გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3037393-2/368-19წ.
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
27 თებერვალი 2020 წელი ქ. ახალციხე
შესავალი ნაწილი
ახალციხის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - მარიკა ჩიტაშვილი
სხდომის მდივანი - მარიამ სუხიაშვილი
მოსარჩელე - სს ,,კ------- ბანკი’’
წარმომადგენელი - ზ---–----------ე
მოპასუხე - პ------------------
წარმომადგენელი - ე---------------------იან
მოპასუხე - ს--–---------–----ნ
თარჯიმანი - ლ-------------ნ
დავის საგანი - უფლებამონაცვლედ ცნობა, ფულადი ვალდებულების შესრულება,აღწერილობითი ნაწილი :
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ს--–---------–----ნი ცნობილი იქნეს აწ გარდაცვლილი ა-–----- მ------ის უფლებამონაცვლეებად.
1.2. ს--–---------–----ნს და პ------------------ს სს ,,კ------- ბანკის’’ სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ - 7709.01 ლარი, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 4232.96 ლარი, პროცენტი – 1306.73 ლარი და პირგასამტეხლო - 2169.32 ლარი.
მოსარჩელემ სარჩელი დააფუძნა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2018 წლის 26 იანვარს შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ბ--------"-ს (ბიზნეს საინვესტიციო ჯგუფი) და ა-–----- მ------ს შორის გაფორმდა ფინანსური მომსახურების შესახებ ხელშეკრულება N25789, რომლის საფუძველზეც მან სესხის სახით მიიღო 5000 ლარი 24 თვით, სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 34%. აღნიშნული სესხის ხელშეკრულების 3.7. და 4.4. მუხლებით განისაზღრა, რომ მსესხებელეს დაერიცხება პირგასამტეხლო სესხის გადახდის გრაფიკით გათალისწინებულ ვადებში თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, პირგასამტეხლოს დარიცხვა მოხდება შემდეგნაირად: ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დავალიანების ძირითადი თანხის 1% და ვადაგადაცილებული პროცენტის 1%, პირგასამტეხლოს დარიცხვა გაგრძელდება ვალდებულების სრულად შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის ნარჩენი ძირითადი თანხის წლიური 150 %-ისა.
აღნიშნული სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების უზრუნველსაყოფად, 2018 წლის 26 იანვარს, მოპასუხე პ------------------თან გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხემ იკისრეს ვალდებულება კრედიტორის წინაშე სოლიდარულად დაფაროს ძირითადი მოვალის დავალიანება, მაშინაც კი, როცა ადგილი არ ექნება იძულებითი აღსრულების მცდელობას ძირითადი მოვალის მიმართ, ხოლო თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას, უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა, თავდები. ვალდებულია თვითონ დაფაროს ძირითადი მოვალის გადასახდელი. თავდებობის ხელშეკრულებით პასუხისმგებლობის ფარგლებად განისაზღვრა ვალდებულების შესრულების. სამენტში არსებული დავალიანების პროპორციული თანხა არაუმეტეს 5500 ლარისა.
მსესხებელი, ა-–----- მ------ი გარდაიცვალა 2018 წლის 27 ივლისს მსესხებლის გარდაცვალების შემდეგ, როგორც თავდებს, ასევე, სავარაუდო მემკვიდრეს (დედას, რომელიც სესხის მიღებასთან დაკავშირებით ოჯახის წევრადაა მითითებული) განემარტათ, რომ მსესხებლის გარდაცვალების შემდეგ მაინც უნდა მომხდარიყო მის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება შესაბამისად, დარჩენილი დავალიანების თაობაზე, ცნობილი იყო მსესხებლის სავარაუდო მემკვიდრისთვის მოპასუხე ს--–---------–----ნისთვის და თავდები როგორც ზეპირად, ასევე, წერილობითი ფორმით გაფრთხილებული იყო მსესხებლის მიერ გრაფიკით განსაზღვრული თანხის გადაუხდელობის თაობაზე.
სარჩელის შეტანის დღისთვის შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბ--------"-ს და მოვალე ა-–----- მ------ს შორის გაფორმებული ფინანსური მომსახურების შესახებ N25789 ხელშეკრულების საფუძველზე სოლიდარული მოვალეების ა-–----- მ------ის და პ------------------ის სახელზე არსებული სოლიდარული დავალიანება შეადგენს 7709,01 ლარს, საიდანაც 4232,96 ლარი არის სესხის ძირითადი თანხა, 1306,73 ლარი არის დარიცხული პროცენტი, ხოლო 2169,32 ლარი არის დარიცხული პირგასამტეხლო.
მსესხებლის გარდაცვალების შემდეგ, როგორც თავდებს, ასევე, სავარაუდო მემკვიდრეს, დედას განემარტათ, რომ მსესხებლის გარდაცვალების შემდეგ მაინც უნდა მომხდარიყო მის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. შესაბამისად, დარჩენილი დავალიანების თაობაზე, ცნობილი იყო მსესხებლის სავარაუდო მემკვიდრისთვის მოპასუხე ს--–---------–----ნისთვის და თავდები როგორც ზეპირად, ასევე, წერილობითი ფორმით გაფრთხილებული იყო მსესხებლის მიერ გრაფიკით განსაზღვრული თანხის გადაუხდელობის თაობაზე.
სს „კ------- ბანკსა“ და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბიალჯი"-ს შორის გაფორმებულ მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულების საფუძველზე, სს „კ------- ბანკი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ბ--------"-ს ნაცვლად გახდა კრედიტორი, შესაბამისად, აღნიშნულ მოთხოვნაზე უფლებამოსილი პირია სს" კ------- ბანკი.’’
მოსარჩელემ მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, რათა მიეღო ინფორმაცია გარდაცვლილი ა-–----- მ------ის) შვილების, მშობელბისა და მეუღლის შესახებ, რათა ზუსტად განესაზღვრა უფლებამონაცვეთა წრე, თუმცა სერვისების განვითარების სააგენტოს მხრიდან უარი გვეთქვა ამ ინფორმაციის გაცემაზე, რადგან ინფორმაცია წარმოადგენს პერსონალურ მონაცემებს
მოსარჩელემ მიმართა საქართველოს ნოტარიუსთა პალატას, რათა მიეღო ინფორმაცია გარდაცვლილი ა-–----- მ------ის მემკვიდრეებზე გაცემული იყო თუ არა |სამკვიდრო მოწმობა, ამ ინფორმაციის გაცემაზე გვეთქვა უარი, თუმცა გაკეთდა მითითება, რომ სამემკვიდრეო საქმის წარმოების მიმდინარეობის შესახებ ინფორმციის მიღება შესაძლებელი იყო ელეტრონულად. მოსარჩელის მიერ მოძებული იქნა ეს ინფორმაცია და გაირკვა, რომ ა-–----- მ------ი საქმეზე სამემკვიდრეო საქმის წარმოება არ მიმდინარეობს.
3. მოპასუხის პოზიცია:
3.1. მოპასუხე პ------------------მა სარჩელი არ ცნo და მიუთითa, რომ როდესაც იგი ხელს აწერდა თავდებობის ხელშეკურლებას მისთვის დოკუმენტის შინაარსი არ იყო ცნობილი, ამასთან, ა-–----- მ------მა ამ და სხვა სასესხო ვალდებულებებით შეიძინა ძვირადღირებული საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ავეჯი რომელსაც მსი გარდაცვალბეის შემდეგ დაეუფლა ს--–---------–----ნი - როგორც სამკვიდროს და მის მიერ უნდა მოხდეს ამ ვალდებულების შესრულება.
3.2. მოპასუხე ს--–---------–----ნს შესაგაბელი არ წარმოუდგენია და არც სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულა.
4. ფაქტობრივი გარემოებები:
4.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
4.1.1. დადგენილია, რომ 2018 წლის 26 იანვარს შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბ--------.ს და ა-–----- მ------ს შორის გაფორმდა ფინანსური მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ა-–----- მ------მა სესხის სახით მიიღო 5000 ლარი 24 თვით, სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 34%. ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დავალინაების თანხის 1% და ვადაგადაცილებული პროცენტის 1%. წარდგენილ სესხის განაცხადში ოჯახის ერთად-ერთ წევრად მითითებულ იქნა ს--–---------–----ნი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სესხის განაცხადი;
- 26.01.2018წ. ფინანსური მომსახურების შესახებ N25789 ხელშეკრულება;
- 26.01.2018წ. ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები;
- სესხის დაფარვის გრაფიკი;
4.1.2. დადგენილია, რომ 2018 წლის 26 იანვრის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად 2016 წლის 26 იანვარს შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბ--------ს შორის დაიდო თავდებობის ხელშეკრულება. თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრა 5500 ლარით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 26.01.2018წ. თავდებობის ხელშეკრულება;
- განცხადება თავდებობის შესახებ.
4.1.3. დადგენილია, რომ მსესხებლებმა დაარღვიეს სესხის დაფარვის გრაფიკი და პირობები. მოპასუხე მხარე გაფრთხილებული იქნა დავალიანების დაფარვის თაობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 26.01.2018წ. ფინანსური მომსახურების შესახებ N25789 ხელშეკრულება;
- 26.01.2018წ. ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები;
- სესხის დაფარვის გრაფიკი;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
4.1.4. დადგენილია, რომ სს „კ------- ბანკსა“ და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბ--------ს შორის გაფორმებული იქნა მოთხოვნის დათმობის შესახებ ხელშეკრულება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გადაცემის ხელშეკრულება;
4.1.5. დადგენილია, რომ ა-–----- მ------ი გარდაიცვალა 2018 წლის 27 ივლისს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ა-–----- მ------ის გარდაცვალების მოწმობა.
4.1.6. დადგენილია, რომ მოპასუხე ს--–---------–----ნი არის გარდაცვლილი ა-–----- მ------ის დედა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
4.2. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.
4.2.1. დადგენილია, რომ მოპასუხე ს--–---------–----ნმა, როგორც გარდაცვლილი ა-–----- მ------ის პირველი რიგის მემკვიდრემ მიიღო ა-–----- მ------ის სამკვიდრო ქონება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა.
სამოქალაქო საქმეზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების ერთადერთი გზა მტკიცებაა, რომლითაც დგინდება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები. მტკიცების პროცესში იგულისხმება პროცესის მონაწილე სუბიექტების საქმიანობა, მიმართული საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების არსებობის ან არარსებობის დასადგენად. პროცესის მონაწილე მხარეთა და სასამართლოს მტკიცებითი საქმიანობა, მოიცავს შემდეგ სტადიებს: მტკიცების საგნის განსაზღვრა; მტკიცებულებათა შეგროვება (მტკიცებულებათა გამოვლენა, მათი შეკრება და სასამართლოში წარდგენა); მტკიცებულებათა სასამართლოში გამოკვლევა; მტკიცებულებათა შეფასება. დამტკიცებას საჭიროებს ის გარემოებები, რომლებიც ასაბუთებს სასარჩელო მოთხოვნასა და სარჩელის ფაქტობრივ გარემოებებს, მოწინააღმდეგე მხარის მიერ სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებისა და სასარჩელო მოთხოვნის უარყოფას, ასევე, საქმის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები (იხ. სუსგ, საქმე Nას-1206-1166-2016).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. აღნიშნული ნორმა ასახავს სამოქალაქო სამართალში მოქმედ ზოგად პრინციპს ,,მტკიცების ტვირთი ეკისრება მას ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს’’ -,,affirmanti, non legati, incumbit probatio’’.
შესაბამისად, მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, რომლის მიხედვითაც მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისთვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ აწ. გარდაცვლილ ა-–----- მ------ს საკუთრებაში არ გააჩნდა უძრავი ქონება, ასევე სატრანსპორტო საშაულება. თუმცა საქმის განხილვით დადგენილა, რომ მის მიერ შეძენილი იქნა არაერთი მოძრავი ნივთი, რასაც ადასტურებს მის მიერ სხვადასხვა საბანკო დაწესებულებებში გაფორმებული განვადების ხელშეკრულებები. აღნიშნული მოძრავი ნივთები განთავსებული იქნა მის საცხოვრებელ სახლში, რომელშიც სესხის აღებიდან დღემდე იმყოფება და ცხოვრობს ა-–----- მ------ის დედა ს--–---------–----ნი. რომელიც ფლობს და სარგებლობს ზემოაღნიშნული ნივთებით. აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებათა ერთობლიობა ქმნის პრეზუმფციას იმისას, რომ ს--–---------–----ნი ფაქტობრივად დაეუფლა მამკვიდრებლის ა-–----- მ------ის მოძრავ ნივთებს. მოპასუხე მხარის მხრიდან არ იქნა წარმოდგენილი არცერთი მტკიცება (წერილობითი მტკიცებულება, ინფორმაცია და სხვა), რომელიც გამორიცხავდა და ან ეჭვს ქვეშ დააყენებდა ს--–---------–----ნის მიერ სამკვიდროს მიღების ფაქტს.
3.2.2. მოპასუხეების დავალიანება სს ,,კ------- ბანკის’’ წინაშე სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს - 7709.01 ლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 4232.96 ლარი, პროცენტი - 1306.73 ლარი, პირგასამტეხლო - 2169.32 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 26.01.2018წ. ფინანსური მომსახურების შესახებ N25789 ხელშეკრულება;
- 26.01.2018წ. ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები;
- სესხის დაფარვის გრაფიკი;
- 26.01.2018წ. თავდებობის ხელშეკრულება;
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.
სასამართლოს მიაჩნია, რომ სს ,,კ------- ბანკის’’ სასარჩელო მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 316-ე, 317-ე, 327-ე, 867-ე, 361-ე, 427-ე, 873-ე, 868-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 411-ე, 412-ე, 414-ე, 301-ე მუხლებით;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1306-ე მუხლის თანახმად, 1. გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით. 2. კანონით მემკვიდრეობა გარდაცვლილის ქონების გადასვლა კანონში მითითებულ პირებზე - მოქმედებს, თუ მამკვიდრებელს არ დაუტოვებია ანდერძი, ან თუ ანდერძი მოიცავს სამკვიდროს ნაწილს, ან თუ ანდერძი მთლიანად ან ნაწილობრივ ბათილად იქნება ცნობილი.
სამოქალაქო კოდექსის 1307-ე მუხლის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს მემკვიდრეები შეიძლება იყვნენ პირები, რომელნიც ცოცხალნი იყვნენ მამკვიდრებლის სიკვდილის მომენტისათვის.
სამოქალაქო კოდექსის 1319-ე და 1320-ე მუხლების მიხედვით, სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების შემდეგ. სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება მამკვიდრებლის გარდაცვალების დღე.
სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან პირველ რიგში გარდაცვლილის შვილები, მეუღლე და მშობლები. ამავე მუხლის თანახმად, კანონით მემკვიდრეობა მოქმედებს თუკი მამკვიდრებელს არ დაუტოვებია ანდერძი, ან თუ ანდერძი მოიცავს სამკვიდროს ნაწილს, ან თუ ანდერძი მთლიანად ან ნაწილობრივ ბათილადაა ცნობილი.
სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ა-–----- მ------ი გარდაიცვალა 2018 წლის 27 ივლისს.
სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის თანახმად, სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე. მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას. თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღო სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც უნდა იყოს იგი. ამავე კოდექსის 1424-ე მუხლის მიხედვით კი, სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან.
დადგენილია, რომ აწ გარდაცვლილი ა-–----- მ------ის სამკვიდრო ქონებას მოძრავ ნივთებს ფაქტობრივად ფლობს მისი დედა ს--–---------–----ნი. შესაბამისად, დადგენილია რომ ს--–---------–----ნმა კანონით დადგენილი წესით მიიღო მამკვიდრებლის - ა-–----- მ------ის დანაშთი სამკვიდრო ქონება.
6.2. სასამართლო მიუთითებს, რომ მატერიალურ სამართალში ურთიერთობის მონაწილე კონტრაჰენტის ამა თუ იმ საფუძვლით ურთიერთობიდან გასვლა იწვევს ამ ურთიერთობაში უფლებამონაცვლის ჩართვას და მისთვის იმ უფლება-მოვალეობათა გადაცემას, რაც თავდაპირველ სამართალსუბიექტს გააჩნდა. ზოგადად, სამოქალაქო სამართალში ორი სახის უფლებამონაცვლეობა არსებობს: პირველი – უნივერსალური ანუ ზოგადი უფლებამონაცვლეობა, როდესაც უფლებამონაცვლეზე გადადის მისი წინამორბედის ყველა უფლება-მოვალეობა (მემკვიდრეობა, იურიდიული პირის რეორგანიზაცია და სხვა) და მეორე – სინგულარული (კერძო) უფლებამონაცვლეობა, როდესაც უფლებამონაცვლეზე გადადის მხოლოდ ცალკეული უფლება (მოთხოვნის დათმობა). ორივე შემთხვევაში უფლებამონაცვლეობის ფარგლები იმისდა მიხედვით დგინდება, თუ რა სახის უფლებამონაცვლეობასთან გვაქვს საქმე, მაგრამ, ამასთან, უფლებამონაცვლე უფლებებსა და მოვალეობებს იმ ფარგლებში იძენს, რა ფარგლებშიც იგი მის წინამორბედთან იყო. უფლებამონაცვლეობის ფარგლების შეზღუდვა, განსაკუთრებით ადრე არსებული ურთიერთობიდან წარმოშობილი ვალდებულების ფარგლებში, მხოლოდ უფლებამონაცვლის ნებაზე ან მასა და მის წინამორბედს შორის შეთანხმებაზე არ არის დამოკიდებული, ვინაიდან იგი პირდაპირ გავლენას ახდენს მესამე პირის ინტერესზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის. ამავე კოდექსის 1484-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მემკვიდრეები ვალდებულნი არიან მთლიანად დააკმაყოფილონ მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესები, მაგრამ მიღებული აქტივის ფარგლებში თითოეულის წილის პროპორციულად.
აღნიშნული მუხლების შესაბამისად, მემკვიდრეები სამკვიდროს მიღებით იღებენ ვალდებულებას დააკმაყოფილონ მამკვიდრებლის კრედიტორები მიღებული აქტივების ფარგლებში, შესაბამისად, ისინი, როგორც მამკვიდრებლის უფლებამონაცვლეები იკავებენ მამკვიდრებლის ადგილს სამართალურთიერთობაში. ამდენად, ა-–----- მ------ის მემკვიდრე ს--–---------–----ნი პასუხისმგებლია მამკვიდრებლის კრედიტორის წინაშე მიღებული სამკვიდრო ქონების ფარგლებში.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
წარმოდგენილ შემთხვევაში შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბ--------ს და ა-–----- მ------ს შორის ხელშეკრულებების გაფორმებით წარმოიშვა ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის შესაბამისად, მხარეთა შორის შეთანხმებული იქნა ხელშეკრულების ყველა არსებითი პირობა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხის და რაოდენობის ნივთი.
სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობს არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.
მოცემულ შემთხვევაში საქმეზე უდავოდაა დადგენილი, რომ მოსარჩელის მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა სრულად - მსესხებელზე გაიცა შეთანხმებული საკრედიტო თანხა, ხოლო რაც შეეხება მსესხებელს - მის მიერ ვალდებულება არ იქნა შესრულებული ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას.
სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის თანახმად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით, რასაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს.
ამავე კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება დარღვეული იქნა მსესხებლების მიერ, მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე დავალიანების ძირითად თანხას წარმოადგენს 4232.96 ლარს. ამდენად ძირითადი თანხის გადახდის სამართლებრივი ვალდებულება აწევს მოპასუხე მხარეს.
როგორც აღინიშნა, სამკვიდრო ქონების მიღებით მემკვიდრეები არამარტო აქტივის მიღებას ახორციელებენ, არამედ პასუხისმგებლები ხდებიან მამკვიდრებლის კრედიტორების წინაშე მიღებული სამკვიდრო ქონების ფარგლებში და ამდენად, როგორც მამკვიდრებლის უფლებამონაცვლეები იკავებენ მამკვიდრებლის ადგილს სამართალურთიერთობაში.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებული იქნეს პროცენტი.
ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი.
განსახილველ შემთხვევაში, 2018 წლის 26 იანვრის ხელშეკრულების თანახმად, მხარეთა შორის მოხდა შეთანხმება საპროცენტო სარგებელზე და არსებული მდგომარეობით საპროცენტო ვალი შეადგენს 1306.73 ლარს.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი ასევე უნდა დაკმაყოფილდეს საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე სესხზე დარიცხული პროცენტის მოთხოვნის ნაწილშიც. ვინაიდან დადგენილია, რომ მოპასუხეს აღნიშნული ხელშეკრულებებით აკისრია სესხის პროცენტის გადახდის ვალდებულებაც, ხოლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ მის მიერ სესხზე დარიცხული პროცენტი გადახდილია.
6.5. სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 892-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია თავდებობის ხელშეკრულების ფორმა, კერძოდ, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.
მოცემულ შემთხვევაში, შპს მოსარჩელესა და ა-–----- მ------ს შორის 2018 წლის 26 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით მოხდა მოსარჩელესა და პ------------------ს შორის სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებების გაფორმება, რომლის საფუძველზე მოპასუხე - პ------------------მა იკისრა ვალდებულება მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში კრედიტის ძირითადი თანხის, პროცენტისა გადახდის თაობაზე. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრა - 5500 ლარით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის შესაბამისად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
აღნიშნულის შესაბამისად, ვინაიდან მსესხებლის მიერ არ იქნა შესრულებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება მხარეთა მიერ შეთანხმებული პირობების შესაბამისად, თავდებს ძირითად მსესხებელთან ერთად ეკისრება სოლიდარული პასუხისმგებლობა 2018 წლის 26 იანვრის სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში არსებული დავალიანების, კერძოდ, ძირითადი თანხის, დარიცხული საპროცენტო დავალიანების გადახდის ვალდებულება.
აქვე სასამართლო აღნიშნავს, რომ გარიგების წერილობითი ფორმით დადებისას მხარეები ამ გარიგების დადების ნებას გამოხატავენ მასზე ხელმოწერით. პირის მიერ თავისი ნებით და მოქმედებით სამოქალაქო უფლებების განხორციელებას კანონი უკავშირებს პირის ქმედუნარიანობის არსებობას. ქმედუნარიანი პირის მიერ კანონით დადგენილი წესით ნების გამოვლენისას - ხელშეკრულების ხელმოწერისას ივარაუდება, რომ მისთვის ცნობილია ამ ხელშეკრულების შინაარსი, ასევე ივარაუდება, რომ პირი აცნობიერებს ხელმოწერით გამოხატული ნების სამართლებრივ შედეგს.
განსახილველ შემთხვევაში, სადავო გარიგების დადებისას გარიგების შინაარსის არცოდნის დასადასტურებლად მოსარჩელემ მიუთითა მის გამოუცდელობასა და ქართული ენის უცოდინარობაზე, თუმცა საქმის მასალებით არ დასტურდება ის გარემოება, რომ მან გარიგებაზე ხელმოწერისას განაცხადა პრეტენზია ქართული ენის არცოდნასთან დაკავშირებით. მხარეთა შორის ხელშეკრულება საბანკო დაწესებულებაში უფლებამოსილი პირის თანდასწრებით დაიდო. ასეთ ვითარებაში ივარაუდება, რომ ნების გამოვლენისა და ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის დროს მოპასუხეს ჰქონდა შესაძლებლობა, გასცნობოდა იმ დოკუმენტის შინაარსს, რომელსაც ხელს აწერდა. მან ვერ განმარტა რატომ არ ისარგებლა თარჯიმნის მომსახურებით, ან რა ობიექტური ვითარება შექმნა მოპასუხემ, რამაც მოსარჩელეს ხელი შეუშალა სასურველი ნების გამოვლენაში. ამდენად, სასამართლო ვერ გაიზიარებს პ------------------ის მითითებას იმასთან დაკავშირებით, რომ მას თავდებობის ხელშეკრულების დადებისას არ გამოუხატია ნამდვილი ნება.
6.6. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. პირგასამტეხლოს გამოყენებისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. ამასთან, იდენტიფიცირებადი უნდა იყოს ფულადი თანხის ოდენობა. პირგასამტეხლოს სახით გარკვეული ოდენობის ფულად თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება მოითხოვს წერილობით ფორმას. პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება.
ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ ''პრეზუმირებული მინიმალური ზიანის'' ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებაში (საქმე Nას-848-814-2016) პირგასამტეხლოს შესახებ განმარტებულია შემდეგი: "პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა".
ამდენად, პირგასამტეხლოს გონივრულობის შეფასებისას გასათვალისწინებელია მოთხოვნილი პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ.
მართალია მოპასუხემ არაჯეროვნად შეასრულა ვალდებულება, გრაფიკით გათვალისიწნებული გადახდა არ შეუსრულებია, მაგრამ ეს არაგონივრულად მაღალი პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას არ წარმოშობს. მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო მაღალია და მისი დაკისრება მოვალისათვის მეტისმეტად მკაცრი სანქცია იქნება და მხოლოდ მოვალის დასჯისკენ მიმართული ქმედება იქნება.
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა შემცირდეს და განისაზღვროს 1000 ლარით.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად: „იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
სს ,,კ------- ბანკის’’ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეებს დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ გაწეული საპროცესო ხარჯის მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 196,19 ლარი.
სარეზოლუციო ნაწილი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 268-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სს ,,კ------- ბანკის’’ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.1. ს--–---------–----ნი (პ/ნ 4----------) ცნობილი იქნეს აწ გარდაცვლილი ა-–----- მ------ის (გარდ. 2---------წ.) უფლებამონაცვლედ.
1.2. ს--–---------–----ნს და პ------------------ს სს ,,კ------- ბანკის’’ სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ - 6539.69 ლარი, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 4232.96 ლარი, პროცენტი – 1306.73 ლარი და პირგასამტეხლო - 1000 ლარი.
2. ს--–---------–----ნს და პ------------------ს სს ,კ------- ბანკის’’ სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 196.19 ლარის გადახდა.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30–ე დღისა, გამოცხადდეს ახალციხის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილი