გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2/25664-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
17 თებერვალი 2020 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თინათინ ეცადაშვილი
სხდომის მდივანი ნატო ხელაშვილი
მოსარჩელე სს ,,ფრ--------ო’’
წარმომადგენელი ნა----–-------------ე
მოპასუხე შა---ო ძა----ა
წარმომადგენელი ვა---–-------–-–---–ი
დავის საგანი თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1 მოპასუხე შა---ო ძა----ას დაეკისროს - 12000 ლარის გადახდა მოსარჩელე სს ,,ფრ--------ო’’-ს სასარგებლოდ.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2014 წლის 28 აპრილს სს ,,ფრ--------ო’’-ს და შა---ო ძა----ას შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის შესაბამისად სს ,,ფრ--------ომ’’ შა---ო ძა----ას საკუთრებაში გადასცა ავტომობილი მერსედეს ბენცი ვინ ნომრით: WD--------------8, ამავე ხელშეკრულებით შა---ო ძა----ამ იკისრა ვალდებულება სს ,,ფრ--------ოსთვის’’ გადაეხადა მითითებული ავტომობილის საფასური 12000 ლარის ოდენობით. მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ აღნიშნული ავტომობილი შა---ო ძა----ამ სს ,,ფრ--------ოსგან’’ საკუთრებაში მიიღო და საკუთარ სახელზე დაირეგისტრირა, მას აღნიშნული ავტომობილის საფასური არ გადაუხდია მოსარჩელისთვის. 2015 წლის 11 სექტემბერს მოსარჩელემ მიმართა სააღსრულებოს ეროვნულ ბიუროს შა---ო ძა----ას დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადებით, რომლის პასუხადაც აღსრულების ეროვნულმა ბიურომ 2015 წლის 27 ოქტომბერს გამოსცა გადაწყვეტილება #15------------4 დავალიანების გადახდევინების ბრძანების გამოცემაზე უარის შესახებ, ვინაიდან შა---ო ძა----ამ მის მიმართ სს ,,ფრ--------ოს’’ მიერ წარდგენილი მოთხოვნა უარყო.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე შა---ო ძა----ამ წერილობითი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელის მხრიდან მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოპასუხის საკუთრებაში გადაცემას საფუძვლად დაედო არა მხარის მიერ წარმოდგენილი ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელზე განთავსებული ხელმოწერაც არ ეკუთვნის მოპასუხეს, არამედ მექანიკური საშუალების გასხვისება მოხდა მომსახურების სააგენტოში მხარეთა ურთიერთშეთანხმებით შედგენილი ერთობლივი განცხადების საფუძველზე. მხარეთა შორის არანაირ ნასყიდობის გადახდის განვადებით ხელშეკრულების გაფორმებას არ ქონია ადგილი და აღნიშნულ ხელშეკრულებაზე მოპასუხის სახელით განთავსებული ხელმოწერა არ ეკუთვნის მოპასუხე შა---ო ძა----ას. ამასთან, იმ დროს მოპასუხეს შემხებლობა საერთოდ არ ჰქონდა მოსარჩელესთან და ერთობლივი განცხადების შეტანა მომსახურების სააგენტოში განხორციელდა დისტანციურად, რადგან შა---ო ძა----ა იმყოფებოდა ფოთში, ხოლო მოსარჩელე თბილისში, ამასთან მხარეთა შორის სატრანსპორტო საშუალების ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორდა ზეპირი ფორმით რეგისტრაციამდე რამდენიმე დღით ადრე, ხოლო 2014 წლის 28 აპრილს განხორციელდა მხოლოდ ქონების უფლებრივი რეგისტრაცია მომსახურების სააგენტოში და მოპასუხის სახელზე რეგისტრაცია. რეგისტრაციამდე კი გამყიდველმა გადასცა ნასყიდობის საგანი მოპასუხეს, ხოლო მოპასუხემ გადაუხადა მოსარჩელეს ნასყიდობის საფასური. შესაბამისად, მოპასუხეს არანაირი ვალდებულება არ გააჩნია მოსარჩელის მიმართ.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2017 წლის 17 თებერვლის სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის მიხედვით ავტომანქანა ME----------Z, SP------------I, ვინ ნომერით WD--------------8, რეგისტრირებულია შა---ო ძა----ას საკუთრებაში.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2017 წლის 17 თებერვლის ცნობა (ს.ფ. 39)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2014 წლის 28 აპრილს შა---ო ძა----ას და სს ,,ფრ--------ო’’-ს შორის დაიდო ხელშეკრულება #R------------1, რომლის თანახმად სს ,ფრ--------ო’’ კისრულობს ვალდებულებას გადასცეს მყიდველს შა---ო ძა----ას ავტომობილი ME----------Z, ვინ ნომერით WD--------------8. აღნიშნული ხელშეკრულების 5.1. პუნქტის თანახმად გასაყიდი ქონების ღირებულებამ შეადგინა 12000 ლარი. ხოლო 5.2. პუნქტის თანახმად ქონების ღირებულებას მყიდველი გადაიხდის ეტაპობრივად სამი თვის განმავლობაში შემდეგი გრაფიკის მიხედვით: 1 გადახდა-2014 წლის 5 მაისი-4000 ლარი; II გადახდა-2014 წლის 5 ივნისი-4000 ლარი და III გადახდა-2014 წლის 5 ივლისი-4000 ლარი.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულება #R------------1 (ს.ფ 15-16)
3.2.2. სს ,,ფრ--------ო’’-ს და შა---ო ძა----ას შორის 2014 წლის 28 აპრილს დაიდო ერთობლივი განცხადება N02-----4, რომლის თანახმად მხარეები ერთობლივი განცხადებით მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ავტომანქანა ME----------Z, ვინ ნომერით WD--------------8, სახელმწიფო ნომრით A------. გასხვისებას (გადაცემას) ადასტურებენ ხელმოწერით.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- ერთობლივი განცხადება N02-----4 (ს.ფ 70)
3.2.3. 2014 წლის 28 აპრილს სს ,,ფრ--------ო’’-ს და შა---ო ძა----ას შორის გაფორმდა ქონების გადაცემის აქტი, რომლის თანახმად გამყიდველმა გადასცა, ხოლო მყიდველმა მიიღო საკუთრებაში ავტომანქანა ME----------Z, ვინ ნომერით WD--------------8, სახელმწიფო ნომრით A------. ავტომობილის ღირებულებამ შეადგინა 12000 ლარი.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2014 წლის 28 აპრილის აქტი ქონების გადაცემის შესახებ (ს.ფ 17)
- სასაქონლო ზედნადები (ს.ფ. 18)
3.2.4. 2015 წლის 11 სექტემბერს მოსარჩელემ მიმართა სააღსრულებოს ეროვნულ ბიუროს შა---ო ძა----ას დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადებით, რომლის პასუხადაც აღსრულების ეროვნულმა ბიურომ 2015 წლის 27 ოქტომბერს გამოსცა გადაწყვეტილება #15------------4 დავალიანების გადახდევინების ბრძანების გამოცემაზე უარის შესახებ, ვინაიდან შა---ო ძა----ამ მის მიმართ სს ,,ფრ--------ოს’’ მიერ წარდგენილი მოთხოვნა უარყო.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- გადაწყვეტილება #15------------4 (ს.ფ 22)
3.2.5. მოპასუხე შა---ო ძა----ას მიერ სასამართლოში წარმოდგენილია განცხადება, სადაც მიუთითებს, რომ მის მიერ ავტომანქანის საფასური 12000 ლარი სრულად არის დაფარული ერთიანი შენატანის სახით, ნაღდი ფულით 2014 წლის 25 აპრილს მისი ქალიშვილის სა-–---ე ძა----ას და მისი სიძის გი-----ი ზა--------ს მიერ. თანხა გადაეცა კომპანიის დირექტორს ირ---–ი ბე----ს. საბოლოდ მანქანა გადაიფორმა თავის სახელზე შა---ო ძა----ამ შსს მომსახურების სააგენტოში 2014 წლის 28 აპრილს.
მოპასუხის მიერ განცხადებაში მითითებულია, რომ მანქანის საფასური მთლიანად დაფარულია და მანქანა უკვე წელიწადნახევარია მის საკუთრებაშია.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- განცხადება (ს.ფ. 71-72)
3.2.6. შა---ო ძა----ას მიერ ავტომანქანის ღირებულება 12000 ლარი არ არის გადახდილი.
სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რომლის შესაბამისადაც მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
სასამართლო მიუთითებს რომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებული შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარეობს მხარის თავისუფლება, მისი მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენაში. კერძოდ, მხარე აღჭურვილია უფლებით, თავადვე განსაზღვროს, თუ რა ფაქტებითა და მტკიცებულებებით დაადასტუროს მისი მოთხოვნა, მან საკუთარი შეხედულებით, დამოუკიდებლად უნდა განსაზღვროს და გადაწყვიტოს, თუ რა ფაქტობრივი საფუძვლის მითითებით გაამყაროს მისი მოთხოვნის მართებულობა, ამ მხრივ მხარეს აქვს აბსოლუტური შესაძლებლობა, მიუთითოს ნებისმიერ ფაქტსა თუ მოვლენაზე, რაც, მისი აზრით, ადასტურებს მისი მოთხოვნის კანონიერებას. საქმის განხილვასა და მტკიცებულებათა გამოკვლევასთან მიმართებაში მართლმსაჯულების როლი შეზღუდული არ არის. პირიქით, სასამართლოს აქვს აბსოლუტური შესაძლებლობა, განსაზღვროს მტკიცებულებათა შესაბამისობა – განკუთვნადობის საკითხი, როგორც პროცესუალური, ისე მატე----ლურ-სამართლებრივი თვალსაზრისით და სწორედ ამ საკითხის გადაწყვეტით უნდა გამოარკვიოს, თუ რამდენად მართებულად და დასაბუთებულად აყენებს მხარე ამა თუ იმ მოთხოვნას.
აღნიშნული კვლევისას სასამართლო უმთავრესად ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XIII თავით, რომლის 102-ე მუხლის მე–2 ნაწილით რეგლამენტირებულია ნუსხა, თუ რაზე დაყრდნობითაა შესაძლებელი საქმის სადავო გარემოებების დადასტურება, ესენია: თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები, ხოლო ნორმის მე-3 ნაწილით კანონმდებელმა განსაზღვრა მტკიცებულებათა სათანადოობის გამოკვლევის წესი და დაადგინა, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ფულადი ვალდებულების სპეციფიკისა და სამოქალაქო ბრუნვის თავისებურების გათვალისწინებით, თითოეული ხელშემკვრელი მხარე, ვალდებულების არსიდან გამომდინარე, თავადვე აგებს პასუხს იმ სამოქალაქო რისკის თაობაზე, რომელიც ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულების მოუპოვებლობას შეიძლება მოჰყვეს შედეგად. ამასთანავე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის დანაწესი ორინტირებულია მატე----ლური თვალსაზრისით მტკიცებულებათა სათანადოობის დადგენაზე.
მოპასუხე შა---ო ძა----ამ ვერ უზრუნველყო მტკიცების ტვირთის მის სასარგებლოდ რეალიზება და ვერ წარმადგინა მის მიერ ავტომანქანის ღირებულების 12000 ლარის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება.
3.2.7. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის მიერ სასამართლოს მთავარ სხდომაზე გაჟღერებულ გარემოებებს, რომ თანხის ოდენობა არასწორად არის მითითებული და რომ თანხის გადახდას და ნასყიდობის ხელშეკრულების ღირებულებას დაადასტურებენ მოწმეები გი-----ი ზა-------- და სა-–---ე ძა----ა. ასევე მოპასუხემ სასამართლოს მთავარ სხომაზე ნასყიდობის ხელშეკრულების ნამდვილობის მიზნით მოითხოვა ექსპერტიზის დანიშვნა. აქვე განმარტა, რომ თუნდაც რომ წარმოედგინა აღნიშნული შუამდგომლობა მოსამზადებელი ეტაპის დასრულებამდე (2020 წლის 31 იანვრამდე), სასამართლო მას არ განიხილავდა, რადგან დანიშნული იყო სასამართლოს მთავარი სხდომა.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის თანახმად მხარეები შეზღუდული არიან ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცეულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული საჩელსა თუ შესაგებელში ამ საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო განცხადებული.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სასამართლომ საქმის მოსამზადებელი ეტაპი განსაზღვრა 2020 წლის 31 იანვრამდე, თუმცა მოპასუხე მხარეს დაზუსტებული შესაგებელი აღნიშნულ ვადაში არ წარმოუდგენია. 2020 წლის 31 იანვრამდე (მოსამზადებელი ეტაპის დასრულებამდე) დაზუსტებული შესაგებლის წარმოდგენის შემთხვევაში, თუ მასში მითითებული იქნებოდა შუამდგომლობები, სასამართლო განიხილავდა და იმსჯელებდა მათ საფუძვლიანობაზე. ვინაიდან უკვე კანონის ფარგლებში, კერძოდ სსსკ-ის 215-ე მუხლის საფუძველზე უფლებამოსილი იქნებოდა განეხილა მხარის ნებისმიერი სახის შუამდგომლობა. განსახილველ შემთხვევაში კი მხარემ დაარღვია სასამართლოს მიერ საოქმო განჩინებით მოსამზადებელი ეტაპისათვის განსაზღვრული საპროცესო დრო და არ წარმოადგინა დაზუსტებული შესაგებელი. სახეზე არ გვაქვს საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული საპატიო მიზეზი.
აქვე მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ მოპასუხე შა---ო ძა----ას არც თავდაპირველად წარმოდგენილ შესაგებელში და არც საქმის 3 წლიან მოსამზადებელ ეტაპზე არასოდეს გაუხდია სადავოდ არც ავტომანქანის ღირებულება და არც მისთვის ქონების გადაცემის ფაქტი. თავად მოპასუხე მხარის მიერ შესაგებელზე დართული აღსრულების ეროვნული ბიუროს გამარტივებული საქმის წარმოების მენეჯერის სახელზე მომზადებულ წერილში მოპასუხე ადასტურებს ნასყიდობის ხელშეკრულების ღირებულებას და იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ ეს თანხა გი-----ი ზა--------მ და სა-–---ე ძა----ამ გადასცეს კომპანიის დირექტორს ირ---–ი ბე----ს. მავე წერილში განმარტავს, რომ ავტომანქანა გადაიფორმა თავის სახელზე და წელიწადნახევარია მის საკუთრებაშია. გარდა ამისა, საქმეში წარმოდგენილია საბუღალტრო დოკუმენტაცია შპს „ფრ--------ოდან“, სადაც ნასყიდობის თანხად 12 000 ლარია დაფიქსირებული.
რაც შეეხება ექსპერტიზის დანიშვნის საკითხს მოპასუხე შა---ო ძა----ას ხელმოწერის ნამდვილობის დადგენილის მიზნით, აღნიშნულ საკითხზე სასამართლომ 2017 წლის 30 ნოემბერს საოქმო განჩინებით დაკმაყოფილებაზე უთხრა უარი იმ მიზეზით, რომ საქმეში არის წარმოდგენილი შსს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ინფორმაციული ხასიათის ცნობა, რომ ავტომანქანა, რომელიც ნასყიდობის საგანს წარმოადგენდა შა---ო ძა----ას საკუთრებაშია და თავად ხელშეკრულების ღირებულებას ადასტურებს შა---ო ძა----ა მისივე განცხადებაში, რომელიც აღსრულების ეროვნული ბიუროს გამარტივებული საქმისწარმოების მენეჯერის სახელზეა მომზადებული. აქედან გამომდინარე, სადავო ფაქტობრივი გარემოება, რომლის დადასტურებაც სურს მოპასუხე მხარეს, ექსპერტიზის დანიშვნის გზით, საქმეში არსებული მტკიცებულებებით უკვე დადასტურებულია. ამიტომ დამატებით მტკიცებულების შექმნა, იმ ფაქტის დასადასტურებლად ხელშეკრულება დაიდო თუ არა და რა იყო ხელშეკრულების ღირებულება, სასამართლომ მიიჩნია მიზანშეუწონლად.
მთავარ სხდომაზე წარმოდგენილ შესაგებელში მოპასუხე ასევე უთითებს ახალ გარემოებაზე, რომ ავტომანქანის ღირებულება განსაზღვრული იყო 2000 ლარით, თუმცა არც აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება წარმოუდგენია სასამართლოსთვის.
სასამართლო განმარტავს, რომ მოპასუხის ზემოაღნიშნული გარემოებები წარმოადგენს ახალ გარემოებაზე მითითებას, რაც სსსკ-ის 219-ე მუხლის თანახმად ვერ იქნება გაზიარებული სასამართლოს მიერ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა 4.1. საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შემდეგ, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, მე-400, 477-ე მუხლები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 219-ე მუხლები 6. სამართლებრივი შეფასება 6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ. ამდენად, კანონმდებელი განამტკიცებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს და შესაძლებლობას ანიჭებს მხარეებს, თავისი შეხედულებით განსაზღვრონ ხელშეკრულების შინაარსი და მისი შესრულების მექანიზმი. ამასთან, სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში, ხელშეკრულების თითოეული მხარე ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2014 წლის 28 აპრილს შა---ო ძა----ას და სს ,,ფრ--------ო’’-ს შორის დაიდო ხელშეკრულება #R------------1, რომლის თანახმად სს ,ფრ--------ო’’ კისრულობს ვალდებულებას გადასცეს მყიდველს შა---ო ძა----ას ავტომობილი ME----------Z, ვინ ნომერით WD--------------8. აღნიშნული ხელშეკრულების 5.1. პუნქტის თანახმად გასაყიდი ქონების ღირებულებამ შეადგინა 12000 ლარი. სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მხარეებს შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლით გათვალისწინებული ნასყიდობის სახელშეკრულებო ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მყიდველი - მოცემულ შემთხვევაში შა---ო ძა----ა ვალდებული იყო გადაეხადა სს ,,ფრ--------ოსთვის’’ მიწოდებული საქონლის ღირებულება, რაც მხარეებს შორის დადებული შეთანხმებით აღიარებულ იქნა როგორც შესასრულებელი ვალდებულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა. სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. 2014 წლის 28 აპრილს სს ,,ფრ--------ო’’-ს და შა---ო ძა----ას შორის გაფორმდა ქონების გადაცემის აქტი, რომლის თანახმად გამყიდველმა გადასცა, ხოლო მყიდველმა მიიღო საკუთრებაში ავტომანქანა ME----------Z, ვინ ნომერით WD--------------8, სახელმწიფო ნომრით A------. ხოლო მყიდველის მიერ ავტომანქანის ღირებულება არ გადახდილა. სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. განსახილველ შემთხვევაში მოვალეს ეკისრება მტკიცების ტვირთი ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებით. მოპასუხის მხოლოდ ზეპირი ახსნა-განმარტება ფულადი ვალდებულების მოსარჩელის მიმართ შესრულების ფაქტობრივ გარემოებას ვერ დაადასტურებს. მას ეკისრება კანონით განსაზღვრული სათანადო მტკიცებულების - სავალო საბუთის, გადახდის ქვითრის, სალარო შემოსავლის ორდერის წარდგენის ტვირთი, რაც განსახილველ შემთხვევაში მოპასუხემ სათანადოდ ვერ გასწია. საქმის მასალით დადგენილია, რომ მოპასუხე შა---ო ძა----ამ შეთანხმებით გათვალისწინებული პირობა დაარღვია, ნაკისრი ვალდებულება არ შესრულა და მისი დავალიანება მოსარჩელის წინაშე შეადგენს 12000 ლარს. შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეს უნდა დაეკისროს დავალიანების ანაზღაურება. 7. საპროცესო ხარჯები 7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ვინაიდან, სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი სრულად. 8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები 8.1. ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, საქმეზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ უქმდება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სს ,,ფრ--------ო’’-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. მოპასუხე შა---ო ძა----ას დაეკისროს - 12000 ლარის გადახდა მოსარჩელე სს ,,ფრ--------ოს’’ სასარგებლოდ.
3. მოპასუხე შა---ო ძა----ას სს,,ფრ--------ოს’’ სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე და სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 410 ლარის გადახდა;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე თინათინ ეცადაშვილი