გადაწყვეტილება

სამოქალაქო 10.03.2020
საქმის ნომერი
090210019003262184
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
10.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №(2/112–19)090210019003262184

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

10.03.2020 წელი ქ. ამბროლაური

 

შესავალი ნაწილი

 

ამბროლაურის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე - გურამ გოცირიძე

სხდომის მდივანი - ქეთევან არჩვაძე

 

მოსარჩელე: შ---------------------------’

წარმომადგენელი: ე-–---------–---–-

 

მოპასუხე: ა-------------–-

 

დავის საგანი: თანხის დაკისრება.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1მოპასუხე ა-------------–ს შპს,, ფ-------------------ს’’ სასარგებლოდ დაეკისროს, სს,, ს----------–------------ნ’’ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე წარმოქმნილი გადასახდელი ძირითადი თახის – 1018.47 დოლარის გადახდა.

 

1.2 მოპასუხე ა-------------–ს შპს ,, ფ-------------------ს’’ სასარგებლოდ დაეკისროს, სს,, ს----------–------------ნ’’ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე წარმოქმნილი გადასახდელი პროცენტის – 1124.56 დოლარის გადახდა.

 

1.3 მოპასუხე ა-------------–ს შპს ,, ფ-------------------ს’’ სასარგებლოდ დაეკისროს, სს,, ს----------–------------ნ’’ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, კომპანიის მიერ შემცირებული გადასახდელი პირგასამტეხლოს (ჯარიმა) –101.84 დოლარის გადახდა.

 

1.4.მოპასუხე ა-------------–ს დაეკისროს, სასამართლოს ხარჯი –199.99 ლარისა და საადვოკატო ხარჯის – 250 ლარის გადახდა.

 

სარჩელის დასაბუთება

 

სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა განმარტა, რომ შპს,, ფ--------------------’’ სხვადასხვა საფინანსო ორგანიზაციებთან სახელშკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, ახორციელებს პრობლემური აქტივების მართვას. 2019 წლის 27 ივნისს სს,, ს----------–----------ა’’ მსესხებლის ა--------------–ის სასესხო ვალდებულებების თაობაზე, დათმო მოთხოვნის უფლებები შპს,, ფ-------------------ს’’ სასარგებლოდ. 2008 წლის 16 ივნისს, ა-------------–მა ,,ს----------–---------ს’’ მეშვეობით, გამოიტანა სესხი – 1018.47 დოლარის ოდენობით, რომლის წლიური საპროცენტო სარგებელი შეადგენდა –18%. სესხის პირობების მიხედვით, მოპასუხეს აღნიშნული სესხი უნდა დაეფარა – 2009 წლის 27 ოქტომბრის ჩათვლით. მოპასუხემ აიღო ვალდებულება კეთილსინდისიერად და ჯეროვნად შეესრულებინა მხარეთა შორის, სასესხო ურთიერთობიდან გამომდინარე არსებული ვალდებულება, თუმცა მოპასუხემ არ შეასრულა ვალდებულება და მის მიერ, დაფარული იქნა ჯარიმა – 4.27 დოლარი, რაც დასტურდება საქმეში არსებული ტრანზაქციის ისტორიით.

 

გამომდინარე იქიდან, რომ მსესხებელის მიერ – 2008 წლის 16 ივნისს გამოტანილი სესხის წლიური საპროცენტო სარგებელი შეადგენს 18.00 %, 2019 წლის 27 ივნისის მდგომარეობით, მოვალისათვის დარიცხული პროცენტის ოდენობა განისაზღვრა –1124.56 დოლარის ოდენობით, ხოლო პირგასამტეხლო – 4556.44 დოლარის ოდენობით. კომპანია უფლებამოსილია შეამციროს, მსესხებლისათვის დარიცხული პირგასამტეხლო ძირი თანხის 1/3–მდე, რის საფუძველზეც, დღეის მდგომარეობით, ა-------------–ს ვალდებულების სრული მოცულობა არის 2262.87 დოლარი, რომლიდანაც ძირი თანახაა – 1018.47 დოლარი, პროცენტი –1124.56 დოლარი, შემცირებული პირგასამტეხლო –101.84 დოლარი.

 

მოსარჩელის წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე მხარი დაუჭირა სასარჩელო მოთხოვნას და მხოლოდ უარი თქვა მოპასუხისათვის საადვოკატო ხარჯის – 250 ლარის დაკისრების შესახებ მოთხოვნაზე.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე ა-------------–- სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა და მან წარმოდგენილი შესაგებელით, სარჩელი არ სცნო, მიუთითა და განმარტა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა არის ხანდაზმული.

 

3. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. დადგენილია, რომ 2008 წლის 16 ივნისს ა-------------–მა ,,ს----------–---------ს’’ მეშვეობით, გამოიტანა სესხი – 1018.47 დოლარის ოდენობით, რომლის წლიური საპროცენტო სარგებელი შეადგენდა –18%. სესხის პირობების მიხედვით, მოპასუხეს აღნიშნული სესხი უნდა დაეფარა – 2009 წლის 27 ოქტომბრის ჩათვლით.

 

3.2.დადგენილია, რომ მსესხებელის მიერ – 2008 წლის 16 ივნისს გამოტანილი სესხის წლიური საპროცენტო სარგებელი შეადგენს – 18.00 %, 2019 წლის 27 ივნისის მდგომარეობით, მოვალისათვის დარიცხული პროცენტის ოდენობა განისაზღვრა –1124.56 დოლარის ოდენობით, ხოლო პირგასამტეხლო – 4556.44 დოლარის ოდენობით. კომპანიამ შეამცირა მსესხებლისათვის დარიცხული პირგასამტეხლო ძირი თანხა 1/3–მდე, რის საფუძველზეც, დღეის მდგომარეობით, ა-------------–ს ვალდებულების სრული მოცულობა არის – 2262.87 დოლარი, რომლიდანაც ძირი თანახაა – 1018.47 დოლარი, პროცენტი –1124.56 დოლარი, შემცირებული პირგასამტეხლო –101.84 დოლარი. მოპასუხემ აიღო ვალდებულება კეთილსინდისიერად და ჯეროვნად შეესრულებინა მხარეთა შორის, სასესხო ურთიერთობიდან გამომდინარე არსებული ვალდებულება, თუმცა მოპასუხემ არ შეასრულა ვალდებულება და მის მიერ დაფარული იქნა ჯარიმა – 4.27 დოლარი, რაც დასტურდება საქმეში არსებული ტრანზაქციის ისტორიით.

 

3.3. შპს,, ფ--------------------’’ სხვადასხვა საფინანსო ორგანიზაციებთან სახელშკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, ახორციელებს პრობლემური აქტივების მართვას.2019 წლის 27 ივნისს სს,, ს----------–----------ა’’ მსესხებლის ა--------------–ის სასესხო ვალდებულებების თაობაზე, დათმო მოთხოვნის უფლებები შპს,, ფ-------------------ს’’ სასარგებლოდ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი; შესაგებელი;

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

- მოთხოვნის დათმობის შესახებ ცნობა

–მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულების დამატებითი პირობები

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1 სასამართლომ განიხილა სარჩელი, მოისმინა მხარეთა მოსაზრებანი და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა და საქმეში არსებული მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს მოთხოვნის ხანდაზმულობის გამო.

 

5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1 სასამართლო განმარტავს, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, სასამართლო ადგენს, თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს, ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში და საქმის მასალებიდან და მხარეთა განმარტებებიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ მოდავე მხარეთა შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსის გათვალისწინებით, მარტივი წერილობითი ფორმით, დადებულია სესხის ხელშეკრულება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად, მათ მოთხოვნებს, ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც, მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის, ან არ არსებობის შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის მიხედვით, გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს, ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლით, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით, შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს, მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით: კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში, თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. თუ საზოგადოების ან პიროვნების არსებითი ინტერესების დაცვისათვის, ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია სახელმწიფოს ნებართვაზე, მაშინ ეს უნდა მოწესრიგდეს ცალკე კანონით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ, ასეთი გარემოების არსებობის, ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით, კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის, აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების, ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის, სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობები წარმოიშვა სესხის თაობაზე შეთანხმებისაგან.

 

საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულის თანახმად, საქართველოს მოქალაქეთა ურყევი ნებაა დაამკვიდროს დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილება, ეკონომიკური თავისუფლება, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო. ყოველივე აღნიშნულის საფუძველი სტაბილური ეკონომიკური ბრუნვა და ბრუნვის მონაწილეთა ძირითადი უფლებების დაცვაა.

 

მოსარჩელის მოთხოვნა – 2008 წლის 16 ივნისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ იგი ხანდაზმულია, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისგან რაიმე მოქმედების შესრულების, ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო, ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

 

ხანდაზმულობის ვადაში მოიაზრება დრო, რომლის განმავლობაშიც, უფლებამოსილ პირს შეუძლია თავისი უფლების რეალიზაცია, ან დაცვა. დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა, იგი განუხორციელებელია, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით, დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხანდაზმულობა გულისხმობს დროს, რომლის განმავლობაშიც, პირს შეუძლია მოითხოვოს თავისი დარღვეული უფლების აღდგენა. გარდა ამისა: ა) ხანდაზმულობის ვადა სასამართლოს უმსუბუქებს ფაქტების დადგენისა და შესწავლის პროცესს და ამ გზით ხელს უწყობს დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოტანას; ბ) ხელს უწყობს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილიზაციას; გ) აძლიერებს სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტების ურთიერთკონტროლსა და იძლევა დარღვეული უფლების დაუყოვნებლივ აღდგენის სტიმულიზაციას (საქართველოს უზენაესი სასამართლოს რეკომენდაციები სამოქალაქო სამართლის სასამართლო პრაქტიკის პრობლემატურ საკითხებზე, 2007 წ.).

 

კონკრეტულ შემთხვევაში, მოპასუხემ შესაგებელში მიუთითა სარჩელის ხანდაზმულობაზე.

 

უდავოა, რომ სარჩელი შპს „ფ-------------------ს“ მიერ, აღძრულია 2019 წლის 01 ნოემბერს. ასევე უდავოა, რომ მოპასუხეს 2008 წლის 16 ივნისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება უნდა შეესრულებინა – 2009 წლის 27 ოქტომბრის ჩათვლით.

 

სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ, ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო იზიარებს მოპასუხე მხარის განმარტებას მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით. კერძოდ, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ, მოთხოვნა დავალიანების ანაზღაურების თაობაზე, აღძრულია კანონით დადგენილი სამწლიანი ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ – 2008 წლის 16 ივნისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე. აღნიშნული გარემოება კი მოპასუხეს უფლებას აძლევს უარი განაცხადოს შესრულებაზე, თანახმად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლისა, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია. ამდენად, ვინაიდან სარჩელი აღძრულია ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდგომ (2019 წლის 01 ნოემბერს), ამასთან, მოსარჩელემ ვერ დაადასტურა ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტა, შპს „ფ------------------ს“ უარი უნდა ეთქვას, 2008 წლის 16 ივნისის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

სარჩელის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, რის გამოც, მოპასუხე მხარეს არ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 39-ე, 41-ე, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. შპს ,, ფ--------------------ს’’ წარმომადგენლის სარჩელი მოპასუხე ა-------------–-ს მიმართ, 2244.87 დოლარის დაკისრების შესახებ, არ დაკმაყოფილდეს სარჩელის ხანდაზმულობის გამო.

 

2.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან – 14 დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, ამბროლაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან, არა უადრეს – 20 და არა უგვიანეს – 30 დღისა, გამოცხადდეს ამბროლაურის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან – 30-ე დღეს. ამ ვადის გაგძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: გურამ გოცირიძე