გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/4345-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
27 თებერვალი, 2020 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ხათუნა ჯინორია
სხდომის მდივანი ნინო ლობჟანიძე
მოსარჩელე - შპს „ე-----------------“
წარმომადგენელი - გ------- კ-------ა;
მოპასუხე - ვ----–---- ტ----------ი
წარმომადგენელი - ლ---- ა---–---–ი
მოპასუხე - გ---- ზ----------
წარმომადგენელი - გ------- რ---------–---–ი
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეებს ვ----–---- ტ----------ს და გ---- ზ----------ს შპს „ე-----------------“-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სესხის ძირითადი თანხის 6 118.6 ლარის, სარგებლის - 3 843.65 ლარისა და ავტომობილის შეფასების აქტის მომზადების საფასურის - 100 ლარის გადახდა.
სარჩელის საფუძვლად მითითებულია შემდეგ გარემოებები: 2017 წლის 25 იანვარს ვ----–---- ტ----------სა და მოსარჩელეს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ მოპასუხეს თვეში 4.5%-იანი სარგებლის დარიცხვით გადასცა 7 000 ლარი. სესხის უზრუნველსაყოფად მოსარჩელის სასარგებლოდ გირავნობით დაიტვირთა მსესხებლის კუთვნილი ავტომობილი.
2017 წლის 25 იანვარს სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულებით, გ---- ზ---------- 25 500 ლარის ფარგლებში, სოლიდარულ თავდებად დაუდგა მსესხებელს მოსარჩელის წინაშე.
2018 წლის 23 თებერვალს მოსარჩელემ უზრუნველყო გირავნობის საგნის რეალიზაცია. მდგომარეობის გათვალისწინებით ავტომობილი გაიყიდა 4 400 ლარად, რომლის გაქვითვაც განხორციელდა შესაბამისად: 4 043.6 ლარით სრულად გაიქვითა დარიცხული სარგებელი, 356.4 ლარით შემცირდა სესხის ძირითადი თანხა.
რეალიზაციის შემდეგ მოპასუხეს კვლაც დარჩა დავალიანება 6 118.6 ლარის ოდენობით, რომელსაც ხელშეკრულების შესაბამისად ერიცხება სარგებელი ყოველთვიური 5.4 %-ის ოდენობით. ვინაიდან ავტომობილის რეალიზაციიდან სასამართლოში სარჩელის შეტანის დღემდე გასულია 11 თვე და 19 დღე - დარიცხული სარგებელი შეადგენს 3 843.65 ლარს.
სესხის თანხის ნებაყოფლობით დაფარვის მოთხოვნით მოსარჩელემ მიმართა 2019 წლის 14 იანვარს მოპასუხეს წერილობით და ასევე განესაზღვრა დამატებითი ვადაც, გზავნილი ჩაბარდა თავდებს, თუმცა მისი მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია.
მოპასუხეებს 2019 წლის 11 თებერვლის მდგომარეობით ერიცხებათ დავალიანება ჯამში 10 062.25 ლარი.
2. მოპასუხეების პოზიცია
2.1. მოპასუხე გ---- ზ----------მ სარჩელთან დაკავშირებით წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც სარჩელი არ ცნო და შესაგებელში შენიშნავს, რომ მისთვის სარჩელის წარმოდგენისას გახდა ცნობილი, რომ არის თავდები იმ კაბალური პირობებით, რაც დღევანდელ რეალობაში წარმოუდგენელია. კრედიტი გაცემულია შეუსაბამოდ მაღალი საპროცენტო განაკვეთით. მოპასუხე არ ეთანხმება ასევე მოსარჩელის მიერ მოწოდებულ კალკულაციას.
2.2. მოპასუხე ვ----–---- ტ----------ს სასამართლოში შესაგებელი არ წარმოუდგენია, ხოლო სხდომაზე გამოცხადებისას აღნიშნა, რომ არ ცნობს სარჩელს და დააფიქსირა პოზიცია მხოლოდ დავის სამართლებრივ მხარესთან დაკავშირებით.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2017 წლის 25 იანვარს ვ----–---- ტ----------სა (მსესხებელი, დამგირავებელი, პირველი მოპასუხე) და შპს „ე-----------------“-ს (კრედიტორი, მოირავნე, მოსარჩელე) შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ მოპასუხეს თვეში 4.5%-იანი სარგებლის დარიცხვით (წლიური 64.8%) გადასცა 7 000 ლარი. კრედიტის ვადა შეადგენდა 36 თვეს. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ჯარიმა - გადახდის ვადის 1-დან 5 კალენდარული დღის ჩათვლით ვადაგადაცილების შემთხვევაში თითოეული ვადაგადაცილებული დღისათვის 4 ლარი, ხოლო გადახდის ვადის მე-6 დღიდან თითოეული ვადაგადაცილებული დღისათვის - 2 ლარის ოდენობით, რომლის დარიცხვაც გაგრძელდება გამსესხებლის მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებამდე.
ვალდებულება უნდა შესრულებულიყო ნაწილ-ნაწილ, თანდართული გრაფიკის შესაბამისად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
- საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფის და გირავნობის ხელშეკრულება (ს.ფ 15-23);
- საკრედიტო შეთანხმების მნიშვნელოვანი პირობები (ს.ფ. 24)
- შეთანხმება სესხის გაცემის შესახებ, დანართი N2 (ს.ფ. 25-26).
3.1.2. მსესხებლის მიერ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები უზრუნველყოფილი იყო რეგისტრირებული გირავნობით. გირავნობის საგანს წარმოადგენდა მსესხებლის კუთვნილი ავტომანქანა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
- საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფის და გირავნობის ხელშეკრულება (ს.ფ 15-23);
3.1.3. მხარეთა შორის 2017 წლის 25 იანვარს დადებული გირავნობის ხელშეკრულების 6.2 მუხლის თანახმად, მოგირავნის ინტერესების დაკმაყოფილების მიზნით მას უფლება აქვს განახორციელოს გირავნობის საგნის რეალიზაცია აუქციონის წესით, მის მიერ ორგანიზებულ აუქციონზე ან მის მიერ შერჩეული პირის მეშვეობით.
ამავე ხელშეკრულების 6.4. მუხლის თანახმად, კი თუ გირავნობის საგნის რეალიზაციიდან მიღებული თანხა საკმარისი არ იქნება უზრუნველყოფილი მოთხოვნის მთლიანად დასაფარავად, მაშინ მსესხებელი მთელი თავისი ქონებით აგებს პასუხს ნებისმიერ ასეთ ნაშთზე. იგივე წესი ვრცელდება იმ ხარჯებსა და დანახარჯებზეც, რაც წარმოიშვება გირავნობის საგნის რეალიზაციის პროცესში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
- საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფის და გირავნობის ხელშეკრულება (ს.ფ 15-23);
3.1.4. 2017 წლის 25 იანვრის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად კრედიტორსა და გ---- ზ----------ს (თავდები, მეორე მოპასუხე) შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც თავდებმა იკისრა ვალდებულება კრედიტორის წინაშე, იმგვარად, რომ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში თავდებმა უზრუნველყოს კრედიტორის მიმართ ვალდებულების შესრულება.
თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრა 25 500 ლარით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
- წერილობითი განცხადება სოლიდარული თავდებობის შესახებ (ს.ფ. 30)
- 2017 წლის 25 იანვრის სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება (ს.ფ 28-29);
3.1.5. მსესხებელმა გადაიხადა გრაფიკით გათვალისწინებული 6 თვის შენატანი და ვალდებულება მე-7 თვიდან დაარღვია.
2017 წლის 30 ოქტომბერს ავტომობილის მაქსიმალურად ხელსაყრელ ფასად რეალიზაციის მიზნით და ამ პროცესში ჩასართავად მოსარჩელემ მსესხებელს გაუგზავნა წერილობითი შეტყობინება და ამასთან, აცნობა რომ თუ ავტომობილის რეალიზაციის გზით ამონაგები თანხა საკმარისი არ იქნებოდა საკრედიტო ვალდებულებების სრულად დასაფარად, მაშინ დავალიანების დარჩენილ ნაწილზე პასუხს აგებდა მთელი ქონებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
- 30.10.2017 წლის წერილი (ს.ფ 40);
3.1.6. 2018 წლის 23 თებერვალს მოსარჩელემ უზრუნველყო გირავნობის საგნის რეალიზაცია. ავტომანქანის შეფასებისათვის მოსარჩელემ გადაიხადა 100 ლარი.
მდგომარეობის გათვალისწინებით, ავტომობილი გაიყიდა 4 400 ლარად, საიდანაც 38 აშშ დოლარით დაიფარა პირგასამტეხლო, 4 043.6 ლარით სრულად გაიქვითა ამ დროისათვის დარიცხული სარგებელი და 356.4 ლარით შემცირდა სესხის ძირითადი თანხა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება.
- 2018 წლის 23 თებერვლის ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ 31);
- ცნობა დავალიანების შესახებ (ს,ფ, 47)
3.1.6. რეალიზაციის შემდეგ მოპასუხეს კვლავ დარჩა დავალიანება 6 118.6 ლარი, რომელსაც ხელშეკრულების შესაბამისად დაერიცხა სარგებელი ყოველთვიური 5.4%. ვინაიდან ავტომობილის რეალიზაციიდან სასამართლოში სარჩელის შეტანის დღემდე გასულია 11 თვე და 19 დღე - დარიცხული სარგებელი შეადგენს 3 843.65 ლარს.
ხელშეკრულება ითვალისწინებს შეთანხმებას ვადის გადაცილებისათვის პროცენტის გადახდის თაობაზე, მათ შორის იმ შემთხვევაში, თუ გირავნობის საგნის რეალიზაციიდან მიღებული თანხით ვალდებულება სრულად არ დაიფარება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება.
- ცნობა დავალიანების შესახებ (ს,ფ, 47);
- საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფის და გირავნობის ხელშეკრულება.
3.1.7. სესხის ნებაყოფლობით დაფარვის მოთხოვნით მოსარჩელემ მიმართა 2019 წლის 14 იანვარს მოპასუხეებს წერილობით და განუსაზღვრა დამატებითი ვადაც, გზავნილი ჩაბარდა თავდებს, თუმცა რეაგირება არ მოჰყოლია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება.
- 2019 წლის 14 იანვრის წერილები და უკუგზავნილის დეტალები (ს.ფ. 41-45)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები მხარეთა შორის არ არის სადავო.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8, 54-ე, 319-ე, 625-ე, 867-ე, 891-ე, 895-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი, ხოლო 867-ე მუხლის თანახმად კი საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. აღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, საბანკო კრედიტი არის სესხი, რომელსაც გასცემს კომერციული ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ან არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება − საკრედიტო კავშირი, ამასთან, ჩვეულებრივი სესხის ხელშეკრულებისაგან განსხვავებით, საბანკო კრედიტი ყოველთვის სარგებლიანია.
განსახილველ შემთხცვევაში დავა გამომდინარეობს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.
ამავე კოდექსის 895-ე მუხლის მიხედვით, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა, ხოლო 898-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თავდები ყველა შემთხვევაში პასუხს აგებს მხოლოდ თავდებობის დოკუმენტში მითითებული ზღვრული თანხის ოდენობამდე.
დადგენილია, რომ კრედიტორსა და ვ----–---- ტ----------ს შორის დადებული ხელშეკრულება უზრუნველყოფილია მოპასუხე გ---- ზ----------ს სოლიდარული თავდებობით. აქედან გამომდინარე, კრედიტორი უფლებამოსილია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის შესაბამისად, მსესხებელთან ერთად სოლიდარულად წაუყენოს მოთხოვნა თავდებსაც.
სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი ან ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთი.
დადგენილია, რომ საბანკო კრედიტის ხელშეკრულება ითვალისწინებდა წლიურ 64.8% სარგებლის დარიცხვას.
სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
დადგენილია, რომ მსესხებელმა შეასრულა გრაფიკით გათვალისწინებული 6 გადახდა და მე-7 თვიდან ვალდებულება დაარღვია.
სამოქალაქო კოდექსის 254-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მოვალის ან მესამე პირის მოძრავი ნივთი ან/და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომლის სხვა პირთათვის გადაცემა დასაშვებია, შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც ფულადი, ისე არაფულადი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად, ისე, რომ კრედიტორი (მოგირავნე) იძენს უფლებას, დაიკმაყოფილოს მოთხოვნა დაგირავებული ქონების (გირავნობის საგნის) რეალიზაციით ან მხარეთა შეთანხმებით – მისი საკუთრებაში მიღებით მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში.
ამავე კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მოგირავნის დაკმაყოფილება ხდება გირავნობის საგნის რეალიზაციით ან მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით დაგირავებული ნივთის მოგირავნის საკუთრებაში გადაცემით, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
განსახილველ შემთხვევაში, მსესხებლის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო, ხელშეკრულება შეწყდა და მოხდა გირავნობის საგნის რეალიზაცია. გირავნობის საგნის რეალიზაციის მომენტისათვის დარიცხული სარგებელი გაქვითულია. მოსარჩელე ითხოვს გირავნობის საგნის რეალიზაციის შემდგომ დარჩენილ ძირითად თანხაზე რეალიზაციიდან სარჩელის აღძვრამდე დარიცხული პროცენტის გადახდას.
სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრული სარგებლის გადახდის ვალდებულება არსებობს ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში. სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლით გათვალისწინებული პროცენტი, რომელიც თავისი შინაარსით სარგებელია, განსხვავდება 403-ე მუხლით გათვალისწინებული პროცენტისაგან, რომელიც ის ზიანია, რაც განიცადა კრედიტორმა ფულადი თანხის გადახდის ვალდებულების დარღვევის გამო; ამასთან, 403-ე მუხლით სარჩელის დაკმაყოფილებისათვის აუცილებელია შემდეგი პირობების არსებობა: 1) მოვალეს შესასრულებელი უნდა ჰქონდეს ფულადი ვალდებულება; 2) ფულადი ვალდებულების შესრულების ვადა უნდა იყოს დარღვეული; 3) ფულადი თანხის გადახდის ვადის გადაცილებისათვის უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება პროცენტის თაობაზე (იხ. სუსგ Nას-1701-1685-2011). ხელშეკრულების შეწყვეტის შემდგომ სარგებლის გადახდის ვალდებულება შეიძლება არსებობდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მხარეები ამის თაობაზე შეთანხმებული არიან.
განსახილველ შემთხვევაში, მხარეები შეთანხმებული არიან ხელშეკრულების შეწყვეტის შემდგომ სარგებლის გადახდაზე სესხის ძირითადი თანხის სრულად დაფარვამდე, ამდენად, მოსარჩელე უფლებამოსილია, მოითხოვოს სარგებლის გადახდა სარჩელის აღძვრის მდგომარეობით, თუმცა, შეფასების საგანია დავალიანების ოდენობა.
6.2. როგორც აღინიშნა, სარგებლის სახით მხარეთა მიერ განსაზღვრულია ყოველთვიურად სესხის ძირითადი თანხის - 5.4%, რაც წლიურად შეადგენს - 64.8 პროცენტს (სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი - 83.40%).
სასამართლო საქართველოს სამოქლაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილზე მითითებით კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას, განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი ამკვიდრებს პრინციპებს, რომ მხარეთა ნების ავტონომია გარანტირებულად დაცულია, თუმცა, ნებისმიერი დავის გადაწყვეტისას, სასამართლო დავის სამართლიანად გადაწყვეტისა და მონაწილეთა ინტერესების დაცვის პრინციპით ხელმძღვანელობს. სამოქალაქო სამართალში ურთიერთობის მონაწილეთა კეთილსინდისიერი ქცევაა პრეზუმირებული, რაც იმთავითვე გულისხმობს იმის ვარაუდს, რომ ისინი თავიანთ უფლებებს კეთილსინდისიერად ახორციელებენ.
სამართალში კეთილსინდისიერების, როგორც ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი პრინციპის შესახებ საკასაციო სასამართლომ სხვადასხვა საქმეში არაერთხელ განმარტა: სსკ-ის მე-8 მუხლის მესამე ნაწილი განსაზღვრავს კეთილსინდისიერებას, როგორც ვალდებულების ძირითად და აუცილებელ კომპონენტს და მხოლოდ ვალდებულებათა შესრულებით არ შემოიფარგლება. იგი წარმოადგენს კანონისმიერ მოთხოვნას და გულისხმობს, ზოგადად, სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა მიერ ურთიერთობის სხვა მონაწილის ინტერესების პატივისცემას, საკუთარი როლისა და პასუხისმგებლობის გათავისებას, თუნდაც იმ შემთხვევაში, როდესაც მას კონკრეტული პირდაპირი ვალდებულება არ ეკისრება“. „თანამედროვე ქართულ სამართლებრივ სივრცეში კეთილსინდისიერება მატერიალურ სამართლებრივ ნორმად გადაიქცა და სამართლიანობასა და თანასწორობაზე დამყარებულ სამართლებრივ სისტემაში გაერთიანდა, რითაც უფრო ფართო დატვირთვა შეიძინა. კეთილსინდისიერების პრინციპი თანამედროვე განვითარებული ქვეყნების კანონმდებლობასა და დოქტრინაში დიდწილად დაკავშირებულია მორალურ სტანდარტებთან. კეთილსინდისიერება ნიშნავს გულწრფელობას, სამართლიანობას, ვალდებულებების მიმართ პატიოსან დამოკიდებულებას. კეთილსინდისიერების პრინციპის ძირითადი ფუნქცია ურთიერთობის მონაწილეთა ინტერესების არა დაპირისპირება, არამედ მათი სოლიდარობაა, რაც ნორმალური სამოქალაქო ბრუნვის საფუძველია. კეთილსინდისიერება გულისხმობს სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა მოქმედებას პასუხისმგებლობით და ერთმანეთის უფლებებისადმი პატივისცემით მოპყრობას. კეთილსინდისიერება როგორც ნორმატიული, ისე სუბიექტური ნების განმარტების ინსტრუმენტია. მის საფუძველზე აღმოიფხვრება როგორც კანონის, ისე ხელშეკრულების ხარვეზი. კეთილსინდისიერების პრინციპის შინაარსი, უპირველეს ყოვლისა, იმით გამოიხატება, რომ მხარეს, გარდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულებისა, ევალება ვალდებულების კეთილსინდისიერად შესრულებაც, ანუ კონტრაჰენტის პატივსადები ინტერესების გათვალისწინება და დაცვა. ამ მოთხოვნის დარღვევა კი არა მხოლოდ სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების პროცესში, არამედ სახელშეკრულებო მოლაპარაკებათა და ძირითადი ვალდებულებების შესრულების შემდგომ ეტაპზეც შეიძლება პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი გახდეს. კეთილსინდისიერების პრინციპს სამი ფუნქცია ეკისრება: 1) ყველა ხელშეკრულება უნდა განიმარტოს კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარე; 2) კეთილსინდისიერების პრინციპს აქვს ხარვეზის (სამართლის ნორმის ხარვეზის) შემავსებელი ფუნქცია, ასევე ხელშეკრულების პირობათა (რომლებიც მხარეთა მიერ ან/და კანონით არ იყო გათვალისწინებული) დამატების ფუნქცია; 3) გამაუქმებელი, შემზღუდავი და „მაკორექტირებელი“ ფუნქცია. კეთილსინდისიერების ზემოაღნიშნული ფუნქციებიდან გამომდინარეობს, რომ ნებისმიერ ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობაში, კრედიტორს არ შეუძლია უარი თქვას მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების მცირე ხელშეწყობაზე, როდესაც მოვალეს კრედიტორის მხრიდან ესაჭიროება ასეთი ხელშეწყობა მასზე ნაკისრი ვალდებულების ჯეროვნად შესრულებისათვის. კეთილსინდისიერების პრინციპი, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს კონტრაჰენტის ინტერესების გათვალისწინებას, რომლის არარსებობის შემთხვევაში ადგილი აქვს უფლების ბოროტად გამოყენებას. კეთილსინდისიერების პრინციპი ქართულ სასამართლო პრაქტიკაში მიჩნეულია უშუალოდ მოქმედ სამართლად და მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად, რომლის მიზანი სამართლიანი შედეგის დადგომა და უსამართლო შედეგის თავიდან აცილებაა კეთილსინდისიერების პრინციპის გამოყენება აქტუალური ხდება მაშინ, როცა პირის მოთხოვნა ან ქმედება ფორმალურად შეესაბამება მოქმედ მატერიალურ კანონმდებლობას, მაგრამ მისი განხორციელება კონკრეტულ შემთხვევაში უსამართლოა, შესაბამისად, მისი ფუნქცია აშკარად უსამართლო შედეგების თავიდან აცილებაა, რაც პირდაპირ უკავშირდება სამოქალაქო ურთიერთობათა სტაბილურობასა და სიმყარეს (იხ. სუსგ-ები: №ას-23-18-2011,24.05.2011წ; №ას-221-213-2012, 24.07.2012წ; №ას-528-501-2015, 04.11.2015წ; №ას-549-521-2015, 18.11.2015წ; №ას-898-848-2015, 09.03.2016წ).
სასამართლო აღნიშნავს, რომ უფლებათა ბოროტად გამოყენებისაგან სხვათა თავისუფლებას იცავს სამოქალაქო კანონის იმპერატიული ნორმები (სსკ-ის 10-ე მუხლის მე-3 ნაწილი). შესაბამისად, მხარეთა უფლება, თავისუფლად დადონ ხელშეკრულება და თავისუფლადვე განსაზღვრონ მისი შინაარსი, აბსოლუტური არ არის.
სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადად კეთილსინდისიერების ჭრილში განიხილება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლიც, რომელიც ბათილად ცნობს ისეთ გარიგებას, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. ამ მუხლთან მიმართებით არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ მყარად დამკვიდრებული პრაქტიკა (შდრ. სუსგ-ებს: №ას-755-811-2011, 10.09,.2012წ ; ას-40-38-2013,25.02.2013წ; ას-63-58-2013,11.02.2013წ; საქმე №ას-813-764-2015).
მხარეთა შორის 2017 წლის 25 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულება, რომლითაც სესხისათვის შეუსაბამოდ მაღალი საპროცენტო სარგებელი განისაზღვრა, საზოგადოებაში დამკვიდრებულ ზნეობრივ ღირებულებებს ეწინააღმდეგება და სსკ-ის 54-ე მუხლის მიხედვით უცილოდ ბათილია. უცილოდ ბათილ გარიგებას სამართლებრივი შედეგი არ მოჰყვება. მის ასეთად აღიარებას არ სჭირდება არც მხარის შეცილება და არც მისი ბათილობის მოთხოვნა (შდრ. სუსგ Nას-663-629-2015, 28.07.2015წ.).
2017 წლის 25 იანვრის ხელშეკრულებით მხარეთა მიერ სარგებელზე ამგვარი შეთანხმება ნაწილობრივ ბათილია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის საფუძველზე, რადგან გარიგების ეს პირობა ზნეობრივ ნორმებთან და საჯარო წესრიგთან აშკარად შეუსაბამოა, ხელშეკრულების მხარეს აყენებს შეუსაბამოდ რთულ მდგომარეობაში. სასამართლოს შეფასებით, გამსესხებლის მიერ ბაზარზე საბანკო და სხვა საკრედიტო დაწესებულებების კრედიტებზე საშუალო განაკვეთებზე ბევრად მეტი ოდენობით პროცენტის განსაზღვრა ეწინააღმდეგება ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობებისთვის დადგენილ კანონის ძირითად პრინციპებს, შესაბამისად, საჯარო წესრიგს და ზნეობრივ სტანდარტებს (იხ. სუსგ ას-1146-2018 წ).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ კრედიტორის მოთხოვნა მოპასუხე მხარისთვის საპროცენტო სარგებლის წლიური 64.8%-ის დაკისრების თაობაზე უნდა შემცირდეს გონივრულ ოდენობამდე და სარგებლის ოდენობა უნდა განისაზღვროს წლიური 32,4%-ით. სასამართლო აღნიშნავს, რომ წლიური 32-36% არის სარგებლის ის მაქსიმალური ოდენობა, რასაც კომერციული ბანკები ითვალისწინებენ საბანკო კრედიტისათვის, მათ შორის საკრედიტო ბარათით მომსახურების შესახებ ხელშეკრულებებზე, ამასთან, სარგებლის სამართლიანი ოდენობის განსაზღვრისას, სასამართლო იმ გარემოებასაც ითვალისწინებს, რომ მოსარჩელე არ ითხოვს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს გადახდას.
წლიური 32,4%-ის პირობებში, სესხის ძირითად თანხაზე გადასახდელი სარგებელი წელიწადში 2240 ლარს შეადგენს (თვეში 2,7% და არა 5,4%).
მსესხებელმა 6 თვის გადასახადი გადაიხადა, საიდანაც 2210 ლარი გადახდილია სარგებლის სახით, მაშინ, როცა წლიური 32,4%-ის პირობებში თვეში გადასახდელი სარგებელი 189 ლარს შეადგენს, ამრიგად, 1076 ლარი ზედმეტად გადახდილია.
გრაფიკის შესაბამისად, პირველი გადახდა 25.01.2017 წელს უნდა მომხდარიყო. ამ მომენტიდან სარჩელის აღძვრამდე გასულია 25 თვე და 5 დღე. თვეში 2.7%-ის პირობებში, მოსარჩელეს ჯამში სარგებლის სახით 4756,5 ლარის გადახდის მოთხოვნის უფლება ექნებოდა. 1076 ლარი მსესხებელს უკვე გადახდილი აქვს პირველი 6 თვის განმავლობაში ზედემტად გადახდილი სარგებლის ხარჯზე. ასევე გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხიდან 4043,6 ლარი მოხმარდა სარგებლის დაფარვას.
სამოქალაქო კოდექსის 256-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად გირავნობა უზრუნველყოფს მოთხოვნასა და მასთან დაკავშირებულ სხვა დამატებით უფლებებს (მათ შორის, პროცენტსა და პირგასამტეხლოს), აგრეთვე ქონების მოვლა-შენახვის, სასამართლოსა და რეალიზაციის ხარჯებს, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
დადგენილია, რომ გირავნობის საგნის შეფასებისათვის მოსარჩელემ გადაიხადა 100 ლარი.
სასამართლო მიიჩნევს, რომ 4043,6 ლარის ფარგლებში სრულად იფარება კრედიტორის სასარგებლოდ ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადახდის პირველი თარიღიდან სარჩელის აღძვრის მდგომარეობით გადასახდელი სარგებლის დარჩენილი ნაწილი და რჩება 425,35 ლარი.
სამოქალაქო კოდექსის 388-ე მუხლის თანახმად, მოვალის იმ გადასახდელიდან, რომელიც არ არის საკმარისი მთელი ვადამოსული ვალის დასაფარავად, თავდაპირველად იფარება სასამართლოს ხარჯები, შემდეგ – ძირითადი შესრულება (ვალი) და ბოლოს – პროცენტები.
ვინაიდან დარჩენი თანხა არ არის საკმარისი ვალდებულების სრულად შესასრულებლად, დარჩენილი 425,35 ლარი უნდა გამოაკლდეს სესხის ძირითად თანხას და იგი განისაღვრის არა 6 118.6 ლარით, არამედ 5693,25 ლარით, რასაც ემატება გირავნობის საგნის შეფასების საფასური 100 ლარი, ჯამში დარჩენილი ვალდებულება განისაზღვრება 5793,25 ლარით.
სწორედ ამ თანხის მოთხოვნის უფლება გააჩნია მოსარჩელეს მოპასუხეებისაგან სოლიდარულად.
6.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით.
2017 წლის 25 იანვრის საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულების მე-8 მუხლის მე-15 პუნქტის თანახმად, მხარეებს შორის მიღწეულ იქნა შეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევასთან დაკავშირებით, რაც შესაბამისად წარმოადგენს პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძველს.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო კოდექსის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის ნაწილის - 173 ლარის გადახდა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე-244-ე, 248-ე-250-ე, 257-ე, 2591, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე, 268-ე, 270-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს „ე-----------------“-ის სარჩელი მოპასუხეების ვ----–---- ტ----------ისა და გ---- ზ----------ს მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. ვ----–---- ტ----------სა და გ---- ზ----------ს შპს „ე-----------------“-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 5793,25 ლარის გადახდა.
3. დანარჩენ ნაწილში შპს „ე-----------------“-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. ვ----–---- ტ----------სა და გ---- ზ----------ს შპს „ე-----------------“-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 173 ლარის გადახდა;
5. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად;
6. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის საკითხზე შესაძლებელია კერძო საჩივრის წარდგენა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, განჩინების ასლის მხარეთათვის გადაცემიდან 12 (თორმეტი) დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით. კერძო საჩივრის შეტანა არ შეაჩერებს გადაწყვეტილების აღსრულებას
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. N6) მეშვეობით;
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ხათუნა ჯინორია