გადაწყვეტილება

სამოქალაქო 03.02.2020
საქმის ნომერი
240210018002719052
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
03.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №240210018002719052 (2/983)

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

03.02.2020 წელი ქ.სენაკი

შესავალი ნაწილი

სენაკის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ლევან ნუცუბიძე

სხდომის მდივანი - სოფიო კირცხალია

მოსარჩელე - სს ,,ს----------–--------ი’’

წარმომადგენელი - შპს ,,ს---------------–ი’’

წარმომადგენელი - კ-----------–-----ე

მოპასუხე - ხ----------–--–---

წარმომადგენელი - გ-------------ე

დავის საგანი - საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, გირავნობით დატვირთული ქონების რეალიზაცია

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. ხ----------–--–---ს სს ,,ს----------–--------ი’’-ს სასარგებლოდ, დაეკისროს 13714.67 ლარის ანაზღაურება.

1.2 დავალიანების დაფარვის მიზნით, სარეალიზაციოდ მიექცეს სესხის უზრუნველსაყოფად გირავნობით დატვირთული ხ----------–--–---ს მოძრავი ქონება - ავტომანქანა, ,,მ-------------–ი’’ E320, ფერი-რუხი 1/8, გამოშვების წელი- 2004, საიდენტიფიკაციო ნომერი W-----------------, სანომრე ნიშანი KK-7---MM, რეგისტრაციის მოწმობა A--------. იმ შემთხვევაში, თუ გირავნობით დატვირთული ქონების რეალიზაციით ამონაგები თანხა სრულად არ დაფარავს ვალდებულებას, დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს მოვალის სხვა ქონება.

 

მოსარჩელემ მიუთითა, რომ 2017 წლის 16 იანვარს ბანკსა და ხ----------–--–---ს შორის გაფორმდა საბანკო მომსახურების ხელშეკრულება N5---------, რომლის საფუძველზე მსესხებელზე გაიხსნა გირავნობით უზრუნველყოფილი საკრედიტო ხაზი 10800 ლარის ოდენობით, 36 თვის ვადით, საკრედიტო ხაზის უზრუნველსაყოფად გირავნობით დაიტვირთა ხ----------–--–---ს კუთვნილი მოძრავი ქონება ავტომანქანა ,,მ-------------–ი’’ E320, ფერი-რუხი 1/8, გამოშვების წელი- 2004, საიდენტიფიკაციო ნომერი W-----------------, სანომრე ნიშანი KK-7---MM, რეგისტრაციის მოწმობა A--------. სარჩელის შემოტანის დღისათვს ხ----------–--–---ს დავალიანებამ ბანკის მიმართ შეადგინა 13714.67 ლარი, ძირი -8507.49, სარგებელი-1589.62, პირგასამტეხლო 3617.56.

 

2. მოპასუხის პოზიცია

2.1 მოპასუხე ხ----------–--–---მ სარჩელის მოთხოვნა ცნო ნაწილობრივ, სესხის ძირი თანხის ნაწილში.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. 2017 წლის 16 იანვარს ბანკსა და ხ----------–--–---ს შორის გაფორმდა საბანკო მომსახურების ხელშეკრულება N5---------, რომლის საფუძველზე მსესხებელზე გაიხსნა გირავნობით უზრუნველყოფილი საკრედიტო ხაზი 10800 ლარის ოდენობით, 36 თვის ვადით, საკრედიტო ხაზის უზრუნველსაყოფად გირავნობით დაიტვირთა ხ----------–--–---ს კუთვნილი მოძრავი ქონება ავტომანქანა ,,მ-------------–ი’’ E320, ფერი-რუხი 1/8, გამოშვების წელი- 2004, საიდენტიფიკაციო ნომერი W-----------------, სანომრე ნიშანი KK-7---MM, რეგისტრაციის მოწმობა A--------.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

- საბანკო მომსახურების ხელშეკრულება

- გირავნობის ხელშეკრულება

 

3.1.2. საკრედიტო ხაზის ფარგლებში 2017 წლის 16 იანვარს ბანკსა და ხ----------–--–---ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მან მიიღო კრედიტი 10800 ლარი, 36 თვის ვადით, სარგებლის წლიური 20%-ის დარიცხვით საკრედიტო ხელშეკრულების N5202388 (სესხის #4------).

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

- საკრედიტო ხელშეკრულება

- ამონაწერი ანგარიშიდან

- სესხების დაფარვები

 

3.1.3. სარჩელის შემოტანის დღისათვს ხ----------–--–---ს დავალიანებამ ბანკის მიმართ N4------ კრედიტის ნაწილში შეადგინა 13714.67 ლარი, ძირი -8507.49, სარგებელი-1589.62, პირგასამტეხლო - 3617.56.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ცნობა დავალიანების შესახებ;

3.1.4 მხარეთა განმარტებებითა და მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მოპასუხის დავალიანება მოსარჩელის მიმართ საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, 2018 წლის 12 ნოემბრის მდგომარეობით მოპასუხეს დაერიცხა დავალიანება 13714.67 ლარი, ძირი -8507.49, სარგებელი-1589.62, პირგასამტეხლო 3617.56. მოპასუხე სარჩელის მოთხოვნას ცნობს რა ნაწილობრივ, კრედიტის ძირი თანხის ნაწილში, იმ გარემოების საწინააღმდეგოდ, რომ დარიცხული დავალიანება დაანგარიშებულია მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, არსებითი შედავება არ განუხორციელებია და არც საწინააღმდეგო გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება წარმოუდგენია.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1.მოცემულ საქმეზე მხარეებს შორის ფაქტობრივი გარემოებები სადავო არ გამხდარა. მოპასუხე სადავოდ მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ სესხზე დარიცხული პროცენტი და პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია, რის გამოც თვლის, რომ მოთხოვნა ამ ნაწილში უსაფუძვლოა. აღნიშნული საკითხის გარკვევა სამართლებრივი შეფასების საგანია, რაზეც სასამართლო იმსჯელებს წინამდებარე გადაწყვეტილების სამართლებრივი შეფასებისას.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სს ,,ს----------–--------ი’’-ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. ძირითადი თანხისა და სარგებელის ნაწილში სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს სრულად. პირგასამტეხლო კი უნდა შემცირდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

სასამართლომ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 867-ე, 463-464-ე, 873-ე, 902-ე,361-ე, 286-ე, 301-ემუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს”. უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს - ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. ეს დანაწესი გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცავს მოდავე მხარეების კანონიერ ინტერესებს.

 

მოსარჩელე ამტკიცებს, რომ მან ხ----------–--–---ზე გასცა კრედიტი, განსაზღვრული პირობებით, რომელმაც თანხმობა განაცხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით კრედიტის მიღებაზე და მიიღო ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა, თუმცა კრედიტის დაფარვის შესახებ სახელშეკრულებო ვალდებულება არ შეასრულა და სესხად მიღებული თანხა ბანკს არ დაუბრუნა. მოსარჩელეს, ბუნებრივია, უფლება აქვს დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით აღძრას სარჩელი და მოითხოვოს თანხის დაბრუნება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილით ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ დავის გადაწყვეტისათვის, პირველ რიგში სათანადო შეფასება უნდა მიეცეს მხარეთა შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობის შინაარს. არ არსებობს ანაზღაურების მოთხოვნა, ვალდებულების გარეშე, რაც იმას ნიშნავს, რომ მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე ვალდებულებით ურთიერთობაში იყოს მოპასუხესთან. ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდევ კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთი საფუძველია. იგი ორი ან მეტი პირის ნების გამოვლენაა მიმართული სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ხელშეკრულების დადება დამოკიდებულია მხარეთა ნების გამოვლენაზე. წინამდებარე დავა გამომდინარეობს საკრედიტო ხელშეკრულებიდან, ამიტომაც მხარეებს შორის არსებობს ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებით - სამართლებრივი ურთიერთობა.

 

მხარეთა ურთიერთობა რეგულირდება საბანკო კრედიტის მარეგულირებელი ნორმებით, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-873 მუხლებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის მიხედვით, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

დადგენილია, რომ 2017 წლის 16 იანვარს ბანკსა და ხ----------–--–---ს შორის გაფორმდა საბანკო მომსახურების ხელშეკრულება N5---------, რომლის საფუძველზე ბანკსა და მსესხებელს შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. საბანკო კრედიტით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებების მოთხოვნები ხ----------–--–---მ დაარღვია არაერთხელ და გაფრთხილების მიუხედავად, არ უზრუნველყო კრედიტის დაფარვა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით, რის გამოც სარჩელის შემოტანის დღისათვის (2018 წლის 12 ნოემბრის) მდგომარეობით მას დაერიცხა დავალიანება - 13714.67 ლარი, ძირი -8507.49, სარგებელი-1589.62, პირგასამტეხლო 3617.56.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

უდავოა, რომ მოსარჩელემ, ხელშეკრულების დადებისა და სესხად თანხის გაცემის შემდეგ, შეიძინა მოთხოვნის უფლება. კერძოდ, ხ----------–--–---საგან მოეთხოვა სანაცვლო ვალდებულების შესრულება. თავის მხრივ, ხ----------–--–--- ვალდებული იყო ნაკისრი ვალდებულება შეესრულებინა ჯეროვნად, საქართველო სკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად. ხ----------–--–---ს მიერ ნაკისრი ვალდებულება კი მოიცავდა კრედიტის სახით მიღებული თანხის დაბრუნებას ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოდენობით, შეთანხმებული პირობებით და დათქმულ დროში.

 

მოპასუხემ დაარღვია ვალდებულება და კრედიტის სახით მიღებული თანხა ბანკს არ დაუბრუნა, შეთანხმებული პირობებით, რითაც დაარღვია თავისი მოვალეობა ვალდებულების სრული და ჯეროვანი შესრულებისა, ასევე, მოსარჩელის კანონიერი ინტერესი.

 

მოპასუხის ეს ქმედება ეწინააღმდეგება ხელშეკრულების პირობებს და წარმოადგენს ხელშეკრულების დარღვევას. ხელშეკრულების არაჯეროვნად შესრულებით დაარღვია ხელშეკრულების პირობები, რაც მოსარჩელეს, სკ-ის 873-ე მუხლის საფუძველზე ანიჭებს უფლებას, დაუყოვნებლივ მოითხოვოს ვალის სრული დაბრუნება. ვალდებულების შესრულებისა და მხარეთა თანასწორობის აღდგენის მიზნით, ხ----------–--–--- ვალდებულია მოსარჩელეს გადაუხადოს კრედიტით მიღებული თანხა, როგორც საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან, სარგებლობის შესახებ გამომდინარე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის პირველი ნაწილით, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ.

 

მიუხედავად იმისა, რომ სახელშეკრულებო სამართალი ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპსა და მხარეთა ურთიერთნდობაზეა აგებული, ყოველთვის არსებობს გარკვეული რისკი ვალდებულების შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით. ასეთი დარღვევის შემთხვევაში, სამოქალაქო კოდექსი მხარეს ანიჭებს ხელშეკრულებიდან გასვლის შესაძლებლობის უფლებას. ვალდებულების დარღვევა სხვადასხვა ფორმით შეიძლება გამოიხატოს, მათ შორის ვალდებულების შეუსრულებლობით, შესრულების ვადის გადაცილებით ან არაჯეროვანი შესრულებით. თუმცა, აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის გამოყენებისათვის მნიშვნელობა არა აქვს, თუ რომელი ფორმით განხორციელდა დარღვევა. საგულისხმოა, რომ აღნიშნული უფლების რეალიზაცია შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დარღვევა არსებით ხასიათს ატარებს. არსებითია თუ არა დარღვევა, ეს ყოველი კონკრეტული ფაქტის შეფასებისას უნდა დადგინდეს.

 

საქართველოს სკ-ის 873-ე მუხლის მიხედვით, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სკ-ის 873-ე მუხლი საგამონაკლისო ნორმაა. თუ სსკ-ის 405-ე მუხლი ხელშეკრულებაზე უარის თქმას უკავშირებს სხვადასხვა გარემოებას, დასახელებულმა ნორმამ საკრედიტო ხელშეკრულების შეწყვეტის უფლება კრედიტის გამცემს მიანიჭა იმ შემთხვევაშიც, თუ კრედიტის მიმღები სულ ცოტა ორი ვადით გადააცილებს შენატანის შეტანას. თუმცა ამ შემთხვევაშიც შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა. ანუ ამ შემთხვევაშიც გარიგების შეწყვეტისათვის აუცილებელია ორკვირიანი დამატებითი ვადის დანიშნვაც.

 

საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ხ----------–--–---მ სს ,,ს----------–--------ი’’-საგან” მიიღო კრედიტი. თანხის ათვისების შემდეგ ის ვალდებული იყო კრედიტის სახით მიღებული თანხა დაეფარა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით, ხელშეკრულების დანართი გრაფიკით გათვალისწინებული ოდენობითა და ვადებით. მოპასუხემ ნაკისრი ვალდებულება ვერ შეასრულა, რითაც დაარღვია ხელშეკრულებათა პირობები. მან საერთოდ შეწყვიტა კრედიტის დაფარვა და დავალიანების დარჩენილი თანხა არ გადაიხადა. ხ----------–--–---მ პერიოდული შენატანების ვადას გადააცილა და არაერთი გაფრთხილების მიუხედავად არ უზრუნველყო ვალდებულების შესრულება, რაც მოსარჩელეს ანიჭებს ხელშეკრულებიდან გასვლისა და დავალიანების ანაზღაურების დაუყოვნებლივ მოთხოვნის უფლებას.

 

სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ძირი თანხის ნაწილში, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შეადგენს 8507.49 ლარს, რომლის ანაზღაურების ვალდებულება მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ. აღსანიშნავია, რომ თავად მოპასუხე მოსარჩელის მოთხოვნას ძირითადი დავალიანების ნაწილში ცნობს, რაც სსკ-ის 131-ე, 208-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, ასევე წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

6.2. საქართველოს სკ-ის 868-ე მუხლის პირველი ნაწილით მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

დადგენილია, რომ მხარეებს ხელშეკრულებებით განსაზღვრული ჰქონდათ მყარი საპროცენტო განაკვეთი. სახელშეკრულებო პირობების მიხედვით მოპასუხე კისრულობდა ვალდებულებას გადაეხადა სარგებელი, რაც დაწესებული იყო ხელშეკრულებებით. შესაბამისად, სარგებელის გადახდის ვალდებულებაც ხ----------–--–---ს უნდა შეესრულებინა საქართველოს სკ-ის 361-ე მუხლით დადგენილი წესის მიხედვით. როგორც ზემოთ აღინიშნა მოპასუხემ შეწყვიტა, როგორც ძირი თანხის, ისე სარგებელის გადახდა. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე ვალდებულია გადაიხადოს საკრედიტო თანხაზე დარიცხული სარგებელი, ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, რაც საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შეადგენს 1589.62 ლარს, რომლის ანაზღაურება მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოპასუხეებს.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების მიხედვით, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

განსახილველ შემთხვევაში ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში ვალდებულების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლო, მხარეთა შორის წერილობით არის შეთანხმებული და ეს გარემოება მხარეთა შორის დავას არ იწვევს.

სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებაა. მისი მიზანია ხელშეკრულების მხარეთა იძულება ვალდებულებების ჯეროვანი შესრულებისაკენ. თითოეულმა მხარემ უნდა გააცნობიეროს, რომ მის მიერ ვალდებულების არაჯეროვან შესრულებას მოჰყვება პასუხისმგებლობა და გარდა ძირითადი ვალდებულების შესრულებისა, დამატებით დაეკისრება საჯარიმო სანქცია. დამატებითი ხარჯების გაწევის თავიდან აცილების მიზნით, თითოეულმა მხარემ დროულად და ჯეროვნად უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება. ამასთან პირგასამტეხლო წარმოადგენს ზიანის ანაზღაურების მინიმალურ მოთხოვნას. მისი გადახდა ეკისრება იმ პირს, ვინც დაარღვევს ხელშეკრულების პირობებს. დადგენილია, რომ მოპასუხემ ვალდებულება შეთანხმებულ ვადაში არ შეასრულა, მან ვადაზე ადრე შეწყვიტა კრედიტის დაფარვა, ვალდებულების დარღვევის გამო ის ვალდებულია გადაიხადოს პირგასამტეხლოს თანხაც. ამასთან აუცილებელია პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვროს გონივრული ოდენობით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე.

 

მხარეები მოქმედებენ რა, სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში, რომელიც ამავე დროს პირგასამტეხლოს ოდენობის მხარეთა შეთანხმებისამებრ განსაზღვრას გულისხმობს, ამავე დროს, კანონმდებელი სასამართლოს ანიჭებს უფლებამოსილებას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სამართლიანობის, თანასწორობისა და გონივრულობის პრინციპის საფუძველზე შეამციროს ’’შეუსაბამოდ მაღალი’’ პირგასამტეხლო. პირგასამტეხლოს გადასახდელი ოდენობა უნდა შეესაბამებოდეს, როგორც კრედიტორის, ასევე მოვალის ინტერესებს. მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო პირგასამტეხლოს დაკისრებამ არ უნდა გამოიწვიოს, ერთი მხრივ, პასუხისმგებლობის შეუსაბამო შემსუბუქება კრედიტორის წინაშე და, მეორე მხრივ, კრედიტორის უსაფუძვლო გამდიდრება.

 

მართალია, გაფორმებული ხელშეკრულებებით მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს ოდენობაზე, მაგრამ აღნიშნული სასამართლოს არ ზღუდავს, დავის კანონიერად და სამართლიანად გადაწყვეტისათვის გამოიყენოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული უფლება და თვითონ შეაფასოს პირგასამტეხლოს ოდენობისა და დაკისრების მიზანშეწონილობა. ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა გარემოებანი.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელე 2017 წლის 16 იანვრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების ჯეროვნად შეუსრულებლობის გამო, მოითხოვს დარიცხული პირგასამტეხლოს ანაზღაურებას 3617.56 ლარის ოდენობით.

 

სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრება ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ სამოქალაქო უფლებათა კეთილსინდისიერად განხორციელების პრინციპს. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ დასახელებული პირგასამტეხლოს მოცულობა უნდა შემცირდეს და შესატყვისად უნდა შემცირდეს კონკრეტულ თანხაში გამოხატული პირგასამტეხლოს ოდენობაც.

 

სასამართლო, მხარეთა თანასწორობის, სამართლიანობისა და გონივრულობის პრინციპის საფუძველზე, მხარეთა ინტერესების შესაბამისად, მიიჩნევს, რომ უნდა შემცირდეს პირგასამტეხლოს ოდენობა და 2017 წლის 16 იანვრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, განისაზღვროს 617.56 ლარით (ნაცვლად 3617.56 ლარისა).

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

იმავე კოდექსის 49.2-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. იმავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შესაბამისად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით გაწეული ხარჯის ანაზღაურება 357.15 ლარის ოდენობით. დარჩენილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 54.3 ლარი დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სს ,,ს----------–--------ი’’-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. მოპასუხე ხ----------–--–---ს პ/ნ 0----------, სს ,,ს----------–--------ი’’-ს ს/ნ 2-------- სასარგებლოდ, დაეკისროს 10714.67 ლარის ანაზღაურება.

 

3. დავალიანების დაფარვის მიზნით, სარეალიზაციოდ მიექცეს სესხის უზრუნველსაყოფად გირავნობით დატვირთული ხ----------–--–---ს მოძრავი ქონება - ავტომანქანა, ,,მ-------------–’’ E320, ფერი-რუხი 1/8, გამოშვების წელი- 2004, საიდენტიფიკაციო ნომერი W----------------, სანომრე ნიშანი KK-7---MM, რეგისტრაციის მოწმობა A--------. იმ შემთხვევაში, თუ გირავნობით დატვირთული ქონების რეალიზაციით ამონაგები თანხა სრულად არ დაფარავს ვალდებულებას, დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს მოვალის სხვა ქონება.

 

4. მოპასუხე ხ----------–--–---ს სს ,,ს----------–--------ი’’-ს სასარგებლოდ, დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 357.15 ლარის ანაზღაურება.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით სენაკის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სენაკის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ლევან ნუცუბიძე