გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/20557-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
27 თებერვალი 2020 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ივერი აბაშიძე
სხდომის მდივანი - გვანცა გიორგაძე
მოსარჩელე - ჟ--–----------------–---–ი
წარმომადგენელი - ბ--–---------
მოპასუხე - სს „ს----------–--------ი“
წარმომადგენლები - თ-------------------------–-----
მესამე პირი - ი-–-------------–--ე
წარმომადგენელი - ლ-–-----------–---–ი
დავის საგანი - ხელშეკრულების ბათილად ცნობა, თანხის დაბრუნება
აღწერილობითი ნაწილი
სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნას ცნობილი ჟ--–----------------–---–სა და სს „ს----------–--------ს“ შორის 2014 წლის 16 სექტემბერს გაფორმებული საბავშვო დეპოზიტის ხელშეკრულება.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
ჟ--–----------------–---–ი არის 83 წლის მარტოხელა ქალბატონი. ერთ დღეს მან საკუთარი სახლის ეზოში ნახა ახალგაზრდა გოგო, ჩვილ ბავშვთან ერთად, რომელმაც უთხრა, რომ მეუღლემ მიატოვა ბავშვთან ერთად და წასასვლელი არსად ჰქონდა. მოსარჩელემ გოგონა შვილთან ერთად შეიფარა, წაიყვანა საკუთარ სახლში და ცხრა წელი დედაც და შვილიც, ი-–-------------–--ეც, თავისთან ჰყავდა. სამწუხაროდ, ბავშვის დედა გაუწონასწორებელი აღმოჩნდა, მას ჩამოერთვა მშობლის უფლება, ხოლო მამა უცნობია სად არის.
ვინაიდან ჟ--–----------------–---–ს ბავშვთან რაიმე სამართლებრივი კავშირი არ ჰქონდა, მიმართ სოციალურ სააგენტოს მხარდამჭერის საკითხის მოსაგვარებლად, თუმცა მისი ასაკოვნობის, ასევე სოციალურად დაუცველი სტატუსის გამო სოციალურმა სამსახურმა უარი უთხრა ბავშვის მხარდამჭერად დანიშვნის შესახებ. მოსარჩელეს ჩამოართვეს ბავშვი და გადასცეს მარტყოფის ბავშვთა სახლს, სადაც დღემდე იმყოფება. მოსარჩელე ახერხებს პერიოდულად ბავშვის მონახულებას.
ჟ--–----------------–---–მა, საკუთარი საპენსიო დანაზოგით, 5000 ლარით, ი-–-------------–--ის სახელზე გახსნა საბავშვო ანაბარი, რათა შენახული თანხებით აუცილებლობის შემთხვევაში ესარგებლა. მოგვიანებით, როცა მიაკითხა ბანკსა და სთხოვა ანაბრიდან თანხის ნაწილის გატანა, ბანკმა უარი განუცხადა. აღმოჩნდა, რომ მოსარჩელემ საბავშვო დეპოზიტზე ხელშეკრულების გაფორმებისას დაუშვა არსებითი ხასიათის შეცდომა, კერძოდ ბანკმა მას არ განუმარტა, რომ თანხის გატანას შეძლებდა მხოლოდ ბავშვის მშობლების თანხმობის გარეშე. არადა მოსარჩელემ სწორედ იმ იმედით გახსნა საბავშვო ანაბარი, რომ აუცილებლობის შემთხვევაში უპრობლემოდ გაიტანდა თანხას.
მოსარჩელემ რამოდენიმეჯერ მიმართა მოპასუხეს თანხის გატანის მოთხოვნით, თუმცა უარი მიიღო.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ როგორც შესაგებლით, ასევე სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი არ ცნო. სარჩელი მიიჩნია უსაფუძვლოდ, ასევე ხანდაზმულად და მიუთითა მისი დაკმაყოფილების გამომრიცხავ შემდეგ გარემოებებზე:
საბავშვო დეპოზიტის ხელშეკრულებაში დეტალურად არის განსაზღვრული ხელშეკრულების პირობები: ხელშეკრულების საგანი, დეპოზიტის წლიური საპროცენტო განაკვეთი, ხელშეკრულების დარღვევა და მისი შედეგები, მხარეთა უფლება-მოვალეობები, განსაკუთრებული და სხვა პირობები. ხელშეკრულების 5.2 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ხელმოწერის მომენტიდან და ძალაშია მხარეთა მიერ ნაკისრი ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულებამდე. პირობებს გაეცნო, დაეთანხმა და ხელი მოაწერა მოსარჩელემ. იგი ცდილობს თავი დააღწიოს სამართალურთიერთობით ნაკისრ ვალდებულებას მხოლოდ იმაზე მითითებით, რომ ის შეცდა.
ხელშეკრულების 4.2 პუნქტის თანახმად, თანხის გატანა ხდება დეპოზიტორის ნებისმიერი კანონიერ წარმომადგენლის ან ერთ-ერთი მშობლის (მეორე მშობლის სანოტარო თანხმობის არსებობისას). მოსარჩელე ბანკში წარდგენილ 2019 წლის 5 თებერვლის განცხადებაში ითხოვს სწორედ ამ პუნქტთან მიმართებაში გამონაკლისის დაშვებას და ანაბრის თანხის გატანას. განცხადებაშივე უთითებს ბავშვის მშობლების ადგილსამყოფელს. ამდენად, შეიძლება დასკვნის გაკეთება, რომ მოსარჩელე ცდილობს მთელი რიგი ფაქტების დამახინჯებას და ამით, ვალდებულებების შესრულების თავიდან აცილებას.
რაც შეეხება ხანდაზმულობას, არსებითი შეცდომის მოთხოვნით ბათილობის შეცილების ვადა ერთ თვეს შეადგენს. მოსარჩელემ ბანკს 2019 წლის 5 თებერვალს მიმართა და უარი ეთქვა ანაბრის გატანაზე. შესაბამისად, მოსარჩელის მხრიდან ხანდაზმულობის ვადა გაშვებულია.
მოპასუხის მხარეს დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მესამე პირის წარმომადგენლის პოზიცია.
არასრულწლოვნის ი-–-------------–--ის კანონიერი წარმომადგენელი დაეთანხმა მოსარჩელის მოთხოვნას საბავშვო დეპოზიტის ხელშეკრულების გაუქმების შესახებ. მისი განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ი-–-------------–--ე იმყოფება ბავშვთა სახლში, მოსარჩელე დღემდე ზრუნავს მასზე, გაჰყავს ბავშვთა სახლიდან, რჩება მასთან სახლში. სსიპ სახელწმიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო მხარს უჭერს სადეპოზიტო ხელშეკრულების გაუქმებას, ხელშეკრულების გაუქმებას არ ექნება არასრულწლოვნის ინტერესებისთვის საზიანო შედეგი, ვინაიდან მოსარჩელე კვლავ ზრუნავს ბავშვზე და თანხა ანგარიშზე იქნება თუ არა იგი ისედაც გააგრძელებს არასრულწლოვანზე ზრუნვას.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ჟ--–----------------–---–სა და სს „ს----------–--------ს“ შორის 2014 წლის 16 სექტემბერს დაიდო საბავშვო დეპოზიტის ხელშეკრულება, სადაც დეპოზიტის შემომტანს წარმოადგენს ჟ--–----------------–---–ი, ხოლო დეპოზიტორს - არასრულწლოვანი ი-–-------------–--ე.
ხელშეკრულებით მხარეთა შორის თანხმდება ბანკის მიერ საბავშვო დეპოზიტის მიღების, განთავსების და დაბრუნების წესი, წლიური საპროცენტო განაკვეთის მოცულობა, მისი გადახდის პირობები და მხარეთა უფლება-მოვალეობები.
ხელშეკრულებით შეთანხმდა შემდეგი ძირითადი პირობები:
· ხელშეკრულების ხელმოწერისთანავე დეპოზიტორის დაბადების მოწმობის წარდგენისას, დეპოზიტორს დადგენილი წესით ეხსნება დეპოზიტის ანგარიში და ფიზიკური პირების მომსახურე მიმდინარე ანგარიში (1.2. პუნქტი);
· დეპოზიტის მოქმედების ვადის გასვლამდე დეპოზიტის ანგარიშიდან თანხის გატანა/გადარიცხვა (ხელშეკრულების დარღვევა) დასაშვებია მხოლოდ დეპოზიტის განკარგვაზე უფლებამოსილი პირის ბანკში არსებული მიმდინარე ანგარიშის მეშვეობით (1.2. პუნქტი);
· დეპოზიტის შემომტანი ბანკში დეპოზიტის სახით ათავსებს 5000 ლარს (1.2. პუნქტი);
· დეპოზიტის მოქმედების ვადა განისაზღვრება დეპოზიტორის სრულწლოვანების (18 წლის ასაკამდე) მიღწევის თარიღამდე (1.2. პუნქტი);
· ხელშეკრულების გაფორმების დღისათვის დეპოზიტის საპროცენტო განაკვეთი შეადგენს წლიურ 9,25%-ს (1.2. პუნქტი);
ხელშეკრულებით შეთანხმდა ასევე მისი ვადამდე შეწყვეტის წინაპირობები, რომლის თანახმად, ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტა ხდება დეპოზიტორის ნებისმიერი კანონიერი წარმომადგენლის, ან ერთ-ერთი მშობლის (მეორე მშობლის სანოტარო თანხმობის არსებობისას) განცხადების საფუძველზე. დეპოზიტის გატანისას სავალდებულოა დეპოზიტზე უფლებამოსილი პირის მიერ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად დეპოზიტორის დაბადების მოწმობის დედნის და არსებობისას, წიგნაკის წარდგენა (4.1 პუნქტი).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საბავშვო დეპოზიტის ხელშეკრულება #----------------------;
- ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები;
- საბავშვო ანაბრის წიგნაკის ასლი;
- 16.09.2014 წლის საგადახდო დავალება N1.
3.1.2. საბავშვო დეპოზიტის ხელშეკრულების გაფორმების დროს მოსარჩელე ჟ--–----------------–---–ი იყო 78 წლის.
ხელშეკრულება დადებულია და ხელმოწერილია პირადად ჟ--–----------------–---–ის მიერ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საბავშვო დეპოზიტის ხელშეკრულება #----------------------;
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;
3.1.3. მოსარჩელე ჟ--–----------------–---–ი არ წარმოადგენს არასრულწლოვან ი-–-------------–--ის კანონიერ წარმომადგენელს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.4. არასრულწლოვანი ი-–-------------–--ე იმყოფება სახელმწიფო ზრუნვაში. შესაბამისად, მის ორივე მშობელს შეჩერებული აქვს მშობლის უფლება.
სასამართლოში არასრულწლოვან ი-–-------------–--ის წარმომადგენლობას უზრუნველყოფს სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ტერიტორიული ერთეულის ქვემო ქართლის რეგიონული ცენტრის 07.02.2020 წლის წერილი;
- მესამე პირის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება.
3.1.5. მოსარჩელე ჟ--–----------------–---–მა 2019 წლის 5 თებერვალს განცხადებით მიმართა სს „ს----------–--------ს“ და მოითხოვა საბავშვო დეპოზიტზე არსებული თანხის ნაწილის გატანა.
მოსარჩელემ 2019 წლის 15 ივლისს კვლავ მიმართა სს „ს----------–--------ს“ წერილობით და ამჯერად, მოითხოვა საბავშვო დეპოზიტის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ვინაიდან გარიგება დაიდო არსებითი შეცდომის საფუძველზე - იგი შეცდა გარიგების შინაარსში, სურდა ისეთი შინაარსის დეპოზიტის გახსნა, რაც მას თანხის ნებისმიერ დროს გატანის საშუალებას მისცემდა.
ორივე შემთხვევაში სს „ს----------–--------ის“ მხრიდან მოსარჩელეს უარი ეთქვა თანხის გატანაზე, არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენლის ან მშობლების (ან ერთ-ერთი მშობლის) თანხმობის არარსებობის საფუძვლით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 05.02.2019 წლის განცხადება;
- 15.07.2019 წლის განცხადება;
- სს „ს----------–--------ის“ 05.08.2019 წლის და 28.02.2019 წლის პასუხები.
3.1.6. საქმის განხილვის მთავარ ეტაპზე მოპასუხის მხარეს მოთხოვნის გარეშე მესამე პირის, არასრულწლოვნის ი-–-------------–--ის საპროცესო წარმომადგენელი დაეთანხმა მოსარჩელის მოთხოვნას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 11.02.2020 წლის სხდომის ოქმი.
3.1.7. საბავშვო დეპოზიტის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნით ჟ--–----------------–---–მა თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი აღძრა 2019 წლის 16 აგვისტოს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სარჩელი.
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები;
3.2.1. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის პოზიციას, რომ არ არსებობს საბავშვო დეპოზიტის ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის ხელშეკრულებით შეთანხმებული საფუძველი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებული შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარეობს მხარის თავისუფლება, მისი მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენაში. კერძოდ, მხარე აღჭურვილია უფლებით, თავადვე განსაზღვროს თუ რა ფაქტებითა და მტკიცებულებებით დაადასტუროს მისი მოთხოვნა, მან საკუთარი შეხედულებით, დამოუკიდებლად უნდა განსაზღვროს და გადაწყვიტოს თუ რა ფაქტობრივი საფუძვლის მითითებით გაამყაროს მისი მოთხოვნის მართებულობა, ამ მხრივ მხარეს აქვს აბსოლუტური შესაძლებლობა, მიუთითოს ნებისმიერ ფაქტსა თუ მოვლენაზე, რაც, მისი აზრით, ადასტურებს მისი მოთხოვნის კანონიერებას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. იმ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, კი მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სასამართლოს შეუძლია შესთავაზოს მხარეებს წარმოადგინონ დამატებითი მტკიცებულებები.
საქართველოს სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია. კერძოდ, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მტკიცების ტვირთის გადანაწილებას არამარტო საპროცესო-სამართლებრივი მნიშვნელობა აქვს, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ საპროცესო მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი - არახელსაყრელი შედეგი.
(მსჯელობა იხილეთ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში).
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ ჟ--–----------------–---–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-11, მე-12-ე, 874-ე, 1282-ე, 1200-ე მუხლებით;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სარჩელის თანახმად მოსარჩელე ითხოვს საბავშვო დეპოზიტის ხელშეკრულების ბათილად ცნობას გარიგების შინაარსში არსებითი შეცდომის საფუძველზე, განმარტავს, რომ მას სურდა ისეთი პირობებით ხელშეკრულების დადება, რაც მას ნების დროს ანაბრის თანხის გატანის უფლებას მისცემდა. მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 72-73-ე მუხლებზე.
სასამართლო განმარტავს, რომ სასარჩელო მოთხოვნის დამფუძნებელი სამართლებრივი ნორმის მისადაგება სასამართლოს პრეროგატივაა, ამ შემთხვევაში მთავარია სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შესატყვისი მტკიცებულებებით გამყარება, რაც მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის მიუთითებლობის შემთხვევაშიც ან არასწორად მითითების დროსაც კი, მოწინააღმდეგის პოზიციისა და საქმეზე მტკიცებულებათა ერთობლიობით გაანალიზებისა და შეჯერების შედეგად, სასამართლოს კვლევისა და იურიდიული შეფასების საგანია (იხ. სუსგ №ას-317-300-2017, 2017 წლის 2 ივნისი; №ას-493-473-2016, 14.12.2016წ.).
კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს არა გარიგების არსებითი შეცდომის საფუძველზე გარიგების ბათილად ცნობის სამართლებრივი წინაპირობები, არამედ ხელშეკრულების პირობების შესაბამისი ვადამდე შეწყვეტის საფუძვლები, კერძოდ:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 874-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ფულადი თანხის შეტანით (ანაბარი) საკრედიტო დაწესებულება მოიპოვებს მასზე საკუთრების უფლებას და ვალდებულია ვადის დადგომისას იმავე ვალუტაში დააბრუნოს მიღებული თანხა.
უდავოა, რომ საბავშვო დეპოზიტის ხელშეკრულება ითვალისწინებდა ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის (ხელშეკრულების დარღვევის) წესზე შეთანხმებას, როგორც ხელშეკრულების განსაკუთრებულ პირობას. ამ პირობის თანახმად, ხელშეკრულების დარღვევა ხდება დეპოზიტორის ნებისმიერ კანონიერი წარმომადგენლის, ან ერთ-ერთი მშობლის (მეორე მშობლის სანოტარო თანხმობის არსებობისას) განცხადების საფუძველზე. სწორედ ამ წესზე მითითებით ეთქვა ჟ--–----------------–---–ს უარი დეპოზიტიდან თანხის გატანაზე: მოსარჩელე არ წარმოადგენს დეპოზიტორის კანონიერ წარმომადგენელს, არც მშობელს. მას ბანკისთვის არც კანონიერი წარმომადგენლის და არც მშობლების (ან ერთ-ერთი მშობლის) თანხმობა არ წარუდგენია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-11 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირის უფლებაუნარიანობა - უარი, ჰქონდეს სამოქალაქო უფლებები და მოვალეობები, წარმოიშობა დაბადების მომენტიდან. ხოლო ამავე კოდექსის მე-12 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ქმედუნარიანობა, ანუ ფიზიკური პირის უნარი, თავისი ნებითა და მოქმედებით სრული მოცულობით შეიძინოს და განახორციელოს სამოქალაქო უფლებები და მოვალეობები, წარმოიშობა სრულწლოვანების მიღწევისთანავე. სრულწლოვანია პირი, რომელმაც 18 წლის ასაკს მიაღწია.
სამოქალაქო კოდექსი ამკვიდრებს სამართლებრივი უსაფრთხოების პრინციპს, რომელიც მიმართულია არასრულწლოვანის ქონებრივი ინტერესების უზრუნველსაყოფად.
პირის შესაძლებლობა, კანონის ფარგლებში თავისუფლად დადოს ხელშეკრულება (ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი) განხორციელებადია იმ შემთხვევაში, თუ მას გააჩნია ნება, გამოიყენოს ზემოთ დასახელებული შესაძლებლობა და გამოავლინოს იგი მისთვის სასურველი სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისათვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნების გამოვლენა არის გამიზნული სამართლებრივი შედეგის დადგომისაკენ მიმართული სუბიექტური ნების ობიექტურად შეცნობადი გაცხადება. ზემოაღნიშნული შესაძლებლობა, კერძოდ, პირის უნარი, იქონიოს სამოქალაქო უფლებები და იკისროს სამოქალაქო ვალდებულებები, უკავშირდება უფლებაუნარიანობას (სამოქალაქო კოდექსის მე-11 მუხლის პირველი ნაწილი), ხოლო ფიზიკური პირის უნარი, თავისი ნებითა და მოქმედებით სრული მოცულობით შეიძინოს და განახორციელოს სამოქალაქო უფლებები და მოვალეობები - ქმედუნარიანობას (სამოქალაქო კოდექსის მე-12 მუხლის პირველი ნაწილი).
არასრულწლოვანი, თავისი ასაკიდან გამომდინარე, ითვლება სამოქალაქო-სამართლებრივი გარიგების დადების უნარის არმქონედ. მას არ შესწევს უნარი, კანონიერი წარმომადგენლისაგან დამოუკიდებლად მიიღოს მონაწილეობა სამოქალაქო-სამართლებრივ ურთიერთობებში ან ნებისმიერ სხვა სფეროში და თვითონ გამოავლინოს ნება გარიგების დადების მიზნით, განახორციელოს ნებელობითი აქტივობა გარიგების დადებასა და შესრულებასთან დაკავშირებით და ამგვარი ნების გამოვლენით შეიბოჭოს თავი კერძო-სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილი ვალდებულებებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1282-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მეურვის ან მზრუნველის დანიშვნამდე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ეკისრება მეურვის ან მზრუნველის სათანადო სამართლებრივი ვალდებულებები სამეურვეო/სამზრუნველო პირის მიმართ.
ამავე კოდექსის 1200-ე მუხლის მე-2 ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს.
საქმეზე ასევე დადგენილია, რომ მოპასუხის მხარეზე მოთხოვნის გარეშე მესამე პირის კანონიერმა წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე მიუთითა სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს“ პოზიცია დავის საგანთან დაკავშირებით, რომლის მიხედვით სააგენტო თანახმაა, სადეპოზიტო ანაბარზე განთავსებული თანხა დაუბრუნდეს ჟ--–----------------–---–ს. თავის მხრივ სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის, მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო წარმოადგენს არასრულწლოვნის ინტერესებს და მისი პოზიცია სს „ს----------–--------ისთვის“ საკმარისი საფუძველი უნდა იყოს იმისთვის, რომ არსებობს დეპოზიტორის კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის (ხელშეკრულების დარღვევის) თაობაზე.
აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, ჟ--–----------------–---–ის სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
რაც შეეხება ხანდაზმულობის საკითხს, სასამართლო შეფასების გარეშე ტოვებს მოპასუხის შედავებას ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, ვინაიდან დავის გადაწყვეტისას სასამართლოს არ უხელმძღვანელია სამოქალაქო კოდექსის 72-73-ე მუხლებით, შესაბამისად, არც არსებითი შეცდომის საფუძველზე შედავება არის არსებითი.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. თავის მხრივ, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელე გათავისუფლებული სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოს სასამართლო ხარჯებისაგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე (მხარეები, რომლებიც დადგენილი წესით რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებენ საარსებო შემოწმებას, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14 და 39-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე გადასახდელი ბაჟის ოდენობა შეადგენს 75 ლარს, რომლის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ მოპასუხეს უნდა დაეკისროს.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელთან დაკავშირებით სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოსარჩელე ჟ--–----------------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. ბათილად იქნეს ცნობილი, 2014 წლის 16 სექტემბერს ჟ--–----------------–---–სა და სს „ს----------–--------ი“-ს შორის გაფორმებული საბავშვო დეპოზიტის ხელშეკრულება # G---------------------;
3. მოპასუხე სს „ს----------–--------ი“-ს სახ. ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის - 75 (სამოცდათხუთმეტი) ლარის გადახდა;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ივერი აბაშიძე