გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/5939-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
17 თებერვალი, 2020 წ. ქ. თბილისი
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე სოფიო გაგნიძე
სხდომის მდივანი თამარ ბარნოვი
მოსარჩელეები - ლ---------------–---–ი, ნ--–--------------------ე
მოპასუხე - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
წარმომადგენელი - ხ---------------ე
მოპასუხე - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური
წარმომადგენელი - ნ--–--–-----–---–ი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის 2018 წლის 25 აპრილის №1----- ბრძანება;
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის 2018 წლის 25 აპრილის №1----- ბრძანება;
1.3. ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის 2019 წლის 14 ივნისის №7-- ბრძანება;
1.4. დაევალოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც დაკმაყოფილდება მოსარჩელეების მოთხოვნა უსახლკარო პირებად რეგისტრაციის თაობაზე.
მოსარჩელეებმა განმარტეს, რომ არ ეთანხმებიან გასაჩივრებულ აქტებს, რომლითაც უარი ეთქვათ უსახლკარო პირებად რეგისტრაციაზე. მათივე განმარტებით, 2016 წლის 28 დეკემბერს განცხადებით მიმართეს თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს თავშესაფარი ფართის მიღების მიზნით უსახლკარო პირებად რეგისტრაციის თაობაზე. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსის 2018 წლის 25 აპრილის №1----- ბრძანებით ნ--–--------------------ეს უარი ეთქვა უსახლკარო პირად რეგისტრაციაზე თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს N28-116 დადგენილების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტით დადგენილი კრიტერიუმის დაუკმაყოფილებლობის მოტივით, რომლის თანახმად, უსახლკაროდ რეგისტრაცია შესაძლოა გამოირიცხოს ქონებრივი, საოჯახო, ანდა სხვა ისეთი გარემოებების გამოვლენისას, რომლებიც ადასტურებენ განმცხადებლის შესაძლებლობას უზრუნველყოფილი იყოს საცხოვრისით, ან მის მიმართ მესამე პირის ვალდებულებას საცხოვრისით უზრუნველყოფაზე (გარდა იმ შემთხვევისა, როცა ამ ვალდებულების შესრულება სამართლებრივი ანდა ფაქტობრივი გარემოებების გამო შეუძლებელია).
თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსის 2018 წლის 25 აპრილის №1----- ბრძანებით ლ---------------–---–ს უარი ეთქვა უსახლკარო პირად რეგისტრაციაზე, იმ მოტივით, რომ არ აკმაყოფილებდა თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს N28-116 დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტით დაწესებულ კრიტერიუმს, რომლის თანახმად, პირი უსახლკაროდ რეგისტრირდება, თუ არ აქვს საკუთრების, მართლზომიერი მფლობელობის თუ სარგებლობის უფლებასაცხოვრებელ სადგომზე ან სხვა ფართზე.
ზემოაღნიშნული სადავო ბრძანებების ბათილად ცნობის მოთხოვნით 2018 წლის 30 მაისს მოსარჩელეებმა საჩივრით მიმართეს თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, რომლის 2019 წლის 14 ივნისის N7-- ბრძანებით მოსარჩელეებს უარი ეთქვათ საჩივრის დაკმაყოფილებზე.
მოსარჩელეების განმარტებით,ისინი ცხოვრობენ უკიდურეს სიღარიბეში, რაგდან მათ შემოსავალი არ გააჩნიათ. ისინი რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში და იღებენ საარსებო შემწეობას. მოსარჩელე ნ--–--------------------ე, როგორც სამხედო პირი იღებს პენსიას 245 ლარის ოდენობით, თუმცა აღნიშნული თანხა მთლიანად ესაჭიროება მკურნალობისთვის, რადგან აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემა. მათ არც საკუთრებაში და არც მართლზომიერ სარგებლობაში არ გააჩნიათ საცხოვრებელი სადგომი, ან სხვა ფართი, რის გამოც, დიდუბის რაიონის გამგეობა უზრუნველყოფს ბინის ქირით - 350 ლარის ოდენობით. მოსარჩელე ლ---------------–---–ის სახელზე რეგისტრირებულია ორის მიწის ნაკვეთი, საიდანაც ერთი არის ნ--–--------------------ის ძმის. თუმცა მათ არც საკუთრებაში და არც მართლზომიერ სარგებლობაში არ გააჩნიათ საცხოვრებელი სადგომი ან სხვა ფართი.
2. მოპასუხეების პოზიცია:
2.1. მოპასუხეების: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებმა სარჩელი არ ცნეს და მოითხოვეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. მათი მოსაზრებით, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონმდებლობით მათთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს სადავო აქტების ბათილად ცნობის, მოსარჩელეთა მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. 2016 წლის 28 დეკემბერს ლ---------------–---–მა და ნ--–--------------------ემ თავშესაფარი ფართის მიღების მიზნით, უსახლკარო პირებად რეგისტრაციის მოთხოვნით განცხადებებით მიმართეს თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის უსახლკაროდ რეგისტრაციის და თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფის კომისიას და მოითხოვეს უსახლკარო პირებად რეგისტრაცია. აღნიშნული კომისიის 2018 წლის 28 მარტის N27 ოქმით ლ---------------–---–ს უსახლკარო პირად რეგისტრაციაზე მიეცა უარყოფითი რეკომენდაცია ,,თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციის და თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ’’ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 ნოემბრის N28-116 დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის მოთხოვნათა დაუკმაყოფილებლობის გამო. ამავე ოქმით ასევე უარყოფითი რეკომენდაცია მიეცა ნ--–--------------------ეს N28-116 დადგენილების მე-2 მუხლის მეორე პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის დაუკმაყოფილებლობის გამო. ზემოაღნიშნული კომისიის 2018 წლის 28 მარტის N27 ოქმის საფუძველზე ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის 2018 წლის 25 აპრილის N1----- და N1----- ბრძანებებით მოსარჩელეებს უარი ეთქვათ უსახლკარო პირებად რეგისტრაციაზე, N28-116 დადგენილებით დამტკიცებული კრიტერიუმებთან შეუსაბამობის გამო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ნ--–--------------------ის განაცხადი თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციის შესახებ (ს.ფ. 74 -76);
- ლ---------------–---–ის განაცხადი თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციის შესახებ (ს.ფ. 77 -79)
- თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის უსახლკაროდ რეგისტრაციის და თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფის კომისიის 2018 წლის 28 მარტის N27 ოქმი (ს.ფ. 67-73);
3.1.2. ამონაწერით სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან დგინდება, რომ ლ---------------–---–ის ოჯახი, რომლის წევრიცაა ნ--–--------------------ე, 2015 წლიდან რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზაში, საიდენტიფიკაციო ნომრით 0-----------. მათი ოჯახის მოქმედი სარეიტინგო ქულა განისაზღვრა 2015 წლის 22 ნოემბერს და შეადგინა 25480 ერთეული. მოქმედი სარეიტინგო ქულის საფუძველზე ისინი იღებენ სოციალური შემწეობას თვეში 120 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერით სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან, მომზადების თარიღი: 24.07.2019 წ. (ს.ფ. 26).
3.1.3. შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ცნობის თანახმად, შემოსავლების სამსახურში არსებული მონაცემებით (01.05.2019 წლის მდგომარეობით) ნ--–--------------------ეს (პ/ნ 0----------) მიერ 01.03.2018 წლიდან დღმდე მიღებული შემოსავალი შეადგენს 0 ლარს.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით (18.10.2019 წლის მდგომარეობით) ლ---------------–---–-ს (პ/ნ 0----------) მიერ 01.01.2016 წლიდან 30.09.2019 წლის ჩათვლით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი არ ფიქსირდება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შემოსავლების სამსახურის ცნობა (ს.ფ. 27);
- შემოსავლების სამსახურის ცნობა (ს.ფ. 196);
3.1.4 ამონაწერით სს „ლიბერთი ბანკიდან“ დგინდება, რომ ნ--–--------------------ეს 2019 წლის 25 ივლისის მდგომარეობით პირად ანგარიშზე ნაშთი ერიცხებოდა 2.75 ლარი, 2018 წლის 01 იანვრიდან 2019 წლის 24 ივლისამდე მის დებეტს შეადგენდა 12105.60 ლარი, კრედიტი 12503.00 ლარი, ხოლო 2019 წლის ივლისის თვის მდგომარეობით ნაშთის ოდენობა შეადგენდა 400.15 ლარს. ამასთან, ნ--–--------------------ის მიერ 01.01.2018 წლიდან 24.07.2019 წლამდე მიღებულ შემოსავალის დანიშნულებას წარმოადგენდა სახელმწიფო პენსია, კომპენსაცია 245.15 ლარი და ბინის ქირა 400.00 ლარი.
ამონაწერით სს „ლიბერთი ბანკიდან“ დგინდება, ლ---------------–---–ს 2017 წლის 2 მაისის მდგომარეობით პირად ანგარიშზე ნაშთი ერიცხებოდა 0.00 ლარი, 2017 წლის 2 მაისიდან 2017 წლის 2 ნოემბრამდე მის დებეტს შეადგენდა 720.00 ლარი, კრედიტი 720.00 ლარი, ხოლო 2017 წლის 3 ნოემბრის მდგომარეობით ნაშთის ოდენობა შეადგენდა 0.00 ლარს. ამასთან, ლ---------------–---–ის მიერ აღნიშნულ პერიოდში მიღებულ შემოსავალის დანიშნულებას წარმოადგენდა საარსებო შემწეობა 120 ლარი.
ამონაწერით სს „ლიბერთი ბანკიდან“ დგინდება, ნ--–--------------------ეს 2017 წლის 24 აპრილის მდგომარეობით პირად ანგარიშზე ნაშთი ერიცხებოდა 978.45 ლარი, 2017 წლის 2 მაისიდან 2017 წლის 2 ნოემბრამდე მის დებეტს შეადგენდა 2890.00 ლარი, კრედიტი 3870.90 ლარი, ხოლო 2017 წლის 4 ნოემბრის მდგომარეობით ნაშთის ოდენობა შეადგენდა 2.45 ლარს. ამასთან, ნ--–--------------------ის მიერ აღნიშნულ პერიოდში მიღებულ შემოსავალის დანიშნულებას წარმოადგენდა სახელმწიფო პენსია, კომპენსაცია 245.15 ლარი და ბინის ქირა 400.00 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი სს „ლიბერთი ბანკიდან“, გაცემული 25.07.2019წ. (ს.ფ.28-30);
- ამონაწერი სს „ლიბერთი ბანკიდან“, გაცემული 03.11.2017წ. (ს.ფ.87);
- ამონაწერი სს „ლიბერთი ბანკიდან“, გაცემული 04.11.2017წ. (ს.ფ.99-100);
3.1.5. კარდიოქირურგიული კლინიკა ,,ღია გული’’-ს მიერ 2018 წლის 27 დეკემბერს გაცემული ცნობით (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა) დგინდება, რომ ნ--–--------------------ეს 2018 წლის 26 დეკემბერს ჩაუტარდა კორონარული სტენტირება. განხორციელდა მარჯვენა კორონარული არტერიის მედიალური სეგმენტის სტენტირება 2.75/28 მმ PROMUS ELEMENT PLUS (წამლით დაფარული) სტენტით და 3.5/29მმ PROMUS ELEMENT PLUS (წამლით დაფარული) აღდგა სისხლძარღვის სანათური და გამავლობა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- კარდიოქირურგიული კლინიკა ,,ღია გული’’-ს 2018 წლის 27 დეკემბრის სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა (ს.ფ. 31).
3.1.6. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2010 წლის 26 თებერვლის და 2014 წლის 13 იანვრის ამონაწერების (განცხადების რეგისტრაციის N8----------- და N8-----------) თანახმად დ--–----- რაიონში, ბ-----–---------------, ეკლესიასთან მდებარე N7----------- და N7----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები წარმოადგენს ლ---------------–---–ის საკუთრებას. ასევე, თბილისში, ა--------------------, მდებარე N0---------------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება წარმოადგენს ლ---------------–---–ის საკუთრებას.
მოსარჩელე ლ---------------–---–ის განმარტებით დ--–----- რაიონში, ბ-----–---------------, ეკლესიასთან მდებარე მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდი N7----------- წარმოადგენს ნ--–--------------------ის ძმის საკუთრებას, ხოლო თბილისში, ა--------------------, მდებარე N0---------------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება წარმოადგენს თ----–-----–---–---–ის საკუთრებას, რაც დასტურდება 2015 წლის 4 დეკემბერს გაცემული საჯარო რეესტის ამონაწერით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2010 წლის 26 თებერვლის და 2014 წლის 13 იანვრის ამონაწერები (ს.ფ. 105-115).
-სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის4 დეკემბრის ამონაწერი (ს.ფ. 113-114).
-მხარის ახსნა-განმარტება;
3.1.7. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსის 2018 წლის 25 აპრილის №1----- ბრძანებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფის კომისიის 2018 წლის 28 მარტის №27 ოქმის საფუძველზე, ლ---------------–---–ს უარი ეთქვა უსახლკარო პირად რეგისტრაციაზე, იმ მოტივით, რომ არ აკმაყოფილებდა თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს N28-116 დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტით დაწესებულ კრიტერიუმს, რომლის თანახმად, პირი უსახლკაროდ რეგისტრირდება, თუ არ აქვს საკუთრების, მართლზომიერი მფლობელობის თუ სარგებლობის უფლებასაცხოვრებელ სადგომზე ან სხვა ფართზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის 2018 წლის 25 აპრილის №1----- ბრძანება (ს.ფ. 25);
3.1.8. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსის 2018 წლის 25 აპრილის №1----- ბრძანებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფის კომისიის 2018 წლის 28 მარტის №27 ოქმის საფუძველზე, ნ--–--------------------ეს უარი ეთქვა უსახლკარო პირად რეგისტრაციაზე, იმ მოტივით, რომ არ აკმაყოფილებდა თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს N28-116 დადგენილების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტით დადგენილი კრიტერიუმის დაუკმაყოფილებლობის მოტივით, რომლის თანახმად, უსახლკაროდ რეგისტრაცია შესაძლოა გამოირიცხოს ქონებრივი, საოჯახო, ანდა სხვა ისეთი გარემოებების გამოვლენისას, რომლებიც ადასტურებენ განმცხადებლის შესაძლებლობას უზრუნველყოფილი იყოს საცხოვრისით, ან მის მიმართ მესამე პირის ვალდებულებას საცხოვრისით უზრუნველყოფაზე (გარდა იმ შემთხვევისა, როცა ამ ვალდებულების შესრულება სამართლებრივი ანდა ფაქტობრივი გარემოებების გამო შეუძლებელია).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის 2018 წლის 25 აპრილის №1----- ბრძანება (ს.ფ. 24);
3.1.9. ლ---------------–---–მა 2018 წლის 30 მაისს ადმინისტრაციული საჩივრებით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის 2018 წლის 25 აპრილის №1----- და №1----- ბრძანებების ბათილად ცნობა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, რომლითაც განხორციელდება მისი და ნ--–--------------------ის უსახლკარო პირებად რეგისტრაცია.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 14 ივნისის №7-- ბრძანებით არ დაკმაყოფილდა ლ---------------–---–ის 2018 წლის 30 მაისის №1---------------- და №1---------------- ადმინისტრაციული საჩივრები და ძალაში დარჩა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის 2018 წლის 25 აპრილის №1----- და №1----- ბრძანებები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ლ---------------–---–ის 2018 წლის 30 მაისის ადმინისტრაციული საჩივარი №1---------------- (ს.ფ. 43);
- ლ---------------–---–ის 2018 წლის 30 მაისის ადმინისტრაციული საჩივარი №1---------------- (ს.ფ. 55);
- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 14 ივნისის №7-- ბრძანება (ს.ფ. 17- 23).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არსებობს ლ---------------–---–ის და ნ--–--------------------ის მიერ აღძრული სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი, კერძოდ: ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის 2018 წლის 25 აპრილის №1----- და №1----- ბრძანებები, რომლითაც მოსარჩელეებს უარი ეთქვათ უსახლკარო პირებად რეგისტრაციაზე; ასევე, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის 2019 წლის 14 ივნისის №7-- ბრძანება, ლ---------------–---–ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ამასთან, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს უნდა დაევალოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც დაკმაყოფილდება მოსარჩელეთა მოთხოვნა მათი უსახლკარო პირებად რეგისტრაციის თაობაზე.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, სადავო პერიოდში მოქმედი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2015 წლის 27 ნოემბრის №28-116 დადგენილებით დამტკიცებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფის წესი.
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართოს.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის, პირველი პუნქტის შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. ამავე კოდექსის 23-ე მუხლის თანახმად სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” პუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავოდ გამხდარი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის 2018 წლის 25 აპრილის N1----- და N1----- ბრძანებები და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 14 ივნისის №7-- ბრძანება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს გასაჩივრებული აქტების შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს წარმოადგენს ასევე ის დოკუმენტი, რომლის გამოცემის დავალდებულებასაც ითხოვენ მოსარჩელები და რომლითაც დაკმაყოფილდება ლ---------------–---–ის მოთხოვნა მოსარჩელეთა უსახლკაროდ რეგისტრაციის ცნობის თაობაზე.
6.2. სასამართლო პირველ ყოვლისა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულაზე, რომლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეთა ურყევი ნებაა, რომ დაამკვიდრონ, მათ შორის სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო.
ამასთან, საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას ავალდებულებს საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულებას.
საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.
სასამართლო განმარტავს, რომ კონსტიტუციის პრინციპებიდან გამომდინარეობს სახელმწიფოს მხრიდან ისეთი სოციალური დაცვის გარანტიების უზრუნველყოფა, როგორიცაა უსახლკარო პირად რეგისტრაცია და საცხოვრებელი ფართით (თავშესაფრით) უზრუნველყოფა კანონით გათვალისწინებული პირობების არსებობისას. ამასთან, სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისას, საჯარო დაწესებულებების მიერ თავისი საქმიანობის წარმოების პროცესში საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით, თუ შეთანხმებებით გარანტირებულ ადამიანის უფლებებს და თავისუფლებებს აქვს პირდაპირი მოქმედების ძალა, რაც ნიშნავს იმას, რომ საჯარო დაწესებულებამ, მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას უნდა იხელმძღვანელოს ამა თუ იმ კონსტიტუციით აღიარებული და გარანტირებული უფლების (თავისუფლების) ნამდვილი შინაარსით და არ უნდა დაუშვას ამ უფლებით დაცულ სფეროში არამართლზომიერი ჩარევა.
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 22-ე მუხლის შესაბამისად, ყოველ ადამიანს, როგორც საზოგადოების წევრს, აქვს სოციალური უზრუნველყოფის უფლება და უფლება განახორციელოს ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ დარგებში, ნაციონალური მეცადინეობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მეშვეობით და ყოველი სახელმწიფოს სტრუქტურისა და რესურსების შესაბამისად, ის უფლებები, რომლებიც აუცილებელია მისი ღირსების შენარჩუნებისა და მისი პიროვნების თავისუფალი განვითარებისათვის.
სასამართლო მიუთითებს ევროპის სოციალური ქარტიის მე-12 მუხლზე, რომლის შესაბამისად, სოციალური უზრუნველყოფის უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ შექმნან და შეინარჩუნონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა. შეინარჩუნონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა დამაკმაყოფილებელ დონეზე, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ევროპის სოციალური უზრუნველყოფის კოდექსის რატიფიკაციისათვის აუცილებელ დონეს. მიიღონ ზომები სოციალური უზრუნველყოფის სისტემის გაუმჯობესების მიზნით.
„ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ პაქტის მე-9 მუხლის შესაბამისად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას სოციალურ უზრუნველყოფაზე, სოციალური დაზღვევის ჩათვლით.
6.3. სასამართლო მიუთითებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2015 წლის 27 ნოემბრის №28-116 დადგენილებაზე, რომლითაც დამტკიცდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფის წესი (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), რომელიც განსაზღვრავს რეგისტრაციის კრიტერიუმებს, პროცედურებს და თავშესაფარი ფართით დაკმაყოფილების პირობებს. ამავე წესის ამავე რედაქციის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის განსაზღვრავს, რომ ამ წესის განხორციელების მიზნით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა ქმნის „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფის კომისიას“ (შემდგომში – კომისია).
გასაჩივრებული აქტების გამოცემის დროს მოქმედი მითითებული წესის მე-3 მუხლით კი დადგენილია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფის პროცედურა, კერძოდ, პირველი პუნქტის თანახმად, პირმა თავშესაფარი ფართის მიღების მიზნით, უსახლკაროდ რეგისტრაციისთვის განცხადებით უნდა მიმართოს კომისიას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი განაცხადის ფორმით, რომელსაც თან უნდა ერთოდეს: ა) პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა/დაბადების მოწმობა ან პასპორტი) ასლი; ბ) შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და სხვა) ასეთის არსებობის შემთხვევაში; გ) ნებისმიერი სხვა დოკუმენტი, რომელმაც შეიძლება დაადასტუროს უსახლკაროდ რეგისტრაციისთვის მოთხოვილი გარემოებების არსებობა ან/და განმცხადებლის მიერ მითითებული ინფორმაცია. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები კი განსაზღვრავს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში შემოსულ განცხადებებს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციასთან დაკავშირებით, განიხილავს კომისია ამ წესისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და იღებს ერთ-ერთ შემდეგ რეკომენდაციას: ა) უსახლკაროდ რეგისტრაციის თაობაზე; ბ) უსახლკაროდ რეგისტრაციაზე უარის თაობაზე; პირის უსახლკაროდ რეგისტრაციაზე ან უსახლკაროდ რეგისტრაციაზე უარის თქმის თაობაზე, კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე გადაწყვეტილებას იღებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური (შემდგომში – სამსახური).
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილ გარემოებებს წარმოადგენს, რომ 2016 წლის 28 დეკემბერს ლ---------------–---–მა და ნ--–--------------------ემ თავშესაფარი ფართის მიღების მიზნით, უსახლკარო პირებად რეგისტრაციის მოთხოვნით განცხადებებით მიმართეს თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის უსახლკაროდ რეგისტრაციის და თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფის კომისიას და მოითხოვეს უსახლკარო პირებად რეგისტრაცია. აღნიშნული კომისიის 2018 წლის 28 მარტის N27 ოქმით ლ---------------–---–ს უსახლკარო პირად რეგისტრაციაზე მიეცა უარყოფითი რეკომენდაცია ,,თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციის და თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ’’ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 ნოემბრის N28-116 დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის მოთხოვნათა დაუკმაყოფილებლობის გამო. ამავე ოქმით ასევე უარყოფითი რეკომენდაცია მიეცა ნ--–--------------------ეს N28-116 დადგენილების მე-2 მუხლის მეორე პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის დაუკმაყოფილებლობის გამო. ზემოაღნიშნული კომისიის 2018 წლის 28 მარტის N27 ოქმის საფუძველზე ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის 2018 წლის 25 აპრილის N1----- და N1----- ბრძანებებით მოსარჩელეებს უარი ეთქვათ უსახლკარო პირებად რეგისტრაციაზე, N28-116 დადგენილებით დამტკიცებული კრიტერიუმებთან შეუსაბამობის გამო.
სასამართლო განმარტავს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2015 წლის 27 ნოემბრის №28-116 დადგენილებით დამტკიცებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფის წესის მე-2 მუხლი ადგენს უსახლკარო პირად რეგისტრაციისა და თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმებს, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს უსახლკარო პირად რეგისტრაციის მსურველი პირი, კერძოდ, პირველი პუნქტის თანახმად, ფიზიკური პირი უსახლკაროდ დარეგისტრირდება, თუ აკმაყოფილებს ყველა კრიტერიუმს: ა) 2015 წლის 27 ნოემბრამდე რეგისტრირებულია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე (გარდა იმ შემთხვევისა, როცა პირი დაიბადა 2015 წლის 27 ნოემბრის შემდეგ); ბ) არ აქვს საკუთრების, მართლზომიერი მფლობელობისა თუ სარგებლობის უფლება საცხოვრებელ სადგომზე ან სხვა ფართზე; გ) საკუთრებაში, მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არ აქვს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქონების გარდა სხვა უძრავი ქონება ან, როცა პირს ასეთი ქონება გააჩნია და იგი ასაბუთებს, რომ აღნიშნული ქონება სხვა შემოსავლებთან ერთობლიობაში არ არის საკმარისი საცხოვრებლითა და საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფისათვის; დ) არ აქვს შემოსავალი, ან შემოსავლის არსებობის შემთხვევაში, პირი ასაბუთებს, რომ აღნიშნული შემოსავალი სხვა ქონებასთან ერთობლიობაში არ არის საკმარისი საცხოვრებლითა და საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფისათვის ან არსებული შემოსავალი არ აღემატება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული „დანგრეული სახლის მაცხოვრებელთა კომპენსაციის“ ქვეპროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 დეკემბრის №33-138 დადგენილებით გათვალისწინებული საცხოვრებელი ფართის ქირავნობის თანხისა და საარსებო მინიმუმის (განაცხადში მითითებული ოჯახის წევრიდან ორი და მეტი პირის შემთხვევაში საარსებო მინიმუმის თანხების ჯამს) თანხის ერთობლიობას.
ამავა დადგენილების მე-2 მუხლის მე-2 პუქნტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად უსახლკაროდ რეგისტრაცია შესაძლოა გამოირიცხოს ქონებრივი, საოჯახო ან/და სხვა, ისეთი გარემოებების გამოვლენისას, რომლებიც ადასტურებენ განმცხადებლის შესაძლებლობას უზრუნველყოფილი იყოს საცხოვრისით ან მის მიმართ მესამე პირის ვალდებულებას საცხოვრისით უზრუნველყოფაზე (გარდა იმ შემთხვევისა, როცა ამ ვალდებულების შესრულება სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებების გამო შეუძლებელია).
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელეები რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში და იღებენ საარსებო შემწეობას. მოსარჩელე ნ--–--------------------ე, როგორც სამხედო პირი იღებს პენსიას 245 ლარის ოდენობით. მათ სხვა რაიმე სახის შემოსავალი არ გააჩნიათ. მათ არც საკუთრებაში და არც მართლზომიერ სარგებლობაში არ გააჩნიათ საცხოვრებელი სადგომი, ან სხვა ფართი, რის გამოც, დიდუბის რაიონის გამგეობა უზრუნველყოფს ბინის ქირით - 350 ლარის ოდენობით. მოსარჩელე ლ---------------–---–ის სახელზე რეგისტრირებულია დ--–----- რაიონში, ბ-----–---------------, ეკლესიასთან მდებარე ორი მიწის ნაკვეთი N7----------- და N7-----------, საიდანაც N7----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი არის ნ--–--------------------ის ძმის, ხოლო თბილისში, ა--------------------, მდებარე N0---------------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება წარმოადგენს თ----–-----–---–---–ის საკუთრებას. შესაბამისად,სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოების აპელირებას იმ გარემოებაზე, რომ სახეზეა თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 ნოემბრის N28-116 დადგენილებით დამტკიცებული თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციის და თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფის წესით გათვალისწინებული უსახლკაროდ რეგისტრაციის გამომრიცხავი გარემოებები, რაც გამორიცხავდა ლ---------------–---–ის და ნ--–--------------------ის უსახლკარო პირებად რეგისტრაციაზე დადებითი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას. აღსანიშნავია, რომ მოსარჩელეებს არც საკუთრებაში და არც მართლზომიერ სარგებლობაში არ გააჩნიათ საცხოვრებელი სადგომი ან სხვა ფართი, რომლითაც ისინი უზრუნველყოფილი იქნებიან საცხოვრებლით. მარტოოდენ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ლ---------------–---–ის საკუთრებაში არსებობა მოცემულ შემთხვევაში ვერ გახდება უსახლკაროდ პირებად რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ნ--–--------------------ე წარმოადგენს ლ---------------–---–ის ოჯახის წევრს, შესაბამისად, ასევე სახეზე არა განმცხადებლის ნ--–--------------------ის შესაძლებლობა უზრუნველყოფილი იყოს საცხოვრისით.
6.4. მოსარჩელეების ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 14 ივნისის №7-- ბრძანების ბათილად ცნობა, რომლითაც უარი ეთქვა მხარეს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე. სასამართლო თვლის, რომ მოთხოვნის ამ ნაწილშიც სარჩელი საფუძვლიანია შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. ამავე კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესები.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ) ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო. ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში ჩატარდა ადმინისტრაციული წარმოება, თუმცა გადაწყვეტილება მიღებული იქნა საქმის ფაქტობრივი თუ სამართლებრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის გარეშე.
6.5. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით განსაზღვრულია თუ რა შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილად. აღნიშნული მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ან/და კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და შესაბამისი სამართლებრივი ნორმების ურთიერშეჯერების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის 2018 წლის 25 აპრილის №1----- ბრძანების და №1-----, ასევე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 14 ივნისის №7-- ბრძანების ბათილად ცნობის საფუძვლები.
6.6. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, სასარჩელო მოთხოვნა - დაევალოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, რომლითაც დაკმაყოფილდება ლ---------------–---–ის და ნ--–--------------------ის მოთხოვნა მათი უსახლკარო პირებად რეგისტრაციის ცნობის თაობაზე, საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს ანაზღაურებს სახელმწიფო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-9, მე-12, 22-ე, 23-ე, 32-ე, 33-ე მუხლებით, ასევე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ლ---------------–---–ის და ნ--–--------------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის 2018 წლის 25 აპრილის №1----- ბრძანება, რომლითაც ნ--–--------------------ეს უარი ეთქვა უსახლკარო პირად რეგისტრაციაზე;
3. ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის 2018 წლის 25 აპრილის №1----- ბრძანება, რომლითაც ლ---------------–---–ს უარი ეთქვა უსახლკარო პირად რეგისტრაციაზე;
4. ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 14 ივნისის №7-- ბრძანება, ლ---------------–---–ის და ნ--–--------------------ის ადმინისტრაციული საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;
5. დაევალოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, რომლითაც დაკმაყოფილდება ლ---------------–---–ის და ნ--–--------------------ის მოთხოვნა მათი უსახლკარო პირებად ცნობის თაობაზე;
6. მხარეები გათავისუფლებულები არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მეშვეობით.
მოსამართლე სოფიო გაგნიძე