გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/8441-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
25 დეკემბერი, 2019 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თამარ მეშველიანი
სხდომის მდივანი ნინო მანჯგალაძე
მოსარჩელე გ----------------ე
მოპასუხე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 10 ოქტომბრის MES 0------------ გადაწყვეტილება (იხ. 25.12.2019წ. სხდომის ოქმი 14:00:45სთ);
1.2. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს დაევალოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა გ----------------ის სახელზე გაცემული TUA №0----- დიპლომის ნამდვილობის დადასტურების თაობაზე.
2. მოპასუხის პოზიცია
სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1. საქართველოს განათლების სამინისტრომ 1992 წლის 15 სექტემბრის №0------------ ლიცენზიით (უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში რეგისტრაციის №0--) ნება დართო საინიციატივო ჯგუფის თავმჯდომარეს ო. შარაძეს რეგისტრაციაში გაეტარებინა თბილისის დამოუკიდებელი უნივერსიტეტი „ა----ა“, როგორც ფასიანი უმაღლესი სასწავლებელი.
ქ. თბილისის გლდანის რაიონის სასამართლოს 1996 წლის 10 სექტემბრის დადგენილებით რეგისტრაციაში გატარდა შპს დამოუკიდებელი უნივერსიტეტი „ა----ა“ (რეგისტრაციის №1-------).
ქ. თბილისის გლდანის რაიონის სასამართლოს 1997 წლის 29 სექტემბრის დადგენილებით (რეგისტრაციის №1-------) შპს დამოუკიდებელ უნივერსიტეტ ,,ა----ას" შეეცვალა სახელწოდება და ეწოდა შპს თბილისის დამოუკიდებელი უნივერსიტეტი ,,ა----ა".
საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის საბჭოს 2005 წლის 04 თებერვალის №2------- გადაწყვეტილებით, შპს თბილისის დამოუკიდებელ უნივერსიტეტ „ა----ას“ მიენიჭა ინსტიტუციური აკრედიტაცია 2007-2008 სასწავლო წლის დაწყებადე.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის რეესტრის სამმართველოს უფროსის 2019 წლის 08 აპრილის მოხსენებითი ბარათი (ს.ფ.64-70).
3.2 გ----------------ე 2004 წელს ჩაირიცხა თბილისის დამოუკიდებელ უნივერსიტეტ ა----აში იურიდიული ფაკულტეტის სამართალმცოდნეობის სპეციალობაზე. იურიდიული ფაკულტეტის 2008 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებით, გ----------------ეს მიენიჭა ბაკალავრის აკადემიური ხარისხი და მის სახელზე გაიცა TUA №0----- დიპლომი.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- TUA №0----- დიპლომი (ს.ფ. 59);
- 01.11.2019წ. წერილი. (ს.ფ.20);
3.3. გ----------------ის წარმომადგენელმა 2019 წლის 10 სექტემბერს განცხადებით მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და მოითხოვა, შპს თბილისის დამოუკიდებელი უნივერსიტეტის ,,ა----ას" მიერ 2008 წელს გ----------------ის სახელზე გაცემული TUA №0----- დიპლომის ნამდვილობის დადასტურება.
სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრის 10 ოქტომბრის MES 0------------ გადაწყვეტილებით გ----------------ეს უარი ეთქვა დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე. ადმინისტრაციულმა ორგანომ განმარტა, რომ ,,უმაღლესი განათლების შესახებ'' საქართველოს კანონის შესაბამისად, შპს თბილისის დამოუკიდებელ უნივერსიტეტ „ა----ას“ მიერ 2007-2008 სასწავლო წლის დასაწყისის შემდგომ განხორციელებული საგანმანათლებლო საქმიანობა, მათ შორის, გ----------------ის სწავლის პერიოდი (2008 წელს მისთვის მინიჭებული კვალიფიკაცია) და აღნიშნულის საფუძველზე, მის სახელზე გაცემული ბაკალავრის TUA №0----- დიპლომი არ არის აღიარებული სახელმწიფოს მიერ.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 10.10.2019წ. MES 0------------ გადაწყვეტილება (ს.ფ. 16-19);
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ზვიად ტაბატაძის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. ნორმატიული აქტები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ,,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ” საქართველოს კანონი, ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის პირველი ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესი''.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
მითითებული ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 10 ოქტომბრის MES 0------------ გადაწყვეტილება, მერი სიხარულიძის სახელზე გაცემული TUA №0----- დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ, წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
6.2. საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება.
საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, სახელმწიფო ხელისუფლება ხორციელდება კონსტიტუციითა და კანონით დადგენილ ფარგლებში. საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. საკანონმდებლო და სხვა ნორმატიული აქტების მიღებისა და გამოცემის ზოგადი წესი და მათი იერარქია განისაზღვრება ორგანული კანონით.
საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით. კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, რომლებიც აქ არ არის მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობს კონსტიტუციის პრინციპებიდან.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისას, საჯარო დაწესებულებების მიერ თავისი საქმიანობის წარმოების პროცესში საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით, თუ შეთანხმებებით გარანტირებული ადამიანის უფლებებს და თავისუფლებებს აქვს პირდაპირი მოქმედების ძალა, რაც ნიშნავს იმას, რომ საჯარო დაწესებულებამ, მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას უნდა იხელმძღვანელოს ამა, თუ იმ ზემოთ აღნიშნული უფლების (თავისუფლების) ნამდვილი შინაარსით და არ უნდა დაუშვას ამ უფლებით დაცულ სფეროში არამართლზომიერი ჩარევა.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით გარანტირებული განათლების მიღების უფლება, მიუხედავად იმისა, რომ იგი არ მოიცავს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას, დააფინანსოს უმაღლესი განათლება, გულისხმობს ყოველი პირისათვის, მათ შორის (ზოგად განათლებასთან ერთად), სახელმწიფოს მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისი უმაღლესი განათლების შეძენის, მისი ფორმის და პროფესიული მიმართულების არჩევის, შეძენილი უმაღლესი განათლების აღიარებისა და მისი თავისუფალი რეალიზაციის დაუბრკოლებლად, შეუზღუდავად განხორციელების შესაძლებლობის შექმნას, აგრეთვე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შექმნის და ფუნქციონირების თავისუფლებას, რაც მიესადაგება თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს.
6.3. ,,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მექანიზმების სამართლებრივი საფუძვლების განსაზღვრა. ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მიზნით იქმნება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი. კანონის მე-5 მუხლის მიხედვით, ცენტრი საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში: ა) ხელს უწყობს განათლების ხარისხის გაუმჯობესებას, რისთვისაც შეიმუშავებს რეკომენდაციებს; ბ) ახორციელებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების (გარდა საჯარო სამართლის იურიდიული პირისა – ტექნოლოგიური ინსტიტუტისა (შემდგომ – ტექნოლოგიური ინსტიტუტი)) ავტორიზაციას და მათი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციას; ბ1) ახორციელებს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციას; გ) უზრუნველყოფს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებას; დ) ახორციელებს უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებას; ვ) ამოწმებს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტის − განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – ენობრივ სისწორეს; ზ) ახორციელებს ცენტრის დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
,,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისას ცენტრი ადგენს პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლის, აგრეთვე მისთვის კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან მათ შესაბამისობას.
საქმის მასალებით დგინდება, რომ გ----------------ემ 2019 წლის 10 სექტემბერს განცხადებით მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და მოითხოვა შპს თბილისის დამოუკიდებელ უნივერსიტეტ „ა----ას“ მიერ მის სახელზე გაცემული TUA №0----- დიპლომის ნამდვილობის დადასტურება. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 10 ოქტომბრის MES 0------------ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გ----------------ეს უარი ეთქვა TUA №0----- დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე.
6.4.,,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ,,დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ამტკიცებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესსა და საფასურებს; უფლებამოსილია საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებასა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოებისათვის დაადგინოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული ვადები.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის’’ პირველი მუხლის შესაბამისად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესი (შემდგომში – წესი) არეგულირებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების (გარდა ლეგალიზაციისა და აპოსტილით დამოწმებისა), უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების, ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების სახელმწიფო აღიარებისა და „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საერთაშორისო დაცვის მქონე პირების (შემდგომში – საერთაშორისო დაცვის მქონე პირი) და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირების – დევნილების, ასევე ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში განათლებამიღებული იმ პირების, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი განათლების ან კვალიფიკაციის დადასტურებას, განათლების აღიარების (შემდგომში – განათლების აღიარება) პირობებსა და პროცედურას.
მითითებული წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებასა და განათლების აღიარებას ახდენს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (შემდგომში – ცენტრი) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და ამ წესის შესაბამისად, რომელიც, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, აღნიშნულ უფლებამოსილებებს ახორციელებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო), სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებთან – საგანმანათლებლო რესურსცენტრებთან (შემდგომში – საგანმანათლებლო რესუსრცენტრები), საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და სხვა უფლებამოსილ პირებთან, ხოლო უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შემთხვევაში, ასევე, საერთაშორისო საინფორმაციო ქსელის წარმომადგენლებთან თანამშრომლობით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის’’ მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების ან განათლების აღიარების მიზნით, საგანმანათლებლო დოკუმენტის მფლობელი, ამ პირის მიერ სათანადოდ უფლებამოსილი ან სხვა დაინტერესებული პირი, ცენტრში წარადგენს ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად შევსებულ განცხადებას. განცხადება და თანდართული დოკუმენტები ცენტრს შესაძლებელია წარედგინოს ფოსტის ან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის – www.my.gov.ge – მეშვეობით. თანდართული დოკუმენტები ცენტრს წარედგინება ქართულ ენაზე (უცხოენოვანი დოკუმენტის შემთხვევაში – ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე).
სასამართლო მიუთითებს „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის’’ მე-3 მუხლის პირველ და მეორე პუნქტებზე და აღნიშნავს, რომ საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების ობიექტია უმაღლესი და პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი – დიპლომი და ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი (ზოგადი განათლების ატესტატი). საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების მიზნით ცენტრში წარმოდგენილ განაცხადს უნდა ერთოდეს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქართველოში გაცემული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის/პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურების მიზნით, პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის გავლისა და პირისათვის კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს ადასტურებს პირის სახელზე გაცემული ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი, ხოლო საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის დროს ცენტრი ამოწმებს საგანმანათლებლო დოკუმენტის გაცემის უფლებამოსილებას, სწავლის პერიოდისა და საგანმანათლებლო დოკუმენტის სახელმწიფო აღიარებას და ამ დოკუმენტში ასახული კვალიფიკაციის შესაბამისობას საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან. ნამდვილობის დადასტურების დროს ცენტრი ადგენს პირისათვის მინიჭებულ კვალიფიკაციას/პირის მიერ მიღებული განათლების კონკრეტულ კვალიფიკაციასთან გათანაბრების საკითხს.
წესის მე-3 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, ამ მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების დასრულების შემდეგ ცენტრი: ა) ადასტურებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობას; ბ) უარს ამბობს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებაზე. მე-8 პუნქტი კი ადგენს, რომ ამ მუხლით გათვალისწინებული შემოწმების დროს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობის დადგენის შემთხვევაში, ცენტრი უარს ამბობს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებაზე, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სახეზეა უზუსტობა საგანმანათლებლო დოკუმენტით მინიჭებული კვალიფიკაციის ფორმულირებაში, რაც შინაარსობრივი თვალსაზრისით, არ იწვევს სწავლის შედეგისა და მინიჭებულ კვალიფიკაციის შეუსაბამობას, ცენტრი ადასტურებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობას და გადაწყვეტილებაში მიუთითებს აღნიშნულის თაობაზე.
ამდენად, მითითებული ნორმატიული აქტები, მოპასუხე - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების საკითხის გადაწყვეტას ავალდებულებს საქმის გარემოებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევის შედეგად, რაც წარმოადგენს დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების წინაპირობას. აღნიშნული ნორმატიული აქტით გათვალისწინებული უმნიშვნელოვანესი ამოცანების შესასრულებლად ცენტრს მართებს კონკრეტული საკითხის მარეგულირებელი კანონმდებლობის სიღრმისეული, კვალიფიციური, სისტემური და სამართლიანი გამოყენების შედეგად გადაწყვიტოს იგი.
6.5. განსახილველ შემთხვევაში სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი მოსარჩელის სახელზე გაცემული დიპლომის დადასტურებაზე უარის თქმის საფუძვლად უთითებს იმ გარემოებას, რომ ,,უმაღლესი განათლების შესახებ'' საქართველოს კანონის შესაბამისად, შპს თბილისის დამოუკიდებელ უნივერსიტეტ „ა----ას“ მიერ 2007-2008 სასწავლო წლის დასაწყისის შემდგომ განხორციელებული საგანმანათლებლო საქმიანობა, მათ შორის, გ----------------ის სწავლის პერიოდი (2008 წელს მისთვის მინიჭებული კვალიფიკაცია) და აღნიშნულის საფუძველზე, მის სახელზე გაცემული ბაკალავრის TUA №0----- დიპლომი არ არის აღიარებული სახელმწიფოს მიერ.
სასამართლოს მოსაზრებით, განსახილველი საკითხის გადასაწყვეტად უმნიშვნელოვანესია დადგინდეს, გააჩნდა თუ არა მოსარჩელეს კანონიერი ნდობა მის სახელზე გაცემული დიპლომის მიმართ. სასამართლო აღნიშნავს, რომ დიპლომი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, არ წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, იგი არის უკვე არსებული ფაქტის (აქტის) სპეციალური დოკუმენტის სახით დაფიქსირება, რეალაქტი, რომელიც მხარისათვის აღმჭურველი ბუნებისაა და რომლითაც დაინტერესებულ მხარეს გარკვეული უფლებამოსილება ენიჭება, მოცემულ შემთხვევაში - პროფესიული საქმიანობის უფლება. მართალია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი კანონიერ ნდობას უკავშირებს მხოლოდ აღმჭურველი აქტის არსებობას, დიპლომი კი, როგორც აღინიშნა, აქტი არ არის, თუმცა სასამართლო, კანონის გონივრული, სამართლიანი, მისი მიზნებიდან გამომდინარე და მოსარჩელის განსაკუთრებული დაცვის ღირსი იურიდიული ინტერესის ადეკვატურად განმარტების შედეგად, მიიჩნევს, რომ კანონიერი ნდობის ობიექტია ძირითადად ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის შედეგები, რომლებიც შეიძლება არსებობდნენ, როგორც ადმინისტრაციული აქტის, ასევე, მოქმედებების (რეალაქტის) სახით, ანუ მოცემულ შემთხვევაში დაცვის ობიექტია სახელმწიფოს მიერ განხორციელებული აღმჭურველი ბუნების მოქმედებებიც. დაცვის ღირსია მათი კანონიერების რწმენა, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საქმე ეხება უფლების მიმნიჭებელ აქტებსა და მოქმედებებს. ამ უფლების მატარებელს, კანონიერი ნდობის პრინციპზე დაყრდნობით, უფლება აქვს წინააღმდეგობა გაუწიოს მათ გაუქმებას ათუ მათი ნამდვილობის, იურიდიული ძალმოსილების არაღიარებას. სასამართლო მიიჩნევს, რომ კანონმდებლის მიზანი კანონიერი ნდობის პრინციპის საკანონმდებლო დონეზე დამკვიდრებისას (სზაკ-ის მე-9, მე-601 და 61-ე მუხლები) იყო და არის მმართველობითი საქმიანობის შედეგად გარკვეული უფლებით აღჭურვილი პირის დაცვა უფლების მიმნიჭებელი არამარტო კანონსაწინააღმდეგო აქტის, არამედ მოქმედების გაუქმებისაგანაც.
სასამართლო, აქვე, მიუთითებს, რომ საქმის მასალების თანახმად, სახეზე არ არის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული კანონიერი ნდობის გამომრიცხავი გარემოება, კერძოდ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიერ სახელმწიფო, საზოგადოებრივი ან სხვა პირის კანონიერი უფლების ან ინტერესების არსებითი დარღვევა.
სახეზე არ არის, აგრეთვე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული კანონიერი ნდობის გამომრიცხავი გარემოება. კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, კანონიერი ნდობა არსებობს მაშინ, თუ პირმა აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის ქმედება და სახეზე არ არის კანონიერი ნდობის გამომრიცხავი გარემოება - დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული აქტის მიმართ კანონიერი ნდობა გამოირიცხება, თუ ეს აქტი გამოიცა დაინტერესებული პირის მიერ კანონსაწინააღმდეგო ქმედების საფუძველზე, ასეთად შეიძლება მივიჩნიოთ ყალბი დოკუმენტის, არასწორი ინფორმაციის წარდგენა, ზეწოლა, მოტყუება, ქრთამის მიცემა და სხვა, რასაც, განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ქონია, შესაბამისად, ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-9 მუხლის მე-2 ნაწილისა და მე-601 მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ კანონიერი ნდობის გამომრიცხავ გარემოებას - დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედებას.
მოსარჩელე ენდობოდა მის სახელზე გაცემული დიპლომის სტაბილურობას და მისი ეს ნდობა დაცვის ღირსია სამართლებრივი უსაფრთხოების ფაქტორიდან გამომდინარე, რაც, თავის მხრივ, ზღუდავს აქტის ბათილად გამოცხადების შესაძლებლობას, მოცემულ შემთხვევაში ზღუდავს მოპასუხეს, არ დაადასტუროს დიპლომის ნამდვილობა. დაინტერესებული მხარე ენდობოდა სახელმწიფოს მოქმედების, ამ მოქმედების შედეგების სტაბილურობას და გამოიყენა ეს ნდობა - პროფესიული კარიერა დაგეგმა სწორედ ამ კუთხით. მოსარჩელემ მასზე გაცემული დიპლომის საფუძველზე განახორციელა მთელი რიგი იურიდიული მნიშვნელობის მოქმედებები, ახორციელებს პროფესიულ საქმიანობას, აღნიშნული სამართლებრივი შედეგების შენარჩუნება კი ემსახურება ადმინისტრაციული სამართლის უმნიშვნელოვანესი პრინციპის - კანონიერი ნდობის უზრუნველყოფას, რაც თავის მხრივ, განაპირობებს მმართველობის ავტორიტეტს, სამართლებრივი სტაბილურობის და უსაფრთხოების განმტკიცებას.
კანონიერი ნდობის არსებობას და დაცვას დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანის უფლებათა დაცვის, სამართლებრივი სტაბილურობისა და უსაფრთხოების კუთხით. ადამიანს უნდა ჰქონდეს ნდობა ოფიციალური გადაწყვეტილებებისადმი და მისი ეს ნდობა უნდა იყოს დაცული. კანონიერი ნდობის პრინციპის დარღვევა სახელმწიფოს საქმიანობის კანონიერების პრინციპის სასარგებლოდ, უნდა იყოს განსაკუთრებულად დასაბუთებული და უკიდურესად აუცილებელი, რაც განსახილველი საქმის მასალებიდან არ იკვეთება. მოცემულ შემთხვევაში, კანონიერებისა და კანონიერი ნდობის პრინციპების თანაზომიერების პრინციპის საფუძველზე შეპირისპირების შედეგად არ იკვეთება კანონიერების პრინციპის აღმატებული დაცვის ინტერესესი. ასეთ შემთხვევაში კი, სასამართლოს აზრით, აუცილებელია, რომ მოქალაქის ნდობა უფრო მნიშვნელოვნად შეფასდეს, ვიდრე ის ინტერესი, რომელსაც იცავს ადმინისტრაციული ორგანო.
სასამართლოს მოსაზრებით, საქმის მასალების საფუძველზე და საქმის სხვა გარემოებების გათვალისწინებით, პირის კერძო ინტერესი - გააჩნდეს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი), შესაბამისი კვალიფიკაცია, შეძლოს პროფესიით მუშაობა, განახორციელოს როგორც საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული განათლების მიღების, ასევე, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის დამატებითი ოქმით გარანტირებული განათლების უფლების რეალიზაცია, არის უპირატესი იმ საჯარო ინტერესთან შედარებით, რომელიც საქმის მასალების შესწავლისა და მოპასუხის პოზიციიდან გამომდინარე, გულისხმობს მხოლოდ და მხოლოდ განსახილველი საკითხის მომწესრიგებელი მატერიალური კანონმდებლობის ფორმალურ დაცვას.
აქვე, სასამართლო mutatis mutandis მოიხმობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას საქმეზე მიურსელ ერენი თურქეთის წინააღმდეგ (Mürsel Eren v. Turkey), სადაც ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ კანონიერი ნდობის პრინციპის დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის დამატებითი ოქმის მე-2 მუხლით გათვალისწინებული განათლების უფლების დარღვევა.
6.6. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება არ შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან. შესაბამისად, ბათილად უნდა იქნას ცნობილი გასაჩივრებული აქტი - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 10 ოქტომბრის MES 0------------ გადაწყვეტილება და მოპასუხეს უნდა დაევალოს, კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელის სახელზე გაცემული დიპლომის ნამდვილობის დადასტურების თაობაზე.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლით განსაზღვრულია მხარეთა შორის ხარჯების განაწილების წესი. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ 100 ლარის გადახდა მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით წინასწარ გადახდილი თანხის ასანაზღაურებლად.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 32-ე, 33-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. გ----------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 10 ოქტომბრის MES 0------------ გადაწყვეტილება;
3. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს დაევალოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა გ----------------ის სახელზე გაცემული TUA №0----- დიპლომის ნამდვილობის დადასტურების თაობაზე;
4. მოპასუხე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრს დაეკისროს გ----------------ის სასარგებლოდ 100 (ასი) ლარის გადახდა;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის დღიდან სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ.თბილისი, გრიგოლ რობაქიძის 7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივნი №64) მეშვეობით.
მოსამართლე თამარ მეშველიანი