდეგ განაცხადი #1785/91. ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 1985 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილება პუნქტი 53. აჰხმედი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ განაცხადის #22954/93 ევროპული სასამართლოს 1998 წლის 02 სექტემბრის გადაწყვეტილება პუნქტი 55. გუჯა მოლდოვას წინააღმდეგ განაცხადი #14277/04 დიდი პალატის 2008 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილება პუნქტი #70. კუდეშკინა რუსეთის წინააღმდეგ განაცხადი #29492/05 ევროპული სასამართლოს 2009 წლის 28 თბერვლის გადაწყვეტილება პუნქტი #85. სლოვაკეთის რეპუბლიკის პოლიციის პროფესიული კავშირი და სხვები სლოვაკეთის წინააღმდეგ განაცხადი #11828/08 ევროპულის სასამართლოს 2012 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილება პუნქტი 57.)

 

სასამართლოს განმარტებით, საქართველოს ,,სამოქალაქო საპროცესო კოდექსის’’ 102-ე მუხლის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. ხოლო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.1. მუხლის ითვალისწინებს, რომ მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი, წარადგინოს თავისი შესაგებელი და შესაბამისი მტკიცებულებანი. კანონის აღნიშნული ნორმები ადგენს მხარეთა საპროცესო მოვალეობებს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, რაც უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის სრულყოფილ რეალიზაციას. აქვე კანონი ადგენს გამონაკლის შემთხვევას, კერძოდ, როდესაც დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მართლზომიერების შემოწმება, მტკიცების ტვირთი გადადის აღნიშნული აქტის გამომცემ ორგანოზე მოპასუხე სუბიქტზე. მიუხედავად ამისა მტკიცების ტვირთის ამგვარი გადანაწილება ადმინისტრაციულ აქტთან დაკავშირებული სარჩელის წარდგენისას არ გულისხმობს, რომ მოსარჩელე საერთოდ თავისუფლდება სარჩელის დასაბუთების ვალდებულებისგან, ანუ იმ გარემოებების შესაბამისი მტკიცებულებებით დადასტურების მოვალეობისგან, რითაც მისი მოთხოვნა ფაქტობრივად და იურიდიულად გამართლებული აღმოჩნდება.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3633-ე მუხლის თანახმად, სარჩელის აღძვრისას პირმა სასამართლოს უნდა წარუდგინოს ფაქტები და შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც დისკრიმინაციული ქმედების განხორციელების ვარაუდის საფუძველს იძლევა, რის შემდეგაც მოპასუხეს ეკისრება იმის მტკიცების ტვირთი, რომ დისკრიმინაცია არ განხორციელებულა. აღნიშნული დებულების შესაბამისად, მოპასუხეზე გადადის მტკიცების ტვირთი, რომ დისკრიმინაცია არ განხორციელებულა, ან განსხვავებულ მოპყრობას გონივრული და ობიექტური გამართლება ჰქონდა და გამოყენებული საშუალება მისაღწევი ლეგიტიმური მიზნის თანაზომიერია.

 

„დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონით და სამოქალაქო საპროცესო კოდექსით განმტკიცებულია, რომ დისკრიმინაციის სარჩელებზე/საჩივრებზე, მტკიცების ტვირთი აწევს სწორედ მოპასუხეს, მას შემდეგ, რაც მომჩივანი/მოსარჩელე წარადგენს სავარაუდო დისკრიმინაციის შესახებ მტკიცებულებებს.

 

სასამართლო იზიარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომას მტკიცების სტანდარტთან დაკავშირებით, რომელსაც ევროსასამართლო იყენებს სხვადასხვა დარღვევებზე, მათ შორის, თანასწორობის უფლების დარღვევებზე განაცხადების განხილვისას. მხედველობაშია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი, რომლის მიხედვითაც - „მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად მყარი, ნათელი და თანმხვედრი დასკვნებიდან ან ფაქტების ცალსახა პრეზუმფციიდან..“ (იხ. ევროსასამართლოს გადაწყვეტილებები: Anguelova v. Bulgaria, no. 38361/97, § 111, ECHR 2002-IV; “ANGUELOVA v. BULGARIA“ 13 June 2002 (Application no. 38361/97; „ღარიბაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ 2008 წლის 29 ივლისი (საჩივარი № 118030/03).

 

სასამართლომ დისკრიმინაციული მოპყრობის არსებობა-არარსებობის დადგენისათვის ის მიდგომა, რომელიც საერთაშორისო პრაქტიკით არის განმტკიცებული, მაგალითად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ, თავის პრეცედენტულ გადაწყვეტილებებში: „ივანოვა ბულგარეთის წინააღმდეგ“ (IVANOVA v. BULGARIA) განაცხადი no. 52435/99, 12 აპრილი 2007, § 83 – 86; „იოკსასი ლიტვის წინააღმდეგ“ (JOKŠAS v. LITHUANIA) განაცხადი no. 25330/07, 12 ნოემბერი 2013, § 72.

 

აქვე, სასამართლო მიუთითებს დისკრიმინაციული მოპყრობის თაობაზე მტკიცების ტვირთის მხარეებზე გადანაწილების შესახებ ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებაზე საქმეზე ,,ნაჩოვა და სხვები ბულგარეთის წინააღმდეგ“ (განაცხადები N43577/98 და 43579/98; Nachova and Others v. Bulgaria [GC] - 43577/98 and 43579/98 Judgment 6.7.2005 [GC]). აღნიშნულ საქმეში განხილული იყო მტკიცების ტვირთისა და შესაბამისი ხარისხის ასპექტები დისკრიმინაციის დადგენასთან დაკავშირებით. სასამართლომ განმარტა, რომ წარმოდგენილ მტკიცებულებათა შეფასებისას, სასამართლო ადგენს ყველაზე მაღალ სტანდარტს ,,გონივრული ეჭვის ზღვარს მიღმა“. ევროპულმა სასამართლომ მიუთითა: აღნიშნული აუცილებელია იმისათვის, რომ განხილულ იქნეს ხელშემკვრელი სახელმწიფოს პასუხისმგებლობის საკითხი და არა სისხლის ან სამოქალაქო პასუხისმგებლობის საკითხი, რომელიც განიხილება ხოლმე სახელმწიფოებში ეროვნულ დონეზე და რომელიც ხშირად არ ითხოვს მტკიცებულებათა წარდგენის ასეთ მაღალ სტანდარტს.

 

ამდენად, სასამართლომ დასაბუთებული ვარაუდით დისკრიმინაციის ფაქტის დადასტურების პირობებში, დისკრიმინაციული მოპყრობის პრეზუმფციით უნდა იმოქმედოს და მოპასუხე მხარეს დააკისროს დისკრიმინაციის გაქარწყლების ტვირთი.

 

სასამართლოს განმარტებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის თანხამად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე და 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შეთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე მხარე ადასტურებდა სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთებულობას, ხოლო მოსარჩელემ ვერ გააბათილა გადაწყვეტილების დასაბუთება, წარმოდგენილი სასარჩელო განცხადებით და მასში მოყვანილი ფაქტების სინამდვილესთან შესაბამისობაში.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან ადგილი არ ჰქონდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებული კანონის დარღვევას. გასაჩივრებული ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტით მოსარჩელე მართებულად იქნა გათავისუფლებული დაკავებული თანამდებობიდან. აღნიშნული აქტი არ ეწინააღმდეგებოდა კანონს, არ არსებობს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2018 წლის 15 მარტის #06/3 ბრძანების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის და სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

სასამართლომ მიუთითებს, რომ მოსარჩელის 1.2. სასარჩელო მოთხოვნა სამსახურში აღდგენის და იძულებით განაცდურის ანაზღაურების შესახებ წარმოადგენს ძირითადი სასარჩელო მოთხოვნის სადავო აქტის თანმდევ შედეგს, რომელთა დაკმაყოფილებაც შესაძლებელი იქნებოდა სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შემთხვევაში.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

მხარეები, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის, ასევე, მოპასუხე ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს ანაზღაურებს სახელმწიფო. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ საქმეზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით, რაც უნდა დაუბრუნდეს მას უკან.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-9, მე-12, მე-13, 22-ე, 23-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მ-----------–------ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

 

3. მოსარჩელე - მ-----------–-----ს (პ/ნ. 61001010969) დაუბრუნდეს უკან მის მიერ სარჩელზე გადახდილი 100 (ასი) ლარი, რომელიც გადახდილია სს; ვითიბი ბანკი ჯორჯია; გადახდის ქვითარი #2 (თარიღი 16/04/2018) სახაზინო კოდი 300693150. ბანკის კოდი TRESGE22.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), გადაწყვეტილების ასლის მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქუჩა №30) მეშვეობით. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად;

 

მოსამართლე კობა გოცირიძე