გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 16.01.2020
საქმის ნომერი
330310018002467189
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
16.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/3279-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

16 იანვარი, 2020 წელი ქ. თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თამარ ხაჟომია

 

სხდომის მდივანი გვანცა გერმანიშვილი

 

მოსარჩელე - შპს „მ–------–ი 5“

წარმომადგენლები - ო----- ი----–---–ი (დირექტორი), ნ----- ძ---–-–---–ი

 

მოპასუხე - სსიპ შემოსავლების სამსახური

წარმომადგენელი - მ------ კ------–--

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 1 თებერვლის №21-04/13021 აქტი;

1.2. ახლად აღმოჩენილი გარემოების გამო დაევალოს სსიპ შემოსავლების სამსახურს, ხელახლა შეისწავლოს შპს „მ–------–ი 5“-ის საქმე უკანონოდ დარიცხული საურავის თაობაზე. (იხ. სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტება, 2019 წლის 26 სექტემბრის სასამართლოს სხდომის ოქმის აუდიოჩანაწერი, 17:27:48-17:28:32 სთ და შპს „მ–------–ი 5“-ის წარმომადგენლის 2019 წლის 21 ოქტომბრის განცხადება, 2019 წლის 4 დეკემბრის განცხადება სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შესახებ ტ. II, ს.ფ. 55-56, 76-77).

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

 

3. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. 2002 წლის 5 მარტს შპს „მ–------–ი 5“-მა სარჩელით მიმართა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე თბილისის გლდანი-ნაძალადევის საოლქო საგადასახადო ინსპექციის მიმართ, სადაც აღნიშნული იყო შემდეგი: 2000 წლის 3 ოქტომბრიდან 20-- წლის 25 ნოემბრამდე პერიოდში სხვადასხვა დროს მოსარჩელემ მესამე პირებისაგან შეიძინა სხვადასხვა საქონელი, გადაიხადა ღირებულება დღგ-ს ჩათვლით და გამოწერა ანგარიშ-ფაქტურები. 20-- წლის 27 თებერვალს გლდანი-ნაძალადევის საოლქო საგადასახადო ინსპექციიდან მოსარჩელემ მიიღო წერილი იმის შესახებ, რომ შპს „მ–------–ი 5“-ის მიერ ზემოაღნიშნული ოპერაციისას გადახდილი დღგ-ს ჩათვლები გაუქმდა. მოსარჩელის მიერ საგადასახადო კოდექსის მოთხოვნები არ დარღვეულა, კერძოდ საქონლის შეძენის ცხრამეტივე შემთხვევაში გადახდილ იქნა თანხა დღგ-ს ჩათვლით, რის შესახებაც გამოიწერა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები; საბოლოოდ, მოსარჩელემ მოითხოვა შპს „მ–------–ი-5“-ისათვის გაუქმებული დღგ-ს ჩათვლების აღდგენა და იმის ჩათვლა, რომ მითითებული ოპერაციების დროს გადახდილი ჰქონდა დამატებული ღირებულების გადასახადი 98 026 ლარი. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით შპს „მ–------–ი 5“-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; შპს „მ–------–ი-5“-ს აღუდგა გაუქმებული დღგ-ს ჩათვლები და მოსარჩელეს დღგ-ს გადასახადი - 98 026 ლარი.

 

გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის საოლქო საგადასახადო ინსპექციამ, რომელმაც მოითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება, საქმის არსებითად განხილვა საგადასახადო დეპარტამენტის მონაწილეობით და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელზე უარის თქმა. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 27 მარტის გადაწყვეტილებით თბილისის გლდანი-ნაძალადევის საოლქო საგადასახადო ინსპექციის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შპს „მ–------–ი 5“-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

თბილისის საოლქო სასამართლოს 2003 წლის 27 მარტის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „მ–------–ი-5“-მა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2003 წლის 21 ნოემბრის განჩინებით (№ბს-34-236-კ-03 საქმე) შპს „მ–------–ი 5“-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 27 მარტის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2003 წლის 21 ნოემბრის განჩინების თანახმად, საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნა, რადგანაც საქმის განხილვისას სრულყოფილად და ყოველმხრივ არ გამოუკვლევია და არ შეუფასებია მტკიცებულებები და ფაქტობრივი გარემოებები, რის გამოც საქმეზე გამოიტანა არასწორი გადაწყვეტილება. საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო პალატამ ისე მიიღო გადაწყვეტილება, რომ სრულყოფილად არ გამოიკვლია საგადასახადო ორგანოებმა „მ–------–ი 5“-ს დღგ-ს თანხა ორჯერ გადაახდევინეს თუ არა _ პირველად ანგარიშ-ფაქტურის გამოწერისას და მეორედ _ თანხის ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდევინებისას. ამდენად, საკასაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად სრულყოფილად არ არის დასაბუთებული, რის გამოც მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. ეს კი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ პუნქტის თანახმად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ჩათვალა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, რადგანაც საჭიროა ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2003 წლის 21 ნოემბრის განჩინება №ბს-34-236-კ-03 საქმეზე (ტ.I, ს.ფ.31-33).

 

3.2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2003 წლის 21 ნოემბრის განჩინების საფუძველზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ განიხილა აღნიშული საქმე.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილებით (№3ბ/28-06 საქმე), ქ.თბილისის საგადასახადო ინსპექციის (ყოფილი გლდანი-ნაძალადევის საოლქო საგადასახადო ინსპექციის) სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. შპს „მ–------–ი 5“-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილების თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ 1997 წლის საგადასახადო კოდექსის 114-ე მუხლის პირველი ნაწილი. სასამართლომ მიუთითა საქართველო საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის 2005 წლის 10 მარტის გადაწყვეტილებაზე (№2/2/275,291,296,299 საქმე), სადაც აღნიშნულია, რომ 1997 წლის საგადასახადო კოდექსის 115.2-ე მუხლში საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა განმარტებულია, როგორც დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება დღგ-ს გადახდევინების ფაქტი, რაც გამომდინარეობს ანგარიშ-ფაქტურაში ასახული იმ მონაცემებით, რის ჩამონათვალსაც შეიცავს დასახელებული მუხლი. ხსენებულ მუხლში საუბარია, ერთის მხრივ დღგ-ის გადამხდელზე, ანუ საქონლის, შესრულებული სამუშაოს ან გაწეული მომსახურების მიმწოდებელზე, ხოლო მეორე მხრივ კი მყიდველზე (დამკვეთზე). აღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ მიმწოდებლის მხრიდან ე.წ. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერა ადასტურებდა მყიდველის (დამკვეთის) მიერ არა გადასახადის, არამედ დამატებითი ღირებულების გადასახადით დატვირთული საფასურის გადახდისა და დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების ფაქტს. ამრიგად, მხოლოდ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა შეუძლებელია ყოფილიყო საკმარისი იმისათვის, რათა განხორციელებულიყო გადასახადის გადახდილად აღიარება, ანუ „სახელმწიფოს მხრიდან მიჩნევა, ჩათვლა იმისა, რომ გადასახადი გადახდილია.“

 

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა 1997 წლის საგადასახადო კოდექსის 29.25-ე მუხლსა და 120.1-ე მუხლზე. ამრიგად, პასუხისმგებლობა ოპერაციების შედეგად დღგ-ს ბიუჯეტში დროულად გადაუხდელობისათვის უნდა დაეკისროს არა შპს „მ–------–-5“-ს, არამედ მის მიმწოდებლებს. საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ სხვადასხვა იურიდიულ და ფიზიკურ პირებს არ აქვთ გადახდილი დღგ სახელმწიფო ბიუჯეტში, რაც საფუძვლად დაედებოდა შპს „მ–------–ი-5“-ის დღგ-ს ჩათვლებს (ჩათვლის აღდგენას). ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ გლდანი-ნაძალადევის საოლქო საგადასახადო ინსპექციამ მართებულად გაუუქმა შპს „მ–------– 5“-ს დღგ-ს ჩათვლა 2000-20-- წლებში გამოწერილ ანგარიშ-ფაქტურებზე. სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლოს მოცემული პოზიცია შესაბამისობაშია საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2005 წლის 5 დეკემბრის (საქმე №ბს-817-403(კ-კს)) გადაწყვეტილებასთან. ასევე, მიეთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს არ წარმოადგენდა დარიცხული საურავების უკანონოდ ცნობა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილება (ტ. I, ს.ფ. 34-39).

 

3.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 9 ივნისის ბრძანებით დაკმაყოფილდა სსიპ შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონული ცენტრის შუამდგომლობა შპს „მ–------–ი 5“-ის ქონების ღია აუქციონზე რეალიზაციის მოთხოვნის შესახებ. ბრძანებით რეალიზებას ღია აუქციონის წესით დაექვემდებარა შპს „მ–------–ი 5“-ის დაყადაღებული ქონება. აღნიშნული ბრძანების საფუძველზე 2010 წლის 3 დეკემბერს გამოიცა სააღსრულებო ფურცელი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 9 ივნისის ბრძანება №3/2170-10 საქმეზე (ტ.II, ს.ფ.65-67);

- 2010 წლის 3 დეკემბრის სააღსრულებო ფურცელი (ტ.II, ს.ფ.68).

 

3.4. თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2012 წლის 29 მაისის №A11058251-009/0-- განკარგულებით, ვინაიდან უძრავი ქონების რეალიზაცია არ განხორციელდა პირველ იძულებით აუქციონზე მოვალის _ შპს „მ–------–ი–5“ საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი ჟ------ის ქ. №25 (საკადასტრო კოდი 01.12.-----.0--) ნატურით გადაეცა და აღირიცხა სახელმწიფო საკუთრებაში. შპს „მ–------–ი 5“-ის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების ღირებულება ნატურით გადაცემისას შეადგენდა 350 000 ლარს. აღსრულება განხორციელდა სსიპ შემოსავლების სამსახურის სასარგებლოდ (საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის საფუძველზე).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2012 წლის 29 მაისის №A11058251-009/0-- განკარგულება (ტ.I, ს.ფ.90-91).

 

3.5. შპს „მ–------–ი 5“-ის დირექტორმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2012 წლის 29 მაისის №A11058251-009/0-- განკარგულების ბათილად ცნობა და ასევე, მოითხოვა დაევალოს სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს მოსარჩელისათვის მისი უძრავი ქონების უკან დაბრუნება.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 აპრილის განჩინებით (№3/1327-18 საქმეზე) შპს „მ–------–ი 5“-ის სარჩელზე, მოპასუხეების - აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროსა და სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ, შეწყდა საქმის წარმოება.

 

განჩინების თანახმად, სარჩელი 2012 წლის 29 მაისის №A11058251-009/0-- განკარგულების ბათილად ცნობის ნაწილში დაუშვებელია, რამეთუ მოსარჩელის მიერ დარღვეულია სადავო აქტის გასაჩივრების ერთთვიანი ვადა, რაც სარჩელის ამ ნაწილში დაუშვებლად ცნობის საფუძველს წარმოადგენს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 აპრილის განჩინება №3/1327-18 საქმეზე (ტ.I, ს.ფ.221-226).

 

3.6. შპს „მ–------–ი 5“-ის წარმომადგენელმა საჩივრით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს.

 

სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 13 ივლისის №25126 ბრძანებით შპს „მ–------–ი 5“-ის საჩივარი დარჩა განუხილველი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ი“ და „ლ“ ქვეპუნქტების საფუძველზე.

 

ბრძანების თანახმად, 2000 წელს შპს „მ–------–ი 5“-მა სარჩელით მიმართა გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა გლდანი-ნაძალადევის საოლქო საგადასახადო ინსპექციის მიერ გაუქმებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით მიღებული ჩათვლების აღდგენა. გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 29 მარტის №2/458-2002 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა შპს „მ–------–ი 5“-ის სარჩელი: შპს „მ–------–ი 5“-ს აღუდგა გაუქმებული დღგ-ის ჩათვლები და ჩაეთვალა მას დღგ-ის გადასახადი 98026 ლარის ოდენობით. გლდანი-ნაძალადევის საოლქო საგადასახადო ინსპექციის მიერ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრებულ იქნა თბილისის სააპელაციო სასამართლოში, რომელმაც 2003 წლის 27 მარტის №3გ/277-03 გადაწყვეტილებით გლდანი-ნაძალადევის საოლქო საგადასახადო ინსპექციის საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 29 მარტის №2/458-2002 გადაწყვეტილება და სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, შპს „მ–------–ი 5“-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. შპს „მ–------–ი 5“-მა 2003 წელს მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და გაასაჩივრა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 27 მარტის გადაწყვეტილება, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2003 წლის 21 ნოემბრის №ბს-34-236-კ-03 განჩინებით შპს „მ–------–ი 5“-ს საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 27 მარტის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 15 ნოემბრის №3ბ/28-06 გადაწყვეტილებით თბილისის საგადასახადო ინსპექციის (ყოფილი გლდანი-ნაძალადევის საოლქო საგადასახადო ინსპექცია) სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; შპს „მ–------–ი 5“-ს სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს უზენაეს სასამართლოში, უზენაესი სასამართლოს 2007 წლის 12 ივლისის განჩინებით შპს „მ–------–ი 5“-ს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად. ამდენად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე სსიპ შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 13 ივლისის №25126 ბრძანება (ტ.I, ს.ფ.52-53).

 

3.7. შპს „მ–------–ი 5“-მა საჩივრით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს და მოითხოვა სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 13 ივლისის №25126 ბრძანების გაუქმება და ასევე, მოითხოვა, სადავო საკითხი განხილულ იქნეს დავების განხილვის საბჭოზე.

 

საჩივრის თანახმად, შემოსავლების სამსახურს არ უმსჯელია გამყიდველის მიერ გადაუხდელი დღგ-ს თანხაზე საურავების დარიცხვაზე, რაც გახდა ძირითადი მიზეზი საჩივრის ავტორის საკუთრებაში არსებული ქონების ჩამორთმევის.

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2015 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილებით საჩივარი დარჩა განუხილველი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

 

გადაწყვეტილების თანახმად, სსიპ შემოსავლების სამსახურის აპარატის 2015 წლის 12 აგვისტოს №115168-21 წერილისა და მასზე დართული საფოსტო დაწესებულების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტის ადრესატზე ჩაბარების დამადასტურებელი ქვითრის თანახმად, შემოსავლების სამსახურის 13.07.2015 წლის №25126 ბრძანება ჩაბარდა დირექტორს, ო----- ი----–---–ს 2015 წლის 15 ივლისს. აღნიშნულ ბრძანებაზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 305-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გასაჩივრების ვადა ამოიწურა 2015 წლის 4 აგვისტოს. საჩივარი საბჭოში წარდგენილია 2015 წლის 5 აგვისტოს. აღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრების ვადის გასვლის გამო, საჩივარი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე დარჩა განუხილველი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შპს „მ–------–ი 5“-ის საჩივარი (ტ.I, ს.ფ.59-60);

- საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2015 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილება (ტ.I, ს.ფ.61-66).

 

3.8. შპს „მ–------–ი 5“-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2015 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილებით შპს „მ–------–ი 5“-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

გადაწყვეტილების თანახმად, სასამართლომ გაიზიარა მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლის მოსაზრება და მიიჩნია, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის იმპერატიული დანაწესის შესაბამისად, შპს „მ–------–ი-5-ის“ საჩივრის განუხილველად დატოვება არის კანონშესაბამისი, ვინაიდან შპს „მ–------–ი-5-ის“ საჩივარი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოში შეტანილი იქნა 2015 წლის 5 აგვისტოს, კანონით დადგენილი საჩივრის წარდგენის ვადის (2015 წლის 4 აგვისტო) გასვლის შემდეგ.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილება უცვლელი დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილება №3/8930-15 საქმეზე,- თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 17 ოქტომბრის განჩინება №3ბ/2254-16 საქმეზე.

 

3.9. შპს „მ–------–ი 5“-ის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა საქართველოს ფინანსთა მინისტრს და მოითხოვა, შესწავლილ იქნეს _ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2012 წლის 29 მაისის განკარგულებით შპს „მ–------–ი 5“-ის ქონების (მდებარე თბილისი, ჟ------ის ქ.№25-ში, ს/კ 01.12.-----/0--), მეორე აუქციონის ჩატარების გარეშე, სახელმწიფოს საკუთრებაში ნატურით გადაცემის საკითხი. აღნიშნული განცხადებით, ასევე, საწარმომ ითხოვა დახმარება ხსენებული ქონების დაბრუნების საკითხში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- შპს „მ–------–ი 5“-ის განცხადება (ტ.I, ს.ფ.54-58).

 

3.10. შპს „მ–------–ი 5“-ის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრს.

 

განცხადების თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიუროს 2012 წლის 29 მაისის განკარგულებით შპს „მ–------–ი 5“-ის ქონების (მდებარე თბილისი, ჟ------ის ქ.№25-ში, ს/კ 01.12.-----/0--) სახელმწიფოს საკუთრებაში გადაცემის ფაქტი შპს „მ–------–ი 5“-ისთვის ცნობილი გახდა 2014 წელს. ამასთან, შპს „მ–------–ი 5“ 2012, 2013 და 2014 წლებში იხდიდა მიწის და ქონების გადასახადს მოცემულ ქონებაზე. განცხადების მიხედვით, 2014 წელს შპს „მ–------–ი 5“ა-მა მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ხსენებული ქონების იჯარით გადაცემის შესახებ, რომელიც ტენდერის საფუძველზე ყოველთვიური საიჯარო ქირის - 3 300 ლარის სანაცვლოდ გადაეცა შპს „მ–------– 5“-ს 2 წლის ვადით. განცხადებაში აღნიშნულია, რომ საიჯარო ქირის გადახდა მძიმე ტვირთია ორგანიზაციისათვის, რადგან პრაქტიკულად ვერ მუშაობს საწარმო, ამასთან მიმდინარე ანგარიშებზე არის ყადაღა შენარჩუნებული. განცხადების ავტორმა ითხოვა დახმარება მოცემული საკითხის დროულად გადაწყვეტაში.

 

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის 2016 წლის 28 იანვრის №2822 წერილით შპს „მ–------–ი 5“-ის განცხადება კომპეტენციის ფარგლებში გადაეგზავნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, ხოლო ასლი განცხადების წარედგინა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს.

 

სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 16 თებერვლის №21-04/11654 წერილით შპს „მ–------–ი 5“-ის წარმომადგენელს ეცნობა, რომ შპს „მ–------–ი 5“-ის მიერ 2015 წლის 15 ივნისს სსიპ შემოსავლების სამსახურში წარდგენილ იქნა №98021/01 საჩივარი, რომელიც სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 13 ივლისის №25126 ბრძანებით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ი“ და „ლ“ ქვეპუნქტების საფუძველზე დარჩა განუხილველი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ არ არის უფლებამოსილი, წარმოებაში მიიღოს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის №14361/01 წერილით გადმოგზავნილი შპს „მ–------–ი 5“-ის განცხადება. შპს „მ–------–ი 5“-ს, ასევე, განემარტა, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 13 ივლისის №25126 ბრძანება შპს „მ–------–ი 5“-ის მიერ 2015 წლის 5 აგვისტოს გასაჩივრებული იქნა ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოში, ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს 2015 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილებით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული.

 

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 26 თებერვლის №4/9350 წერილით შპს „მ–------–ი 5“-ს ეცნობა, რომ №01.12.------.0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების სახელმწიფოს საკუთრებად რეგისტრაცია განხორციელდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2012 წლის 29 მაისის №A11058251-009/0-- განკარგულების საფუძველზე, რომლის კანონიერების საკითხზე მსჯელობის შესაძლებლობას სააგენტო მოკლებულია თავისი კომპეტენციის გათვალისწინებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შპს „მ–------–ი 5“-ის განცხადება (ტ.I, ს.ფ.67-68);

- საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის 2016 წლის 28 იანვრის №2822 წერილი (ტ.I, ს.ფ.69);

- სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 16 თებერვლის №21-04/11654 წერილი (ტ.I, ს.ფ.70);

- სახელმწიფო ქონები ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 26 თებერვლის №4/9350 წერილი (ტ.I, ს.ფ.71).

 

3.11. შპს „მ–------–ი 5“-მა 2016 წლის 18 ოქტომბერს წერილით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს.

 

განცხადების თანახმად, გადამხდელის მიერ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით შეძენილ საქონელზე მიღებული ჩათვლები გაუუქმდა, დაერიცხა საურავი და შეექმნა მძიმე მატერიალური მდგომარეობა, შესაბამისად ითხოვა საკითხის დამატებითი შესწავლა.

 

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის პირველი ნოემბრის №4/56307 წერილით შპს „მ–------–ი 5“-ს ეცნობა, რომ სააგენტო თავისი კომპეტენციის გათვალისწინებით მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს სსიპ შემოსავლების სამსახურის ქმედების კანონიერების საკითხზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შპს „მ–------–ი 5“-ის 2016 წლის 18 ოქტომბრის განცხადება (ტ.I, ს.ფ.72-78);

- სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის პირველი ნოემბრის №4/56307 წერილი (ტ.I, ს.ფ.79).

 

3.12. შპს „მ–------–ი 5“-მა 2017 წლის 28 ნოემბერს #284107/01 განცხადებით მიმართა საქართველოს ფინანსთა მინისტრს.

 

განცხადებით მოთხოვნილ იქნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2005 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე მოხდეს შესწავლა _ გლდანი-ნაძალადევის საოლქო საგადასახადო ინსპექციის წერილით შპს „მ–------–ი 5“-ის მიერ გადახდილი დღგ-ს ჩათვლების გაუქმებისა და მის შედეგად დარიცხული საურავის კანონიერების.

 

სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 11 დეკემბრის №21-04/186522 წერილით შპს „მ–------–ი 5“-ს საგადასახადო კოდექსის მე-300 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ეთხოვა, მიუთითოს მოთხოვნა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების რეკვიზიტები. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიეცა რეკომენდაცია წერილის ჩაბარებიდან 5 კალენდარული დღის ვადაში გამოასწოროს ხარვეზი და მიუთითოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების თარიღი და ნომერი, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ასლი. ამასთანავე, ეცნობა, რომ მითითებულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ვ“ პუნქტის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური საჩივარს არ განიხილავს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შპს „მ–------–ი 5“-ის 2017 წლის 28 ნოემბრის #284107/01 განცხადება (ტ.II, ს.ფ.29);

- სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 11 დეკემბრის №21-04/186522 წერილი (ტ.II, ს.ფ.44).

 

3.13. შპს „მ–------–ი 5“-ის წარმომადგენელმა 2017 წლის 28 ნოემბერს #284099/01 განცხადებით მიმართა საქართველოს ფინანსთა მინისტრს და მოითხოვა ინფორმაცია ერიცხება თუ არა შპს „მ–------–ი 5“-ს 2003წ., 2006წ., და 2012წ. დავალიანებები. განცხადებაში განმარტებულია, რომ შპს „მ–------–ი 5“-ს არ აქვს ქონება, თუმცა სამეწარმეო რეესტრში კვლავ ფიქსირდება საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა 30.12.2003 წლიდან, 17.07.2006წ., და 18.10.2012წ.

 

სსიპ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის 2017 წლის 14 დეკემბრის №21-05/189354 წერილით შპს „მ–------–ი 5“-ს ეცნობა, რომ ერიცხება საგადასახადო დავალიანება და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის თანახმად მის მთელ ქონებაზე რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება. გადამხდელს განემარტა, რომ საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები (ინკასო, ყადაღა, გირავნობა/იპოთეკა და ა.შ.) უქმდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად - საგადასახადო დავალიანების არქონის შემთხვევაში. ასევე, საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, აღნიშნული ღონისძიებები შეიძლება გაუქმდეს საქართველოს ფინანსთა მინისტრის ან შემოსავლების სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით ან კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შპს „მ–------–ი 5“-ის წარმომადგენლის 2017 წლის 28 ნოემბრის #284099/01 განცხადება (ტ.II, ს.ფ.11);

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ტ.II, ს.ფ.12-14);

- სსიპ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის 2017 წლის 14 დეკემბრის №21-05/189354 წერილი (ტ.II, ს.ფ.17).

 

3.14. შპს „მ–------–ი 5“-მა 2018 წლის 3 იანვარს განცხადებით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა №000791, №000792, №000734, №0--480, №0--483, №002145, №002120, №000473, №000674, №026654, №050644, №050680, №026657, №017053, №017432, №208342, №810660, №532050, №532046, №0020484, №121836, №136809, №136806, №189730, №189728, №532049, №0031978, №0031979, №0031991, №0031992, №00--08, №00--09, №299825, №299826, №00--10, №00--11, №00--12, №00--13, №312255, №312256 ანგარიშ-ფაქტურებზე გაუქმებულ დღგ-ს ჩათვლების შედეგად დარიცხული საურავის კანონიერების შესწავლა ახალი გარემოებიდან გამომდინარე. განცხადების თანახმად, ახლად გამოვლენილ გარემოებას წარმოადგენს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2005 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილება №ბს-817-403(კ-კ-05) საქმეზე.

 

სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 1 თებერვლის №21-04/13021 წერილის თანახმად, საქმესთან დაკავშირებით არსებული მასალებით დასტურდება, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით იმსჯელა თბილისის სააპელაციო სასამართლომ, რომლის 2006 წლის 15 ნოემბრის №3ბ/28-06 გადაწყვეტილებით ქ.თბილისის საგადასახადო ინსპექციის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა და შპს „მ–------–ი 5“-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, იმ გარემოებაზე მითითებით, რომ გლდანი-ნაძალადევის საოლქო საგადასახადო ინსპექციამ მართებულად გააუქმა შპს „მშენებლი 5“-ს დღგ-ს ჩათვლა 2000-2001 წლებში გამოწერილ ანგარიშ-ფაქტურებზე და რომ სააპელაციო სასამართლოს მოცემული პოზიცია შესაბამისობაშია საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2005 წლის 5 დეკემბრის (საქმე №ბს-817-403(კ-კს)) გადაწყვეტილებასთან.

 

ამ წერილში ასევე მითითებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 308-ე მუხლზე და აღნიშნულია, ვინაიდან სსიპ შემოსავლების სამსახური არ წარმოადგენს დავის განმხილველ ბოლო ორგანოს, რომელმაც არსებითად იმსჯელა დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლის აღდგენის/გაუქმების საკითხზე, შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 308-ე მუხლის საფუძვლით ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავის განახლების საფუძველი არ არსებობს. ამდენად, სსიპ შემოსავლების სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს სადავო საკითხთან დაკავშირებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შპს „მ–------–ი 5“-ის 2018 წლის 3 იანვრის განცხადება (ტ.II, ს.ფ.22-24);

- სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის პირველი თებერვლის №21-04/13021 წერილი (ტ. II, ს.ფ.27-28).

 

3.15. შპს „მ–------–ი 5“-ის შედარების აქტების თანახმად, 2012 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით გადასახადის გადამხდელს ერიცხებოდა დღგ-ში საურავი 420 459.08 ლარის ოდენობით, ხოლო 2013 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით - 420 008.91 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შპს „მ–------–ი 5“-ის შედარების აქტები (ტ.I, ს.ფ.87-88).

 

3.16. შპს „მ–------–ი 5“-ის შედარების აქტის თანახმად, შპს „მ–------–ი 5“-ის სალდოს საანგარიშო პერიოდის დასრულების დროისათვის (02.07.2018) შეადგენდა ძირითად გადასახადში 18 550.09 ლარს და საურავი 448 517.63 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- შპს „მ–------–ი 5“-ის შედარების აქტი (ტ.I, ს.ფ.206).

 

3.17. შპს „მ–------–ი 5“-ის 2019 წლის 26 სექტემბრის შედარების აქტის თანახმად, შპს „მ–------–ი 5“-ის ერიცხება დამატებით გადასახდელად საურავი 451 515.31 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- შპს „მ–------–ი 5“-ის შედარების აქტი (ტ. II, ს.ფ.19).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სადავოდ ქცეული სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 1 თებერვლის №21-04/13021 წერილი წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. მისი კანონშესაბამისობა სასამართლომ უნდა შეამოწმოს განსახილველი სარჩელის ფარგლებში, რომელიც აღძრულია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად.

 

მართალია, ფორმალურად იგი არ შეიცავს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის რეკვიზიტებს, თუმცა, შინაარსობრივად, იგი წარმოადგენს პასუხს „მ–------–ი 5“-მა 2017 წლის 28 ნოემბრის #284107/01 განცხადებაზე, რომლის შინაარსიც განმცხადებელმა დააზუსტა სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 11 დეკემბრის №21-04/186522 წერილით ხარვეზის დადგენის შემდგომ, 2018 წლის 3 იანვრის განცხადებით. ამ განცხადებით მან საბოლოოდ მოითხოვა ანგარიშ-ფაქტურებზე გაუქმებული დღგ-ს ჩათვლების შედეგად დარიცხული საურავის კანონიერების შესწავლა ახალი გარემოებიდან გამომდინარე. განცხადების თანახმად, ახლად გამოვლენილ გარემოებას წარმოადგენს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2005 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილება №ბს-817-403(კ-კ-05) საქმეზე.

 

სწორედ ამ მოთხოვნაზე პასუხს წარმოადგენს 2018 წლის 1 თებერვლის წერილი თავისი შინაარსით. ახლად გამოვლენილი გარემოების გამო საკითხის ხელახალი განხილვის საკითხი კი უნდა გადაწყდეს სწორედ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. მოცემულ შემთხვევაში, 2018 წლის 1 თებერვლის აქტით დადგა კონკრეტული სამართლებრივი შედეგი, კერძოდ _ შინაარსობრივად წერილი მოიცავს დასკვნას 2018 წლის 3 იანვრის განცხადებაში დასმული საკითხის განუხილველად დატოვების თაობაზე.

 

ამასთან დავის საგანს, ასევე, წარმოადგენს, ახლად აღმოჩენილი გარემოების გამო დაევალოს სსიპ შემოსავლების სამსახურს ხელახლა შეისწავლოს შპს „მ–------–ი 5“-ის საქმე უკანონოდ დარიცხული საურავის თაობაზე.

 

6.2. სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის პირველი მუხლის თანახმად, ეს კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, აწესრიგებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოსა და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს, არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირის მიმართ ამ კოდექსის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დავის განმხილველ ორგანოში ამ თავით დადგენილი წესით. ამავე კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავის განახლება დასაშვებია მხოლოდ ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოების შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღებიდან 6 წლის ვადაში. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მომჩივანი ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებით მიმართავს დავის განმხილველ ბოლო ორგანოს, რომელმაც არსებითად იმსჯელა მომჩივნის მიერ მითითებულ დავის საგანზე.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-7 ნაწილით განმარტებულია, რომ ახლად აღმოჩენილად ან ახლად გამოვლენილად ჩაითვლება ისეთი გარემოებები ან მტკიცებულებები, რომლებიც მომჩივანმა არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე და რომელთა დროულად წარდგენა გამოიწვევდა მომჩივნისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ საგადასახადო ორგანოებში დავის განხილვა იწყება საჩივრის წარდგენის გზით. ამასთან, დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ექვემდებარება გასაჩივრებას. კანონით დადგენილ ვადაში საჩივრის წარუდგენლობა იწვევს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერ ძალაში შესვლას და იგი შესასრულებლად სავალდებულოა. ამასთან, კანონმდებლობით დასაშვებია დავის განხილვის განახლება ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოების არსებობისას. გარემოება თუ მტკიცებულება რომ ახლად აღმოჩენილად/გამოვლენილად ჩაითვალოს, იგი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კუმულატიურ პირობებს: 1) გარემოება უნდა არსებობდეს დავის განხილვისას; 2) მის შესახებ მომჩივანისათვის ცნობილი არ უნდა ყოფილიყო დავის განხილვისას; 3) მისი დავის განხილვის დროს წარდგენა მომჩივანისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი უნდა გამხდარიყო. ამრიგად, კანონიერ ძალაში შესული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მოწესრიგებული საკითხის დამატებითი კვლევა, შესწავლა და დავის ხელახალი განხილვა მხოლოდ იმ შემთხვევაშია დასაშვები, თუკი განმცხადებელი მიუთითებს ადმინისტრაციულ ორგანოს იმ გარემოებებზე და წარუდგენს იმ ფაქტების დამადასტურებელ მტკიცებულებებს, რაც დაადასტურებს ახლად აღმოჩენილი თუ ახლად გამოვლენილი გარემოებების გამო დავის განახლების საფუძვლების არსებობას.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე სადავოდ ხდის იმ გარემოებას, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურს ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოები საფუძვლით, რომელსაც მისი თქმით, წარმოადგენდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2005 წლის 5 დეკემბრის №ბს-817-403(კ-კ-05) გადაწყვეტილება, არ შეუსწავლია შპს „მ–------–ი 5“-ისათვის დღგ-ს ჩათვლების გაუქმების შედეგად დარიცხული საურავის კანონიერება.

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლო აღნიშნავს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახური 2018 წლის 1 თებერვლის №21-04/13021 აქტში მოსარჩელის მოთხოვნის განხილვაზე უარის ერთ-ერთ საფუძვლად მითითებულია შემდეგი _ სსიპ შემოსავლების სამსახური არ წარმოადგენს დავის განმხილველ ბოლო ორგანოს, რომელმაც არსებითად იმსჯელა დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლის აღდგენის/გაუქმების საკითხზე, შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 308-ე მუხლის საფუძვლით ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავის განახლების საფუძველი არ არსებობს. ამდენად, სსიპ შემოსავლების სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს სადავო საკითხთან დაკავშირებით.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ განცხადებით მოთხოვნილი საკითხის გადაწყვეტა მიეკუთვნება სხვა ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებას, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, არა უგვიანეს 5 დღისა გადაუგზავნოს განცხადება და მასზე დართული საბუთები უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს.

 

ამასთან, საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ 2017 წლის 28 ნოემბერს ამ მოთხოვნით შპს „მ–------–ი 5“-ის წარმომადგენელმა მიმართა საქართველოს ფინანსთა მინისტრს, თუმცა, 2017 წლის 11 დეკემბრის წერილით განცხადებაზე ხარვეზი დაუდგინა სსიპ შემოსავლების სამსახურმა. ამდენად, ფინანსთა სამინისტროს სისტემაში განხორციელდა განცხადების კონკრეტული ორგანოსთვის დაქვემდებარება განსახილველად.

 

ზოგადი წესის თანახმად, განცხადება შეტანილ უნდა იქნეს იმ ადმინისტრაციულ ორგანოში, რომელიც უფლებამოსილია, განიხილოს და გადაწყვიტოს აღნიშნული საკითხი. თუმცა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ასევე, ითვალისწინებს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას, მოცემული განცხადება გადაუგზავნოს უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს 5 დღის ვადაში. არაუფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში განცხადების წარდგენა არ შეიძლება გახდეს ამ გაცხადების უკან დაბრუნების საფუძველი.

 

აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებას, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურს არ ჰქონდა უფლებამოსილება, ემსჯელა სადავო საკითხთან დაკავშირებით. სასამართლო მიუთითებს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო, პირველ რიგში, შეესწავლა განეკუთვნებოდა თუ არა მოცემული განცხადების განხილვა მის კომპეტენციას და იმ შემთხვევაში, თუ დაადგენდა, რომ განცხადება არაუფლებამოსილ ორგანოშია წარდგენილი, იგი უნდა გადაეგზავნა შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ადმინისტრაციული ორგანოსათვის.

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ 2018 წლის 1 თებერვლის №21-04/13021 აქტში სსიპ შემოსავლების სამსახური ნაწილობრივ, თუმცა ბუნდოვნად მსჯელობს შპს „მ–------–ი 5“-ის განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე, კერძოდ, 2018 წლის პირველი თებერვლის №21-04/13021 აქტში მითითებულია: „საქმესთან დაკავშირებით არსებული მასალებით დასტურდება, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით იმსჯელა თბილისის სააპელაციო სასამართლომ, რომლის 2006 წლის 15 ნოემბრის №3ბ/28-06 გადაწყვეტილებით ქ.თბილისის საგადასახადო ინსპექციის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა და შპს „მ–------–ი 5“-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, იმ გარემოებაზე მითითებით, რომ გლდანი-ნაძალადევის საოლქო საგადასახადო ინსპექციამ მართებულად გააუქმა შპს „მშენებლი 5“-ს დღგ-ს ჩათვლა 2000-2001 წლებში გამოწერილ ანგარიშ-ფაქტურებზე და რომ სააპელაციო სასამართლოს მოცემული პოზიცია შესაბამისობაშია საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2005 წლის 5 დეკემბრის (საქმე №ბს-817-403(კ-კს)) გადაწყვეტილებასთან“.

 

2018 წლის 1 თებერვლის №21-04/13021 აქტით სსიპ შემოსავლების სამსახური მართალია, გარკვეულწილად მსჯელობს შპს „მ–------–ი 5“-ის მიერ განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე, თუმცა, ამავდროულად მიუთითებს, რომ იგი არ არის უფლებამოსილი, განიხილოს მოცემული საკითხი. გადაწყვეტილებით მას უარი არ უთქვამს 2017 წლის 28 ნოემბრის #284107/01 განცხადებით და 2018 წლის 3 იანვრის განცხადებით მოთხოვნილი საკითხის გადაწყვეტაზე. საკითხი არ ყოფილა გადაწყვეტილი არც დადებითად და არც უარყოფითად, არამედ _ ფაქტობრივად განუხილველად დარჩა იმ საფუძვლით, რომ შემოსავლების სამსახური არ წარმოადგენდა უფლებამოსილ ორგანოს. სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია. თუკი იგი მიიჩნევდა, რომ არ იყო კომპეტენტური, გადაეწყვიტა განცხადებით მოთხოვნილი საკითხი, ვალდებული იყო, განცხადება გადაეგზავნა განსახილველად უფლებამოსილი ორგანოსათვის.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება, დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

 

მითითებულ ნორმათა ანალიზის საფუძველზე, სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამოიყენოს კანონით მისთვის მინიჭებული ყველა შესაძლებლობა, რათა სრულყოფილად დაადგინოს და შეისწავლოს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება. მხოლოდ საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების სრულად შესწავლისა და დადგენის შემდეგ არის შესაძლებელი კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.

 

ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. აქტის გამოცემისათვის კანონმდებლობით დადგენილია პროცედურის დაცვა, რამდენადაც მიუკერძოებლად, საქმის გარემოებათა ყოველმხრივი და ობიექტური გამოკვლევის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთებულობა-კანონიერების ხარისხი გაცილებით მაღალია, ხოლო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი წარმოების პროცედურის დაცვა განმსაზღვრელ მნიშვნელობას ანიჭებს თვით აქტის კანონიერებას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ეს უმნიშვნელოვანესი იმპერატიული ხასიათის დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა-გამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა. (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 23 სექტემბრის განჩინება საქმეზე №ბს-246-243(კ-14)).

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილებაზე (საქმე №ბს-463-451(კ-13), სადაც საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვითკონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებს და ფაქტებს, სწორედ რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის ამა თუ იმ გადაწყვეტამდე, ანუ სწორედ კონკრეტული ფაქტები და საქმის გარემოებები განსაზღვრავს გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს და არა პირიქით. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი დაკარგავს უზრუნველყოფადობას, სტაბილურობას, გარანტირებულობას, დაირღვევა სამართლის ნორმის და ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ ნდობის პრინციპი, სამართლებრივი უსაფრთხოების განცდა, ხოლო ასეთ პირობებში, მყარი სამართლებრივი წესრიგის ადგილს დაიკავებს მმართველობითი ორგანოს სახელისუფლო ძალაზე დამყარებული თვითნებობა, მაშინ როცა ადმინისტრაციული ორგანოსადმი, შესაბამისად, სახელმწიფოსადმი ნდობის პრინციპი და სამართლებრივი უსაფრთხოება, სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი ნიშანია.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო აქტის გამოცემისას მოპასუხის მიერ დაირღვა აღნიშნული ნორმები. სსიპ შემოსავლების სამსახურს არ გამოუყენებია კანონით მისთვის მინიჭებული ყველა შესაძლებლობა, რათა სრულყოფილად დაედგინა და შეესწავლა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება. სსიპ შემოსავლების სამსახური ვალდებულია, შპს „მ–------–ი 5“-ის განცხადება _ დღგ-ს ჩათვლების გაუქმების შედეგად დარიცხული საურავის კანონიერების შესწავლის შესახებ, ახლად გამოჩენილი/გამოვლენილი გარემოების გამო, განიხილოს და დაადგინოს არის თუ არა ხსენებული საკითხის გადაწყვეტა მის უფლებამოსილების სფეროს მიკუთვნებული. იმ შემთხვევაში თუ დაადგენს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის კომპეტენციას არ განეკუთვნება მოცემული საკითხის გადაწყვეტა, იგი უნდა გადაუგზავნოს შესაბამის უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სსიპ შემოსავლების სამსახური არის უფლებამოსილი კონკრეტული საკითხის გადაწყვეტაზე, მაშინ იგი ვალდებულია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება, საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2005 წლის 5 დეკემბრის (საქმე №ბს-817-403(კ-კს)) გადაწყვეტილება მიეკუთვნება თუ არა ახლად აღმოჩენილ/გამოვლენილ გარემოებას და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება, ექვემდებარება თუ არა დარიცხვის კანონიერების საკითხი ხელახალ განხილვას და დღგ-ის ჩათვლების გაუქმების შედეგად დარიცხული საურავი ექვემდებარება თუ არა გაუქმებას.

 

ამდენად, არსებობს სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები: მოსარჩელის მოთხოვნა 2018 წლის 1 თებერვლის აქტის ბათილად ცნობის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი აღნიშნული აქტი და ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა დაევალოს საკითხის ხელახალი განხილვა და გადაწყვეტა; სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს იმ ნაწილში, რომლითაც მოსარჩელე ითხოვს, ახლად აღმოჩენილი გარემოების გამო დაევალოს სსიპ შემოსავლების სამსახურს, ხელახლა შეისწავლოს შპს „მ–------–ი 5“-ის საქმე უკანონოდ დარიცხული საურავის თაობაზე. სასამართლო განსახილველი დავის ფარგლებში ვერ იმსჯელებს, წარმოადგენს თუ არა მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოება ახლად გამოვლენილ გარემოებას და არსებობს თუ არა საქმის წარმოების განახლების საფუძვლები. სასამართლო უფლებამოსილია, შეაფასოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული აქტის კანონიერება და მხოლოდ მისი უკანონობის შემთხვევაში შეუძლია, დაავალოს მას კონკრეტული შინაარსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე და 331 მუხლების საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში კი ადმინისტრაციულ ორგანოს არსებითად არ უმსჯელია ახლად გამოვლენილი გარემოების საფუძვლით დავის განახლების წინაპირობებზე, არამედ _ ფაქტობრივად განუხილველად დატოვა წარდგენილი მოთხოვნა. შესაბამისად, სასამართლო ბათილად ცნობს განუხილველად დატოვების შესახებ მის გადაწყვეტილებას, რის შედეგადაც კომპეტენტურმა ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა განიხილოს გადაწყვიტოს საკითხი, ექვემდებარება თუ არა დავა ახლად გამოვლენილი გარემოების საფუძვლით განახლებას.

 

6.3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონშეუსაბამობა ან მისი მომზადების და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების არსებითი დარღვევა.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად კი, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.

 

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების ანალიზისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის პირველი თებერვლის №21-04/13021 აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე. შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნას ცნობილი იგი და სსიპ შემოსავლების სამსახურს უნდა დაევალოს, საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა კანონით დადგენილ ვადაში. ამასთან, თუკი ჩათვლის, რომ საკითხის განხილვა არ განეკუთვნება მის კომპეტენციას, განცხადება განსახილველად უნდა გადაუგზავნოს უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელმწიფო ბაჟი.

 

მოსარჩელეს გადავადებული ჰქონდა სახელმწიფო ბაჟის ნაწილის გადახდა, თუმცა, შემდგომში მან დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნების მოცულობა, რის შედეგადაც სახელმწიფო ბაჟის ოდენობა მოცემულ საქმეზე შეადგენს 100 ლარს, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. 100 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟი კი მას გადახდილი აქვს სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც. შესაბამისად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარის ანაზღაურება.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, მე-13, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. შპს „მ–------–ი 5“-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

 

1.1. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 1 თებერვლის №21-04/13021 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;

1.2. სსიპ შემოსავლების სამსახურს დაევალოს, საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა კანონით დადგენილ ვადაში; ხოლო თუკი მიიჩნევს, რომ საკითხის გადაწყვეტა არ განეკუთვნება მის კომპეტენციას, განცხადება განსახილველად გადაუგზავნოს უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს;

1.3. სხვა ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. სსიპ შემოსავლების სამსახურს დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის _ 100 (ასი) ლარის ანაზღაურება;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. თბილისი გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მეშვეობით 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის დღიდან.

 

მოსამართლე თამარ ხაჟომია