გადაწყვეტილება

სამოქალაქო 23.05.2019
საქმის ნომერი
010210016001279618
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
23.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №010210016001279618

№2-707/2016წ.

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

07 დეკემბერი, 2016 წელი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - სალიხ შაინიძე

სხდომის მდივანი - ცირა ქარცივაძე

 

მოსარჩელე - ალ---- კე–--–--ა, ა----- კე–--–--ა

წარმომადგენელი - მა-–----------–---

 

მოპასუხე - შპს ,,მ-----“

წარმომადგენლები - ლე--–-------–----–--ე, მა-----------------ე

 

მოპასუხე - მა---- ზა------

წარმომადგენელი - რო-–--------–--–ი

 

დავის საგანი - მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა (დაზუსტებული)

 

1.1. მოპასუხეებს - შპს ,,მ-----ს“ და მა---- ზა------ს სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელეების - ალ---- კე–--–--ას და ა----- კე–--–--ას სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურება 7502 ლარის ოდენობით.

1.2. მოპასუხეებს - შპს ,,მ-----ს“ და მა---- ზა------ს სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელეების - ალ---- კე–--–--ას და ა----- კე–--–--ას სასარგებლოდ მატერიალური ზიანის ანაზღაურება 800 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის და მორალური ზიანის 1200 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ოდენობით და ავტომანქანის საჯარიმო სადგომზე დგომის ხარჯი 2016 წლის 7 აპრილის მდგომარეობით 410 ლარის ოდენობით, ხოლო 2016 წლის 7 აპრილის შემდეგ ყოველდღიურად 6 ლარის ოდენობით გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ოდენობით, ასევე მორალური ზიანის ანაზღაურება 1200 აშშ დოლარის ოდენობით.

სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

- 2015 წლის 11 ოქტომბერს, დაახლოებით 13:30 საათზე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ჩაქვში, თამარ მეფის N9ა მიმდინარედ, მოძრავი „მერსედეს ბენც CLK“ მარკის ავტომანქანა, სახ. ნომრით S------, რომელსაც მართავდა მა---- ზა------, ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხო მოძრაობა, დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის და 33-ე მუხლის 6-ე პუნქტის მოთხოვნები, მარცხნივ მოხვევის დროს გადავიდა საპირისპირო ზოლში და შეეჯახა საპირისპიროდ მოძრავ „OPEL“ მარკის ავტომანქანას, სახ. ნომრით G-----, რომელსაც მართავდა ალ---- კე–--–--ა.

- ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა მა---- ზა------ს ბრალეული ქმედებით. ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ ალ---- კე–--–--ას საკუთრებაში არსებული „OPEL“ მარკის ავტომანქანა, სახ. ნომრით G-----, დაზიანდა და ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად, აღნიშნული ავტომანქანის შეკეთება შემდგომი ექსპლუატაციის მიზნით ტექნიკური თვალსაზრისით მიზანშეწონილი არ არის, შესაბამისად ალ---- კე–--–--ამ განიცადა მატერიალური ზიანი, ავტომანქანის ღირებულება შეადგენს 3028 აშშ დოლარს და ვინაიდან შეუძლებელია ავტომანქანის პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა, დაზარალებულს ალ---- კე–--–--ას ზიანი უნდა აუნაზღაურდეს სათანადო ფულადი კომპენსაციით, ასევე ალ---- კე–--–--ას ადგება მატერიალური ზიანი იმითაც, რომ ავტომანქანა განთავსებულია შპს „ბა-----------“-ის კუთვნილ საჯარიმო ავტოსადგომზე და 2016 წლის 7 აპრილის მდგომარეობით, დგომის ხარჯი შეადგენს 410 ლარს, ხოლო 2016 წლის 7 აპრილის შემდეგ ყოველდღიურად 6 ლარს.

- ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ, მგზავრმა ა----- კე–--–--ამ მიიღო სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანება ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით, ა----- კე–--–--ამ მიღებული ტრავმის შემდეგ განიცადა როგორც მატერიალური, ისე მორალური ზიანი, მან დაკარგა შრომიუნარიანობა, იგი სოფლად ცხოვრობს, ეწეოდა სოფლის მეურნეობას და შემოსავლით არჩენდა ოჯახს, ხოლო ავარიის შემდეგ ვეღარ მუშაობს და თავად საჭიროებს ზრუნვას, მას მიადგა არამარტო მატერიალური ზიანი, არამედ მორალური ზიანიც, რაც ჯამში შეადგენს 2000 აშშ დოლარს, აღნიშნული თანხიდან, ა----- კე–--–--ას მომდევნო ოპერაციაზე მისი წილი გადასახდელი თანხა, როგორც ექიმმა განუმარტა, დაახლოებით 600 ლარი ექნება.

- ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, რაზედაც ბათუმის საქალაქო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით მა---- ზა------ს ბრალეულობა დადგინდა და იგი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდქსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. „მერსედეს ბენც CLK“ მარკის ავტომანქანა, სახ. ნომრით S------, რომელსაც მართავდა მა---- ზა------, მესაკუთრე არის შპს „მ-----“, შესაბამისად, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, როგორც მესაკუთრე, მა---- ზა------სთან ერთად შპს „მ-----“ არის ვალდებული მოსარჩელეთა წინაშე.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე მა---- ზა------მ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნო ნაწილობრივ და მიუთითა, რომ:

- მას მოუვიდა ავტოსაგზაო შემთხვევა და დაეჯახა მოსარჩელის ალ---- კე–--–--ას კუთვნილ ავტომანქანას, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოსარჩელე ა----- კე–--–--ამ მიიღო სხეულის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება. ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, რაზედაც ბათუმის საქალაქო სასამართლომ მის მიმართ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი.

- ასევე მიუთითა, რომ ალ---- კე–--–--ას ავტომანქანის რეალური საბაზრო ღირებულება არ შეადგენს 3028 აშშ დოლარს, რადგან აღნიშნული ღირებულების მითითება განხორციელდა 2012 წელს, ხოლო ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა 2015 წლის ოქტომბრის თვეში, ანუ 3 წლის შემდგომ განიცადა ცვეთა და ა.შ., ის თანახმაა გადაიხადოს დღეის მდგომარეობით არსებული ავტომანქანის საბაზრო ღირებულება, რაც მითითებული იქნება სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნაში. ასევე მიუთითა, რომ ეთანხმება ავტომანქანის საჯარიმოზე დგომისთვის არსებულ ხარჯს.

- რაც შეეხება სხვა მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურებას, თვლის, რომ სარჩელი აღნიშნული მოთხოვნის ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან მორალური ზიანის მიყენების გარემოების ამსახველი არანაირი მტკიცებულება არ არის წარმოდგენილი, რაც შეეხება სამედიცინო და სამკურნალო ხარჯებს, მის მიერ დაფარულია სრულად.

 

2.2. შპს ‘მ-----ს“ წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ შპს „მ-----“ წარმოადგენს სალიზინგო კომპანიას, რომელიც ავტომობილებს გასცემს ლიზინგის წესით. ავტომანქანა ლიზინგით გადაცემული აქვს მა---- ზა------ს, რომელსაც ლიზინგის ხელშეკრულების საფუძველზე, პირდაპირი მფლობელობისა და სარგებლობის უფლებით გადაეცა ლიზინგის საგანი და გადავიდა მასზე ნივთის შემთხვევით დაღუპვისა და დაზიანების რისკი. შესაბამისად, გადავიდა ზიანის მიყენების რისკიც და პირადად და უშუალოდ პასუხისმგებელია ლიზინგის საგნის არადანიშნულებისამებრ გამოყენებისათვის. მოპასუხის განმარტებით, შპს „მ-----“ არასათანადო მოპასუხეა და ზიანის დადგომაში პირდაპირი და უშუალო კავშირი არ აქვს და არც მისი ბრალეულობა იკვეთება.

 

3. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2015 წლის 11 ოქტომბერს, დაახლოებით 13:30 საათზე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ჩაქვში, თამარ მეფის ქ. N9ა-ს მიმდებარედ მოძრავი „მერსედეს-ბენც CLK”-ს მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით N S------, რომელსაც მართავდა მა---- ზა------, ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხო მოძრაობა, დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მუხლი 32-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 33-ე მუხლის მე-6-ის მოთხოვნები, მარცხნივ მოხვევის დროს გადავიდა საპირისპირო მოძრაობის ზოლში და შეეჯახა საპირისპიროდ მოძრავ „ოპელ-ასტრა“-ს მარკის ავტომანქანას, სახელმწიფო N G-----, რომელსაც მართავდა ალ---- კე–--–--ა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო ავტომანქანა „ოპელ-ასტრა“-ს სახელმწიფო N G----- მგზავრმა ა----- კე–--–--ამ.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 2 თებერვლის განაჩენით, ბრალდებული მა---- ზა------ ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 2 თებერვლის განაჩენი (საქმე1-1642/15წ );

- ქობულეთის რეგიონული საავადმყოფოს რადიოლოგიური სამსახურის კომპიუტერული ტომოგრაფიის კაბინეტის, ექიმ რადიოლოგის კახა ჯაფარიძის დასკვნა;

- ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

3.1.2. ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომლის რეკვიზიტებია: სანომრე ნიშანი - S------, მარკა, მოდელი - „მერსედეს-ბენც CLK”, ფერი - რუხი 1/8, გამოშვების წელი - 1998, სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობა - B--------, რეგისტრირებულია შპს ,,მ-----ს“ სახელზე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 28.10.2016 წლის ცნობა სატრანსპორტო საშუალებაზე სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ;

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.1.3. 23.05.2015 წელს, შპს ,,მ-----ს“ და მა---- ზა------ს შორის დაიდო ლიზინგის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მა---- ზა------ს შპს ,,მ-----სგან“ გადაეცა მფლობელობაში ლიზინგის საგანი, ავტომანქანა, რომლის რეკვიზიტებია: ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომლის რეკვიზიტებია: სანომრე ნიშანი - S------, მარკა, მოდელი - „მერსედეს-ბენც CLK”, ფერი - რუხი 1/8, გამოშვების წელი - 1998, სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობა - B--------. ხელშეკრულება დაიდო 23.05.2018 წლამდე ვადით.

ხელშეკრულების თანახმად, შემძენს (მა---- ზა------) სურდა შეეძინა გამსხვისებლისგან ავტომობილი აქ აღწერილი პირობებით და წესით, ხოლო გამსხვისებელს კი სურდა გადაეცა შემძენისთვის ავტომობილი ხელშეკრულებაში აღწერილი წესითა და პირობებით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 23.05.2015 წლის ლიზინგის ხელშეკრულება;

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

3.1.4. შპს „ბა-----------“-ს 2016 წლის 7 აპრილის ცნობის თანახმად, ალ---- კე–--–--ას კუთვნილი ავტომანქანა „ოპელ-ასტრა“, სახელმწიფო N G-----, გადმოტანილი იქნა ჩაქვიდან ევაკუატორის მეშვეობით, დგას საჯარიმო ავტოსადგომზე 2015 წლის 11 ოქტომბრიდან, საჯარიმო სადგომის მომსახურების თანხა 2016 წლის 07 აპრილის მდგომარეობით შეადგენს 410 ლარს. 2016 წლის 07 აპრილის შემდეგ დგომის ყოველდღიური თანხა შეადგენს 6 ლარს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შპს „ბა-----------“-ის 2016 წლის 7 აპრილის ცნობა;

- სამართალდამრღვევისთვის ჩამორთმეული სატრანსპორტო საშუალების 2015 წლის 11 ოქტომბრის მიღება-ჩაბარების აქტი;

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

3.1.5. ალ---- კე–--–--ას კუთვნილი ავტომანქანა „ოპელ-ასტრა“, სახელმწიფო N G-----, 2016 წლის 04 აპრილის ნივთის დაბრუნების შესახებ ხელწერილის საფუძველზე, ჩაიბარა ალ---- კე–--–--ამ ავტოსადგომიდან გადასაყვანად.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელწერილი ნივთის დაბრუნების შესახებ;

- საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების უფროსი გამომძიებლის ჯემალ წულუკიძის მომართვა;

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მხარეებს შორის ძირითადი სადავო ფაქტობრივი გარემოებებია:

- სარჩელის თანახმად, რასაც არ ეთანხმება მოპასუხე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ალ---- კე–--–--ას კუთვნილი ავტომანქანა დაზიანდა. ავტომობილის აღდგენითი ღირებულება შეადგენს 7502 ლარს;

- სარჩელის თანახმად, რასაც არ ეთანხმება მოპასუხე, ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ ა----- კე–--–--ამ განიცადა მატერიალური და მორალური ზიანი, ზიანის ოდენობა შეადგენს 2000 აშშ დოლარს (მატერიალური ზიანი 800 აშშ დოარი, მორალური ზიანი 1200 აშშ დოლარი);

- მოპასუხე შპს ,,მ-----ს" მიაჩნია, რომ ლიზინგის ხელშეკრულების სპეციფიურობიდან გამომდინარე, იგი პასუხს არ აგებს ლიზინგის საგნის მიმღების მიერ მესამე პირზე ზიანის მიყენების გამო;

 

3.2.2. ფაქტობრივად საქმეში მონაწილე ორივე მხარე იძლევა ურთიერთსაწინააღმდეგო განმარტებას. მათი განმარტებები გამორიცხავენ ერთმანეთის არგუმენტებს. სასამართლო ორივე მხარის განმარტებას აფასებს თანაბარი მნიშვნელობის მტკიცებულებად. საბოლოოდ გაიზიარებს მხოლოდ იმ მხარის განმარტებას, ვინც მტკიცებულებებით დაადასტურებს თავის არგუმენტებს. მხარეთა არგუმენტების დამტკიცება დასაშვებია დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე შეკრებილი მტკიცებულებებით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სადაო საკითხის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს მხარეთა თანასწორობის, შეჯიბრებითობისა და დისზპოზიციურობის პრინციპით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად. ზოგადად ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების არსებობა. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს სამართლიანად. მხარეს უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტის დამტკიცების ვალდებულება, რომლის განხორციელებაც მას შეუძლია. მხარეს არ უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლის განხორციელებაც მისთვის შეუძლებელია. მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება საქმის განხილვის უმთავრესი პრინციპია.

 

3.2.3. მოპასუხე მა---- ზა------ სადავოდ ხდის ფაქტობრივ გარემოებას იმის თაობაზე, რომ ავტო-საგზაო შემთხვევის შემდეგ მოსარჩელის ალ---- კე–--–--ას ავტომანქანის დაზიანებით გამოწვეული ზიანის მოცულობა, რომელიც დადგენილია 2012 წლის 6 აპრილის იმპორტირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების დეკლარაციით N69605/00388775, აღნიშნული დეკლარაციით თანახმად, განბაჟების ჩათვლით ავტომანქანის „ოპელ-ასტრა“, სახელმწიფო N G-----, ღირებულება შეადგენს ჯამში 3028 აშშ დოლარს, გამომდინარე აქედან, ალ---- კე–--–--ას ზარალი შეადგენს 3028 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში - 7502 ლარს, ხოლო მის მიერ წარმოდგენილი იქნა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 2 ივნისის N003186116 დასკვნა, რომლის თანახმადაც „ოპელ-ასტრა“, საშუალო ღირებულება დღეის მდგომარეობით საორენტაციოდ შეადგენს 3200 ლარს.

 

მოპასუხე თავის პოზიციას აფუძნებს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული ავტომანქანის ღირებულების მითითება განხორციელდა 2012 წელს, ხოლო ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა 2015 წლის ოქტომბრის თვეში, ამ პერიოდში კი ავტომანქანამ განიცადა ცვეთა, დაემატა ექსლპუატაციის დრო და ა.შ. რაც გავლენას ახდენს ავტომანქანის საბაზრო ღირებულებაზე, მის მიერ კი წარმოდგენილი იქნა სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც განსაზღვრავს კონკრეტულად დაზიანებული და დაზიანებამდე არსებული ავტომობილის საბაზრო ღირებულებებს.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ დანაშაულით ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელი გამარტივებული წესით განხილვას ექვემდებარება იმ შემთხვევაში, თუ არსებობს კანონიერ ძალაში შესული სისხლის სამართლის საქმეზე დამდგარი განაჩენი ან ადმინისტრაციულ სამართალდარღევის საქმეზე მიღებული დადგენილება, რომელიც ზიანის მიყენებას ადასტურებს. ამ შემთხვევაში, სასამართლოს აღარ უწევს ზიანის მიყენების ფაქტის, ზიანის მიმყენებლის ბრალის, მის ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობის გამოკვლევა. ყველა აღნიშნული გარემოება განაჩენით ან დადგენილებით დასტურდება. ხოლო, მითითებული სასამართლოს აქტების განაჩენის არარსებობის პირობებში, სასამართლომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეაფასოს სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის საფუძველზე.

 

ამ თვალსაზრისით, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს დელიქტური ვალდებულებებისათვის დამახასიათებელი მტკიცების განაწილების სტანდარტზე, სადაც ქმედებისა და ამ ქმედების შედეგად წარმოშობილი ზიანის მოცულობა წარმოადგენს მოსარჩელის მტკიცების სფეროში შემავალ ფაქტს. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ განხორციელებული პროცესუალური მოქმედება ამ სამართლებრივი თავისებურების პირობებში განხორციელებული და წარმოდგენილია ექსპერტიზის დასკვნა, მითითებულ ექსპერტიზის დასკვნაში აღნიშნულია, რომ კონკრეტული ავტო-საგზაო შემთვევა გამოწვეულია მა---- ზა------ს მხრიდან ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის გამო.

 

რაც შეეხება დაზიანებული ავტომანაქნის ღირებულებას, სადავო დეკლარაციაში ასახული თანხა არ შეესაბამება მოსარჩელის მიერ ამ ნაწილში მოთხოვნილ ზიანის ოდენობას. რაც შეეხება საპირისპიროს დადასტურებას, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, აღნიშნული ფაქტების უსწორობის მტკიცება უნდა განეხორციელებინა მოპასუხე მხარეს. გამომდინარე იქედან, სწორედ ამ გარემოებას ეფუძნება მისი შესაგებელი და ახსნა-განმარტება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, კი თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც ის ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერ მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის თაობაზე. საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. მტკიცებულებათა შინაგანი რწმენით შეფასება, როგორ სამოქალაქო პროცესის მთავარი პრინციპი ცხადყოფს, რომ არავითარ მტკიცებულებას არ გააჩნია წინასწარ დადგენილი ძალა. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებებს და მათ ყოველმხრივ გამოკვლევას. სასამართლოს შინაგანი რწმენის ჩამოსაყალიბებლად, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული და შეფასებული თითოეული კომპონენტი, რომელიც არსებობს ამ გარემოების ირგვლივ.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიდის დასკვნამდე, რომ მოპასუხემ შეძლო მტკიცების ტვირთის სათანადოდ რეალიზება და წარმოადგინა მის მიერ მითითებული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, კერძოდ მოპასუხემ

წარმოადგინა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 2 ივნისის N003186116 დასკვნა, რომლის თანახმადაც ავტომანქანა „ოპელ-ასტრა“, საშუალო ღირებულება დღეის მდგომარეობით საორენტაციოდ შეადგენს 3200 ლარს.

 

3.2.4. მხარეებს შორის სადავოა ა----- კე–--–--ას მიერ ავადმყოფობასა და მკურნალობაში გაწეული ხარჯის არსებობა. მოსარჩელე ა----- კე–--–--ა განმარტავს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მან მიიღო შემდეგი დაზიანებები, მარჯვენა ლავიწის ძვლის მოტეხილობა ცდომით, შუბლის მიდამოს ღია ჭრილობა და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით №006929315, 19.11.2015წ აღნიშნული დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის/საგნების/ ზემოქმედებით და ერთობლიობაში მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის ნიშნით. მოსარჩელე მიუთითებს, რომ ტრამვის შედეგად განიცადა როგორც მატერიალური, ასევე მორალური ზიანი, მან გადაიტანა ქირურგიული ოპერაცია, რის შედეგადაც მოტეხილი ლავიწის ძვლის ფრაგმენტები დაფიქსირდა მეტალის ფირფიტით და ჭანჭიკებით და აღნიშნული მან სხეულით უნდა ატაროს დაახლოებით ერთი წელი, რისთვისაც მას კვლავ დასჭირდება ქირურგიული ოპერაცია მათი ამოღების მიზნით, გარდა ამისა ა----- კე–--–--ამ მიიღო ქალა-ტვინის დახურული ტრავმა, რის გამოც ხშირად აქვს ძლიერი თავის ტკივილები და თავბრუხვევები, იგი ფიზიკურად მარცხენა ხელით ვეღარ მუშაობს და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში დაკარგა შრომისუნარიანობა, რის გამოც მას წაერთვა შრომის უნარი. ის ცხოვრობს სოფლად და ოჯახს არჩენდა სოფლის მეურნეობით მიღებული შემოსავალით, ხოლო ავტოსაგზაო შემთხვევის სემდეგ ვეღარ მუშაობს, პირიქით თავად საჭიროებს მოვლას და ზრუნვას. შესაბამისად მატერიალური და მორალური ზიანის ოდენობა ჯამში შეადგენს 2000 აშშ დოლარს, ასევე მომდევნო ოპერაციისთვის მას ესაჭიროება 600 ლარი, ოპერაციის საფასური.

 

მოპასუხე მა---- ზა------ კატეგორიულად არ ეთანხმება მოსარჩელის ამ არგუმენტს და ამტკიცებს, რომ მან მოსარჩელეს სრულყოფილად უმკურნალა და გადაიხადა მის მკურნალობასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი (გადადადგილება, კვება, მკურნალობა და ა.შ).

 

ფაქტობრივად საქმეში მონაწილე ორივე მხარე იძლევა ურთიერთსაწინააღმდეგო განმარტებას. ერთი ამტკიცებს ავარიის გამო მკურნალობის და ოპერაციის თანხების ანაზღაურებას, ხოლო მეორე მხარე უარყოფს.

 

სასამართლო აქაც განმარტავს, რომ დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მხარეებზე უნდა განაწილდეს სწორად. მხარეებს უნდა დაეკისროთ ისეთი ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომლის დამტკიცებაც მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. წინამდებარე შემთხვევა ისეთი შემთხვევაა, როდესაც შემდგომი ოპერაციის და მკურნალობის ხარჯის არსებობის მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს უნდა დაეკისროს. ამ ფაქტის მტკიცებისაგან მოპასუხე გათავისუფლებულია. აღნიშნულის დამტკიცება მოსარჩელის ინტერესში შედის, ამასთან ხარჯი მისი გაწეული უნდა იყოს და ამიტომ მტკიცებულებაც მან უნდა წარმოადგინოს და შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით დაამტკიცოს, რომ მას ესაჭიროება შემდგომი ოპერაცია და მკურნალობსთან დაკავშირებული ხარჯები არ აუნაზღაურებია მა---- ზა------ს.

 

მოსარჩელემ თავისი პროცესუალური ვალდებულების შესრულების მიზნით ზეპირად განმარტა მკურნალობასთან დაკავშირებული ხარჯების გადაუხდელობა, თავისი ზეპირი განმარტების დამტკიცების მიზნით მან წარმოადგინა შემდეგი მტკიცებულებები:

- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის აჭარის ა/რ საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის 2015 წლის 11 ნოემბრის №286/ა დასკვნა;

- ქობულეთის რეგიონული საავადმყოფოს რადიოლოგიური სამსახურის კომპიუტერული ტომოგრაფიის კაბინეტის, ექიმ რადიოლოგის კახა ჯაფარიძის დასკვნა;

- ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;

 

ა----- კე–--–--ა განმარტავს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევამ ხელი შეუწყო მისი შრომისუნარიანობის დაკარგვას, გადაიტანა ქირურგიული ოპერაცია, რის შედეგადაც მოტეხილი ლავიწის ძვლის ფრაგმენტები დაფიქსირდა მეტალის ფირფიტით და ჭანჭიკებით და აღნიშნული მან სხეულით უნდა ატაროს დაახლოებით ერთი წელი, რისთვისაც მას კვლავ დასჭირდება ქირურგიული ოპერაცია მათი ამოღების მიზნით და ამისთვის ესაჭიროება 600 ლარი.

 

ამ შემთხვევაშიც სამომავლო ოპერაციის აუცილებლობასა და ამისათვის 600 ლარის საჭიროებას არ ეთანხმება მოპასუხე მა---- ზა------.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამომავლო ოპერაციის აუცილებლობა უნდა დაამტკიცოს მოსარჩელემ, მოსარჩელე მხარის მიერ კი შესაბამისი მტკიცებულებები არ არის წარმოდგენილი, ასევე არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ მან - ა----- კე–--–--ამ გაიღო მკურნალობის ხარჯები, ან მას მკურნალობის გამო სამედიცინო დაწესებულებისადმი ერიცხება დავალიანება. პირიქით მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი და მითითებულია მტკიცებულებები, რომლებითაც დასტურდება, რომ მა---- ზა------მ უზრუნველყო ა----- კე–--–--ას მკურნალობის და სხვა ხარჯები.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოწმის დაკითხვის ოქმი;

- შპს „უნიმედი აჭარას“ ქობულეთის რეგიონული საავადმყოფოს მთავარი მენეჯერის ირინა დოლიძის 2016 წლის 29 აგვისტოს N340 მომართვა;

 

3.2.5. მხარეებისათვის სადავო საკითხია გაწეული და მოსალოდნელი ხარჯების კავშირი ავარიის შედეგებთან. სასამართლო მიიჩნევს, რომ ა----- კე–--–--ას მიერ გამოკვლევებისა და მკურნალობისათვის გაწეული ხარჯი, ასევე მომავალში გასაწევი ხარჯი უშუალო კავშირშია ავარიასთან. თუ რატომ არის ქმედება და ზიანი მატერიალური და მორალური ურთიერთკავშირში, ამ საკითხზე მსჯელობა დამოკიდებულია სამართლებრივ შეფასებაზე და მასზე სასამართლო იმსჯელებს გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთების ნაწილში.

 

ასევე, სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელზე შპს ,,მ-----ს" პასუხისმგებლობის განსაზღვრისათვის, არსებითად მნიშვნელოვანი სადავო საკითხია, თუ რამდენად ეკისრება მას პასუხისმგებლობა როგორც ავტომანქანის მესაკუთრეს, თუმცა ლიზინგის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ავტომანქანა გადაცემული იყო მოპასუხე მა---- ზა------ზე. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ შპს ,,მ-----", როგორც ავტომანქანის მესაკუთრე სოლიდარულად არის პასუხისმგებელი ზიანისათვის, ხოლო მოპასუხე შპს ,,მ-----"-ს კი მიაჩნია, რომ ლიზინგის ხელშეკრულების სპეციფიურობიდან გამომდინარე, იგი პასუხს არ აგებს ლიზინგის საგნის მიმღების მიერ მესამე პირზე ზიანის მიყენების გამო.

აღნიშნულთან დაკავშირებით, უნდა განიმარტოს, რომ ეს საკითხიც სამართლებრივი შეფასების კატეგორიას მიეკუთვნება და მასზე სასამართლო იმსჯელებს გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთების ნაწილში.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარის ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, მიიჩნევს, რომ სარჩელი საფუძვლიანია და ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

- საქართველოს კოსტიტუცია;

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;

- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია, იგივე პრინციპის დაცვით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმადაც, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ მიიჩნია რა მისი, როგორც სახელშეკრულებო ურთიერთობაში მონაწილე პირის, უფლება დარღვეულად, დარღვეული უფლების დაცვის მიზნით, სარჩელით მიმართა სასამართლოს.

 

სარჩელის შესწავლით დასტურდება, რომ მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურების დაკისრება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ დავის გადაწყვეტისათვის, პირველ რიგში სათანადო შეფასება უნდა მიეცეს მხარეთა შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობის შინაარს. არ არსებობს ანაზღაურების მოთხოვნა, ვალდებულების გარეშე, რაც იმას ნიშნავს, რომ მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე ვალდებულებით ურთიერთიერთობაში იყოს მოპასუხესთან, ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდევ კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

განსახილველი სამართლებრივი ურთიერთობა მხარეებს შორის გამომდინარეობს დელიქტიდან და მისგან წარმოშობილი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობაა, რომელიც უნდა დარეგულირდეს შესაბამისი ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმებით.

 

6.2. მოთხოვნა მატერიალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის შესაბამისად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

აღნიშნული ნორმების დანაწესიდან გამომდინარე, ნებისმიერმა პირმა უნდა აანაზღაუროს მის მიერ მიყენებული ზიანი. სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს დელიქტური ვალდებულება წარმოადგენს. ამგვარი ვალდებულებები არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა. სამოქალაქო კოდექსის ზემოთ მითითებული ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა არსებობდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას. უპირველეს ყოვლისა გასათვალისწინებელია, რომ ზიანის ანაზღაურების ინსტიტუტი ემსახურება არა ზიანის მიმყენებლის დასჯას, არამედ იმ დანაკლისის შევსებას, რომელიც მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად სხვა პირს მიადგა. ზიანი შეიძლება გამოიხატოს პირადი ქონების დაზიანებაში ან განადგურებაში. ანდა ისეთ ქმედებაში, როდესაც პირი კარგავს მის კუთვნილ ქონებას. სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი ადგენს პრინციპს, რომლის მიხედვით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს სრული მოცულობით. ამ შემთხვევაში მთავარია, რომ დაზარალებული პირის ინტერესები სრული მოცულობით იყოს დაკმაყოფილებული.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების ვალდებულების მოპასუხეზე დასაკისრებლად საჭიროა სახეზე იყოს, სამართალდარღვევის შემადგენლობა, რომლის შემადგენელ ელემენტს წარმოადგენს მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ზიანი და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. სასამართლომ მხარეთა განმარტებების და საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე, დადასტურებულად მიიჩნია მოპასუხე მა---- ზა------ს მიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის და აღნიშნული ქმედების შედეგად მოსარჩელისთვის მატერიალური ზიანის მიყენების ფაქტი. შესაბამისად, სახეზეა სამართალდარღვევის სამივე ნიშანი, რაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის საფუძველზე მოპასუხე მა---- ზა------ს მიერ მოსარჩელისთვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობის საფუძველია.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. ამავე კოდექსის 464-ე მუხლის შესაბამისად, კი სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ პირი სატრანსპორტო საშუალებას იყენებს მფლობელის ნებართვის გარეშე, იგი ვალდებულია მფლობელის ნაცვლად აანაზღაუროს ზიანი. ამასთან, მფლობელი ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი, თუ სატრანსპორტო საშუალების გამოყენება შესაძლებელი გახდა მისი ბრალის გამო. ამ ნაწილის პირველი წინადადება არ გამოიყენება, თუ მოსარგებლე მფლობელის მიერ დანიშნულია სატრანსპორტო საშუალების სამართავად, ან თუ ეს სატრანსპორტო საშუალება მას გადაცემული ჰქონდა მფლობელისაგან. ამდენად, მითითებული ნორმის პირველი წინადადება გამორიცხავს მფლობელის პასუხისმგებლობას, თუკი ნივთი მისი მფლობელობიდან გავიდა მისი ნებართვისა და ბრალის გარეშე. მფლობელის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საწინააღმდეგო დანაწესს ამკვიდრებს ამავე მუხლის ბოლო წინადადება. იგი დისპოზიციური ხასიათის დებულებაა, რომლის მიხედვით, მფლობელის პასუხისმგებლობის წარმოშობის ერთ-ერთ წანამძღვარს წარმოადგენს მფლობელის მიერ ნივთის მოსარგებლისთვის გადაცემა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 576-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, ლიზინგის ხელშეკრულებით ლიზინგის გამცემი ვალდებულია ლიზინგის მიმღებს სარგებლობაში გადასცეს განსაზღვრული ქონება ხელშეკრულებით დათქმული ვადით, ამ ქონების შესყიდვის უფლებით ან ასეთი უფლების გარეშე, ხოლო ლიზინგის მიმღები ვალდებულია გადაიხადოს საზღაური დადგენილი პერიოდულობით, იმ პირობით, რომ: ა) ლიზინგის მიმღები განსაზღვრავს ქონებას და ირჩევს მიმწოდებელს, რომლისგანაც ხდება ქონების შესყიდვა ან მისი სხვაგვარად მიღება; ბ) ლიზინგის გამცემი ქონებას იძენს ლიზინგით გასაცემად და მიმწოდებლისთვის ეს ფაქტი ცნობილია.

 

განსახილველ შემთხვევაში, მითითებული ნორმის მიზნებიდან გამომდინარე, სამოქალაქო კოდექსის 576-ე და 999-ე მუხლების ურთიერთკავშირში, განმარტებას საჭიროებს მფლობელის ცნება, რომელიც არ უნდა იქნეს გაიგივებული სანივთო-სამართლებრივ მფლობელის ინსტიტუტთან. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლი სპეციალური ურთიერთობის მომწესრიგებელი ქცევის წესია და ერთგვარად საგამონაკლისო ხასიათის ნორმაცაა, იმდენად, რამდენადაც განსაზღვრავს ბრალის გარეშე პასუხისმგებლობის წარმოშობის საფუძვლებს. სწორედ ამითაა განპირობებული, რომ პასუხისმგებლობა ზიანისათვის ყოველთვის ეკისრება სატრანსპორტო საშუალების მფლობელს, მიუხედავად იმისა, თუ ვინ იყო ზიანის უშუალო მიმყენებელი, ვისი ბრალით იყო გამოწვეული ზიანი. პასუხისმგებლობის ამ წესით განსაზღვრა და პასუხისმგებელ სუბიექტთა სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის მეოთხე ნაწილით დადგენილი კლასიფიკაცია განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალება წარმოადგენს მომეტებული საფრთხის წყაროს და ნორმის მიზნიდან გამომდინარე, მფლობელად უნდა მიჩნეულ იქნას პირი, რომელიც ფაქტობრივად, სივრცობრივად კავშირი აქვს და სრულად აკონტროლებს (ახდენდეს მანქანის გამართულობის, მისი შეკეთებისა თუ სარგებლობისათვის საჭირო ყველა მოქმედების განხორციელებას) და ასევე, წარმოდგენილ შემთხვევაში მართლზომიერად (იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე) ფლობს ნივთს. სასამართლოს მიაჩნია, რომ პასუხისმგებლობის სუბიექტთა დიფერენცირება სამართალურთიერთობის როგორც ფაქტობრივი, ისე იურიდიული ელემენტების გათვალისწინებით უნდა მომხდეს.

 

ლიზინგის ხელშეკრულებით, ლიზინგის მიმღები მესაკუთრისამებრ ფლობს ნივთს, აღიჭურვება ნივთის მესაკუთრის უფლებებში და რაც ძალზე მნიშვნელოვანია, ამგვარი ურთიერთობის ფარგლებში მისთვის გარანტირებულია ნივთით სარგებლობის შედეგად მატერიალური სიკეთის მიღების შესაძლებლობა. აღნიშნული მახასიათებლებით ლიზინგის მიმღების უფლებები უთანაბრდება მოიჯარის უფლებებს და ხშირად ადგილი აქვს ლიზინგისა და საიჯარო ურთიერთობების გაიგივებას. სალიზინგო ურთიერთობაში აღიარებული პრინციპების მიხედვით ლიზინგის მიმღები ეკონომიკური/იურიდიული მესაკუთრის სტატუსით არის ცნობილი. ლიზინგის ხელშეკრულება ორმხრივი ხელშეკრულებაა, ლიზინგის გამცემსა და ლიზინგის მიმღებს შორის თანმხვედრი უფლებებითა და მოვალეობებით. შესაბამისად, რადგან ლიზინგის მიმღები უფლების თვალსაზრისით უთანაბრდება მესაკუთრეს, მანვე უნდა ზღოს მომეტებული საფრთხის წყაროს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების ტვირთი, განსხვავებით თხოვების ხელშეკრულებისაგან, რომელიც თავისი იურიდიული ბუნებით ცალმხრივი ხელშეკრულებაა და ამ ხელშეკრულების ფარგლებში მოთხოვნის უფლება გააჩნია მხოლოდ გამნათხოვრებელს, ხოლო მონათხოვრეს აკისრია მხოლოდ ვალდებულებები (სამოქალაქო კოდექსის 615-622-ე მუხლები). ასეთ შემთხვევაში, როდესაც სამართალურთიერთობას ჰყავს ერთადერთი მოთხოვნის მქონე სუბიექტი, ნივთის განათხოვრების შედეგად დამდგარი ზიანის რისკის მატარებელი სწორედ გამნათხოვრებელია, ანუ მოთხოვნის კრედიტორი.

 

ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილ შემთხვევაში, მოპასუხე მა---- ზა------ს შპს ,,მ-----სგან“ ავტომობილი გადაცემული ჰქონდა ლიზინგის ხელშეკრულების საფუძველზე და ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მის მიზანს წარმოადგენდა ამ ავტომობილზე საკუთრების უფლების მოპოვება. შესაბამისად, მფლობელობის გადაცემით, მა---- ზა------ზე გადავიდა ამ ავტომობილიდან გამომდინარე მომეტებული საფრთხის რისკი. შესაბამისად, პასუხისმგებლობის ტვირთის მატარებელ მხარეს მოცემულ შემთხვევაში, წარმოადგენს სწორედ მოპასუხე მა---- ზა------, რაც გამორიცხავს მოპასუხეთა სოლიდარულ პასუხისმგებლობას, შესაბამისად, მოპასუხე შპს ,,მ-----ს" პასუხისმგებლობას.

 

დადგენილია, რომ ალ---- კე–--–--ას ავტომანქანისათვის მიყენებული ზიანის ღირებულება შეადგენს 3200 ლარს. ასევე, უნდა დაეკისროს მა---- ზა------ს ალ---- კე–--–--ას სასარგებლოდ 410 ლარის ოდენობით, რაც მან განიცადა მატერიალური ზიანის სახით, 2016 წლის 7 აპრილისთვის ავტომანქანის საჯარიმო სადგომზე დგომის ხარჯის გამო. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ალ---- კე–--–--ას სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, მა---- ზა------ს მიმართ ნაწილში.

 

6.3. მხარეებისათვის ერთ-ერთი უმთავრესი საკითხია ა----- კე–--–--ას მიერ ჩატარებული მკურნალობის ხარჯები, არის თუ არა დაკავშირებული ავარიასთან და სამომავლო ოპერაციის ჩატარების აუცილებლობა გამოწვეულია თუ არა ავარიით. ანუ მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ზიანს შორის არის თუ არა მიზეზობრივი კავშირი.

 

საქმეში წარმოდგენილია ექსპერტიზის დასკვნა №006929315, 19.11.2015წ. სადაც მითითებულია, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიიღო შემდეგი დაზიანებები, მარჯვენა ლავიწის ძვლის მოტეხილობა ცდომით, შუბლის მიდამოს ღია ჭრილობა. ობიექტურად: დახედვით მარჯნივ მხრის სარტყელი შეშუპებული ლავიწის საპროექიოდ ძვლოვანი კრეპიტაცია. შუბლის მიდამოს დაჟეჟილი ჭრილობა. ქალა-ტვინის დახურული ტრავმა, ინტრაკრანიალური ჰიპერტეზენზიის კტ ნიშნები, მარჯვნივ შუბლის ძვლის პროექციაზე კანქვეჩა რბილი ქსოვილები იმბრირებულია. აღენიშნება მარჯვენა ლავიწის ძვლის გარე მესამედის მოტეხილობა, დასახელებული დიაგნოზი პირდაპირ კავშირში არაა 2015 წლის 10 ოქტომბერტს მიღებულ ტრავმასთან.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ზიანის კავშირი ავარიასთან, უნდა გაიყოს ორ ნაწილად. კერძოდ, ა----- კე–--–--ას ჯანმრთელობის გამოკვლევით და მკურნალობით დამდგარი ზიანის და მომავალი ოპერაციისათვის განკუთვნილი ხარჯებით დამდგარი ზიანის კავშირი მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასთან.

 

სასამართლომ, მტკიცებულებათა ანალიზით დაადგინა, რომ ა----- კე–--–--ა ავარიის შემდეგ სტაციონარიდან გაეწერა 2015 წლის 11 ოქტომბერს. დროის მოკლე პერიოდი სასამართლოს უქმნის შინაგან რწმენას მასზედ, რომ მოსარჩელე ავარიის შემდეგ ვერ მომჯობინდა. მას აწუხებდა ტკივილები, მანამდე მას ტკივილები არ აწუხებდა.

 

დადგენილია, რომ ავტოსაგზაო შემთხვევამდე მოსარჩელე არ იმყოფებოდა სამკურნალო დაწესებულებაში, მას არ აწუხებდა ტკივილები. აღნიშნულის გამო მას ესაჭიროება ოპერაცია, რათა გაიკეთოს მისთვის ხელსაყრელ დროს. რომ არა ავარია, მოსარჩელეს არ დასჭირდებოდა მკურნალობა და ასევე სამომავლო ოპერაცია, ამ მოსაზრებათა გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ გამოკვლევები, მკურნალობა და სამომავლო ოპერაციის აუცილებლობა ავტო-საგზაო შემთხვევის შედეგია.

ამ შემთხვევაში, მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედება. კერძოდ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევა, დროში წინ უსწრებდა შედეგს და წარმოადგენდა ამ ზიანის დადგომის ერთადერთ განმაპირობებელს. ანუ მა---- ზა------ს მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი.

 

დადგენილია, რომ ა----- კე–--–--ას მიერ შესაბამისი მტკიცებულებები არ არის წარმოდგენილი, არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ მან - ა----- კე–--–--ამ გაიღო მკურნალობის ხარჯები, ან მას მკურნალობის გამო სამედიცინო დაწესებულებისადმი ერიცხება დავალიანება. პირიქით მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი და მითითებულია მტკიცებულებები, რომლებითაც დასტურდება, რომ მა---- ზა------მ უზრუნველყო ა----- კე–--–--ას მკურნალობის და სხვა ხარჯები.

არ არის წარმოდგენილი სამომავლო ოპერაციის აუცილებლობისა და ამისათვის 600 ლარის საჭიროებაზეც.

 

სასამართლო განმარტავს, მოსარჩელე ა----- კე–--–--ას ეკისრებოდა მიყენებული მატერიალური ზიანის არსებობის მტკიცების ტვირთი, მას უნდა წარმოედგინა ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები. გამომდინარე აქედან, მოთხოვნა ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

/მოთხოვნა მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში/

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესით იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამავე კოდექსის 413-ე მუხლის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევებში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ჯანმრთელობის დაზიანებით გამოწვეული მორალური ზიანის ანაზღაურება სამართლიანი და გონივრული ოდენობით უნდა განისაზღვროს. შეუძლებელია, თითოეული ადამიანის ჯანმრთელობის ან სიცოცხლის ფასის განსაზღვრა, ამდენად, მორალური ზიანის ანაზღაურების მიზანი, გარკვეულწილად, განცდილი ტკივილისა და დისკომფორტის შემსუბუქებაა. კომპენსაციის ოდენობას განსაზღვრავს სასამართლო დაზარალებულის მიერ განცდილი სულიერი, ფიზიკური ტანჯვისა და ზიანის მიმყენებლის ბრალის გათვალისწინებით, თუ ზიანის ანაზღაურების მოცემული სახე ბრალეულ მოქმედებაზეა დამოკიდებული.

 

ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლომ უნდა შეაფასოს, თუ რაოდენ დიდი ფიზიკური ან სულიერი ტანჯვა მიაყენა ქმედებამ დაზარალებულს.

 

მორალური ზიანის ანაზღაურების მოცულობას განსაზღვრავს სასამართლო მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე. მოსარჩელე უფლებამოსილია მიუთითოს ფულადი თანხა, რომელსაც ის ითხოვს მიყენებული სულიერი თუ ფიზიკური ტკივილის კომპენსაციისათვის, მაგრამ ეს მოთხოვნა მოსარჩელის მხოლოდ მოსაზრებაა და ანაზღაურების მოცულობის განსაზღვრა სასამართლოს შეხედულებით და სხვა გარემოებების გათვალისწინებით უნდა გადაწყდეს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ კერძო-სამართლებრივ ურთიერთობებს ჩვეულებრივ, შესაძლოა, თან ახლდეს მორალური, სულიერი განცდები, მაგრამ სამოქალაქო პასუხისმგებლობა დასაშვებია მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ე.ი კანონი პირდაპირ განსაზღვრავს, თუ რომელი სიკეთის ხელყოფის შემთხვევაში შეუძლია დაზარალებულს, მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისათვის.

 

სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის მიზანია, შეამციროს, შეზღუდოს ამ ნორმით გათვალისწინებული შედეგის დაუსაბუთებელი გაფართოება, რათა უზრუნველყოფილი იქნეს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობა და წესრიგი... სამართლის მიერ დაცულ ერთ-ერთ სიკეთეს, რომლის ხელყოფის შედეგად დაზარალებულმა შეიძლება მოითხოვოს არაქონებრივი (მორალური) ზიანისათვის ანაზღაურება, წარმოადგენს ადამიანის ჯანმრთელობა.

 

სხეულის დაზიანება ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენება ადამიანის სიცოცხლის იმგვარი ხელყოფაა, რომელიც დაზარალებულს არასრულფასოვნად და ზოგ შემთხვევაში, არაშრომისუნარიანად აქცევს, სხეულის და/ან ჯანმრთელობის ხელყოფით გამოწვეული მორალური ზიანი უშუალოდ სამართალდარღვევიდან შეიძლება არც გამომდინარეობდეს, არამედ მისი თანმდევი შედეგი იყოს (როგორიცაა, უშედეგო მკურნალობა, ხანგრძლივი უმწეო მდგომარეობა, აქტიური ცხოვრების შეუძლებლობა, ცხოვრების წესისა და რითმის შეცვლა, მკურნალობის უშედეგობის გამო ცხოვრების ხალისის დაქვეითება, ნერვული დაძაბულობა, რაც პირს არასრულფასოვნების კომპლექსსა თუ სხვა ნეგატიურ განცდებს უყალიბებს), თუმცა, ასეთ დროს, სავალდებულოა, დასტურდებოდეს, რომ დაზარალებულის მორალური განცდები და სულიერი ტანჯვა სხეულისა თუ ჯანმრთელობის ხელყოფის შედეგია.

 

სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული ჯანმრთელობის დაზიანებით გამოწვეული მორალური ზიანის მახასიათებელი თვისება არის ადამიანის ფსიქიკური და სულიერი ბუნების სფეროში ნეგატიური ზემოქმედების მოხდენა, რაც გამოიხატება ფიზიკურ და ზნეობრივ ტანჯვაში.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ა----- კე–--–--ამ მიიღო შემდეგი დაზიანებები, მარჯვენა ლავიწის ძვლის მოტეხილობა ცდომით, შუბლის მიდამოს ღია ჭრილობა და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით №006929315, 19.11.2015წ აღნიშნული დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის/საგნების/ ზემოქმედებით და ერთობლიობაში მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს.

 

სასამართლო ხაზს უსვამს, რომ მორალური ზიანის უმთავრეს მიზანს არ წარმოადგენს ხელყოფილი უფლებების აბსოლუტური რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია და შეუძლებელია მისი სრული კომპენსაცია.

 

კომპენსაციის მიზანია მორალური ზიანით გამოწვეული ტკივილების შემსუბუქება, ამასთან კომპენსაცია მიმართულია უარყოფითი ემოციების გასაქარწყლებლად და სასამართლო ზიანის ოდენობის განსაზღვრისას აანალიზებს ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა მიყენებული დაზიანების ხარისხი, მოსარჩელის მიერ სამედიცინო დაწესებულებაში გატარებულ პერიოდი და სხვა არსებითი გარემოებები.

 

ა----- კე–--–--ასათვის, ჯანმრთელობის დაზიანების შედეგად მიყენებული მატერიალური ზიანი სრულად არის ანაზღაურებული.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლო, მიიჩნევს, რომ მიყენებული მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 200 აშშ დოლარი წარმოადგენს გონივრულ და სამართლიან ანაზღაურებას მოსარჩელის მიერ განცდილი ფიზიკური, სულიერი თუ ფსიქოლოგიური ტრავმის საკომპენსაციოდ.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ვინაიდან, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მა---- ზა------ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ბაჟის 123.30 ლარის გადახდა.

 

7.2. მოსარჩელის წარმომადგენელი მოითხოვს მოპასუხემ აუნაზღაუროს საადვოკატო ხარჯები 700 ლარის ოდენობით.

მოსარჩელის დასახელებული მოთხოვნა გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის I ნაწილის საფუძვლიდან, დასახელებული ნორმით ანაზღაურებას ექვემდებარება პროცესის წარმოებასთან დაკავშირებული ხარჯები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის I ნაწილით პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. ამავე მუხლის მეორე ნაწილით სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. ხოლო მესამე ნაწილით სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

მოსარჩელეს წარმოუდგენია საადვაკატო მომსახურებისათვის გადახდილი თანხის ქვითარი, მას წარმოდგენილი აქვს მხოლოდ ხელშეკრულება იურიდიული მომსახურების შესახებ, რითაც არ დასტურდება მოსარჩელის მიერ სასამართლოს გარეშე ხარჯების გაწევა. შემდგომში გასაწევი ხარჯის - გადასახდელი საადვოკატო მომსახურებიოს საფასურის, როგორც ამ კატეგორიის ხარჯების ანაზღაურება არაა გათვალისწინებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლით. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ამ მუხლის I ნაწილის ბოლო წინადადებით, გათვალისწინებული უნდა იქნას ის, რომ ანაზღაურდება მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯები გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის II ნაწილის პირველი წინადადებით თუ მხარეს არ შეუძლია ადვოკატის ხარჯების ანაზღაურება, სასამართლოს უფლება აქვს ამ მხარის შუამდგომლობის საფუძველზე მოიწვიოს ადვოკატი სახელმწიფოს ხარჯზე, თუ განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გამო ადვოკატის მონაწილეობა ამ საქმის განხილვაში მიზანშეწონილია. ასეთ შემთხვევაში ადვოკატი მიიღებს ანაზღაურებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტამდე ოდენობით, ხოლო არაქონებრივი დავის დროს განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით ადვოკატი მიიღებს ანაზღაურებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან - 2000 ლარამდე ოდენობით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მართლმსაჯულების განხორციელება დაკავშირებულია სასამართლო ხარჯებთან და სასამართლოს გარეშე ხარჯებთან. ადვოკატისათვის გაწეული ხარჯი წარმოადგენს სასამართლოს გარეშე ხარჯებს (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მესამე ნაწილი). ამგვარი ხარჯების ოდენობა უნდა განისაზღვროს მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე. ამგვარი მტკიცებულების არარსებობის შემთხვევაში, სასამართლოს მხარის მოთხოვნის საფუძველზე თვითონაც შეუძლია გონივრულ ფარგლებში განსაზღვროს მხარის მიერ გაწეული ხარჯების ოდენობა, თუკი აშკარაა, რომ პირის უფლების დარღვევის აღკვეთის მიზნით ხარჯი გაღებულია.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეზე წარმოდგენილი ფაქტობრივად გაწეული ხარჯის ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულების გათვალისწინებით, მოპასუხეს მოსარჩელეების სასარგებლოდ უნდა გადახდეს 550 ლარი.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის

განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ - უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სარჩელი კმაყოფილდება ნაწილობრივ, არ არსებობს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი და უცვლელი უნდა დარჩეს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 02 მარტის განჩინებით (საქმე #63/უზრ-2016წ.) გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 55-ე, 243-ე-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 264-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მოსარჩელეების - ალ---- კე–--–--ას და ა----- კე–--–--ას სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. მოსარჩელე ალ---- კე–--–--ას სარჩელი მოპასუხე მა---- ზა------ს მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და დაეკისროს მა---- ზა------ს ალ---- კე–--–--ას სასარგებლოდ:

- ავტომანქანის ღირებულების ანაზღაურების სახით 3200 ლარის გადახდა.

- ავტომანქანის საჯარიმო სადგომზე დგომის ხარჯის ანაზღაურების სახით 410 ლარის გადახდა.

 

3. მოსარჩელე ალ---- კე–--–--ას სარჩელი 4302 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.

 

4. მოსარჩელე ა----- კე–--–--ას სარჩელი მოპასუხე მა---- ზა------ს მიმართ მატერიალური და მორალური ზიანის დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და დაეკისროს მა---- ზა------ს ა----- კე–--–--ას სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურება 200 აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო სარჩელის დაკმაყოფილებაზე დანარჩენი მოთხოვნის ნაწილში უარი ეთქვას.

 

5. მოსარჩელეების - ალ---- კე–--–--ას და ა----- კე–--–--ას სასარჩელო მოთხოვნა შპს "მ-----ს" მიმართ ნაწილში, ზიანის ანაზღაურების თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს.

 

6. მოპასუხე მა---- ზა------ს მოსარჩელეების - ალ---- კე–--–--ასა და ა----- კე–--–--ას სასარგებლოდ, დაეკისროს ექსპერტიზის ხარჯის 50 ლარის, იურიდიული მომსახურების ხარჯის 350 ლარის და სხვა გაწეული ხარჯის სახით 150 ლარის ანაზღაურება, ჯამში 550 ლარის გადახდა.

 

7. მოპასუხე მა---- ზა------ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 123.30 ლარის ოდენობით.

 

8. საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 02 მარტის განჩინებით (საქმე #63/უზრ-2016წ.) გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება დარჩეს ძალაში, უცვლელი.

 

9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს 14 დღის ვადაში მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან აპელაციის წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ. 32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ. ბათუმი, ს. ზუბალაშვილის ქ. 30).

 

10. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: სალიხ შაინიძე