გადაწყვეტილება

სამოქალაქო 22.01.2020
საქმის ნომერი
330210119003205350
კატეგორია
დავის ტიპი
დელიქტური ვალდებულებანი
თარიღი
22.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/23995-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ხათუნა ჯინორია

სხდომის მდივანი ნინო ლ---–----ე

მოსარჩელე - ლ--–- მ------–--ე

წარმომადგენელი - დ----- გ-------–--ე

მოპასუხეები - შპს ,,ს--------------------------------–--‘’, მ----- ფ-----ე, თ----- ლ---–----ე, თ----- მ---------–ი

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება, ვალდებულების შესრულება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მ----- ფ-----ეს, თ----- ლ---–----ეს, თ----- მ---------–სა და შპს „ს--------------------------------–--ს“ ლ--–- მ------–--ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ დანაშაულით მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად 24 000 აშშ დოლარისა და 6 000 ლარის გადახდა.

1.2. მ----- ფ-----ეს, თ----- ლ---–----ეს, თ----- მ---------–სა და შპს „ს--------------------------------–--ს“ ლ--–- მ------–--ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ ხელშეკრულების დარღვევის მომენტიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ძირითადი თანხის 0.01%-ის ოდენობით პირგასამტეხლოს გადახდა, რაც სარჩელი შემოტანის მომენტისათვის შეადგენს 2 628 აშშ დოლარსა და 652 ლარს.

 

სასარჩელო მოთხოვნა ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 25.01.2016 წელს ლ--–- მ------–--ესა და ს--------------------------------–--ს შორის გაფორმდა N8--- სესხის ხელშეკრულება 4 თვის ვადით, სესხის ოდენობა შეადგენდა 11 000 აშშ დოლარს, საპროცენტო სარგებელი 25%. აღნიშნული ხელშეკრულება 2016 წლის 27 მაისს გაგრძელდა 4 თვით, ხოლო ხელშეკრულების პირობები უცვლ--–- დარჩა.

 

25.01.2016 წელს ლ--–- მ------–--ესა და ს--------------------------------–--ს შორის გაფორმდა N8--- სესხის ხელშეკრულება 4 თვის ვადით, სესხის ოდენობა შეადგენს 15 000 აშშ დოლარს, საპროცენტო სარგებელი 25%. აღნიშნული ხელშეკრულება 2016 წლის 27 მაისს გაგრძელდა 4 თვით, ხოლო ხელშეკრულების პირობები უცვლ--–- დარჩა.

 

26.03.2016 წელს მხარეთა შორის გაფორმდა N9--- სესხის ხელშეკრულება 6 თვის ვადით, სესხის ოდენობა 5000 ლარი, საპროცენტო სარგებელი 28%.

 

21.07.2016 წელს მხარეთა შორის კვლავ გაფორმდა N1---- სესხის ხელშეკრულება 4 თვის ვადით, სესხის ოდენობა 1000 ლარი, საპროცენტო სარგებელი 25%.

 

ლ--–- მ------–--ემ შპს „ს--------------------------------–--ში“ შეიტანა 26 000 აშშ დოლარი და 6000 ლარი. ამასთან, 2016 წლის 30 სექტემბერს მოსარჩელემ N8--- ხელშეკრულებით მიიღო ძირითადი თანხა 2 000 აშშ დოლარი, ასევე მიიღო ოთხივე ხელშეკრულებით გათვალისწინებული საპროცენტო სარგებელი.

 

ლ--–- მ------–--ეს არ დაუბრუნებია სესხის სახით მიცემული 24 000 აშშ დოლარი და 6 000 ლარი. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის 0.01%-ის ოდენობით. პირგასამტეხლოს ოდენობა 2019 წლის 26 სექტემბრის მდგომარეობით შეადგენს 2 628 აშშ დოლარსა და 652 ლარს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიამ 2017 წლის 31 ივლისის განაჩენით საქმეზე N1------- დამნაშავედ ცნო თ----- ლ---–----ე, მ----- ფ-----ე და თ----- მ---------–ი. აღნიშნული საქმეზე მოსარჩელე ცნობილია დაზარალებულად.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

თ----- მ---------–მა მარტივი შედავებით სარჩელი არ ცნო.

 

თ----- ლ---–----ეს და შპს „ს--------------------------------–--ს“ შესაგებელი არ წარმოუდგენიათ.

 

მ----- ფ-----ემ სარჩელი არ ცნო. მისი განმარტებით, სესხის ხელშეკრულება გაფორმებულია შპს „ს--------------------------------–--სთან“. 2016 წლის 20 სექტემბერს ეროვნულმა ბანკმა შპს „ს--------------------------------–--ს“ შეუჩერა გარკვეული ფუნქციები და ასობით კომპანიის კლიენტი მიაწყდა კომპანიას და გაიტანეს საკუთარი ფულადი სახსრები. მოსარჩელემ თავისი თანხი უკვე გაიტანა, რაც დასტურდება იმ გარემოებით, რომ სესხის ხელშეკრულების ვადის გასვლისთანავე მას შეეძლო მიემართა სარჩელით კომპანიის წინააღმდეგ სესხის დაბრუნების მოთხოვნით, რაც მოსარჩელემ არ გააკეთა. კომპანია გადახდისუნარიანის და მოსარჩელე ცდილობს ხელმეორედ ფულადი თანხების ამოღებას და არქმევს მას დელიქტით მიყენებულ ზიანს. არც განაჩენში და არც დაზარალებულად ცნობის შესახებ განცხადებაში არ არის აღნიშნული რა ოდენობის ზიანი მიადგა მოსარჩელეს. უშუალოდ მას მოსარჩელესთან ხელშეკრულება არ დაუდია და არ გააჩნია არანაირი კავშირი სესხის ხელშეკრულებასთან.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 25.01.2016 წელს ლ--–- მ------–--ესა (კრედიტორი) და შპს „ს--------------------------------–--ს“ (მსესხებელი) შორის გაფორმდა N8--- სესხის ხელშეკრულება (პირველი ხელშეკრულება) 4 თვის ვადით. მსესხებელმა ისესხა 15 000 აშშ დოლარი, წლიური 25% სარგებლის დარიცხვის პირობით.

 

პირველი ხელშეკრულების 2.4. პუნქტით სესხის დაბრუნების ვადის გადაცილების შემთხვევაში მსესხებელმა უნდა გადაიხადოს საურავი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.01%-ის ოდენობით.

 

აღნიშნული ხელშეკრულება 2016 წლის 27 მაისს გაგრძელდა 4 თვით, ხოლო ხელშეკრულების პირობები უცვლ--–- დარჩა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- 25.01.2016 წლის სესხის ხელშეკრულება (ტ. 1-ლი; ს.ფ. 27-29);

- 25.01.2016 სესხის ხელშეკრულების გაგრძელება (ტ. 1-ლი; ს.ფ. 30);

 

3.1.2. 25.01.2016 წელს კრედიტორსა და მსესხებელს შორის გაფორმდა N8--- სესხის ხელშეკრულება (მეორე ხელშეკრულება) 4 თვის ვადით. მსესხებელმა ისესხა 11 000 აშშ დოლარი წლიური 25% სარგებლის დარიცხვის პირობით.

 

სესხის ხელშეკრულების 2.4. პუნქტით სესხის დაბრუნების ვადის გადაცილების შემთხვევაში მსესხებელმა უნდა გადაიხადოს საურავი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.01%-ის ოდენობით.

 

აღნიშნული ხელშეკრულება 2016 წლის 27 მაისს გაგრძელდა 4 თვით, ხოლო ხელშეკრულების პირობები უცვლ--–- დარჩა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- 25.01.2016 წლის სესხის ხელშეკრულება (ტ. 1-ლი; ს.ფ. 34-36);

- 25.01.2016 სესხის ხელშეკრულების გაგრძელება (ტ. 1-ლი; ს.ფ. 38);

 

3.1.3. 26.03.2016 წელს კრედიტორსა და მსესხებელს შორის გაფორმდა N9--- სესხის ხელშეკრულება (მესამე ხელშეკრულება) 6 თვის ვადით. მსესხებელმა ისესხა 5000 ლარი, წლიური 28% სარგებლის გადახდის პირობით.

 

სესხის ხელშეკრულების 2.4. პუნქტით სესხის დაბრუნების ვადის გადაცილების შემთხვევაში მსესხებელმა უნდა გადაიხადოს საურავი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.01%-ის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- 26.03.2016 წლის სესხის ხელშეკრულება (ტ. 1-ლი; ს.ფ.41-43).

 

3.1.4. 21.07.2016 წელს კრედიტორსა და მსესხებელს შორის გაფორმდა N1---- სესხის ხელშეკრულება (მეოთხე ხელშეკრულება) 4 თვის ვადით. მსესხებელმა ისესხა 1000 ლარი, წლიური 25% სარგებლის გადახდის პირობით.

 

სესხის ხელშეკრულების 2.4. პუნქტით სესხის დაბრუნების ვადის გადაცილების შემთხვევაში მსესხებელმა უნდა გადაიხადოს საურავი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.01%-ის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- 21.07.2016 წლის სესხის ხელშეკრულება (ტ. 1-ლი; ს.ფ.46-48).

 

3.1.5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 ივლისის განაჩენით, რომელიც შესულია კანონიერ ძალაში, თ----- ლ---–----ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლის ვადით.

 

მ----- ფ-----ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით.

 

თ----- მ---------–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით.

 

აღნიშნულ სისხლის სამართლოს საქმეზე ლ--–- მ------–--ე ცნობილია დაზარალებულად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 ივლისის განაჩენი (ტ. 1-ლი; ს.ფ. 55-178);

- საქართველოს უზენაესი სასამართლოს 12.12.18წ განჩინება (ტ. 1-ლი; ს.ფ. 179-183);

- დადაგენილება დაზარალებულად ცნობის შესახებ (ტ. 1-ლი; ს.ფ. 185-186).

 

3.1.6. ოთხივე ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა კრედიტორმა მსესხებელს გადასცა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- სალაროს შემოსავლის ორდერები (ტ. 1-ლი; ს.ფ 33; 40; 45);

 

3.1.7. ოთხივე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებელი კრედიტორმა მიიღო.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- პროცენტის გაცემის ხელწერილები (ტ. 1-ლი;ს.ფ. 31-32; 37; 39; 44),3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მსესხებელს ხელშეკრულებებით განსაზღვრულ ვადაში სესხის ძირითადი თანხის დაბრუნების ვალდებულება არ შეუსრულებია.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (სსკ-ის) 102-ე მუხლის შესაბამისად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

სადავოდ მიჩნეული უფლების კანონიერება უნდა დამტკიცდეს. მხარეს დარღვეული უფლების დაცვა კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით შეუძლია და ამ ფაქტების მითითება მხარის პრეროგატივაა. საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები, რომელიც სადავოა, დამტკიცებას საჭიროებს, ხოლო ფაქტების დამტკიცების ტვირთი ფაქტების მიმთითებელ მხარეებს ეკისრებათ. გამონაკლისს წარმოადგენს მატერიალური სამართლით გათვალისწინებული შემთხვევა, როდესაც ფაქტების დამტკიცების ტვირთი ამა თუ იმ ნორმით განსხვავებულადაა მოწესრიგებული. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესოსამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურსამართლებრივი მნიშვნელობაც აქვს, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი (იხ. სუსგ Nას-944-894-2015). მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტის მიხედვით, მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს. სსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. სსკ-ის მე-3 მუხლით, დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით, დადგენილია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად. მოდავე მხარეებმა უნდა წარმოადგინონ მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდება სარჩელსა და შესაგებელში მითითებული გარემოებების უტყუარად არსებობა. დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპები გულისხმობს მხარეების ვალდებულებას, წარმოადგინონ სარჩელში და შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების უფრო მყარი და დამაჯერებელი მტკიცებულებები, რითაც სასამართლოს შეუქმნიან საკუთარი პოზიციის სარწმუნო სამართლებრივ საფუძველსა და შინაგან რწმენას (იხ. სუსგ ას-1227-1150-2015, ას-1051-991-2015).

 

მტკიცების ტვირთის განაწილება დამოკიდებულია არა მხარის პროცესუალურ როლზე, არამედ მოთხოვნის საფუძველზე.

 

სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებული დავის ფარგლებში მოთხოვნის შემწყვეტი გარემოებების მტკიცების ტვირთი მოპასუხეს აწევს.

 

განსახილველ შემთხვევაში, მსესხებელს შესაგებელი საერთოდ არ წარმოუდგენია. მოპასუხე მ----- ფ-----ემ აღნიშნა, რომ მოსარჩელემ თანხა გაიტანა, თუმცა ამ გარემოების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის.

 

3.2.2 მ----- ფ-----ის, თ----- ლ---–----ის და თ----- მ---------–ის მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედების შედეგად ლ--–- მ------–--ეს მიადგა 24 000 აშშ დოლარისა და 6 000 ლარის ზიანი.

 

სასამართლო კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ მტკიცების ტვირთის განაწილება დამოკიდებულია მოთხოვნის საფუძვლებზე.

 

დელიქტიდან გამომდინარე სარჩელებზე მტკიცების ტვირთი შემდეგნაირად ნაწილდება:

1. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს ზიანი;

2. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს მიზეზობრივი კავშირი მოპასუხის ქმედებასა და მიყენებულ ზიანს შორის;

3. მოპასუხემ უნდა ამტკიცოს ქმედების მართლზომიერება;

4. მოპასუხემ უნდა დაადასტუროს ბრალის გამომრიცხავი გარემოებები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არ არსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომელიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები სადავოდ უნდა გახადოს მოპასუხემ. სწორედ ამის შემდეგ ეკისრება მოსარჩელეს მათი დადასტურების ტვირთი. შედავება უნდა მოხდეს საპირისპირო ფაქტებზე მითითების ან მითითებული გარემოებების პირდაპირ უარყოფის გზით და საკმარისი არ არის შესაგებელში „არ ვეთანხმები“ გრაფის მონიშვნა.

 

სარჩელზე შედავება ნიშნავს მოსარჩელის ახსნა-განმარტების (მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების) უარყოფას. ამასთან, საუბარია ისეთ განმარტებებსა და გარემოებებზე, რომლებიც სასამართლოს აზრით მნიშვნელოვანია სასარჩელო მოთხოვნის დასაბუთებულობისათვის და საბოლოო გადაწყვეტილებისთვის. მაგ: მოპასუხის შედავებაში უარყოფილია მოსარჩელის მიერ მითითებული ისეთი ფაქტები, როგორიცაა თარიღი, ადგილი, მოვლენათა განვითარება სრულად ან მისი დეტალები. ამასთან, მოპასუხის შედავება შეიძლება იყოს დასაშვები ან დაუშვებელი. დაუშვებელია შედავება, როდესაც იგი აბსტრაქტული ან ზოგადია (დაუზუსტებელი), ანუ, როდესაც მასში არაფერია ნათქვამი ცალკეულ ფაქტებსა და მოვლენებზე. ასეთ შემთხვევებში სასამართლო დაუშვებლად მიიჩნევს მოპასუხის მიერ განხორციელებულ შედავებას. ზოგადი და აბსტრაქტული შედავების დაუშვებლობა გამომდინარეობს შემდეგი მოსაზრებებიდან: თუ დაშვებული იქნებოდა ასეთი ზოგადი და აბსტრაქტული ხასიათის შედავება, მოსარჩელეს არ ექნებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე და შესაბამისად, რისი მტკიცება მოუწევს მას მისივე მითითებული გარემოებებიდან (მაგალითად, შეთანხმების დადების ფაქტის, შეთანხმების თარიღის, ნასყიდობის საგნის და ა.შ.). აღნიშნული კი მას, საპროცესო კანონმდებლობიდან გამომდინარე, არასათანადოდ ჩააყენებდა არახელსაყრელ მდგომარეობაში, ვინაიდან ამით ხელი შეეშლებოდა მის მიერ სსკ-ის 102-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების, კერძოდ, მტკიცების ტვირთის (რომელიც პროცესში მომეტებულად მოსარჩელეს აკისრია) განხორციელებას. იმის დადგენა და გამოვლენა, თუ რომელი გარემოებაა სადავო, ანუ რომელი ფაქტის დამტკიცება უწევს მოსარჩელეს, შესაძლებელი ხდება მხოლოდ მოპასუხის მიერ თავისი პასუხის (შედავების) სათანადოდ დაზუსტების/დაკონკრეტების შემდეგ. ამრიგად, დაუშვებელია მხოლოდ ზოგადი და აბსტრაქტული შედავება და იგი განხილულ უნდა იქნას, როგორც უპასუხობა, ანუ დასტური (აღიარება) (იხ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს №2ბ/6205-18 განჩინება).

 

სადავო გარემოების დადასტურების მიზნით, მოსარჩელემ წარმოადგინა კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენი და მხარეთა შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულებები, რომლის თანახმად, შპს ,,ს--------------------------------–--მ“ ლ--–- მ------–--ისაგან ისესხა 2016 წლის 25 იანვარს 11 000 აშშ დოლარი და 15 000 აშშ დოლარი 25% სარგებლის დარიცხვით, 2016 წლის 26 მარტს 5 000 ლარი 28% სარგებლის დარიცხვით და 2016 წლის 21 ივლისს 1000 ლარი 25% სარგებლის დარიცხვით.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 ივლისის განაჩენით დასტურდება, რომ თ----- ლ---–----ემ ჩაიდინა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვა, როცა ნივთი იმყოფებდა მართლზომიერ გამგებლობაში; მ----- ფ-----ემ ჩაიდინა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვის წაქეზება, როცა ნივთი იმყოფებოდა გამფლანგველის მართლზომიერ გამგებლობაში; თ----- მ---------–მა ჩაიდინა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვაში დახმარება, როცა ნივთი იმყოფებოდა გამფლანგველის მართლზომიერ გამგებლობაში. მათ მიერ განხორციელებული ქმედებები კონკრეტულად გამოიხატა შემდეგში: შპს ,,ს--------------------------------–--“ რეგისტრირებულ იქნა 2013 წლის 14 აგვისტოს. საზოგადოების ძირითად საქმიანობას წარმოადგენდა მოსახლეობისაგან გარკვეული საპროცენტო სარგებლით (20-დან 35%-მდე) თანხების მიღება და მათი ინვესტირება. კომპანიის ერთპიროვნულ დამფუძნებელს წარმოადგენდა თ----- მ---------–ი, ხოლო დირექტორის პოზიციას იკავებდა თ----- ლ---–----ე. შპს ,,ს--------------------------------–--ს“ საქმიანობას ფაქტობრივად სრულად წარმართავდა თ----- მ---------–ის მეუღლე _ მ----- ფ-----ე. კლიენტთა მოზიდვის მიზნით, საზოგადოება აქტიურად ეწეოდა სარეკლამო კამპანიას, რის საფუძველზეც არაერთმა მოქალაქემ შეიტანა გარკვეული თანხა, კერძოდ: 2013-2016 წლებში შპს ,,ს--------------------------------–--მ“ მოქალაქეებისაგან ჯამურად სესხად აიღო 34 359 020 ლარი, 70 194 445აშშ დოლარი და 4 603 089 ევრო. თანხები შესაბამისი პროცედურების გათვალისწინებით, უნდა გამოყენებულიყო უფრო მომგებიანი ეკონომიკური საქმიანობისათვის, რათა საზოგადოებას მიეღო შემოსავალი და უზრუნველეყო მოქალაქეთა წინაშე აღებული ფინანსური ვალდებულებების დროულად და სრულყოფილად შესრულება. მიუხედავად აღნიშნულისა, შპს ,,ს--------------------------------–--ს“ დირექტორმა თ----- ლ---–----ემ, რომელიც სრულად იყო პასუხისმგებელი საზოგადოების გამართულ საქმიანობაზე, მ----- ფ-----ის წაქეზებით და თ----- მ---------–ის დახმარებით, ყოველგვარი უზრუნველყოფისა და ეკონომიკური გათვლების გარეშე, გასცა სესხები როგორც თავად მ----- ფ-----ის სახელზე, ისე ამ უკანასკნელის საკუთრებაში არსებულ, არამომგებიან საწარმოებზე, რაც უკან არ დაუბრუნებიათ და მ----- ფ-----ემ გამოიყენა პირადი შეხედულებისამებრ. მიღებული თანხების არამიზნობრივი ხარჯვიდან გამომდინარე შპს ,,ს--------------------------------–--მ“ ვეღარ უზრუნველყო მოქალაქეთა წინაშე აღებული ფინანსური ვალდებულებების შესრულება და 2343 მოქალაქეს მიადგა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.

 

სასამართლო არ იზიარებს მოპასუხე მ----- ფ-----ის მტკიცებას, რომ მას კავშირი არ აქვს მოსარჩელესთან.

 

განაჩენში განმარტებულია, რომ მ----- ფ-----ემ ფსიქიკური ზემოქმედების შედეგად დაიყოლია თ----- ლ---–----ე ჩაედინა კომპანიის კუთვნილი თანხების ხარჯვა მ----- ფ-----ის ინტერესების და მითითებების შესაბამისად და არა კომპანიის ინტერესების გათვალისწინებით, რის შედეგადაც მ----- ფ-----ის მოქმედება თ----- ლ---–----ის მეშვეობით არის დაკავშირებული დაზარალებულებთან და მათთვის ზიანის მიყენების ფაქტთან.

 

მიუხედავად იმისა, რომ საქმე არ არის განხილული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXXIV3 თავით დადგენილი წესით, რა დროსაც ამავე კოდექსის 30920 მუხლის მე-2 ნაწილით, ზიანის მიყენების ფაქტი სასამართლოს კვლევის საგანს არ წარმოადგენს, არამედ, უდავოდ მიიჩნევა კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენის ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის წარმოდგენის შემთხვევაში, სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე მიღებული კანონიერ ძალაში შესული განაჩენი არის მტკიცებულება, რომელიც უტყუარად ადასტურებს მოსარჩელისათვის ზიანის მიყენების ფაქტს.

 

აღნიშნულ გარემოებას ვერ აქარწყლებს მოპასუხე მ----- ფ-----ის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები. სასამართლომ შეაფასა მოპასუხის მიერ წარმოდგენილი დაზარალებულების განცხადებები, ეროვნული ბანკის წერილები, წინადადებები გადაწყვეტილების შესრულების შესახებ, ექსპერტიზის დასკვნები და მიიჩნევს, რომ მათი მეშვეობით არ ქარწყლდება განაჩენის საფუძველზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.

 

შესაბამისად, საწინააღმდეგო მტკიცებულების არარსებობის პირობებში, მ----- ფ-----ის, თ----- ლ---–----ის, თ----- მ---------–ის მიერ დაზარალებულის (მოსარჩელის) კუთვნილი ფულადი სახსრების არამართლზომიერად დაუფლების, განაჩენით დადასტურებული ფაქტი, მოპასუხეების ქმედებაში დელიქტური ვალდებულების წინაპირობების (ბრალის, მართლსაწინააღმდეგო ქმედებისა და მიზეზ-შედეგობრივი კავშირის ელემენტების) არსებობის საფუძველია.

 

რაც შეეხება უშუალოდ დამდგარი ზიანის ოდენობას, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისია სარჩელის საფუძვლად მითითებული სადავო გარემოების, დანაშაულის შედეგად მოსარჩელისათვის 24 000 აშშ დოლარისა და 6 000 ლარის ზიანის მიყენების ფაქტის დასადასტურებლად, კერძოდ, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია ოთხი ხელშეკრულება, რომლითაც შპს ,,ს--------------------------------–--მ“ მოსარჩელისგან ისესხა 2016 წლის 25 იანვარს 11 000 აშშ დოლარი და 15 000 აშშ დოლარი 25% სარგებლის დარიცხვით, 2016 წლის 26 მარტს 5 000 ლარი 28% სარგებლის დარიცხვით და 2016 წლის 21 ივლისს 1000 ლარი 25% სარგებლის დარიცხვით. განაჩენით დადასტურებულია, რომ სესხად მიღებული თანხა დაზარალებულს არ დაბრუნებია, რადგანაც მოპასუხეები კომპანიის ფინანსურ აქტივებს იყენებდნენ პირადი მიზნით, რის შედეგადაც დაზარალდა 2343 მოქალაქე, მათ შორის მოსარჩელე.

 

ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მ----- ფ-----ის, თ----- ლ---–----ის და თ----- მ---------–ის ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად ლ--–- მ------–--ეს მიადგა 24 000 აშშ დოლარისა და 6 000 ლარის ოდენობით ზიანი.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს;

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე, 998-ე, 326-ე, 408-ე, 463-ე, 317-ე, 464-ე, 465-ე, 623-ე, 417-ე-418-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას, ხოლო 366-ე მუხლის თანახმად თუ განსაზღვრულია დრო, მაშინ საეჭვოობისას ივარაუდება, რომ კრედიტორს არ შეუძლია შესრულების მოთხოვნა ამ ვადამდე, ხოლო მოვალეს შეუძლია ვალდებულების შესრულება ვადაზე ადრე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. მოცემული ნორმით განსაზღვრული იურიდიული შემადგენლობის შედეგად წარმოშობილ ურთიერთობათა დასადასტურებლად ამავე ნორმით გათვალისწინებულია შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც უდავოდ გულისხმობს წერილობითი სახის მტკიცებულებას.

 

მითითებული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ კრედიტორი ყოველთვის ვალდებულია, გასცეს მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ ამას მოვალე მოითხოვს. კანონში კრედიტორის მიმართ არსებობს მეტად ცალსახა დამოკიდებულება – იგი ავალდებულებს მოვალის მოთხოვნის შემთხვევაში გასცეს ასეთი დოკუმენტი, თუმცა კანონი ასეთივე მომთხოვნი არ არის მოვალის მიმართ. მას შეუძლია, არ გამოითხოვოს ასეთი საბუთი კრედიტორისაგან. ბუნებრივია, კანონმდებლის ასეთი დამოკიდებულება განპირობებულია ვალდებულებიდან გამომდინარე მხარეთა მდგომარეობით. ნორმაში მითითებული დოკუმენტის ფლობა აუცილებლობას წარმოადგენს მოვალისათვის, რადგან მან მხოლოდ ამ დოკუმენტით შეიძლება დაადასტუროს ვალდებულების შესრულება, რასაც ვერ ვიტყვით კრედიტორზე. მას არანაირი საჭიროება არ აქვს, ფლობდეს ამ დოკუმენტს არც სამართლებრივი და არც ფაქტობრივი თვალსაზრისით. შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა დამოკიდებულია მოვალის სურვილზე. არსებობს უამრავი ფაქტორი, რამაც შესაძლოა განაპირობოს მოვალის მიერ ამ საბუთის მიუღებლობა, მაგალითად, მისი წინდაუხედაობა, პარტნიორის მიმართ გადამეტებული ნდობის არსებობა და ა.შ. საბოლოო ჯამში ეს ფაქტორები უკავშირდება მხარის რისკს და მთლიანად განაპირობებს მისი პასუხისმგებლობის არსებობა-არარსებობის ფაქტს. იმავე შინაარსს აყალიბებს კანონმდებელი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 431-ე მუხლშიც, რომლის თანახმად, მოვალეს შესრულების მიღების შესახებ დოკუმენტთან ერთად შეუძლია, კრედიტორისაგან მოითხოვოს სავალო საბუთის დაბრუნება ან გაუქმება, შეუძლებლობის შემთხვევაში კი-ვალდებულების შეწყვეტის შესახებ ნოტარიულად დამოწმებული ცნობა (იხ. სუსგ №ას-570-541-2015).

 

საქმეში არ არის წარმოდგენილი იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ მსესხებელმა სესხი დააბრუნა, შესაბამისად, დადგენილია, რომ სესხის ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში მსესხებელს ვალდებულება არ შეუსრულებია. ოთხივე ხელშეკრულებით განსაზღვრული სესხის ძირითადი თანხა კრედიტორს არ მიუღია და მისი მოთხოვნა საფუძვლიანია.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

მითითებული ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ: უნდა დადგინდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის; ანუ მოვალის ქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო, არამედ ზიანი უნდა იყოს ამ ქმედებით გამოწვეული მოქმედების უშუალო შედეგი. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს მითითებულ კონსტრუქციას და მათგან თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას.

 

ეს მუხლი ადგენს მტკიცების ტვირთის განაწილების მისთვის დამახასიათებელ წესს: დაზარალებული, რომელიც მიმართავს სასამართლოს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, ვალდებულია დაამტკიცოს ზიანის (პირის ქონებრივი მდგომარეობის გაუარესების) არსებობის ფაქტი, ასევე მიზეზობრივი კავშირის არსებობა ზიანის მიმყენებლის ქმედებასა და დამდგარ მართლსაწინააღმდეგო შედეგს შორის. თავის მხრივ, ზიანის მიმყენებელმა, უნდა დაამტკიცოს თავის ქმედებაში მართლწინააღმდეგობისა და ბრალის არარსებობა.

 

სამოქალაქო კოდექსის 998-ე მუხლის თანახმად თუ ზიანის დადგომაში მონაწილეობს რამდენიმე პირი, ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები. ზიანისათვის პასუხს აგებს არა მარტო ის, ვინც იგი უშუალოდ მიაყენა, არამედ ისიც, ვინც ის დაიყოლია ან მისი ხელშემწყობი იყო, ასევე ისიც, ვინც შეგნებულად ისარგებლა სხვისთვის მიყენებული ზიანით.

 

განსახილველ შემთხვევაში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ლ--–- მ------–--ემ შპს „ს--------------------------------–--ს“ ასესხა 24 000 აშშ დოლარი და 6 000 ლარი. კომპანიის ერთადერთი პარტნიორი იყო თ----- მ---------–ი, ხოლო დირექტორი - თ----- ლ---–----ე. სხვადასხვა პირების მიერ კომპანიისათვის სესხად გადაცემული თანხები გაფლანგა თ----- ლ---–----ემ, მ----- ფ-----ის წაქეზებითა და თ----- მ---------–ის დახმარებით, რის შედეგადაც დაზარალებულებს მიადგა დიდი ოდენობით ზიანი (იხ. განაჩენი). რაც იმას ნიშნავს, რომ სამივე მოპასუხე, სამოქალაქო კოდექსის 998-ე მუხლის შესაბამისად, პასუხს აგებს მოსარჩელის წინაშე, კერძოდ, ზიანი უშუალოდ თ----- ლ---–----ემ მიაყენა, რაზეც ის მ----- ფ-----ემ დაიყოლია, ხოლო თ----- მ---------–ი იყო ხელშემწყობი.

 

ამრიგად, კრედიტორის წინაშე ნაკისრი ვალდებულება მსესხებელმა განაჩენით განსაზღვრული პირების არამართლზომიერი, ბრალეული ქმედების გამო ვერ შეასრულა.

 

სამოქალაქო კოდექსის 326-ე მუხლის თანახმად, წესები სახელშეკრულებო ვალდებულების შესახებ გამოიყენება ასევე სხვა არასახელშეკრულებო ვალდებულებათა მიმართ, თუკი ვალდებულების ხასიათიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს.

 

ვინაიდან დელიქტური პასუხისმგებლობის მომწესრიგებელი ნორმები ზიანის გაანგარიშების სპეციალურ წესებს არ ადგენს, სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს სახელშეკრულებო ზიანის ანაზღაურების მომწესრიგებელი ზოგადი ნორმებით.

 

სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.

 

ზიანის მიმყენებელმა პირმა ზიანი უნდა აანაზღაუროს სრულად. ანაზღაურებას ექვემდებარება პირდაპირი ზიანი და არა არაპირდაპირი ზიანი. პირდაპირ ზიანს მიეკუთვნება როგორც დადებითი ზიანი, ისე მიუღებელი შემოსავალი. არაპირდაპირი ზიანი, ეს ისეთი ზიანია, რომელიც გონივრული ვარაუდის ცნებიდან გამომდინარე, ვერ იქნებოდა სავარაუდო საერთოდ მოვალისათვის. როგორც ზიანის მიყენების ფაქტი, ასევე განცდილი ზიანის ოდენობის დამტკიცების ტვირთი აწევს დაზარალებულ მხარეს, რომელიც სასამართლო პროცესში წარმოადგენს მოსარჩელეს. ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების არარსებობის შემთხვევაში ნავარაუდები სამართლებრივი მდგომარეობის აღდგენის ორიენტირი განმტკიცებულია სსკ-ის 408-ე მუხლში, რომლის ნორმატიული მიზნიდან გამომდინარეობს, რომ განხორციელდეს იმ ვითარების აღდგენა, რომელიც იარსებებდა ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების დადგომამდე, ნორმიდან გამომდინარეობს დასკვნა, რომ ზიანი არის ის ქონებრივი დანაკლისი, რომელიც არ იარსებებდა ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოებების წარმოშობის გარეშე (იხ. სუსგ ას-54-54-2018).

 

განსახილველ შემთხვევაში პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა შესაძლებელია და გულისხმობს მოსარჩელისაგან სესხად მიღებული, გაფლანგული თანხის მისთვის დაბრუნებას.

 

6.3. მოსარჩელეს მოთხოვნა წარდგენილი აქვს მოპასუხეთა ორი ჯგუფისათვის: მსესხებლისათვის, რომელთანაც სახელშეკრულებო ურთიერთობაში იმყოფებოდა და განაჩენით განსაზღვრული პირებისათვის - დელიქტის ფარგლებში, შესაბამისად, დავის სწორად გადაწყვეტისათვის უნდა შეფასდეს, არსებობს თუ არა მოთხოვნის საფუძვლების კონკურენცია და შესაძლებელია თუ არა ორივე ამ მოთხოვნის ერთდროულად რეალიზება.

 

სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს.

 

ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სკ-ის 463-ე მუხლით განსაზღვრულია სოლიდარული ვალდებულების არსი, რომელიც სახეზეა მაშინ, როდესაც რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთხელ მოთხოვნის უფლება.

 

კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების მიხედვით, სოლიდარული ვალდებულების არსებობისათვის აუცილებელია: ა) ერთ კრედიტორს რამდენიმე მოვალე ჰყავდეს; ბ) ყველა მოვალე კრედიტორის წინაშე „ერთ შესრულებაზე“ ვალდებული სუბიექტი იყოს; გ) თითოეული მოვალე ვალდებულების მთლიან შესრულებაზე იყოს პასუხისმგებელი; დ) კრედიტორს ვალდებულების შესრულების ერთჯერადი მოთხოვნის უფლება ჰქონდეს; 4 ამასთან, აუცილებელი არ არის, შესრულების საგანი იდენტური იყოს, საკმარისია, შესრულება კრედიტორის ერთ ინტერესს ემსახურებოდეს (მაგალითად, ვალდებულების ნატურით შესრულებასა და მის ფულად კომპენსაციას) (იხ. BGHZ 43, 227 nach Brox/Walker, Allgemeines Schuldrecht, 34.Auflage, Verlag C.H.Beck, S.430, ქ. მესხიშვილთან „სოლიდარული ვალდებულების არსი და სახეები (თეორია და სასამართლო პრაქტიკა)“, ქართული ბიზნეს სამართლის მიმოხილვა, VII გამოცემა, 2018, 3).

 

სოლიდარული ვალდებულების არსებობისათვის ასევე სავალდებულო არ არის მოთხოვნა ერთსა და იმავე სამართლებრივ საფუძველს ემყარებოდეს. დოქტრინაში აღიარებულია კრედიტორსა და ცალკეულ სოლიდარულ მოვალეს შორის დამოუკიდებელი ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობის არსებობის შესაძლებლობა (იხ. მაგ. ი. რობაქიძე, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, ჭანტურია (რედ.), 2019, 463-ე მუხლის კომენტარი, ველი 7, ასევე ქ. მესხიშვილი, დასახელებული სტატია). სამოქალაქო კოდექსის 464-ე მუხლის თანახმად სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით. აღნიშნული ნორმა არ უნდა იქნეს გაგებული იმგვარად, რომ ვალდებულების წარმოშობის დასახელებული საფუძვლები ცალ-ცალე ჯგუფებს ქმნიან (ცალკე საკითხია ვალდებულების საგნის განუყოფლობა) და არ შეიძლება სოლიდარული ვალდებულება ორი სხვადასხვა მოვალის მიმართ გამომდინარეობდეს ხელშეკრულებიდან და კანონისმიერი ვალდებულებიდან. აღსანიშნავია ისიც, რომ დოქტრინაში ასევე აღიარებულია ხელშეკრულებიდან და დელიქტიდან გამომდინარე მოთხოვნების სოლიდარულად არსებობის შესაძლებლობა (იხ. ქ. მესხიშვილი „სოლიდარული ვალდებულების არსი და სახეები (თეორია და სასამართლო პრაქტიკა)“, ქართული ბიზნეს სამართლის მიმოხილვა, VII გამოცემა, 2018, 3).

 

მთავარი წინაპირობა არის ის, რომ ვალდებულება თანაბარსაფეხუროვანი იყოს. „ვალდებულება თანაბარსაფეხუროვანია, როდესაც კრედიტორი უფლებამოსილია, კანონით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული რაიმე რანგირებისა თუ პრივილეგიების გარეშე, ვალდებულების შესრულება, თავისი არჩევით, ერთ, რამდენიმე ან ყველა სოლიდარულ მოვალეს მოსთხოვოს“ (იხ. ქ. მესხიშვილი, დასახელებული სტატია, 3).

 

კრედიტორს, საკუთარი არჩევანით, ნებისმიერი მოვალისაგან თანაბრად უნდა შეეძლოს ვალდებულების მთლიანი ანდა ნაწილობრივი შესრულების მოთხოვნა. სოლიდარული ვალდებულება არ არსებობს, როცა რამდენიმე მოვალე პასუხისმგებელია ერთი კრედიტორის წინაშე, მაგრამ ერთ-ერთი მოვალის პასუხისმგებლობა დამატებითია და წარმოიშობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც კრედიტორი ვერ შეძლებს ძირითადი მოვალისაგან ვალდებულების შესრულების მიღებას (მაგ. არასოლიდარული თავდებობა).

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სოლიდარული ვალდებულება სახეზეა: მოპასუხეები პასუხისმგებელი არიან ერთი კრედიტორის წინაშე, არც ერთი მათგანის ვალდებულება დამატებითი არ არის, მოთხოვნის თანაბარსაფეხუროვანია - მოთხოვნა არის ერთი და კრედიტორის ინტერესი ყველა მოპასუხის მიმართ იდენტურია. განაჩენში მითითებული პირები, როგორც არამართლზომიერი ქმედების თანამონაწილეები, სოლიდარულად აგებენ პასუხის დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე, ხოლო ეს ჯგუფი კრედიტორის წინაშე მსესხებელთან ერთად სოლიდარულად აგებს პასუხს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის ფარგლებში.

 

სამოქალაქო კოდექსის 465-ე მუხლის თანახმად კრედიტორს შეუძლია თავისი სურვილისამებრ შესრულება მოსთხოვოს ნებისმიერ მოვალეს როგორც მთლიანად, ასევე ნაწილობრივ. ვალდებულების მთლიანად შესრულებამდე დანარჩენი მოვალეების ვალდებულება ძალაში რჩება.

 

ვინაიდან ვალდებულება სოლიდარულია, კრედიტორმა გამოიყენა კანონით მინიჭებული შესაძლებლობა და მოთხოვნა წარუდგინა ყველა მოვალეს, ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ სოლიდარული ვალდებულება ვრცელდება ოთხივე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სესხის ძირითად თანხაზე, რაც შეეხება პირგასამტეხლოს, ამ საკითხზე სასამართლო ქვემოთ იმსჯელებს.

 

6.4. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის, ხოლო 418-ე მუხლის თანახმად კი, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

სესხის ხელშეკრულებები შეიცავს შეთანხმებას პირგასამტეხლოს შესახებ.

 

სამოქალაქო კოდექსი იცნობს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით საშუალებებს, რომელთაგან პირველს გირავნობა (სკ-ის 254-ე მუხლი) და იპოთეკა (სკ-ის 286-ე მუხლი), ხოლო მეორეს _ პირგასამტეხლო, ბე და მოვალის გარანტია (სკ-ის 416-ე მუხლი) განეკუთვნება. მითითებულთაგან ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ საშუალებას სწორედ პირგასამტეხლო წარმოადგენს და იგი მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხაა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის (სკ-ის 417-ე მუხლი). სამოქალაქო კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დანიშნულება ვალდებულების დარღვევის მინიმალური ზიანის ანგარიშში ამ თანხის ჩათვლაა. ფუნქციური დანიშნულებით, მინიმალური ზიანი არ წარმოადგენს ფაქტობრივად მიღებული ზიანის სრულ ანაზღაურებას, არამედ ესაა თანხა, რომელიც უზრუნველყოფს კრედიტორის მოთხოვნის მინიმალურ დაკმაყოფილებას, სწორედ ამითაა გამართლებული პირგასამტეხლოს სახელშეკრულებო ბუნება, ანუ პირგასამტეხლოს დაკისრებისათვის სავალდებულოა მხარეთა მიერ შესაბამისი ფორმით შეთანხმების მიღწევა, რაც რეგულირებულია სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილით (იხ. სუსგ ას-491-471-2016).

 

სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან (იქვე).

 

ცალსახაა, რომ პირგასამტეხლო მოთხოვნის უზრუნველყოფის სახელშეკრულებო საშუალებაა და მხარეთა შეთანხმებას საჭიროებს (გარდა კანონისმიერი პირგასამტეხლოსი). პირგასამტეხლოს გადახდაზე ვერ იქნება პასუხისმგებელი პირი, რომელიც ხელშეკრულების მხარე არ არის და არ გამოუვლენია შესაბამისი ნება. პირგასამტეხლოს გადახდა არ გამომდინარეობს სამოქალაქო კოდექსის 408-412 მუხლებიდან და კანონისმიერი ვალდებულების ფარგლებში მისი ანაზღაურება ვერ მოხდება (კიდევ ერთხელ, გარდა კანონისმიერი პირგასამტეხლოსი, რაც პირდაპირ უნდა იყოს გათვალისწინებული შესაბამისი ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმატიული აქტით (იხ. მაგ. შრომის კოდექსის 31.3 მუხლი)).

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეს სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს გადახდის მოთხოვნის უფლება მხოლოდ კონტრაჰენტის - მსესხებლის მიმართ გააჩნია და არა განაჩენით განსაზღვრული პირების მიმართ. კანონისმიერი პირგასამტეხლო მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს, ხოლო ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლო არ წარმოადგენს დანაშაულით მიყენებული ზიანის ნაწილს.

 

სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

 

ამრიგად, მოსარჩელის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს გადახდა უნდა დაეკისროს მხოლოდ მსესხებელს. დანარჩენი მოპასუხეების მიმართ კი ეს სასარჩელო მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

ამავე კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან ლ--–- მ------–--ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ამასთან, მოსარჩელე გათავისუფლებულია დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მოპასუხეებს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის - 2253,6 ლარის გადახდა, ხოლო შპს ,,ს--------------------------------–--ს“ ლ--–- მ------–--ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (პირგასამტეხლოს გადახდის შესახებ მოთხოვნის ნაწილში) - 253,79 ლარის ანაზღაურება.

 

მოსარჩელე ასევე ითხოვს მოპასუხეებმა აუნაზღაურონ ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯი - დავის საგნის ღირებულების 10%.

 

საქმეში წარმოდგენილი არ არის ამ ხარჯის გაწევის დამადასტურებელი მტკიცებულება. სსსკ-ის 215-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარე ვალდებულია, სასამართლოს დასაბუთებული შუამდგომლობით მიმართოს, მან უნდა წარადგინოს მისი მოთხოვნის დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულებები, თუმცა მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილია წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მინიჭების შესახებ დოკუმენტი და საქმის მასალებით დგინდება წარმომადგენლის მონაწილეობა საპროცესო მოქმედებებში, ეს გარემოებები თავისთავად მიანიშნებს მხარეთა შორის სამოქალაქო კოდექსის 709-ე მუხლით განსაზღვრული დავალების ხელშეკრულების არსებობაზე, რომელიც შეიძლება ზეპირადაც დაიდოს. ასეთ შემთხვევაში, სასამართლოს მხარის მოთხოვნის საფუძველზე თვითონაც შეუძლია, გონივრულ ფარგლებში განსაზღვროს დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობა, თუკი აშკარაა, რომ, პირის უფლების დარღვევის აღკვეთის მიზნით, ხარჯი გაღებულია (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება „პინკოვა და პინკი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ“). სასამართლომ მხარეს ხარჯების ანაზღაურება უნდა დააკისროს მხოლოდ იმ ოდენობით, რა ოდენობითაც ისინი რეალურად და საჭიროებისამებრ იქნა გაღებული იმ მიზნით, რომ აღკვეთილიყო სამოქალაქო უფლების დარღვევა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება „ასანიძე საქართველოს წინააღმდეგ“). ამდენად, სასამართლომ ხარჯების განსაზღვრისას უნდა მოახდინოს მხარის სამართლიანი დაკმაყოფილება. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს შეხედულებით ხარჯების ოდენობის განსაზღვრისას, დავის საგნის ღირებულებიდან გამომდინარე, პროცენტული ცენზის დადგენა გამორიცხავს ხარჯების ხელოვნურად გაზრდას და უზრუნველყოფს იმ მხარის ინტერესების დაცვას, რომელსაც ხარჯების გადახდა უნდა დაეკისროს (სუსგ 30.10.2015წ. საქმე №ას-444-423-2015).

რაც შეეხება ოდენობას: სსსკ-ის 53.1 მუხლი კრძალავს დავის საგნის ღირებულების 4%-ზე მეტის დაკისრებას წაგებული მხარისათვის. ამასთან, ამ ფარგლებში, მოსამართლე უფლებამოსილია თავად განსაზღვროს გონივრული და სამართლიანი ოდენობა, რომლის ანაზღაურებაც მოგებული მხარის სასარგებლოდ უნდა მოხდეს. სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, დავის სირთულე, განხორციელებული საპროცესო მოქმედებები და ა.შ. ამასთან, სასამართლოს მიერ განსაზღვრული ასანაზღაურებელი თანხა არ წარმოადგენს ადვოკატის შრომის შეფასებას და მის მიერ გამოვლენილი პროფესიული უნარ-ჩვევების მატერიალური ეკვივალენტის მოძებნის მცდელობას, არამედ ამ დანაწესის მიზანია წაგებული მხარის დაცვა, რათა მას შეუსაბამოდ მაღალ ტვირთად არ დააწვეს მეორე მხარის მიერ გაწეული ხარჯების ანაზღაურება.

დავის საგნის ღირებულების გათვალისწინებით, ასევე ყველა ზემომითითებული კრიტერიუმის მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეებს ლ--–- მ------–--ის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ ადვოკატის მომსახურების ხარჯის - 2000 ლარის ანაზღაურება.

 

8.უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 46-ე, 53-ე, 55-ე, 242-ე-243-ე, 248-ე-250-ე, 257-ე, 2591, 364-ე-369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ლ--–- მ------–--ის სარჩელი შპს ,,ს--------------------------------–--ს“ მიმართ დაკმაყოფილდეს;

2. ლ--–- მ------–--ის სარჩელი მ----- ფ-----ის, თ----- ლ---–----ის და თ----- მ---------–ის მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

3. შპს ,,ს--------------------------------–--ს“, მ----- ფ-----ეს, თ----- ლ---–----ეს და თ----- მ---------–ს ლ--–- მ------–--ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 24000 აშშ დოლარის და 6000 ლარის გადახდა.

4. შპს ,,ს--------------------------------–--ს“ ლ--–- მ------–--ის სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს - 2628 აშშ დოლარის და 652 ლარის, ასევე 2019 წლის 26 სექტემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულების დაწყებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 24000 აშშ დოლარის და 6000 ლარის 0.01%-ის გადახდა.

5. ლ--–- მ------–--ის მოთხოვნა თ----- ლ---–----ის, თ----- მ---------–ის და მ----- ფ-----ის მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

6. შპს ,,ს--------------------------------–--ს“ ლ--–- მ------–--ის სასარგებლოდ დაეკისროს მის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 253,79 ლარის ანაზღაურება.

7. შპს ,,ს--------------------------------–--ს“, მ----- ფ-----ეს, თ----- ლ---–----ეს და თ----- მ---------–ს სოლიდარულად დაეკისროთ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის - 2253,6 ლარის გადახდა, რომელიც უნდა ჩაირიცხოს შემდეგ ანგარიშზე: ანგარიში/სახაზინო კოდი - 300 773 150; მიმღების ბანკი - ხაზინა; ბანკის კოდი TRESGE22.

8. შპს ,,ს--------------------------------–--ს“, მ----- ფ-----ეს, თ----- ლ---–----ეს და თ----- მ---------–ს ლ--–- მ------–--ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ ადვოკატის მომსახურების ხარჯის - 2000 ლარის ანაზღაურება.

9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-10-მე-11 პუნქტებით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (თბილისი, დ----- აღმაშენებლის ხეივანი N64) მეშვეობით;

10. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

11. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე ხათუნა ჯინორია