გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 02.03.2020
საქმის ნომერი
330310020003404111
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
02.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/158-20

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

02 მარტი, 2020 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - დიანა ფარქოსაძე

სხდომის მდივანი - თამთა კაკიაშვილი

 

მოსარჩელე - გ-------------ე

 

მოპასუხე - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი

წარმომადგენელი - ს-----------------ე

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 27 ივნისის M---------------- გადაწყვეტილება;

 

1.2. დაევალოს მოპასუხე - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც დადასტურდება სსიპ ი------------–---–--------–-----------–----------–-–----- უნივერსიტეტის მიერ, 2007 წელს, გ-------------ის სახელზე გამოცემული B-------- ბაკალავრის დიპლომის ნამდვილობა.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

მოპასუხის - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელს. მოპასუხის მოსაზრებით, სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემისთვის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, ფორმალური და მატერიალური კანონიერება, იგი გამოცემულია კანონის შესაბამისად, ამდენად, არ არსებობს გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობისა და სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

3. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2. სსიპ ი------------–---–--------–-----------–----------–-–----- უნივერსიტეტის იურიდიულმა ფაკულტეტმა გ-------------ეს, დაბადებულს 1977 წლის 27 თებერვალს, მიანიჭა სამართალმცოდნეობის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი. აღნიშნულთან დაკავშირებით 2007 წლის 15 მარტს გაიცა B-------- ბაკალავრის დიპლომი (რეგისტრაციის №0-----).

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- სსიპ ი------------–---–--------–-----------–----------–-–----- უნივერსიტეტის მიერ 2007 წელს გაცემული B-------- ბაკალავრის დიპლომი (ს.ფ. 48-51).

 

3.2. გ-------------ემ 2019 წლის 4 ივნისს N6----- განცხადებით მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და სსიპ - ი------------–---–--------–-----------–-–----- უნივერსიტეტის მიერ, 2007 წელს, მის სახელზე გაცემული ბაკალავრის B-------- დიპლომის ნამდვილობის დადასტურება მოითხოვა.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- გ-------------ის 2019 წლის 4 ივნისის N6----- განცხადება (ს.ფ. 44-45).

 

3.3. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საერთაშორისო განათლების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა 2019 წლის 6 ივნისს M---------------- წერილობით მიმართა სსიპ ი------------–---–--------–-----------–----------–-–----- უნივერსიტეტს და მოითხოვა ინფორმაციის მიწოდება, დიპლომის მფლობელის - გ-------------ის (2007 წელს გაცემული ბაკალავრის B-------- დიპლომი) სწავლის (საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვიდან მისი დასრულების ჩათვლით) პერიოდის შესახებ. ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ დიპლომის მფლობელს საგანმანათლებლო პროგრამა სრულად ჰქონდა გავლილი აღნიშნულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, მითითება იმის შესახებ, როდის და რომელი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან გადმოვიდა იგი.

 

სსიპ ი------------–---–--------–-----------–----------–-–----- უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2019 წლის 11 ივნისის №7------------ წერილობითი ინფორმაციით, სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საერთაშორისო განათლების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელს მისი 2019 წლის 6 ივნისის M---------------- წერილობითი მიმართვის პასუხად ეცნობა, რომ გ-------------ე 1994 წელს (ბრძ. N-----------------) ჩაირიცხა, ხოლო 2003 წელს (ბრძ. N------------------) ამოირიცხა აღნიშნული უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტთა სიიდან (1999-2000 სასწავლო წლის თეორიული კურსდამთავრებული) სახელმწიფო გამოცდის ჩაბარების ვადის გასვლის გამო.

 

2005 წელს (ბრძ. N----------------------) გ-------------ე აღდგენილ იქნა სტუდენტის უფლებებში ი------------–---–--------–-----------–----------–-–----- უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მე-5 კურსზე.

 

გ-------------ეს (ბრძ.N--------------------) მიენიჭა სამართალმცოდნეობის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი და მიიღო დიპლომი B-------- (სარ. N0-----). ცნობის თანახმად, უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ხანგრძლივობაა 4 წელი.

 

მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:

-სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საერთაშორისო განათლების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 2019 წლის 6 ივნისის M---------------- წერილობითი მიმართვა (ს.ფ. 52);

- სსიპ ი------------–---–--------–-----------–----------–-–----- უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2019 წლის 11 ივნისის №7------------ წერილობითი ინფორმაცია (ს.ფ. 57).

 

3.4 სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 27 ივნისის M---------------- გადაწყვეტილებით გ-------------ეს უარი ეთქვა სსიპ ი------------–---–--------–-----------–----------–-–----- უნივერსიტეტის მიერ, 2007 წელს გაცემული B-------- ბაკალავრის დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე იმ საფუძვლით, რომ გ-------------ის მონაცემები არ იძებნება ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის საფუძველზე სწავლის გაგრძელების უფლების მქონე პირთა შესახებ, სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ, 2017 წლის 23 იანვრის N4---- კორესპონდენციით ცენტრში წარმოდგენილ მონაცემებში. ასევე, აღნიშნული პირის შესახებ მონაცემები არ იძებნება საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში. ადმინისტრაციულმა ორგანომ აღნიშნა, რომ გ-------------ის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით (ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლა) სტუდენტის სტატუსის მოპოვების გარეშე სსიპ - ი------------–---–--------–-----------–-–----- უნივერსიტეტში გავლილი საგანმანათლებლო პროგრამა და აღნიშნულის საფუძველზე მის სახელზე გაცემული ბაკალავრის B-------- დიპლომი არ არის აღიარებული სახელმწიფოს მიერ.

 

მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:

- სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 27 ივნისის M---------------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 84-87).

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ გ-------------ის სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს კონსტიტუცია; ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის 1952 წლის 20 მარტის პირველი დამატებითი ოქმი; ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი, „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესი“.

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 27 ივნისის M---------------- გადაწყვეტილება დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონთან, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესთან“, ასევე, სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

6.2. საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ხელისუფლება ხორციელდება კონსტიტუციითა და კანონით დადგენილ ფარგლებში. საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას ან კონსტიტუციურ შეთანხმებას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტის მიმართ.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით. კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, რომლებიც აქ არ არის მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობს კონსტიტუციის პრინციპებიდან.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისას, საჯარო დაწესებულებების მიერ თავისი საქმიანობის წარმოების პროცესში საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით თუ შეთანხმებებით გარანტირებული ადამიანის უფლებებს და თავისუფლებებს აქვს პირდაპირი მოქმედების ძალა, რაც ნიშნავს იმას, რომ საჯარო დაწესებულებამ, მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას უნდა იხელმძღვანელოს ამა თუ იმ ზემოთ აღნიშნული უფლების (თავისუფლების) ნამდვილი შინაარსით და არ უნდა დაუშვას ამ უფლებით დაცულ სფეროში არამართლზომიერი ჩარევა.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის მე-2 მუხლის შესაბამისად, არავის შეიძლება ეთქვას უარი განათლების უფლებაზე. ნებისმიერი ფუნქციის განხორციელებისას, რომელსაც სახელმწიფო კისრულობს განათლებასა და სწავლებასთან დაკავშირებით, ის პატივს სცემს მშობელთა უფლებას, უზრუნველყონ თავიანთი რელიგიური და ფილოსოფიური მრწამსის შესაბამის განათლება და სწავლება.

 

ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-13 მუხლის მიხედვით, წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის განათლების მიღების უფლებას. ისინი თანხმდებიან, რომ განათლება მიმართულ იქნას ადამიანის პიროვნებისა და მისი ღირსებების შემეცნების სრულად განვითარებისაკენ და განამტკიცებდეს ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებებისადმი პატივისცემას. ისინი ასევე თანხმდებიან, რომ განათლებამ ყველას უნდა მისცეს თავისუფალ საზოგადოებაში ქმედითი მონაწილეობის შესაძლებლობა, ყველა ერს, რასობრივ, ეთნიკურ და რელიგიურ ჯგუფს შორის განავითაროს ურთიერთგაგება, შემწყნარებლობა და მეგობრობა და ხელი შეუწყოს გაერთიანებული ერების საქმიანობას მშვიდობის შესანარჩუნებლად. იმავე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, ამ მუხლის არც ერთი ნაწილი არ უნდა განიმარტოს, როგორც ხელის შემშლელი ცალკეულ პირთა და ორგანოთა თავისუფლებისათვის დააფუძნონ და მართონ საგანმანათლებლო დაწესებულებები ამ მუხლის პირველი პარაგრაფით გათვალისწინებული პრინციპებისა და იმ მოთხოვნის თანახმად, რომ ასეთ დაწესებულებებში მიღებული ცოდნა შეესაბამებოდეს სახელმწიფოს მიერ დადგენილი მინიმალურ სტანდარტებს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციითა და ზემოთ აღნიშნული საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით გარანტირებული განათლების მიღების უფლება, მიუხედავად იმისა, რომ იგი არ მოიცავს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას, დააფინანსოს უმაღლესი განათლება, გულისხმობს ყოველი პირისათვის, მათ შორის (ზოგად განათლებასთან ერთად), სახელმწიფოს მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისი უმაღლესი განათლების შეძენის, მისი ფორმის და პროფესიული მიმართულების არჩევის, შეძენილი უმაღლესი განათლების აღიარებისა და მისი თავისუფალი რეალიზაციის დაუბრკოლებლად, შეუზღუდავად განხორციელების შესაძლებლობის შექმნას, აგრეთვე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შექმნის და ფუნქციონირების თავისუფლებას, რაც მიესადაგება თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს.

 

6.3. „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მექანიზმების სამართლებრივი საფუძვლების განსაზღვრა. ამავე კანონის მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მიზნით იქმნება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (შემდგომში – ცენტრი), ხოლო მე-5 მუხლის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) მიხედვით კი, ცენტრი საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში: ა) ხელს უწყობს განათლების ხარისხის გაუმჯობესებას, რისთვისაც შეიმუშავებს რეკომენდაციებს; ბ) ახორციელებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების (გარდა საჯარო სამართლის იურიდიული პირისა – ტექნოლოგიური ინსტიტუტისა (შემდგომ – ტექნოლოგიური ინსტიტუტი)) ავტორიზაციას და მათი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციას; ბ1) ახორციელებს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციას; გ) უზრუნველყოფს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებას; დ) ახორციელებს უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებას; ვ) ამოწმებს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტის − განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – ენობრივ სისწორეს; ზ) ახორციელებს ცენტრის დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

 

„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისას ცენტრი ადგენს პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლის, აგრეთვე მისთვის კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან მათ შესაბამისობას.

 

სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 27 ივნისის M---------------- გადაწყვეტილებით გ-------------ეს უარი ეთქვა B-------- ბაკალავრის დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე.

 

6.4. „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებით სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამტკიცებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესსა და საფასურებს.

 

„საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანების 1-ლი მუხლის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესი (შემდგომში – წესი) არეგულირებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების (გარდა ლეგალიზაციისა და აპოსტილით დამოწმებისა), უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების, ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების სახელმწიფო აღიარებისა და „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საერთაშორისო დაცვის მქონე პირების (შემდგომში – საერთაშორისო დაცვის მქონე პირი) და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირების – დევნილების, ასევე ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში განათლებამიღებული იმ პირების, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი განათლების ან კვალიფიკაციის დადასტურებას, განათლების აღიარების (შემდგომში – განათლების აღიარება) პირობები და პროცედურა.

 

მითითებული წესის მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) მიხედვით, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების ობიექტია უმაღლესი და პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი – დიპლომი და ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი (ზოგადი განათლების ატესტატი). აღნიშნული მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, საქართველოში გაცემული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის/პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურების მიზნით, პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის გავლისა და პირისათვის კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს ადასტურებს პირის სახელზე გაცემული ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი, ხოლო საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის დროს ცენტრი ამოწმებს საგანმანათლებლო დოკუმენტის გაცემის უფლებამოსილებას, სწავლის პერიოდისა და საგანმანათლებლო დოკუმენტის სახელმწიფო აღიარებას და ამ დოკუმენტში ასახული კვალიფიკაციის შესაბამისობას საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან. ნამდვილობის დადასტურების დროს ცენტრი ადგენს პირისათვის მინიჭებულ კვალიფიკაციას/პირის მიერ მიღებული განათლების კონკრეტულ კვალიფიკაციასთან გათანაბრების საკითხს. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისათვის ცენტრი იყენებს საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის მონაცემებს, აგრეთვე ცენტრი უფლებამოსილია, შესაბამისი მონაცემების შეტანაზე უფლებამოსილ საგანმანათლებლო დაწესესულებას მოსთხოვოს აუცილებელი ინფორმაციის რეესტრში შეტანა. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, ამ მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების დასრულების შემდეგ ცენტრი: ა) ადასტურებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობას; ბ) უარს ამბობს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებაზე.

 

ამდენად, მითითებული ნორმატიული აქტი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებას საკითხის გადაწყვეტას ავალდებულებს საქმის გარემოებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევის შედეგად, რაც წარმოადგენს დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების წინაპირობას. ხსენებული ნორმატიული აქტით გათვალისწინებული უმნიშვნელოვანესი ამოცანების შესასრულებლად ცენტრს მართებს კონკრეტული საკითხის მარეგულირებელი კანონმდებლობის სიღრმისეული, კვალიფიციური, სისტემური და სამართლიანი გამოყენების შედეგად გადაწყვიტოს იგი.

 

6.5. სასამართლო განმარტავს, რომ „უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონი აწესრიგებს საქართველოში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განხორციელების პროცესს, უმაღლესი განათლების მართვისა და დაფინანსების პრინციპებსა და წესს, ადგენს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დაფუძნების, საქმიანობის, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის წესს, ასევე, ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პრინციპებს.

 

მითითებული კანონის მე-2 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, დიპლომი არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, აგრეთვე საქართველოს ან/და უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ ერთობლივად მინიჭებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სსიპ ი------------–---–--------–-----------–----------–-–----- უნივერსიტეტის იურიდიულმა ფაკულტეტმა გ-------------ეს მიანიჭა სამართალმცოდნეობის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი. აღნიშნულთან დაკავშირებით 2007 წელს გაიცა B-------- ბაკალავრის დიპლომი (რეგისტრაციის №0-----).

 

ასევე დადგენილია, რომ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 27 ივნისის M---------------- გადაწყვეტილებით გ-------------ეს უარი ეთქვა სსიპ ი------------–---–--------–-----------–----------–-–----- უნივერსიტეტის მიერ, 2007 წელს, მის სახელზე გაცემული B-------- ბაკალავრის დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე იმ საფუძვლით, რომ გ-------------ის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით (ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლა) სტუდენტის სტატუსის მოპოვების/აღდგენის/გაგრძელების გარეშე სსიპ - ი------------–---–--------–-----------–-–----- უნივერსიტეტში გავლილი საგანმანათლებლო პროგრამა და აღნიშნულის საფუძველზე მის სახელზე გაცემული ბაკალავრის B-------- დიპლომი არ არის აღიარებული სახელმწიფოს მიერ. გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 28 მარტის N127 ბრძანებით დამტკიცებული ,,ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულება“ (სსიპ - ი------------–---–--------–-----------–----------–-–----- უნივერსიტეტში 2005 წელს გ-------------ის ჩარიცხვის მომენტში მოქმედი რედაქცია) ითვალისწინებდა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან გარიცხული/ამორიცხული სტუდენტის აღდგენის წესით ჩარიცხვის შესაძლებლობას ამავე და ან სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში. კერძოდ, აღნიშნული დებულების 23-ე მუხლის მე-2 პუნქტიდან გამომდინარე, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან გარიცხული/ამორიცხული პირების ამავე ან სხვა დაწესებულებაში ჩარიცხვა/აღდგენა, რომლებიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში კანონმდებლობის შესაბამისად ჩარიცხულნი იყვნენ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებამდე (2004 წლის 21 დეკემბერი), ნებადართული იყო მხოლოდ ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე. ამასთან, გ-------------ის მონაცემები არ იძებნება ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის საფუძველზე სწავლის გაგრძელების უფლების მქონე პირთა შესახებ, სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ, 2017 წლის 23 იანვრის Nო4---- კორესპონდენციით ცენტრში წარმოდგენილ მონაცემებში. ასევე, აღნიშნული პირის შესახებ მონაცემები არ იძებნება საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში. შესაბამისად, არ არსებობს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლა) სტუდენტის სტატუსის მოპოვების გარეშე გავლილი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად გაცემული დიპლომის ნამდვილობის დადასტურების სამართლებრივი საფუძველი. ამასთან, ცენტრმა იმსჯელა ბაკალავრის B N°0----- დიპლომის მიმართ გ-------------ის კანონიერი ნდობის არსებობის საკითხზე და მიუთითა, რომ კანონიერი ნდობა არ არსებობს, თუ მას საფუძვლად უდევს დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება.

 

ამდენად, სადავოდ ქცეული აქტისა და მხარეთა მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტების თანახმად, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო, დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის საფუძვლად უთითებს მოსარჩელე გ-------------ისთვის სწავლის გაგრძელების უფლების მოპოვებას ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე.

 

საქმეში წარმოდგენილი სსიპ ი------------–---–--------–-----------–----------–-–----- უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2019 წლის 11 ივნისის №7------------ წერილობითი ინფორმაციის თანახმად, გ-------------ე 1994 წელს (ბრძ. N-----------------) ჩაირიცხა, ხოლო 2003 წელს (ბრძ. N------------------) ამოირიცხა აღნიშნული უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტთა სიიდან (1999-2000 სასწავლო წლის თეორიული კურსდამთავრებული) სახელმწიფო გამოცდის ჩაბარების ვადის გასვლის გამო. ამავე ცნობის თანახმად, გ-------------ე 2005 წელს (ბრძ. N----------------------) აღდგენილ იქნა სტუდენტის უფლებებში ი------------–---–--------–-----------–----------–-–----- უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მე-5 კურსზე და მისთვის განსაზღვრული ასათვისებელი სასწავლო დისციპლინების შემდეგ, დაშვებულ იქნა საკვალიფიკაციო გამოცდაზე, კერძოდ, გ-------------ეს 2007 წელს (ბრძ.№--------------------) მიენიჭა სამართალმცოდნეობის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი და მიიღო დიპლომი B-------- (სარ. №0-----). ცნობის თანახმად, უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ხანგრძლივობაა 4 წელი.

 

ამასთან, რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ მოსარჩელე ვალდებული იყო ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის საფუძველზე აღედგინა სტუდენტის სტატუსი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 28 მარტის N127 ბრძანებით დამტკიცებული ,,ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების“ 23-ე მუხლის მე-2 პუნქტიდან გამომდინარე (სსიპ - ი------------–---–--------–-----------–----------–-–----- უნივერსიტეტში 2005 წელს გ-------------ის ჩარიცხვის მომენტში მოქმედი რედაქცია), აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლო სრულად იზიარებს მოსარჩელის პოზიციას კანონიერი ნდობის პრინციპზე მითითების თვალსაზრისით და განმარტავს, რომ არ შეიძლება მოქალაქეს მოეთხოვოს იმაზე მეტი პასუხისმგებლობა, ვიდრე ასეთი არ არის გათვალისწინებული კანონით. სასამართლო განმარტავს, რომ დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმა წარმოადგენს სახელმწიფოს მიერ დოკუმენტისათვის იურიდიული მნიშვნელობის გამოცლას, გამორიცხავს მისი პროფესიული მიზნებისთვის გამოყენების შესაძლებლობას და დღის წესრიგში აყენებს იმ პირთა უფლებების დაცვის საჭიროებას, რომელთაც სახელმწიფოს მიერ გაცემული დიპლომის საფუძველზე განახორციელეს იურიდიული შედეგის მქონე მოქმედებები, შესაბამისად უარის თქმით, ფაქტობრივად ხდება წარსულში მიღებული სწავლების შედეგების გაბათილება.

 

სასამართლოს მოსაზრებით, განსახილველი საკითხის გადასაწყვეტად უმნიშვნელოვანესია დადგინდეს, გააჩნდა თუ არა გ-------------ეს კანონიერი ნდობა მის სახელზე გაცემული დიპლომის მიმართ. სასამართლო აღნიშნავს, რომ დიპლომი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, არ წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, არამედ იგი არის უკვე არსებული ფაქტის (აქტის) სპეციალური დოკუმენტის სახით დაფიქსირება, რეალაქტი, რომელიც მხარისათვის აღმჭურველი ბუნებისაა და რომლითაც დაინტერესებულ მხარეს გარკვეული უფლებამოსილება ენიჭება, მოცემულ შემთხვევაში - პროფესიული საქმიანობის უფლება, სამართალმცოდნეობის სპეციალობით. მართალია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი კანონიერ ნდობას უკავშირებს მხოლოდ აღმჭურველი აქტის არსებობას, დიპლომი კი, როგორც აღინიშნა, აქტი არ არის, სასამართლო კანონის გონივრული, სამართლიანი, მისი მიზნებიდან გამომდინარე და მოსარჩელის განსაკუთრებული დაცვის ღირსი იურიდიული ინტერესის ადეკვატურად განმარტების შედეგად მიიჩნევს, რომ კანონიერი ნდობის ობიექტია ძირითადად ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის შედეგები, რომლებიც შეიძლება არსებობდნენ, როგორც ადმინისტრაციული აქტის, ასევე მოქმედებების (რეალაქტის) სახით, ანუ, მოცემულ შემთხვევაში, დაცვის ობიექტია სახელმწიფოს მიერ განხორციელებული აღმჭურველი ბუნების მოქმედებებიც. დაცვის ღირსია მათი კანონიერების რწმენა, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საქმე ეხება უფლების მიმნიჭებელ აქტებსა და მოქმედებებს. ამ უფლების მატარებელს, კანონიერი ნდობის პრინციპზე დაყრდნობით, უფლება აქვს წინააღმდეგობა გაუწიოს მათ გაუქმებასა თუ მათი ნამდვილობის, იურიდიული ძალმოსილების არაღიარებას. სასამართლო მიიჩნევს, რომ კანონმდებლის მიზანი კანონიერი ნდობის პრინციპის საკანონმდებლო დონეზე დამკვიდრებისას (სზაკ-ის მე-9, მე-601 და 61-ე მუხლები) იყო და არის მმართველობითი საქმიანობის შედეგად გარკვეული უფლებით აღჭურვილი პირის დაცვა უფლების მიმნიჭებელი არამარტო კანონსაწინააღმდეგო აქტის, არამედ მოქმედების გაუქმებისაგანაც.

 

სასამართლო, აქვე, მიუთითებს, რომ საქმის მასალების თანახმად, სახეზე არ არის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული კანონიერი ნდობის გამომრიცხავი გარემოება, კერძოდ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიერ სახელმწიფო, საზოგადოებრივი ან სხვა პირის კანონიერი უფლების ან ინტერესების არსებითი დარღვევა.

 

სახეზე არ არის, აგრეთვე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული კანონიერი ნდობის გამომრიცხავი გარემოება. კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, კანონიერი ნდობა არსებობს მაშინ, თუ პირმა აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის ქმედება და სახეზე არ არის დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული აქტის მიმართ კანონიერი ნდობა გამოირიცხება, თუ ეს აქტი გამოიცა დაინტერესებული პირის მიერ კანონსაწინააღმდეგო ქმედების საფუძველზე, ასეთად შეიძლება მივიჩნიოთ ყალბი დოკუმენტის, არასწორი ინფორმაციის წარდგენა, ზეწოლა, მოტყუება, ქრთამის მიცემა და სხვა, რასაც, განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ქონია, შესაბამისად, ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-9 მუხლის მე-2 ნაწილისა და 601 მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ კანონიერი ნდობის გამომრიცხავ გარემოებას - დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედებას. მოსარჩელე ენდობოდა სსიპ ი------------–---–--------–-----------–----------–-–----- უნივერსიტეტის მიერ მის სახელზე გაცემული დიპლომის სტაბილურობას და მისი ეს ნდობა დაცვის ღირსია სამართლებრივი უსაფრთხოების ფაქტორიდან გამომდინარე, რაც, თავის მხრივ, ზღუდავს აქტის ბათილად გამოცხადების შესაძლებლობას, ხოლო მოცემულ შემთხვევაში ზღუდავს მოპასუხეს, არ დაადასტუროს დიპლომის ნამდვილობა. სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, დაინტერესებული მხარე ენდობოდა სახელმწიფოს მოქმედების, ამ მოქმედების შედეგების სტაბილურობას და გამოიყენა ეს ნდობა - პროფესიული კარიერა დაგეგმა სწორედ ამ კუთხით. (იხ. სასამართლოს სხდომის ოქმი).

 

სასამართლოს მოსაზრებით, საქმის მასალების საფუძველზე და საქმის სხვა გარემოებების გათვალისწინებით, პირის კერძო ინტერესი - გააჩნდეს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი), შესაბამისი კვალიფიკაცია, შეძლოს პროფესიით მუშაობა, განახორციელოს როგორც საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული განათლების მიღების, ასევე, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის დამატებითი ოქმით გარანტირებული განათლების უფლების რეალიზაცია, არის უპირატესი იმ საჯარო ინტერესთან შედარებით, რომელიც საქმის მასალების შესწავლისა და მოპასუხის პოზიციიდან გამომდინარე, გულისხმობს მხოლოდ და მხოლოდ განსახილველი საკითხის მომწესრიგებელი მატერიალური კანონმდებლობის ფორმალურ დაცვას.

 

აქვე, სასამართლო mutatis mutandis მოიხმობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას საქმეზე მიურსელ ერენი თურქეთის წინააღმდეგ (Mürsel Eren v. Turkey), სადაც ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ კანონიერი ნდობის პრინციპის დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის დამატებითი ოქმის მე-2 მუხლით გათვალისწინებული განათლების უფლების დარღვევა. კერძოდ, სტუდენტს, რომელმაც უნივერსიტეტის მისაღებ გამოცდაზე დააგროვა ქულათა საჭირო რაოდენობა, ჰქონდა უნივერსიტეტში ჩარიცხვის ლეგიტიმური მოლოდინი. სასამართლომ მიიჩნია, რომ გამოცდების შედეგების გაუქმების გადაწყვეტილებას (რომელიც შიდასახელმწიფოებრივმა სასამართლოებმა ძალაში დატოვეს) არ ჰქონდა სამართლებრივი და გონივრული საფუძველი და ამიტომ, იგი თვითნებური იყო. სტრასბურგის სასამართლომ მიიჩნია, რომ ამგვარი ქმედებით დაირღვა კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი (განათლების უფლება).

 

6.6. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის 1-ლი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება არ შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან. შესაბამისად, ბათილად უნდა იქნას ცნობილი გასაჩივრებული აქტი - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 27 ივნისის M---------------- გადაწყვეტილება და მოპასუხეს უნდა დაევალოს, კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელის სახელზე გაცემული დიპლომის ნამდვილობის დადასტურების თაობაზე.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

ამდენად, მოპასუხე - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს უნდა დაეკისროს გ-------------ის სასარგებლოდ მის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში სარჩელთან დაკავშირებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარის ანაზღაურება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მეორე, 22-ე, 23-ე, 32-ე, 33-ე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. გ-------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 27 ივნისის M---------------- გადაწყვეტილება;

 

3. დაევალოს მოპასუხე - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სსიპ ი------------–---–--------–-----------–----------–-–----- უნივერსიტეტის მიერ, 2007 წელს, გ-------------ის სახელზე გაცემული ბაკალავრის B-------- დიპლომის ნამდვილობის დადასტურების თაობაზე;

 

4. დაეკისროს მოპასუხე - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, მოსარჩელის - გ-------------ის სასარგებლოდ, სახელმწიფო ბაჟის 100 (ასი) ლარის ანაზღაურება;

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მეშვეობით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: თბილისი, გრიგოლ რობაქიძის №7ა).

 

მოსამართლე დიანა ფარქოსაძე