გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/32445 - 18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
05 თებერვალი, 2020 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - გიორგი მაისურაძე
სხდომის მდივანი - რუსუდან გიორგაძე
მოსარჩელე - ლ----------ე
წარმომადგენელი - ზ----------–---–ი
მოპასუხე - ნოტარიუსი ნ-----------–---ი
წარმომადგენელი - ც-–-----–--------ი
დავის საგანი - დადგენილების ბათილად ცნობა, სამკვიდრო მოწმობის გაცემის დავალება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. პ--–---------------------–------------ს (ქორწინებამდე ფ-------------) სამკვიდრო ქონებაზე ნოტარიუს ნ-----------–---ის 2019 წლის 17 იანვრის სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე უარის თქმის N1-------- დადგენილების ბათილად ცნობა;
1.2. ნოტარიუს ნ-----------–---ისთვის 1913 წლის 1 თებერვალს გარდაცვილი პ--–---------------------–------------ს (ქორწინებამდე ფ-------------) დანაშთ სამკვიდრო აქტივებზე და პასივებზე (სადაც არ უნდა იყოს და რაშიც არ უნდა გამოიხატებოდეს იგი) მემკვიდრეობით მიღების დამადასტურებელი სამკვიდრო მოწმობის გაცემის დავალება.
ნოტარიუს ნ-----------–---ის 2008 წლის 21 მარტის N2---------- გადაწყვეტილებით, ლ----------ეს უარი ეთქვა პ--–---------------------–------------ს სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე იმ საფუძვლით, რომ მცხეთის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 22 თებერვლის N2--- დაუსწრებელი გადაწყვეტილებიდან ნათლად ჩანს, რომ ლ----------ე ცნობილია მეორე რიგის მემკვიდრედ და მიღებული აქვს მამკვიდრებლის ქონება, რაც გამორიცხავს მის მიერ სამკვიდრო მოწმობის გაცემას. მოსარჩელის მოსაზრებით, პირისათვის სასამართლოს გადაწყვეტილებით მამკვიდრებლის ქონების სამკვიდროს მიღების აღიარება და მემკვიდრეობის უფლების დადგენა არ გამორიცხავს ნოტარიუსის მიერ სამკვიდრო მოწმობის გაცემის შესაძლებლობას, ვინაიდან არ არსებობს სამართლებრივი ნორმა, აღნიშნული საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, ნოტარიუსს ეკრძალებოდეს სამკვიდრო მოწმობის გაცემა. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილებით დადგენილ იქნა, რომ ლ----------ე წარმოადგენს 1913 წელს გარდაცვლილი პ--–---------------------–------------ს მეორე რიგის მემკვიდრეს. შესაბამისად, სამკვიდროს მიღების დამადასტურებელი მოწმობის გამცემი ერთადერთი უფლებამოსილი ნოტარიუსი უნდა დადგენილიყო ნ-----------–---ი და სარჩელი უნდა დაკმაყოფილებულიყო სრულად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის N2-------- გადაწყვეტილება ძალაში შევიდა 2009 წლის 29 დეკემბერს, ხოლო 4 დეკემბერს საქართველოს სამოქალაქო კოდექსსა და „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილ იქნა ცვლილებები, რითაც გაუქმებულ იქნა სამკვიდროს გახსნის ადგილის ცნება და სამემკვიდრეო საქმეების წარმოებისათვის ნოტარიუსებისათვის სამკვიდრო უბნებად დაყოფის წესი გაუქმდა. საქართველოს ნოტარიუსთა პალატამ 2018 წლის 14 მარტის N1------ წერილით შეატყობინა მოსარჩელეს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 11 ნოემბრის N2-------- გადაწყვეტილებით ა-–-----------------ის სამკვიდროს გახსნის უფლებამოსილ ნოტარიუსად დადგენილი გ---------–---–ი აღარ ირიცხებოდა ნოტარიუსთა სახელმწიფო რეესტრში და უფლებამოსილი იყო მიემართა ნებისმიერი ნოტარიუსისთვის. 2008 წლის 25 იანვარს მოსარჩელემ სამკვიდრო მოწმობის გაცემის მოთხოვნით მიმართა ნოტარიუს ნ-----------–---ს, თუმცა 2019 წლის 17 იანვრის N1-------- გასაჩივრებული დადგენილებით, კვლავ უარი ეთქვა სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე.
მოსარჩელის ინტერესს წარმოადგენს პ--–---------------------–------------ს მიერ, მის პირად საბანკო ანგარიშებზე საზღვარგარეთ 1900-1911 წლებში გადარიცხულ თანხებზე, პ--–---------------------–------------ს სამკვიდროს გახსნის მომენტისთვის არსებული სამკვიდრო აქტივის ოდენობაზე ინფორმაციის ბანკებიდან მოპოვება, ანუ საბანკო ანგარიშებზე ინფორმაციის გახსნისა და სამკვიდრო აქტივზე ხელმისაწვდომობის უფლების დადასტურება, რაც პ--–---------------------–------------ს სამკვიდროს მოსარჩელის მიერ მემკვიდრეობით მიღების ფაქტის დამადასტურებელი სამკვიდრო მოწმობით არის მხოლოდ შესაძლებელი.
(დაზუსტებული სარჩელი, სასამართლოს სხდომის ოქმი)
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე უარის თქმის დადგენილება ნოტარიუს ნ-----------–---ის მიერ გაცემულ იქნა კანონის სრული დაცვით და მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს. 2009 წლის 21 ივლისს ლ----------ეს მიღებული აქვს, იმ დროისთვის მოქმედი ნოტარიუსის, გ-----------–---–ის მიერ გაცემული ზოგადი ხასიათის სამკვიდრო მოწმობა პ--–---------------------–-------------ს სამკვიდროზე. ნ-----------–---თან წარდგენილი განცხადებით იგი კვლავ ითხოვდა სამკვიდრო მოწმობის გაცემას იმავე მამკვიდრებლისგან იმავე მემკვიდრეზე. ამ შემთხვევაში, კი სამკვიდრო მოწმობა არ გაიცემა. რამდენიმე სამკვიდრო მოწმობის გაცემა დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუკი მომდევნო სამკვიდრო მოწმობა უნდა გაიცეს მემკვიდრის მიერ იმ ქონების მიღების შესახებ, რომელიც არ იყო შეტანილი ადრე გაცემულ სამკვიდრო მოწმობაში და რომელიც ექვემდებარება სავალდებულო რეგისტრაციას. ნოტარიუსი ვერ გასცემდა სამკვიდრო მოწმობას, ვინაიდან არ იყო წარმოდგენილი პ--–----------------ს დანაშთი ქონების არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ბ----------------------ში (ამჟამად ჭ-------------------) მდებარე ქონება, რომელიც სამკვიდროს გახსნის ადგილადაა მითითებული, არ წარმოადგენს პ--–----------------ს საკუთრებას, სხვა ქონების არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი კი, მოსარჩელის მიერ არ ყოფილა წარდგენილი. ასევე დაუდგენილია პ--–----------------ს მემკვიდრეთა წრე. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, პ--–----------------ს მემკვიდრეებად ცნობილი არიან ა-–---- და ნ--–-----------ეები და მ-------------–-–---–იც (რომელთა წარმომადგენელიც 2020 წლიდან იყო ზ----------–---–ი). ისინი პ--–----------------ს მემკვიდრეებად არიან ცნობილი როგორც პ--–----------------ს დის - ა-------–------ის (ფ-------------ს) შვილის - ა-–----ს შთამომავლები. მცხეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის 2007 წლის 22 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით კი პ--–----------------ს მეორე რიგის მემკვიდრედ ცნობილ იქნა ლ----------ე, როგორც პელაგიას დის - ა-------–------ის (ფ-------------ს) შვილის - მ-------------–------------–-----–------ის შთამომავალი, მაგრამ ა-------–------სა და ნ-----–---------–------ს ჰყავდათ სამი შვილი: ა-–----, ტ-------- და ა---, მეოთხე შვილი - მ-------, მათ არ ჰყოლიათ. პ--–----------------ს ჰყავდა მეუღლე, რომლის გარდაცვალების თარიღი უცნობია, ამასთან, ჰყავდა სხვა პირველი რიგის მემკვიდრე - შვილი ე-–--------------ა, რომელიც გარდაიცვალა 1930 წელს და ფაქტობრივი ფლობით მიიღო დედის დანაშთი ქონება, რომელშიც არ შედიოდა სადავო უძრავი ნივთი, ვინაიდან იმ დროისთვის სახელმწიფო საკუთრებას წარმოადგენდა. პ--–----------------ს გარდაცვალების დროისათვის მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, მემკვიდრედ შეიძლებოდა ყოფილიყო მხოლოდ პირდაპირი შთამომავლები (შვილები და შვილიშვილები) და ცოცხალი მეუღლე. იმ დროს მეორე რიგის მემკვიდრეობას კანონი არ ითვალისწინებდა და ის გარემოება, რომ ლ----------ე ცნობილია მეორე რიგის მემკვიდრედ, არ აძლევს მას 1913 წელს გარდაცვლილი პირის სამკვიდროს მიღების უფლებას.
(შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი)
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მცხეთის რაიონული სასამართლოს დუშეთის მაგისტრატი სასამართლოს 2007 წლის 22 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილების საფუძველზე, დაკმაყოფილდა მოსარჩელე ლ----------ის სარჩელის მოთხოვნა მოპასუხე ქ------–-----------–-–---–ის მიმართ ლ----------ის მიერ პ--–---------------------–-------------ს (ქორწინებამდე ფ-------------ს) სამკვიდროს მიღების ვადის გაშვება ცნობილ იქნა საპატიოდ, აღუდგა მოსარჩელეს მამკვიდრებლის, 1913 წელს გარდაცვლილ პ--–---------------------–-------------ს (ქორწინებამდე ფ-------------ს) სამკვიდრო ქონების დაუფლების, სადაც არ უნდა იყოს იგი და რაშიც არ უნდა გამოიხატებოდეს, წარმომადგენლობის უფლებით მემკვიდრეობის მიღების ვადა, ლ----------ე ცნობილ იქნა პ--–---------------------–-------------ს (ქორწინებამდე ფ-------------ს) მეორე რიგის მემკვიდრედ და მოპასუხე ქ------–-----------–-–---–ისგან გადმოცემულ პ--–---------------------–-------------ს (ქორწინებამდე ფ-------------ს) ნივთებზე და სხვა შესაძლო ქონებრივ და არაქონებრივ უფლებებზე მესაკუთრედ. აღნიშნული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მცხეთის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 22 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, საქმე N2--- (ს.ფ. 39-40);
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება, რომელიც მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია (სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი).
3.1.2. მცხეთის რაიონული სასამართლოს დუშეთის მაგისტრატი სასამართლოს 2007 წლის 22 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილების საფუძველზე, 1913 წლის 1 თებერვალს გარდაცვილი პ--–---------------------–-------------ს (ქორწინებამდე ფ-------------ს) სამკვიდრო ქონებაზე ლ----------ემ სამკვიდრო მოწმობის გაცემის მოთხოვნით 2008 წლის 20 იანვარს მიმართა ნოტარიუს ნ-----------–---ის მოვალეობის შემსრულებელ ქალბატონ ლ--–--------------ს. აღნიშნული განცხადება სამემკვიდრეო საქმეთა საერთო რეესტრში დარეგისტრირდა 2008 წლის 25 იანვარს;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩრლის ახსნა-განმარტება (სარჩელი, სასამართლოს სხდომის ოქმი);
- 2008 წლის 20 იანვრის განცხადება სამკვიდრო მოწმობის გაცემის შესახებ (ს.ფ. 41);
- ნოტარიუს ნ-----------–---ის მოვალეობის შემსრულებელ ლ--–--------------ის 2008 წლის 25 იანვრის სანოტარო აქტი, რეესტრში რეგისტრაციის N2--- (ს.ფ. 42);
- ნოტარიუს ნ-----------–---ის 2018 წლის 16 აგვისტოს ამონაწერი სანოტარო მოქმედებათა ელექტრონული რეესტრიდან, სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის N1-------- (ს.ფ. 43);
- ნოტარიუს ნ-----------–---ის 2008 წლის 13 აგვისტოს სანოტარო აქტი N2--- (ს.ფ. 44);
- სამემკვიდრეო საქმეთა ალფავიტური ჟურნალი (ს.ფ. 45-46);
- ნოტარიუს ნ-----------–---ის 2008 წლის 22 აგვისტოს მოწმობა, რეესტრში რეგისტრაციის N1----- (ს.ფ. 50);
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება, რომელიც მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია (სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი).
3.1.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილებით, მოსარჩელე ლ----------ის სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხე მ----------------ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა წმინდა ნინოს ხატი და იგი გადაეცა მოსარჩელე ლ----------ეს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილება, საქმე N2--------.
3.1.4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 16 იანვრის განჩინებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილება განმარტებულ იქნა შემდეგნაირად: მოპასუხე მ----------------ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა და პ--–---------------------–-------------ს კანონისმიერ მემკვიდრეს - ლ----------ეს გადაეცა პ--–---------------------–-------------ს კუთვნილი წმინდა ნინოს ხატი. ამავე განჩინებით, გასწორდა 2007 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილების შესავალ ნაწილში დაშვებული უსწორობა და დავის საგნად, ნაცვლად „უკანონო მფლობელობიდან ბინის გამოთხოვისა“, მიეთითა „უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა“, ლ----------ეს უარი ეთქვა დამატებითი გადაწყვეტილების მიღების შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 16 იანვრის განჩინება, საქმე N2--------.
3.1.5. პ--–---------------------–-------------ს (ქორწინებამდე ფ-------------ს) სამკვიდრო ქონებაზე, ნოტარიუს ნ-----------–---ის 2008 წლის 21 მარტის გადაწყვეტილებით (N2----------), ლ----------ეს სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე უარი ეთქვა იმ საფუძვლით, რომ მცხეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის დუშეთის რაიონში თ----------–--ის მიერ 2007 წლის 22 თებერვალს მიღებული გადაწყვეტილებიდან (საქმე 2---) ნათლად ჩანს, რომ ლ----------ე ცნობილია მეორე რიგის მემკვიდრედ და მიღებული აქვს მამკვიდრებლის ქონება, რაც გამორიცხავს ნოტარიუსის მიერ სამკვიდრო მოწმობის გაცემას;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ნოტარიუს ნ-----------–---ის 2008 წლის 21 მარტის N2---------- გადაწყვეტილება პ--–---------------------–-------------ს სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე უარის თქმის შესახებ (ს.ფ. 51).
3.1.6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილებით ლ----------ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი ნოტარიუს ნ-----------–---ის 2008 წლის 21 მარტის N2---------- დადგენილება სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე უარის თქმის შესახებ, სარჩელი ნოტარიუსისთვის სამკვიდრო მოწმობის გაცემის დავალების შესახებ არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში სასამართლომ აღნიშნა, რომ ლ----------ე პ--–----------------ს სამკვიდროს მიღების უფლება წარმოეშვა, როგორც დედის - ა-–-----------------ის სამკვიდრო მასაში შემავალი ქონებისა. შესაბამისად, სამკვიდროს გახსნის ადგილის ნოტარიუსს წარმოადგენს არა პ--–----------------ს სამკვიდროს გახსნის ადგილის ნოტარიუსი ნ--------–---ი, რომელსაც მიმართა მოსარჩელემ, არამედ ა-–-----------------ის სამკვიდროს გახსნის ადგილის ნოტარიუსი. გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა და 2009 წლის 29 დეკემბერს შევიდა კანონიერ ძალაში;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილება, საქმე N2-------- (ს.ფ. 56-58);
- თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის უფროსი კონსულტანტის - შ------------ის 2018 წლის 10 ივლისის N2------ მიმართვა (ს.ფ. 59).
3.1.7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 04 დეკემბრის გადაწყვეტილებით ლ----------ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი ნოტარიუს ნ-----------–---ის 2008 წლის 21 მარტის N2---------- დადგენილება სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე უარის თქმის შესახებ, სარჩელი ნოტარიუსისთვის სამკვიდრო მოწმობის გაცემის დავალების შესახებ არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში სასამართლომ აღნიშნა, რომ ა-–-----------------ის სამკვიდროს გახსნის ადგილის ნოტარიუსს წარმოადგენს ნოტარიუსი გ---------–---–ი. ა--- ზ--------------–------–------ის სამკვიდროს გახნის ადგილი თბილისი, ბ---------------------. აღნიშნული ტერიტორია შედის ნოტარიუს ნ-----------–---ის სამუშაო უბანში. ლ----------ეს ა--- ზ--------------–------–------ის სამკვიდროს მიღების უფლება წარმოეშვება, როგორც დედის - ა-–-----------------ის სამკვიდრო მასაში შემავალი ქონებისა. შესაბამისად, სამკვიდროს გახსნის ადგილის ნოტარიუსს წარმოადგენს არა ა--- ზ--------------–------–------ის სამკვიდროს გახსნის ადგილის ნოტარიუსი ნ--------–---ი, რომელსაც მიმართა მოსარჩელემ, არამედ ა-–-----------------ის სამკვიდროს გახსნის ადგილის ნოტარიუსი. აღნიშნული გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა და კანონიერ ძალაში შევიდა 2010 წლის 06 იანვარს;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 04 დეკემბრის გადაწყვეტილება, საქმე N2-------- (ს.ფ. 85-88);
- თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის უფროსი კონსულტანტის - შ------------ის 2018 წლის 10 ივლისის N2------ მიმართვა (ს.ფ. 90).
3.1.8. 2009 წლის 10 ივლისს ნოტარიუსმა ნ-----------–---მა სამკვიდრო საქმე, ქვემდებარეობით, გაუგზავნა ნოტარიუს გ-----------–---–ს. ნოტარიუსმა გ-----------–---–მა 2009 წლის 21 ივლისის მიმართვით ნოტარიუს ნ-----------–---ს უკან დაუბრუნა მის მიერვე გაგზავნილი სამემკვიდრეო საქმეები, ვინაიდან ლ----------ის წარმომადგენელს 2009 წლის 18 ივნისის N0-------- გადაწყვეტილებით ნოტარიუს გ-----------–---–ის მიერ უკვე ეთქვა უარი იმ საფუძვლით, რომ მცხეთის რაიონული სასამართლოს 08.08.2007 წლის N2--- და 13.08.2007 წლის 2--- და 2---- გადაწყვეტილებებით, აღნიშნული მამკვიდრებლების სამკვიდროს გახსნის ადგილად დადგენილია გარდაცვალებამდე მათი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი ქ. თბილისში, ბ--------------------- - თბილისის ცენტრალური სახელმწიფო არქივის 06.09.2006 წლის N0------- საარქივო ცნობისა და ქ. თბილისის მერიის 13.03.1995 წლის N-- განკარგულების თანახმად, - გ. ჭ-------------------, რაც, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 07.11.1995 წლის N-- ბრძანების თანახმად, არ წარმოადგენს გ-----------–---–ის სამკვიდრო უბანს. ამასთან, 2008 წლის 25 იანვარს, მოპასუხის, როგორც სამკვიდროს გახსნის ადგილის ნოტარიუსის მიერ უკვე შესრულებულ იქნა სანოტარო მოქმედებები;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ნოტარიუს ნ-----------–---ის 2009 წლის 10 ივლისის N1---------- მიმართვა (ს.ფ. 61);
- ნოტარიუს გ-----------–---–ის 2009 წლის 21 ივლისის N1--- მიმართვა (ს.ფ. 62).
3.1.9. ნოტარიუს გ-----------–---–ის მიერ 2009 წლის 18 ივნისს ლ----------ეს უარი ეთქვა 1918 წელს გარდაცვლილი ა--- ზ--------------–------–------ის (ქორწინებამდე ფ-------------ს), 1913 წელს გარდაცვლილი პ--–---------------------–-------------სა (ქორწინებამდე ფ-------------ს) და 1931 წელს გარდაცვლილი ე-–-----------------–-------------ს სამკვიდრო მოწმობების გაცემაზე, ვინაიდან განცხადების დანართებად წარდგენილი მცხეთის რაიონული სასამართლოს 08.08.2007 წლის N2--- და 13.08.2007 წლის N2---- გადაწყვეტილებით იქნა დადგენილი, რომ აღნიშნული მამკვიდრებლების სამკვიდროს გახსნის ადგილია ქ. თბილისი, ბ--------------------- - გ---------------------;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ნოტარიუს გ-----------–---–ის 2009 წლის 18 ივნისის დადგენილება სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე უარის თქმის შესახებ, რეგისტრაციის N0------- (ს.ფ. 65-66)
3.1.10. ნოტარიუს გ-----------–---–ის მიერ 2009 წლის 21 ივლისს ლ----------ის სახელზე გაცემულ იქნა ზოგადი ხასიათის სამკვიდრო მოწმობა პ--–----------------ს (ქორწინებამდე ფ-------------ს) სამკვიდრო ქონებაზე;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ნოტარიუს გ---------–---–ის მიერ 2009 წლის 21 ივლისს დამოწმებული სამკვიდრო მოწმობა, რეგისტრაციის N0--------, ინდივიდუალური N9-------------);
- მხარეთა ახსნა-განმარტება, რომელიც სადავოდ არ გამხდარა (სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი).
3.1.11. სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის თქმის შესახებ 2019 წლის 17 იანვრის დადგენილების საფუძველზე ლ----------ეს უარი ეთქვა 1913 წლის 01 თებერვალს გარდაცვლილი პ--–----------------ს (ქორწინებამდე ფ-------------ს) სამკვიდრო ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე. ნოტარიუსის მიერ დადგენილ იქნა, რომ 2009 წლის 21 ივლისს ლ----------ეს მიღებული აქვს, იმ დროისთვის მოქმედი ნოტარიუსის, გ-----------–---–ის მიერ გაცემული ზოგადი ხასიათის სამკვიდრო მოწმობა (რეგისტრაციის N0--------) პ--–---------------------–-------------ს სამკვიდროზე;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ნოტარიუს ნ-----------–---ის 2019 წლის 17 იანვრის N1-------- დადგენილება სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის თქმის შესახებ (ს.ფ. 74-75).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ პ--–---------------------–-------------ს პირად საბანკო ანგარიშებზე საზღვარგარეთ 1900-1911 წლებში გადარიცხულ თანხებზე, პ--–---------------------–-------------ს სამკვიდროს გახსნის მომენტისთვის არსებული სამკვიდრო აქტივის ოდენობაზე ინფორმაციის ბანკებიდან მოპოვება მხოლოდ პ--–---------------------–-------------ს სამკვიდროს მოსარჩელის მიერ მემკვიდრეობით მიღების ფაქტის დამადასტურებელი სამკვიდრო მოწმობით არის მხოლოდ შესაძლებელი. აღნიშნული ინფორმაციის მოპოვება ვერ მოხერხდა ნოტარიუს გ-----------–---–ის მიერ 2009 წლის 21 ივლისს ლ----------ის სახელზე გაცემული ზოგადი ხასიათის სამკვიდრო მოწმობით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა ნოტარიუს გ-----------–---–ის მიერ 2009 წლის 21 ივლისს ლ----------ის სახელზე გაცემული ზოგადი ხასიათის სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე პ--–---------------------–-------------ს სამკვიდროს გახსნის მომენტისთვის არსებული სამკვიდრო აქტივის ოდენობაზე ინფორმაციის მოპოვების შეუძლებლობის დამადასტურებელი შესაბამისი მტკიცებულება, ვინაიდან სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოების დადასტურება შეუძლებელია პირადი მიმოწერის საფუძველზე, მაშინ, როდესაც ვერ ხერხდება ვერც პირის იდენტიფიცირება და ვერც მისი უფლებამოსილების დადასტურება.
3.2.2. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის პოზიციას იმის შესახებ, რომ
ლ----------ის მიერ სამკვიდროს მიღების აღიარება და მემკვიდრეობის უფლების დადგენა არ გამორიცხავს ნოტარიუსის მიერ სამკვიდრო მოწმობის გაცემის შესაძლებლობას, ვინაიდან არ არსებობს სამართლებრივი ნორმა, აღნიშნული საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, ნოტარიუსს ეკრძალებოდეს სამკვიდრო მოწმობის გაცემა.
„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის N71 ბრძანების 91-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილების შესაბამისად, დასაშვებია რამდენიმე სამკვიდრო მოწმობის გაცემა იმ შემთხვევაში, თუკი მომდევნო სამკვიდრო მოწმობა უნდა გაიცეს მემკვიდრის მიერ იმ ქონების მიღების შესახებ, რომელიც არ იყო შეტანილი ადრე გაცემულ სამკვიდრო მოწმობაში და რომელიც ექვემდებარება სავალდებულო რეგისტრაციას (უძრავი ქონება, წილები/აქციები სამეწარმეო საზოგადოებებში, ავტოტრანსპორტი და სხვა). იმ შემთხვევაში, თუ სამკვიდროში შედის რეგისტრაციასდაქვემდებარებული ქონება/უფლებები, სამკვიდრო მოწმობაში უნდა მიეთითოს ამ ქონების მახასიათებლები და დოკუმენტები, რომლითაც დასტურდება ამ ქონების უფლებრივი მდგომარეობა (სამკვიდრო მასაში არსებობის ფაქტი და სხვა გარემოებები).
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.
მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.
ამდენად, იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ პ--–----------------ს გარდაცვალების მომენტში - სამკვიდროს გახსნის დროისთვის საკუთრებაში გააჩნდა სავალდებულო რეგისტრაციას დაქვემდებარებული ქონება (უძრავი ქონება, წილები/აქციები სამეწარმეო საზოგადოებებში, ავტოტრანსპორტი და სხვა), რომლის შესახებაც მითითებული არ არის ნოტარიუს გ-----------–---–ის მიერ 2009 წლის 21 ივლისს ლ----------ის სახელზე გაცემულ ზოგადი ხასიათის სამკვიდრო მოწმობაში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე და 103-ე მუხლების თანახმად, მოსარჩელის მტკიცების საგანს წარმოადგენდა, რაც მან ვერ დაძლია.
ამასთან, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ნოტარიუს გ-----------–---–ის მიერ გაცემული სამკვიდრო მოწმობა (რეგისტრაციის N0--------, ინდივიდუალური N9-------------) არ გამოდგება პ--–----------------ს სამკვიდრო ქონების შესახებ საზღვარგარეთ ინფორმაციის მისაღებად, ვინაიდან მხარის მიერ მითითებული საზღვარგარეთიდან პიროვნების ადვოკატის მიმოწერა არ უნდა გახდეს საფუძველი სახელმწიფო ორგანოს მიერ გაცემული სანოტარო აქტის უარყოფის საფუძველი. აღნიშნული გარემოების დასადასტურებლად შესაბამისი მტკიცებულების არსებობაა საჭირო, რაც მხარეს მიერ არ იქნა წარმოდგენილი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა სასარჩელო განცხადება, მოისმინა მხარეთა და წარმომადგენელთა მოსაზრებანი, შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებანი და ფაქტობრივ გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სასამართლომ გამოიყენა:
- „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, 38-ე მუხლები;
- „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის N71 ბრძანების 1, 91-ე მუხლები
- 1835-1917 წლებში მოქმედი რუსეთის იმპერიის სამოქალაქო კოდექსის 1127-ე მუხლი;
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1306-ე, 1307-ე, 1336-ე, 1337-ე, 1503-ე, 1504-ე, 1507-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. მოსარჩელე ლ----------ემ მოითხოვა პ--–---------------------–------------ს (ქორწინებამდე ფ-------------) სამკვიდრო ქონებაზე ნოტარიუს ნ-----------–---ის 2019 წლის 17 იანვრის სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე უარის თქმის N1-------- დადგენილების ბათილად ცნობა იმ საფუძვლით, რომ პირისათვის სასამართლოს გადაწყვეტილებით მამკვიდრებლის ქონების სამკვიდროს მიღების აღიარება და მემკვიდრეობის უფლების დადგენა არ გამორიცხავს ნოტარიუსის მიერ სამკვიდრო მოწმობის გაცემის შესაძლებლობას. გასაჩივრებულ დადგენილებაში სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლად მითითებულია ურთიერთგამომრიცხავი და ერთმანეთის საწინააღმდეგო ორ გარემოებაზე. კერძოდ, დადგენილების დასაწყისშივე მოპასუხე განმარტავს, რომ ლ----------ეს ნოტარიუსი გ---------–---–ისგან 2009 წლის 21 ივლისს N0-------- წარმომადგენლობითი მემკვიდრეობის უფლების მოწმობის სახით უკვე მიღებული აქვს პ--–----------------ს სამკვიდრო მოწმობა, რითაც, ერთი მხრივ, ადასტურებს მემკვიდრეობის მიღების ფაქტს, ხოლო შემდეგ, იმავე დადგენილებაში თავადვე ხდის სადავოდ მოსარჩელის უფლებას პ--–----------------ს სამკვიდროზე, რაც დაუშვებელია და ადასტურებს, რომ დადგენილება გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით. ნოტარიუსმა არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მცხეთის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილებით დადგენილ იქნა, რომ ლ----------ე წარმოადგენს 1913 წელს გარდაცვლილი პ--–---------------------–------------ს მეორე რიგის მემკვიდრეს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1306-ე მუხლის თანახმად, გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით. კანონით მემკვიდრეობა გარდაცვლილის ქონების გადასვლა კანონში მითითებულ პირებზე – მოქმედებს, თუ მამკვიდრებელს არ დაუტოვებია ანდერძი, ან თუ ანდერძი მოიცავს სამკვიდროს ნაწილს, ან თუ ანდერძი მთლიანად ან ნაწილობრივ ბათილად იქნება ცნობილი. ამავე კოდექსის 1307-ე მუხლის თანახმად, მემკვიდრეები შეიძლება იყვნენ: კანონით მემკვიდრეობის დროს - პირები, რომლებიც ცოცხლები იყვნენ მამკვიდრებლის სიკვდილის მომენტისათვის, და აგრეთვე მამკვიდრებლის შვილები, რომლებიც მისი გარდაცვალების შემდეგ ცოცხალი დაიბადებიან, ხოლო 1503-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამკვიდრო მოწმობა შეიძლება გაიცეს როგორც მთელ სამკვიდროზე, ასევე მის ნაწილზე. მოწმობა მიეცემა ყველა მემკვიდრეს ერთად ან თითოეულს ცალ-ცალკე მათი სურვილისამებრ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამოქალაქო კოდექსი ვრცელდება მხოლოდ იმ ურთიერთობებზე, რომლებიც წარმოიშობა ამ კოდექსის ამოქმედების შემდეგ. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სამოქალაქო კოდექსის ამოქმედების გამო, ძალადაკარგული ნორმატიული აქტების საფუძველზე წარმოშობილი ურთიერთობების მიმართ გამოიყენება ეს ნორმატიული აქტები, გარდა იმ შემთვევისა, როცა ურთიერთობის მონაწილეებს სურთ ერთმანეთს შორის ურთიერთობა ამ კოდექსით მოაწესრიგონ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1504-ე მუხლის თანახმად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი ამოქმედდა 1997 წლის 25 ნოემბრიდან.
მართალია, მხარეებს 1997 წლამდე მოქმედი მემკვიდრეობის სამართლის ნორმათა შესაბამისად სადავო საკითხის მოწესრიგება არ უთხოვიათ, მაგრამ ნორმათა გამოყენებასთან დაკავშირებით მხარეთა შორის შეთანხმებასაც არ ჰქონია ადგილი. ამასთან, სარჩელსა და შესაგებელში სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია ახალი კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1964 წლის რედაქცია. აღნიშნულ ნორმებს, კერძოდ, 1964 წლის რედაქციას სასამართლო ვერ გამოიყენებს, ვინაიდან, როგორც საქმეზე დადგენილი გარემოებებიდან ირკვევა, მამკვიდრებელი პ--–---------------------–------------- გარდაიცვალა 1913 წელს, რა დროსაც მოქმედება არა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1964 წლის რედაქცია, არამედ 1835-1917 წლებში მოქმედი რუსეთის იმპერიის სამოქალაქო კოდექსი. აღნიშნული კოდექსში შესული იყო მემკვიდრეობითი სამართლის ნორმები, რომელთა თანახმადაც მემკვიდრეობა კანონით მოქმედებდა იმ შემთხვევაში, როცა საკუთრება მოიცავდა ოჯახის ქონებას და მამკვიდრებელს დატოვებული არ ჰქონდა ანდერძი. ასეთ შემთხვევაში, გარდაცვლილის უახლოეს მემკვიდრეებად ითვლებოდნენ გარდაცვლილთა შთამომავლები - მისი შვილები, აგრეთვე წარმომადგენლობის უფლებით - მათი შთამომავლები (კოდექსის 1127-ე მუხლი).
იდენტურ მოწესრიგებას ითვალისწინებს 1964 წელს და დღეს მოქმედი საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, რომლის 1336-ე მუხლის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი წილის უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან პირველ რიგში – გარდაცვლილის შვილები, მეუღლე, მშობლები. ამავე კოდექსის 1337-ე მუხლის თანახმად კი, წინა რიგის თუნდაც ერთ-ერთი მემკვიდრის არსებობა გამორიცხავს შემდგომი რიგის მემკვიდრეობას.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ლ----------ეს ნოტარიუს ნ-----------–---ის მიერ სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის თქმის შესახებ დადგენილებაში უარის თქმის საფუძვლად მითითებული შემდეგი ორი გარემოება: პირველი - „ნ------–--------------ის მიერ წარმოდგენილი განცხადებიდან გამომდინარე, ასევე წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და ერთიანი ელექტრონული სამკვიდრო რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით, ასევე ჩემს სანოტარო ბიუროს არქივში არსებული განცხადებებისა და დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად დგინდება, რომ 2009 წლის 21 ივლისს ლ----------ეს მიღებული აქვს იმ დროისთვის მოქმედი ნოტარიუსის, გ-----------–---–ის მიერ გაცემული ზოგადი ხასიათის სამკვიდრო მოწმობა (რეგისტრაციის N0--------) პ--–---------------------–-------------ს სამკვიდროზე“, და მეორე, „პ--–----------------ს გარდაცვალების დროისათვის მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, მემკვიდრეები შეიძლება ყოფილიყვნენ მხოლოდ პირდაპირი შთამომავლები (შვილები და შვილიშვილები) და ცოცხალი მეუღლე, პ--–----------------ს ასეთი ცოცხალი მემკვიდრე ჰყავდა შვილი - ე-–--------------ა, რომელიც გარდაიცვალა 1931 წელს. იმ დროს მეორე რიგის მემკვიდრეს კანონი არ ითვალისწინებდა და თავისთავად ის გარემოება, რომ ლ----------ე მეორე რიგის მემკვიდრედაა სასამართლოს მიერ ცნობილი, არ აძლევს მას 1913 წელს გარდაცვლილი პირის სამკვიდროს მიღების უფლებას, ვინაიდან სამკვიდროს გახსნის დროისათვის სხვა კანონი მოქმედებდა“.
მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ ნოტარიუს გ-----------–---–ის მიერ 2009 წლის 21 ივლისს ლ----------ის სახელზე გაცემულ იქნა ზოგადი ხასიათის სამკვიდრო მოწმობა პ--–----------------ს (ქორწინებამდე ფ-------------ს) სამკვიდრო ქონებაზე. შესაბამისად, მართალია სამკვიდრო მოწმობის გაცემა ნოტარიუსის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს, მაგრამ სანოტარო მოქმედების განხორციელებისას იგი ვალდებულია იყოს მიუკერძოებელი და არ შეასრულოს სანოტარო მოქმედება, თუ იგი ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. განსახილველ შემთხვევაში კი, მოსარჩელემ ვერ დაადასტურა სანოტარო მოქმედების შესრულებაზე სანოტარო აქტში უარის თქმის საფუძვლად მითითებული გარემოების საწინააღმდეგო პოზიცია - პ--–----------------ს გარდაცვალების მომენტში - სამკვიდროს გახსნის დროისთვის სავალდებულო რეგისტრაციას დაქვემდებარებული ქონების (უძრავი ქონება, წილები/აქციები სამეწარმეო საზოგადოებებში, ავტოტრანსპორტი და სხვა) საკუთრებაში ქონის თაობაზე, რომლის შესახებაც მითითებული არ არის ნოტარიუს გ-----------–---–ის მიერ 2009 წლის 21 ივლისს ლ----------ის სახელზე გაცემულ ზოგადი ხასიათის სამკვიდრო მოწმობაში. ამასთან, გ-----------–---–ის მიერ 2009 წლის 21 ივლისს ლ----------ის სახელზე გაცემულ იქნა ზოგადი ხასიათის სამკვიდრო მოწმობის გამოყენების მიზნით მოსარჩელეს რაიმე ქმედითი ღონისძიებები არ განუხორციელებია. საქმეში არსებული მტკიცებულებებით ვერ დასტურდება, რომ მიმართა უცხოურ საბანკო დაწესებულებებს სათანადოდ დამოწმებული სამკვიდრო მოწმობით და მიიღო უარი მოქმედების შესრულებაზე. როგორც ზემოთ აღინიშნა, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ნოტარიუს გ-----------–---–ის მიერ გაცემული (ამკვიდრო მოწმობა (რეგისტრაციის N0--------, ინდივიდუალური N9-------------) არ გამოდგება პ--–----------------ს სამკვიდრო ქონების შესახებ საზღვარგარეთ ინფორმაციის მისაღებად, ვინაიდან მხარის მიერ მითითებული საზღვარგარეთიდან პიროვნების ადვოკატის მიმოწერა არ უნდა გახდეს საფუძველი სახელმწიფო ორგანოს მიერ გაცემული სანოტარო აქტის უარყოფის საფუძველი. აღნიშნული გარემოების დასადასტურებლად შესაბამისი მტკიცებულების არსებობაა საჭირო, რაც მხარეს მიერ არ იქნა წარმოდგენილი.
სანოტარო მოქმედების შესრულებაზე ნოტარიუსის მიერ უარის თქმის ასევე ერთ-ერთ საფუძველს, როგორც ზემოთ აღინიშნა, წარმოადგენს 1913 წლის 1 თებერვალს გარდაცვლილი პ--–----------------ს პირველი რიგის მემკვიდრის - შვილის - ე-–---------------ს არსებობის ფაქტი, რისი საწანააღმდეგო მტკიცებულებაც, მოსარჩელეს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე და 103-ე მუხლების თანახმად, არ წარმოუდგენია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ნოტარიუს ნ-----------–---ის მიერ სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის თქმის შესახებ დადგენილება გაცემულ იქნა კანონის მოთხოვნათა დაცვით და მისი ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობს.
6.2. „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ნოტარიუსი გასცემს მემკვიდრეობის უფლების მოწმობას, ხოლო მე-5 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სანოტარო მოქმედების შესრულების წესი განისაზღვრება ინსტრუქციით, რომელსაც საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წარდგინებით ამტკიცებს იუსტიციის მინისტრი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის N71 ბრძანების I მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, ეს ინსტრუქცია ადგენს სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესს. სანოტარო მოქმედების შემსრულებელი ყველა პირის (ნოტარიუსი, ნოტარიუსის შემცვლელი პირი, კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში სანოტარო მოქმედების შემსრულებელი სხვა პირები) მიერ სანოტარო მოქმედება სრულდება წინამდებარე ინსტრუქციით დადგენილი წესით. მესამე მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, ნოტარიუსის ძირითადი ფუნქციებია: სამემკვიდრეო საქმის წარმოება და სამკვიდრო მოწმობის გაცემა, ხოლო 91-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილების შესაბამისად, დასაშვებია რამდენიმე სამკვიდრო მოწმობის გაცემა იმ შემთხვევაში, თუკი მომდევნო სამკვიდრო მოწმობა უნდა გაიცეს მემკვიდრის მიერ იმ ქონების მიღების შესახებ, რომელიც არ იყო შეტანილი ადრე გაცემულ სამკვიდრო მოწმობაში და რომელიც ექვემდებარება სავალდებულო რეგისტრაციას (უძრავი ქონება, წილები/აქციები სამეწარმეო საზოგადოებებში, ავტოტრანსპორტი და სხვა). იმ შემთხვევაში, თუ სამკვიდროში შედის რეგისტრაციასდაქვემდებარებული ქონება/უფლებები, სამკვიდრო მოწმობაში უნდა მიეთითოს ამ ქონების მახასიათებლები და დოკუმენტები, რომლითაც დასტურდება ამ ქონების უფლებრივი მდგომარეობა (სამკვიდრო მასაში არსებობის ფაქტი და სხვა გარემოებები).
„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის N71 ბრძანების მე-8 მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, სანოტარო მოქმედების შესრულებისას ნოტარიუსი ვალდებულია იყოს მიუკერძოებელი და არ შეასრულოს სანოტარო მოქმედება, თუ იგი ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, მორალს და/ან საჯარო წესრიგს, ხოლო მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ნოტარიუსს ეკრძალება უსაფუძვლო უარის თქმა სანოტარო მოქმედების შესრულებასა და/ან პროფესიული მომსახურების გაწევაზე.
ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნა ნოტარიუს ნ-----------–---ისთვის 1913 წლის 1 თებერვალს გარდაცვილი პ--–---------------------–------------ს (ქორწინებამდე ფ-------------) დანაშთ სამკვიდრო აქტივებზე და პასივებზე (სადაც არ უნდა იყოს და რაშიც არ უნდა გამოიხატებოდეს იგი) მემკვიდრეობით მიღების დამადასტურებელი სამკვიდრო მოწმობის გაცემის დავალების შესახებ, უსაფუძვლოა, არ გამომდინარეობს კანონის ნორმების მოთხოვნებიდან და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
იმის გათვალისწინებით, რომ ლ----------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ამასთან, მოსარჩელე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის მეორე ნაწილისა და „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „მ“ ქვეპუქნტის საფუძველზე გათავისუფლებული იყო სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯები მხარეებს არ უნდა დაეკისროს.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
განსახილველ სარჩელთან მიმართებაში სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-55-ე, 243-244-ე, 250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ლ----------ის (პ/ნ 0----------) სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით ( მდებარე: თბილისი, დავით აღამაშენებლის №64).
3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე /მისი წარმომადგენელი/, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე: ქ.თბილისი, დ. აღმაშენებლის №64) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;
მოსამართლე გიორგი მაისურაძე